Archive for category წიგნები

წიგნები

ერთხელ ერთმა ხუმრობამ მიიქცია ყურადღება: ” ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ, მათ ვხვდებოდით ყველგან, ისინი იყვნენ ჩვენი თანამგზავრები,თუმცა ბოლოს მაინც  გაქრნენ… მაშ, ასე წარმოგიდგენთ  – წიგნებს”.

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ წიგნი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაშიო. რა შეიძლება იყოს ეს როლი, თანაც მნიშვნელოვანი? ალბათ ის, რომ წიგნი ანვითარებს ფანტაზიას, ზრდის ლექსიკას, რაც არ უნდა ფანტასტიკა იყოს, აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ. მოკლედ, წიგნი საშუალებაა იცოდე ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად.

მე და წიგნი პირველი კლასიდან ვმეგობრობთ. კითხვა რომ ვისწავლე, პირველი რაც წავიკითხე იანუშ კორჩაგის მეფე მათიუშ პირველი იყო. 8 წლის ბიჭი მეფის ტახტზე ავა და ქვეყნის მართვას იწყებს. საკმაოდ მძიმე და რთულად წასაკითხ წიგნს შევეჭიდე 7 წლის ასაკში. და ამის გამო ძალიან ბევრი ფაქტი და დეტალი არ მახსოვს. მაგრამ, ერთ-ერთ ეპიზოდს ძალიან ხშირად ვადარებ დღევანდელ სიტუაციას საქართველოში. მათიუში გამოსცემს კანონს, რომლის თანახმადაც ბავშვები ივლიან სამსახურებში, ხოლო მშობლები სკოლაში. როდესაც პარლამენტში პირველ მოსმენაზე გაიტანეს კანონი, რომლის მიხედვითაც ასაკობრივ ცენზს წევდნენ და 21 ხდებოდა სწორედ ეს ეპიზოდი გამახსენდა – ბავშვები სამსახურებში, თანაც საკმაოდ სერიოზულ სამსახურებში. მეფე მათიუშის სახელმწიფოში ყველაფერი თავდაყირა დადგა, რაც აქაც მოსალოდნელია ლოგიკურად.

მეფე მათიუშის შემდეგ რამდენიმე წიგნი იყო, რომლის საშუალებითაც დრო სწრაფად და სარგებლიანად გამყავდა. თანაც, თავიდან ვიშორებდი მამაჩემის მუდმივ ფრაზას: “წიგნს შენ არ კითხულობ და არაფერს შენ არ აკეთებ”. თანაც, ყოველთვის მოაყოლებდა რომ, ის რომ ჩემ ხელა იყო, თვეში რამდენიმე წიგნს კითხულობდა, მე კიდევ კაპიტან გრანტის შვილებიც არ წამიკითხავს (დღემდე არ მაქვს წაკითხული სხვათაშორის). რამდენიმე წელში ჩემი და წიგნის ურთიერთობა შეწყდა. ერთი შეხედვით ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ წიგნი სხვა რამეებმა ჩამინაცვლეს. კერძოდ გართობამ. მეუბნებოდნენ, წიგნზე უკეთესი გასართობი არ არსებობსო, მაგრამ არ მჯეროდა.

რამდენიმე წლიანი პაუსის შემდეგ წიგნისკენ გული მომიბრუნდა, ნელ-ნელა ისევ დავიწყეთ ურთიერთობა, ისევ კარგი მეგობრები გავხდით. ნაწილობრივ ჩემი დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა, ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება სხვის თავს ავი თუ კარგი. სწორედ ამიტომ უპირატესობას სათავგადასავლო ლიტერატურას ვანიჭებ. არ მსიამოვნებს წიგნები, რომლებიც მუდმივად ჭკუას მარიგებენ და გამუდმებით მირჩევენ რაიმეს. მირჩევნია სხვისი საინტერესო ცხვორების თვითმხილველი გავხდე და ჩემით გამოვიტანო დასკვნები პერსონაჟების ცხოვრებიდან, ვიდრე ვინმემ მითითოს, აი ასეა სწორიო.

ძალიან ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის, რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია. ასეთ დროს მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, წაიკითხე და მიხვდები. ჰოდა, გირჩევთ წაიკითხოთ.

სათუთად მოვლილი წიგნები <3

არ მიყვარს ყველასთვის საყვარელი და სათაყვანებელი წიგნები. მსგავს ლიტერატურაში ვეძებ მუდმივად ნაკლს და მხოლოდ იმ ნაკლზე ვამახვილებ ყურადღებას. მაგალითად “წითელი და შავი”, “უცნობი ქალის წერილი” და ა.შ. შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ შესაბამის დროს ვერ წავიკითხე და ვერ გავიაზრე. ვინ იცის, იქნება დროთა განმავლობაში ხელახალი წაკითხვისას სულ სხვანაირად შევხედო არსებულ სიტუაციას.

წიგნი შეიძლება ვიღაცისთვის შთაგონების წყარო გახდეს, მოტივაცია აუმაღლოს, სწორი გზა აჩვენოს… უბრალოდ წიგნის სწორად შერჩევა უნდა იცოდე. ჰო, ვფიქრობ ყველაფერს სჭირდება სწორად შერჩევა, სიტუაციას უნდა მოერგოს რომ გართობის გარდა სხვა სარგებელიც მიიღო ამა თუ იმ ლიტერატურიდან.

ერთი მავნე ჩვევა მაქვს. ძალიან მიყვარს წიგნები. მსიამოვნებს თაროს რომ ავხედავ და ჩემი ყველა წიგნი ამაყად და მშვიდად ნებივრობენ მიჩნეულ ადგილას. არ მიყვარს მათი განათხოვრება. რამდენჯერაც წიგნი ვიყიდე საჩუქრად იმდენჯერ დამნანებია ჩუქება. ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის წიგნი და ვცდილობ საკუთარი წიგნების რაოდენობა გავზარდო :>

ჩემი მწირი ბიბლიოთეკის ნაწილი

P.S ეს პოსტი კონკურსისთვისაა შექმნილი, რომელშიც მონაწილობა თქვენც შეგიძლიათ <3 უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

, , , , , , , ,

41 Comments

მარტინ იდენი

მარტინ იდენი კაცია, რომელმაც მიაღწია იმას რაც უნდოდა და დაკარგა სიყვარული და თვით სიყვარულის რწმენაც კი. მარტინ იდენი კაცია, რომლისთვისაც მიზანი უმთავრესია. მარტინ იდენი კაცია, რომელმაც შესძლო წარმოუდგენლლად მოკლე დროში აეთვისებინა ის, და იმაზე მეტი, რაც ხალხმა წლები მოანდომა. თუმცა ღირდა კი?

