Category Archives: Trip 2013 [სტამბული]

სტამბული დღე II

მეორე დღე გვიან, 12 საათზე დაიწყო და გული დაგვწყდა ამდენი საათი რომ გავმაზეთ. სტამბულში ყველაზე ცოტა დრო ძილს უნდა დაუთმო როგორც წესი.

დღის გეგმაში აიასოფია და ტოპკაპი იყო. სეირნობისას აღმოვაჩინეთ რომ გალათას ხიდის ნაცვლად ათათურქის ხიდს მივადექით და გადავწყვიტეთ ბარემ მინიატურკიც გვენახა. გუგლ მეფს თუ დავუჯერებთ სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო. აღმა-დაღმა ვიარეთ, რაღაც სტრან უბნებში და მაინც ვერ მივაგენით. საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ რომ გუგლ მეფი გვატყუებდა, და სწორებიც აღმოვჩნდით, და აიასოფიისკენ წავედით. მეგონა დიდი რიგი დაგვხვდებოდა, სულ იმას ამბობენ უზარმაზარი რიგებია ყველგანო, მაგრამ შევცდი. 25 ლირა ღირდა შესვლა და ვგონებ ძალიან ძვირია. გასაგებია რომ აია სოფიაა და დიდი ისტორია აქვს და ა.შ მაგრამ 25 ლირა, მაინც ძალიან ძვირია უბრალო მოკვდავებისთვის. იქვე სალაროსთან გავარკვიეთ რომ შეგვეძლო ფასდაკლების ბარათი გვეყიდა. ანუ, ყიდულობ ამ ბარათს 72 ლირად და აია-სოფიაში, ტოპკაპში, ჰარემში, არქეოლოგიურ მუზეუმში, მოზაიკის მუზეუმში, გათალას მუზეუმში და კიდევ რაღაცებში შედიხარ თავისუფლად. რეალურად საკმაოდ ბევრს ზოგავ მაგ pass-ით. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

აია სოფია გარედან ხომ უზარმაზარია, მაგრამ შიგნიდან კიდევ უფრო დიდია. მარტო იმის მოვლაში მომტყდა ფეხები და სადაც სკამს ვხედავდი ტრაკი ყველგან დაჯე დაჯეს მეუბნებოდა 😐 ძალიან კარგი ადგილია, მაგრამ მაინც მგონია რომ 25 ლირა ძვირია -_-

აია-სოფია

აია-სოფია

აია სოფიიდან გამოსულები მოზაიკის მუზეუმში შევედით. იმ ფასდაკლების ბარათით მანდ შესვლის შანსიც გვქონდა და გამოვიყენეთ. დიდი არაფერი, ძველი ნამუშევრებია და კი კაია, მაგრამ ალბათ ის ბარათი რომ არა მანდ არც შეიხედავდი და ნახვის სურვილიც არ გამიჩნდებოდა. უფრო თანამედროვე ნამუშევრები რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა ^_^

Istanbul Mosaic Museum

შემდეგი ადგილი ტოპკაპის სასახლე იყო.  ტოპკაპი არის უუზარმაზარი. ოღონდ მართლა. დადიხარ დადიხარ და კიდევ უამრავი ადგილი გაქვს სანახავი. ვერ ასწრებ ვერაფერს. თოპკაპის სასახლის მშენებლობა სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს, რაც 1465 წელს დასრულდა. სასახლე სარაგლიოს კონცხზე მდებარეობს ოქროს რქასა და მარმარისის ზღვას შორის, ძალიან მაგარი ხედით ბოსფორზე. ის უამრავი მცირე ზომის შენობისგან და ოთხი დიდი მოედნისგან შედგება. იმისათვის რომ ეს სასახლე სრულყოფილად დაათვალიერო ერთი სრული დღე უნდა გამოჰყო მისთვის. ტოპკაპში არის ჰარემი, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. რამდენიმე ოთახში შეიძლება მხოლოდ შესვლა (მაგრამ ეგ რამდენიმე ოთახია საკმაოდ ბევრია) და გული დამწყდა, მაინც და მაინც ისინი მაინტერესებდა რომლებიც დახურული იყო 😐  სასახლე 7 საათზე იკეტება და იმის დათვალიერება რაც ერთ საათში მოვასწარით არაფერი არ არის. შემდეგ ჩასვლაზე აუცილებლად გამოვყოფ ერთ დღეს ამ სასახლისთვის.

