Category Archives: Trip 2014 [ამსტერდამი, პრაღა, დრეზდენი, რიგა]

დრეზდენი, გერმანია

პრაღაში 6 დღე გვიწევდა ყოფნა, რაც საკმაოდ ბევრია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შორიახლოს არსებულ რომელიმე ქალაქში წავსულიყავით. ბევრი მსჯელობის შემდეგ დრეზდენზე შევჩერდით.

პრაღადან დრეზდენში დაახლოებით 2 საათის სავალი გზაა, ცოტა მეტი და დაახლოებით 990 კრონა (85 ლარი) ღირს პრაღა-დრეზდენი-პრაღა. ბილეთების ყიდვა სადგურ  Florenc Praha-ში შეგიძლიათ. ავტობუსი დილის 7 საათზე გავიდა და 10-ის წუთებზე უკვე დრეზდენში ვიყავით.
წინა ღამით სახელდახელოდ მოვძებნეთ მასთ სი ადგილები, ამოვიწერეთ და იმით ვხელმძღვანელობდით. სანახავი ადგილები ძირითადად ერთ ადგილასაა თავმოყრილი.

ცვინგერის სასახლე

„ცვინგერი“ 1711 – 1722 წლებში ბაროკოს სტილში ააშენეს. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს საგრძნობლად დაზიანდა. 1963 წელს დასრულდა სასახლის რესტავრაცია და დღეს თითქმის იმ ფორმაშია აღდგენილი, როგორიც ომამდე ოყო. ცვინგერის სასახლე გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.

ცვინგერის შენობებში საქსონიის მნიშვნელოვანი საგანძური ინახება: ფაიფურის კოლექცია, მათემატიკურ-ფიზიკური სალონი, იარაღის გამოფენა, მინერალოგიის და გეოლოგიის მუზეუმი, ასევე წარმოდგენელია ძველი ფერწერული ტილოების გამოფენა.

ცვინგერის სასახლე

ფრაუენკირხე

დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრაუენკირხე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა დრეზდენში. დრეზდენის ფრაუენკირხე თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომში საჰაერო დაბომბვის დროს და აღდგენილ იქნა როგორც ყოფილი მტრების შერიგების ისტორიული სიმბოლო. ტაძრის ფასადის რეკონსტრუქცია დასრულდა 2004 წელს, ინტერიერისა კი – 2005-ში და 13 წლის ინტენსიური აღდგენა-მშენებლობის შემდეგ 2005 წლის 30 ოქტომბერს  ტაძარი საზეიმოდ აკურთხეს.

ფრაუენკირხე

kunsthofpassage

kunsthofpassage ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი უბანია მთელს დრეზდენში. საცხოვრებელი სახლის კორპუსის საწვიმარი მილები მუსიკალური ინსტრუმენტებითაა გაკეთებული და წვიმის დროს სასიამოვნო ხმას გამოსცემს. ცენტრიდან ცოტა მოშორებითაა და კითხვა კითხვით მივაგენით.

kunsthofpassage

kunsthofpassage kunsthofpassage-ს დათვალიერების შემდეგ ერთ-ერთ პარკში ვისვენებდით. აღფრთოვანებული ვიყავი სიმწვანით და სისუფთავით. იქვე ახლოს ერთ-ერთი ეკლესია იყო, სახელი აღარ მახსოვს :/ ძალიან დიდი და ძალიან ლამაზი.

IMG_8544

 

ძალიან ლამაზია  Procession of Princes  რომელიც 1870 – 1876 წლებში დაიხატა.

Procession of Princes

ლამაზი ქალაქია დრეზდენი. ერთი დღე ვიყავით, უფრო სწორად 11 საათი. უმეტესი მასთ სი ადგილების ნახვა მოვასწარით. თუმცა, ალბათ 2 დღე მაინც გინდა, რომ დრეზდენი თავიდან ბოლომდე დაათვალიერო.

drezden

 

 

 

პრაღა, ჩეხეთი

ამსტერდამში 1 კვირიანი ვოიაჟის შემდეგ პრაღას მივადექით. ფრენა იმაზე ნახევარი საათით ნაკლები გაგრძელდა ვიდრე დაგეგმილი იყო.
პირველი რაც პრაღაში გადამხდა ის იყო, რომ აეროპორტის გასასვლელთან სრულიად მარტო დავრჩი. აეროპორტიდან გამოვედი, ავტობუსში ავედი, ბარგი მოვათავსე და განრიგის სანახავად დაბლა ჩამოვედი, მაინტერესებდა რომელ საათზე გავიდოდა. საბოლოო ჯამში სანამ მე განრიგს ვნახულობდი ავტობუსმა წრიპინი ატეხა, კარებები დახურა და ცოცხალი თავით აღარ გამიღო. საბედნიეროდ მახსოვდა ნომერი და ვიცოდი, რომ ბოლო გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი. თემო და კობა იქ მელოდებოდნენ 🙂

