Tag Archives: WWF Georgia

ხე, სახელად “სიყვარულოვნა”

სანამ მაღვიძარა დარეკავდა, წვიმის ხმამ გამაღვიძა. შეიძლება სხვა ნებისმიერ შაბათ დღეს გამხარებოდა კიდეც წვიმა, იმიტომ რომ ლოგინიდან არ ავდგებოდი და წიგნს, ჩაის, ყავას და ლეპტოპს მოვიმარჯვებდი. ხან ფილმს ვუყურებდი, ხან სერიალს, ხან წავიკითხავდი და ამ ყველაფერს ხან ჩაის და ხან ყავის თანხლებით შევასრულებდი. სრული იდილია იქნებოდა ჩემნაირი ზარმაცი ადამიანისთვის.

მაგრამ, დღეს ის შაბათი იყო როდესაც არც წვიმა და არც ქარი არ მაწყობდა. ძლივს ავდექი ლოგინიდან, ცოტა ხანი ოთახიდან ოთახში ვიბოდიალე, მერე ცივი წყალი დავლიე და ოდნავ გამოვფხიზლდი. ჯერ კიდევ მქონდა იმედი რომ წვიმა შეწყდებოდა.

კედები ჩავიცვი და სახლიდან ისე გამოვედი. აი მანდ მივქარე. ნორმალური ადამიანი წვიმაში, ტალახში და უბედურებაში კედებს არ ჩაიცვამს. მითუმეტეს, როცა ხის დასარგავად მიდის.

15:50-ზე უკვე ხაშურში ვიყავი.

World Wildlife Fund-ის ინიციატივით და ხელშეწყობით “ტყის კვირეული” იმართება. კვირეულმა სტარტი წინა შაბათს, წავკისში აიღო და თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე ნერგები დაირგო. დღეს კი ხაშურმა გვიმასპინძლა. უჟმური ამინდის, წვიმის და ტალახის მიუხედავად ტყემდე მაინც მივაღწიეთ. მართალია ტალახში სრიალ-სრიალით და ფეხსაცმელზე აკრული უზარმაზარი ტალახის და ბალახისა, მაგრამ ეგ არაფერი. ნერგები დავინაწილეთ და დარგვას შევუდექით. იმისათვის რომ ნერგი სწორად დაირგოს, საჭიროა ვიცოდეთ რამდენიმე დეტალი:

✿ ხე ირგვება გვიან შემოდგომით ყინვების დადგომამდე, ან ადრე გაზაფხულზე, ყინვების დასრულების შემდეგ;
✿ ორმოს იღებენ ბარით ან სპეციალური ბურღით, რომლის სიღრმე დაახლოებით 20-25 სმ-ია;
✿ დარგვისას ფესვი მთლიანად იფარება მიწით. ორმოს ამოვსებისას ნერგს ოდნავ წამოწევენ, რომ არ დაზიანდეს ფესვი;
✿ დარგული ნერგის გარშემო ნიადაგს ფრთხილად ტკეპნიან ქუსლით. ნერგის გარშემო ქმნიან ოდნავ ჩაღრმავებას, ანუ “ჯამს” ტენის დაგროვებისთვის;
✿ნერგი უნდა იყოს 2-3 წლის ხნოვანების და სიმაღლეში არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს (ფესვის ჩათვლით);
✿ ნერგების მწკრივებში დარგვისას მათ შორის დაშორება მწკრივში უნდა იყოს დაახლოებით 1,5 მეტრი, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი – 2 მეტრი.

ორმო უკვე ამოთხრილი დამხვდა, მხოლოდ ის მევალებოდა ნერგი მომეთავსებინა ორმოში, მიწა მიმეყარა და ნერგის გარშემო ცოტა დამეტკეპნა. მგონი ყველაფერი სწორად შევასრულე ツ დარგვის შემდეგ სახელიც დავარქვი და ნერგს პატარა ფურცელი ძაფით შევაბი. ხეს რა თქმა უნდა სიყვარულოვნა ჰქვია.

ჩემი დარგული ხე ^^

ჩემი დარგული ხე ^^

23 წლის მანძილზე პირველი ხეა, რომელიც საკუთარი ხელით დავრგე.

“ტყის კვირეული” 23 ნოემბერს სრულდება და მას ზოოპარკი უმასპინძლებს. გაიმართება “ეკო გაკვეთილი”, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მისულ სტუმრებს სპეციალისტი გააცნობს თუ როგორ ხდება ხის ნერგვის დარგვის პროცესი, ასწავლიან როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს. ზოოპარკში ბავშვების გასართობად მიწვეულები არიან “ქუჩის თეატრის” მსახიობები, ოჩოფეხებიანი კლოუნები და ანიმატორები.

ამინდის მიუხედავად სახლში გადასარევ განწყობაზე დავრბუნდი. ბოლო-ბოლო, პატარა ამბავი ხომ არაა, ხე დავრგე!

P.S ხაშურში, ტყეში, დიიიდი, ფუუმფულა პანდა გვყავდა :3