Topkapi Palace Museum

ტოპკაპში შესასვლელი ^_^

harem

საღამოს  7 საათი იყო და ჩვენ საშინლად დაღლილები ვიყავით. თანაც ამ დროისთვის ყველა მუზეუმი იკეტება და არქეოლოგიური მუზეუმი შემდეგი დღისთვის გადავდეთ. მანამდე ის გვქონდა მოსაფიქრებელი ყველაზე იაფად როგორ დავბრუნებულიყავით ტაქსიმზე. წინა დღის გამოცდილებით ვიცოდით რომ მეტროს არ უნდა გავკარებოდით, იმიტომ რომ 6 ლირა დაგვიჯდებოდა ტაქსიმზე მოხვედრა. საბოლოო ჯამში გაგვახსენდა რომ როდესაც ათათურქის ხიდიდან გალათას ხიდთან მოვდიოდით ავტობუსების გაჩერებაც შეგხვდა და გადავწყვიტეთ ბედი გვეცადა. ტაქსიმისკენ მიმავალი ავტობუსი ადვილად ვიპოვეთ. სულ რაღაც 2 ლირად სასურველ ადგილას მოვხვდით და ძლივს მივბობღდით ჰოსტელამდე. იმ დღეს ვგონებ ყველაზე ბევრი ვიარე. მთელი დღე, და მთელი დღეში მართლა მთელი დღე იგულისხმება, სულ დავდიოდით და მაქსიმუმ 5 წუთი შეგვესვენა. კი ვიცოდი რომ ბევრი სიარული მოგვიწევდა, მაგრამ ამდენსაც არ ველოდებოდი.

სტამბული part 1
სტამბული part 2
სტამბული დღე I

Advertisements

სტამბული, დღე I

საბიჰა გოქჩენში დილის 6 საათზე ვიყავით. აეროპორტშივე ვიგრძენი რომ თბილისიდან შორს ვარ, თუნდაც იმიტომ რომ ტუალეტი სუფთა იყო და ტარაკნები არ დარბოდნენ აქეთ-იქით. აეროპორტიდან გამოსვლისას ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელი სინესტე მეცა და სიცხე. პრინციპში, ივნისის ბოლოს სიცხე რა გასაკვირია, თუმცა დანარჩენ დღეებში ნამდვილად არ შევუწუხებივარ მზეს. აეროპორტის გასავლელთან, დაახლოებით 10-მეტრში ავტობუსების გაჩერებაა, საიდანაც თითქმის ყველა მიმართულებით გადის ავტობუსი ნახევარ საათში ერთხელ. ტაკსიმისკენ მიმავალი ავტობუსი ვიპოვეთ, გადავიხადეთ ბილეთში 13 ლირა და დავიძარით. გოქჩენიდან ტაქსიმამდე დაახლოებით 1 საათი, არც კი, მოუნდა. გზაში თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, ვათვალიერებდი შენობებს, ლამაზ და მოვლილ გაზონებს და ძალიან მიხაროდა რომ შევძელი და სტამბულში ჩამოვედი.

istanbul

ავტობუსი ტაკსიმზე გაჩერდა. ცოტა ხანში ოფლაინ მეფის საშუალებით გავარკვიეთ საით იყო ისტიკლალი და გავუდექით გზას. ისტიკლალი არც ისეთი დიდი ქუჩა აღმოჩნდა როგორც ველოდები. თუმცა, დილის 7-საათისთვის საკმაოდ ბევრი ადამიანი მოძრაობდა. მაღაზიები ნელ-ნელა იღებოდა, ხალხს სამსახურში აგვიანდებოდა და ა.შ. ჩვენი ჰოსტელის პოვნა ცოტა გაგვიჭირდა, ერთ ქალბატონს ვთხოვეთ დახმარება და ჰოსტელამდე მიგვაცილა. ჩექ ინი შუადღეს 2 საათზე უნდა ყოფილიყო, ამიტომ მხოლოდ ბარგი დავტოვეთ, საჭირო ნივთები (ციფრული, ფული და მობილური ტელეფონი) ავიღეთ და საკვები ობიექტის ძებნას შევუდექით. პრინციპში ეგ ყველაზე იოლი საქმეა სტამბულში. ყოველ ორ ნაბიჯზე რაღაცაა სადაც შეჭამ. თან, უბრალოდ კი არ შეჭამ, არამედ გემრიელად შეჭამ. უბრალოდ, მზარეულები დილის 11-საათამდე არ იქნებოდნენ და შესაბამისად რაიმე ისეთს, შაურმის, ან სენდვიჩის მსგავს ვერ შევჭამდით და ჰამბურგერებს დავჯერდით.

