Category Archives: თეუსუ

ბებო

ხვალ ერთი კვირა გახდება რაც ბებიაჩემი დროებით ჩვენთან ცხოვრობს. როგორც წესი მიჩვეული ვარ, რომ სახლში მე, ჩემი და, ჩემი ძმა და მშობლები არიან. ბებიასთან ერთად ღრმა ბავშვობაში, რამდენიმე კვირა ვცხოვრობდი.

როგორც კი ჩვენთან გადმოვიდა, მაშინმე მეუცხოა სახლში ზედმეტი პირი. რაღაცნაირად ვერ ვგუობდი.

ხალხს როგორც კი ახალი ვინმე ან რამე (მაგალითად ძაღლი, თუთიყუში, კატა, ბავშვი) უჩნდებათ სახლში ფეისბუქზე სტატუსები მაშინვე მათზე იწერება ხოლმე, ხოდა, მე სულ მინდება რომ ბებიაჩემზე ვწერო.

ასე მაგალითად, ერთ დილას, დილას რა, პირველ საათზე, ჩემი ოთახის კარი 5 წუთის განმავლობაში 3-ჯერ შემოაღო, მერე შემომძახა ნათი გძინავსო? კი-მეთქი და ხო კაი უბრალოდ შემეშინდა ამდენ ხანს რომ გეძინაო.
ერთ-ერთ დილას გაოცებული განცვიფრებული მიყურებს და მეკითხება, ასე ადრე რამ აგაყენაო და ის კი გადაავიწყდა რომ ტელეფონზე ბოლო ხმაზე ლაპარაკობს და დილით მე კიარა, ზამთარში დათვიც ვერ გამოიძინებს.
უყვარს ჭორაობა, თან საშინლად. თუ 2-3 საათი ისე გავა რომ ტელეფონზე არავინ დაურეკავს, არც მეზობელი ჩამოაკითხავს და ტელევიზორშიც არაფერია საინტერესო მაშინვე ჩემთან მორბის და მიყვება საავადმყოფოს ამბებს, რომლებიც უკვე ბევრჯერ მომიყვა.
ბებიაჩემი ივანიშვილს უჭერს მხარს, სჯერა მისი და უყვარს წულუკიანი. თუკი ქვეყანაში რამე კარგი კეთდება ივანიშვილის დამსახურებაა, თუ ცუდი, მაშინ მასხარა სააკაშვილს. საერთოდ, რთულია რამე აუხსნა, იმიტომ რომ არ გისმენს. ვერაფრით ვერ ავუხსენი რატომ არ შეიძლება ეკავოს ადამიანს იუსტიციის მინისტრის პოზიცია თუკი არ აქვს იურისტის დიპლომი.
გიჟდება თავის სახლზე. რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავში იყიდა. როგორც თოჯინა ეგეთიაო და აუცილებლად ჩამოდი ნახეო. კაი-მეთქი. მაგრამ რუსთავში მეგობრების სანახავად ვერ ჩავსულვარ და სახლის სანახავად ჩავალ?!
ბებიაჩემს ხმამაღლა ლაპარაკი უყვარს. დილით ადრეც და შუაღამისასაც. არ ვიცი რატომ, უბრალოდ სულ ხმამაღლა ლაპარაკობს. პრინციპში, რაც თავი მახსოვს მისი საუბრის მანერა არ შეცვლილა.
ბებიაჩემს ძალიან უნდა რომ ვიმე კარგი, მაღალი, მხარბეჭიანი, აი ჩვეი თორნიკესნაირი (ჩემი დეიდაშვილი) ბიჭი შევიყვარო, გავთხოვდე და შვილი მყავდეს. პირველად როცა ვუთხარი არ მინდა ვიმეს შეყვარება-მეთქი, აბა შვილი არ გიდაო? შვილს ისე გავაჩენ-მეთქი და ნაბიჭვარი შვილთაშვილი არ მინდაო. ბოლოს ბრძოლის თავი არ მქონდა, დავნებდი და ჩემს ოთახში შევიკეტე,
ძალიან უყვარს ჩემს ოთახში შემოსვლა და ჩემი სარკის წინ ტრიალი.
ნაოპერაციები ადილი სტკივდება მაშინ როცა ყურადღება აკლდება, ან როცა სტუმრები მოდიან მის სანახავად 🙂
ძალიან ეშინია სიკვდილის. სულ სიკვდილზე ფიქრობს და ნატრულობს თქვენს (შვილიშვილების) ქორწილს მაინც მომასწრო რომ კარგად ვიცეკოო.

