Tag Archives: სკოლა

და თბილისში უკვე ძალიან ცხელა

გუშინ საღამოს შინ რომ ვბრუნდებოდი სკოლასთან ბავშვების ჯგრო შემხვდა. როგორც გავარკვიე მეოთხე კლასელები იყვნენ, ექსკურსიიდან დაბრუნდნენ და მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. უმეტესობა ტიროდა. მახსოვს, მე რომ მეოთხე კლასი დავამთავრე და როცა გვითხრეს მეხუთედან სხვა დამრიგებელი გეყოლებათო რამდენიმე ჩემმა კლასელმაც იტირა. მე კიდევ რეაქცია არ მქონია. უემოციობის ბრალია, ან იმის რომ ცვლილებებს ადვილად ვეგუები.

არც მეოთხე კლასის დამთავრება და ახალი დამრიგებელი მინაღვლია, უფრო სწორად ძველი დამრიგებელის წარსულში ჩაბარება, არც სკოლის დამთავრება და ბავშვობის უკან მოტოვება. მოკლედ, ერთადერთი რასაც ვნანობ ამ ეტაპზე და განვიცდი ისაა რომ მუშაობა მინდა. ოღონდ ისეთ სამსახურს ვეძებ სწავლაში ხელს რომ არ შემიშლის, ან ძალიან რომ არ შემიშლის და ეგეთის პოვნა ფაქტობრივად გამორიცხულია.

15 ივნისს უნივერსიტეტში ჩემთვის მეექვსე სემესტრი მორჩა. მთავარი პრობლემა, გამოცდები, ჯერ კიდევ წინ არის. 21-ში მაქვს პირველი გამოცდა და მთელი დღის განმავლობაში ხან რას მივედე ხან რას.

მთელი 3 წლის განმავლობაში ყველაზე რთული სემესტრი მქონდა. 6 საგანს გავდიოდი, ექვსივე სავალდებულო იყო, და ექვსივე ერთმანეთზე უარესი. არა, ვიტყუები, შრომის სამართალი და საოჯახო/მემკვიდრეობით ადვილია.

25-ში ღამით (26-ში გამთენიისას უფრო სწორედ) თურქეთში, სტამბულში მივდივარ. რამდენიმე თვეა ვგეგმავ და ველოდები 25/26 ივნისს. თავიდან ჩემი მეგობრები მიდიოდნენ, აზრაც არ მომსვლია ის, რომ მეც წავსულიყავი მათთან ერთად, ვამბობდი არ გამიშვებენ ჩემები და კითხვას რა აზრი აქვს-მეთქი. მაგრამ ერთ საღამოს მაინც გავბედე და შედეგად დედაჩემმა მომიწონა იდეა, კარგია, რაც მეტ ქვეყანას ნახავ მით უკეთესიო, მამაჩემმა ცოტა ხნით და მცირე დოზით იჯუჯღუნა მაგრამ დამთანხმდა და მე ვიყავი გაოგნებული :)  სხვა ქვეყანაში კიარა, გვერდზე ქალაქში შეიძლება არ გამიშვან რომ მოვინდომო. მოკლედ, ამ გადაწყვეტყვეტილებას ჩავებღაუჭე და შევუდექი მზადებას. მზადებას რა, ძირითადად იმას რომ სტამბულის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შემეკრიბა და მომეძებნა ის მუზეუმები თუ ადგილები, რომელთა ნახვასაც ვაპირებ.
✔ თვითმფრინავის ბილეთები ნაყიდია. სხვათაშორის საკმაოდ იაფად. პეგასუსით მივფინავთ;
✔ ჰოსტელი დაჯავშნულია. ესეც საკმაოდ იაფად. ძალიან კარგ ადგილზე, კარგი ჰოსტელია კარგი სტაფით. ასე ამბობენ ბუქინგ.ქომზე ყოველშეთმხვევაში. შეგიძლიათ ფბ-ზეც გადახედოთ ჩილაუთ ჰოსტელს :)

ჰო, კიდევ ის მადარდებს რომ სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე არეულობაა. რამდენიმე ათასი ადამიანია გამოსული და ერდოგანის გადადგომას მოითხოვენ, არ გვინდა ფაშიზმი და დიქტატურა ერდოგანის სახითო. პოლიციამ რამდენჯერმე დაარბია, გეზი პარკის გსუფთავებაც დაიწყო, მაგრამ ხალხი უკან არ იხევს და ათასობით ადამიანია გამოსული. ვიმედოვნებ 26-დან 30-მდე არანაირი შეტაკება და შეხლა-შემოხლა არ მოხდება რადგან არამარტო გეზიპარკთან მოგვიწევს ხშირი კონტაქტი, არამედ მაგ პარკთან ძალიან ახლოსაა ჩვენი ჰოსტელიც ^_^

8 დღე დარჩა.
და თბილისში უკვე ძალიან ცხელა.

