Category Archives: მოგზაურობა

რუმინეთი – დღე I და ბუქარესტი

საუკეთესო, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთო, მოგზაურობაა. შესაძლოა ყოველდღიურად ბევრ პატარ-პატარა რამეს ვიკლებ, მაგრამ სამომავლო მოგზაურობისთვის ფულის დაზოგვა ერთი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.

მარტო არასდროს მიმოგზაურია, მაგრამ მაგის სურვილი დიდად არც მაქვს. მიყვარს ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყნიდან ქვეყანაში და ქალაქიდან ქალაქში ბოდიალი, შთაბეჭდილებების და ემოციების იმ წუთას გაზიარება და არა მოგვიანებით, პირისპირ საუბრისას თუ FB პოსტის საშუალებით.

რუმინეთში ჩემი მოგზაურობა საშინლად დაიწყო. ყველაზე მეტად ვიზზეარზე ვნერვიულობდი (პირველად ვიფრინე) და ყველაზე ნაკლები პრობლემა სწორედ ამ ავიაკომპანიამ შექმნა – თავის დროზე გაფრინდა, ჩაფრინდა და გადასარევადაც ვიფრინე. ძალიან კომფორტულია პირდაპირი ფრენა.

ქუთაისამდე მისასვლელ ყველაზე კარგ ვარიანტად “ჯორჯიან ბასი” მეგულებოდა. ავტობუსის განრიგი რეისებსაა მორგებული და პირდაპირ აეროპორტში მიდის. ერთი შეხედვით ძალიან მიმზიდველად ჟღერდა, მაგრამ ავტობუსმა თბილისიდან გასვლა 25 წუთით დააგვიანა, ჩასვლა კი საათზე მეტით. ჩემი ფრენა 5 საათზე იყო, რეგისტრაცია, როგორც ხდება ხოლმე, 2 საათით ადრე, სამზე იწყებოდა. 14:45 იყო, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავით ქუთაისში შესულები. ავტობუსში საშინელი სუნი დადგა, რაღაც ნაწილი გაუფუჭდა და ბოლი აუვიდა. მძღოლმა ვერ გაარკვია რა ხდებოდა, ძრავს დიდხანს აკვირდებოდა, მერე ვიდეოქოლით დაურეკა ვიღაცას და იმანაც სასარგებლო ვერაფერი ურჩია. საბოლოოდ, დაახლოებით 45 წუთი, კონდიციონერის გარეშე, მოძრავი საუნით ვიმგზავრე. საბედნიეროდ რეგისტრაცია დროულად გავიარე და ფრენაც გადასარევი გამოდგა.

მეორე “თავგადასავალი” და ნერვიულობა რუმინეთში, საზღვარზე მელოდებოდა. მესაზღვრემ საბუთები დეტალურად შეამოწმა (არ მაქვს ამაზე პრობლემა, მისი უფლება და მოვალეობაა) და საბოლოოდ დაკითხვაზე გამიყვანეს. გამჩხრიკეს, უნებართვოდ გახსნეს ჩემი საფულე, ამოალაგეს ნივთები, გადათვალეს ფული და ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი მათთან თავი. არ ვიცი რა უნდოდათ, რატომ გადაწყვიტეს, რომ სანდო არ ვიყავი, მაგრამ საშინელი წუთები იყო. საბედნიეროდ, უსიამოვნო მომენტები ამით დასრულდა.

როდესაც ვამბობდი რუმინეთში მივდივარ-მეთქი, ალმაცერად მიყურებდნენ, ჩვენზე დაქცეულ ქვეყანაში რატომ მიდიხარო და მეც ცოტა შიშით ველოდებოდი. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რაც არ უნდა დამხვედროდა, მაინც მომეწონებოდა. საქართველოს გარეთ ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად, და ბევრი არც არაფერი მინდოდა პრინციპში.

ბუქარესტი

პირველივე ემოცია, რაც აეროპორტიდან გამოსვლისას დამეუფლა, ქვეყნის სიიაფე იყო. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივდივარ, ბეეევრად იაფია. ბუქარესტში კი ტაქსი გამოვიყენე, რაც 41 ლეი, დაახლოებით 9 ევრო დაჯდა.

წინასწარი განწყობით, ბუქარესტი არ უნდა მომწონებოდა, მაგრამ იმაზე კარგი გამოდგა, ვიდრე ველოდებოდი.

ტრიუმფალური თაღი, რევოლუციის მოედანი, საინტერესო ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, მუზეუმები, ეკლესიები და უზარმაზარი სკვერები, საინტერესო შენობები და ოლდ თაუნი – სასიამოვნო იყო ამ ქალაქის ქუჩებში ბოდიალი.

ბუქარესტის პარლამენტის შენობა ფართობით მეორე ადგილზეა პენტაგონის შემდეგ და 6000 ოთახისგან შედგება. იქვეა ტრიუმფალური თაღი, რომელიც 1920 წელს, პირველ მსოფლიო ომში მებრძოლი რუმინელი ჯარისკაცების საპატივცემულოდ, აიგო. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ღია ცის ქვეშ, 1936 წელს გახსნილი ეთნოგრაფიული მუზეუმია. მუზეუმი ბუქარესტის ყველაზე დიდი პარკში, Herastrau-ში მდებარეობს და იქ სეირნობისას ძველ, ტრადიციულ რუმინულ სახლებს, ხის ეკლესიებს და სხვადასხვა ინსტალაციებს შეხვდებით, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებიდან (მთლიანი ქვეყნის მასშტაბით) ერთად მოუყარეს თავი. მუზეუმში შესვლა ზრდასრულებისთვის 15 ლეი (დაახლოებით 3.5 ევრო) ღირს, სტუდენტებისთვის კი 4 ლეი, ერთი ევროც კი არ გამოდის. მუზეუმში ჩვენი ID ბარათი, რომელსაც წარწერა “სტუდენტი” აქვს ჭრის 🙂

ethnographic museum in Bucharest

ბუქარესტში ყოფნისას აუცილებლად უნდა გაისეირნოთ Victoriei ავენიუზე. ამ ქუჩაზე სეირნობისას სხვადასხვა ისტორიულ და საინტერესო შენობა-ნაგებობებთან ერთად, ბევრ მუზეუმსაც აღმოაჩენთ. აქვეა რევოლუციის მოედანი, სადაც სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა რუმინეთის კომუნისტი მეთაური ნიკოლაი ჩაუშესკუ, სამი დღის შემდეგ კი, ის და მისი ცოლი მოკლეს. მოედანზე შეგიძლიათ იხილოთ სამეფო სასახლე და ხელოვნების მუზეუმი.

ოლდ თაუნი, რომლის შენობების ნაწილი 17-ე საუკუნით თარიღდება, დღისითაც საინტერესოა და ღამით მით უმეტეს. კლუბები, კაფეები, ბარები და რესტორნებია, სადაც გართობა, ადგილობრივი ლუდის დაგემოვნება და საღამოს სასიამოვნოდ გაყვანაა შესაძლებელი. გართობა და ლუდის დალევა ცენტრისგან ცოტა მოშორებით, “ფაბრიკაშიც” სასიამოვნოა, თუმცა, ამ უკანასკნელს ჩვენი “ფაბრიკა” ჯობია 🙂 აქვეა 1724 წელს აშენებული ისტორიული Stavropoleos monastery .

Tiny Planet – Old Town Bucharest

დღენახევრის შემდეგ მზიანი, ცხელი და ჩახუთული ბუქარესტიდან ბრაშოვისკენ დავიძარით და გზად, ქალაქ სინაიას მახლობლად არსებული “პელეშ სასახლე” მოვინახულეთ.

Peles Palace – Romania

მეცხრამეტე საუკუნის პელეშ სასახლის მშენებლობა 1873 წლის 22 აგვისტოს დაიწყო და 1914 წელს დასრულდა. ციხესიმაგრემ სახელწოდება იქვე მთებიდან გამომდინარე მდინარის მიხედვით მიიღო. სასახლე თავის დროზე მეფის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. 1947 წელს, კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ, სასახლის ნაციონალიზაცია მოხდა და ტურისტებისთვის დაიხურა. 1989 წელის რუმინეთის რევოლუციის შემდეგ კი ციხესიმაგრე კვლავ გაიხსნა ტურისტებისთვის.

