Archive for category

თეთრი ვირთაგვას შიშები

ჭერმების სამაისო სამზადისივით მოპარულ უხასითობას ძილის უკმარისობას ვაბრალებ. არადა, ხომ ვიცი, ძილი არაფერ შუაშია. ფიქრი მჭირდება და დასვენება. დასვენება, რომელმაც ფიქრს გასაქანი უნდა მისცეს. ფიქრი კი მოძრაობს ჩაკეტილ წრეზე, რომელიც სინამდვილეში აღმასვლა მგონია.

ხანდახან, ვფიქრობ, ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელნიც ყოველთვის ჭეშმარიტების და პირდაპირი გზების ძიებით არიან გატაცებულნი. იმ განსხვავებით, რომ დასასვენებლად ჩამოჯდომა უფრო დიდხანს მიგრძელდება. ხანდახან კი ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით, სახლში დროზე ადრე არდაბრუნების სურვილისას, უთავბოლო ხეტიალს უფრო ჰგავს. ხეტიალს, რომლის დროსაც გვერდით არც მეგობარი მინდა, არც – მტერი. ასეთ დროს მეგობრებს ჰონიათ, რომ მათთან ურთიერთობა არ მინდა, რომ ისინი არ მაინტერესებს. მტრებს, უბრალოდ, ჰკიდიათ.

სწორედ ასეთი ხეტიალების დროს აღმოვაჩენ, რომ ნებისმიერი გზა, რომელიც ავირჩიე და პირდაპირი მეგონა, ყოველთვის ბერძნული ,,ი”-ს მაგვარი ხდება მაშინ, როცა სასრულობის წერტილის დასმას ვაპირებ.

არაფერია იმაზე უარესი, როცა ვრწმუნდები ჭეშმარიტების აბსურდულობაში. ჭეშმარიტება კი ბედნიერების საწყისია. ბედნიერება სასოს გარეშე არ არსებობს. სასო კი, გამოგონილი სასო თავად კრძალავს სხვა სასოს ძიებას, რასაც ჩავებღაუჭები სწრაფი დინებისას.

მარტოხელა მამაკაცის მასტურბირების დაუოკებელი ჟინივით დაბმული იმედი კი თავწაკვეთით ცდილობს ამოარღვიოს სამწყვდევი ყუთი და ჯვარცმულის მალამოდ მომევლინოს.

მე კი მეშინია. მეშინია იმ სიჩუმის, რომელიც ამ ყუთში დაისადგურებს შემდგომში. მეშინია მისი სიცარიელის. მეშინია ამ ყუთის სუვენირადქცევის.

ადვილია, მოვიმინო რჩევა. მისი შესრულება – რთული. ხანდახან, საჭიროა პრობლემებს გავექცე. გავექცე მანამ, სანამ პრობლემა არ მიხვდება, რომ ვერ დამეწევა. ჩემკენ მოხედვა, კი აღარ მოუნდება, თუ მოვძლიერდი.

მაგრამ რა უნდა ვქნა მაშინ, თუ ბრძოლის ველი არაა ვრცელი, იარაღის შერჩევა კი ვერ ხერხდება?!

5 Comments

ნათია

ეს ჩემი რიგით მესამე გესტ პოსტია . რიგით მეორე კი ნათიას ბლოგზე.

თემა?

რომ არა სექტემბერი, რომ არა ბათუმი , შესაძლოა დამეწერა გესტ პოსტი ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე, თმის მოვლასა და ა.შ, მაგრამ ახლა სექტემბერია, მე და ნათია ბათუმში ვართ და ფაქტიურად ჩვენი ურთიერთობის წლისთავს აღვნიშნავთ. შესაბამისად, ჩემი პოსტიც ჩვენს ამბავს ეხება.

ჰო, მე მეგობრებისადმი უცნაური დამოკიდებულება მაქვს. გარკვეული დროის შემდეგ ყველა მათგანი ყელში ამომდის და თავს მაბეზრებს. ჩემი ბრალი არაა მეგობრებო, უბრალოდ საბოლოოდ ინტერესთა სხვადასხვაობა იჩენს ხოლმე თავს და ჩვენი მეგობრობაც მთავრდება ხოლმე, მარტივად რომ ვთქვათ, ვიკიდებ და ვემშვიდობები, ამიტომაც არ მყავს ბავშვობის, სკოლის, უნივერსიტეტის მეგობრები.

როგორ მოხდა ყველაფერი? ამის მოყოლას არ დავიწყებ, შეგიძლიათ აქ ნახოთ, უბრალოდ ჩვენს მეგობრობასთან ჩემს დამოკიდებულებაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.

სულ რაღაც ერთი წელი გავიდა და რაღაცებს ვიხსენებ ხოლმე, რაც ერთად გადაგვხვდენია თავს. განსაკუთრებით მე მემართებოდა ათასი უბედურება და უცნაური ამბავი. საერთოდ, როცა გასაჭირში ვვარდები და არ ვიცი რა ვქნა, დასახმარებლად არავის არ მივმართავ, არც ერთ მეგობარს. არ მინდა ხოლმე იმედი გამიცრუვდეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ხოლმე, რომ მეგობრები მხოლოდ მხიარულებასა და გართობის დროს არსებობენ ჩემთვის. ნათიას შემთხვევაში პირიქით აღმოჩნდა: არც მისთვის მითხოვია გვერდში დგომა და დარდის გაზიარება. საჭირო არც იყო. ყოველთვის ერთად ვიყავით, ყოველთვის. ვერც კი ვიხსენებ რამე დამჭირვებოდეს და ნათია ჩემთან არ ყოფილიყოს. არ მახსოვს რამე კარგი მომხდარიყოს და ნათია ჩემთან არ ყოფილიყოს.

ბათუმში

დედაჩემს არაფერს ვუყვები თითქმის ჩვენს მეგობრობაზე, თუ თვითონ არ მისვამს შეკითხვებს.

“ანა ვის წერ?” მეკითხება ხოლმე, როცა გაღიმებულს დამინახავს ლეპტოპთან ან მობილურით ხელში.