 

რატომ?

1. რატომ არ იწყება რეგისტრაცია იმ დროს, რაც მითითებული იყო საიტზე?

2. რატომ არასდროს პასუხობენ უნივერსიტეტის “ცხელ ხაზსს” როდესაც ვრეკავთ?

3. და თუ პასუხობენ რატომ არიან აგრესიულები და რატომ გვეჩხუბებიან?

4. რატომ არის ყველა უნივერსიტეტი დანგრეული და სავალალო მდგომარეობაში?

5. რატომ ღირს სწავლა ასეთი ძვირი?

6. რატომ არიან კორუმპირებული ლექტორები?

7. რატომ სჯობს ვიზუალით ბევრი საჯარო სკოლა თსუს? და თუნდაც ბევრ სხვა უნივერსიტეტს?

8. რატომ არის ყველაფერი გაუგებარი?

9. რატომ უნდა შევარჩიო ლექტორები ფრთხილად, რიგში დგომით და დაკვირვებით?

10. რატომ არ არის ყველაფერი მოწესრიგებული?

მინიმუმ ეს 10 კითხვა გამახსენდა რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში მოვისმინე პირველკურსელებისგან და მათზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: გაიზ, ეს საქართველოა!

p.s თუმცა ღმერთმა უწყის როგორ ხდება ეს ყველაფერი საქართველოს საზღვრებს მიღმა. სამაგიეროდ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, იქ გაცილებით კარგი შენობებია ^_^

გაზაფხული და ნოსტალგიები

გაზაფხული ფაქტიურად უკანასკნელ დღეებს ითვლის, რეალურად კი ალბათ 1 კვირაა რაც “გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია”. მზის სხივები სხეულზე რომ მხვდება სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, გაზაფხულის წვიმაც მიყვარს, ტყის სუნიანი წვიმა. რაც უფრო მეტად აცხუნებს მზე, მით უფრო მემატება ნარუჯის სურვილი. ნებისმიერ ადგილას წავიდოდი და გავიშხლართებოდი, ისე რომ არც დავფიქრდებოდი, ოღონდ არა სახლის სახურავზე, ფანჯარაზე,აივანზე, თბილისის ზღვაზე თუ კუს ტბაზე :ს ნებისმიერ აღარ გამოდის.

დაცხა და გული კიდევ უფრო მიმიწევს ზღვისკენ, დასვენებისკენ. ფეხები სასეირნოდ მიმარბენინებ. მზესთან და სითბოსთან ერთად თითქოს ყველაფერი იცვლება. ლუდი კიდევ უფრო გიყვარდება, უფრო გსიამოვნებს ვიდრე ზამთარში.

დღეს ბოლო ზარია. დილით სკოლასთან რომ ავიარე და 50-მდე თეთრ პერანგში გამოწყობილი აბიტურიენტი დავინახე. გული ამიფართხალდა. ჩემი თავი გამახსენდა შარშან ამ დროს. გამახსენდა როგორ ვერ ვთმობდი სკოლას, როგორ ვგლოვობდი თითოეულ წამს რომელიც სკოლაში მქონდა გატარებული. როგორ მეგონა, რომ ჩემი კლასელების გარეშე ვერ გავძლებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ხშირად თუ არა იშვიათად მაინც მოვახერხებდით ერთმანეთის ნახვას. ამ ნოსტალგიების მიუხედავად, მხოლოდ დღეს გავიაზრე რომ სკოლა ენატრება იმას ვისაც სწავლა არ გაუგრძელებია. სტუდენტობას არაფერი შეედრება. სკოლის დასრულების შემდეგ აქა-იქ თუ შევხვდები ჩემს კლასელებს, ეგაა და ეგ. არ ვიცი რისი ბრალია, იმის რომ ცუდი კლასელობა გვაქვს, თუ იმის რომ 30-ვე იმდენად შევიცვალეთ რომ ერთად ვეღარ ვიქნებით.