კაი ტიპები არიან ბებოები  ^_^

p.s ტელევიზორს იმხელა ხმაზე უსმეს ყველა ოთახში ისმის აბსოლუტურად -_-

კი, კი დაგვერხევა :))

დღეს ბოლო გამოცდა გადავწერე.

როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი თეუსუ თსუ–ს უერთდება და ამის “აღსანიშნავად” ჩვენი ლექტორები ზედმეტად ლოიალურები გახდნენ და გამოცდებს კი არ ვწერთ, არამედ ვიწერთ. ერთადერთი გამოცდა რომელიც სიმკაცრით ჩატარდა ისტორია იყო, თუმცა ყველას მაინც დადებითი ქულა (21–ს ზემოთ) დაუწერა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი უფრო დაბალი ქულა დაიწერა გამოცდაზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდის პასუხები წინა დღეს “გაბაზრდა” ფეისბუქზე (როდის,როგორ ან რატომ არ ვიცი) და ყველამ უმაღლესი შეფასება მივიღეთ.

გამოცდა  სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიაში, გამოცოდა სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში, გამოცდა ინგლისურში  წინა დღეს დაკონსპექტებულიდან გადავწერე. ზოგმა წიგნიდან გადაწერა,ზოგმა გვერდზე მჯდომისგან. ჩვენ ამის უფლება მოგვცეს.

ვირო მადლიო, ჩემზეა ნათქვამი მაგრამ… რა გვეშველება მაშინ,როდესაც გამოცდებს ზევით, მაღლივში ჩაგვიტარებენ და გადაწერის კი არა გვერდზე გახედვის საშუალებას არ მოგვცემენ? კი, კი დაგვენძრევა :))

 

P.S მსგავსი თავისუფალი გამოცდები, როგორც ვიც მხოლოდ I კურსის ბავშვებს ცაგვიტარდა. ზედა კურსელები ცოტა აწამეს ^^

თეუსუ თსუ–ში, თუ როგორც…

1 იანვრიდან თეუსუს ადმინისტრაციას უფლება–მოვალეობა შეუწყდა და თეუსუ საბოლოოდ გახდა თსუ. რეორგანიზაცია დასრულდა (თითქმის). მხოლოდ სტუდენტების მონაცემების ბაზაში შეყვანაღა დარჩა, რომელიც სავარაუდოდ 14 თებერვლისთის (როცა მეორე სემესტრისთვის რეგისტრაცია იწყება) დასრულდება.

არსებობდა უამრავი კითხვა ამ რეორგანიზაციის შესახებ: ვაკეში გადავალთ?იგივე ლექტორები გვეყოლება? მაღლივში უნდა აგვყარონ? გამოცდებს ვინ ჩაგვიტარებს? ამდენი მეორე კორპუსში როგორ უნდა დაგვატიონ?კრედიტებს ჩაგვითვლიან? დაფინანსება შეგვინარჩუნდება? და ა.შ

გუშინ ჯავახიშვილში სპეციალური შეკრება მოხდა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სადაც ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი.

აღარ არსებობს ტერმინი თეუსუს სტუდენტები, ჩვენ ყველანი უკვე თსუ–ს სტუდენტები ვართ. შესაბამისად II სემესტრისთვის რეგისტრაციას გავივლით ისე, როგორც გადიან ჯავახიშვილის სტუდენტები. 14–თებერვლისთვის სავარაუდოდ ჩვენი მონაცემები უკვე შეყვანილი იქნება ბაზაში (http://sms.tsu.ge) და თუ სწავლის საფასური გადახდილი იქნება, სტუდენტი შესძლებს შეადგინოს თავისი ინდივიდუალური ცხრილი. აირჩიოს საგნები და შესაბამისად ლექტორები.

რაც შეეხება ტერიტორიულ “პრობლემას” – რეგისტრაციის დროს, როდესაც აირჩევთ საგანს, გვერდზე (სადმე) მითითებული იქნება იმ საგანში ლექცია რომელ საათზე და როდის ჩატარდება ავლაბარში, და რომელ საათზე და როდის ვაკეში. მითითებული იქნება ასევე ლექტორებიც. საკუთარი სურვილით აირჩევთ სად გინდათ ამა თუ იმ საგნის გავლა, ჭავჭავაძის #3–ში თუ ქ.წამებულის #55–ში. თუმცა სექტემბრიდან თეუსუს კორპუსი აღარ იარსებებს და სტუდენტების “გადმობარგება” საბოლოოდ მოხდება ჯავახიშვილის დანარჩენ კორპუსებში. იურისტებს არავინ არ “აგყრით” მაღლივში, დაწყნარდით.