 

ციხესიმაგრე წვიმიანი, ნისლიანი და ღრუბლიანი დაგხვდა, თუმცა, რაც მინახავს იმათ შორის, ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული სასახლეა და თუ ვინმე რუმინეთში მოხვდებით აუცილებლად ნახეთ. ბუქარესტიდან დაახლოებით 2 საათის სავალ გზაზეა.

Peles Palace – Romania

Advertisements

მოგზაურობა რუმინეთში – დასაწყისი

არ ვიცი ყველა გენიალური იდეა ხინკლის ჭამის დროს მოდის თუ არა, მაგრამ ჩემი მოგზაურობა სწორედ მაგ დროს გადაწყდა. მე და ჩემი მეგობრები შუაგულ ვაჟაზე ხინკალს გეახლებოდით, როდესაც თემომ სასხვათაშორისოდ თქვა, ბუქარესტის ბილეთები საკმაოდ იაფია და ხომ არ წავსულიყავითო. მეც მეტი რა მინდოდა, წავიდეთ-მეთქი და რამდენიმე წუთში გადაწყდა, რომ უნდა წავსულიყავით. იქვე გადავავლეთ თვალი wizzair – ს ყველაზე იაფი როდის ღირდა ბილეთები და აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყისი ყველაზე კარგი პერიოდი აღმოჩნდა.

ამ შეთანხმებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ბილეთებიც ვიყიდეთ და გადაწყდა, რომ 25 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე რუმინეთში ვიქნებით.

მას შემდეგ რაც ბილეთები უკვე დავიგულეთ, ჯერი იმ ქალაქებზე მიდგა რაც უნდა გვენახა. ბევრი არც გვიფიქრია პრინციპში და ბუქარესტი, ბრაშოვი, სიგიშოარა, კლუჟ ნაპოკა და სიბიუ შეირჩა. თითო ქალაქში თითო ღამეს გავატერებთ და დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ ზღაპრული ქალაქების ასათვისებლად. გუგლზე და ინსტაგრამზე დაყრდნობით პატარა, ლამაზი და მყუდრო ქალაქებია და თითო დღე უნდა გვეყოს, ან ვიმყოფინოთ 🙂

ქალაქების შერჩევის შემდეგ ჯერი სასტუმროებზე მიდგა. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მე და თემომ ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ. Booking.com – ზე ვეძებდით ისეთს, თან ცენტრში რომ ყოფილიყო, თან ჩვენს მოთხოვნილებებს რომ აკმაყოფილებდეს და თან ძვირიც რომ არ ყოფილიყო. ასე და ამგვარად 5 ბინაც შეირჩა და დაიჯავშნა. რივიუები საგულდაგულოდ გადავიკითხეთ, ფოტოებიც დავათვალიერეთ, ლოკაციასაც კარგად დავაკვირდით და ხუთივე ქალაქის ჯავშანი მეილზეა მობრძანებული და ელოდება როდის ვესტუმრებით ^_^

ქალაქებს შორის გადაადგილება საზოგადოებრივი ტრასნპორტით რთული და ძვირი არ არის. მაგრამ რადგან ოთხნი ვიქნებით და ამ ოთხიდან ერთი გამოცდილი მძღოლია (მე არა, მე უცხო გზების მეშინია და არც გამოცდილი ვარ, პრინციპში 🙂 ) გადავწყვიტეთ რომ მანქანის დაქირავება ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. მართალია მანქანა ჯერ არ შეგვირჩევია, მაგრამ ზერელედ რასაც გადავხედეთ, შესანიშნავი ვარიანტებია, შესანიშნავ ფასად.

ცოტა ხნის წინ  B Bot – ის დახმარებით სამოგზაურო დაზღვევაც შევიძინე. მიყვარს მასთან ურთიერთობა, მარტივია. ჩატში მიწერ და 2 წუთში დაზღვევა მეილზე გაქვს. თან, როგორც აღმოჩნდა პირველი ბოტი, რომელიც დაზღვევას აკეთებს 1 წლის გამხდარა და მე, როგორც მოგზაურობის მოყვარულს სამოგზაურო ჩემოდანიც მაჩუქა! ჩემოდანს კი შესანიშნავი კისრის ბალიში, სტიკერები და ბლოკნოტები მოჰყვა.

ისღა დამრჩენია, დღეების ათვლა გავაგრძელო და 25 აგვისტომდე კალენდარზე წითელი მარკეტით ყოველი ჩავლილი დღე გადავხაზო 🙂

ბრიუსელი

პარიზში წასვლა, რომ დავგეგმე წინ კიდევ რამდენიმე არჩევანი მქონდა – მენახა საფრანგეთის ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ქალაქი – კოლმარი, ან წავსულიყავი და მენახა მონტ სან მიშელი, რომელიც ასევე ზღაპრულად კარგია, ან უბრალოდ ბრიუსელში გამესეირნა. საფრანგეთში და პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქებს თუ მასთ სი ადგილებს რომ გადავხედე იმდენია, რომ მივხვდი ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ მომიწევდა ჩამოსვლა და აუცილებლად იქნებოდა ის, რისი არ ნახვის გამოც გული დამწყდებოდა. ამიტომ, ძალიან მარტივად მივიღე გადაწყვეტილება რომ ბრიუსელში წავიდოდი.

ბილეთები დაახლოებით 3 კვირით ადრე, flixbus – ზე ვიყიდე და პარიზი-ბრიუსელი-პარიზი დაახლოებით 50 ევრომდე დაჯდა. ავტობუსი გვიან ღამით გადიოდა და დილით 8-საათზე უკვე ბრიუსელში იქნებოდა.

პარიზში, ავტობუსის გაჩერებას ცოტა წვალებით მივაგენით მე და გვანცამ. კარგია რომ ცოტა ადრე გავედით, თურმე, გაჩერების სადგური შეუცვლიათ და ჩვენ სხვაგან მივედით. რამდენიმე ავტომობილისა და ჩვენს გარდა სულიერი რომ არ ჭაჭანებდა, მივხვდით რომ სხვაგან მოვხვდით. ბოლოს, დაგვიანების გარეშე, მივაგენით ავტობუსს და ბელგიისკენ დავიძარით.

ღამით მგზავრობა კარგია, ასე თუ ისე დავიძინეთ, საზღვარი რა თქმა უნდა ისე გადავკვეთეთ რომ არაფერი გამიგია, მეძინა არხეინად. გამთენიისას უკვე ბრიუსელში ვიყავით და დასიებული თვალებით სადგურთან ახლოს მდებარე სტარბაქსს მივადექით. ცოტა ადამიანის სახის დაბრუნება განვიზრახეთ და გამოგვივიდა კიდეც 🙂

კვირა დილა იყო, ხალხი ქუჩებში არ მოძრაობდა და ჩვენც ნება-ნება მივუყვებოდით წვრილ და ლამაზ ქუჩებს. ასე სეირნობისას თურმე წითელი ფარნების ქუჩას მივადექით, რა თქმა უნდა მაშინ მივხვდით სად ვიყავით წინ რომ ტრაკი შემოგვეფეთა და მინების მიღმა გოგოები გამვლელებს ესალმებოდნენ. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გამოფხიზლებაში თავისი წვლილი შეიტანა ამ ქუჩაზე მოხვედრამ.

ბრიუსელის მთავარ მოედანზე მოხვედრამ სრული აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში. არასდროს გამომდის ჩემი ემოციების გამოხატვა და მითუმეტეს აქ გადმოცემა, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო იქაურობა რომ ცენტრში დგომა და თავის 360 გრადუსით ტრიალი მინდოდა რომ შენობების არც-ერთი ნაწილი არ გამომრჩენოდა.

პატარა, მყუდრო და ძალიან ხალხმრავალი ქალაქია ბრიუსელი. მიხარია რომ დილით ადრე, სანამ ხალხი გაიღვიძებდა, იქამდე მოვახერხე ქალაქის დიდი და მთავარი ნაწილის ნახვა. დღის მეორე ნახევარში ბრიუსელის მოედანზე დაბრუნება გადავწყვიტეთ და ხალხით იმდენად იყო სავსე, რომ ის ხიბლი აღარ ჰქონდა, რაც დილით, უთენია 🙂

ბრიუსელის გეგმა წინასწარ შევადგინეთ და ვეცადეთ მაქსიმალურად ყველაფერი გვენახა. მათ შორის ატომიუმიც. ატომიუმი ცოტა შორსაა და მეტროთი წავედით, ბილეთის ყიდვა ადგილზევეა შესაძლებელი, აპარატით. ატომიუმთან უზარმაზარი პარკია სადაც მშვიდად დასვენება და ბალახზე გორაობაც მოვასწარით.