ის უბრალო მუშათა კლასში აღზრდილი მეზღვაური იყო. სიარულიც მეზღვაურისა ჰქონდა. სიყვარულის ძალამ შეაძლებინა დაევიწყებინა ყველაფერი წარსულიდან და გაეზარდა უფსკრული რომელშიც თავად ჩაიკარგა. სიყვარულმა აიძულა განევითარებინა გონება და იდეოლოგიით კიდევ უფრო დაშორებოდა საყვარელ ქალს.

ცოდნამ, წიგნებმა, განათლებამ, აზროვნების უნარმა დაანახა რომ ბურჟუაზია სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი ნეხვის კასრი, რომელიც მხოლოდ ფულზე და სახელზეა ორიენტირებული. სწორედ წიგნებმა აუხილა თვალი და დაანახა რომ ამ “ნეხვის კასრს” ეთაყვანებოდა. თვით საყვარელი ქალიც კი, რომლის სიყვარულმა აამაღლა მარტინის გონება ძალიან შორს დარჩა იდენისგან.

მარტინი ებრძოდა ჩამოყალიბებულ დოგმებს, აზროვნებას და იმას რაც “უნდა” და არა საჭიროა. მარტინმა ზედმეტად ბევრი იცოდა, ზედმეტად ჭკვიანი იყო და ზედმეტად ჩაუღრმავდა წუთისოფლის სიმყრალეს, ზედმეტად ბევრი გაიგო და ამ ცოდნამ შეიძლება ითქვას დაღუპა კიდეც.

არ ვიცი მომეწონა თუ არა… რაღაცნაირი წიგნია, ბევრ რამეში ვამტყუნებ ბევრშიც ვამართლებ. მისი ერთ–ერთი ნაკლი ალბათ ის იყო, რომ ზედმეტად ბევრი იცოდა.

რაც მთავარია, მან 1.ვერ ისწავლა ფულის “ყადრი” და 2.ისე მოკვდა, რომ ყველას აუსრულა დანაპირები.

, , , , ,

25 Comments

შაგრენის ტყავი

ვერ გავიგე რატომ გახდა ეს წიგნი საქართველოში იმდენად პოპულარული, რომ 50–წიგნში პირველ ადგილზე გავიდა. მაგრამ ფაქტია ხალხს მოსწონს.

წიგნი ერთ უბედურ ადამიანზეა, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ერთხელ ვერ შესძლო ყოფილიყო ბედნიერი. ბავშვობა ფაქტიურად მამამ გაუმწარა მუდმივი კონტროლით და მკაცრი დისწიპლინით. ახალგაზრდობის წლები “სხვენში” გაატარა, 3 წელი სრულ სიღარიბეში იცხოვრა მომავლის იმედით, თუმცა სიყვარულმა გაანადგურა. ფულზე ოცნებობდა და ოცნება აუხდა. მან “ხელშეკრულება” გააფორმა შაგრენის ტყავთან, რომლის თანახმადაც მისი სურვილები პირდაპირპროპორცილად აისახებოდა მისი სიცოცხლის განგძლივობაზე. ცხოვრების გემო იგრძნო და გამოთხოვება გაუჭირდა. ცხოვრობდა განდეგილივით. ყველაფერი ჰქონდა რაზეც ოცნებობდა:ფუფუნება, შეეძლო ნებისმიერ ქალთან ყოფილიყო, თუმცა ეს ყველაფერი მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. ლექსიკონიდან ამოიღო სიტყვები “მინდა”, “მსურს”. ამ ხნის განმავლობაში ერთხელ არ გამოუხატავს სურვილი ვინმეს დახმარებოდა, მისთვის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი გახდა…

წიგნის მორალი? ის რომ ბედნიერება არ იყიდება? და რომ ბედნიერება ფულში არაა? ის რომ ცხოვრება ყველაზე ძვირფასია? ის რომ ყველაზე მშვენიერი ქალი და სიყვარული შეიძლება დამღუპველი გახდეს?ის რომ ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას რაც გაქვს? მოკლედ, ისეთი უამრავი პატარა რაღაცის სწავლა შეიძლება წიგნიდან, რომლებიც  ცხოვრებაში გამოგადგებათ, რომ კითხვის დროს თავადვე იქნებით გაკვირვებულები.

ცოტა რთული წასაკითხია, მიჭირდა შევგუებოდი ავტორის ენას. ნაწარმოები დატვირთულია უამრავი აღწერით, ვერ ვხდებოდი რა საჭირო იყო, მაგრამ იმისათვის რომ თავიდან ბოლომდე გადაეშვა მეცხრამეტე საუკუნის საფრაგნეთში და გაიგო რას გრძნობდა რაფაელი სხვადასხვა გასაჭირის თუ ბედნიერების დროს სწორედ ამდენი აღწერაა საჭირო.

ერთადერთი რაზეც გული დამწყდა დასასრული იყო. ძალიან ბანალური და არაფრის მომცემი დასასრულით. რაღაც უფრო მეტს ველოდი, მაგიას ან რამეს.. არ ვიცი რას, მაგრამ თუ სიკვდილია სხვანაირი სიკვდილი მინდოდა.

, , ,

21 Comments

როგორ გავხდი იდიოტი

თუ ვინმეს ჩემი აღსარება გგონიათ შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ კითხვა.

წიგნი ფსიქემ მათხოვა. საერთოდ მიყვარს ისეთი ნაწარმოების კითხვა სათაურიდანვე რომ იპყრობს ჩემს ყურადღებას. მარტენ პაჟის “როგორ გავხდი იდოტი” ერთ ახალგაზრდა კაცზე, ანტუანზეა. რომელიც იმდენად ჭკვიანია, რომ საკუთარ შესაძლებლობებს, ტვინს და ჭკუას ყვლაფერს ავადმყოფობად თვლის და წუხს იმაზე, რომ არავინ თანაუგრძნობს.

