Category Archives: თეუსუ

სტუდენტობა ისეთი,როგორიც მინდოდა

ხშირად მეკიტხებიან აღმოჩნდა თუ არა სტუდენტური ცხოვრება ისეთი როგორიც მეგონა.

ჩემი პასუხი ყოველთვის უარყოფითია.

როგორი მეგონა?

პირველ რიგში მინდოდა რომ ჯგუფი მყოლოდა ბევრად აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელური. მერე იმედი მქონდა რომ რაღაც სამსახურს ვნახავდი, მიმიღებდნენ და ვიმუშავებდი. მექნებოდა ხელფასი და დილით გზის ფულის გამორთმევა მაინც აღარ დამჭირდებოდა. არ მინდოდა ლექციების დასრულების შემდეგ გადავსულიყავი ქუჩაზე,დავლოდებოდი 169 ნომერ “მარშუტკას” და წამოვსულიყავი სახლში. არ მინდოდა სახლში ერთი–ორი საათი მეწუწუნა იმაზე,რომ ხვალ სემინარი მაქვს და რომ აუარება მაქვს სასწავლი, არ მინდოდა რომ საღამოს ჩვეულებრივად გამომერთო კომპიუტერი და დამეძინა საშინელი განწყობით, რომელსაც დილის 8–საათზე დარეკილი მაღვიძარა გააგრძელებდა.არ მინდოდა ყოველ დილით მეფიქრა წავიდე არ წავიდეზე და ისევ ისეთი უინტერესო,მოსაბეზრებელი და პასიური დღე ყოფილიყო,როგორიც წინა იყო.

ჯერ სულ რაღაც 3 კვირაა რაც სწავლა დავიწყე და ყველაფერი წინ მაქვს? პირველ კვირაშიც მაგას მეუბნებოდნენ, მეორე კვირაშიც და ალბათ ასე გაგრძელდება იქამდე სანამ სიტუაცია არ შეიცვლება.

ჯგუფს რას ვერჩი?

არაფერს :)) ყველანი კარგები არიან, უბრალოდ ჩვენ ყველა ერთად ვერ ვქმნით ისეთ სიტუაციას რომელშიც თავს ისე ვიგრძნობდი, როგორც თევზი წყალში.

ასე რომ, ძირფასო აბიტურიენტებო წინასწარ ნუ შეიქმნით რაღაც ფანტაზიებს სტუდენტობასთან დაკავშირებით. მე თავი ისევ სკოლის მოსწავლე მგონია, რომელიც გაკვეთილების შემდეგ სახლში მიიჩქარის სამეცადინოდ

თეუსუ და მე #3

15–ში სწავლა დამეწყო.

9–საათზე დაგვიბარეს უნივერსიტეტის დარბაზში. მაგრამ რა თქმა უნდა 10–ის ნახევრამდე არაფერი მომხდარა.

რექტორი, დეკანი, ლექტორები და ა.შ გაგვეცვნენ. წაგვიკითხეს, კი არა და მოგვახსენეს, უნივერსიტეტის წესები, თხოვნები (და შემდეგ უკვე მოთხოვნები) და წარმატება გვისურვეს. ბიჭებს ეკრძალებათ (არ არის სასურველი) წვერგაუპარსავი და ქუდით სიარული. არ არის სასურველი საყურებიით “დვიჟენია”. გოგონებისთვის “დაპატარავებული” მაისურებით სიარულია მიუღებელია, რადგან ბათუმის და ზღვის დრო გავიდაო და არც ძალიან ცხელაო.

პირველი ლექცია პირველის ნახევარზე მეწყებოდა. ჩემი ჯგუფელები მიმოიფანტნენ და სულ მარტო დავბოდიალობდი წინ და უკან. საბედნიეროდ ჩემი პარალელური კლასელი ვიპოვე და ერთად გავაგრძელეთ უსაქმურობა.

პირველი ლექცია (სახელი არ მახსოვს) კომპიუტერებს უკავშირდებოდა. ლექტორი მთელი გულითა და სულით ცდილობდა ჩვენთვის “დისკტოპის”, “ბათომის”, ორჯერ სწრაფად დაკლიკვის სწავლებას… შემდეგი ორი ლექცია უკვე პრაქტიკას დაეთმო და ინტერნეტთანაც მოვხვდი. მოცემული 3 დავალება წარმატებით შევასრულე. შევქმენი სამი სლაიდი და ორი ფოტო ალბომი და დარჩენილი დრო http://www.ambebi.com – ზე ძრომიალს მოვანდომე (ხვალ დავწერ ამაზე პოსტს).

შესაბამისად კურსელების, მომიტევეთ ჯგუფელების, გაცნობა ვერ მოვახერხე. მხოლოდ ორი ბიჭის, ბესოს და თენგოს სახელები დავიმახსოვრე, ისიც იმიტომ რომ მათ შორის ვიჯექი ლექციაზე, თუ სემინარზე (რაც არის მოკლედ).

დღევანდელი დღე ოდნავ დაგვიანებით დაიწყო. მაგრამ კიდევ კაი ლექტორი არ იყო შესული (ორი დაგვიანებული სტუდენტი არ შემოუშვა). მხოლოდ ერთი ლექცია ჩაგვიტარდა და შინ გამოგვიშვა. გზად რამდენიმე ბავშვის გაცნობა კიდევ მოვახერხე. მერე რა რომ სახელები არ მახსოვს 😀 არა, ვიტყუები, რამდენიმესი დავიმახსოვრე. მაგალითად ჯგუფში ორი სოფო და ორი ხატია გვყავს, კიდევ ერეკლე,ნიკა… მოკლედ, საბოლოოდ მგონი კმაყოფილი ვარ. იმედია კარგი თუ არა ნორმალური ჯგუფი მაინც იქნება = ))

თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #2

რეგისტრაცია თეუსუ–ში 1–სექტემბერს დაიწყო.