ცენტრში დაბრუნებულებმა ბელგიური კარტოფოლი და ვაფლი დავაგემოვნეთ და მაღაზიების თვალიერებას შევუდექით, ყველგან შოკოლადს გვთავაზობდნენ და ჩვენც უპრობლემოდ, დიდი მადლობის შემდეგ გეახლებოდით, დღის ბოლოს სადგურზე შოკოლადით სავსე მუცლებით და ჩანთებით მივგორდით და ჩვენს ავტობუსს დაველოდეთ 🙂

 

P.S ჩემი აზრით ბრიუსელს ერთი დღე არ ყოფნის, ორი დღე მაინცაა საჭირო რომ ეს პატარა და შესანიშნავი ქალაქი, თავისი პარკებით და არაჩვეულებრივი შენობებით სრულყოფილად დაათვალიერო 🙂

პრაქტიკული რჩევები პარიზში მოგზაურთათვის

საფრანგეთის ქალაქ პარიზში მოხვედრა საქართველოს ორი ქალაქიდანაა შესაძლებელი – ქუთაისიდან და თბილისიდან. ქუთაისიდან პირდაპირ რეისს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზიარი“ ასრულებს, ხოლო თბილისიდან მოგზაურთა მსურველებს გაცილებით მეტი არჩევანი აქვთ – როგორც პირდაპირი რეისების, ისე სხვადასხვა ქვეყნების გავლით.

„ვიზიარი“ პარიზიდან მოშორებით, ბოვეში დაფრინავს. პარიზის ცენტრსა და ბოვეს შორის მანძილი დაახლოებით 90 კილომეტრია.  პარიზის ცენტრში მოხვედრა კი ავტობუსითაა შესაძლებელი. ავტობუსი ავიაკომპანიის რეისებსაა მორგებული და მისი ღირებულება 17 ევროს შეადგენს, თუ ბილეთს წინასწარ, ონლაინ იყიდით მისი ღირებულება 15 ევრომდე იქნება. გზას დაახლოებით  1 საათი სჭირდება. ავტობუსის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სალაროში ან ბილეთების განკუთვნილ აპარატში.

ავიაკომპანიები თბილისიდან შარლ დე გოლის ან ორლის აეროპორტებში დაფრინავენ. ორლის აეროპორტიდან პარიზის ცენტრში მოსახვედრად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ავტობუსია, რომლის ღირებულებაც 8.7 ევროს შეადგენს.  ბილეთის ყიდვა ადგილზე, აპარატითაა შესაძლებელი. ქალაქში შესვლისას, ბოლო გაჩერებამდე, ავტობუსი რამდენიმე ადგილას აჩერებს, საბოლოო დანიშნულება კი   Denfert-Rochereau სადგურია, საიდანაც თავისუფლად შეგიძლიათ მოხვედრა პარიზის ნებისმიერ წერტილში.  მგზავრობის დრო დაახლოებით 25-35 წუთს შეადგენს.
ორლის აეროპორტიდან ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://goo.gl/TRsDHC

შარლ დე გოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად ყველაზე კარგი ვარიანტი მატარებელია, რომელიც  Gare du Nord, Chatelet, St.Michel, Luxemburg, Port Royal, Denfert-Rochereau სადგურებამდე მიდის, იქიდან კი მეტროში გადაჯდომა და ნებისმიერ წერტილში მოხვედრაა შესაძლებელი.  შარლ დე გოლის აეროპორტიდან ავტობუსებიც დადიან და მისი ღირებულება 10 ევროა. ავტობუსი პარიზის ცენტრში ოპერის მოედანზე, ან შარლ დე გოლზე ჩერდება.
შარლ დე გოლის აეროპორტიდან ცენტრამდე საზოგადოებივი ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://goo.gl/Y7VtJX

ტურისტულ პარიზში გადაადგილება მეტროს და ავტობუსის საშუალებითაა შესაძლებელი. ერთი ბილეთის ღირებულება 1.9 ევროა და მისი გამოყენება 2 საათის განმავლობაში რამდენჯერმე შეგიძლიათ. ერთიანად 10 ბილეთის ყიდვის შემთხვევაში ერთის ღირებულება 1.49 ევრო გამოდის. ამ შემთხვევაში ბილეთი ერთჯერადია და მის გამოყენებას მხოლოდ ერთხელ შესძლებთ.  პარიზის მეტროზე მოარული ლეგენდა დადის, რომ მის ლაბირინთებში გარკვევა რთული და შეუძლებელია. როდესაც თბილისიდან, ისეთი ქალაქიდან მიდიხართ, სადაც მეტროს მხოლოდ 2 ხაზი გვაქვს, ცოტა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. პარიზის მეტრო 14 ხაზისგან შედგება და რუკაზე და სადგურებზე ყველა მათგანი სხვადასხვა ფერითაა აღნიშნული. მეტროს ვაგონებში სადგურების აღმნიშვნელ დაფაზე ყველა სადგურის ქვეშ მითითებულია რომელ ხაზზეა შესაძლებელი გადაჯდომა. მთავარია ზუსტად იცოდეთ რომელი ხაზი გინდათ, რომელი სადგური და შეუძლებელი ნამდვილად აღარაფერი იქნება.  მოგზაურობის დროს აუცილებლად თან იქონიეთ მეტროს რუკა, რომლის აღებაც უფასოდ, მეტროს სადგურებში შეგიძლიათ საინფორმაციო ჯიხურში.

ასევე შესაძლებელია სამგზავრო ბარათის, ნავიგოს ყიდვა. ნავიგო არის 1 კვირიანი ან 1 თვიანი და განსხვავდება ზონების მიხედვით. ჩემი რჩევაა, რომ იყიდოთ ისეთი ბარათი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარს ქალაქის ყველა ზონაში გაგიხსნით. 1 კვირიანი ნავიგოს ღირებულება 22.8 ევროა, ხოლო ერთთვიანის ღირებულება 75.2 ევროს შეადგენს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთ კვირიანი ნავიგო აქტიურდება ორშაბათ დღეს და სრულდება კვირას, 11:49 საათზე. თუ ნავიგოს მაგალითად ოთხშაბათს შეიძენთ, მისი ვადა მაინც კვირა დღეს ამოიწურება.
ნავიგოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე – http://www.navigo.fr/ ან  https://goo.gl/xxsM1Z

პარიზი თავისი მუზეუმებითაა სახელგანთქმული, რომელთა ღირებულებაც ბევრს არ შეადგენს, მაგრამ გთავაზობთ, რომ შეიძინოთ პარიზის მუზეუმების საშვი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თანხა. პარიზის მუზეუმების საშვი ფასებისა და დღეების მიხედვით განსხვავდება – ორდღიანი საშვის ღირებულება 48 ევროა, 4 დღიანი 62 ევრო ღირს, ხოლო 6 დღიანი – 74 ევრო. თუ თქვენ აპირებთ ლუვრში ვიზიტს (15 ევრო), ორსეს მუზეუმის დათვალიერებას (12 ევრო), ტრიუმფალური თაღის მონახულებას, თაღზე ასვლას და არაჩვეულებრივი ხედით დატკბობას (12 ევრო), თანამედროვე მუზეუმის, პომპიდუს ნახვას (12 ევრო), პარიზის ნოტრ დამის ფასიანი ადგილების მონახულებას (10 ევრო), პანთეონში გასეირნებას (8.5 ევრო), როდენის ნამუშევრების დათვალიერებას (10 ევრო) და ვერსალში ვიზიტს (18 ევრო) მაშინ ნამდვილად ღირს მუზეუმების საშვის შეძენა. ჩამოთვლილი მუზეუმები ჯამში 97.5 ევრო დაგიჯდებათ, 6 დღიანი საშვის ღირებულება კი 74 ევროს შეადგენს. გარდა ჩამოთვლილი მუზეუმებისა, კიდევ ბევრ ადგილს და მუზეუმს შეგიძლიათ ესტუმროთ, რომელსაც ალბათ არც ნახავდით თანხის დაზოგვის მიზნით. ამ საშვის უპირატესობა ისაა, რომ ერთი და იგივე მუზეუმს რამდენჯერმე შეგიძლიათ ესტუმროთ. მუზეუმების საშვის ყიდვა შესაძლებელია ორლის და შარლ დე გოლის აეროპორტებში, ასევე მუზეუმებშიც.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე – http://en.parismuseumpass.com