მეგობრები ჰყავს და მათ ისეთი უყვართ ანტუანი, როგორიც არის. ანტუანს კიდევ თანაგრძნობა სჭირდება იმ “ავადმყოფობის” გამო რაც ჰგონია, რომ სჭირს.

თანაგრძნობას ზოგი გაურბის და შეურაცხყოფად ღებულობს, ანტუანი კი ითხოვდა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ალკოჰოლიკი გამხდარიყო. არ არის იოლი იყო ალკოჰოლიკო. ალკოჰოლიკები თან ეცოდებიან, თან ეზიზღებათ და თან თანაუგრძნობენ. მათი ალკოჰოლიკობა ხომ მათივე ჯოჯოხეთური ცხოვრების ბრალია.

ალკოჰოლიკობისთვის წინასწარ მოემზადა. ბიბლიოთეკიდან გამოიტანა ყველა წიგნი რაც კი ალკოჰოლს ეხებოდა, შეისწავლა ყველა დადებითი თუ უარყოფითი თვისება და ბოლოს დუქანსაც მიაკითხა, “მასწავლებელიც” აირჩია და ნახევარ კათხა ლუდზე ალკოჰოლური შოკი მიიღო. საავადმყოფოში თვითმკვლელობაზე დაფიქრდა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. აღარ შეეძლო ეცხოვრა ყველაზე ნიჭიერის, ყველაზე გონიერის, ყველაზე ჭკვიანის სტატუსებით, მას თანათგრძნობა სჭირდებოდა, ან ადამიანი მაინც ვინც გაუგებდა მის “ავადმყოფობას”. თვითმკვლელობა მალევე გადაიფიქრა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელის კურსებზე დადიოდა.

ბოლოს გადაწყვიტა გამხდარიყო იდიოტი. მისთვის იდიოტობა ნიშნავდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ადამიანი. ეყიდა ტანსაცმელი და არ ეფიქრა ბავშვების შრომით ექსპლუატაციაზე, მიფიცხვოდა მზეს და არ ეფიქრა, რომ იგივე მზე სხვაგან გვალვას იწვევს, ესეირნა შხაპუნა წვიმაში და არ ეფიქრა, რომ ეს წვიმა სხვაგან წყალდიდობას იწვევს და უამრავი ადამიანის დაღუპვა შეუძლია. მოკლედ, ადაწყვიტა ყოფილიყო ადამიანი და ეცხოვრა ისე როგორც იდიოტს.

ანტუანი ნიჭიერი იყო. გეგმა მალევე განახორციელა. სრულყოფილ, წარმატებულ “იდიოტად” იქცა. გახდა მილიონელი შემთხვევის წყალობით, ორი შემთხვევის წყალობით. იყიდა ყველაფერი რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება: ათასი საოჯახო ტექნიკა, დიდი სახლი, მანქანა, ცნობილი მხატვრების სურათები. მიზანს მიაღწია, გახდა იდიოტი მაგრამ ვერ გაბედნიერდა.

მეგობრობა ყველაზე ძლიერი გრძნობა აღმოჩნდა ამ ნაწარმოებში. მათი წყალობით ძველ ცხოვრებას და “ავადმყოფობას” დაუბრუნდა. ისევ ის ანტუანი გახდა.

რატომღაც კითხვის დროს რაღაცნაირად სულელი, გამხდარი 25 წლის ბიჭი, დაბნეული მზერით და უაზრო საქციელით წარმომედგინა.

რჩეულთა ხვედრია იყო ჭკვიანი და ეს “საჩუქარი” გამოიყენო ისე როგორც საჭიროა. თუმცა ანტუანი თავის უბედურების მიზეზად სწორედ ამ ჭკუას თვლიდა და ყველანაირად ცდილობდა გაქცეოდა მას. ჭკუის დამსახურებაა, რომ შეგიძლია საკუთარი თავის სწორედ შეფასება, იდიოტებს კი თავი ყოველთვის იდეალური  ჰგონიათ.თუმცა რაც ღმერთმა მოგამადლა ვერსად წაუხვალ.

ანტუანი იდიოტი იყო, ჭკვიანი იდიოტი.

, , , , , , , ,

11 Comments

წითელი და შავი

ბავშვობიდან მეჯავრებოდა წიგნები სადაც უამრავი აღწერა იყო ადამიანების, ბუნების, გრძნობების, ხასიათის თუ ნებისმიერი ნივთის. მთელ 1 ან 2 საათს ვუნდებოდი იმ გვერდის ჩაკითხვას.

უკვე რამდენიმე თვეა “წითელ და შავს” ვკითხულობ (გუშინ ღამე დავასრულე). პირველად ეს წიგნი ვეკოსგან გავიგე. ისე აქო და ადიდა მეთქი ეგ არის და რაღაც სასწაული უნდა იყოს–მეთქი.

საბოლოოდ ხელში შემრჩა რომანი, რომელსაც სრულიად ალოგიკური დასასრული ჰქონდა (ჩემთვის). მთელ წიგნში აღწერილი იყო გლეხი ბიჭის გრძნობები, განცდები და თავგადასავალი, მისი წარმატებები და მოულოდნელი მარცხი. მთელი ნაწარმოების განმავლობაში ჟულიენი (მთავარი გმირის სახელი) მოცულია საოცარი ამპარტავნობით. თავი მიაჩნია არავის ღირსად. და მიუხედავად ამისა უცბად ირკვევა რომ ამპარტავნობასთან ერთად ჟულიენმა საერთოდ არ იცის საკუთარი თავის ფასი. რატომღაც მიაჩნია, რომ ყველასთვის უბრალოდ გლეხის ბიჭია, რომელიც არაფერს წარმოადგენს. ერთდროულად აღმერთებდე  და გძულდეს საკუთარი თავი საოცარ ტენდემს ქმნის და გამოდის აჯაფსანდალი.