სადღაც 10-საათისთვის უმანკოების მუზეუმისკენ მიმავალ გზას დავადექით. ჩვენი ჰოსტელის პირდაპირ რომ ქუჩაა მაგას უნდა გაუყვე, იარო იარო დაღმართზე და წითელ სახლს, ვიწრო ქუჩაზე აუცილებლად იცნობთ. უმანკოების მუზეუმამდე მისასვლელი დაღმართი ძალიან ვიწრო და ლამაზი იყო. სხვათაშორის მთელ ქუჩაზე ძალიან ბევრგან იყო ჯამები, რომლებიც სავსეა ძაღლების და კატების საჭმელებით. ბევრი მსუქანი კატა და ძაღლი ვნახეთ.

უმანკოების მუზეუმი სწორედ ისეთი იყო როგორსაც ველოდებოდი. ამაყად გავუწოდე წიგნი და ბეჭედი ჩამირტყეს. თან, წიგნი რომ ვანახე, უიოოო, გაუხარდა სალაროს გოგოს ^_^

ერთჯერადი ბილეთი ^^ ბეჭედდარტყმული <3

ერთჯერადი ბილეთი ^^ ბეჭედდარტყმული ❤

შესასლელში გაგვაფრთხილეს რომ არანაირი ფოტოო, კი ვიცოდი რომ ფოტოების გადაღება არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც გული დამწყდა :/ მაგრამ მათი თხოვნას ყური არ ვათხოვე და მობილურით 1-2 ფოტოს გადაღება მოვახერხე. მუზეუმი ზუსტად ისეთია როგორიც წიგნში. ათვალიერებ ნივთებს და იხსენებ ქემალ ბეის და ფუსუნის ყველა ისტორიას, ყველა წვრილმანს, ხედავ სახეხს და გახსენდება რომ იმ დღეს როცა ქემალ ბეი ის ფუსუნის სახლიდან წამოიღო პოლიციამ გააჩერა, ტელევიზორზე დასადებ ძაღლებს შეხედავ და გახსენდება რამდენჯერ მოიპარა ქემალ ბეიმ ისინი და რამდენჯერ შეცვალა ახლით. მოკლედ, მთელი მათი ისტორიაა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნით დიდად აღფრთოვანებული ვერ/არ დავრჩი, იმიტომ რომ საშინლად გაწელილი იყო, მაინც ძალიან სასიამოვნოა როდესაც შენს წინაშე მთელი წიგნი ცოცხლდება.

museum of innocence

ისე, წიგნის კითხვის დროს მუდმივად ვფიქრობდი რომ კარგი ფილმი გამოვიდოდა, აი ისეთი, 15-16 წლის შეყვარებული გოგოები რომ ცრემლებს აღვარღვარებენ.

მუზეუმიდან ჰოსტელში დავბრუნდით. სანამ 2 საათი გახდებოდა ჰოლში ვისხედით და ფბ-ს ვსქროლავდით. სხვათაშორის საფერფლე არ ჰქონდათ და ბიჩოკებს იქვე, ჰოსტელის შესასლელთან ყრიდნენ, ჩვენ რომ მოვიკითხეთ კი იუხერხულეს მაგრამ ძირს დაყარეთო გვითხრეს. სამაგიეროდ მეორე დღეს დიდი საფერფლე დაგვახვედრეს. ჰო, თურქეთში, არსად შენობაში მოწევა არ შეიძლება. რაღაც მომენტში კარგია, მაგრამ ხანდახან ძალიან ცუდია, გასაკუთრებით იმისთვის ვინც ბევრს ეწევა.

