ცხოვრება სოფლად

მას შემდეგ რაც სახლიდან გამომისტუმრეს და გზაზე ვიდექი წვიმაში უცბად გადაწყდა რომ სოფელ წნისში მივდიოდი.

წნისში ქალბატონი ვალიდა გავიცანი. რომელსაც, შეიძლება ითქვას, პირდაპირ სახლში შევუვარდი და ვუთხარი თქვენზე უნდა დავწერო და 1-2 ფოტოც გადაგიღოთ-მეთქი. საბედნიეროდ უარი არ უთქვამს.

***

ქალბატონი ვალიდა

ქალბატონი ვალიდა

დილით უპრობლემოდ იღვიძებს. არც ვინმეს შეძახება სჭირდება ვალიდა გათენდაო, არც მაღვიძარა. აი ასე, უბრალოდ, დილი 6-საათზე თვალები ეხილება. ამ დროს გარეთ ჯერ ისევ სიბნელეა. თუმცა, მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უკვე 34 წელია თითქმის ერთი და იგივე დროს იღვიძებს. 6 საათი ძილი ჰყოფნის იმისთვის რომ ჯანზე იყოს. არ უყვარს დროის კარგვა და უსაქმოდ ყოფნა, ამიტომაც გაღვიძებისთანავე დგება ლოგინიდან, რაც შეიძლება თბილად იცვამს და გარეთ გარედის. წნისში ყოველთვის ცივა დილის 6 საათზე, ზაფხულშიც.

იმ ეზოში გადის რომელსაც წლებია უვლის, საკუთარი ხელით აკეთებს ყველაფერს. საკუთარი ხელით მიუჩინა ჟოლოს ეზოს კუთხეში ადგილი. საკმაოდ ბევრი ჟოლო აქვს. 2 წლის წინ განსხვავებული ჯიშის ჟოლო ამერიკელებმა აჩუქეს. მთელი ზაფხული ყვავის და ხარობს, წელიწადში 4-5 ჯერ ისხამს ნაყოფს. როცა ვალიდას ვესტუმრე ნოემბერი იყო და  ნოემბერშიც კი არის ალაგ-ალაგ წითელი ჟოლოები მწვანე ფოთლებში ჩაკარგული. ქალბატონი ვალიდა ჟოლოზე დიდ იმედებს ამყარებს. ეზო საკმაოდ დიდი აქვს და უნდა, რომ გაამრავლოს. თანაც, თავის მეზობლებს, 2-3 ქალს დაასაქმებს და კარგ საქმესაც იზამს. ჟოლო ძვირფასია, ყველას უყვარს და თან ძვირად ფასობს.

ჟოლო ნოემბერში

ჟოლო ნოემბერში

ქათმებისთვის საკენკის მოსატანად მიდის, ხელმარჯვნივ ფიცრებისგან და ცელოფნისგან შეკოწიწებული სათბური დგას. სათბური, რომლის გაკეთებასაც არ ურჩევდნენ, ძვირია, ბევრი შრომა უნდაო. ქალბატონმა ვალიდამ არ დაუჯერა, ურჩევნია ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება, ვიდრე სხვის შეცდომაზე ისწავლოს. დღეს უკვე არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას. არც ძვირი დამჯდარა, შრომაც თითქმის უმნიშვნელო. სამაგიეროდ, შედეგია საკმაოდ ძვირფასი და ძვირად ღირებული. მწვანილი, ის რაც სამცხე-ჯავახეთში ძვირად ფასობს. ფიქრობს რომ სათბურს გააფართოებს და შედეგად ოჯახს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება.

სათბური,რომლის აშენებასაც დაახლოებით 20 ლარი დასჭირდა

სათბური,რომლის აშენებასაც დაახლოებით 20 ლარი დასჭირდა

 