“ნათიას” – ვეუბნები მე.

“შენი მეგობრებიდან ყველაზე ახლოს ნათიასთან ხარ არა? არასდროს გითქვამს მასზე რამე ცუდი, საყვედურის მსგავსიც კი” – დასძენს.

მერე ვიხსენებ ხოლმე, რას დაუწყვეტია გული ჩვენი მეგობრობის განმავლობაში და ნერვები მეშლება, არც კი  გვიკამათია, არათუ გვიჩხუბია :) რისიც ყველაზე მეშინოდა, ანუ ერთად დიდი ხნის მანძილზე ცხოვრების, წელს, ზაფხულზე სოფელში მშვენივრად გავართვით თავი ქეთისთან ერთად. მართალია ეს დიდი ხანი სულ რაღაც ორი კვირა გაგრძელდა, მაგრამ ამ ორი კვირის მანძილზეც კი ყველაფერი იდეალურად იყო.

თვეებს ვითვლი ხოლმე რომ რაც შეიძლება მეტი გასახსენებელი გვქონდეს. მალე ვიცი წლებს დავითვლი ^^

ვრცელი პოსტების წერას ვერ ვიტან და ესეც სასწრაფოდ უნდა დავამთავრო, თორემ ვგრძნობ, როგორ ემსგავსება ჩემი ნაწერი მეგობრობის დღიურებში გაკეთებულ ჩანაწერებს , ჩემი ხისტი ბუნება კი მეუბნება რომ სასწრაფოდ უნდა შევწყვიტო წერა , მეც რა გაეწყობა, დავემორჩილები, ისღა დამრჩენია ყველას ვუსურვო ჩემნაირი მეგობარი ყავდეს :)

9 Comments

ბლოგი ჩვენი არსობისა

თავდაპირველად იყო ბლოგი.  ყველას არ ქონდა ეს ბლოგი და ბლოგი იგი იყო პირადი. რატომ გაჩნდა სოც.მედიის არსებობა საჭირო? გიო ამბობს, რომ მასმედიამ მოკლა ადამიანი და დატოვა ფაქტი. სწორედ აქედან.  ჩვენ ვიხედებით ერთმანეთის ე.წ. ცხოვრებაში ცენტრიდან, ვიღიმებით, ხელს ვაქნევთ, ნერწყვს ვყლაპავთ. ქართული ბლოგოსფერო რა თქმა უნდა პირადია, (მისი ონლაინ დღიურობაც მოგვეხსენება) ისიცაა რომ ამ სფეროს ექზისტენციალიზმს ვერ დასწამებ.  პოსტის თემის მიუხედავად ალბათ ამ პირობებშიც შეიძლება სათქმელის ისე კონტექსტუალიზება, რომ მე, რიგითი ვიგინდარა შენს თავს გადახდენილი ამბით დამაინტერესო. კონტექსტუალიზება ისე, რომ ვთქვათ საჭმლის ჭამა, ჭამაზე მეტი იყოს და მოფსმა იყოს ისე ტკბილი, როგორც ორგაზმი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს “პოსტი” საკამათოა,   მიუხედავად იმისა, რომ ეს “პოსტი” არ შეიცავს სურვილს ვინმესთან პოლემიკაში შესვლის, შენ დაკომენტარების გარდა ერთად ერთი რამ დაგრჩენია, გადმოხვიდე ჩემთან და ბლოგის შესახებ  წაიკითხო.

, , , , , ,

7 Comments

“მხსნელი”

prodigycow–ს გესთ პოსტი
ამჯერად თავშივე გაგაფრთხილებთ, რომ ეს გესთ–პოსტია, თორემ წინა მოთხრობაზე ნათიას პოსტი გეგონათ და ვინაიდან მთხრობელი თავად იყო მოთხრობის პერსონაჟი, შეიძლება შეცდომაში შესულიყავით. ასე რომ, მე გაგაფრთხილეთ, მაგრამ ნუ დაფრთხებით, ესეც საინტერესოა, ალბათ.
რამდენიმე ხანი ვრეკდი ზარს, კარი არავინ გამიღო. მერე გამახსენდა რომ სახლის გასაღები მეც მქონდა. ჯიბიდან ამოვიღე და ის კარი გავაღე, რომელსაც ვარდისფრად ეწერა “სივყარულოვნა”. შიგნით შევედი. არავინ დამხვდა, მაგრამ უკან გაბრუნებას დარჩენა ვამჯობინე. ყავა მე თვითონ მოვიდუღე,(კარგად არ მეხერხება და არ ივარგა) დავჯექი და წერა დავიწყე. და აჰა:

მე ნიკა ვარ, ოღონდ არა ნიკოლოზი. ნიკა ვარ საბუთებშიც და ცხოვრებაშიც. თუმცა ნიკოლოზსაც არაუშავს, ზოგ გოგოს ნიკოლოზი უფრო მოსწონს. ოცდაერთი წლის ვარ. როგორც იტყვიან, უკვე მოვწიფდი მაქვს, ახალგაზრდობის ყველაზე მაგარი პერიოდი მაქვს. მეც არ ვკარგავ დროს ტყუილად და ჩემს გემოზე ვერთობი. ბევრი უსაქმურად მთვლის, მაგრამ გართობასაც ხო მოხერხება უნდა? ეგეც საქმეა! უნივერსიტეტიდან მეორე კურსიდან გამომაგდეს. ხუთი საგანი რომ შეგეტენება ექვსიდან, წესით უნდა გამოგაგდონ, მითუმეტეს, როცა ეს ერთხელ კი არა, სამჯერ გამეორდება. დიდად არ მიდარდია ამაზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ სწავლისთვის არ გავჩენილვარ, თანაც ლამაზი გოგოები მაინც არ ჰყავდათ იქ. განათლებულად არ ვითვლები, მაგრამ მთლად წყალწაღებულადაც ნუ ჩამთვლით. აზროვნება შემიძლია. თანაც ხშირად ვკითხულობ ხოლმე. ამერიკული მოთხრობები მიყვარს. კითხვით კიდე, ტუალეტში ვკავდები. წასაკითხად ტუალეტზე მაგარი ადგილი არ არსებობს. სიწყნარეცაა, და შუქიც თანაბრად ნაწილდება პატარა ოთახში. ზოგჯერ, საათზე მეტ ხანსაც არ გამოვდივარ, სანამ ბოლომდე არ ჩავამთავრებ მოთხრობას. ჰემინგუეი და სელენჯერი მიყვარს. მაგრამ უფრო ალბათ ჰემინგუეი. იმიტომ რომ მაგას ეთქმოდა კაცი ვარო. იმხელა იყო, ზემოდან დამხედავდა, მიუხედავად იმისა რომ დაბალს ვერ იტყვის კაცი ჩემზე. თან რა მამაცი იყო. ომის მაგას არ ეშინოდა და სიკვდილის, მაგრამ მგონი სიკვდილის ყველაზე მეტად ეშინოდა, ასე რომ არ ყოფილიყო თვითმკვლელობისთვის გამბედაობის მოკრებას სამოცდაერთ წელს არ მოანდომებდა. ნამდვილი ჯიგარი კაცი იყო. ალბათ ბევრის დალევაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ ღიპიან ბიძიებს მაინც ვერ გაუქაჩავდათ, იმათ მგონი იმხელაზე აქვთ ყველა ორგანო გაფართოებული, ზოგჯერ მგონია ოცი ლიტრი წყალი ჩაეტევათ შიგნით.