pragueპრაღაში მე ევრო მქონდა წაღებული და აროპორტში ძალიან მცირე ნაწილი, მგზავრობისთვის რაც დამჭირდებოდა, ის გადავახურდავე. ძალიან ცუდი კურსი აქვთ აეროპორტში, 1 ევროდ 23 კრონა (ჩეხური ფული) მოგივათ. ძალიან გამაოცა მომსახურე პერსონალმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ცდილობდა რაც შეიძლება მეტი გადამეხურდავებინა, ჯერ მკითხა რამდენი ხნით რჩები მხოლოდ 20 ევროს რომ ახურდავებო, ისაო ესაო, ბოლოს ისიც მითხრა ტაქსისთვისაც კი არ გეყოფაო, ვუთხარი ავტობუსით მივდივარ-მეთქი და შემეშვა. პრაღაში რთულია ფულის გადახურდავება, ან ძალიან ცუდი კურსია, ან კიდევ უსაშველოდ მაღალ საკომისოს იღებენ. თუმცა არის ერთი კარგი ადგილი, არაბების სავალუტო პუნქტი, სადაც ხელსაყრელად დაახურდავებთ და საკომისიოსაც არ წაგართმევენ.  მე რომ გადავახურდავე 1 ევროდ 27 კრონა (თუ 26?) მომივიდა.

აეროპორტშივე შეგიძლიათ იყიდოთ ავტობუსის ბილეთი, რომელიც 32 კრონა ღირს და მისი გამოყენება 90 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ. ბილეთი მოქმედებს ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით და შემდეგ უკვე მეტროთი მივედით. სხვათაშორის მეტროს სადგურები თბილისში ბევრად უკეთესია, ნუ თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ პრაღაში სადგურების უმეტესობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

კობა პრაღაში თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში 🙂 შესაბამისად, ჩვენი ბინის მოძებნა სულაც არ იყო რთული.

პრაღა ძალიან ლამაზი ქალაქია, დღისითაც და ღამითაც. თუმცა, ის რაც პრაღაში მომეწონა ძალიან მცირე, პატარა მოედანია, ძველი ქალაქი. სწორედ ამიტომ 6 დღე პრაღაში ძალიან ბევრია. ჩემი აზრით სრულიად საკმარისია 3-4 დღის გატარება, ვინაიდან და რადგანაც ამ 3-4 დღეში ყველაფრის დათვალიერებას მოასწრებთ.

prague

პრაღის ციხე-სიმაგრე მგონი ყველა წერტილიდან ჩანს. სანამ იქამდე ავიდოდი ვფიქრობდი, რომ საკმაოდ მაღლა იყო, თუმცა ასვლა არ გამჭირვებია. შორიდან ულამაზესია, ახლოდანაც ლამაზი იქნებოდა 4-5 სართულიანი, საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები რომ არ ფარავდეს. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ძალიან მაღიზიანებდა ეგ შენობები. ან ვის მოუვიდა თავში მაგის აშენება, ან რატომ არ ანგრევენ :/ არ ვიცი.
პრაღის ციხე-სიმაგრე ადრე მეფებიის, დღეს კი ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს. რამდენადაც ვიცი ის მსოფლიოში უდიდესი საპრეზიდენტო რეზიდენციაა. გინესის მიხედვით კი მსოფლიოში არსებული უძველესი ციხესიმაგრეებიდან უდიდესია, მოიცავს 70 000 კვ.მ. ფართობს. რეზიდენციიდან ულამაზესი ხედი იშლება, ისეთი, იქ ყოფნა და ყურება რომ არ მოგბეზრდება.

prague castle

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც მინდა გამოვყო ლენონის კედელია. კედელზე თავიდან ჯონ ლენონის სახე დახატეს, შემდეგ უკვე ბიტლზების სიმღერებიდან ციტატების მიწერა დაიწყეს. ამით ახალგაზრდები ერთგვარ პროტესტს გამოთქვამდნენ საბჭოთა კავშირის მიმართ. კედელი მუდმივად იცვლება. ტურისტები მიდიან და საყვარელი სიმღერებიდან ნაწყვეტებს წერენ. ძალიან სასიამოვნო იყო იქვე მყოფი გიტარიანი კაცის მოსმენა, რომელიც ბიტლზის რეპერტუარს ასრულებდა.

prague, lenon wall

 

pragueპრაღაში, ასტრონომიული საათის წინ, ყოველ სრულ საათზე იმდენი ტურისტი იყრის თავს, რომ იქიდან თავის დაღწევა ცოტათი რთულია 🙂
ასტრონომიული საათი 1410 წელს დაამონტაჟეს. 1490 წელს მას მიუმატეს კალენდარული (მზის) საათი და ორივე მოაპირკეთეს გოთიკული არქიტექტურის ფიგურებით. საათში ერთხელ, სრულ საათზე, სარკმლები იხსნება და მოციქულები წრეზე ტრიალებენ, “მოციქულების სვლა” – ასე უწოდებენ ამ სანახაობას და სწორედ ამ სანახაობისთვის უამრავი ადამიანი იკრიბება. მეც ვიდექი შუადღის 2 საათზე, მზეში, და ველოდებოდი მოციქულების სვლას, მეგონა რამდენიმე წუთს მაინც გაგრძელდებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი :/ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, ტურისტებიც მიმოიფანტნენ. ცოტა იმედები გამიცრუვდა. უფრო დიდ სანახაობას ველოდებოდი.
ლეგენდის თანახმად, ასტრონომიული საათის დამმონტაჟებელი მოკლეს, ამაზე უკეთესი რომ აღარ გააკეთესო.