14:00-საათზე გასაღები ჩაგვაბარეს, გვითხრეს რომ ჩაი-ყავა შეგვეძლო დაგველია რამდენიც გვინდა, ვაიფის პაროლი მოგვახსენეს და ოთახისკენ გზაც დაგვილოცეს 🙂
1-2 საათიანი დასვენების მერე გალათა თაუერისკენ წავედით. ძალიან ოქროობა რუკა. არსად არ დავკარგულვართ და ყველაფერს მარტივად ვაგნებდით. გალათა თაუერი შორიდან უფრო კარგი ჩანს. ახლოდან ერთი ჩვეულებრივი კოშკია რა, რომლის თავიდანად სტამბულის ლამაზი ხედი იშლება.

galata tower

ბოდიალ-ბოდიალში გალათას ხიდს მივადექით. იმ დღეს ხიდს იქით გადასვლას ნამდვილად არ ვგეგმავდით, მაგრამ, ვინაიდან საკმაოდ ადრე იყო ჯერ და ხიდის საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა ეგრევე მეჰმედის სახელობის მეჩეთს მივადექით. უფლისწული მეჰმედი სულთან სულეიმან I-სა და ჰიურემ სულთნის პირველი შვილი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ სულთან სულეიმანის ბრძანებით მისი სახელობის მეჩეთი ააშენეს. მეჩეთი 1543-1548 წლებში შენდებოდა. მეორენაირად შეჰზადეს (უფლისწული) მეჩეთს ეძახიან. ჩვენი მისვლის დროს ლოცვა იწყებოდა. ცოტა უცნაური იყო იმის ყურება როგორ იბანდა ფეხებს ბევრი კაცი და როგორ ემზადებოდა სალოცავად. სულთანაჰმედი უზარმაზარია, ოღონდ მართლა.

sultan ahmed

სულთანაჰმედიდან სუნელების ბაზარში გავიარეთ. უამრავი ძალიან კარგი სუნელი, უამრავი ტკბილეული და ყველაფერი გადასარევი. დავდიოდი და ნერწყვები მომდიოდა 😀

ჰოსტელში ფაქტობრივად გადამწვარი დავბრუნდი. დასვენება და ძილი იყო ის, რაც იმ წუთას მჭირდებოდა.

საღამოს კლუბში წავედით. გეტო ერქვა, ისტიკლალის ზედა ქუჩაზეა. ჩვენამდე ჭორებმა მოაღწია რომ რაღაც ფართი უნდა იყოს 11-ზეო. ზუსტად 11-ზე იქ ვიყავით, მაგრამ მაქსიმუმ 5 კაცი დაბორიალობდა აქეთ-იქეთ. ზევით ავედით, ვერანდაზე და ლუდი დავლიეთ. ერთ, პაწუკა ბოთს ეფესში 16 ლირა გადავიხადე 😐 ძალიან ძვირია. სამაგიეროდ, მაშინ როდესაც გადავწყვიტეთ რომ კლუბი შეგვეშალა და არაფერი ფართი არაა და დაბლა ჩავედით უამრავი ხალხი დაგვხვდა, ყველა ცეკვავდა, ერთობოდნენ, ლუდს სვამდნენ და ბედნიერები იყვნენ.

არ იყვნენ ჰომოფობები, არ იყვნენ კაი ბიჭები და არც მათი დები, არ იყვნენ ისინი ვინც ავი თვალით შემოგხედავდნენ პირსინგის, ან მოკლე შორტის გამო, არ იყვნენ ისინი ვინც რამეს გააფუჭებდა იმ საღამოს. ცოტა ხანს დავრჩი, ცოტა ვიცეკვე და ჰოსტელში დავბრუნდი. ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. თან, მეორე დღეს ბევრ რამეს ვგეგმავდი.