მის სიამაყეს, სიამპარტავნობას და თვითშეფასების კრიტერიუმებს თავი, რომ დავანებოთ არც მეგობრად ვარგა. ფუკე (ჟულიენის მეგობარი) მხოლოდ მაშინ ახსენდება როდესაც დახმარება სჭირდება. ამ ნაწარმოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრობა მხოლოდ დახმარების ხელი ყოფილა.

ასევე გაუგებარია ჩემთვის მისი სიყვარული. ყველა (მდიდარ) ქალს აღიქვამს შეცდენის ობიექტად. ცდილობს შეაცდინოს, დაეუფლოს მას და ასე “გაისწოროს” თავისი, რადგან მიაჩნია, რომ მას ნამდვილ ვაჟკაცად არავინ აღიქვამს.თუმცა ქალთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ ხვდება რომ შეყვარებულია, თანაც თავდავიწყებით და იმის მაგივრად რომ გრძნობებს მიენდოს რაღაც უაზრო გეგმებს ხლართავს. ლაპარაკობს წინასწარ შედგენილი სიტყვებით და წინადადებებით.

ის არ ენდობა საკუთარ თავს. ცდილობს რჩევა მიიღოს ვინმე მასზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანსგან და იმოქმედოს ისე.

დასასრული ყოვლად უაზრო და გაურკვეველი ჰქონდა. წიგნი დავხურე და მიხაროდა, რომ როგორც იქნა დავასრულე და 2–3 თვის შემდეგ მაინც დაუბრუნებ პატროონს. ასე ძალით წიგნი ჯერ არ წამიკითხავს. ყოველი ფურცლის დასრულების შემდეგ მქონდა პატარა იმედი, რომ ეხლა მაინც მოხდება რამე კარგი ან საინტერესო, მაგრამ ხელში სასოწარკვეთილი გლეხი ბიჭის არაფრისმომცემი ცხოვრება შემრჩა.

ერთადერთი რასაც მთელი ნაწარმოების განმავლობაში ვაფასებდი ეს იყო საფრანგეთის ცხოვრება ნაპოლეონის ეპოქის დასრულების შემდეგ.

ვეკო,ძალიან გთხოვ გამაგებინე რამ აგაღფრთოვანა ასე ძალიან?

, , , , , , , , , , ,

22 Comments

“მრგვალი მაგიდა” თემაზე:წიგნები

“მრგვალი მაგიდის” შექმნა და მეგობრების მოწვევა ამ მაგიდასთან გუშინ ვცადე ფეისბუქში. შედეგი – წარუმატებელი. მინდოდა სახლში,რომ მიდგას იმ მაგიდასთან ჩამოვმჯდარიყავით და ვიდეო პოსტი ჩამეწერა. შედეგი – წარუმატებელი. წიგნებზე სალაპარაკოთ კი არა ორი სიტყვის სათმელად ვერ ვნახულობ მეგობრებს. ანდაც რა აზრი აქვს მათ ნახვას? ზუსტად ვიცი,რომ ჩემი ყველა მცდელობა ვისაუბრო წიგნებზე დასრულდება ფრაზით: “ზო,კაი წიგნია”. “ოო, წიგნის დროა ეხლა?”.

მეთვითონ კითხვა ადრე დავიწყე მამის გავლენით.წიგნებს ის მირჩევდა.მეც ვკითხულობდი. იყო პერიოდი როცა დავანებე თავი.მეზარებოდა ახალი წიგნის, ახალი თავის დაწყება. თუმცა,თუ ერთი გვერდი შემომეკითხებოდა იმას აუცილებლად ვასრულებდი, წიგნი ჩემზე გავლენას ახდენდა.

“მრგვალ მაგიდასთან” ვერ შემოვიკრიბე მეგობრები, ვერ ვკითხე, ვერ ვეკამათე, ვერ გავიზიარე მათი აზრი. თუმცა, რაზე უნდა ვეკამათო? ბოლოს როდის წაიკითხეს აღარ ახსოვთ. მათ ხომ დრო არ აქვთ. სწავლობენ, მუშაობენ… აბა სად სცალიათ ძილის წინ 2 გვერდის წასაკითხად მაინც.

იმისათვის, რომ ჩემგან განსხვავებული აზრი მომესმინა წიგნებთან დაკავშირებით 4 განსხვავებული თაობა შევიკრიბეთ.ოღონდ ცალცალკე. მე,მამაჩემი,ჩემი ძმა და ბაბუაჩემი. ეს არ იყო დისკუსია წიგნებზე, უბრალოდ ინტერვიუ გამომივიდა:

კითხვა 1: “როდის შემოვიდნენ წიგნები თქვენს ცხოვრებაში?”

ჩემი ძმა: “აუ არ მახსოვს ნათ, პირველად მე კითხვა,რომ არ ვიცოდი მამიკო მიკითხავდა ხოლმე.”

მამაჩემი: “წიგნების კითხვა ადრე დავიწყე, თუმცა მათი გაგება გვიან. ზუსტად დროს ვერ გეტყვი,მაგრამ მახსოვს,რომ არც ისე დიდი ვიყავი და არც ისე პატარა.”
ბაბუაჩემი: “წიგნები ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყვნენ. რაც თავი მახსოვს ან ვიღაც მიკითხავდა ან მე ვკითხულობდი.”
მე: “პირველად წიგნი მაშინ წავიკითხე,როდესაც თვალის ექიმთან დავდიოდი ვარჯიშებზე. ალბათ მეორე კლასში ვიყავი. პირველი წიგნიც მახსოვს: “მეფე მათიუშ I”. როგორ მიყვარს. თუმცა,ადრე იყო ჩემთვის. ნახევარი ვერ გავიგე. ალბათ ჯობდა უფრო ადვილი რამით დამეწყო.”

კითხვა 2: “რატომ ვკითხულობთ? რა მოაქვს კითხვას?”