ჩემზე საუბარი მეყოფა. ახლა ერთ ამბავზე გადავიდეთ, რომლის მოყოლაც მინდა. მგონი საინტერესოა.
წინა კვირას, მეგობართან დავლიეთ. ღამე გავათენეთ. მაგრამ გოგოები მალე გაგვექცნენ, არ დარჩნენ. სტუდენტები იყვნენ, ქუთაისელები. მგონი მართალია რომ ამბობენ, ქუთაისელები თბილისელებზე კარგად იცვამენო. ამათ მართლა მაგრად ეცვათ და ისედაც მაგრები იყვნენ. მაგრამ დედიკოების ზარების მაინც შეეშინდათ და სახლში წაცუნცულდნენ, მგონი ერთად ცხოვრობდნენ სამივე. ღამე იქ დავრჩი. წასვლის თავი არ მქონდა. მანქანა რომ მყავდეს ისე მაგრად არ დამეზარებოდა, მაგრამ ვერ დაადგა საშველი ჩემთვის მანქანის ყიდვას.
მეორე დილით, დილა ჩემთვის, თორემ ისე სადღაც პირველი საათი იქნებოდა. მეტროთი წამოვედი. ძალიან მტკიოდა თავი. ვაგონში რომ შევედი, მაშინვე ვიპოვე თავისუფალი ადგილი თვალებით, და დაუფიქრებლად ვეტაკე, დავჯექი. ჩვენთან, ამას ბევრი უზრდელობად თვლის. მაგათ რომ ჰკითხო, რაც არ უნდა იყოს, ახალგაზრდა თავისუფალ ადგილზე არ უნდა დაჯდეს და მასზე უფროსს უნდა დაუთმოს. ვაგონში შენ გარდა სხვა რომ არავინ იდგეს ფეხზე და რომ დაჯდე, მაინც ბრაზით შემოგხედავენ, შემდეგ გაჩერებაზე ხომ შემოვა ვინმე და იმისთვის დაეტოვა ადგილიო, იტყვიან.
მოკლედ, ასე “თავხედურად” დავიკავე, ვინმე ომის ვეტერანის ან წარსულში დამსახურებული მუშაკის ადგილი. ვცდილობდი, თავის ტკივილიდან სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება. ვაგონში ხალხს ვათვარიელებდი. ჩემ წინ, სკამზე ერთ ქალს შევხედე. ასე ორმოც წლამდე იქნებოდა, მაგრამ ასეთ ქალებს ასაკი შარმს მატებს(ეს რათქმაუნდა გარკვეულ პერიოდამდე). გამხდარი იყო, ფეხებიც წვრილი ჰქონდა, ისეთი, მე რომ მომწონს. ქერად შეღებილი, მოკლე თმა, ცხვირი ძალიან წვრილი. გრძელი, სათუთი თითები მუხლებზე ეწყო. ქუჩაში მზე ანათებდა, ხუთი გრადუსი მაინც იქნებოდა, მას კი ბეწვის ქურქი ეცვა. მთელი ტანით იყო ქურქში ჩაფლული, მაგრამ ფეხები მოშიშვლებული ჰქონდა. ზუსტად მის წინ, ერთი ლოთი დაჯდა და ხარბად დაუწყო მის ფეხებს ყურება. მან იგრძნო, და თავისი გრძელი ქურქი მოკლე კაბას დააფარა.
ვაკვირდებოდი, და სულ უფრო მაოცებდა. იჯდა და მგონი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ხან გაოცებულ სახეს მიიღებდა, თითქოს რაღაც საშინელება ეთქვა მისთვის ვინმეს, ხან წარბს აწევდა და დაფიქრდებოდა, ხან თავს აქეთ–იქით აქნევდა უარის ნიშნად. არც მოსვენება ჰქონდა. ხან ერთ ფეხს გადადებდა მეორეზე, ხან მეორეს პირველზე. არ ჩერდებოდა. ყველაფერი რიგზე არ უნდა ჰქონოდა. მივხვდი, დეპრესიაში იყო, სასოწარკვეთილად და გაუბედურებულად თვლიდა თავს. ზუსტად ეს შეესაბამებოდა მის ქცევას. გადავწყვიტე, სანამ რაიმე სისულელეზე დაიწყებს ფიქრს, ხასიათი გამოვუსწორო–მეთქი.
მანამდე ერთ საიდუმლს გაგანდობთ. ხომ გითხარით მთლად წყალწაღებული არ ვარ–მეთქი. რაღც ნიჭი მეც გამაჩნია. მომხიბვლელი ვარ, ამას ვერავინ უარყოფს. ადამიანის ამოცნობაც შემიძლია. გოგოებთან ურთიერთობას რაც შეეხება, კარგად საუბარიც შემიძლია და თან ვიცი, როდის რა ვთქვა. სულ მიზანში ვარტყამ. გამბედაობაც არასდროს მღალატობს. მოკლედ, პროფი ვარ.
ახლადმოსულ იდეაზე ბევრი არ მიფიქრია, და როგორც კი მის გვერდით ადგილი განთავისუფლდა, ეგრევე გადავსკუპდი და გამოველაპარაკე. დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი სიტყვები წყვიტავს ყველაფერს და ისინი განსაკუთრებული სიზუსტით უნდა შეარჩიო. არც ძალიან უნდა გადაამლაშო, და არც ძალიან მსუბუქი არ უნდა გამოგივიდეს, თორებ შტერი ეგონები.
–გამარჯობა ქალბატონო! თქვენს ხელზე ბეჭედი არ შემინიშნავს, და ვიფიქრე უზრდელობად არ ჩამითვლის, რომ გავესაუბრო–მეთქი.
–მგონი არაფერი დაშავდება.–გაეღიმა, ხომ ხედავთ. ვიცი რა!
–ძალიან კარგი, მე ნიკა მქვია.
–მე კი, ლიკა.–მომატყუა, სახელი მომატყუა. სახეზე დაეტყო, რომ ტყუილს მეუბნებოდა. პირველი რაც მოიფიქრა ის მითხრა. ლიკასთან ასოციაცია კი, ჩემმა სახელმა მოიტანა. მაგრამ გავატარე, თამაშში ავყევი.