მუზეუმში შესვლისას, საინფორმაციო დახლთან აუცილებლად მოიკითხეთ მუზეუმის რუკა, განსაკუთრებით ისეთ დიდ მუზეუმებში როგორიცაა ლუვრი, ორსეი, ვერსალი და მოინიშნეთ ის ადგილები, რომელთა ნახვაც აუცილებლად გსურთ. თუ დრო დაგრჩებათ, ესტუმრეთ იმ დარბაზებსაც, რომლის მიმართაც ინტერესი დაბალი გაქვთ. ჩემი რჩევაა, რომ დიდ მუზეუმებს ეწვიოთ დღის პირველ ნახევარში, სანამ ჯერ კიდევ გექნებათ შემართება და ენერგია, რომ თითოეული ნამუშევარი კარგად ნახოთ.  თუმცა, თუ კი მუზეუმებს დღის ბოლოს, დახურვამდე 2-3 საათით ადრე ესტუმრებით, დიდი შანსი გაქვთ რომ რიგში დგომა და დროის კარგვა არ მოგიწიოთ.

აუცილებლად გადაამოწმეთ მუზეუმების მუშაობის საათები, ხშირად კვირაში ერთი დღე გვიანობამდეა ღია. ორშაბათობით, ყველა მუზეუმი დაკეტილია.

პარიზი განთქმულია თავისი ფასებით. IPM-ის 2018 წლის კვლევების მიხედვით ევროპის მასშტაბით პირველ და მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილს იკავებს ძვირადღირებულ ქალაქებს შორის. თუმცა, ასეთ ძვირ ქალაქშიც კი შესაძლებელია იაფად კვება. სუპერმარკეტებში პროდუქტები საკმაოდ იაფია, შესაბამისად, თუ ბინა გაქვთ ნაქირავები შეგიძლიათ შინ მოიმზადოთ მარტივი სადილები. თუმცა, თუ სასტუმროში ხართ დაბინავებული და არ შეგიძლიათ საკვების მომზადება, შესაძლებელია დღის განმავლობაში სენდვიჩებით და ბულანჟერიის საკვებით გახვიდეთ ფონს. მაგრამ, სან მიშელზე, ლათინურ კვარტალში ძალიან ბევრი რესტორანი, კაფე და ბარია რომელიც 10-15 ევროიან მენიუებს გთავაზობენ. მენიუ 3 კერძისგან შედგება – სტარტერი, ძირითადი კერძი და დესერტი. სამივე მათგანში 2-3 შემოთავაზებაა და არჩევანი თქვენზეა – მიდიებს შეჭამთ თუ ძეხვეულის ასორტს, ლოკოკინებს თუ სალათს. სტეიკს თუ ღვინოში მოხარშულ საქონლის ხორცს, შოკოლადის ბლინს თუ კრუასანს და ა.შ. მოკლედ, რესტორნები საკმაოდ ხელმისაწვდომ და ზომიერ საუზმეს/სადილს/ვახშამს გთავაზობენ და დამეთანხმებით, 10 ევრო 3 კერძისთვის საკმაოდ კარგი ფასია.

 

და ბოლოს – პარიზი ყველასთვის ეიფელის კოშკთან ასოცირდება. თუმცა, თავად ქალაქი იმდენად დიდებული, შთამბეჭდავი და გრანდიოზულია, რომ ეიფელის კოშკი სულაც აღარ მოგეჩვენებათ ისეთი საოცრება, როგორიც წარმოგიდგენიათ. ამიტომ, საკუთარი გამოცდილებიდან, ეიფელის კოშკი პირველივე დღეს ნახეთ, სანამ სხვა რაღაცებს მოივლით. ასეთ შემთვევაში, ეიფელის კოშკი მოგეწონებათ და დადებითი ემოციებით დამუხტული დარჩებით. თუ მოგზაურობის ბოლოსთვის მოიტოვებთ, ამდენი ღირსშესანიშნაობის შემდეგ, შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეთ და ქალაქის სიმბოლო აღარაფრად მოგეჩვენოთ.

პარიზის ის ქალაქია, რომლის თითოეული ნაწილი დღის სინათლეზეც უნდა დაათვალიეროთ და ღამითაც.

სასტუმროს შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ იყოს მეტროსთან ახლოს. აუცილებელი არაა ცენტრში ცხოვრობდეთ, მთავარია მეტროს გაჩერებასთან იყოთ ახლოს.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

P.S სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ALLNEWS.GE-ზე

ზღაპრული მოგზაურობა მალტაზე

ვიზალიბერალიზაციის გამოცხადება და ბილეთების ყიდვა ერთი იყო. ბევრი ვეძებე ბევრ საიტზე, სხვადასხვა მარშრუტები ვათვალიერე და საბოლოო ჯამში ცოტათი იაფს და ბევრი დროის კარგვას, ცოტა ძვირი და თბილისიდან რეისი ვამჯობინე.

29 აპრილს გამთენიისას თურქიშ ეარლაინის თვითმფრინავში ვიჯექი და მალტისკენ მივფრინავდი. თბილისი-მალტა-თბილისი 370$ დამიჯდა.

მას შემდეგ რაც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა დაიწყო საქართველოს მოქალაქეებს გვჭირდება:
1. ბიომეტრიული პასპორტი
2. უკან დასაბრუნებელი ბილეთი
3. სასტუმროს ჯავშანი. თუ მეგობართან რჩებით მისი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და დამადასტურებელი საბუთის ასლი, რომ თქვენი მეგობარი ლეგალურად იმყოფება დანიშნულების ადგილას
4. სამოგზაურო დაზღვევა
5. ფული – დაახლოებით დღეზე 50 ევრო. შესაძლებელია გქონდეთ ნაღდი ფული, ან ანგარიშზე. ალბათ, თქვენივე კეთილდღეობისთვის, თუ თანხა ანგარიშზე გექნებათ, სჯობს თან ნაშთის შესახებ ამონაწერიც იქონიოთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთი მქონდა, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი. თუ თქვენც ჩემსავით უმიზეზო (ან სულაც მიზეზიანი) პანიკა გექნებათ ჩართული შეგიძლიათ ალდაგის ტურის დაზღვევით ისარგებლოთ. სხვა თუ არაფერი, ის მაინც გეცოდინებათ რომ თანხა (მთლიანად ან ნაწილი, გააჩნია თქვენ როგორ გადაწყვეტთ) დაგიბრუნდებათ.

მალტაზე შაბათს, 30 აპრილს, დაახლოებით 10 საათისთვის ჩავფრინდი. მესაზღვრემ დიდხანს ათვალიერა ჩემი პასპორტი, ბოლოს მკითხა რამდენი ხნით და სად ვაპირებდი დარჩენას. ამომწურავი პასუხის შემდეგ ბედნიერი დასვენება მისურვა და ქვეყანაშიც შემიშვა.

