Biaff დღე I

ჩქაროსნული მატარებლის ბილეთს რომ ყიდულობ,  მინიმუმ იმის ილუზია მაინც გაქვს რომ დათქმულ დროს დათქმულ ადგილას ჩავა. მაგრამ, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როდესაც საქმე ჩემს მგზავრობას ეხება. მატარებელი 4-5 სადგურზე 15-15 წუთს ჩერდებოდა, რის შედეგადაც დათქმულ დროს 1 საათით გადააცილა და მახინჯაურში ძალიან დაღლილი ჩამოვედი. ამას ყველაფერს დაემატა, რომ ნაუშნიკები თბილისში დამრჩა, ყავის აპარატი არ მუშაობდა და ხმის გამცემი არავინ მყავდა.

საბედნიეროდ დღეს ყველაფერი რიგზე იყო, ბათუმში გავიღვიძე, ფანჯრიდან ზღვას ვუყურებდი და ვტკებოდი იმით რომ მთელი 1 კვირა აქ, ბიაფფზე მიწევს ყოფნა.

ბათუმის კინო ფესტივალი აგერ უკვე მერვე წელია ტარდება და მეოთხე წელია ბლოგერებს გვმასპინძლობს. აპოლოში შესვლისთანავე პროგრამას და კატალოგს დავეპატრონე, ამოვარჩიე ფილმები და საქმეს შევუდექი.

Biaff 2013-ის კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე – http://bit.ly/18sf7bQ

ფილმების განრიგი

ფილმების განრიგი

ბიაფფი ყოველ წელს უფრო და უფრო იხვეწება, უფრო და უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება. თუნდაც ის რად ღირს რომ ღია კინოჩვენებები დაემატა, ან ის რომ როგორც იქნა საზაფხულო თეატრი დასრულდა და კინოფესტივალის გახსნა და დახურვა სწორედ იქ მოხდება.

biaff 2013, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე

biaff 2013, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე

დღევანდელი ფილმებიდან ყველაზე მეტად შეავსე სიცარიელე მომეწონა (რამა ბურნშტაინი, ისრაელი, 2012 წელი).
ფილმი ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. ახალგაზრდა კაცს გარდაცვლება ცოლი და დარჩება ახალდაბადებული შვილი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ბებიასთან (გარდაცვლილი ცოლის დედასთან) ატარებს. ბებია შეიტყობს რომ მისი სიძე ცოლის მოყვანაზე ფიქრობს, რასაც მოჰყვება ბავშვის ბელგიაში გადაცხოვრება. ამ ყველაფრით დათრგუნული და შეშფოთებული ბებია, გადაწყვეტს რომ სიძეს მისი უმცროსი ქალიშვილი მიათხოვოს. ფილმი სწორედ 18 წლის გოგოს განცდებზეა. მისი დიშვილი სად იქნება და ვისთან იცხოვრებს ფაქტობრივად მასზეა დამოკიდებული. ფილმის ბოლო თავად უნდა ნახოთ. მაგრამ, თქვენ რას იზამდით? დაქორწინდებოდით გარდაცვლილი დის ქმარზე და გაზრდით მის შვილს?

ფილმი რომ დამთავრდა ჩემს გვერდზე მჯდომმა ამისთვის გვაყურყუტეს აქო? მეორე გვერდზე მჯდომმა კი ცოტა გაწელილი იყოო. მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამონაკლისი აღმოჩნდა და ფილმი, რომელშიც არ არის არანაირი ექშენი, ჩემთვის საინტერესო იყო.