მე პირადად ხშირად ვფიქრობ, რომ მოხდეს სასწაული და ჩვენ ისევ შევიკრიბოთ, როგორ მიმიღებენ? როგორ უნდა მოვიქცე? ასე მგონია შებოჭილი ვიქნები, ვერ გავთავისუფდები და ვერ გავიხსნები მათთან ისე როგორც სხვასთან ვარ. ჩემს უწყინარ კითხვას “შენ შიგ ხომ არა გაქვს” ვერ გაიგებენ, მუდმივად თავის კონტროლი მომიწევს…

გაზაფხულით დავიწყე და ნოსტალგიებით დავასრულე.საერთოდაც new post-ის ფანჯარა იმიტომ გავხსენი, რომ მეწუწუნა ზაფხულში მარტო მინდა დასვენება მაგრამ არავინ მაღირსებს-მეთქი.

სტუდენტობა ისეთი,როგორიც მინდოდა

ხშირად მეკიტხებიან აღმოჩნდა თუ არა სტუდენტური ცხოვრება ისეთი როგორიც მეგონა.

ჩემი პასუხი ყოველთვის უარყოფითია.

როგორი მეგონა?

პირველ რიგში მინდოდა რომ ჯგუფი მყოლოდა ბევრად აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელური. მერე იმედი მქონდა რომ რაღაც სამსახურს ვნახავდი, მიმიღებდნენ და ვიმუშავებდი. მექნებოდა ხელფასი და დილით გზის ფულის გამორთმევა მაინც აღარ დამჭირდებოდა. არ მინდოდა ლექციების დასრულების შემდეგ გადავსულიყავი ქუჩაზე,დავლოდებოდი 169 ნომერ “მარშუტკას” და წამოვსულიყავი სახლში. არ მინდოდა სახლში ერთი–ორი საათი მეწუწუნა იმაზე,რომ ხვალ სემინარი მაქვს და რომ აუარება მაქვს სასწავლი, არ მინდოდა რომ საღამოს ჩვეულებრივად გამომერთო კომპიუტერი და დამეძინა საშინელი განწყობით, რომელსაც დილის 8–საათზე დარეკილი მაღვიძარა გააგრძელებდა.არ მინდოდა ყოველ დილით მეფიქრა წავიდე არ წავიდეზე და ისევ ისეთი უინტერესო,მოსაბეზრებელი და პასიური დღე ყოფილიყო,როგორიც წინა იყო.

ჯერ სულ რაღაც 3 კვირაა რაც სწავლა დავიწყე და ყველაფერი წინ მაქვს? პირველ კვირაშიც მაგას მეუბნებოდნენ, მეორე კვირაშიც და ალბათ ასე გაგრძელდება იქამდე სანამ სიტუაცია არ შეიცვლება.

ჯგუფს რას ვერჩი?

არაფერს :)) ყველანი კარგები არიან, უბრალოდ ჩვენ ყველა ერთად ვერ ვქმნით ისეთ სიტუაციას რომელშიც თავს ისე ვიგრძნობდი, როგორც თევზი წყალში.

ასე რომ, ძირფასო აბიტურიენტებო წინასწარ ნუ შეიქმნით რაღაც ფანტაზიებს სტუდენტობასთან დაკავშირებით. მე თავი ისევ სკოლის მოსწავლე მგონია, რომელიც გაკვეთილების შემდეგ სახლში მიიჩქარის სამეცადინოდ

17:17

“23.09.2010

17:17

ციფრების რა საოცარი დამთხვევაა…

ამ დროს ძირითადად სურვილს ჩაიფიქრებენ ხოლმე, ჩუმად, თავისთვის და არავის უმხელენ… მეც ჩავიფიქრე…

ვერის ბაღში ვარ. მარტო. ადრე მომივიდა მოსვლა, მაგრამ სახლში მისვლა არ მინდოდა. ერთი საათი არავინ მოვა. ცოტა მოღრუბლულია, ალბათ იწვიმებს.

ვათვალიერებ აქაურობას და ხალხს.

ეს ბაღი ბლოგერების გარეშე ბევრად საინტერესო ყოფილა. ბლოგერებთან ერთად როცა ვარ, მხოლოდ მათ ვამჩნევ.