ის ის იყო დაძინებას ვაპირებდით მე და კნუტი და ძილბურანში ვიყავით რომ ფანჯრიდან ვიღაცამ რაღაც შემოგვძახა. შეშინებული კნუტი ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში როგორ აღმოჩნდა ვერ დავინახე : )) გვერდზე ოთახიდან იყო, სიმპატიური ავსტრალიელი, უბრალოდ ხალისობდა ჩვენი შეშინებით. წარმომავლობით დაინტერესდა და იმით თუ რისთვის ვიყავით სტამბულში ან რამდენი ხანი ვრჩებოდით. ისე, ყველას კითხვა ეგ იყო ხოლმე, რამდენი ხნით ხარ და რისთვის ხარ 😀 შეშინებიდან რამდენიმე წუთში კარზე მოგვიკაკუნეს, გავაღე და ისევ ის ავტრალიელი ბიჭი იდგა, თეთრ ტრუსებში, ფეხშველა და კარი ჩამეკეტა და თქვენი ფანჯრიდან გადავძვრები თუ შეიძლებაო. უარს როგორ ვეტყოდით : ))) ფანჯრიდან გადასვლა ვერ გაბედა, შეეშინდა და ოუქეი, რისიფშენში ჩავალო და დროებითო : )

ფანჯრიდან გააგრძელა კონტაქტი, ცოტა ხანს.

სტამბული Part 1
სტამბული Part 2

სტამბული Part 2

სტამბულზე იმდენი რამე მაქვს სათქმელი დაჟე ტვინშიც კი ვერ ვალაგებ და ვეღარ ვფიქრობ რითი დავიწყო, რითი გავაგრძელო და რითი დავასრულო -_-

1. ხალხი

სიმართლე გითხრათ ასე მგონია თურქები და ქართველები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ნაგავს ორივეგან ძირს ყრიან და სიგარეტის ბიჩოკებსაც მოურიდებლად ისვრიან. პროსტა, დაჟე მგონია რომ თურქები ამ საკითხში ცოტას გვჯობნიან და ისეთ ადგილებშიც კი, სადაც უამრავი ტურისტია, მაგალითად აია სოფიასთან, ტოვებენ ნაპიკნიკარს და თან ისე რომ არ ერიდებათ და ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ. სამაგიეროდ, მერია თუ დასუფთავება თუ რაც გინდათ დაარქვით ძალიან კარგი ჰყავს. დაყრილ ნაგავს წამებში აქრობს მეეზოვე და თუკი რამე დარჩება გვიან ღამით მანქანა ჩამოუვლის და მთელ ნაგავს შეისრუტავს ხოლმე. ასე რომ ამ მხრივ ვგონებ რომ პრობლემა არ არის. თუმცა, რაღაცნაირად მაინც არასასიამოვნოა როდესაც უყურებ როგორ ყრის მოქალაქე A ნაგავს ძირს 🙂

თუმცა, ეს ერთი ნაკლი რომ არ ჩავთვლათოთ სხვა მხრივ ფრიად კარგი ტიპები არიან. სტამბულის იმ ნაწილში სადაც მე ვიყავი მუდამ მზად იყვნენ ხოლმე დასახმარებლად. ერთხელ, გოგოებს ვკითხეთ მინიატურკ პარკის მისამართი, არ იცოდნენ მაგრამ წავიდნენ, გაგვიგეს, და მიგვასწავლეს სად და როგორ და რა ნომერი ავტობუსით მივსულიყავით. ჩასვლისას, პირველი დღეს, ერთმა ქალმა ჰოსტელამდე მიგვაცილა, ზუსტად არ ვიცოდით სად უნდა გვეძებნა. ისე, გამყიდველები კარგი მეძვირეები და აფერისტები არიან.  ნებისმიერი რამის ყიდვის დროს უნდა შეევაჭროთ და არასდროს არ უნდა მისცეთ იმდენი რამდენსაც გეუბნებიან. მაგრამ, თუ ჩემსავით გეზარებათ, ან ბევრი ფული გაქვთ მაშინ თქვენი საქმისა თქვენ იცით : )

გარდა იმისა, რომ კეთილები და გულისხმიერები არიან, გამოირჩევიან საოცარი სიმპატიურობით. სიმართლე გითხრათ არ ველოდებოდი თურქეთში ამდენ სიმპატიურ ყმაწვილს. სულო და გულო, მაღლები, დაბლები, გამხდრები, მსუქნები, ქერები, შავგვრემნები… მოკლედ, ყველანაირი ტიპის ადამიანს ნახავ და უმეტესობას სიმპატიურს. ჰოსტელამდე ნერწყვების ყლაპვით მივდიოდი და გული მწყდებოდა რომ ამდენი სიმპატიური ბიჭი, ჩვენთან რუსთაველზე ნამდვილად არ დადის 😀  სამაგიეროდ გოგოებით ვერ დაიკვეხნიან. იქ ყოფნის დროს სულ რამდენიმე იყო ისეთი, ვისზეც ვიტყოდი რომ ლამაზი და კარგი გოგოა.