საღამოს დაგეგმილ ფილმზე უბრალოდ ვერ შევედი. ანჟეი ვაიდას (პოლონელი რეჟისორი) ბოლო ფილმი ლეხ ვალესას ეხება. ლეხ ვალესა კომუნისტური რეჟიმის წინააღდეგ მებრძოლი მუშა იყო. გაფიცვები 1980 წლის 14 აგვისტოს, პოლონეთში, ქალაქ გდანსკში დაიწყო. გაფიცვებს გდანსკის ნავსადგურის გათავისუფლბული მუშა, პროფესიით ელექტრიკოსი, ლეხ ვალესა ხელმძღვანელობდა. დაწყებიდან რამდენიმე დღეში საპროტესტო ტალღა გდანსკიდან მთელს პოლონეთში გავრცელდა. სექტემბრის დასაწყისში პოლონეთის მთავრობა დათმობაზე წავიდა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა მუშების საყოველთაო გაფიცვის გამო, გაჩერდა. კომუნისტურ მთავრობასა და გაფიცულ მუშებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. გდანსკის შეთანხმება იყო სოლიდარობის მოძრაობის პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება  და „ბოროტების იმპერიის“ პირველი წაგებული ბრძოლა. შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა პირველი დამოუკიდებელი ეროვნული პროფკავშირი, სოლიდარობა, ლეხ ვალესასა და მისი თანამოაზრეების მიერ. სულ რაღაც წელიწადნახევარში, მოძრაობას 10 მილიონი ადამიანი შეუერთდა. სოლიდარობა პოლიტიკური ფუნქციის მქონე ორგანიზაციად იქცა, რომელიც მშვიდობიანი გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების საშუალებით ცდილობდა კომუნისტური მთავრობის პოლიტიკისა და რეჟიმის მკაცრი პირობების შეცვლას. 1981 წლის დეკემბრიდან, მოსკოვის დირექტივითა და მხარდაჭერით, გენერალმა ვოიცეკ იარუზელსკიმ და მისმა მთავრობამ სოლიდარობა და მისი წევრები კანონგარეშედ გამოაცხადა, ათასობით ადამიანი და მათ შორის, მოძრაობის ლიდერი ლეხ ვალესა, დაიჭირა, ქვეყანაში ცენზურა დააწესა, ქუჩები სამხედროებით გაავსო და ძალისმიერად ჩაახშო სოლიდარობის ყველა საპროტესტო აქცია.  სოლიდარობის მეორე ისტორიული გამარჯვება იყო 1982 წელს ლეხ ვალესას პატიმრობიდან გათავისუფლება და 1983 წელს მისი დაჯილდოება ნობელის პრემიით, რომელიც ამ უბრალო გდანსკელმა ელექტრიკოსმა მშვიდობის დარგში დაიმსახურა. კომუნისტურმა მთავრობამ არ მისცა ვალესას ქვეყნის დატოვების უფლება პრემიის მისაღებად, მაგრამ თუ კი ის მაინც შეძლებდა პოლონეთის დატოვებას, ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა სამშობლოში. ამიტომ, ვალესამ უარი თქვა ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებაზე.

1989 წლის 6 თებერვლიდან 4 აპრილამდე გაიმართა მოლაპარაკებები მთავრობასა და სოლიდარობის ასი წევრისგან შემდგარ მოქალაქეთა კომიტეტს (Komitet Obywatelski) შორის, რომელიც „პოლონური მრგვალი მაგიდის“ სახელით არის ცნობილი. ამ მოვლენამ საბოლოოდ შეცვალა პოლონეთი. მოლაპარაკებების შედეგად, სოლიდარობა კვლავ კანონიერ ორგანიზაციად გამოცხადდა და უფლება მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, პოლონეთის სეიმში მას მხოლოდ ადგილების 35%-სთვის შეეძლო ებრძოლა, ხოლო სენატში კი ამგვარი შეზღუდვა არ არსებობდა. არჩევნებში სოლიდარობამ არნახულ წარმატებას მიაღწია: სეიმში ყველა შესაძლებელი ადგილი დაიკავა, ხოლო სენატში 100 მანდატიდან 99 მოიპოვა. მიუხედავად ასეთი მრავალრიცხვოვანი წარმომადგენლობისა, შეთანხმების მიხედვით, პრეზიდენტად კვლავ კომუნისტი ვოიცეკ იარუზელსკი აირჩიეს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი სოლიდარობის წარმომადგენელი ტადეუშ მაზოვიეცკი დაინიშნა. ის გახდა პირველი არაკომუნისტი პრემიერ-მინისტრი პოლონეთში 1945 წლის შემდეგ, ხოლო მთლიან აღმოსავლეთ ევროპაში – ბოლო 40 წლის მანძილზე.

სოლიდარობის წარმომადგენლობით დაკომპლექტდა პოლონეთის მთლიანი მთავრობა, სადაც ერთადერთი კომუნისტი თავად პრეზიდენტი იარუზელსკი დარჩა, რომელიც 1990 წელს არჩევნებში გამარჯვებით, ლეხ ვალესამ შეცვალა. ამით ლეხ ვალესა გახდა დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პირველი პრეზიდენტი პოლონეთში.

“რატომ გადავწყვიტე  ფილმის WAŁĘSA. CZŁOWIEK Z NADZIEI გადაღება ? არ მინდოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მოვიდა ჟამი, როდესაც უნდა შექმნილიყო  ფილმი რიგით მუშაკზე, რომელმაც შეცვალა ისტორიის მსვლელობა. საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ ააგეს ბერლინის კედელი. ის დაინგრა ჩემს თვალ წინ ლეხ ვალენსას წყალობით, ეს აბსოლუტურად მისი დამსახურებაა. „სოლიდარობის“ დაბადების შედეგად დაემხო კომუნისტური რეჟიმი, დაიშალა საბჭოთა კავშირი, ხოლო პოლონეთმა და საქართველომ მოიპოვეს ასე ნანატრი დამოუკიდებლობა.” – ამბობს რეჟისორი.

იდეაში საკმაოდ საინტერესო ფილმს, უბრალოდ ვერ დავესწარი. დარბაზი სავსე იყო, იმდენად რომ ხალხი ფეხზე იდგა. საბედნიეროდ აღნიშნულ ფილმს კიდევ გაამეორებენ და ვიმედოვნებ მაშინ მაინც შევძლებ ვნახო.

 

 

One thought on “Biaff დღე I

  1. Pingback: I just want to be free | სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s