ეხლაც მათ ველოდები. ლეონსიომ დამირეკა, გამოდიო. უცბად მოვიფიქრე ტყუილი რისი საშუალებითაც 9–მდე არ შემაწუხებდნენ კითხვებით: “სად ხარ?” “როდის მოხვალ?” და ა.შ.

ბაღში სეირნობისას იმ ადგილებს ჩავუარე სადაც ერთი–ორი (ბევრი) ტკბილი მოგონება მაკავშირებს და თითოეული მათგანი ბლოგერებთან ასოცირდება.

წერა, რომ დავიწყე ვფიქრობდი მათზე არ დავწერთქო, რადგან არა ერთი პოსტი მაქვს მიძღვნილი მათთვის (დახასიათება გინდა თუ სიყვარულის ახსნები). მაგრამ ვერ ავცდი. ვერის ბაღი მხოლოდ მათთან ასოცირდება.

სწავლა დამეწყო. თავი სკოლაში მგონია. ნიშნის გამო ტირილი და დაფასთან მოყოლები… ყოველდღე სამეცადინო და კონსპექტები გასაკეთებელი. დრო – ფაქტიურად აღარ.

17:17

მეც ჩავიფიქრე სურვილი…

მთელი გულით მინდა, რომ ცოტა დრო მაინც გამოვნახო ბლოგერების სანახავად ხოლმე. უბრალოდ თვალის შევლებაც საკმარისი იქნება იმ დანაკლისის შესავსებათ, რომელიც მათთან არა–ურთიერთობის დროს გამიჩნდება.

თითქმის ერთი საათია ვწერ, ყავაც გაცივდა…

დუდი მოვიდა…”

ზარი უჩემოდ

ხვალ, ბოლო 12 წლის მანძილძე, პირველად იწყება სკოლა ჩემ გარეშე. ხვალ, 9–საათზე, პირველად დაირეკება ზარი და მე კლასში არ ვიჯდები “ჩემს ადგილზე”. ხვალ, სკოლის ეზოში უჩემოდ შეიკრიბება ასობით მოსწავლე (ათასამდე), უჩემოდ მოიკითხავენ ერთმანეთს და იქნება “მომენატრე”, “როგორ შეცვლილხარ”, “სად დაისვენე?”, “აუ არდადეგები როდის დაიწყება?”.მასწავლებლები კიდევ ერთხელ (და შემდეგი ერთი კვირა) მიულოცავენ სასწავლო წლის დაწყებას და ესეც უჩემოდ იქნება. კიდევ ერთხელ გააფრთხილებენ რომ ყველაფერი შეიცვალა, რომ ისე ვეღარ იქნებიან როგორც უწინ (და მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გაიმეორებენ ამ სიტყვებს). პირველკლასელებს კიდევ ერთხელ მიულოცავენ სკოლაში “პირველ ნაბიჯებს”, კიდევ ერთხელ ეტყიან რომ “ისინი უკვე დიდები არიან და დროა ისწავლონ დამოუკიდებლად თავის გატანა”. აბიტურიენტებს ჩაუტარებენ მრავალწუთიან ლექციას იმის თაობაზე, რომ რთული წელი აქვთ და უნდა იშრომონ და რომ მხოლოდ სწავლის შედეგად შეიძლება მიღწეულ იქნას მათი მიზანი. შემდეგ რამოდენიმე სკოლა დამთავრებულის სახელს და გვარს დაუსახელებენ რომლებმაც ჩააბარეს და სახელწმიფო გრანტიც მიიღეს. მაგ: ჩემი დის კლასსში შევა რომელიმე მასწ. დაიწყებს ლექციას, ბოლოს ხელს გაიშვერის მარიამისკენ და იტყვის:  “აი, შენმა დამ ხომ ჩააბარა წარმატებულად? ხო და შენც უნდა ისწავლო უკვე…”

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…

ხვალ პირველად დაირეკება შესვენების 5–წუთიანი ზარი…

ხვალ პირველად იქნება სკოლა ბავშვებით სავსე უჩემოდ…

ხვალიდან პირველად მოუშლიან დირექტორს (და არა მარტო) ნერვებს უჩემოდ. მაგრამ ეჭვი მეპარება ეს საქმე ჩემზე უკეთ რომელიმეს გამოუვიდეს.