IMG_7108

2. ქალაქი

სტამბული ძალიან ლამაზი ქალაქია. უბრალოდ, იმისათვის რომ ჩემს სიტყვებში დარწმუნდეთ სურათების ნახვა და მოყოლილის მოსმენა/წაკითხვას აზრი არ აქვს, ეს უნდა ნახოთ უბრალოდ. იბოდიალოდ ქუჩებში დაუსრულებდად. იაროთ იქ სადაც  მეტრო, ავტობუსი, ტაქსი და  მანქანები ერთად, ერთ ვიწრო ქუჩაზე დადიან და პრობლემებს არ ქმნიან. დარწმუნებული ვარ სტამბულზე ბევრად კარგი და ლამაზი ქალაქებიც არსებობს, და შეიძლება სუბიექტური ვარ და ა.შ მაგრამ ნამდვილად ლამაზი ქალაქია. ლამაზი შენობებით, ვიწრო და ქვაფენილიანი ქუჩებით, აივნებზე ყვავილებით, სთრით არტის ელემენტებით, უამრავი ტურისტ, გალათას ხიდი თავისი მეთევზეებით, რომლებიც უამრავ თევზს იჭერდნენ, ზღვა და გემები,  ზღვის პირა ქალაქისთვის დამახასიათებელი სინესტე, ავი კოღოები, დაჟე მოლასაც კი თავისი მუღამი ჰქონდა რაღაცნაირი და ერთი წამით არ გავუღიზიანებივარ.

ყველაზე მეტად გეზი პარკთან დაკავშირებული მიტინგი მომეწონა. რაღაცნაირი მუხტი მოჰქონდათ ხალხს, ეტყობოდათ რომ მთელი გულით იყვნენ იქ, არ იმართებოდნენ მესამე პირების მიერ, სხვანაირი მუღამი ჰქონდა, ერთად იდგნენ ერთი კონკრეტული საქმისთვის. არაფერი არ მესმოდა ვააბშე რას ყვიროდნენ, მაგრამ მომინდა რომ მეც მათი ნაწილი ვყოფილიყავი, მეც მეყვირა ის რაღაც სიტყვები და მეც ვყოფილიყავი მიტინგის მონაწილე და არა ტურისტი, რომელიც შემთხვევით მოხვდა იქ, სადაც იდეაში არაფერი ესაქმება.

IMG_7475

გეი ფრაიდზე 100 000 ადამიანი იყო და არაფერი მოხმდარა ვაბშე. არ დაუზიანებიათ არც კედლები და არც არაფერი. მშვიდობიანი მსვლელობით ჩაიარეს ისიკლალი, ჰომოფობი მანგო დააწიოკეს და უმღერეს ყოველგვარი ექსესის გარეშე. რა თქმა უნდა მოწინააღდეგეებიც იყვნენ, ოღონდ ასე 50-მდე და ძალიან ჩუმად გამოხატავდნენ თავიანთ პროსტესტ და დამოკიდებულებას. არ მომხდარა არანაირი გადაყვირება და გადმოყვირება. კულტურული ხალხია თურქები. განვითარებულები და ჩამოყალიბებულები. ჩვენ, პაპუასებს არ გვგანან.

IMG_7515

ერთადერთი ნაკლი აქვს – საოცრად ძვირი ქალაქია.

მოკლედ, მიყვარს მე სტამბული, უკვე, და აუცილებლად ვნახავ კიდევ ერთხელ.

IMG_7117

ლინკი – სტმბული part 1

სტამბული part 1

1.

იმისათვის რომ მოხვდეთ სტამბულში არსებობს რამდენიმე გზა, მაგრამ მე ყველაზე ძვირიანს, თვითმფრინავს მივადექი. იმიტომ, რომ კომფორტულია და სწრაფი. პეგასუსით ვიფრინე, ბილეთები მაისის დასაწყისში შევიძინე 127 ევროდ. საკმაოდ იაფია ვგონებ. საერთოდ, რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთებს მით უკეთესი. ერთადერთი პრობლემა ის იყო რომ საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ფრინდება და ცოტა მოშორებითაა სტამბულის იმ ადგილიდან სადაც ჩვენ ვაპირებდით დაბინავებას. თუმცა, ეგ პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდა ავტობუსების დახმარებით. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე არის სადგომი, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით დადიან ავტობუსები და ასე 30 წუთში (საცობების შემთხვევაში 50-60წუთში) დანიშნულების ადგილზე, ჩვენ შემთხვევაში ტაქსიმზე, გაჩნდებით. თანაც, სულ რაღაც 13 ლირად.