კრედიტები გვინარჩუნდება! ის 30–კრედიტი რომელიც დავაგროვეთ ამ სემესტრში ჩვეულებრივად ჩაგვეთვლება და არ შეგვიქმნის არანაირი პრობლემას. პრობლემა არ შეექმნებათ არც მეორე კურსის სტუდენტებს. აი III და IV კურსზე მყოფ ბავშვებს ჩაეთვლებათ კრედიტები, უბრალოდ სავალდებულო საგნები შეიძლება ჰქონდეთ ძალიან ბევრი დარჩენილი.

რაც შეეხება გამოცდეს, ის უკვე ტარდება თეუსუ–ში ძველი “წესით”, თუმცა II სემესტრის გამოცდები ჩვეულებრივად ჩაგვიტარდება მაღლივში.

და საერთოდაც, შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენ უკვე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გქვიათ და შეირგეთ ეს ფაქტი.ჩაერთეთ აქტიურად თსუ–ს სტუდენტურ ცხოვრებაში და ნუ ხართ უკმაყოფილოები!

უაზრო მოლაპარაკება ანუ თეუსუს თსუ–ს უერთებენ #3

ფეიქბუქზე აქტიური მოწოდებები და “ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ თეუსუელებო” კვლავ გრძელდება. დღეს თეუსუს რექტორი და თვითმართველობის წევრები მოსალაპარაკებლად ბრძანდებოდნენ ბატონ დიმიტრი შაშკინთან. უკან დაბრუნებულებმა სააქტო დარბაზში მოგვიწოდეს და გვითხრეს რომ თეუსუს თსუ–სთან შეერთების საკითხი გადაწყვეტილიაო.

სიტყვით გამოვიდა ბატონი რექტორიც და სიმართლე გითხრათ მისი საუბრიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შევძელი,რომ უნივერსიტეტების გაუქმება და სხვა უნივერსიტეტებთან შეერთება ერთადერთი გზა არის ევროპული სტანდარტებისკენ(?!).

2010–2011 სასწავლო წელს ჩვენი უნივერსიტეტი (თეუსუ) გააგრძელებს ჩვეულ მუშაობას, ჩვეულ რეჟიმში, ჩვეული ლექტორებით, მხოლოდ თსუ–ს ლოგოს ქვეშ. მეოთხე კურსდამთავრებულები მიიღებენ თსუ–ს დიპლომს.თუმცა ჩემთვის გაურკვეველია, სტუდენტს,რომელმაც გაიარა აბსულუტურად სხვა საგნები და სხვა პროგრამა როგორ უნდა გადაეცეს სხვა უნივერსიტეტის (თუნდაც თსუ–ს) დიპლომი. ასევე წარმოუდგენელია ჩემთვის ერთი უნივერსიტეტის ქვეშ არსებული ორი განსხვავებული ტიპის იურიდიული ფაკულტეტის არსებობა.

როგორც ზევით ავღნიშნე, ბატონ დიმიტრთან ბრძანდებოდნენ ბ.ნ რექტორი და თვითმართველობის წევრები. ერთ–ერთი მათგანი იყო აქტიური სტუდენტი თამარ შერმადინი, რომელმაც ფეისბუქის საშუალებით დაახლოებით გაგვაცნო ის საკითხები,რომლებიც განიხილეს და რომლებზეც შეთანხმდნენ:

“დღეს დილით 10სთ-ზე(ჩემთვისაც მოულოდნელად) თვითმმართველობის პრეზიდენტი მისაბიშვილი, რექტორი და მე(თამარ შერმადინი-რიგითი სტუდენტი) შევხვდით ბატონ შაშკინს და კვიტაშვილს(თსუ-ს რექტორი). ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის კითხვები, რომელიც ასე აქტუალურია.
1.ოპტიმიზაციის მოტივი-განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, თეუსუ გადაყვანა თსუ-ს ქოლგის ქვეშ რათა თსუ-ს ბიუჯეტიდან ჩვენც გამოგვიყონ თანხა
2. პირადად მინისტრმა მოგვცა სიტყვიერი გარანტია რომ ეს სასწავლო წელი ყოველგვარი ცვლილების(შენობა, ლექტორი, შეფასების სისტემა) გარეშე დამთავრდება. ხოლო მომავალი წლისათვის თეუსუსა და თსუ-ს სპეციალური კომიტეტები იმუშავებენ.
3. ფაკულტეტები რომელიც არ აქვთ-აუცილებლად შენარჩუნდება”