არ მეგონა თუ გული ასე დამწყდებოდა, იმის გამო რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვეღარ ვიქნები.

ბავშვებო, ვიცი არ/ვერ წაიკითხავთ ამას, რადგან ფეისბუქზე დაშეარებული ლინკის ნახვა დაგეზარებათ (ესეც იმიტომ რომ არ იცით რას ვაშეარებ თორემ აქ შემოსვლას ვინ დაგასწრებდათ), მაგრამ მე უზომოდ მომენატრეთ. პირველი კლასიდან დაწყებული 12 კლასის ჩათვლით ყველა წუთი და ყველა მოგონება მახსენდება. ყველა ჩხუბი, კამათი, ცემა–ტყეპა, არ შემდგარი შატალოები, ზურგს უკან ჭორაობები, აცრემლებული თვალები, გადაკეთებული სიმღერების მღერა, უცნობის სიმღერებზე ცეკვა და “ბოლომდე დამხობა”, მასწავლებლების პაროდიები, “10 თეთრი მომეცი რა”, “აუ გარედან ჩაგვკეტე რა”, “ერთი ხელიც მას და ვამთავრებთ” (ეს ჯოკრის თამაშისას), “წამო, სადმე წავიდეთ” (და რა თქმა უნდა ვერსადაც ვერ წავსულვართ)…

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…

მეგობრობა

ჩემი მეგობარს ბაღიდან ვიცნობ. ანუ 3-4 წლის რომ ვიყავი. თუმცა ერთმანეთთან მაინც და მაინც დიდი სიმპატიები არ გვაკავშირებდა.მერე სკოლაში გადმოვინაცვლეთ. როგორ დავმეგობრდით? ან როდის? ალბათ მაშინ როცა ყველამ ხელი ჰკრა  ცუდი ადამიანობის გამო. იცი რამდენი თვისება აქვს რასაც პიროვნულად ვერ ვიტან? ძალიან ბევრი. მაგრამ მაინც ყველაზე გამორჩეულია ჩემთვის. რატომ? მეც არ ვიცი.ალბათ იმიტომ რომ ამ თვისებების გარეშე ისეთი არ იქნება როგორიც დღეს არის. მე ისეთი მიყვარს როგორიც გავიანი და როგორიც არის.
არ მიყვრას ყველას მეგობარს რომ უწოდებენ ხოლმე. მეგობარი მარტო მესაიდუმლეს ხომ არ ნიშნავს? ბლოგზე რამდენ რამეს ვწერ, გამოდის რომ ყველა მკითხველი ჩემი მეგობარია? მეგობრობა ძალიან განსხვავებული გრძნობაა, სულ სხვანაირი ურთიერთობა ყალიბდება ორ ადამიანს შორის. მეგობარს ძალიან ცოტას ვეძახი, ალბათ 2-3ს. მე ბევრი მთვლის მეგობრად და გაუგებარია რატომ, კარგი,თბილი უერთიერთობა,დახმარება და რჩევები არ არის საკმარისი მეგობრობისთვის. რაღაც სხვაა საჭირო, ალბათ ის ვინც ბურთებივით მიგაგორებთ ერთმანეთთან და უხილავი ძაფით გადაგაბავთ.
მე მიყვარს ხალხი მაგრამ ყველას მეგობარს ვერ დავარქმევ.

მომიახლოვდა…

ვისაც აბიტურიენტობის ციებ-ცხელება გამოუცდია ის მოლოდინიც ეხსომება როდესაც ეგრედ წოდებულ პლასტიკურ ბარათს ელოდება, სადაც გამოცდის თარიღი და ადგილი იქნებოდა მითითებული. დღეს სკოლიდან მეც დამირეკეს, მითხრეს უკვე მოიტანესო… ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. სასოფლოში მინდოდა და თან დილით. როგორც მინდოდა ზუსტად ისე აღმოჩნდა. ოთხივე გამოცდა დილით მაქვს და სასოფლოში.