მზიანი, ზღვიანი და ძალიან ლამაზი ქვეყანაა მალტა. ვისთვის როგორ, მაგრამ მგონია რომ წყლის და ზღვის მოყვარულისთვის ნამდვილი სამოთხეა. სადაც არ უნდა იყოთ ყველგან იპოვით პატარა წერტილს საიდანაც უდიდესი და ულურჯესი ზღვა გამოჩნდება. წყლის სისუფთავე მთელი 1 კვირის განმავლობაში მაოცებდა. ვერ შევეჩვიე რომ ზღვა შეიძლება ძალიან ღრმა იყოს და მაინც ვხედავდე ფსკერს.

cristal lagoon

გადაადგილება მალტაში მარტივია. მითუმეტეს შეგიძლიათ აეროპორტშივე (უფასო WIFI-ს წყალობით ) გადმოტვირთოთ ტალინია აპი, სადაც დეტალურად არის ავტობუსების განრიგი, გაჩერებები და ა.შ და რაც მთავარია აპლიკაცია სანდოა და ძალიან გამოგადგებათ.  ავტობუსით ერთი მგზავრობა 1,5 ევრო ღირს (ზაფხულის სეზონზე 2 ევრო) ბილეთი ვალიდური 2 საათია, მძღოლთან ყიდულობთ და შეგიძლიათ სხვა ნებისმიერ ავტობუსში ისარგებლოთ. თუმცა, ჩემი აზრით, ტურისტებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტალინია ქარდია. 1 კვირიანი ბარათი 21 ევრო ღირს და 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ულიმიტოთ ისარგებლოთ ავტობუსის მომსახურებით.
საინტერესო ფაქტი – გაჩერებაზე ავტობუსს ხელი უნდა დაუქნიოთ და ისე გააჩეროთ. თუ არავინ დაუქნევს ხელს, ავტობუსი არ გაჩერდება. ანალოგიურად მგზავრობის დროს – ავტობუსიდან ჩამოსვლა თუ მოგინდათ STOP-ს უნდა დააჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობუსი არ გაჩერდება. ავტობუსი იმ შემთხვევაშიც არ გაჩერდება თუ ტრანსპორტში ბევრი ხალხია.

ყველაზე მეტად რაც მაოცებდა ქალაქების სიპატარავეა. მესმის რომ თავადაც ცუცქნა ქვეყანაა, მაგრამ შეიძლება ჩვენი ერთი უბანი მალტის რამდენიმე ქალაქსაც კი იტევდეს. მეორე რასაც ვერ შევეჩვიე საპირისპირო მოძრაობაა. ხშირად ვიბნეოდი და ვერ ვხვდებოდი სად უნდა დავლოდებოდი ავტობუსს, ან ქუჩაზე გადასვლისას რომელ მხარეს უნდა გამეხედა.

ბევრი ქალაქი ვნახე, თემოს წყალობით ბევრი ისეთი ადგილიც ვნახე სადაც ალბათ ცოტა ტურისტი ხვდება, ბევრიც ვიბოდიალე, საშინელი კედების წყალობით 7 დღიდან 6 დღე ფეხები მტიოდა და ხანდახან კოჭლობით და ხანდახან საერთოდაც ვერ დავდიოდი, მაგრამ ემოციებით სავსე და აღფრთოვანებული დავბრუნდი თბილისში. გულწრფელად ვიტყვი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მალტამ.

18198979_1288211221228692_1005320169232430601_nვგიჟდებოდი დიდ გალავნიან ქალაქებზე, დიდი თაღით რომ შედიოდი, ცუცქნა ქუჩებზე, ლამაზ და ფერად აივნებზე. ქალაქ მდინაში და ქალაქ ბირგუში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მუზეუმში დავდიოდი. ვერ ვუშვებდი იმ ფაქტს რომ ასეთ ჯადოსნურ ადგილას ხალხს შეიძლებოდა ეცხოვრა. მსგავსი ქუჩები ბევრი იყო დედაქალაქში, ვალეტაშიც. მაგრამ ვალეტაში სიცოცხლე იგრძნობა, იქ ხალხი სულ მიდი-მოდის, შოპინგია შესაძლებელი, კაფე-ბარებია, შედარებით ფართო ქუჩებიც მოიძებნება და ხმაურია.  მდინაში და ბირგუში კი სიჩუმე, სიწყნარე და ნეტარებაა. ქუჩების კუნჭულებიდან ლურჯი ზღვა რომ გიყურებს და დღეს გილამაზებს ეგეთი ქვეყანაა მალტა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კუნძული კომინო, სადაც ბლუ და კრისტალ ლაგუნებია. კუნძულზე მოხვედრა სულ რაღაც 10 ევროდ არის შესაძლებელი და სანაცვლოდ ზღაპრულ გარემოს იღებთ. ალბათ, ჩვენს ონკანებში არ მოდის ისეთი გამჭვირვალე წყალი, როგორიც იქ დამხვდა. დღის ბოლოს ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს ვუყურებდი და ვერ მჯეროდა რომ ის სილამაზე მე(!) ვნახე და იმ სილამაზეში მე(!) ვცურავდი, წყლის ქვეშ ფოტოების გადაღებასაც ვცდილობდი და ვნებივრობდი. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი თავის მშურს, ხოდა, დღესაც მშურს რომ ესეთ ადგილას მოვხვდი.
აქვე – თბილისშიც შესაძლებელია ტელეფონისთვის წყლის სპეციალური “აღჭურვილობის” ყიდვა. პარკს ჰგავს, მაგრამ გამძლე და სანდოა და ფოტოებს ხარისხსაც არ უფუჭებს.

18222658_1286225761427238_1890081183283827605_n

მალტაზე პაჩევილი აქვთ – ბარებით, კლუბებით, სტრიპტიზ ბარებით და ა.შ. პაჩევილში გართობა, დალევა და მხიარულება შეიძლება. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა ცოტა უფრო დიდი მოლოდინი მქონდა, მაგრამ თუ გული გულობს გართობა ყველგან შეიძლება.
აქვე სათქმელი – იქაური ლუდი Cisk ძალიან კარგი აღმოჩნდა.

ქვეყანა ზოგადად საკმაოდ იაფია – გარეთ 1 კვება თავისი დესერტით საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ. თუ ტალინია ქარდს იყიდით მგზავრობაში ფაქტობრივად არაფერს ხარჯავთ.

blue grotto malta

დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო თითოეულ ადგილზე სადაც ვიყავი – ბლუ გროტოზე, რომლის ხედიც საოცრება იყო, მაგრამ ტალღების გამო პატარა ნავით შიგნით ვერ შევედი. პოპეი ვილიჯზე (შესვლა 10.5 ევრო ღირს), რომელიც გარედან ბევრად ლამაზია, შიგნიდან კი ხის პატარა კოტეჯებია და თუ პოპეის (ფილმის ან ანიმაციის) ფანი არ ხართ დიდად ვერ ისიამოვნებით, ჩინურ ბაღზე რომელიც მალტის ვაზისუბანშია, და მიუხედავად იმისა, რომ პატარაა მაინც ძალიან ლამაზია. შემიძლია დაუსრულებლად ვიძახო, რომ შაბათ-კვირას ფეიერვერკების ფესტივალი სასწაულად ლამაზი იყო! იმაზეც შემიძლია ვიწუწუნო რომ კატაკომბებში ქვის სამარხების გარდა არაფერი დამხვდა, მე კიდევ ჩონჩხებს ველოდებოდი. დაუსრულებლად შემიძლია ვიძახო, რომ ზღაპრული ზღვაა და არასდროს შევწყვიტო მისით აღფრთოვანება.

თუ გიყვართ მზე და ზღვა, ძველი და ლამაზი ქალაქები, მაშინ მალტა სათქვენოა.

P.S ბონუსად ვიდეო – რომელიც შეიძლება თქვენ არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია 🙂

Trip To Yerevan – დღე II

👉 Trip To Yerevan – თბილისიდან ერევნისკენ; დღე I

დღე II – გენოციდის მემორიალი, ლურჯი მეჩეთი, სავაჭრო ცენტრი

შაბათს ცოტა არ იყოს და გვიან გაგვეღვიძა. მგონი, პირველი საათი იყო სასაუზმოდ სასტუმროსთან არსებულ კაფეში რომ მივედით. დღის მთავარ გეგმას ლურჯი მეჩეთი და ერევან მოლი წარმოადგენდა.

ვინაიდან და რადგანაც Yerevan Mall ჩვენი სასტუმროდან საკმაოდ შორს იყო, ამიტომ მანქანით გადავწყვიტეთ წასვლა. მანამდე კი, ლურჯ მეჩეთში გავიარეთ.

ლურჯი მეჩეთი მეთვრამეტე საუკუნეში აშენდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს მეჩეთმა ფუნქციონირება შეწყვიტა და ისტორიის მუზეუმად გადაიქცა. სომხეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, ირანის მთავრობის მხადაჭერით მეჩეთი გარემონტდა და დღეს იგი ერთადერთი მოქმედი მეჩეთია ერევანში. მიჩვეული ვარ, რომ მეჩეთები დიდი, ბევრ მინარეთებიანი, პომპეზური, ხალხით სავსე და ძალიან ლამაზია. აქ კი საპირისპირო სიტუაცია დამხვდა, ხალხი საერთოდ არ იყო, არც უზარმაზარი იყო და თანაც მხოლოდ ერთი მინარეთი ჰქონდა. შიგნითაც, დიდი სილამაზით ვერ დაიკვეხნიდა. მაგრამ ეგ არაფერი. ის ფაქტი, რომ სომხეთში მეჩეთი არსებობდა, უკვე საინტერესო ფაქტი იყო ჩემთვის.

blue-mosque-yerevan

მეჩეთის შემდეგ Yerevan Mall-სკენ გავემართეთ.