ამ ყველაფრის მოხსენებას სააქტო დარბაზში აპირებდნენ. ჯერ არსებულმა “ბაზარმა” შეუშალა ხელი, შემდეგ ქვევიდან დარეკეს და ჯერ გვთხოვეს შემდეგ მოგვთხოვეს, თუ შეიძლება დატოვეთ მეოთხე სართული, შესაძლოა ჩაინგრესო (?!). უკაცრავად და, თუ ასეთი საფრთხე არსებობს, რა თავებს ვიკლავთ ამ შენობის შესანარჩუნებლად?

საბოლოოდ გამოვიდა,რომ აქციის საფუძველი აღარ არსებობდა, რადგან აღარ იყვნენ ინფორმაციულ ვაკუუმში და დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ რაც უკვე იცოდნენ. ანუ ისევ გაურკვევლობაში ვართ. გარკვეული მხოლოდ ეს ერთი წელია. რა გველის სექტემბრიდან არავინ იცის.

მიუხედავად თითქოს უკვე გარკვეული ყველა უცნობი ფაქტისა, მაინც ვრცელდება შემდეგნაირი ჭორები: “გვაბოლებენ,ჩვენ მაღლივში გადავყავართ”, “თსუ–ს პირველი და მეორე კორპუსებიც გაყიდულია და ისინიც მაღლივში მიდიან”, (მაგრამ ამ მაღლივში რამდენი უნდა დავეტიოთ ვერ ვხვდები), “გაერთიანდება ფაკულტეტები და სწავლას გავარძელებთ ისე,როგორც რიგითი თსუ–ელები”… მოკლედ,როგორც ჩანს ისევ ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ და საითკენაც ქარი წაგვიღებს იქითკენ მივექანებით  “ვითარცა ლერწმის რტო”.

ბატონ დიმიტრი შაშკინს ისე  გამოუვიდა, თითქოს  “სახელმწიფო უნივერსიტეტია და რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ვუზამოო”.

თეუსუს აქცია ანუ თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ #2

როგორც წინა პოსტში აღვნიშნე ჩვენს უნივერსიტეტს გარკვეული საფრთხე ემუქრება. ამასთან დაკავშირებით თეუსუს ეზოში გაიმართა აქცია, მოთხოვნით: “არ გვინდა თსუ”, “ჩვენ გვიყვარს თეუსუ”, ეზოში დაიარებოდა ლოყადაყატული ხალხი, რომლებსაც ეწერათ “I♥‌TEUSU”. მე მესმის მათი და ვუერთდები მათ პროტესტს მხოლოდ იმ საკითხში რომ გადაგვიარეს.

მაგრამ მსგავსი აყალმაყალით და ყვირილით ნამდვილად არამგონია რამეს მივაღწიოთ. მარტივ მაგალითს მოვიყვან: გრეჩიხა და რამოდენიმე ასეული ადამიანი თითქმის 40–დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ ხელისუფლებას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. შედეგი ყველამ მშვენივრად ვიცით. უნივერსიტეტი და მისი შიდა სამზარეულოც თითქმის სახელმწიფოა და სახელმწიფო თავის პოლიტიკას ატარებს.ისევე როგორც სახელმწიფო არ ითვალისწინებს ხალხის აზრს (მაგ: ავტობუსების გაუქმება/შეცვლა), ისევე უნივერსიტეტის ხელისუფლება არ ითვალისწინებს სტუდენტების აზრს (არ შეერთებასთან დაკავშირებით), ანუ მსგავსი გამოსვლებით და წივილ–კივილით შედეგი არ გვექნება უზაააარმაზარი.