–და, როგორ მოხდა, რომ ასეთი ქალი გაუთხოვარი დადის თბილისის ქუჩებში?– ვუთხარი ღიმილით.
–გაუთხოვარი არ ვარ, ქმარი, ის წავიდა…–უცბად, პირი დაკუმა და ტუჩბზე იკბინა. იგრძნო, ყველა ჩვენ გვიყურენსო და შერცხვა. ქურქი კიდევ უფრო დაბლა ჩამოწია და უფრო დაბალი ხმით განაგრძო.
–მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ? თქვენ გყავთ ცოლი?
მე ვუთხარი, რომ არ მყავდა. შემდეგ კიდევ თხუთმეტი წუთი ვისაუბრეთ. ეს ნაკლებად საინტერესოა, უბრალოდ ვემზადებოდი რომ ღრმად შემომეტყუა, თავი მომეწონებინა, ნდობა გასჩენოდა ჩემ მიმართ. მერე კი, შეტევზე გადავედი.
–ლიკა, სახლში მარტო ცხოვრობ?–უკვე შენობით ველაპარაკებოდი.
–არა, ბავშვთან ერთად.
–შენი ბავშვი ახლა ალბათ სკოლაშია, არა?
–კი, სკოლაშია.–მიხვდა საითაც მიდიოდა საუბარი. დაბნეულობა დაეტყო, თვალებს მარიდებდა.
–მერე, ყავა დავლიოთ არ გინდა?– ვუთხარი და პასუხს დაველოდე. ჩემთანაც წავიყვანდი. მარტო ვცხოვრობ. დედაჩემი საბერძნეთშია წასული და იქიდან მიგზავნის ფულს. მდიდარ ბერძენს გაჰყვა ცოლად. მამაჩემი კი, ათი წლის წინ ავარიაში დაიღუპა. ბნელოდა, მთვრალი იყო, საჭესთან ჩაეძინა, გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და საწინააღმდეგოდ მომავალ მანქანას შეეჯახა.იმ მანქანაში, ქმარი, ცოლი და ხუთი წლის ბავშვი ისხდნენ. მარტო ცოლი გადარჩა და ახლაც ინვალიდის ეტლით დადის. ჩემთან არასდროს არ ამყავს გოგო. არ მიყვარს. გოგოებთან, ძირიდათად ერთჯერადი ურთიერთობები მაქვს და არ მინდა იცოდნენ სად ვცხოვრობ.
ქალი გაწითლდა. მგზავრებს გადახედა, თითქოს ჰკითხა თქვენ რას მირჩევთო. ყველა ისევ ჩვენ გვიყურებდა, რაღათქმაუნდა არა სათნო სახით. უარის თქმა დააპირა, მაგრამ ვიცი, დათანხმებაზე მეტად არას თქმა უძნელდებოდა. მერე დიდხანს ინანებდა უარი რომ ეთქვა.
ბოლოს გაბედა და კაი აზრიაო, მითხრა.
ვარკეთილში წამიყვანა. გზაში მომიყვა როგორ მიაგდო ორი თვის წინ მისმა ქმარმა და თავის უკრაინელ ნაშასთან ერთად კიევში მოხია. მარტო დატოვა თორმეტი წლის ბავშვთან ერთად.
სახლში შესვლამდე გამაფრთხილა, სახლი არეულ–დარეულიაო. შევედით, ნათელი ბინა იყო, თუმცა მართლა დაულაგებელი, მაგრამ დათვალიერება დიდხანს არ დამცალდა. როგორც კი კარი მოიკეტა შემომატრიალა და კოცნა დამიწყო. ყავა ვიღას ახსოვდა.
ლოგინში რაც მოხდა, ეგ თქვენი საქმე არ არის. ერთი საათის მერე მითხრა, მოვრჩეთ, მალე ჩემი ბიჭი სკოლიდან მოვაო. ავდექი და ჩაცმა დავიწყე. ის კი, ლოგინზე იჯდა, ხელებზე დაყრდლობილიყო და უკან გადაწეულიყო. ვუყურებდი. მართლა მაგარი ფეხები ჰქონდა. განა მარტო ფეხები, ყველაფერი მაგარი ჰქონდა. შეენს ქმარს თავში ჭკუა არ აქვს–მეთქი ვუთხარი. გაეღიმა. პირველად. ჩემი ნომერი ჩაიწერე და დამირეკეო, მითხრა. მობილური ამოვიღე და უხალისოდ ჩავიწერე ნაკარნახევი ნომერი.
შემომხედა, არ დამირეკავ არაო, მითხრა. ასე აჯობებს–მეთქი, ვუთხარი. წამოიწია, ხელები ლოყებზე შემოიწყო და მუხლებს დააყრდნო. სევდიანის ახე მიიღო. ასე ძალიან საყვარელი იყო. მაინც მადლობო მითხრა, ახლა უკეთესად ვგრძნობ თავსო.
მე გავეხუმრე, დედაჩემი მარტო რომ დარჩა, საბერძნეთში წავიდა და მდიდარ კაცს გაჰყვა. შენც წადი საბერძნეთში–მეთქი. კიდევ გაეღიმა და მივხვდი, რომ სწრაფად უნდა წავსულიყავი, თორემ ვეჩვეოდი და უფრო და უფრო ვიხიბლებოდი. არ მიყვარს ქალის ასე ახლოს მოშვება. არ მიყვარს ვინმეზე დარდი. ეს კი, ჩემდა უნებურად ძალიან სწრაფად მიახლოვდებოდა. სულ ორი ღიმილი ეყო.
რომ გავდიოდი, მითხრა, თავის მოკვლას ვაპირებდიო. შევჩერდი, რამის თქმა მინდოდა, მაგრამ აზრიანი ვერაფერი მოვიგონე. კარი მოვიხურე, ის კი, იქ დავტოვე, ლოგინზე, მუხლებზეხელებდაყრდნობილი, შიშველი ფეხებითა და მკერდით.
არ ვიცი მერე რა მოუვიდა, თავი მოიკლა თუ არა. იქნებ მართლა წასულიყო საბერძნეთში. ჩემთვის ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა, მისთვის კი მგონი მაინც შეიცვალა რაღაც.