prague

ერთ-ერთი ყველაზე კარგი და აუცილებლად სანახავი ჩარლის ხიდია. როგორც ამბობენ, პირველი ქვა ხიდის მშენებლობისთვის 1357 წლის, 9 ივლისს, 5:31 საათზე დადებულა. იღბლიანი ციფრები (135797531) ასტრონომებმა ჩარლს IV-ს მისცს და მშენებლობაც მაგიტომ დაიწყო ამ დღეს და ამ საათზე. თუმცა, კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, ხიდის აშენების დროს კვერცს იყენებდნენ, რათა ქვა უფრო მტკიცე და ძლიერი ყოფილიყო. ქვის ბლოკებში მართლაც არის რაღაც ორგანული და არაორგანული ნივთიერებები.
ჩარლის ხიდის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი მათგანის მოსმენა ამ ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ:  http://youtu.be/tfj2ORAWtjs

 

 

მომეწონა პრაღა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი უხეშია და ეს განსაკუთრებით ვიგრძენი ამსტერდამის შემდეგ. მომეწონა ის ფაქტი, რომ საკმაოდ იაფი ქალაქია და 1 კვირაში დაახლოებით 80 ევრო დავხარჯე ( საცხოვრებლის გარეშე). განსაკუთრებით ჩეხური სასმელი, ბეჰეროვკა და ლუდი მომეწონა ^_^ თუმცა, ბევრი დადებითი ემოციის მიუხედავად, ჯერჯერობით იქ დაბრუნება არ მინდა. ალბათ ბევრი წლის შემდეგ ისევ სიამოვნებით ვესტუმრები.

prague

 

 

ჰააგა, ნიდერლანდები

ამსტერდამიდან ჰააგაში მატარებლით მოსახვედრად დაახლოებით 40-50 წუთი გჭირდებათ. მატარებელი ამსტერდამის ცენტრალური სადგურიდან გადის და საკმაოდ კომფორტულია, აღსანიშნავია, რომ wifi-ც არის და შესაბამისად გზაში ნამდვილად ვერ მოიწყენთ. პრინციპში, გზად უამრავი საინტერესო და ძალიან ლამაზი დასახლებაა, რომელთა თვალიერების შემთხვევაშიც ვერ მოიწყენთ 🙂 ბილეთის ფასი 11 ევროა. მე რომ მივდიოდი უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ავიღე და შესაბამისად 23 ევრო (22 ევრო გზა, 1 ევრო მომსახურეობა) დამიჯდე. პრინციპში, ცოტა ძვირია, ყოველშემთხვევაში მე მეძვირა, მაგრამ ნამდვილად ღირს.

Den haagმიუხედავად იმისა, რომ ჰააგა და ამსტერდამი საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, მაინც რადიკალურად განსხვავებული ქალაქებია. ამსტერდამი ველოსიპედების ქალაქია, ჰააგა არა (მაგრამ სხვა ქალაქებთან შედარებით, სადაც ვიყავი, ჰააგაშიც საკმაოდ ბევრი ველოსიპედია), ამსტერდამში პატარა, 6 სართულიანი, ვიწრო სახლებია, ჰააგაში არა, ამსტერდამში ვიწრო, ქავეფენილიანი ქუჩებია, ჰააგაში არა.
ჰააგაში მდებარეობს სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის პარლამენტისა და პრემიერის, პარტიათა რეზიდენციები, ფაქტობრივად, პატარა პოლიტიკური ქალაქია, სადაც ძირითადად სოლიდურად ჩაცმული ადამიანები დადიან. სხვათაშორის, ამსტერდამშიც და ჰააგაშიც ძალიან ბევრს შეხვდებით შარვალ-კოსტუმით რომ მართავენ ველოსიპედს.

რაც მთავარია, ჰააგაში მდებარეობს გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო, რომელიც 1945 წელს შეიქმნა. სასამართლოს მიზანი სახელმწიფოებს შორის დავის გადაწყვეტაა, ის ასევე იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.  ჩემი მიზანი ამ სასამართლოს ნახვა იყო.

სადგურიდან რომ გამოვედით ვცადეთ ხალხისთვის გვეკითხა სასამართლოს ადგილმდებარეობა, რამდენიმე ცდის შემდეგ დავნებდით, არავინ არ იცოდა. ბოლოს გუგლმეფის საშუალებით მივაგენით. ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცოდი, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლო მშვიდობის სასახლეში იყო. ალბათ მშვიდობის სასახლე, რომ მეკითხა ყველა მიგვასწავლიდა გზას 🙂

მშვიდობის სასახლე, მზე უადგილო ადგილას იყო და კარგი სურათები ვერ გადავიღე

მშვიდობის სასახლე, მზე უადგილო ადგილას იყო და კარგი სურათები ვერ გადავიღე

 

მშვიდობის სასახლე 1913 წელს გაიხსნა, თავდაპირველად აქ განთავსებული იყო საარბიტრაჟო სასამართლო. 1899 წელს, ომის დასრულების შემდეგ, ჰააგის მშვიდობის კონფერენციაზე, შეთანხმდნენ რომ აქ უნდა ყოფილიყო სასამართლო და გამოიყო 1.5 მილიონი დოლარი მშვიდობის სასახლის ასაშენებლად.