ჩემი ძმა: “შენ, ან მამიკო მეუბნება წაიკითხეო და იმიტომ”

მამაჩემი: “თავიდან ეს გასართობი,იყო. მერე ისიც აღმოვაჩინე,რომ წიგნით გართობასთან ერთად ცოდნის მიღებაც შეგიძლია. წიგნს შეუძლია აზროვნების შეცვლა. წიგნი მართლაც რომ მეგობარია”

ბაბუაჩემი: “წიგნი ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო. ეხლა ვეღარ ვკითხულობ. დროის უქონლობის გამო არა. არ ვიცი რატომ. უბრალოდ გულს ვერ ვუდებ.ალბათ ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს,კიდევ ახალი საფიქრალი რომ არ დავიმატო წიგნის სახით”

მე: “რატომ ვკითხულობ? ამ ეტაპზე კითხვის ერთადერთი მოტივაცია გართობა და ჩემი უაზრო ცნობისმოყვარეობაა. ყველაფერი მაინტერესებს,თუნდაც გამოგონილი ადამიანების ცხოვრება”

კითხვა 3: “რომელი ეპოქის მწერლები არიან თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის საინტერესო.
რომელია თქვენი თაობის საკულტო წიგნები?”

ჩემი ძმა: “რა გინდა?ვერ გავიგე რას მეკითხები”

მამაჩემი: “კონკრეტულად ერთი ეპოქის მწერლების გამორჩევა მიჭირს.ყველა თავისებურად მომხბილავი და კარგი წასაკითხია.მთავარია გესმოდეს რასაც კითხულობ.”

ბაბუაჩემი: “ჩემთვის საინტრესო მაინც XIX-XX საუკუნის მწერლები არიან.ისინი წერდნენ იმ ეპოქაზე,რომელიც ასე თუ ისე მეც გამოვიარე. საკულტო წიგნს ვერ გეტყვი. ვისთვის რა იყო, მაგრამ ჩემი თაობისთვის დამახასიათებელი მაინც მსოფლიო ომებზე შექმნილი ლიტერატურაა”

მე: “რატომღაც წიგნის კითხვას,რომ ვიწყებ არ ვუკვირდები რომელი საუკუნის მოღვაწეა ავტორი, არც წინასწარ ვკითხულობ ინფორმაციას მის შესახებ. შეიძლება მეცხრამეტე საუკუნის მწერალი იყოს მაგრამ შუასაუკუნეებზე წერდეს არაჩვეულებრივად. ასე რომ დროის და ჟამის მიხედვით მწერლების დაყოფა მიჭირს. საკულტო წიგნი? ალბათ ჩემი თაობისთვის საკულტო წიგნებად რომანები ითვლება. მაგალითად შტეფან ცვაიგის მოთხრობები. რომლებიც საერთოდ არ მომეწონა და უბრალო ადამიანის ნაწერს შევადარე”

კითხვა 4: “არის თქვენი თაობისთვის კითხვა მოდური? ცუდი ტონია, არ იყო ნაკითხი?
არის თქვენი თაობისთვის ისეთი წიგნები, რომლის არ წაკითხვა ”ტეხავს”?”

ჩემი ძმა: “ამ კითხვასაც უპასუხოდ დავტოვებ რა. მაგრამ ჩემი მეგობრები რომ ლაპარაკობენ ხოლმე წიგნებზე მეც მინდა ხოლმე რაღაც ვთქვა”

მამაჩემი: “თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩემს თაობაში კითხვა მოდაში იყო. ან უბრალოდ მართლა ყველას უყვარდა წიგნები.მაშინ როდესაც გატაცებული ვიყავი კითხვით, უბრალოდ მიკვირდა და შეიძლება ცუდ ტონადაც ვთვლიდი წიგნის არწაკიტხვას”

ბაბუაჩემი: “კითხვა ყოველთვის მოდაშია შვილო, უბრალოდ რასაც კითხულობ ის უნდა გესმოდეს კიდეც”

მე: “ვერ ვიტყვი,რომ კითხვა მოდურია. ეხლა მოდაში ბლოგი და ფეისბუქია :) თუმცა მიხარია,რომ არსებობენ ადამიანები ვისთვისაც წიგნი ნებისმიერ სოციალურ ქსელზე მაღლა დგას. წიგნი რომლის არ წაკითხვაც ტეხავს? არ ვიცი არსებობს თუ არა ეგეთი წიგნი. რადგან მე ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვირჩევ და ძალიან იშვიათად ვითვალისწინებ სხვის აზრს”

კითხვა 5: “ისაუბრეთ საყვარელ გმირებზე. რომელი წიგნის, რომელი გმირი იქნებოდით?”

ჩემი ძმა: “აუ რომელიმე ფილმის გმირი რომ ვთქვა არ შეიძლება?”

მამაჩემი: “არცერთის”

ბაბუაჩემი: “როცა ვკითხულობდი რომელიმე წიგნს, ყოველთვის ვიყავი ერთი კონკრეტული გმირი. ამჟად მე ჩემს თავს დავუბრუნდი”

მე: “საყვარელი გმირები,როგორც წესი არ მყავს ხოლმე. კითხვის დროს სახელების დამახსოვრებაც მიჭირს. ჩემთვის მთავარი სიუჟეტი და მოვლენების განვითარებაა და არა ერთი, რომელიმე გმირი. ამიტომ არ მიყვარს აღწერები, არც ადამიანების არც ბუნების. თუმცა ბოლოს წავიკითხე “რა თქვა განსვენებულმა” და საოცრად შემიყვარდა ის ქალი (სახელი როგორც ყოველთვის არ მახსოვს). მთელი მისი თავგადასავალი, გამბედაობა, ქალური სისუსტე, სიჭკვიანე,მოხერხებულობა, ეშმაკობა, ნიჭიერება… მოკლედ, ეს ქალი ჩემთვის გმირია და სიამოვნებით ვიქნებოდი ამ წიგნის ეს გმირი.”

ცოტა უცნაური “მრგვალი მაგიდა” გამოვიდა. მითუმეტეს,რომ არც–ერთი ვიყავით ერთად. არ გვიკამათია, არ გვიმსჯელია, არ აღმოგვიჩენია “ჭეშმარიტება”, არ დავთანხმებულვართ ან შევწინააღდეგებივართ ერთმანეთის აზრს თუ შეხედულებას. ჩვენ უბრალოდ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ. 4 გასხვავებული ასაკის და აზროვნების ადამიანის აზრი. ჩემი ძმა – 12 წ, მამაჩემი – 43წ, ბაბუაჩემი – 70წ, მე – 19წ.

