Daily Archives: October 9, 2011

გოგონა დრაკონის ტატუთი, ანუ ქალთმოძულე კაცები

წიგნის წაკითხვის შემდეგ მასზე რამის დაწერას თუ აპირებ სჯობს პირველივე ფურცლიდან დაიწყო.

4/X, სამშაბათი

ათიოდე ფურცელი წავიკითხე და ჯერჯერობით იმედგაცრუებული ვარ. საინტერესოდ იწყება, 82 წლის მოხუცმა  საჩუქრად გამხმარი უიშვიათესი ყვავილი მიიღო ჩარჩოში ჩასმული. ვისგან, რატომ, რისთვის, რა მიზნით – გაურკვეველია. მთავარია,რომ მსგავსი საქციელი უკვე ათული წლებია გრძელდება… ამ დროს წიგნის სათაურზე ვიწყებ ფიქრს, რა შუაში შეიძლება იყოს გოგონა, რომელსაც ტატუ აქვს და გამხმარი ყვავილები რომელსაც მოხუცს უგზავნიან?! თუმცა, აქვე ისიც მახსენდება, რომ წიგნის შვედური ორიგინალი სახელწოდებაა “ქალთმოძულე კაცები”…ჰმ, საინტერესოა ვივლებ აზრად და ამ დროს იწყება ვინმე ბლუმკვისტის, პროფესიით ჟურნალისტის, რაღაც ძალიან მოსაწყენი ისტორია… პირველი კომენტარი, რომელსაც ფბ-ზე ამ წიგნთან დაკავშირებით ვაკეთებ მდგომარეობს შემდეგში: “ვინმემ დამაიმედეთ და მითხარით, რომ უფრო საინტერესო ვითარდება მოვლენები რაა”…

5/X, ოთხშაბათი

არ ვიცი ვინ, მაგრამ არც თუ ისე სულელემა ადამიანმა მითხრა წიგნებზე პირველივე გვერდებიდან მსჯელობა არ შეიძლებაო. ჯერ კიდევ გუშინ ვერაფრით ვიფიქრებდი თუ მთელ დღეს კითხვას დავუთმობდი და ფბ-ზეც კი არ შემოვიხედავდი ბოლთის დასაცემად.  ნელ-ნელა ჩნდებიან პერსონაჟები, თითოეული მათგანის ცხოვრებაში არის რაღაც რაც გაინტრიგებს, გითრევს და გიძლიერებს სურვილს რაც შეიძლება მალე დაასრულო კითხვა.

ვიცი რომ ჟურნალისტი, კარგი ჟურნალისტი, ფაქტიურად არც თუ ისე ცუდი დეტექტივის ტოლფასია. რატომღაც ჟურნალისტების დეტექტივობანას ამრეზით ვუყურებ. ამ პროფესიის ხალხი ყველაფერს მაინც ისე ჭრის და ისე კერავს როგორც აწყობს. თუმცა ჩემი წარმოდგენები ხომ ხშირ შემთხვევაში არ მართლდება.

წიგნი მკვლელობაზეა, ჯერჯერობით, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ მოხდა. გვამი არ არის, არც რაიმე დამატასტურებელი დოკუმენტი იმისა რომ გოგონა ცოცხალია, ან გარდაცვლილი, როგორც იყოდნენ “მიწამ ჩაყლაპა”. ჩემი ვარაუდები გამიჩნდა, რატომღაც მგონია რომ ცოცხალია და რაღაც კავშირი აქვს სალანდერთან.

კითხვის ამ ეტაპზე ჩემთვის ისევ გაურკვეველია რატომ ჰქვია წიგნს “ქალთმოძულე კაცები”.

7/X, პარასკევი

ჰმ, ვანგერების ოჯახი ჭიანჭველების ბუდეს მაგონებს. ყველას თავის საქმე აქვს და ეს საქმე რაღაცით დაკავშირებულია მთავარ მიზანთან. ოჯახის თითოეული წევრი თავისთვის ფუსფუსებს და რატომღაც შემიძლია ყველაზე ვთქვა, რომ ცოტა ვერაა. რაღაც მოხდა წლების წინ რომელშიც ყველა გარეულია, თითოეული მათგანი. ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია კითხვის ამ ეტაპზე.

ლიზბეთზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ყველა ჭკვიანი ადამიანი ცოტათი უბერავს.

ჰო,რაც შეეხება ალაგ-ალაგ სექსის აღწერის ფაქტებს… კარგად აქვს აღწერილი, თუმცა თუ აღწერაა უფრო დაწვრილებით და ლამაზად აღწერაც შეიძლებოდა.

8/X, შაბათი

კითხულობ, იძაბები, გინდა გაიგო რა მოხდა სინამდვილეში. ხვდები რატომ ჰქვია წიგნს ქალთმოძულე კაცები, მაგრამ გიჭირს გაანალიზო რატომ ითარგმნა ის როგორც “გოგონა დრაკონის ტატუთი”, ბრაზდები, თავში ივლებ: “ხომ ვამბობდი”-ს (ჩემი საფირმო ფრაზა) და უკანასკნელი ფურცლის წაკითხვისას მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ უკეთესი დასასრულის იმედი გქონდა. ნუ მე ეგრე ვფიქრობდი წიგნის დახურვისას.

იმედგაცრუება ვიგრძენი. კითხვის პროცესი საოცრად დაძაბული და საინტერესოა, ეშხში შედიხარ, თვალს ვერ წყვეტ და ბრახ და ბანალური დასასრული, ისეთი როგორიც პირველივე გვერდებიდან იწინასწარმეტყველე.

თუმცა, გარდა იმისა, რომ “გოგონა დრაკონის ტატუთი” მშვენიერი დეტექტივია, მოიცავს უამრავ სხვა და სხვა ინფორმაციას, მაგალითად: წიგნის კითხვისას მომინდა გადამეხედა ჩემს ინტერნეტ ნამოღვაწარს და აღმეგავა პირისაგან ინტერნეტისა. მაგრამ დავინდე ფბ-ს ექაუნთიც და ბლოგიც.  აღმოვაჩინე, რომ შვედეთში საკმაოდ პრობლემატურია ქალთა ძალადობის შესახებ საკითხები. აქვე ერთი ფრაზა მახსენდება: “რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის” – ეგრეა, ეგრე.

 

p.s მაინც ვფიქრობ რომ სათაური “ქალთმოძულე კაცები” უფრო შეესაბამება ნაწარმოებს ვიდრე “გოგონა დრაკონის ტატუთი”.

p.p.s ჯერჯერობით ერთადერთი წიგნია, რომელიც საქმის გახსნისთავანე არ სრულდება.