02/07 – ქართული  – 08:00 სთ

05/07 – უნარები – 08:00

09/07 – ინგლისური – 08:00

15/07 – ისტორია – 08:00

უკვე ძალიან მომიახლოვდა ეს გამოცდები და ცოტა არ იყოს ავნერვიულდი. 3 კვირა დამრჩა და მორჩება ყველაფერი. ან მაშინ დაიწყება = ))

მაინც მთავრდება

ვერ ვიჯერებ,ვერ ვეგუებ იმ აზრზს რომ მაინც მთავრდება, რომ აღარ განმეორდება. არა და რამდენჯერ მიოცნებია – ნეტა მალე მორჩესთქო. რამდენჯერ მიოცნებია იმ სასწაულ დღეზე როდესაც სკოლის კარებს გამოვკეტავდი და ვფიქრობდი, რომ უკან აღარასოდეს დავბრუნდებოდი. ეხლა კი წასვლაც არ მინდა. მთელი ღამე (ნახევარი მაინც) ამ 12-წელზე ფიქრში გავატარე. ვერ ვიჯერებ და არც მინდა დაჯერება.

ძალიან კარგად მახსოს პირველი კლასის პირველი დღე.ჩემი მამიდაშვილი და მე ერთად გავედით ეზოდან. სურათიც კი გვაქვს. დედიკო ამ დროს გიორგიზე იყო ორსულად, ისიც მახსოვს რა ეცვა. უკან ჩემი და მოგვყვებოდა ტირილ-ტირილით მეც მინდა სკოლაშიო. თავი დიდი მეგონა, ბოლოს და ბოლოს სკოლაში მივდიოდი. თან პირველად. კლასსში ბაღის რამდენიმე ჯგუფელი დამხვდა და ძალიან გამიხარდა, რომ სრულიად უცხო გარემოში არ აღმოვჩნდი. გვერძე ვინმე თენგო ქუთათელაძე მომიჯდა და უკმაყოფილოდ ვჯუჯღუნებდი.ბაღის რომელიმე ბავშვთან მინდოდა ჯდომა.

პირველი დამრიგებელი ძალიან ძალიან მაგარი ქალი აღმოჩნდა. მაია ბერიძე. იმდენი რამე გვასწავლააა… პირველად ექსკურსიაზე რა თქმა უნდა მცხეთაში ვიყავით.წვიმიანი დღე იყო და დამრიგებელი არ წამოვიდა. არა და ავტობუსიც მოსული იყო და უკან ხო არ გავუშვებდით? ათიოდე მოსწავლე და მშობელი წავედით და კარგადაც მოვხინეთ. სამაგიეროდ მაია მასწალებელი იყო ძალიან გაბრაზებული. როგორ გაბედეთო.

ესეც პირველი საშემოდგომი ზეიმი. მგონი მეოთხდ კლასია. ესენი საახალწლო ზეიმზე მესამე კლასსში

მახსოვს მეოთხე კლასს რომ ვამთავრებდი. არ მინდოდა ჩემს მასწავლებელს მოვშორებოდი. 25 აპრილს მიწისძვრა იყო და სწავლაც შეწყა. კლასელის აგარაკზე, ცხვარიჭამიაში წავედით. იქ ჩავატარეთ ზეიმი. ყველას გული გვწყდებოდა, რომ ჩვენი პირველი მასწავლებელი უნდა დაგვეტოვებინა. თუმცა თავს იმით ვიიმედებდით, რომ სკოლაში ყოველ დღე ვნახავდით.

Continue reading

ბოლო რამდენიმე დღე

უუფ რა სასწაულად იწელება დრო მასწავლებელთან რა.. განსაკუთრებით ახსნის პროცესსში. ეს ბოლო ნახევარი საათი შემომაწვება ხოლმე ძილი და თავს ათასი ხრიკით ვირთობ რომ არ ჩამეძინოს. დღეს სათამაშო არაფერი მქონდა წაღებული და ჩემს თითებს მივადექი. საწყლები =((  არა და რას ვერჩოდი, რა მინდოდა. დავიწყე ძიძგვნა. ჯერ ერთი ფრჩხილი,მეორე. ბოლოს სისხლიც წამომივიდა =(( კიდევ კაი ბამბა სულ თან დამაქვს.  თავს მაინც არ ვანებებდი ამ საცოდავებს, ბოლოს ისე ვქენი, რომ სიმწრისგან ყვრილი მინდოდა. სახლში ძლივს მოვედი და სანტავიკის ყუთი ამოვჩიჩქნე უჯრებში. დავიკარი 3 თითზე და კიდევ ორზე რომ დამეკრა მივხვდი, რომ ძაან ტეხავდა და სამით დავკმაყოფილდი. ციფრულის მოთრევა მეზარება, თორემ განახებდით გასაოდავებულ თითებს. უფრო სწორად,სანტავიკებს :P