ქათმები ხვდებიან როდისაა ჭურჭელი სავსე საკენკით და პატრონისკენ თავ-პირის მტვრევით გამორბიან. მის ირგვლივ მოქუჩდებიან და ელოდებიან სიმინდის მარცვლებს. ქათმების შემდეგ კურდღლების ჯერია, შემდეგ ღორის და საბოლოოდ ძროხების. ძროხებს დილით მოწველა უნდათ, შემდეგ ნახირში გარეკვა. ჯერჯერობით რამდენიმე სული კურდღელი ჰყავს, თანაც დედლები. ფიქრობს რომ მათი გამრავლება ოჯახისთვის ხელსაყრელი იქნება. კურდღლის ხორცი ხომ საკმაოდ გემრიელია ?!
რა შეიძლება იყოს სოფლად მცხოვრები ქალის ტრაგედია? აი, ქალბატონი ვალიდას ტრაგედია 5 სული ძროხის სიკვდილი იყო. 2 ავარიამ იმსხვერპლა, სამიც უბედურმა შემთხვევამ. იმის მერე გული აუცრუვდა ძროხების გამრავლებაზე. ბევრს ფიქრობს ხოლმე, ხომ არ გავამრავლოო, ოჯახს რძე და ყველი არ მოაკლდება, და თანაც დამატებითი შემოსავალი გაჩნდება, მაგრამ მერე ახსენდება ის განცდები რაც წლების წინ 5 სული ძროხის დაღუპვას მოჰყვა და უმალ უარყოფს ხოლმე თავის ფიქრებს.

ეზოს საქმეებს რომ მოილევს სახლს უბრუნდება. სახლსაც უნდა ყურადღება, დალაგება და მოვლა-პატრონობა. იმ სახლს უბრუნდება რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი შრომით და წვალებით გაარემონტა. აგურ-აგურ ააშენა და გაალამაზა. არ ჯერდება ერთ რამეს და მუდმივად ცდილობს რაღაც ცვლილება შეიტანოს ოჯახურ სიმყუდროვეში. სახლში შეშის ღუმელი უდგათ, სამწუხაროდ გაზსს მის სოფლამდე ჯერ არ მიუღწევია.  „ფეჩი“ს ანთება მისი პრეროგატივაა.ახლად გაღვიძებულ შვილებს და შვილიშვილებს სითბო უნდა დახვდეთ. საუზმე უნდა მომზადდეს და სადილიც. მზის ამოსვლასთან ერთად ოჯახის წევრებიც იღვიძებენ. საუზმეზე მაგიდის გარშემო 10-12 კაცი ყოველთვის ზის. მათ შორის 90-წლამდე ბებია, რომელსაც ასაკის გამო სკლეროზი დასჩემდა. ბებიას მოვლა ქალბატონ ვალიდას უწევს. ცოტა უჭირს, მაგრამ მაინც სიამოვნებით აკეთებს ყველაფერს. ამბობს, პატარა პრობლემები ყველგანაა, რომელთა გამკლავებასაც ძალა სჭირდება, რომელიც მე გამაჩნიაო.

9-საათისთვის შვილიშვილებს სკოლაში მიაცილებს. როდესაც ყველა ზედმეტი პირი ოჯახიდან გასტუმრებულია ერთიანი ძალებით მინდვრებისკენ მიიმართებიან. სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ყველა ჩაბმულია, ვალიდაც, მისი მეუღლეც, შვილებიც, რძალიც და სიძეც. ყველა ერთად ერთ საქმეს აკეთებს შეხმატკბილებულად.

ცოტა ხანში დრო უწევს სამსახურში წავიდეს. ელკანაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. ოფიციალურად მას ნერგების შემფუთავი ეწოდება. უყვარს თითოეული ნერგი, მათზე დაკვირვება და ყოველი ახალი წვრილმანის აღმოჩენა. უკვირს თავისი თანამშრომლების, როგორ უგულოდ ექცევიან ნერგებს, როგორ არ აინტერესებთ არც-ერთი ფოთოლი და პაწაწუნა ნერგის წარმატება. თუმცა, ყველას ხომ ვერ მოსთხოვ უყვარდეს ნერგები. წუხს იმაზე რომ ელკანაში საქმე მხოლოდ ზაფხულში აქვს და ზამთარში ფაქტობრივად უმუშევარი რჩება.

სამსახურის მერე შინ ბრუნდება. თუ ზაფხულია უბანში მეზობლები ხვდებიან. ქალბატონ ვალიდას არ უყვარს როდესაც დრო უქმად გაჰყავთ, მისი მეზობლები კი სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ამბობს, მთელი დღე შეუძლიათ სკამით ხელში ჩრდილს სდიონ და ჭორაობაში გაიყვანონ დროო. მიუხედავად ამისა მაინც ძალიან უყვარს თითოეული მათგანი და საკმაოდ კარგ და თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს. თუ სოფელში რამე ფუჭდება ჯერ ქალბატონ ვალიდასთან მიდიან და შემდეგ წყვეტენ საკითხს მისი მონაწილეობით. პატივს სცემენ, თანაც, ის ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო და როგორც თვითონ თქვა, მისი უბანი მას ებარა ერთ დროს. არ უყვარს როდესაც ყავაზე ეპატიჟებიან, მაგრამ სიამოვნებით იღებს სტუმრებს, ოღონდ ცოტა ხნით. ეუბნება, როგორც მოხვედი ისე წადიო. ხომ ვთქვი, არ უყვარს დროის ჭორაობაში კარგვა-მეთქი.