თვითმართველობამ გადაწყვიტა ეს ბრბო (მაპატიეთ, მაგრამ თითოეული თქვენთაგანი ბრბოს ნაწილს წააგავდა) სააქტო დარბაზში “შეეყარა” და იქ წყნარად, ყვირილის გარეშე გადაეწყვიტათ ყველაფრი. გადასაწყვეტი თითქოს არაფერია, მაგრამ:  ა) ჩამოსაყალიბებელია რას და რატომ ვითხოვთ; ბ) ჩამოსაყალიბებელია როგორ ვაპირებთ მიზნის მიღწევას; გ) ასარჩევია ჯგუფი რომელიც უხელმძღვანელებს გარკვეული საკითხების მოგვარებას (მაგ: მოლაპარაკებებს); დ) გასაკეთებელი კიდევ ბევრია…

თუმცა,  ჯერ ხომ გამიშვი გამატარე იყო შესვლაზე, შემდეგ დამშვიდდით დაწყნარდის ძახილი… როგორც იქნა ასე თუ ისე ჩაწყნარდნენ და დაიწყო თვითმმართველობის ერთ–ერთმა წევრმა და განგვიმარტა,რომ აქ იმისთვის შევიკრიბეთ რომ ჩამოვწეროთ რას ვითხოვთ და რას ველოდებით, ოღონდ ყაყანის გარეშეო… ბოლო სიტყვები თქვა და უკვე ბაზარი შეიქმნა. ამ ხალხს მოსმენის და საუბრის კულტურა არ გააჩნია. მოდი და ნუ დაუძახებ ბრბოს. ყველა თავისთვის უბერავდა, ყველა თავის გულისნადებს აპროტესტებდა, ზოგი მასხარაობისთვის და გასართობად იყო მოსული….

მოკლედ, ავდექი და წამოვედი. იქ გამჩერებელი ნამდვილად არ ვიყავი, მითუმეტეს ვიცოდი,რომ ვერანაირ გადაწყვეტილებას ბრბო ვერ მიიღებდა. მართალიც ავღმოჩნდი, ხვალაც ანალოგიურს აპირებენ, ოღონდ ამჯერად როგორც გავიგე თვითმმართველობის პრეზიდენტი, შოთა მისაბიშვილი პასუხისმგებლობას იღებს ორგანიზება გაუწიოს ალექსანდრე კვიტაშვილთან და განათლების სამინისტროს წარმომადგენლობასთან შეხვედრას. ხვალ (04.11.10) თეუსუს სტუდენტების სახელით ჯგუფის დელეგატები კითხვებს და წინადადებებს ჩამოაყალიბებენ, ხოლო ზეგ(05.11.10) იქნება ოფიციალური შეხვედრა სტუმრებთან, გაირკვევა თეუსუს საბოლოო ბედი.

მე მაინც წარმატებებს გისურვებთ, მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მინდა თსუ–ში.

განაჩენის მოლოდინში ანუ თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ

გუშინდელის მერე დიდი ამბებია ატეხილი თეუსუში და ფეისბუქზე.
საქმე იმაშია,რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სრულიად დამოუკიდებლად და ყველანაირი უფლებების დარღვევით ბატონმა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა შეუერთდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.თუმცა საბოლოო “განაჩენი” გამოტანილი არ არის. ხვალ, პარლამენტში განიხილება ეს საკითხია და ალბათ  გავიგებთ რას გვიპირებენ.
თეუსუში მომუშავე პროფესორები,დეკნები,ლექტორები რჩებიან უსამსახუროდ.

დავიწყებ იმით,რომ მსგავსი ქმდება და გადაწყვეტილება ჩვენთვის, თეუსუელებისთვის არის თავზე დაჯმა და უფლებების დარღვევა. ფეხქვეშ თელავენ იმ მომუშავე ლექტორებს, სტუდენტებს და ყველას, ვისაც რაიმე შეხება აქვს თეუსუსთან. იკიდებენ ჩვენს,სტუდენტების, ინტერესებს და მოქმედებენ საკუთარი შეხედულებებისამებრ.

რა თქმა უნდა ვიცოდი,რომ ადრე თუ გვიან დაიწყებოდა უნივერსიტეტების შემცირება,რადგან 8+4 გამოცდის ჩაბარებას ყველა აბიტურიენტი ვერ შესძლებს, შესაბამისად უნივერსიტეტებში დარჩება ბევრი თავისუფალი ადგილი. მთავრობისთვის კი სასურველია ნაკლები უნივერსიტეტი,რომელიც თავისთავად ნაკლებ ხარჯებს უდრის. თუმცა, იმედი მქონდა რომ წინასწარ, მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც გაგვაფრთხილებდნენ თავიანთი გეგმების შესახებ, ისევ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეგვეკითხებოდნენ აზრს და ისე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას შეერთება არ–შეერთებასთან დაკავშირებით თუმცა, როგორც ავღნიშნე დაიკიდეს ყველაფერი და ხვალ გვეტყვიან პასუხს.