ხო, ცოტა უცნაური პოსტია.

, , , , , , ,

10 Comments

ვეფხისტყაოსანი

ყველა ვინც მიცნობს ალბათ იცის ჩემი ვეფხისტყაოსნისადმი სიყვარული. უბრალოდ წარმოუდგენელია (ჩემთვის) როგორ არ/ვერ უნდა დააფასო ეს ნაწარმოები. შეიძლება არ გესმოდეს, არ გიყვარდეს მაგრამ პატივს სცემდე, როგორც 12–ე საუკუნეში შექმნილ ნამუშევარს. შეიძლება სიუჟეტი ბანალური გეჩვენებოდეს,მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა გახსოვდეს, თუ როდის დაიწერა. უნდა შეგეძლოს ამ “ბანალური” სიუჟეტის მიღმა გაიხედო და სხვა ბევრი დაინახო.

ვისაც მთლიანად გაქვთ წაკითხული, გეცოდინებათ ერთი თავი: “წიგნი ნესტან–დარეჯნისა საყვარელთან მიწერილი”. ეს ის, ერთ–ერთი თავია,რომელიც გამორჩეულად მიყვარს. ამ ერთ თავში გადმოცემულია ნესტანის ყველა პიროვნული თვისება, ქალური ეშმაკობა, მრძნობიარობა, ალტრუიზმი, სიყვარული,პირობა… ყველაფერია,რაც შეყვარებულ ქალს ახასიათებს. როგორც ერთ–ერთმა მეცნიერმა თქვა ნესტანის ეს წერილი “ჰოს” და “არას” ერთგვარი ჭიდილია. ნესტანი სატრფოს თან ეუბნება არ მოხვიდეო და უაზრო ხიფათისან თავის არიდებას სთხოვს, თან გზას უჩვენებს და ხერხს ასწავლის თუ როგორ შემოაღწიოს ქაჯეთის ციხეში…

მოკლედ,არ არის აუცილებელი თითოეული სტრიქონის თუ სტროფის ზეპირად ცოდნა,მთავარია გესმოდეთ,პატივს სცემდეთ და აფასებდეთ როგორც 12–ე საუკუნის შედევრს.

, , , , , ,

15 Comments

დასასრულის დასაწყისი

არც თუ ისე დიდი ხანია ჰარი პოტერის ფანებში ვირიცხები. აბიტურიენტობის დროს შემთხვევით შემომეკითხა პირველი და მეორე ნაწილი და მაშინ უკვე სურვილი (უფრო ლომკა) გამიჩნდა,რომ დანარჩენებიც წამეკითხა, თანაც სასწრაფოდ. ერთადერთი წიგნია,რომელზეც ღამეებს ვათენებდი, სამეცადინოს გვერდზე ვწევდი და ვკითხულობდი. ერთადერთი წიგნია,რომლის კითხვის დროსაც კომპიუტერი (ფეისბუქი) არ მახსენდებოდა. უკანასკნელი ნაწილის (ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები) წაკითხვის შემდეგ იმედგაცრუება ვიგრძენი. იმედგაცრუება იმისა,რომ აღარ/ვეღარ წავიკითხავდი და ვეღარ გავხდებოდი ჰარის,რონის და ჰერმიონას ცხოვრების მეთვალყურე, ვეღარ გავიგებდი როგორ გაგრძელდა მათი ცხვორება. ამ წიგნების კითხვის დროს მეც მათთან ერთად ვცხოვრობდი და მათსავით განვიცდიდ ყველა ფაქტს. წარმოსახვაში შექმნილი მქონდა ყველა ის ნიუანსი რომელიც წიგნში იყო აღწერილი. მე ამ წიგნით ვცხოვრობდი.

ამის შემდეგ ყოველთვის როდესაც ერთ–ერთი საყვარელი წიგნის დასახელებას მთხოვდნენ ჰარი პოტერით ვიწყებდი.ამას მოყვებოდა ირონიული სიცილი, უადგილო რეპლიკები და ბოლოს ფრაზა: “შენ ცოტა ვერა ხარ ხო იცი”. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: “წაიკითხე და მიხვდები რატომაც ვარ აღფრთოვანებული”. ვერ ავხსნი რატომ ჩამითრია ასე ძალიან, რამ აღმაფრთოვანა და რატომ გახდა ერთ–ერთი საყვარელი (ყველაზე საყვარელი) ნაწარმოები.

წიგნების წაკითხვის შემდეგ ფილმებს ჩავუჯექი. პირველი და მეორე ნაწილის გარდა არც–ერთი მქონდა ნანახი. ფილმებმა ჩემს თვალში სრული მარცხი განიცადეს! არც–ერთი ნაწილი არ მომეწონა. ნახევარი ამოღებული იყო, ნახევარი გადაკეთებული… მოკლედ, ეს არ იყო ის რაც წარმოდგენილი მქონდა.

მეშვიდე ნაწილისი გადაღება დასრულდა. წიგნის მოცულობის გამო ორ ნაწილად გაყვეს. პირველი ნაწილის პრემიერა თბილისში გუშინ ღამით შედგა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ ეს ფილმი (წინა ნაწილებთან შედარეფით) შედევრია!!! რაღაც–რაღაც პატარა ხარვეზები იყო,მაგრამ დასრულებისას უაზროდ კმაყოფილი ვიყავი. დეტალები, ეფექტები ფილმის ხარისხი… მოკლედ ყველაფრით კმაყოფილი და აღფრთოვანებული ვარ.