ძალიან გული დამწყდა, რომ სასამართლო, კიარადა მშვიდობის სასახლე, მხოლოდ გარედან ვნახე. სამწუხაროდ, მაინც და მაინც იმ დღეს არ იყო ტურისტებისთვის ღია. საერთოდაც, როგორც აღმოჩნდა, იმისათვის, რომ სასამართლოში მოხვდე, რამდენიმე დღით ადრე უნდა ჩაეწერო. იმედია სხვა დროს აუცილებლად მოვხვდები შიგნით და ჭიშკართან სელფების გადაღებით არ დავკმაყოფილდები.

ჰააგა საკმაოდ ლამაზი და მშვიდი ქალაქია. მე ვიტყოდი, ძალიან მშვიდიც კი. იმდენად მშვიდი რომ 2 დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდებოდი. ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარით, სულ 5 საათით ვიყავით მგონი. მაგრამ რაც ვნახე ძალიან მომეწონა ❤

IMG_8286

ამსტერდამი, ნიდერლანდები

სხიპჰოლის აროპორტიდან ამსტერდამის ცენტრალურ სადგურამდე მეტროს უნდა გაყვეთ. რომელიც 5 ევრო ( 4 ევრო ბილეთი, 1 ევრო მომსახურეობა) ღირს. ცენტრალური სადგურიდან დანიშნულების ადგილამდე შეგიძლიათ ფეხით, ან ტრამვაით მიხვიდეთ, რომლის ღირებულებაც 2.80 ევროა ( 60 წუთის განმავლობაში შეგიძლია გამოიყენოთ ბილეთი).

ამსტერდამი ზღაპარია.
გგონია დედამიწაზე არ არსებობს, ცალკე, დამოუკიდებელი სამყაროა და დამოუკიდებლად არსებობს. გგონია გარშემო ყველაფერი ჩაკეტილია და მხოლოდ ამსტერდამია, პატარა, 6 სართულიანი სახლები, ხის დარაბებით, ფანჯრებზე ყვავილებით და უამრავი ველოსიპედიანი ხალხი.
ხიდები, მდინარე, ბედნიერი სახეები, უამრავი ტურისტი და ქუჩებში ბოდიალის გარდა არაფერი რომ არ აკეთო მაინც ბედნიერი იქნები.
ძალიან წყნარი და მშვიდი ქალაქია, ოღონდ ყველგან მარიხუანის სუნია, ქოფი შოფებთან კიდევ უფრო 🙂

IMG_7993

✔ ამსტერდამის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი ზოოპარკია. შესვლა 20 ევრო ღირს და მზად უნდა იყოთ, რომ ასე 4-5 საათი დაუთმოთ. უზარმაზარ ტერიტორიაზე უამრავი რამ არის სანახავი.

ზოოპარკის რუკა :)

ზოოპარკის რუკა 🙂

ვოილერები ყველა ცხოველისთვის ცალ-ცალკეა შექმნილი და ყველა ცხოველს თუ ფრინველს თავისი ადეკვატური გარემო აქვს. ორ ერთნაირ ვოლიერს იქ ვერ ნახავთ. ყველაზე ძალიან რამაც გამაოცა ის იყო, რომ ვოლიერები ღიაა. რა თქმა უნდა ცხოველების ნაწილი (მაგ: ლომები, მგლები) ჩაკეტილ გალიაში არიან, მაგრამ უმეტესობა ღიაა და პრინციპში, რომ მოინდომონ თავისუფლად გამოვლენ და გაერევიან დამთვარიელებში, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არ გამოდიან.

IMG_8163

✔ რედ ლაით დისთრიქთზე გოგოები კიარა ანგელოზები დგანან 🙂 უმეტესობა მათგანი ძალიან კარგად გამოიყურება და ვიტრინიდან გეკეკლუცება. მსურველს შუძლია პირდაპირ ვიტრინაში შევიდეს, რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი ფულის გადახდის სანაცვლოდ. სამწუხაროდ დისთრიქთზე ფოტოების გადაღება აკრძალულია და არ მომეცა საშუალება დამეფიქსირებინა ის ყველაფერი რაც იქ ხდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ამსტერდამი საკმაოდ მშვიდი ქალაქია და ღამით ხალხი დიდად არ ჩოჩქოლობს, რედლაითზე ყოველთვის ბევრი ხალხი და ჩოჩქოლია, იქვე შეიძლება კოკაინის შოვნაც. ვიღაც ადამიანები გვერდზე ჩაგივლიან და გიჩურჩულებენ რომ კოკაინი აქვთ. ალბათ ბევრი კოკაინის და მოსაწევის ბრალია, რომ ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში სასწრაფოს ხმა კაი ხანს ისმოდა.