განაჩენის მოლოდინს ჰგავს, ოღონდ იმ განსხვავებით,რომ ჩვენ არ ვიცოდით განაჩენი თუ გამოჰქონდათ. თეუსუს სტუდენტები მოითხოვენ საკუთარი ინტერესების დაცვას და ამისთვის აქციების გამართვასაც გეგმავენ,თუნდაც არ ჰქონდეს შედეგი.

ჩვენს უნივერსიტეტს თავი რომ დავანებოთ გადავინაცვლოთ თსუ–ს უნივერსიტეში, დავიჯერო იმათთვის სასიამოვნო იქნება შემოხიზნული “სასტავი”? ასე მგონია დაიყოფა ჯგუფებად: “ისინი” და “ჩვენ”.

არ დავიწყებ ამ პოსტში თსუ–ს და თეუსუს შედარებას და დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამოთვლას. მხოლოდ იმას ავღნიშნავ,რომ მე მიხარია იქ გადასვლა, მაინც ამას ვგეგმავდი პირველი კურსის დახურვისთანავე. თუმცა არანაკლებ მაღიზიანებს ჩემი უფლებების დარღვევა!

P.S სადღაც ერთი კვირაა ისიც გავაცნობიერე,რომ ჩემი ჯგუფი მიყვარს და მიუხედავად ამისა მაინც დიდი სიხარულით შევუერთდები ჯავახიშვილს, უნივერსიტეტს სადა არ მეყოლება ჯგუფი.

პრობლემა ჩემში ყოფილა

როდესაც რაიმე ახალს არც თუ ისე კარგ ხასიათზე და არც თუ ისე კარგი განწყობით ხვდები, პირველი ემოცია დიდხანს გრძელდება და პირველი შთაბეჭდილება ხშირად სამუდამოა ხოლმე, განსაკუთრებით ადამიანების და რაიმე საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ.

როდესაც ჯგუფთან ერთად ექსკურსიაზე მივდიოდი არ ვიცი რისი, მაგრამ რაღაც კარგის (თუნდაც მცირედის) იმედი მქონდა. თითქოს მეგონა რომ აუდიტორიაში არსებული სიტუაცია შეიცვლებოდა.

მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ გამუდმებული უკმაყოფილება ჩემში არსებული პროტესტის ბრალია. პროტესტისა რომელიც ჯავახიშვილს უკავშირდება და აკვიატებულ სურვილს იქ ყოფნისას.

ისიც ჩემი ბრალია,რომ ვერ ვერთობი “ამის პატრონმა რა ქნას” თამაშით, როდესაც ფანტაზია მძღოლს ვერ სცდება, ვერ ვერთობი საშინლად უგემოვნო სიმღერების მღერით და ცანცარით, ვერ ვერთობი, როდესაც არაყს ისხამენ მუცელში და არა სხვამენ, ვერ ვერთობი მაშინ როდესაც დანაყრების მერე ყველა თავის პონტშია და დანარჩენები კიდია, ვერ ვერთობი მაშინ როსესაც 2–3 ადამიანი ცეცხლთან ჭორაობს, 2–3 სკამზე ზის, 2–3 ვიღაცის ტვინის ბურღვას უსმენს (სიმართლესაც რომ ლაპარაკობდეს მთვრალი ადამიანის მონოლიგი ყოველთვის ტვინის ბურღვაა), 2–3 სულ “სხვა სამყაროშია”… მოკლედ, ერთი შეხედვით უკმაყოფილი დავრჩი, თუმცა მთლიან დღეს საბოლოოდ მაინც არ ვთვლი ტყუილად გადაყრილ დროთ…

ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს!

სტუდენტობა ისეთი,როგორიც მინდოდა

ხშირად მეკიტხებიან აღმოჩნდა თუ არა სტუდენტური ცხოვრება ისეთი როგორიც მეგონა.

ჩემი პასუხი ყოველთვის უარყოფითია.

როგორი მეგონა?