წინ საღამოს რიტუალი, ცხოველების და ფრინველების დაპურება, სათბურის მოვლა, ჟოლოს მორწყვა, მინდორში გასვლა და სეზონის შესაბამისი საქმეების კეთება ელის. რაღაც მომენტში ეხალისება კიდეც. დროს უქმად არ კარგავს, კარგ საქმეს აკეთებს, ოჯახს საკვები ექნება და თუ ყველაფერი კარგად წავიდა დამატებითი შემოსავალიც გაუჩნდება. ძირითადად სიმინდი, ლობიო და კარტოფილი მოჰყავს. ახალციხის სიცივეებს ყველაზე უკეთ უძლებენ და ამ პროდუქტების მყიდველი კლიენტიც გაცილებით ბევრია. ადრე კლიენტები შინ აკითხავდნენ კარტოფილზე, მაგრამ ბოლო წლებია უწევს მთავარ გზაზე ჩაიტანოს და იქ გაყიდოს. თუმცა ეს საქმეც უადვილდება, ამის მიზეზი კარგი და ხარისხიანი კარტოფილია.

დამღლელი დღის შემდეგ თავისუფალი დრო რჩება. ძირითადად ცდილობს ბავშვებთან ერთად გაერთოს. მაგრამ, ახალგაზრდობის ჰობის გახსენება დიდ სიამოვებას ანიჭებს. დედისგან კერვის ნიჭი გამოყვა. უყვარს საბნების კერვა, დიდების, თბილების და ლამაზების. ერთადერთი რაღაც, რასაც სულ ცოტათი ნანობს ის არის რომ კერვას არ გაჰყვა. მაგრამ, ოჯახი ამჯობინა და თავიც ოჯახს მიუძღვნა. დრო იშვიათად აქვს საიმისოდ რომ საბნები კეროს, მაგრამ შიგადაშიგ მაინც ახერხებს ხოლმე. კითხვა უყვარს, თანაც ძალიან. მაგრამ რაც ასაკში შევიდა ვეღარ ახერხებს, სათვალე თვალებს ტკენს. ვეღარც ექსკურსიებზე დადის, თანაც, თითქმის ყველა ადგილი ნანახი აქვს და ამიტომ არ ნანობს. კარგი იყო ახალგაზრდობა. ყველაფერს ასწრებდა, კითხვასაც, ექსკურსიებზე სიარულსაც და საბნების კერვასაც. თუმცა, ამ ყველაფრის დანაკლისს შვილიშვილები უვსებენ და ბედნიერია. შვილიშვილებთან ერთად პურის ცხობაც ადვილია. ეს უკანასკნელი ძალიან სიამოვნებს. თანაც, გარშემო ყველას უყვარს ქალბატონი ვალიდას გამომცხვარი პური. ხანდახან ძალიან ეამაყება რომ მთელს სოფელში საუკეთსო პურს აცხობს.

ქალბატონი ვალიდას შეკერილი საბანი

ქალბატონი ვალიდას შეკერილი საბანი

ქალბატონი ვალიდა ბედნიერია. ბედნიერია იმით რასაც დღეს წარმოადგენს, ბედნიერია რომ კარგი და ძვირფასი ოჯახი აქვს, ბედნიერია, რომ მის შრომას ნაყოფი ყოველთვის გამოაქვს. ცოტა ეგოისტურად გამოსდის, მაგრამ მიაჩნია რომ ოჯახის კეთილდღეობა სწორედ მისი, როგორც ქალის, დამსახურებაა. ქალს აკისრია მთავარი როლი, მას მიჰყავს ოჯახი ან მწვერვალისკენ ან უფსკრულისკენ. თვლის, რომ ქალს სიეშმაკე სჭირდება იმისთვის რომ ოჯახი, და მათ შორის ქმარიც, საკუთარ ჭკუაზე ატრიალოს.

დაახლოებით 12-1 საათზე იძინებს. სანამ ღრმა ძილს მიეცემა ხვალინდელ გეგმებზე ფიქრობს. არ უყვარს დაუგეგმავი დღეები და მიაჩნია რომ წარმატებას სწორედ დღის დაგეგმით მიაღწია. საერთოდაც, მისთვის წარმოუდგენელია ქალი, რომელიც არ გეგმავს და ისე იწყებს დღეს.