✔ ბევრისგან მსმენია სექს მუზეუმი მასთ სიი ადგილიაო. იაფი ღირს შესვლა, სულ რაღაც 4 ევრო და ალბათ ეგ გახდა საფუძველი რომ მაინც შევედი. თავიდანვე დიდად არ მაინტერესებდა და ბოლოს მივხვდი კიდეც რომ მივქარე. ეგეთი უინტერესო და მოსაწყენი ადგილი ამსტერდამში ძალიან ცოტაა. პრინციპში, გემოვნების ამბავია, ბევრს მოსწონს 🙂

sex museum

✔ The Dungeon-ს შემთხვევვით მოვკარით თვალი ტრამვაით შინ რომ ვბრუნდებოდით. საშინელებათა ოთახი გვეგონა. პრინციპში, სულ ცოტათი აღმოჩნდა კიდეც. საშიში ნაკლებადაა იქაურობა, სამაგიეროდ ვიზუალური გაფორმებაა გადასარევი! 1 საათის განმავლობაში გაჩვენებენ ესპანურ იკვიზიციას, რომელიც ჰოლანდიას შეეხო.  როგორი იარაღები არსებობდა საწამებლად, როგორ ასამართლებდნენ ხალხს, როგორ და რატომ წვავდნენ ჯადოქრებს კოცონზე, რა ხდებოდა იმ პერიოდში გემზე და ა.შ. 22 ევრო ღირდა შესვლა, პრინციპში ძვირია. თუმცა არ ვნანობ რომ მანდ ვიყავი.

the dungeon amsterdam

ამსტერდამი ჩემი ოცნების ქალაქი იყო წლების განმავლობაში და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოცნება ასე მალე ამიხდებოდა. თითქოს ჯერ ისევ არ მჯერა, რომ იქ ვიყავი, რომ პატარა ქვაფენილიან ქუჩებზე დავბოდიალობდი, რომ ხიდიდან ხიდზე ყოველი გადასვლისას ვფიქრობდი, რომ ზღაპარში ვიყავი.

P.S ძალიან მარტივი გასარჩევია ვინ ადგილობრივია და ვინ ტურისტი 🙂 თუ ველოსიპედზე დაინახავთ ადამიანს, რომელიც ორივე ან თუნდაც ერთი ხელით ჩაფრენილია საჭეს და მხოლოდ პირდაპირ უყურება და ყველა წვრილმანზე ასიგნალებს ე.ი ტურისტია, ხოლო ადამიანი რომელიც თან ველოსიპედზე ზის, თან ყავას სვამს, თან სიგარეტს ეწევა და თან ტელეფონზე ლაპარაკობს ე.ი ადგილობრივია. ამსტერდამი ველოსიპედების ქალაქია და მათთვის უზარმაზარი პარკინგი არსებობს.

amsterdam

რამდენიმე საათი გაფრენამდე

დღეს რომ დრო ნელა გადის ასე ალბათ არასდროს გასულა.
6 საათია, რამდენიმე საათიც და ამსტერდამისკენ გაფრინდება ჩემი თვითმფრინავი.

პირველად როდის ან რატომ მომინდა ამსტერდამში წასვლა არ ვიცი. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ვამბობ ამ ქალაქში აუცილებლად წავალ-მეთქი. თუმცა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ოცნება ასე მალე ამიხდებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა საუბარი დავიწყეთ ამსტერდამზე და ინტერნეტში რაღაცეები მოქექვა, რატომღაც მეგონა რომ თავს ვერ მოვაბამდით და ვერ წავიდოდი. ხოდა, დაჯერებაც მიჭირს რომ სულ რამდენიმე საათი და მე უკვე ამსტერდამში ვიქნები.

პრაღა შორიდან მომწონდა, პატარა ლამაზი ქალაქია. მინდოდა ჩეხეთშიც წასვლა, თუმცა, ამჯერზე არ ვგეგმავდი. ფაქტობრივად შემთხვევით გამოვიდა, და ეგეც იმის ბრალია, რომ ვიზა იმაზე დიდხნიანი მომცეს ვიდრე შეტანილი მქონდა. ერთი გასროლით ორ კურდღელს ვიჭერ, თუ როგორ არის ეგ? 😀

პანიკა მაქვს ჩართული. მგონია რაღაც მრჩება. მხოლოდ ხელბარგით მივდივარ (შიდა ფრენების დროს ბარგი ფასიანია და მაგდენი ფული არ მაქვს) და ჩემი ჩანთა რამდენჯერმე ავწონე იმაში დასარწმუნებლად რომ 8 კგ-ს არ აღემატება. სულ რაღაც 6.2 გამოვიდა.
ტვინში მილიონჯერ გადავავლე თვალი ნივთებს რომლებიც ჩავდე და მაინც მგონია, რომ რამე მავიწყდება.
მთავარია პასპორტი, პირადობა და ფული თან მაქვს. დანარჩენს ალბათ ეშველება 🙂

P.S ბოლო დროს ჩამოვარდნილმა თვითმფრინავებმა ცოტა დამძაბა. თუმცა, ჩემს თავს მაინც იმას ვახსენებ, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და მსხვერპლის რაოდენობით ბოლო ადგილზე დგას. ასე, რომ ყველაფერი კარგად იქნება ^_^

ამსტერდამი – second step – ავიაბილეთები და საცხოვრებელი ადგილი

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ვიზა ავიღე და ვაპირებ პოსტის დაწერას საცხოვრებელ ადგილზე და თვითმფრინავის ბილეთებზე. მაგრამ აქამდე მეზარებოდა.

მოკლედ, მას შემდეგ რაც ვიზაზე დადებითი პასუხი მოვიდა იმდღესვე დავიწყეთ თვითმფრინავის ბილეთების ძებნა ადეკვატურ ფასად. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთებს ლამის ორი თვით ადრე ვყიდულობდით მაინც საკმაოდ ძვირი ღირდა. თუ ვიზა და სამსახური გაძლევთ საშუალებას აუცილებლად შეამოწმეთ წინა და მომდევნო დღის ფასები, რადგან არსებობს შანსი რომ ამ დღეებში ბილეთები გაცილებით იაფი ღირდეს.