დიდად შოპინგის სიყვარულით ვერ დავიკვეხნი, სამაგიეროდ, იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი მოლი გაცილებით დიდია.

ბევრი ბოდიალის, სათვალისა და მაისურის ყიდვის შემდეგ, გენოციდის მემორიალის ნახვა გადავწყვიტეთ. ჯერ ერთი, რომ ბარემ მანქანით ვიყავით (მემორიალი ქალაქის ცენტრიდან ცოტა შორსაა) და მეორეც, სხვა საქმე მაინც არ გვქონდა. გზად არარატის კონიაკის ქარხანას ჩავუარეთ. რადგან კონიაკის მოყვარულები არც-ერთი არ ვიყავით და შენობაც დიდად ვერ დაიკვეხნიდა სილამაზით, ამიტომ Must see places-ის სიიდან დაუფიქრებლად ამოვშალეთ. მასვე მიჰყვა ფარაჯანოვის მუზეუმიც. მისი შემოქმედება არც-ერთმა არ ვიცოდით და შესაბამისად მუზეუმითაც დიდად აღარ დავინტერესდით.

სომეხთა გენოციდი 1915-1918 წლებში, თურქების მიერ მოხდა.  გენოციდის დასაწყისად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ, კონსტანტინეპოლში 250-მდე სომეხი და სომხური დიასპორიის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი ორ ძირითად ეტაპს მოიცავდა – მამაკაცების მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დაღუპულთა რიცხვი 1 მილიონზე მეტია.  დღევანდელი თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ისტორიულ ფაქტს სომეხთა გენოციდის შესახებ.

genocide-memorial-yerevan

მემორიალი  წიწერნაკაბერდის გორაზე,  1965 წელს, გენოციდის მსხვერპლთა ხსენების საპატივცემულოდ ააშენეს. მემორიალი 44 მეტრიანია და იგი სომხეთის აღორძინების სიმბოლოა, ხოლო წრიულად განლაგებული 12 ფილა იმ 12 პროვინციას აღნიშნავს, რომელიც იმ პერიოდში დაკარგეს. გენოციდიან 80 წლის შემდეგ, იქვე ახლოს გენოციდის მუზეუმი გახსნეს.

მემორიალი საკმაოდ მაღლა მდებარეობს, შესაბამისად ძალიან კარგად ჩანს არარატის მთა და ერევანი.

გენოციდის მემორიალიდან იქვე ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრში წავედით. ცოტა ვიბოდიალეთ, ცოტა დავისვენეთ და სასტუმროსკენ გავუყევით გზას.

საღამოს გადავწყვიტეთ რომ სანამ დასალევად გავიდოდით, ჯერ გუგლში და ფორსქვეარზე კარგად დაგვეძებნა ადგილები, რივიუებიც საგულდაგულოდ წაგვეკითხა და ისე აგვერჩია. ამ რჩევა რჩევაში 26 Irish Pub-ს მივაგენით. შეფასებები გადასარევი ჰქონდა, ფოტოებზეც იდეალური გარემო ჩანდა – მაგრამ ადგილზე მისულებს ძალიან მოსაწყენი ადგილი შეგვრჩა ხელთ. ალბათ, სამის ნაცვლად, 6 კაცი რომ ვყოფილიყავით, ერთმანეთში გავერთობოდით. ბოლოს ისევ Calumet-ში გადავწყვიტეთ წასვლა და კარგადაც მოვიქეცით. ხან სომხურ, ხან ესპანურ და ხანაც ინგლისურ ენოვან სიმღერებზე ვცეკვავდი და სომხურ ლუდს, კილიკიას და კოტოიაკსაც გეახლებოდით, რომელსაც ჩვენი ნატახტარი ჯობია.

მეორე დღეც გადასარევი აღმოჩნდა.

 

დღე III – თბილისისკენ

სასტუმროში ჩექ-აუთი 12 საათზე გვქონდა, შესაბამისად, წინადღის ნასვამებმა თავები ძლივს ავწიეთ, ჩავბარგდით და სასტუმროდან გავედით.

ჯერ თბილისში წასასვლელად ადრე იყო, შესაბამისად, იქვე ახლოს, ქალაქის ცენტრში ბოდიალი ვამჯობინეთ, ამინდიც ხელს გვიწყობდა. შუადღისკენ კი თბილისისკენ დავიძარით.

გაგვიმართლა, რომ სევანის ტბა (ან სევანის ზღვა, როგორც ამას სომხები უწოდებენ) საქართველოსკენ მიმავალ გზაზეა. უზარმაზარი, ლურჯი და კამკამა ტბა კავკასიაში უდიდეს ტბად ითვლება.  ტბის გარშემო, ყოველშემთხვევაში იმ ადგილას სადაც ჩვენ გავჩერდით, ხეებია, წითელი, ყვითელი და მწვანე ფერებით შემოდგომა განსაკუთრებით იგრძნობოდა. ირგვლივ სიცარიელე იყო, მხოლოდ ჩენ, თოლიები და ტბა ვიყავით.

წარმომიდგენია ზაფხულში რა ხდება, ალბათ იქაურობა ღია კაფეებით, სხვადასხვა გასართობი საშუალებებით და უამრავი ადამიანით არის სავსე. სამწუხაროდ ტბაზე ძალიან ციოდა და დიდხანს გაჩერება ვერ შევძელით.

sevan-yerevan

ერევანი-თბილისის გზამ მშვიდობით ჩაიარა, ამოჭმულ გზას თუ არ ჩავთვლით. საზღვარზე მძღოლი და მგზავრები ისევ დავიშალეთ, ისევ მოუწია მძღოლს 2000 დრამის (10 ლარის) გადახდა მანქანისთვის და ისევ გაუჩხრეკავად გადავკვეთეთ ჯერ სომხეთის და შემდეგ საქართველოს საზღვარი.

 

ზოგადი შთაბეჭდილებები

ერევანი იმაზე ბევრად კარგი ქალაქი აღმოჩნდა ვიდრე ველოდებოდი. ერევანში სიწყნარე და სიმშვიდეა. რამდენიმე განსაკუთრებულ მიზეზს გამოვყოფ:

✔ მძღოლები – მათით ვარ აღფრთოვანებული! ქალაქში სრული წესრიგია, სიგნალის ხმას ვერ გაიგებთ, ზოლიდან ზოლში გიჟებივით არ გადადიან. იცავენ დადგენილ წესებს და არ დადიან სწრაფად. სდექ ხაზთან ჩერდებიან, ზებრას ახლოსაც არ უახლოვდებიან თუ იქ 1 ადამიანი მაინცაა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველა მათგანი ჩერდება შუქნიშნის ყვითელ ფერზე.

✔ მძღოლებთან ერთად ცალკე აღნიშვნას იმსახურებენ ქვეითებიც – თითოეული მათგანი გადადის ზებრაზე და შუა გზაზე ძროხასავით არ მიჯლიგინობს. ცხადია გამონაკლისები იქაც არის და შეიძლება დღის განმავლობაში 1 ადამიანი ნახოთ, რომელიც ქუჩაზე არასწორ ადგილას კვეთავს, თუმცა, საერთო ჯამში გზებზე სრული წესრიგია. ძალიან მაინტერესებს როგორ მიაღწიეს ამ ყველაფერს. მაღალი ჯარიმები? ადამიანების შეგნება? არ ვიცი.

✔ერევანში ძალიან ბევრი პარკია, ხეებით და გამწვანებით, სადაც მყუდროდ მოკალათება და დასვენება შეგიძლიათ.

✔ აქვე აღვნიშნავ ღია კაფეებს, რომლებიც უხვადაა და გული მწყდება რომ ჩვენთან მაგის კულტურა ჯერ ვერ განვითარდა.