პ.ს. მე გიორგი მქვია, და ეს კი უბრალოდ მოთხრობაა ორ არარეალურ ადამიანზე :D

13 Comments

სტრიპტიზი სპეციალურად ჩვენთვის

By Vasassi.com

არაფრისმთქმელი რეპორტაჟი

საღამოს ცხრა საათია. მე და ჩემს მეგობარს სტატია გვაქვს დასაწერი. თემა – ღამის ცხოვრება თბილისში. ჟურნალის თანამშრომლები არ ვართ, უბრალოდ, პრიზით მოგვხიბლეს: ბათუმის ჯაზ-ფესტივალს დაესწრებითო და ჩვენც, ჰიუ მასაკელას ცოცხლად მოსმენის ხათრით, ორ დღეში თბილისის ყველა ღამის კლუბი და (რუსული რომ არ ვიხმარო გაუგებრად ვიტყვი) პრესტიჟურლი ადგილი შემოვირბინეთ.

დაღლილები კოსტავაზე ჩამოვედით. ერთ-ერთი ღამის კლუბიღა გვაქვს დარჩენილი. აქ არის სადღაც. იმედგაცრუებულები ვდგავართ: ბარი დაკეტილია.

რა ვქნათ?! უცებ მოცემული თემა და მოსამზადებლად მცირე დრო.

- უნდა შევიდეთ! – და საქმიანი სახეებით გავემართეთ იქვე მდებარე სტრიპტიზ-კლუბისაკენ. კარში დაცვა გვხვდება.

- უკაცრავად.. – გზას გვიღობავს მაღალი.

- ჩვენ ჟურნალისტები ვართ და ბლა ბლა ბლა.. – ვაყრით.

- ერთი წუთით, – დაცვა მაღალ გოგოსთან ერთად ბრუნდება.

- რა ხდება? – კითხულობს გოგო ამრეზით და გვათვალიერებს. ახსნის პროცესში სახე ეცვლება და მფლობელის კარამდე თავაზიანად მივყავართ.

რამდენიმე წამში საბილიარდოში აღმოვჩნდით. ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი დაბალი, ჩაჯირკული კაცი ალექსად გაგვეცნო. მეპატრონე ფუმფულა, ქერათმიანი და ბეჭდებასხმული ქალია. ვუხსნით,  რა გვინდა. როგორც ყველა, ისიც თავისი კლუბის უნიკალურობაზე აკეთებს აქცენტს. დროდადრო ალექსთან თურქულად საუბრობს.

- ქვემოთ დიდი ფართი გვაქვს და არ გინდათ ნახოთ? – საუბრის დასასრულს იმ ქლესა ტონით გვეკითხება, რომლითაც ჟურნალისტებს ესაუბრებიან ხოლმე და, რომელსაც, ჭირის დღესავით ვერ ვიტან.

რატომაც არა?! დარბაზში ჩავდივართ. შუაში დიდი პოდიუმი რომ არა, მუსიკით, ძველებური თაღებითა და მიმტანების ჩაცმულობით თავი სახინკლეში მეგონებოდა.

- აქ ცხოვრება ღამის 12-ს მერე იწყება და ექვსამდე ვმუშაობთ, ბოლო კლიენტამდე. ბევრი ცნობილი სახე მოდის ჩვენთან, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც (გეგონება, ხელისუფლებაში ადამიანები არ მუშაობენ). ახლა მუსიკა გამორთულია, სტუმარი ჯერ არაა მოსული. როგორც კი გამოჩნდება ვინმე, გოგონები მაშინვე ავლენ პოდიუმზე. გინდათ, ნახოთ გოგონების შოუ?! – მოგვიბრუნდა ალექსი.

- და სტუმრები ხომ ჯერ არ არიან?! – რა ვიცით, მაინც. ავტობუსის სტუდენტური პალსტიკურებით დავდივართ და უკანასკნელი 1.60 კალორიებით ამოტენილ მიწისთხილში დავხარჯეთ.

- სპეციალურად თქვენთვის, – იღიმის ალექსი და დიჯეის ანიშნებს.

ქვემოთ ჩავდივართ. ვიკავებთ ზემოდან წინასწარ შეგულებულ საუკეთესო ადგილს და პოდიუმზე ასულ გოგონას შევცქერით. გოგონა ოსტატურად ეხვევა ბოძს. ვხვდებით, რომ ეს რთულია.