არსებობს ერთი ძალიან კარგი საიტი, fly.ge – სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ავიაკომპანიის ბილეთები. სასურველი თარიღის და დანიშნულების შეყვანის შემდეგ საიტი ავტომატურად გიყრით ყველაზე იაფიან, ყველაზე სწრაფ, ყველაზე ძვირიან ბილეთებს. სასურველის ამორჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ ფასი გადაამოწმოთ იმ ავიაკომპანიის საიტზე.

fly.ge

მას შემდეგ რაც შეარჩევთ თარიღს და ავიაკომპანიას უნდა გადაწყვიტოთ სად შეიძინოთ ბილეთები. თბილისში ძალიან ბევრი ავიაკომპანიის ოფისია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და კომფორტულ გარემოში აარჩიოთ ბილეთები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში მომსახურების ფულს გადაიხდით, რაც დამატებით 40-50-60 ევროა.

ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პეგასუსი აღმოჩნდა. ბილეთები საიტზევე ვიყიდეთ და თბილისი-ამსტერდამი 147 ევრო დაჯდა. შემდეგი ფრენა ამსტერდამიდან პრაღაშია, რომელიც საკმაოდ იაფი 64 ევრო ღირს და easyjet-ს მივყვებით, ხოლო თბილისში aribaltic-ით ვბრუნდებით (142 ევრო).  ბილეთების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად გიწევთ გადაჯდომა და რამდენი საათი მოგიწევთ აეროპორტში ყურყუტი. ასე მაგალითად, აქედან სტამბულის გავლით (გოქჩენის აეროპორტი) მივდივართ ამსტერდამში. აეროპორტში გასატარებლად 4 საათი გვაქვს. 4 საათი ძალიან ცოტაა ქალაქში გასასვლელად და დამღლელი აეროპორტში ყოფნისთვის. სამაგიეროდ, პრაღა-თბილისი მგზავრობისას გადაჯდომა რიგაში გვიწევს და “ხურდად” 8 საათი გვაქვს. 8 საათი სრულიად საკმარისია ისეთი პატარა ქალაქის დასათვალიერებლად როგორიც რიგაა. ბილეთების ყიდვისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რამდენი კილოგრამის გადატანა შეგიძლიათ, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა. პეგასუსი ნებას გვრთავს ბარგის სახით 20 კილოგრამი უფასოდ გადავიტანოთ, ხოლო იზიჯეტს და ეარბალტიკს მხოლოდ ხელბარგი ( 8 კილოგრამი) აქვს გათვალისწინებული და ბარგის საფასური ცალკე ანგარიშდება.

ასე და ამგვარად თბილისი-ამსტერდამი-პრაღა-თბილისი ზუსტად იგივე ჯდება რაც თბილისი-ამსტერდამი-თბილისი ჯდებოდა. თანაც, ბონუსად რიგაც მოჰყვება 🙂

მას შემდეგ რაც ევროპაში ჩააღწევთ შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მატარებლის ფასი არ ჩამოუვარდება თვითმფრინავის ფასს. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია რომელს მიანიჭებთ უპირატესობას.

მას შემდეგ რაც გარკვეული გექნებათ როდის ჩადიხართ დანიშნულების ადგილას, შეგიძლიათ დაიწყოთ საცხოვრებელი ადგილის ძებნა.
ბინის მოძებნა არც ისე რთულია, მთავარია რამდენი გაქვს ფული. ვინადაიდან რადგანაც ჩვენ სასტუმროს ფული არ გვქონდა, ხოლო ჰოსტელი იგივე ჯდებოდა რაც ჩვეულებრივი ბინის ქირაობა დღიურად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბინა გვექირავებინა ამსტერდამშიც და პრაღაშიც.

airbnb.com

ყველაზე კარგი საიტი airbnb.com-არის. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თქვენთვის სასურველი ბინა. შეგიძლიათ მიუთით მინიმალური და მაქსიმალური ფასი და ამ ჩარჩოს მიხედვით მოძებნოთ შესაფერისი საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას. დამეთანხმებით, რომ ადგილდემბარეობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და არახელწამოსაკრავი კომპონენტია ბინის შერჩევისას. სანამ ბინას დაჯავშნით გაეცანით რივიუებს, დაათვალიერეთ სურათები, ყურადღება მიაქციეთ რამდენ ადამიანზე აქვს ბინა გათვლილი და ხომ არ ითხოვს დამატებით ფულს დამატებით ადამიანებში. airbnb-ზე გადახდა წინასწარ ხდება. თუმცა, ფული ჰოსტამდე მხოლოდ მას შემდეგ მივა, როცა თქვენ “დაჩექინდებით”. თუ მოხდა სასწაული და ვერ მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს, airbnb ფულს უკან დაგიბრუნებთ, ოღონდ მომსახურების საფასურის ჩამოჭრით.