✔ ყველაზე მთავარი და დასაფასებელი ფართო ტროტუარები და სასეირნო ადგილებია. მათ აქვთ ტროტუარები სადაც მანქანები არ ჩერდებიან! სადაც ადამიანებს მშვიდად შეუძლიათ ფეხით გადაადგილება, ტროტუარები, რომლებიც მხოლოდ ქვეითებს ეკუთვნით.

✔ ერევანი 2-3 დღის ქალაქია, თუმცა, ვფიქრობ აუცილებლად სანახავი.

ჩემი ორდღენახევრიანი ვოიაჟი ერევანში დაახლოებით 350 ლარი დაჯდა. ამ 350 ლარიდან 100 ლარი სასტუმროში გადავიხადე ( 3 ღამე), 50 ლარი სუვენირებს და სომხურ კონიაკს დავუთმე, ცოტა ვიშოპინკე კიდეც და მშიერიც არ ვყოფილვარ და საღამოობით სომხურ ლუდსაც გეახლებოდით.

ზოგადი დაკვირვებით კაფეები ერევანში უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან, თბილისში. ცხადია ცენტრალურ ქუჩებზე უფრო სიძვირეა, თუმცა, საერთო ჯამში ნორმალურ ფასად ძალიან გემრიელ კერძებს მიირთმევთ. ერთადერთი რაც შევნიშნე და ცოტა მეწყინა კიდეც, ის იყო, რომ „ამერიკანოს“ დიდად არ წყალობენ. მხოლოდ ერთი კაფის მენიუში შევხვდი.

ერთ-ერთი საუკეთესო თრიფი გამომივიდა. მიხარია რომ ერევანში ვიყავი.

 

 ბონუსად ვიდეო ამ ყველაფრის თვალსაჩინოებისთვის 🙂 

 

Trip to Yerevan – დღე I

თბილისიდან ერევნამდე

ჩემი მოგზაურობა ერევანში სპონტანურად გადაწყდა. ფაქტობრივად 3 დღეში დაგეგმილი და განხორციელებული თრიფი გამომივიდა.

სომხეთში წასვლას თუ დააპირებთ, პირველ რიგში პასპორტი გაიხსენეთ. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ რადგან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და რადგან თურქეთში ID ბარათით არის შესაძლებელი გადასვლა, ამიტომ სომხეთის საზღვარზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა საკმარისი იქნება. თუმცა, სინამდვილეში პასპორტი გჭირდებათ.

სომხეთში წასვლა რამდენიმე საშუალებით შეგიძლიათ – მატარებლით, მარშრუტკით, მინივენით და საკუთარი ავტომობილით. თუ საკუთარი ავტომობილი არ გყავთ, ყველაზე სწრაფი და ასე თუ ისე კომფორტული საშუალება მინივენია. მატარებელი მთელი ღამე მიდის და თანაც ვაგონები ძველია. მარშრუტკა კი ყველაზე ბოლო ვარიანტია, რითიც მგზავრობა შეიძლება. მისით გადაადგილება თბილისის ქუჩებშიც კი შემაწუხებელია.

მე და ჩემი მეგობრები ჩვენი მანქანით წავედით.

საზღვარზე ყველაფერი მარტივად ხდება. ჯერ საქართველოს საზღვარს გადაკვეთავ, გაგიღიმებენ (თუ ჩემსავით გაგიმართლად კონპლიმენტსაც გამოკრავთ ხელს), ბეჭედს ჩაგირტყამენ და სომხეთისკენ გიშვებენ. თუ საკუთარი ავტომობილით ხართ, გაითვალისწინეთ რომ მძღოლს (მანქანიანად) და მგზავრებს საზღვრის გადაკვეთა სხვადასხვა ადგილას უწევთ. საქართველოს საზღვრის შემდეგ ჯერი სომხეთზე მიდგება. პასპორტ კონტროლი მე მარტივად გავიარე, დახედეს ჩემს პასპორტს, მერე შემომხედეს, ბეჭედი ჩამირტყეს და have a nice trip-ო მომაძახეს. ჩემს მეგობარს რამდენიმე კითხვა დაუსვეს, თუმცა, არც ის დატოვეს ბეჭდის გარეშე.

პირველი გაოცება და პაატარა შოკი რაზეც მივიღე საზღვარზე მეტალ დეტექტორი იყო – არც ჩანთა შეამოწმეს, არც სხვა ნივთები, უბრალოდ მე გავიარე ჩანთის გარეშე (ჩანთა მეტალ დეტექტორის გვერდზე დავდე, ძირს, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ მქონდა) წრიპინი არ დაიწყო და შემოუმოწმებელი ჩანთით გამიშვეს სომხეთისკენ.

თუ თქვენი ავტომობილით მიდიხართ, მაშინ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ სპეციალურ შენობაში, სადაც 2 000 დრამს (დაახლოებით 10 ლარი) იხდით. ავტომობილი თქვენს სახელზე უნდა იყოს, ან მინდობილობა გქონდეთ. შემოწმება, ჩვენს შემთხვევაში, არც მანქანის მომხდარა. მძღოლს ჰკითხეს საბარგულში რა დევსო, მანაც გულწრფელად მიუგო ტანსაცმელიო და დაუჯერეს. საინტერესოა, ტანსაცმლის ნაცვლად სხვა რამე რომ გვქონოდა მერე რას იზამდნენ?

არ ვიცი ფოტოზე რამდენად ჩანს, მაგრამ მინის მიღმა ნისლია

არ ვიცი ფოტოზე რამდენად ჩანს, მაგრამ მინის მიღმა ნისლია

თბილისიდან ერევნისკენ საღამოს, 7-ის ნახევარზე დავიძარით, შესაბამისად, როდესაც საზღვარი გადავკვეთეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა. საზღვრიდან ერევნისკენ მიმავალი გზა უღელტეხილზე გადის. სულ აღმართ-დაღმართი, ასფალტ შეჭმული, ვიწრო და გაუნათებელი გზაა. ამ ყველაფერს ნისლიც დაერთო. ოღონდ, ნისლიც არის და ნისლიც, ხილვადობა საერთოდ არ იყო, არაფერი არ ჩანდა, შუაში დახაზულ თეთრ ხაზს მივყვებოდით, რომლის მხოლოდ 50 სანტიმეტრი ჩანდა. საბედნიეროდ დანიშნულების ადგილას ცოცხლებმა და ჯანმრთელებმა ჩავაღწიეთ.

როგორც ზევით აღვნიშნე გზა საშინელია. ალაგ-ალაგ ამოჭმულია და მოგიწევთ ძალიან ნელა იაროთ. თუმცა, როდესაც უღელტეხილს გადაივლით, იგრძნობთ რომ გზა კარგია, თანაც სამ თუ ოთხზოლიანი, ძალიან ცოტა მანქანით და სიჩქარეს მოუმატებთ მაშინვე ყვითელი სინათლე აინთება, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ სიჩქარის გადაჭარბების გამო დაჯარიმდით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დაუსახლებელ პუნქტში, სწორ, კარგ და ფართო გზაზე სიჩქარის მაქსიმალური ლიმიტი 90 კმ.სთ-ია. ზოგან 60-იც კი. ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ სიჩქარის გადაჭარბების გამო შეიძლება დაჯარიმდეთ (დაახლოებით 150 ლარით), არამედ ის, რომ კამერა, რომელიც ყვითლად ინთება, ღამით ძალიან კაშკაშაა და თვალს ჭრის, რაც შესაძლოა ავარიის მიზეზიც კი გახდეს. ასე რომ, ფრთხილად იყავით, გაითვალისწინეთ და აუცილებლად დააკვირდით სავალ გზას, შეზღუდვები სწორედ იქ არის დატანილი. ოღონდ იმდენად ცუდად, რომ მთელი მონდომება დაგჭირდებათ, რომ დაინახოთ რა შეზღუდვაა და რამდენი კილომეტრ-საათით შეგიძლიათ სიარული.

ერევანში საკმაოდ გვიან ჩავედით. სასტუმროში დავბინავდით და სავახშმოდ გავედით. პირველადი დათვალიერებით და ღამის ბოდიალით არც თუ ისე ურიგო ქალაქი აღმოჩნდა.