გუშინ ჩემი ძმის ოთახში მოვხვდი შემთხვევით. მაგიდაზე ჰარი პოტერის წიგნი ედო. მეორე ნაწილი. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი ჰქვია. უსაქმოდ ვიყავი, მოვკიდე ხელი წიგნს და ჩემს ოთახში მოვკალათდი და კითხვას შევუდექი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე,თვალები და თავი საშინლად ამტკივდა და ინგლისურზე მაგვიანდებოდა, ეს ნაწილი მაინც ბოლომდე ჩავამთავრე.საღამოს მოვლასლასდი სახლში, ვჭამე,დავისვენე და განახსენდა, რომ ჰარი პოტერის პირველი ნაწილიც მომეპოვებოდა სახლში. ჩავუჯექი იმასაც და ბოლომდე ალბთ დღეს დავამთავრებ, თუ არ დამეზარა. ხო და ეხლა ახალი თავსატეხი გამიჩნდა მესამე ნაწილი სად ვიშოვო. ფულის ამაში გადაყრა მენანება (ეგრეც არ გამიბერია), ვისაც ვკითხე არ გვაქო. მგონი ზოგმა ისიც არ იცოდა წიგნიც, რომ არსებობდა ამ ”გენიალური” ნაწარმოების.(ვინმეს თუ გაქვთ მათხოვეთ რაა. შვიდივე ნაწილი მინდა :P) არა და ნორმალური წიგნები დაილია კაცო? მაინც და მაინც ამ სისულელეს ვკითხულობ და ტყუილად ვიტანჯავ თავს.

ხოო… კიდე რაზე შეიძლება დავწერო???

აა უი ხო გამახსენდა…

ხუთშაბათს, 22 აპრილს, ჩემი სკოლის, 22-ე სკოლის, იუბილეა. 60წლის გახდა თქვენ კი ნუ ეხუმრებით. ხო დაა ბატონმა განათლების მინისტრნა, შაშკინმა უნდა მოვიდეოოო. დაფაცურდა სკოლის პედაგოგთა,შობლეთა საბჭო. დირექტორი ცალკე აფუსფუსდა და მოგვაკითხეს მეთორმეტე კლასელებსაც.თქვენზე უკეთესი ვინ უნდა დავახვედროო და მონაწილეობა უნდა მიიღოთ ღონისძიებაშიოო… იქ, რომ ყოფილიყავით და ჩვენი სახეები გენახათ უეჭველად შეგეცოდებოდი. თავი დავიძვინე :P მაგრამ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა =(( დირექტორს გადავწყდი შემთხვევით და ისეთი ღიმილით მომესალმა მივხვდი რაღაც უნდა ეთხოვა =((  ”ყაზბეგში ძალიან კარგად იღებდი და ამ ღონისძიებასაც ხომ არ გადაიღებდიო?” ვიდეო დავკარგეთქო სიხარულით მივახალე, მაგრამ ”არაუშავს, ეგ პრობლემა არ იქნება, ხუთშაბათს 1-ზე აქ იყავიოო”. ხო და ბოლოს თავისებური იუმორი დააყოლა ”მარტო შენს მეგობრებს კი არ გადაუღო, ყველას. მეე, მასწავლებლებს და რა თქმა უნდა სტუმრებსოო”. გავუღიმე და წამოვედი. სულ ბუზღუნ ბუზღუნით მოვედი სახლში რა ჯანდაბა მინდოდა სკოლაშითქო.

უი კინაღამ დამავიწყდა. იმ დღეს როცა ოპერატორობა შემომთავაზეს სკოლაში გაისმა ზარი მაგდონალდიდან. ბოლო ზარი როდის გვქონდა დაინტერესდნენ. როგორც ჩანს მოსვლას აპირებენ და სიმბოლური საჩუქრები უნდა დაგვირიგონ. ”გაგალამაზებენო” – დირექტორნა გვახარა. ამ მაგდონალდს მოყვება ერთი-ორი ტელევიზია რეკლამის პონტში და ასე ყველა ერთად ვიზეიმებთ სკოლის დამთავრებაას =))

p.s პოსტი თავიდან აღარ გადამიკითხავს და ტექსტსში არსებულ ხარვეზებს არ ვიმჩნევთ =))