Monthly Archives: April 2020

Home alone: აღდგომა

რაღაცნაირი უღიმღამო აღდგომაა.

როგორც წესი ამ დღეს დილით ადრე მამა გვაღვიძებდა ხოლმე “ქრისტე აღსდგაო” შემოგვძახებდა და ბედნიერი ელოდა როდის ვუპასუხებდით “ჭეშმარიტად აღსდგას”. შემდეგ სამზარეულოში გველოდა როდის გამოვფხიზლდებოდით და წითელი კვერცხით, პასკით და ჩაით საუზმედ გვეპატიჟებოდა. მიდიოდა სამზარეულოში “გვერდზე ჩამირტყი”, “ჩემი კვერცხი უფრო მაგარია”, “ამ კვერცხს შევინახავ” და ა.შ წინადადებები და თითქოს უჩვეულო არაფერი, ჩვეულებრივი აღდგომის დილა იყო ხოლმე. საუზმის და მილოცვების შემდეგ სოფელში მივდიოდით, პაპაჩემის სასაფლაოზე. სადაც ყოველთვის ბევრი ხალხი ირეოდა. ჯერ მარტო ჩვენი ოჯახი იმხელაა, მთელი დღე მიჰქონდა მოკითხვებს და “შენსკენ რა ხდება” ახალის გამოკითხვას. საღამოობით წუწუნს და ჯუჯღუნს ვიწყებდით, სახლში გვინდოდა, იმიტომ რომ ვიღლებოდით.

წელს ყველაფერი სხვანაირადაა. 10 საათი იქნებოდა ანას საწოლიდან ადგომამ, რომ გამაღვიძა, დრო დამჭირდა სანამ გამოვფხიზლდებოდი და ფეისბუქზე მთელი ღამის ნოტიფიკაციებს ვნახავდი, ცოტა დრო “ჭეშმარიტად აღსდგა”, “მეც გილოცავთ”, “მრავალს დაესწარით” და სხვა მსგავსი მესიჯების გაგზავნას დავუთმე. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული იმის გარდა, რომ ჩემს წინ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ეზოში ოთხი ცხენი ბალახობდა. სიწყნარე, სიმშვიდე და თბილი დღე იყო. ყველა სხვა აღდგომისგან განსხვავებული აღდგომა იყო.

ჯერ კიდევ სამი დღის წინ ვგეგმავდი, რომ ამ დღეს ჩემებთან გავიდოდი, კვერცხსაც ჩავუჭახუნებდით ერთმანეთს, ყველა პასკას შევჭამდი, რასაც ვნახავდი და სულ მინიმუმ მათთან ერთად ყოფნით ვიჯერებდი გულს. სინამდვილეში კი, ვზივარ მთელი დღე სახლში. ნახევარი საათით ვიყავი გასული მაღაზიაში და იმის ნახევარიც კიარ ვიყიდე, რაც მინდოდა. დამავიწყდა. მერე უბრალოდ სადილი მოვიმზადე და დივანზე გადმოვინაცვლე, სადაც “ნარკოსი” ჩავრთე. ხან ჩამთვლიმავდა, ხან ფეისბუქზე მოსული შეტყობინება მაღვიძებდა, ხან სხვადასხვა ადამიანებზე ვფიქრობდი და ასე გავიდა მთელი დღე.

20:43 საათია, წინ წითელი ღვინით სავსე ჭიქა მიდევს, ნება-ნება ვწრუპავ და იმაზე ვფიქრობ, რომ ძალიან უაზროდ, უშედეგოდ და უმიზნოდ მიდის დღეები. ვდგები, ვმუშაობ, მერე სერიალს ვუყურებ და ვიძინებ. შიგადაშიგ ვჭამ, ბოლო დროს ვარჯიშიც კი მეზარება. უკვე ორი კვირაა სახლში ვზივარ და იმაზე უკეთ გადამაქვს ეს ყველაფერი, ვიდრე ველოდებოდი. მაგრამ არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შევძლებ საკუთარი თავის ხელში აყვანას, რამდენად შევძლებ დავაჯერო ჩემს თავს, რომ ყველაფერი მალე მორჩება, რომ არც თუ ისე საშინელი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ვაკეთებ იმის მაქსიმუმს, რაც შემიძლია.

მყუდროდ, მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს. არსებობენ  ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, რომელთა გამოც ბედნიერი ვარ და მიხარია რომ მათ ვიცნობ. მიყვარს ჩემი ბინა და აქ ყოფნა. მიყვარს ჩემი ცხოვრება. მაგრამ დღეს სევდიანი ვარ, იმიტომ რომ რაღაცნაირი უღიმღამო აღდგომაა. არადა მიყვარს ეს დღესასწაული, სიკეთესთან და ბოროტებასთან გამარჯვებასთან ასოცირდება, სითბოსთან და სიყვარულთან და არაფერი აქვს საერთო იმ ყველაფერთან, რაც გარეთ ხდება.

იმედს ვიტოვებ, მომავალი აღდგომა იმაზე ბევრად საინტერესო და კარგი იქნება, ვიდრე ეს წელს იყო.

ესეც ჩემი პირველი აღდგომა ჩემს ბინაში.