ორშაბათი

7:30 სთ. მაღვიძარა რეკავს. რაც ტელეფონს ჩიპი ამოვაცალე და ჩემს ძმას ვაჩუქე, მაღვიძარას ზარიც ბუნებრივია შეიცვალა. მთელი 4 წელი გერმანული მარშის ხმაზე ვიღვიძებდი, თანაც სასწრაფოდ, რომ რაც შეიძლება მალე გამომერთო. ბოლო 2 თვეა ძალიან წყნარი და ჩუმი ზარი რეკავს, უბრალოდ ჩემს ტელეფონში მეტი ხმაურიანი ვერაფერი ვიპოვე. მაგრამ, ყველა ზარი რომელიც დილით მაღვიძებს საშინელება და კატასტროფაა. სასწრაფოდ გადავყავი ხელი გვერდზე მდგომი ტუმბოსკენ, ტელეფონი ხელის ფათურით ძლივს ვიპოვე. საერთოდ, რთულია ისეთი პაწუკა ტელეფონის პოვნა ჩემ ტუმბოზე როგორიც ნოკია 5310-ია, განსაკუთრებით მაშინ თუ იგი ტანსაცლის, წიგნის, ლეპტოპის და დიდი ჩანთის ქვეშაა. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა გაუბედურდეს ჩემი ჯართი ნოკია, მაინც ყველაფერს მირჩევნია. ამდენი წელია ერთად მოვდივართ ბოლო-ბოლო. მაღვიძარა გამოვრთე. ვინებე და თვალებიც გავახილე რამოდენიმე წამით. აივანთან ახლოს მძინავს, ფარდებს ძილის წინ არ ვწევ და ახალ გაღვიძებულს ახლად ამოსული მზე მეგებება ხოლმე. არ მიყვარს დილით მზე. 5 წუთი მჭირდება რომ საკუთარი თავი დავარწმუნო და თვალები საბოლოოდ გავახილო. მთავარი ეგაა, მერე ადგომაც გაცილებით ადვილია.

7:45 სთ. სულ 15 წუთი მჭირდება იმისთვის, რომ უნივერსიტეტში წასასვლელად მზად ვიყო. რა თქმა უნდა ამ 15 წუთში ჩანთის ჩალაგება არ შედის. ჯერ კიდევ დადებილებული სახით ლეპტოპს ვრთავ, 2 წუთი, არც კი, სჭირდება რომ ჩაირთოს და მე ამასობაში სამზარეულოში გასვლას და ყავის გაკეთებას ვასწრებ. დილით მიყვარს ყავა, იმიტომ არა რომ მივეჩვიე და უკოფეინოდ ვერ ვძლებ. არა, უბრალოდ ყავა მიყვარს. ნახევარი საათი, იმაზე ორჯერ მეტი ვიდრე ჩაცმა-დახურვაში მჭირდება, აუცილებელია დილის ფეისბუქისთვის. ვთვლი, რომ მსზე უკეთესი ადგილი გამოსაფხიზლებლად არ არსებობს. ფეისბუქი განსაკუთრებით საინტერესო ხდება როცა გუშინ ძალიან ადრე დაწექი.

8:20 წთ. გაჩერებაზე ვარ და ავტობუსს ველოდები. ვაკის მიმართულებით 2 ავტობუსი დადის, 21 და 51. რა თქმა უნდა ორივე სავსე და ორივე გატენილი. არსებობს ალტერნატიული გზაც. გაცილებით კომფორტული, გაცილებით სწრაფი და გაცილებით ძვირი. სამწუხაროა, მაგრამ უმუშევარ სტუდენტს 80 თეთრის “მარშუტკაში” გადახდა ძალიან მენანება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მირჩევნია ამ წამს ავტობუსში შეტენვას მაინც ავტობუსს ვუცდი და “მარსუტკას” სევდიანი თვალებით ვაცილებ.