2.

საცხოვრებელი ადგილის შერჩევა სტამბულში ერთ-ერთი რთული საქმეა. ჩვენ თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა რომ ჰოსტელში უნდა გვეცხოვრა, იმიტომ რომ იაფია. გადავქექეთ booking.com – ი და შედეგად ჩილაუთ ჰოსტელს მივაგენით. ჩილაუთი ისტიკლალ კადექსზე მდებარეობს, თითქმის ბოლოში, პატარა ჩიხში.  წყნარი, მშვიდი და სუფთა ჰოსტელია. ტაქსიმის მოედნამდე და შესაბამისად მეტროს სადგურამდე ასე 15 წუთის სავალზე. 6 სართულიანი ჰოსტელია, სულ 23 ოთახი და იდეაში საკმაოდ ბევრი ხალხიც ჰყავდათ. მაგრამ ეგეთი სიმშვიდე, ჰოსტელში რომ იყო არსად არ მინახავს სტამბულში. ოთახებში სივიწროვეა და მხოლოდ ლოგინის ადგილებია, მაგრამ მიუხედავად მაგისა არ ცხელოდა. რამდენიმე ფანჯარა იყო და ყველას გაღების შემთხვევაში თავისუფლად უბერავდა. wi-fi მხოლოდ პირველ სართულზე, მისაღებში იყო სადაც უამრავი როზეტია (აკა შტეფსელი) და კომპიუტერს/ტელეფონს დაჯდომის საფრთხე არ ემუქრება 🙂 სისუფთავე იყო ასევე ვანა-ტუალეტშიც, მართალია ორივეგან ძალიან სივიწროვე იყო და ძალიან ცხელოდა მაგრამ შესვლა არ დაგეზარებოდა. ბუქინგ ქომზე ჯავშანისას მომხმარებლის კომენტარებს დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მე ჯერ დავჯავშნე და წასვლამდე ორი-სამი დღით ადრე გადავხედე კომენტარებს და გული გამისკდა, საშინელ რაღაცებს წერდნენ ჩილაუთზე, ფანჯარა არ იღებაო, ლოგინები არაკომფორტულიაო, კედლები თხელიო და ა.შ და რეალურად მე იქ არანაირ პრობლემას არ წავწყდომივარ.

chillout hostel

chillout hostel

3.

მას შემდეგ რაც მგზავრობის ბილეთები ნაყიდი და ჰოსტელი დაჯავშნული დავიგულე გადავედი იმ მუზეუმების/ადგილების მოსაძებნად რაც კი უნდა მენახა სტამბულში. გავაკეთე პატარა ჩამონათვალი, რომელშიც შედიოდა: აია-სოფია, ლურჯი მეჩეთი, სულთანაჰმედი, ტოპკაპი, გალათა თაუერი, მინიატურკი, ტური ბოსფორზე, ბაზილიკა ცისტერნი და უმანკოების მუზეუმი. თითოეული მათგანი მოვძებნე რუკაზე, დავსქრინე და შევინახე ტელეფონში. გადმოვწერე ოფლაინ მეფი, სადაც სტამბულის ყველა ქუჩა იყო აღნიშნული. დაახლოებით ჩამოვყალიბდი რომელ დღეს რა უნდა მენახა და რა მანძილი უნდა მევლო. შევადგინე გეგმა და გავწერე ყველაფერი. თუმცა, საბოლოო ჯამში გეგმის მიხედვით არ წასულა ყველაფერი. ცოტა რთულია სწორხაზოვნად მიჰყვე გეგმას. განსაკუთრებით მაშინ თუ არ გაქვს გათვალისწინებული ის რომ მთელი დღე უნდა იარო. და მთელ დღეში მართლა მთელი დღე იგულისხმება.

4.