სანამ სეანსი დაიწყებოდა ჰოლში პატარა ივენთი გაიმართა. მოსულები იყვნენ ჯადოქრები, ყავდათ ბუ, გველი. წინა საჰარი პოტერო განწყობა სუფევდა. შეგიძლიათ იხილოთ იმედის სიუჟეტი აქ

დარბაზში ძალიან შიანურული სიტუაცია იყო. ყველგან ნაცნობი სახე და ყველა მოსული ერთის სიყვარულით.
ეს იყო დასასრულის დასაწყისი, დასასრულის დასასრული კი ზაფხულში, 3D ფორმატშ გამოვა…

, , , , , , , , , ,

15 Comments

სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის

ქალთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობა თუ “მოწოდება” არსებობს, რომლებიც ხშირად შეურაცხმყოფელია ხოლმე (მაგ: ქალი ადამიანის მეგობარია, ქალი ვიცი “კუხნაში”, მოდი ქალო “ნასკი” გამხადე და ა.შ). იტყვით ახლა ხუმრობააოო, ისაო ესაოო, მაგრამ მეც გიპასუხებთ: “ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, მასში სიმართლის მაცვალიც თუ არ იქნებათქო”

ქალი – როგორც პიროვნება აღიარებულ იქმნა შუა საუკუნეებში. მაშინ როდესაც შემოვიდა მზითვის ინსტიტუტი. მანამდე მასზე ყველანაირი უფლება მამაკაცს (მამას,ძმას,ქმარს) ენიჭებოდა. მათ შეეძლოთ მოეკლათ ღალატისთვის, დაეტოვებინათ უმემკვიდრეოთ და მოქცეოდნენ როგორც ნივთს.  მიხედავად იმისა რომ (უკვე ბანალური ფრაზა უნდა ვთქვა) 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ზოგ მამაკაცში ქალის კულტი მაინც არ შეცვლილა. რაც გამოხატულია მასზე განხორციელებული ძალადობით (თუ გინდათ მამაკაცების ნერვულ სისტემას დააბრალეთ ეგრევე მუშტებზე რომ იყურებიან ხოლმე თუნდაც ქალის წინააღმდეგ). ქალისადმი დამოკიდებულება აშაკარად შესაცვლელია. თუმცა ბევრ ქვეყანასთან შედარებით (მაგ: საფრანგეთში ოჯახურ ძალადობას ყოველ ოთხ დღეში ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება) მშვენიერი სიტუაცია გვაქვს. ქართველ კაცებს უყვართ ქალები, ოღონდ ლოგინში და “კუხნაში”.

ქალთა უფლებების და ზოგადად ადამიანის უფლებების დამცველი არაერთი ორგანიზაცია არსებობს. ერთ–ერთი მათგანია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”

“ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია,რომელიც დაფუძნდა 1997 წელს.”

25 ნოემბერი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციანმ  ”კონსტიტუციის 42–ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ  ”სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის” წიგნის პრეზენტაცია გამართა.

წიგნი,რომელიც უფასოდ გავრცელდება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მისი მიღება შეგიძლიათ “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ოფისში. წიგნის მიზანი გენდერული თანასწორობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. გამოცემა განკუთვნილია ქალბატონებისთვი, თუმცა მათი წაკითხვა მამაკაცებსაც არ აწყენდათ.

წიგნში (და არა წინგში როგორც ერთ–ერთი ორგანიზატორი ამბობდა პრეზენტაციაზე) შესულია ყველა ის იურიდიული საკითხი რაც შეიძლება ქალს დააინტერესოს ცხოვრების განმავლობაში. მიბრძანდით, მიიღეთ წიგნი და გახადეთ ის თქვენი მეგობარი! ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი და მისი დაცვა = ))

, , , , , , , , , , , , ,

5 Comments

50 წიგნი რომელი უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ (მკვდარი მაინ ვერ წაიკითხავ)

კავეენზე ყოფნისას  ერთმა ხუმრობამ მიიქცია ყურადღება, რომელიც სასაცილოსთან ერთად გულის დამწყვეტიც კი იყო: ” ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ, მათ ვხვდებოდით ყველგან, ისინი იყვნენ ჩვენი თანამგზავრები,თუმცა ბოლოს მაინც  გაქრნენ… მაშ, ასე წარმოგიდგენთ  – “წიგნებს”.

თითქოს წლების მატებასთან ერთად ადამიანთა მოდგმა უფრო და უფრო სცილდება წიგნებს. ხშირად მესმის არგუმენტები რომ მათ აღარ რჩებათ დრო. ან კი როგორ დარჩებათ, როდესაც დღის (და ღამისაც) 50% ინტერნეტში ძრომიალს უთმობენ. ხშირად არის ხოლმე პრობლემა: რა წავიკითხო? მეც არაერთხელ ავღმოჩენილვარ მსგავსი პრობლემის წინაშე და ვცდილობ ყოველთვის სხვას დავეკითხო რჩევა და იმ სხვისივე ნათხოვარი წიგნით ვისარგებლო.

წიგნების მაღაზია ბიბლუსი უკვე ნახევარ წელზე მეტია ატარებს გამოკითხვას და ცდილობს შეარჩიოს 50 წიგნი რომელიც ცხოვრებაში უნდა წაიკითხო. გამოკითხულთა რაოდენობამ 8 000 ადამიანს მიაღწია და საბოლოოდ შეირჩა ის 50 წიგნი რომელიც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს.გამოკითხვა დღემდე გრძელდება და თქვენ გაქვთ შანსი შეიტანოთ თქვენი წვლილი და ურჩიოთ თქვენი საყვარელი წიგნები. გამოკითხვაში მონაწილეობა შეგიძლიათ ამ ბმულზე

“50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ!” – არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც 10–15 წელში ერთხელ მეორდება და სხვადასხვა გამოკითხვებით, სოციოლოგიური კვლევით, ექსპერტთა ანალიზით ყალიბდება ის სია, რომელიც იმ პერიოდის გემოვნებასა და წიგნიერებას ასახავს. ეს პროექტი საქართველოში “მედია პალიტრასა” და “ბიბლუსის” დახმარებით განხორციელდა. შეირჩა და ნელ–ნელა დაიბეჭდება 50 წიგნი რომელიც ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

პრეზენტაცია გაიმართა 8–ნოემბერს, თბილისი ცენტრალში. წარმოდგენელი იყო მედია პალიტრას და ბიბლუსის მიერ უკვე დაბეჭდილი პირველი წიგნი – ბალზაკის “შაგრენის ტყავი”. წიგნის ხარისხმა გამაოცა.სქელი ყდა,შიფტი საკაოდ კარგი ზომის და ადვილად წასაკითხი, მოკლედ ყველაფერია იმისთვის რომ სურვილი გაგიჩნდეთ წაიკითხოთ. ჩემს თაროზე შემოდებული ბალზაკი საოცრად მიმზიდველია = )) რიგში დგას და უნდა წავიკითხო. მუთმენლად ველოდები მეორე წიგნს, რომელიც 15–ნოემბრის მერე გამოვა.წიგნის გამოშვება მოხდება გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად, თვეში 2–ჯერ. რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა და + გამახარა წიგნის ფასი იყო. გაზეთიანად (კვირის პალიტრა) 8–ლარი.