- რამეს ხომ არ ინებებთ? რძიანი კოქტეილი გვაქვს, საფირმო, – გვთავაზობენ მესამედ.

- გმადლობთ, მე მარხვაზე ვარ, – დავასწარი მეგობარს.

- წყალი, თუ შეიძლება, – მის ტონზე ვხვდები, რომ ერთი გულიანი გადახარხარებისათვის ყველაფერს მისცემდა.

- გოგონებს ორ-სამთვიან კონტრაქტს ვუდებთ. მათი 90% უკრაინელია, – აგრძელებს ალექსი.

- ასე მოკლევადიანს რატომ?

- მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს. ყოფილხართ როდესმე სტრიპტიზ-კლუბში?

- არა.

ამასობაში ჰაუსი დამთავრდა და რუსული მუსიკა დაიწყო. ცეკვა გაგრძელდა.

- რატომ მაინცდამაინც რუსული მუსიკა? – ვიმრიზებით სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე.

- ხომ გითხარით, გოგონების უმეტესობა უკრაინელია და მათ თან ჩამოაქვთ უკვე მომზადებული ნომრები. მაგალითად, ზოგი სტინგზე ცეკვავს, ზოგი ბილანზე. ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, – გვპასუხობს ალექსი.

- გასაგებია, – სინქრონში ვიყუდებთ ყინულიან წყალს და ახალ, გაცილებით მაცდურ შემოთავაზებას ვიღებთ:

- გინდათ ჯგუფური სტრიპტიზი ნახოთ?

ბუნებრივია, უარი არ გვითქვამს. ალექსი მიდი და ხუთი წუთის შემდეგ ბრუნდება:

- თუ ნახევარ საათს დაიცდით, ყველა გოგონა მოვა. ახლა მათი ნაწილი აკლია. 10 საათია. ძალიან გვინდა ნახვა, მაგრამ მალე ავტობუსები აღარ იქნება.

- ვფიქრობთ, საკმარისია. მადლობა, – ხელს ვართმევთ მასპინძლებს და წმინდა თანამშრომლობის თვალსაზრისით ვცვლით ნომრებს.

- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, აეროპორტით რომ ჩაგწეროთ (ჟურნალი, რომლისთვისაც სტატია მზადდებოდა, ერთ-ერთი ქართული ავიაკომპანია გამოსცემს)? – გულწრფელია ალექსი.

- მე სტრიპტიზად ჩაგწერთ, – არ ჩამორჩა ჩემი მეგობარი.

კლუბიდან გულდაწყვეტილები გამოვდივართ. ჯერ ერთი, ჯგუფური სტრიპტიზის ნახვა გვინდოდა და მეორეც, შიშველი მკერდის დანახვაზე ვერაფერი ვიგრძენით.

 

P.S. ისე, მაგარია ჟურნალისტობა. რასაც გინდა, ყველაფერს ნახავ, თან უფასოდ. :D

, ,

17 Comments

“მოთამაშე”