 

დღე I must see places

ჩემს მეგობარს წინასწარ გამზადებული Must see ადგილები ჰქონდა – რესპუბლიკის მოედანი, კასკადი, ოპერა, Lover’s Park, გენოციდის მონუმენტი, ლურჯი მეჩეთი, ფარაჯანოვის მუზეუმი და რამდენიმე სავაჭრო ცენტრი. ჩემს პირად must see ადგილების სიას არარატის კონიაკის ქარხანაც ემატებოდა.  სიმართლე გითხრათ ჯერ კიდევ არ ვიცი ერევანი პატარა ქალაქია თუ დიდი, მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ აუცილებლად სანახავი ადგილების უმეტესობა ერთ დღეში მოვიარეთ.

რესპუბლიკის მოედნით დავიწყეთ. ჩვენი სასტუმროდან რესპუბლიკის მოედნამდე 2 ან 3 წუთის სავალი გზა იყო. მოედნის დაპროექტება 1924 წელს მოხდა, ალექსანდრე თამანიანის მიერ, მშენებლობა კი 1926 წელს დაიწყო და 1958 წელს დასრულდა. მოედნის ირგვლივ მდებარე შენობები სომხური ტუფის ქვით არის აგებული. საერთოდაც, სომხეთში ყველაფერი ამ ქვითაა აგებული. რესპუბლიკის მოედანს 1940 წლიდან 1990 წლამდე, სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ლენინის მოედანი ეწოდებოდა და იქვე ლენინის ძეგლიც იდგა.

რესპუბლიკის მოედანი გარშემორტყმულია შვიდი მთავარი შენობით – ეროვნული გალერეა და ისტორიის მუზეუმი, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის სახლი, სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, სასტუმრო სომხეთი მარიოტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტერიტორიული მოწყობის სამინისტრო. მთავრობის კოშკის საათი 1941 წელს დაამზადეს მოსკოვში და პირდაპირ მოსკოვიდან ჩაიტანეს ერევანში.

რესპუბლიკის მოედანი ერევანში

რესპუბლიკის მოედნიდან ტაშირ (ან თაშირ, Tashir street) სთრითის გავლით ოპერამდეც მივედით. ტაშირ სთრითი ძალიან მომეწონა, ფართო და უმანქანო ქუჩაა, მაღაზიებით და კაფეებით აღჭურვილი და რაც მთავარია ქუჩის დაბლა, მიწის ქვეშ, პატარა სავაჭრო ცენტრია. მართალია იქაურობა საავადმყოფოს ჰგავს – თეთრია და პრიალებს, მაგრამ ადგილი მაინც კარგი იყო.  ტაშირ სთრითის ბოლოში ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრია. ძალიან, ძალიან გაწბილებული დავრჩი. გაჯით გალესილს ჰგავს, ნაცრისფერი და უღიმღამოა, ღამით საერთოდ არ ჩანს, დიდ შავ ჩრდილს თუ არ ჩავთვლით, იმიტომ რომ ერთი ნათურაც კი არ ანათებს. არადა, სომხეთის მთავარი მუსიკალური თეატრი კი არის. ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის არქიტექტორი ა.თამანიანი გახლავთ და 1926-1953 წლებში აშენდა. 1939 წელს თეატრი ლენინის ორდენითაც კი დააჯილდოვეს, რომელიც სსრკ-ში უმაღლეს ჯილდოს წარმოადგენდა.

ერევნის ოპერა

kaskadiერევნის ოპერის შემდეგ, რომლითაც გაწბილებული ვიყავი, კასკადისკენ გავუყევით გზას. გრანდიოზული კიბე ზუსტად ოპერის უკანაა. კასკადის წინ, პატარა ბაღში ძალიან საინტერესო და სახალისო ქანდაკებებია. ჩემი ფავორიტი მსუქანი, ტიტველი ქალია, რომელიც არხეინადაა წამოკოტრიალებული და სიგარეტს ეწევა. თუკი კიბეების ქვემოდან შეხედვა იმედებს გაგიცრუებთ, რომელსაც გარშემო არსებული ხრიოკიც შეუწყობს ხელს არ იდარდოთ, ზემოთ და ზემოთ უფრო და უფრო კარგი სანახაობაა. კასკადის მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა. კასკადში, გარე საფეხურების ქვეშ განთავსებულია ესკალატორი, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ყველაზე ზარმაც ადამიანებს სიამოვნებით მოემსახურა. კიბის „უჯრედებში“ კი სხვადასხვა მონუმენტები და ინსტალაციებია, რომელთა ნახვასაც ყველას ვურჩევ. კასკადში მოდერნ არტ გალერეაა, რომელიც რამდენიმე დარბაზს მოიცავს და შესვლა სულ რაღაც 1000 დრამი (5 ლარამდე) ღირს. თუმცა, დიდად ვისიამოვნე და გაკვირვებული დავრჩი-მეთქი, რომ ვთქვა მოვიტყუები. სომეხი მხატვრების, არქიტექტორების რამდენიმე ნამუშევრები იყო გამოფენილი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო, სვაროვსკის დარბაზი კი დაკეტილი დამხვდა.

ოპერის შემდეგ კასკადით ნამდვილად ვისიამოვნე.

 

ჯერი Lover’s Park-ზე მიდგა, რომელიც კასკადიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე იყო. საერთოდ, სამართლიანი იქნება თუ აღვნიშნავ, რომ ერევანში საკმაოდ ბევრი დასასვენებელი პარკია, რომლებიც ხეების ნაკლებობას არ უჩივიან. ასეთი აღმოჩნდა Lover’s Park-იც, თანაც, აქ შემოდგომა განსაკუთრებით იგრძნობოდა. წინასწარ არ დამისერჩავს ადგილი, თუმცა, რადგან Lover’s Park ერქვა, რამე განსხვავებულს და საინტერესოს ველოდებოდი, თუმცა, უკმაყოფილო მაინც არ დავრჩენილვარ. მთელი დღის ნაბოდიალებმა მშვენივრად დავისვენე ყვითელი ხეებით გარშემორტყმულ მყუდრო და წყნარ პარკში. ერთი ის იყო, რომ ბალახზე გადასვლა და წამოწოლა არ შეიძლებოდა.

lovers-park

სასტუმრომდე დაბრუნება მეტროთი გადავწყვიტეთ. უფრო სწორად, მეტროთი დავინტერესდით და ბარემ ჩვენი სახლისკენ მიმავალს გავყევით. მეტროთი 1 მგზავრობა 100 დრამი (50 თეთრი) ღირს და არც მეტი არც ნაკლები ჟეტონს ყიდულობ! ჩვენთან რომ იყიდებოდა სტაფილოსფერი ჟეტონები, ზუსტად ეგეთია, ჩააგდებ და გაგიშვებს. ის ორი დარბაზი, სადაც მე მოვხვდი დიდად არაფრით გამოირჩეოდა, აი მეტროს ვაგონები კი ჩვენი სჯობს, თამამად ვიტყვი ამას. თანაც, ხალხი აქაც ეგრევე შერბის ვაგონში და არ ელოდება როდის გამოვლენ ისინი, რომლებიც გამოსვლას აპირებენ.

jetoni

მეტროდან ჩვენს ქუჩაზე ამოვედით, მიწის ქვეშა გადასასვლელით გვინდოდა სარგებლობა, მაგრამ სავაჭრო ცენტრში აღმოვჩნდით. ცოტა ვიბოდიალეთ თუ ბევრი, ბოლოს მაინც სასტუმროსკენ, დასასვნებლად გავწიეთ.

საღამოს ბარში წასვლა გადავწყვიტეთ. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ პარასკევ საღამოს, თითქმის საათნახევარი დავბოდიალობდით ცენტრში და ნორმალურ ბარს, ან კლუბს ვეძებდით, სადაც ლუდს დავლევდით, ვიცეკვებდით და გავერთობოდით. ბოლოს, Calumet-ში ამოვყავით თავი, რომელიც პუშკინის ქუჩაზეა. ცოტა პატარაა, მაგრამ ძალიან კარგი ადგილია. უბრალოდ, მთელი საღამო ესპანური ფლეილისტი იყო და ცოტა არ იყოს მომეწყინა.

ღამის 2 საათისკენ და უკეთესი დღის იმედით სასტუმროსკენ გავუყევი გზას.

 

სანამ მეორე დღეზე და ერევანი-თბილისზე ჩემს ბლოგზე დავწერ, მანამდე პოსტი სრულად შეგიძლიათ Allnews.ge-ზე წაიკითხოთ 🙂