8:50 სთ. უნივერსიტეტში ვარ. უფრო სწორად, უნივერსიტეტთან. მიყვარს დილით მეორე კორპუსის კიბეებზე დგომა და მოწევა, თუნდაც მაშინ როდესაც ვინმეს ველოდები. ასე მგონია მაგ დროს ჰაერი სუფთაა, ქუჩაში ბევრად ნაკლები მანქანა, უნივერსიტეტთან მაქსიმუმ 5 კაცი, მზე ნახევრად ამოსული. დამლაგებლები ჩამოყრილ ფოთლებს გვიან და სიგარეტის ბიჩოკებს აგროვებენ. რატომღაც ყველა ვინც ეწევა ბიჩოკს ძირს აგდებს და მე თავი სრული იდიოტი მგონია ხოლმე, როცა ნაგვის ურნასთან მივდივარ, ვაქრობ ანთებულ სიგარეტს და ვაგდებ ნაგვის ურნაში.

9:00 სთ. ლექცია იწყება. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. სისხლს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიყვარს ეს საგანი, გაცილებით საინტერესო, გაცილებით ადვილი, გაცილებით მრავალფეროვანია. ვისთვის როგორ პრინციპში. რაც სწავლა დაიწყო სისხლის ლექციაზე ჯერ არ ვყოფილვარ. 17-ში ბათუმში ვიყავი, 24-შიც ბათუმშიც ვიყავი, 1-ში არჩევნები იყო და 8-ში მეც მივაღწიე ფდა-მდე. ლექციის თემა მკვლელობა (108-ე მუხლი) და მკვლელობა დამამძინებელ გარემოებებშია (109-ე მუხლი). მსიამოვნებს მოსმენა, გაგება და აღქმა. მხოლოდ იურისტი თუ გამიგებს.

11:00 სთ. ლექცია მორჩა. მთელი დღე თავისუფალი მაქვს. მაგრამ ვინაიდან წიგნები ძალიან ძვირი ღირს და + ამას სახლში ვერ ვმეცადინეობ ბიბლიოთეკაში ვრჩები. იმას, რასაც ბიბლიოთეკაში 1 საათში ვსწავლობ, სახლში მთელ დღეს ვუნდები. იმიტომ რომ სახლში ფეისბუქია, წყალია, ტუალეტია, საჭმელია და უამრავი 1000 ნივთი და ხელსაწყო რაც ხელს გიშლის მეცადინეობაში. ბიბლიოთეკაში მეცადინეობა ძალიან პროდუქტიულია და ამას წინა სემესტრში მივხვდი.

13:00 სთ. ვარჯიშს თავი დიდი ხანია დავანებე. დღეს კი როგორც იქნა მივაღწიე. კარების კოდიც კი დამვიწყნია იმდენი ხანია არ ვყოფილვარ. მიხარია ვარჯიშის დაწყება, მიხარია რომ 2 თვის ფული წინასწარ გადავიხადე. ასე ის ფული აღარ დამეხარჯება და მეც ორი თვე ყველა ვარიანტში მომიწევს სიარული. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო-ბოლო ის ფული დამენანება რომელიც უკვე გადავიხადე.

15:00 სთ. სახლის კარი მამაჩემმა გამიღო. გაუკვირდა, ასე ადრე სახლში რატომ მოხვედიო. ლექციები მომირჩა, ვიმეცადინე კიდეც და ვარჯიშზეც ვიყავი-მეთქი. მაგ ყველაფრის მერე არსად არ წახვედიო? ან ვინმე არ გყავდა სანახავი ან “რაღაც” არ გქონდა გასაკეთებელიო? თავი დამნაშავეთ ვიგრძენი, ასე ადრე სახლში აღარ დავბრუნდები.