ლექციიდან რომ გამოვედი, 10 საათი იქნებოდა. დილით ადრე თბილ აუდიტორიაში ჯდომას, მოსაწყენი ლექციის მოსმენას და ამ დროს ძილისგან თავის შეკავებას გამორჩეული ნიჭი უნდა.მითუმეტეს, როდესაც წინა ღამე თავზე დაგათენდა. მოთმინება მხოლოდ ერთი საათი მეყო. ავდექი და წამოვედი. მეექვსე კორპუსიდან რუსთაველის მეტრომდე სულ ფეხით დავდივარ. ისე შევეჩვიე, რამდენიც არ უნდა მაგვიანდებოდეს ლექციაზე, მაინც ფეხით წავალ. თან ძალიან მიყვარს ხალხზე დაკვირვება. ახლაც ფეხით მივსეირნობ. მოვდივარ ქუჩაში ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე და ჩემნაირს სხვასაც ბევრს ვამჩნევ. უფრო მეტი ახლადგაღვიძებული სახის დაფიქსირება კი, 9 საათისკენ შეიძლება. ამ დროს მოსწავლეებსაც ხვდები და იმ ხალხსაც, რომლებიც სამსახურში მიიჩქარიან.
იმ დღესაც ჩვეულებრივ მოვდიოდი, როდესაც ერთმა კაცმა მიიქცია ჩემი ყურადღება. იქნებოდა ასე 30-35 წლის, დისტროფიკივით გამხდარი იყო. წვრილი ცხვირი, მოკლე თმა და ჩავარდნილი ლოყები ჰქონდა. კაზინოდან გამოდიოდა. ჩვეულებრივ, ადამიანი შენობიდან გამოსვლას და ხუთი-ექვსი საფეხურის ჩავლას ამდენ ხანს არ ანდომებს და არც ამხელა ტრაგიზმს აქსოვს. ყველაფერი ნათელი იყო: მან დიდი ფული წააგო. ეტყობოდა, იმასაც არ უძინია წინა ღამეს. მთელი ეს დრო ალბათ კაზინოში გაატარა. ამ კაზინოს გვერდით მინიმუმ ასჯერ ჩამივლია და ხშირად მინახავს იქიდან გამოსული ხალხი. ერთხელ ისიც შევამჩნიე, როგორ გამოვიდა სამი ახალგზდა გაბადრული სახით და შუა ქუჩაში ასდოლარიანი კუპიურების თვლა დაიწყო. მიუხედავად ყველაფრისა, კაზინოს სახელი მაინც არ ვიცი. რადგან შენობის შესასვლელი თავზე რკინის დიდი კონსოლით არის დაფარული, რომელიც ქოლგასავით მთელ ტროტუარზეა გადაჭიმული. სწორედ მის წინა ნაწილზეა სახელი მოთავსებული, მე კი მის ქვეშ გავდივარ ხოლმე. მაგრამ თუ არ ვცდები, სახელში “საქართველო” უნდა ერიოს.
კაცი როგორც იქნა ჩამოსცდა კიბეებს, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, წვრილი, გრძელი თითებით გაუკიდა, კოლოფი დაჭმუჭნა და იქვე, ძირს დააგდო. შემდეგ ხელები ისევ გრძელი, გახუნებული ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო, თავი მოხარა და ისე გაუყვა გზას, თითქოს ვიღაცას უკნიდან ეპარებაო. მეც უკან მივყვებოდი. როგორც ჩანს, ერთი გზა გვქონდა და არ მინდოდა მისთვის გადამესწრო. დისტანციას ვიჭერდი და თან დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი. ფეხსაცმელიც და ტანსაცმელიც ძალიან გაცვეთილი ეცვა, მაგრამ ჩანდა, თავის დროზე ძვირად ფასობდნენ. ფიქრებში მისი ცხოვრების სავარაუდო ვარიანტებს ვადგენდი და ვიხილავდი. ყველაზე მართებულად ასეთი ვარიანტი ჩავთვალე: ჩაცმულობა იმაზე მეტყველებდა, რომ ოდესღაც ტანსაცმელში დიდი ფულის გადახდა შეეძლო, აქედან გამომდინარე, თავის დროზე მდიდარი კაცი იქნებოდა, რომელიც თამაშმა გააღარიბა და ტანსაცმელიც გაუცვითა.
მოთამაშე ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას. მე კი ნელი ნაბიჯით სიარულს არ ვარ შეჩვეული და ფიქრებში გართული ძალაუნებურად ზოგჯერ ძალიან ვუახლოვდებოდი. ერთხელ კინაღამ უკნიდან დავეჯახე კიდეც. სწორედ მაშინ შევნიშნე მისი გაჭაღარავებული თმა. ჩემი მოკლე ცოდნით, ახალგაზრდა კაცს თმა ორ შემთხვევაში შეიძლება გაუჭაღარავდეს: როდესაც მას რაიმე ნივთიერების ნაკლებობა აქვს, ან როდესაც იგი ბევრს ნერვიულობს. აშკარა იყო, ჩვენს მოთამაშეს ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი ერგებოდა. ხშირად მინახავს ასეთი ახალგაზრდები და ისიც კარგად ვიცი რატომ უთეთრდებოდათ ასე სწრაფად თმა გვერდებზე.
როდესაც ჩემი დანიშნულების ადგილს მიაღწია, ერთი წამით დავფიქრდი მეტროში ჩავსულიყავი, თუ კიდევ გავყოლოდი უკან. ცნობისმოყვარეობამ მძლია და გადავწყვიტე გამეგო საით მიდიოდა. აქამდე უამრავმა ავტობუსმა ჩაიარა, მაგრამ არც გაჩერებაზე მისულა და არც ტაქსისთვის დაუქნევია ხელი. ინტუიცა მკარნახობდა, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
ჩვენ დიდხანს ვიარეთ, ჩავიარეთ მელიქიშვილი, კოსტავა, რუსთაველი. თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელთან ერთი წუთით გაჩერდა, ასე იდგა კიბესთან გაუნძრევლად რამოდენიმე წამი. მერე კი დაბლა ჩავიდა. გავუყევით პუშკინს, ბარათაშვილს, და ბოლოს ხიდთან მივედით. იქ, ხიდზე მიმაგრებული ერთ-ერთი სტატუას გვერდით დადგა. უცნაური სტატუებია. თითქოს პლასტერინისგან იყვნენ გამოძერწილი. საღებავიც ასეთი უსვიათ. მოთამაშე სწორედ იმ სტატუასთან დადგა, რომელიც ვითომ წყალში ხტებოდა. ცხადი იყო რის გაკეთებასაც აპირებდა. მე შემეშინდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ის ხიდის შუაში იდგა, მე ბოლოში. ახლოს მისვლასაც ვერ ვბედავდი. ან რა უნდა მეთქვა? “გამარჯობა, მე კაზინოდან მოყოლებული უკან მოგყვებით და წყალში არ გადახტეთ!” იქნებ სულაც არ აპირებდა თვითმკვლელობას, იქნებ სულაც არ წაეგო ფული, იქნებ სულაც არ იყო თავის დროზე მდიდარი და იქნებ სულაც არ გაღატაკებულა თამაშის გამო. იქნებ უბრალო ადამიანი იყო, სხვებისგან არაფრით გამორჩეული და ასე აჩრდილივით სიარულიც მისი მანერა იყო. იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ის დავინახე, რისი დანახვაც მინდოდა. სწორიც რომ ვყოფილიყავი, განა რას გავაკეთებდი? მდინარეში გადავმხტარიყავი საშველად? ამ შემთხვევაში, იქნებ მე უფრო დავმხრჩვალიყავი ვიდრე ის. ერთადერთი რამ მომაფიქრდა აზრად: თუ მართლა გადახტებოდა “პატრულის” ყვირილს დავიწყებდი. ვიცი სისულელეა, მაგრამ ბოლო წლებში ყველა ასე აკეთებს და თანაც ხშირ შემთხვევაში მუშაობს. სუპერმენს რომ ეძახიან საშველად და ისიც ორ წამში იქ რომ გაჩნდება სადაც არ უნდა იყოს, პატრულზეც ასეა. ყოველ შემთხვევაში მყვირალი ამ იმედით ყვირის. მეც პატრულის იმედად ვიყავი დარჩენილი.