ტრანსპორტი სტამბულში ის შემთხვევაა, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიადგე. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, სამაგიეროდ კომფორტული. მოკლედ, სტამბულში დადის ავტობუსი, მინი ავტობუსი (მარშრუტკა), ტრამვაი და მეტრო. მეტრო არის მიწის ზემოთ და ჩემთვის ძალიან უცნაური იყო და მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ტროლეობუსს ვეძახდი : ) როგორია შეეგუო იმ ფაქტს რომ შეიძლება მეტრომ 10 სანტიმეტრის რადიოსში ჩაგიაროს. მეტროში კონდიციონერი იყო და საკმაოდ გრილოდა. + ადაპტირებული იყო შმმ პირებისთვის და ძალიან მომეწონა. სტამბულში მეტროს რამდენიმე ხაზია და თუ რომელიმედან რომელიმეში გადაჯდომა გინდა დამატებით კიდევ უნდა გადაიხადო. ერთი მგზავრობა 3 ლირა ღირს. აი, ჩვენთან ვაგზალზე გადაჯდომისას რო კიდევ იხდიდე მგზავრობის საფასურს ეგ მომენტია. უბრალოდ, მეტროში და ზოგადად ტრანსპორტში ფულის ხარჯვას სჯობს ფეხით სიარული.

მეტრო

მეტრო

უკეთესი მარიანტი ავტობუსია, რომელიც 2 ლირა ღირს. გალათას ხიდთან ავტობუსების სადგომს მივაგენით და საღამოობით მკვდრები იქიდან მოვყვებოდით. უფრო სწორად, 2-ჯერ გამოვყევით. მართალია ავტობუსი ტაქსიმის მოედნიდან ცოტა შორს აჩერებს და უშუალოდ ტაქსიმზე არ მიდის, მაგრამ მაინც კარგი ტრანსპორტია, იმიტომ რომ შედარებით იაფი გიჯდება.  რაც შეეხება მინი ატობუსს – ფასი რამდენადაც მახსოვს 3 ლირა იყო, სამაგიეროდ ავტობუსზე სწრაფია. ძალიან მოცუცქნულია, 9 კაციანი, თან კონდიციონერიც არ არის და მაგით სარგებლობას ისევ ავტობუსი სჯობს. ტრამვაის საკმაოდ პატარა ხაზები აქვს. მე ერთადერთი ვნახე, ტაქსიმის მოედნიდან ისტიკლალის ბოლოში. პატარა, წითელი, ღია, კუსკუსა ტრამვაია. შემიყვარდა, ოღონდ შორიდან. მომწონდა როცა ვუყურებდი. ტრამვაიც 3 ლირა ღირს და ვფიქრობ ძალიან ღორობაა ერთი ქუჩის გავლაში რომ 3 ლარს იხდი. ამიტომ, ისევ შორით ტრფობა და სიყვარული სჯობს იქ ასვლას.

ტრამვაი

ტრამვაი

არსებობს კიდევ ეგეთი რამ, ტაქსი, რომელსაც არაფრის დიდებით არ უნდა გაეკაროთ თუ ძალიან სასწრაფო და გადაუდებელი არ გჭირდებათ.

5.

სტამბულში ჭამა ძვირი სიამოვნებაა. არის ადგილები სადაც იაფად შეჭამთ, და არის ადგილები სადაც საკმაოდ სოლიდურ თანხას დატოვებთ. მაგრამ, ყოველთვის გექნებათ გარანტია რომ თქვენი შეკვეთილი საჭმელი გემრიელია. თუმცა, ძალიან წარმატებულად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბურგერ კინგით. რომელიც იაფია და პლიუს მისი ჭამის შემდეგ ნამდვილად აღარ იტყვით რომ ისევ გშიათ. აგრეთვე, იაფია სენდვიჩები. ისტიკლალზე იყო ეგეთი ზავიძენია patatos სადაც აკეთებდნენ ქათმის უგემრიელეს სენდვიჩს და სულ რაღაც 3.5 ლირა ღირდა. კვებასთან დაკავშირებით დიდად კომპეტენტური ვერ ვარ, იმიტომ რომ ძირითადად ფასთ ფუდებზე გადავიარეთ 🙂

6.

დანარჩენს შემდეგ პოსტში გავაგრძელებ ^_^