როგორც ბიბლუსის ბლოგზეა (ნახვა) ნათქვამი შერჩეული  50 წიგნი  შეუძლებელია ასახავდეს   მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას  გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს ჩვენი ქქვეყნის 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საზოგადოების რჩეული 50 წიგნებია, წიგნები, რომელიც  ერთად შევარჩიეთ(ბიბლუსის ბლოგი).

პროექტს აქვს შექმნილი საკუთარი გვერდი ფეიქსბუქზე (დააჭირეთ აქ), სადაც შეიძლიათ გაიგოთ და მიჰყვეთ ყოველ სიახლეს რაც ამ პროექტს უკავშირდება.ასევე შეგიძლიათ აედევნოთ ტვიტერზე (დააჭირეთ აქ).

50 წიგნიდან უკვე ცნობილია პირველი ოცეული:

1. ბალზაკი “შაგრენის ტყავი”

2. ჯეკ ლონდონი “მარტინ იდენი”

3. შოთა რუსთაველი “ვეფხისტყაოსანი”

4. დიუმა “სამი მუშკეტერი”

5. შექსპირი “ჰამლეტი”

6. ჟიულ ვერნი “80000 კილომეტრი წყალქვეშ”

7. ბულგაკოვი “ოსტატი და მარგარიტა”

8. ოსკარ უაილდი “დორიან გრეის პორტრეტი”

9. დიკენსი “დავით კოპერფილდი”

10. რემარკი “ტრიუმფალური თაღი”.

11. მარკ ტვენი – “ტომ სოიერის თავგადასავალი”

12. ბეგბედერი – “99 ფრანკი”

13. სერვანტესი – “დონ კიხოტი”

14. თომას მანი – “ბუდენბროკები”

15. აკუტაგავა – ნოველები

16. ჰომეროსი – ოდისეა

17. ო’ჰენრი – მოთხრობები

18. კონსტანტინე გამსახურდია – “დიდოსტატის მარჯვენა”

19. ედგარ პო – მოთხრობები

20. დოსტოევსკი – “დანაშაული და სასჯელი” ან “ძმები კარამაზოვები”

მე, როგორც რიგითი თინეიჯერი,რომელსაც შეუძლია ზუსტად გაიხსენოს ყველა წიგნი, რომელიც წაკითხული აქვს, ვერ ვიქნები კომპეტენტური და ვერ დავადებ რომელიმე წიგნს ხელს და ვერ გამოვუტან “სასჯელს” უნდა შევიდეს თუ არა იმ წასაკითხ 50 წიგნში. გამოკითხვების დროს მიდიოდა კამათები სხვადასხვა წიგნებზე შესულიყო თუ არა. რამდენიმე ბლოგერმა პოსტიც კი მიუძღვნა, მათგან ყველაზე მეტად ვასასის პოსტი ბიბლიის შესახებ დამამახსოვრდა (ნახვა). საერთოდაც ძნელია შეარჩიო 50 წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, რადგან უბრალოდ მივიჩნევ,რომ წაკითხული წიგნების რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა იყოს.

ზემოთ ჩამოთვლილ ოცეულს თვალი,რომ გადავავლე აღმოვაჩინე,რომ მათი ნახევარიც კი არ მაქვს წაკითხული და რაღაცნაირად “გამიტყდა”. თუმცა ძალიან ნასიამოვნები დავრჩი როდესაც უკვე გარკვეულ სიაში ვეფხისტყაოსანი და დიდოსტატის მარჯვენა აღმოვაჩინე. ეს ორი ნაწარმოებია რომლებსაც შედევრებად მივიჩნევ. ბევრისთვის ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი ბანალური და უაზროა, თუმცა ამ ბანალური სიუჟეტის მიღმა მთავარი აზრის და იდეის დანახვა უნდა შესძლოს ადამიანმა. სულ სხვა თემაა აკუტაგავას ნოველები. ვთვლი,რომ მათ წაკითხვას შესაბამისი განწყობა და პერიოდი სჭირდება.ცოტა რთულად გასაგები და აღქმადია. ვერ ვიტყვი რომ მისი წაკითხვა აუცილებელია, მაგრამ ნამდვილად არ აწყენს ადამიანს. რატომღაც  ამ სიაში კარლსონსაც ველოდებოდი. ჩვენი მამების საყვარელ ნაწარმოებს.ზოგს (მამაჩემს) 8–ჯერ რომ აქვს წაკითხული და 9–ჯერ შვილს რომ უკითხავს და  ისევ ისე რომ ხარხარებს.

ჩემი პრობლემა მწერლების არ/ვერ დამახსოვრებაა. ხშირად ნაწარმოების გმირებსაც ძლივს ვიხსენებ და ამიტომ გამიჭირდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება.ძალიან მინდოდა, რომ ერთ–ერთი ჩემი საყვარელი წიგნი “გაყიდული სიცილი ანუ იკამშე” მოხვედრილიყო. ბევრისთვის მიკითხავს წაუკითხავს თუ არა და პასუხი ყოველთვის უარყოფითი ყოფილა. წიგნი მოზარდზეა, რომელიც ნიძლავს დადებს იკამშესთან (უკუღმა თუ წაიკითხავთ ეშმაკთან). სამწუხაროდ მწერლის არც სახელი მახსოვდა და არც გვარი. ამიტომ ვერ მივაწვდინე ჩემი ხმა პროექტის ორგანიზატორებს.

ასე,რომ თქვენ,ვისაც ჩემსავით ამ ოცეულის ნახევარიც კი არ გაქვთ წაკითხული, გეძლევათ არაჩვეულებრივი შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოთ. შეავსეთ თქვენი პირადი ბიბლიოთეკა და წაიკითხეთ 50–წიგნი რომელი აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული.

, , , , , , , ,

34 Comments

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 534 other followers