ამსტერდამში კარგი ბინის მოძებნა იაფად ცოტა არ იყოს და რთული საქმეა ისეთ კარგ საიტზეც როგორიც airbnb-ია, თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ^_^
პატარა, საყვარელი, ორ სართულიანი ბინა ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, საიტზე ახალი დამატებულია და რივიუები ჯერ არ აქვს. ვიმდოვნებ, რომ ჩვენი დაბინავება იმაზე წარმატებულად ჩაივლის ვიდრე მგონია 🙂
რაც შეეხება პრაღის ბინას, პოვნა არ გაგვჭირვებია. მაგრამ, ბინაზე მეტად ჰოსთი მომწონს. საოცრად პოზიტიური და კომუნიკაბელური ადამიანია. რაც მთავარია, რივიუებს რომ გადავხედე, ეს ქალი შორიდან შემიყვარდა!

მოკლედ, წინასწარგანწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად ჩაივლის ვიდრე ოდესმე მიოცნებია და წარმომიდგენია ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში.

P.S 29 დღე დარჩა.

ამსტერდამი – First step – Visa

თუ გადაწყვიტეთ, რომ ამსტერდამში მიდიხართ, ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ შენგენის ვიზა გჭირდებათ 🙂

დარწმუნებილი ვარ თქვენც ჩემსავით მოიქცევით, დაგუგლავთ და იპოვით საბუთების ნუსხას და ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, რომელიც რა თქმა უნდა გამოგადგებათ. თუმცა, გადავწყვიტე რომ ჩემი გამოცდილება მაინც დავწერო.

ვიზისთვის გჭირდებათ:
1. პასპორტი – საზღვარგარეთის პასპორტის დამზადებას 10 სამუშაო დღე და 104 ლარი სჭირდება. 100 ლარი პასპორტის, 3 ლარი სურათის და 1 ლარიც ბანკის საკომისიო.
2. პასპორტის მთავარი გვერდის ასლი. თუ ნამყოფი ხართ სხვა ქვეყნებში, ასევე დაგჭირდებათ პასპორტის გვერდების ასლი ( ცარიელი გვერდების არა).
3. პირადობის მოწმობის ასლი.
4. ცნობა უნივერსიტეტიდან – გაითვალისწინეთ, რომ ცნობა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. თუმცა, თუ თქვენც ჩემსავით თსუ-ში, იურიდიულ ფაკულტეტზე ხართ, გეტყვიან, რომ ცნობას არ გასცემენ ინგლისურად, ბრძანებაა ასეთიო და ქართულად მოგცემენ. მოგიწევთ ამ ცნობის გადათარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, რაც დაახლოებით 15 ლარი დაგიჯდებათ.
5. ცნობა სამსახურიდან – უნივერსიტეტისგან განსხვავებით ცნობას სამსახურიდან ინგლისურ ენაზე მარტივად იძლევიან. ცნობაში მითითებული უნდა იყოს თქვენი თანამდებობა და ხელფასი.
6. ამონაწერი ბანკიდან – ოპერატორი გააფრთხილეთ, რომ ამონაწერი ინგლისურად გინდათ და მალევე გაგიკეთებენ. საქართველოს ბანკში ჩემი ამონაწერი ორ წუთში მზად იყო, თიბისიში დაახლოებით 20-25 წუთი ველოდე, რომ ინგლისურ ენაზე ყოფილიყო. ცნობა ბოლო 3 თვის უნდა იყოს.
7. 2 ფოტო სურათი – ფოტოსურათი აუცილებლად უნდა იყოს ბიომეტრიული. სიმართლე გითხრათ 2 სურათი რაში სჭირდებათ არ ვიცი. ერთს იტოვებენ და მეორეს გატანენ -_-
8. სამოგზაურო დაზღვევა – ნიდერლანდების სამეფოს მოთხოვნა აქვს, დაზღვევა უნდა იყოს 15 დღით იმაზე მეტი ვიდრე თქვენ აპირებთ დარჩენას. მე 1 თვიანი დაზღვევა გავაკეთე, ალდაგში. დაზღვევა საკმაოდ კარგია და ბევრ პუნქტს მოიცავს. 39 ლარი და 40 თეთრი დამიჯდა 1 თვიანი, 50 000 ევროიანი დაზღვევა. საკმაოდ იაფია მგონი.
9. დაზღვევის ასლი – თავიდან მეგონა მთლიანი დაზღვევის (დაზღევევის პირობების ჩათვლით) იყო საჭირო. თუმცა, აღმოჩნდა რომ მხოლოდ პირველი გვერდია საჭირო.
10. სასტუმროს ჯავშანი – საბუთების შესატანად რომ ვემზადებოდი, გამაფრთხილეს booking.com-ის ჯავშანი შეიძლება არ მიიღონო. მაგრამ მიიღეს ^_^ შეეცადეთ პირველივე სასტუმრო, რომელიც შეგხვდებათ არ დაჯავშნოთ. გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური მონაცემები და იმის მიხედვით დაჯავშნეთ. ბუქინგ.ქომის ჯავშანი შეგიძლიათ ვიზის მიღების შემდეგ გააუქმოთ და სხვა, უფრო ხელსაყრელი ვარიანტი მოძებნოთ airbnb.com-ზე. airbnb-ის ჯავშანს ნუ მიიტანთ საბუთებთან ერთად 🙂
11. ბილეთების ჯავშანი – ჰომ, ყველაზე ბევრს ბილეთების ჯავშანზე ვნერვიულობდი. ჩვენ გასაში დავჯავშნეთ. გასაში შეგიძლიათ გააკეთოთ 48 საათიანი უფასო ჯავშანი, ან კიდევ 2 კვირიანი ფასიანი ჯავშანი 1 ბილეთი 6 ევრო. იდეაში საბუთების მიღების დროს 48 საათიანიც შეაქვთ და ორ კვირიანიც. ორ კვირიანი გავაკეთეთ. 8-ში გასდიოდა ვადა, პასუხები 12-ში უნდა გაგვეგო. რა თქმა უნდა ჯავშანი ორივე გზის უნდა იყოს.
12. სავიზო განაცხადის ფორმა – ფორმა უნდა შეავსოთ ინგლისურ ენაზე და დაკვირვებით. თუმცა, ის რაც ფორმაში უნდა ჩაწეროთ, ცალ-ცალკე, სხვა საბუთებთან ერთად, ისედაც მიგაქვთ. სავიზო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე 

