3 წელი

ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ტაქსის მძღოლები არასდროს იწყებდნენ ჩემთან პოლიტიკაზე საუბარს. დღეს არ გამიმართლა. სწორედ მაგ საუბრის, უფრო სწორად მონოტონური ლექციის წყალობით, იმაზე ბევრად ადრე ჩამოვედი ვიდრე უნდა ჩამოვსულიყავი.

ადრე, რამდენიმე წლის წინ სასაფლაოების მიმართ გულგრილი ვიყავი. ხან მომწონდა, ხან არა. მოკლედ, ჩამოყალიბებული პოზიცია არ გამაჩნდა. ბოლო წლებია ვეღარ ვიტან სასაფლაოებს. მითუმეტეს ისეთ უზარმაზარ სასაფლაოს, როგორიც საბურთალოსია. სიჩუმე, სიწყნარე და ირგვლივ უამრავი საფლავი, შავი ქვები, საიდანაც ძალიან ბევრი შენი ასაკის ადამიანი გიყურებს. მძიმე და დამთრგუნველია იქ ყოფნა მაშინ, როდესაც აღდგომა არ არის. აღდგომას ხომ საფლავებზე მეტი ცოცხალი ადამიანი იყრის ხოლმე თავს და შეგრძნება, რომ სასაფლაოზე ხარ სადღაც ქრება.

მინდვრის ყვავილები ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა. მართალია კარგი სუნი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გულზე ჩახუტებულს მიმქონდა, არ მინდოდა გაფუჭებულიყო, ან რამე მოსვლოდა სანამ მე მივაღწევდი. გზად არავინ შემხვედრია, არც-ერთი ცოცხალი არსება, ცხადია გველებს თუ არ ჩავთვლით.

ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების, რომლებიც მკვდრებს, უფრო სწორად საფლავის ქვებს ელაპარაკებიან. მაგრამ დღეს მივხვდი რატომ უჩნდებათ სურვილი ლაპარაკის. თითქოს იქ სტუმრობ იმას, ვინც ქვის ქვეშაა დასაფლავებული. მართალია ვერ ხედავ, ვერ გრძნობ, ვერ აღიქვამ, მაგრამ მაინც, შეგრძნება რომ სტუმრად ხარ მისული არ გტოვებს. მინდოდა საუბარი მარიამთან, მაგრამ არა ქვასთან, ამიტომ ისევ ჩემთვის დავიტოვე სათქმელი. და ასე გაგრძელდება წლები.

იმ შეგრძნების გამო რომ მე(!) მაკლია და მე(!) მენატრება, მგონია რომ ადამიანები იმდენად ეგოისტები ვართ, რომ საკუთარი მეგობრის გარდაცვალების შემდეგაც საკუთარ თავს ვგლოვობთ.

3 წელი გავიდა. ისევ ისე მტკივა როგორც 3 წლის წინ და მგონი სიკვდილის მიერ მიყენებული ტკივილი ერთადერთია რასაც დრო ვერ კურნავს.

7 thoughts on “3 წელი

  1. LiLaC

    😦 რა სამწუხაროა… ზუსტად იმ დღეს ვფიქრობდი – ყველაზე ახლო ადამიანი, ვინც გარდამეცვალა, ბაბუაა… რომელიც 80 წლის იყო და ითქმის, რომ იცხოვრა, მაგრამ მაინც არ გვინდოდა მისი წასვლა და მასაც ენანებოდა სიცოცხლე დასატოვებლად.
    აი, ახალგაზრდებზე კი სიტყვებიც არ მყოფნის. უსამართლობაა…

    Reply
  2. Mari

    “მგონია რომ ადამიანები იმდენად ეგოისტები ვართ, რომ საკუთარი მეგობრის გარდაცვალების შემდეგაც საკუთარ თავს ვგლოვობთ”
    არადა, ჩვენთვის ყველაფრის მიუხედავად მაინც ყველაფერი გრძელდება და მაინც შევძლებთ კარგად ვიყოთ, მაინც გავიცინებთ და ბედნიერებიც ვიქნებით. ისინი კი ვეღარაფერს მოასწრებენ. ესაა ყველაზე დიდი ტკივილი და არა ის, რომ “მე(!) მაკლია და მე(!) მენატრება”.

    Reply
  3. Kate

    “მძიმე და დამთრგუნველია იქ ყოფნა მაშინ, როდესაც აღდგომა არ არის. აღდგომას ხომ საფლავებზე მეტი ცოცხალი ადამიანი იყრის ხოლმე თავს და შეგრძნება, რომ სასაფლაოზე ხარ სადღაც ქრება.” ზუსტად!

    მარიამი ვინ იყო?😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s