გულში იმაზე ვჯავრობდი, რატომ არ მიყვარდა წყალი და რატომ არ მომდომებია არასდროს ცურვა კარგად მესწავლა. ყოველთვის მერჩივნა, ნაპირთან ვმჯდარიყავი და ზღვის ხმისთვის მესმინა, როცა ჩემი მეგობრები წერტილებად მოჩანდნენ ჰორიზონტთან ახლოს. ამიტომაც ვისიცხებოდი ყველაზე ხშირად მარტო მე. ახლა კი, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი პატრულის ეკიპაჟისთვის რომ მომეკრა სადმე თვალი, თუმცა არც მოთამაშე მავიწყდებოდა. ის კი, იდგა კვლავ გაშეშებული და მტკვარს ჩასცქეროდა, თითქოს ამ ატალახებულ, ყავისფერ წყალში ფსკერს უყურებსო. დამუღამებული ჰქონდა ეს გაშეშებით დგომა. რომ შეგეხედათ, იფიქრებდით, ალბათ არც სუნთქავსო. მე ჩემს გასაჭირში ვიყავი როდესაც სრულიად მოულოდნელად თავი სწრაფად გაასწორა და მის სახეზე ღიმილი დავინახე. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჰაერში ჰქონდა მრავალმნიშვნელოვნად აღმართული. ვიფიქრე, სადაცაა მისი თავის გვერდით ანთებულ ნათურას ჩააქრობს მაგ ხელით-მეთქი. ღიმილი სახეზე არ მოშორებია.
ქურთუკის ჯიბიდან მობილური ამოიღო, გაშალა ერთხანს აწვალა, ალბათ ვიღაც გადაკარგულის ნომერს ეძებდა, შემდეგ კი დარეკა და მობილური ყურზე მიიდო. ღიმილი ისევ თავის ადგილას იყო. მობილური მალევე დაკეცა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. ალბათ, მასაც ის ხმა მოესმა, რაც მეც ასე ხშირად მესმის ხოლმე და რომელიც ყველას გვამცნობს ხმოვანი სიგნალი, რომ უფულობის გამო უარი გვითხრეს ზარის განხორციელებაზე. ეს “ტუ-ტუ-ტუ” დაახლოებით ასე იშიფრება:“ნება იბოძეთ, და ჯერ ანგარიში შეავსეთ, გეთაყვა!” აი, ასე ზრდილობიანად. არადა, “ტუ-ტუ-ტუუ” ხომ ზუსტადაც რომ არაზრდილობიანი სიტყვების დაფარვის ყველაზე ხშირადგამოყენებადი საშუალებაა. ესე იგი, რა გამოდის? მობილური ოპერატორი ამ დროს გვაგინებს? მე, მაინც იხტიბარს არ გავიტეხ და პირველ ვერსიაზე შევჩერდები.
წინანდელთან შედარებით, კონტრასტული განწყობა არ შესცვლია და არც აჩრდილივით და ქურდივით მოკუნტულს გაუგრძელებია გზა. მხრებში გაიმართა, და ლაღი ნაბიჯებით ანჩისხატის მხარეს გადავიდა. ვიფიქრე, მგონი ეშველა-მეთქი და მეც ავტობუსების გაჩერებისკენ გავსწიე. თან გულში საკუთარი თავის მრცხვენოდა, იქნებ ყველაფერი მართლა მე მოვიგონე-მეთქი.
საღამო იყო, ექვსს გადასცდენოდა და მეც 6 საათიან ლექციაზე მაგვიანდებოდა. სწრაფი ნაბიჯებით, ისევ უავტობუსოდ მივდიოდი. ვიცოდი, ლექტორი დაგვიანების გამო არ დამტოვებდა აუდიტორიის გარეთ, მაგრამ მაინც სწრაფად მივდიოდი. ყველა ასე აკეთებს რომ აგვიანდება, რომც არ იყოს დაგვიანება პრობლემა. ეს, ალბათ გამომუშავებული ინსტინქტი, ან რამე ამდაგვარია. ასეთი ტერმინების მორგება კარგად არ გამომდის.
იმ კაზინოს მივუახლოვდი, და რას ვხედავ?! ჩვენი მოთამაშე ისევ იქაა. ოღონდ ახლა სახით შესასვლელისკენ დგას, ტროტუარის მეორე მხარეს და კარს მისჩერებია, ისევ ისე, გაუნძრევლად, სუნთქვის გარეშე. წვრილ ხელში სიგარეტი უჭირავს. როგორც ჩანს ერთ-ორი ნაპაზი გამოურტყია და იმის მერე თვითონაც გაშეშებულა და სიგარეტიც ხელში გაუშეშებია. ძალაუნებურად, მეც ადგილზე გავქვავდი და თითქოს სუნთქვა შემეკრა. ველოდებოდი რას იზამდა. მოულოდნელად, ალბათ მზერა იგრძნო, გამომხედა. მე დავიბენი, თვალი სწრაფად მოვაშორე და გზის მეორე მხარეს გადავედი. ისეთი ადგილი შევარჩიე, მისთვის შეუმჩნეველი რომ ვყოფილიყავი. სულ დამავიწყდა, რომ მაგვიანდებოდა, მაგრამ ლექცია მოიცდიდა. იდგა ასე, იდგა დაახლოებით ორი წუთი, სანამ სიგარეტი თითებამდე არ ჩაიწვა და ნამწვავმა თითი არ დაუწვა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. ხელი სწრაფად გაიქნია და შემდეგ დამწვარი თითი პირში ჩაიდო. მერე ხელები ისევ ქურთუკში ჩაიწყო, ისევ ქურდულად მოიკუნტა, ერთი-ორი ისკუპა და კაზინოს კარს უკან გაუჩინარდა.
მაშინღა მივხვდი რამ გაახარა ასე დილით, მტკვარს რომ ჩაჰყურებდა დიდის ამბით. მან ის ადამიანი გამონახა, ვინც ფულს ასესხებდა და ამით ცხოვრება გაუხანგრძლივა.
მეორე დღეს ლექციები შუადღით მქონდა და დილით რაღათქმაუნდა ლოგინში დავრჩი. ძალიან კი მაინტერესებდა როგორი სახე ექნებოდა დილით ისევ რომ გამოვიდოდა კაზინოდან ხელცარიელი. იქნებ, სულაც ამჯერად მოეგო და გამდიდრებულიყო. იქნებ, ამჯერად ფულის სესხების ვარიანტები ამოსწურვოდა და ისევ მტკვრისკენ გაჰყოლოდა გზას. იმის მერე იქ რომ გავივლი, თვალი კაზინოს კარისკენ გამირბის, მაგრამ ის აღარ შემინიშნავს.

prodigycow სიყვარულოვნას ბლოგისთვის.

, , , , , , , ,

16 Comments

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 534 other followers