19:00 სთ. უსაქმურობისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. მაცივარს მივადექი და საყინულეში თევზი ვიპოვე. გავალღვე მიკროტალღოვან ღუმელში. გავასუფთავე, გავრეცხე და შევწვი. ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა. თითებს რომ ჩაიკვნეტდი ისე. ვარჯიშთან ერთად დიეტაც დავიწყე, უფრო სწორად გავაგრძელე, და ვიფიქრე ასეთ დროს ჭამა ცუდი იდეაა და ხვალისთვის იდეალური სადილი გამომივიდა-მეთქი. ფუტურამას ყურება დამშვიდებული და კმაყოფილი სინდისით გავაგრძელე. მომწონს ფუტურამა, ძალიან სახალისო და ტონკი იუმორით გაჯერებული სერიალია. ერთ-ორ საათში სამზარეულოში გავლასლასდი და ის თეფში, რომელზე იდეაში თევზი დავტოვე, ცარიელი და გასარეცხი დამხვდა. თუკი ჩემთვის გვიანი აღმოჩნდა ასეთ დროს ჭამა, ჩემი ძმისთვის და მამაჩემისთვის იმდენი თევზი საკმარისიც არ აღმოჩნდა. მე ხომ მშვიდი და წყნარი ნერვები მაქვს, ხოდა არაფერი დამილეწია სიბრაზისგან.

23:00 სთ. დავიღალე, მეძინება და ერთი სული მაქვს ლოგინში შევძვრე. საბანში გახვევა ერთი სიამოვნებაა. ვიფიქრე ცოტას წავიკითხავ-მეთქი, ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა” დავიწყე. დროის უქონლობის და ფეისბუქის გამო მხოლოდ ძილის წინ ვახერხებ წაკითხვას, ისიც 3-5 ფურცლისა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ნაკლებადაა დიალოგები და ბლომად უუუზარმაზარი აბზაცები, მაინც ადვილად და საინტერესოდ იკითხება. დღეს 3 ფურცლამდეც ვერ გავქაჩე, ჩემს დას შუქის ჩაქრობა და თავისი ნეთბუქის გამორთვა ვთხოვე, ძილში ხელს მიშლის-მეთქი და 5 წუთში ისე ჩამეძინა სინათლე და ნეთბუქი არ გაუთიშავს.

დილით ისევ დარეკავს საშინელხმიანი მაღვიძარა.

15 thoughts on “ორშაბათი

  1. Mari

    “…და მე თავი სრული იდიოტი მგონია ხოლმე, როცა ნაგვის ურნასთან მივდივარ, ვაქრობ ანთებულ სიგარეტს და ვაგდებ ნაგვის ურნაში…” – და ამის გამო მე ვამაყობ შენით!

    Reply
  2. Nuca Nikolishvili

    დილით ყავის დალევას ასწრებ, ბიოლს კითხულობ, ლექციებს ესწრები, ბიბლიოთეკაში დადიხარ, გემრიელობებს ამზადებ და ბიჩოკებს არ ყრი სადაც გაგიხარდება_ სულ რომ არ ეწეოდე ცოლობას გთხოვდი :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სიგარეტი ხელს როგორ მიშლის ყველაფერში :დ

      Reply
  3. tami

    აუ თავი დამნაშავედ რომ იგრძენი ძალიან მომეწონა:დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სამსუნგ გალაქსი ნოუთი ტელეფონზე მეტია :დ და ეგ არ ითვლება :დ რადგან ვერ ვყიდულობ გალაქსის მაგიტომაც არ ვყიდულობ სხვას და მიყვარს დანჯღრეული ნოკია❤

      Reply
  4. Ti_ko

    ძაან ყოჩაღი ხარ რაა :))) მე რომ გამგელებული და ჩამომხმარი მოვალ სახლში, ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა რომ საჭმელი არაფერი დამხვდეს :))) შენი განრიგი მომეწონა, მეც დაახლოებით ამ რეჟიმში ვარ, ოღონდ გაცილებით გვიან ვბრუნდები სამწუხაროდ😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      როგორც წესი მეც გვიან ვბრუნდები :დ ხომ დაინახე მამაჩემმა როგორ გაიკვირვა :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s