პირველ რიგში მინდოდა რომ ჯგუფი მყოლოდა ბევრად აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელური. მერე იმედი მქონდა რომ რაღაც სამსახურს ვნახავდი, მიმიღებდნენ და ვიმუშავებდი. მექნებოდა ხელფასი და დილით გზის ფულის გამორთმევა მაინც აღარ დამჭირდებოდა. არ მინდოდა ლექციების დასრულების შემდეგ გადავსულიყავი ქუჩაზე,დავლოდებოდი 169 ნომერ “მარშუტკას” და წამოვსულიყავი სახლში. არ მინდოდა სახლში ერთი–ორი საათი მეწუწუნა იმაზე,რომ ხვალ სემინარი მაქვს და რომ აუარება მაქვს სასწავლი, არ მინდოდა რომ საღამოს ჩვეულებრივად გამომერთო კომპიუტერი და დამეძინა საშინელი განწყობით, რომელსაც დილის 8–საათზე დარეკილი მაღვიძარა გააგრძელებდა.არ მინდოდა ყოველ დილით მეფიქრა წავიდე არ წავიდეზე და ისევ ისეთი უინტერესო,მოსაბეზრებელი და პასიური დღე ყოფილიყო,როგორიც წინა იყო.

ჯერ სულ რაღაც 3 კვირაა რაც სწავლა დავიწყე და ყველაფერი წინ მაქვს? პირველ კვირაშიც მაგას მეუბნებოდნენ, მეორე კვირაშიც და ალბათ ასე გაგრძელდება იქამდე სანამ სიტუაცია არ შეიცვლება.

ჯგუფს რას ვერჩი?

არაფერს :)) ყველანი კარგები არიან, უბრალოდ ჩვენ ყველა ერთად ვერ ვქმნით ისეთ სიტუაციას რომელშიც თავს ისე ვიგრძნობდი, როგორც თევზი წყალში.

ასე რომ, ძირფასო აბიტურიენტებო წინასწარ ნუ შეიქმნით რაღაც ფანტაზიებს სტუდენტობასთან დაკავშირებით. მე თავი ისევ სკოლის მოსწავლე მგონია, რომელიც გაკვეთილების შემდეგ სახლში მიიჩქარის სამეცადინოდ

თეუსუ და მე #3

15–ში სწავლა დამეწყო.

9–საათზე დაგვიბარეს უნივერსიტეტის დარბაზში. მაგრამ რა თქმა უნდა 10–ის ნახევრამდე არაფერი მომხდარა.

რექტორი, დეკანი, ლექტორები და ა.შ გაგვეცვნენ. წაგვიკითხეს, კი არა და მოგვახსენეს, უნივერსიტეტის წესები, თხოვნები (და შემდეგ უკვე მოთხოვნები) და წარმატება გვისურვეს. ბიჭებს ეკრძალებათ (არ არის სასურველი) წვერგაუპარსავი და ქუდით სიარული. არ არის სასურველი საყურებიით “დვიჟენია”. გოგონებისთვის “დაპატარავებული” მაისურებით სიარულია მიუღებელია, რადგან ბათუმის და ზღვის დრო გავიდაო და არც ძალიან ცხელაო.

პირველი ლექცია პირველის ნახევარზე მეწყებოდა. ჩემი ჯგუფელები მიმოიფანტნენ და სულ მარტო დავბოდიალობდი წინ და უკან. საბედნიეროდ ჩემი პარალელური კლასელი ვიპოვე და ერთად გავაგრძელეთ უსაქმურობა.

პირველი ლექცია (სახელი არ მახსოვს) კომპიუტერებს უკავშირდებოდა. ლექტორი მთელი გულითა და სულით ცდილობდა ჩვენთვის “დისკტოპის”, “ბათომის”, ორჯერ სწრაფად დაკლიკვის სწავლებას… შემდეგი ორი ლექცია უკვე პრაქტიკას დაეთმო და ინტერნეტთანაც მოვხვდი. მოცემული 3 დავალება წარმატებით შევასრულე. შევქმენი სამი სლაიდი და ორი ფოტო ალბომი და დარჩენილი დრო http://www.ambebi.com – ზე ძრომიალს მოვანდომე (ხვალ დავწერ ამაზე პოსტს).

შესაბამისად კურსელების, მომიტევეთ ჯგუფელების, გაცნობა ვერ მოვახერხე. მხოლოდ ორი ბიჭის, ბესოს და თენგოს სახელები დავიმახსოვრე, ისიც იმიტომ რომ მათ შორის ვიჯექი ლექციაზე, თუ სემინარზე (რაც არის მოკლედ).