სადღაც 7–ში მეც მივედი. ჩავაბარე ყველა საბუთი, შევავსე ანკეთასავით რაღაც და 13–ში დამიბარეს ხელშეკრულების გასაფორმებლად.

13–ში 11 საათზე უკვე იქ ვიყავი. თურმე რა ხელშეკრულებაზეა საუბარი… დარბაზი სავსეა ტელევიზიებით, დედიკოებზე ხელჩაკიდებული სტუდენტებით. თურმე ნუ იტყვი და იმისთვის დაგვიბარეს, რომ მინისტრის მოადგილეს ეცნობებინა ჩვენთვის პირველ კურსელებს 4 წიგნს გათხოვებთ უფასოდო. (ტელევიზორში თქვეს ვჩუქნითო და არ დაიჯეროთ). რამდენიმეს იქვე გადასცეს (ამსახველი ფაქტები ხომ უნდა ყოფილიყო?). 15–წუთში ბოდიში მოიხადეს, მინისტრის მოადგილეს ეჩქარება და უნდა წავიდესო. პირველ კურსელები დარჩით და წიგნები აიღეთო. მაგრამ არც ისე ადვილია ეს “დარჩი და აიღე წიგნები”. იმისათვის რომ “კუთვნილი” 4 წიგნი მიიღო, საჭიროა ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია.

გრინ მარის ველოდებოდი, თავისუფალი 10–წუთი მქონდა და ბარემ გადავიღე ის საძაგელი 3X4–ზე სურათი, გავაკეთე პირადობის მოწმობის ასლი, ვიპოვე გრინ მარი და მივედი ბიბლიოთეკაში. თურმე, წიგნების გაცემა არ შეიძლება დღეს 🙂 ესე უთხრეს და ბიბლიოთეკარს რა ექნა? მაგრამ ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს. ჩაიბარეს საბუთები, ხელი მომაწერინეს და ოთხივე წიგნი გამომატანეს, თანაც წარმატება მისურვეს და წლის ბოლოს წიგნები დააბრუნეო დააყოლეს.

მაგრამ, ყველაზე უარესი რაც დღეს გავიგე ის არის, რომ მაკროეკონომიკის სწავლა მომიწევს. ვერ ვიტან ვერაფერს რაც ეკონომიკასთან და მათემატიკასთან კავშირშია. თუნდაც სულ ოდნავ! პროტესტი გამოვთქვი რად მინდა მაკროეკონომიკა, ან პროგრამებითქო მაგრამ ვინ გისმენს.

საბოლოოდ ისიც გაირკვა რომ ხელშეკრულებები დღეს არ გაფორმდებოდა, რადგან ბევრი ხალხი იყო და არ ეცალათ. რაც თავისთავად კიდევ ერთი, პატარა მაგრამ მაინც, მინუსია. როდესაც იბარებ პირველ კურსელს რაღაცისთვის (ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გასაფორმებლად) კეთილი უნდა ინებო და “დაპირებული” გააკეთო.

2 დღე დამრჩა სანამ შევუდგები სწავლას. უკვე 2–ჯერ ვიყავი უნივერსიტეტში და ჯერ ისეთი არაფერი/არავინ მინახავს რაც უფრო შემმატებდა სტიმულს და განმაწყობდა დადებითად თეუსუს მიმართ 🙂

იმედია მომავალში გამოსწორდება.

პ.ს რაღაც ამ პოსტის მერე მგონია რომ ჰექსეს ვემსგავსები, რომელიც ყოველ ხუთშაბათს თიკო სადუნიშვილს უთვლის “მოკითხვებს”.

თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #1

სტუდენდი ვარ.. = ))

თბილისის ეკონომიკურ უერთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (თეუსუ) მოვხვდი. მეორე მეწერა. სამართლის ფაკულტეტზე.

გული დამწყდა. ჯავახიშვილში მინდოდა. მაგრამ არც ეს უნდა იყოს ცუდი უნივერსიტეტი. თუ არ “დამევასება” გადავიტან საბუთებს და ეგ იქნება 🙂

ამ უნივერსიტეტზე უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად მის ოფიციალურ ვებ–გვერდს (www.teusu.edu.ge)ვესტუმრე და რბილად რომ ვთქვათ გაწბილებული დავრჩი. ოფიციალური ვებ–გვერდი, ეს ისეთი რამეა, რაც ყოველთვის უნდა გქონდეს მოწესრიგებული და ყველა გვერდი უნდა იყოს შევსებული და დალაგებული. სამართლის ფაკულტეტის გრაფა თავისუფალია და ამშვენებს წარწერა “webserver.sanet.ge”. სტუდენტებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი გვერდი “მზადების პროცესშია”, არც რეგისტრაციის და სწავლის დაწყება/დამთავრების დროებია მითითებული.

მოკლედ, პირველი შთაბეჭდილება რომელიც ვებ–გვერდის საშუალებით უნდა მიმეღო უარყოფითია. იმედია, რომ მივალ მსგავსი სიტუაცია და გაუგებრობები არ დამხვდება.

p.s არავინ ხართ ამ უნივერსიტეტში ვისაც გიცნობთ? = ))