იმ შემთხვევაში თუ სხვა გაფინანსებთ, მაშინ ასევე დაგჭირდებათ:
1. დამფინანსებლის განცხადება – განცხადებაში უნდა იყოს ნათქვამი ვინ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ვის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აფინანსებს. უნდა იყოს ნათქვამი რომ გაიღებს ყველა მის ხარჯს – საცხოვრებელი, კვება, მგზავრობა, დაზღვევა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები. განცხადება უნდა გადაათარგმნინოთ ინგლისურ ენაზე და დაამოწმებინოთ ნოტარიუსს, რაც დამატებით 15 ლარია.
2. დამფინანსებლის ამონაწერი ბანკიდან  – რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე და რა თქმა უნდა ბოლო 3 თვის.
3. დამფინანსებლის ცნობა სამსახურიდან – ინგლისურ ენაზე. და თუ დამფინანსებელი ინდ.მეწარმეა, მაშინ საგადასახდო ამონაწერი, რომელიც ასევე უნდა თარგმნოთ და დაამოწმებინოთ ნოტარიუსს (ეგეც 15 ლარი).
4. მე ჩავწერე, რომ დედაჩემი მაფინანსებს. ამიტომ დამატებით საბუთად დაბადების მოწმობის ასლი ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მივიტანე ( + 15 ლარი), მითხრეს აუცილებელი არაა, თუმცა დამატებით საბუთად ჩავდებთო.

და ბოლოს, თუ თქვენ ამსტერდამში აპირებთ წასვლას, საბუთები უნდა შეიტანოთ გაერთიანებული ვიზების ცენტრში, რომლის მომსახურებაც 57 ლარი ღირს. სულ მთლიანად ვიზა 142 ლარი დაგიჯდებათ. იხდით იქვე, ნაღდი ანგარიშწორებით.

საბუთების შესატანად ჩაწერა შეგიძლიათ ტელეფონითაც და იქვე მისვლითაც. ჩვენ 27 მაისს ვიყავით ჩაწერილები.

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ყველა საბუთი მოგროვებული გაქვთ. მართალია რამდენჯერმე გადავამოწმე და ცოტა პანიკა მქონდა, რამე ხომ არ მაკლია-მეთქი, თუმცა საბოლოოდ ვგრძნობდი, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი ვიზისკენ, როდესაც ყველა საბუთი წესრიგში მქონდა!

ხო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ თავისუფლად შეგიძლიათ მიწეროთ ვიზა გლობალს შემდეგ მეილზე –  info.nlge@vfshelpline.com  მალევე და ამომწურავად გიპასუხებენ.

collage

27 მაისს, დილის 10-საათზე ჩაწერილები, 10-ის ნახევარზე მივედით. რიგი ელექტრონული იყო, გრილოდა და მოსაცდელი დარბაზიც პრინციპში კომფორტული იყო. ტელეფონზე უხეშად საუბრის შემდეგ, მოლოდინი გვქონდა რომ ავი ქოფაკები დაგვხვდებოდნენ. თუმცა, რეალურად იყო ის მომსახურება, რასაც მიჩვეულები ვართ.

საბუთები წესრიგში გაქვთო, პასუხს 12 ივნისისთვის დაელოდეთ, მესიჯები მოგივათო.

დღეს დილით მესიჯის ხმამ გამაღვიძა. ვიზის პასუხები უკვე იყო! 1 კვირით ადრე. 11 საათი არ იყო ჯერ და უნდა დავლოდებოდი 3-ის ნახევრამდე. საბუთების გაცემა 3-ის ნახევრიდან 5-ის ნახევრამდე ხდება. ფაქტობრივად ეკლებზე ვიჯექი.

2014-06-05 13.59.08

3-ის ნახევარზე რიგში ჩავდექით, დალუქული კონვერტი მოგვაწოდეს და აქვე შეამოწმეთ, დარბაზში დასხედით და გახსენითო.

ვიზა მოგვცეს! თვენახევარი 🙂 31 ივლისიდან 11 აგვისტომდე გვქონდა შეტანილი და 29 ივლისიდან 12 სექტემბარამდე მოგვცეს.

ძალიან ბედნიერი და აჟიტირებული ვარ ^_^

10374006_1413964338886209_5170383141071169696_n