ქალბატონ ვალიდას ყველაზე მეტად ჯანრმთელობის გაუარესების ეშინია. ის რომ დღეს მისი ოჯახი უზრუნველყოფილია და არ უჭირთ, რაღაც მომენტში ქ-ნი ვალიდას დამსახურებაა და სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად ეშინია რომ ჯანმრთელობა არ შეერყეს. ასე თავის ოჯახს ვერ დაეხმარება. ოჯახს, რომელიც ყველაფერზე მეტად უყვარს. რასაც აკეთებს მხოლოდ შვილებისთვის და მეუღლითვის, არ ითხოვს მათგან სამაგიერო აქტივობებს და სიყვარულს. უბრალოდ უნდა რომ ყველა ერთად ბედნიერი იყოს, ისე როგორც დღეს არიან.

***

ნებისმიერ ადამიანს, თბილისში, რომ ჰკითხოთ როგორ წარმოუდგენია სოფლად ცხოვრება ალბათ პირველ რიგში იმას იტყვის რომ აუცილებლად უბედური იქნება. და უკვე შემდგომ მოაყოლებს რომ ეყოლება ცხვრები, ძროხები, კურდღლები, ქათმები და ა.შ. მაგრამ, მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც უბედურება იქნება.

სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, რაღაც მომენტში, მეც გაკვირვებული დავრჩი როდესაც ქალბატონმა ვალიდამ მითხრა, რომ ბედნიერი იყო. ადვილია თქვა „ბედნიერი ვარ“, მაგრამ იმავდროულად რომ ბედნიერება იგრძნო ცოტა უფრო რთულია. აი, ქალბატონი ვალიდა ამბობდა რომ ბედნიერი იყო და ამ ყველაფერს გრძნობდა კიდეც, თვალებში ნაპეწრკლები უციმციმებდა და ამაყობდა იმით რაც დღეს გააჩნდა.

***

ქალბატონი ვალიდა female food hero-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში იღებს მონაწილეობას. კონკურსის ფარგლებში 12 ფერმერი შეირჩა საქართველოს მასშტაბით. თითოეულ ფერმერთან ერთი მოხალისე იყო ჩასული. მე ქალბატონ ვალიდასთან მოვხვდი და დამევალა მისი, როგორც ქალის, როლი ბოლომდე აღმეწერა და პატარა სიუჟეტი გამეკეთებინა. არ ვიცი თავი რამდენად გავართვი. მაგრამ, სამცხე-ჯავახეთში გატარებული 2 დღე სასიამოვნოდ გასახსენებელი ნამდვილად იქნება. გამარჯვებული 8 მარტს გამოვლინდება და 12 ფერმერი, 12 მოხალისე და კონკურსის ორგანიზატორები მოუთმენლად ველით.

4 thoughts on “ცხოვრება სოფლად

  1. ვაიბი

    ოთარაანთ ქვრივი ჩვენს დროში. მისნაირი მოწესრიგებული, წარმატებული, ბედნიერი, ლიდერის თვისებებიც ჭარბობს მასში და ისიც, რომ სტუმარმოყვარეობა ერთია, მაგრამ დროს ფუჭად ლაპარაკში არ კარგავს და მის მეზობლებსაც “დაუცაცხანებს” ხოლმე, იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილად მისი ორეულია.
    ოთარაანთ ქვრივი კი ქართველი ქალის იდეალია ჩემთვის, ისევე, როგორც ქალბატონი ვალიდა.
    ნათი რა კარგი გოგო ხარ, შენ რომ არა ამ ამბავს ბოლომდე არ ჩავიკითხავდი. არის შენშიც ისეთი რაღაც, რაც არ საჭიროებს ორატორულ მიხვრა-მოხვრებს, ბუნებრივად წერ ისე, რომ ეს სასაცილოც, საინტერესოც და მისაღებიც იყოს.
    მოკლედ წარმატებები შენ და ვალიდას.

    Reply
  2. თაკოს ბლოგი

    ჩემ სოფელში არაინ ქალები, რომლებიც ქ.ნ ვალიდას მსგავსად ცხოვრობენ, ნამდვილად გმირობის ტოლფასია ამ ადამიანების მიერ გაწეული საქმე !!
    წარმატებები ქალბატონ ვალიდა გაჩეჩილაძეს<3333
    ნათია შენ კი მართლა უმაგრესი ხარ, უცბად ჩავიკითხე პოსტი <333

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s