დღევანდელი დღე ოდნავ დაგვიანებით დაიწყო. მაგრამ კიდევ კაი ლექტორი არ იყო შესული (ორი დაგვიანებული სტუდენტი არ შემოუშვა). მხოლოდ ერთი ლექცია ჩაგვიტარდა და შინ გამოგვიშვა. გზად რამდენიმე ბავშვის გაცნობა კიდევ მოვახერხე. მერე რა რომ სახელები არ მახსოვს 😀 არა, ვიტყუები, რამდენიმესი დავიმახსოვრე. მაგალითად ჯგუფში ორი სოფო და ორი ხატია გვყავს, კიდევ ერეკლე,ნიკა… მოკლედ, საბოლოოდ მგონი კმაყოფილი ვარ. იმედია კარგი თუ არა ნორმალური ჯგუფი მაინც იქნება = ))

თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #2

რეგისტრაცია თეუსუ–ში 1–სექტემბერს დაიწყო.

სადღაც 7–ში მეც მივედი. ჩავაბარე ყველა საბუთი, შევავსე ანკეთასავით რაღაც და 13–ში დამიბარეს ხელშეკრულების გასაფორმებლად.

13–ში 11 საათზე უკვე იქ ვიყავი. თურმე რა ხელშეკრულებაზეა საუბარი… დარბაზი სავსეა ტელევიზიებით, დედიკოებზე ხელჩაკიდებული სტუდენტებით. თურმე ნუ იტყვი და იმისთვის დაგვიბარეს, რომ მინისტრის მოადგილეს ეცნობებინა ჩვენთვის პირველ კურსელებს 4 წიგნს გათხოვებთ უფასოდო. (ტელევიზორში თქვეს ვჩუქნითო და არ დაიჯეროთ). რამდენიმეს იქვე გადასცეს (ამსახველი ფაქტები ხომ უნდა ყოფილიყო?). 15–წუთში ბოდიში მოიხადეს, მინისტრის მოადგილეს ეჩქარება და უნდა წავიდესო. პირველ კურსელები დარჩით და წიგნები აიღეთო. მაგრამ არც ისე ადვილია ეს “დარჩი და აიღე წიგნები”. იმისათვის რომ “კუთვნილი” 4 წიგნი მიიღო, საჭიროა ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია.

გრინ მარის ველოდებოდი, თავისუფალი 10–წუთი მქონდა და ბარემ გადავიღე ის საძაგელი 3X4–ზე სურათი, გავაკეთე პირადობის მოწმობის ასლი, ვიპოვე გრინ მარი და მივედი ბიბლიოთეკაში. თურმე, წიგნების გაცემა არ შეიძლება დღეს 🙂 ესე უთხრეს და ბიბლიოთეკარს რა ექნა? მაგრამ ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს. ჩაიბარეს საბუთები, ხელი მომაწერინეს და ოთხივე წიგნი გამომატანეს, თანაც წარმატება მისურვეს და წლის ბოლოს წიგნები დააბრუნეო დააყოლეს.

მაგრამ, ყველაზე უარესი რაც დღეს გავიგე ის არის, რომ მაკროეკონომიკის სწავლა მომიწევს. ვერ ვიტან ვერაფერს რაც ეკონომიკასთან და მათემატიკასთან კავშირშია. თუნდაც სულ ოდნავ! პროტესტი გამოვთქვი რად მინდა მაკროეკონომიკა, ან პროგრამებითქო მაგრამ ვინ გისმენს.

საბოლოოდ ისიც გაირკვა რომ ხელშეკრულებები დღეს არ გაფორმდებოდა, რადგან ბევრი ხალხი იყო და არ ეცალათ. რაც თავისთავად კიდევ ერთი, პატარა მაგრამ მაინც, მინუსია. როდესაც იბარებ პირველ კურსელს რაღაცისთვის (ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გასაფორმებლად) კეთილი უნდა ინებო და “დაპირებული” გააკეთო.

2 დღე დამრჩა სანამ შევუდგები სწავლას. უკვე 2–ჯერ ვიყავი უნივერსიტეტში და ჯერ ისეთი არაფერი/არავინ მინახავს რაც უფრო შემმატებდა სტიმულს და განმაწყობდა დადებითად თეუსუს მიმართ 🙂

იმედია მომავალში გამოსწორდება.

პ.ს რაღაც ამ პოსტის მერე მგონია რომ ჰექსეს ვემსგავსები, რომელიც ყოველ ხუთშაბათს თიკო სადუნიშვილს უთვლის “მოკითხვებს”.