Category Archives: Trip 2015 [ბარსელონა, რომი]

რომი, იტალია

რომში და ზოგადად იტალიაში წასვლა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მინდოდა. ვფიქრობდი, იტალიაში ისე წავალ რომ რომი, ვენეცია და ფლორენცია ვნახო-მეთქი, მაგრამ ამ მოგზაურობაზე არ გამოვიდა და მხოლოდ რომში აღმოვჩნდი 3 დღით.

10 აპრილს უკვე რომში ვიყავით. ფიუმიჩინოს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრალურ სადგურამდე მატარებელი დადის, თუმცა როდესაც ბილეთების საყიდლად მივედით აღმოჩნდა, რომ მატარებელი 1 საათში მოვიდოდა, ბილეთების გამყიდველმა ქალმა ალტერნატივა – შატლი შემოგვთავაზა იგივე ფასად (15 ევრო) და ჩვენც დავთანხმდით.

ისე მოხდა რომ არც-ერთს წარმოდგენა არ გვქონა ცენტრალური სადგურიდან საით უნდა წავსულიყავით. რატომღაც გადაგვავიწყდა ბარსელონაში რუკისთვის დახედვა. ტელეფონში რამდენიმე სქრინი მქონდა, სადგურთან რუკაც ვნახეთ და კითხვა-კითხვით და თემოს ორიენტაციის უნარით ჩვენს ქუჩას მაინც მივაგენით. თუმცა, საკმაოდ ბევრი დრო დაგვჭირდა სანამ გავერკვეოდით. კონტე ვერდეს 16 ნომერში უნდა ყოფილიყო ჩვენი ჰოსტელი. 16 ნომერი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იყო, სადარბაზო დაკეტილი და გვერდზე მაცხოვრებლების გვარები იყო. თუმცა, ჰოსტელის სახელი არსად არ ეწერა, ვერც სადარბაზოში შევდიოდით რომ მოგვეძებნა, დაკეტილი იყო. ცოტათი დაბნეულები იქვე ჩამოვსხედით. 3 გოგო მოვიდა, რომელიც იგივე სადარბაზოში შედიოდნენ, დაგვეხმარნენ და ჰოსტელში დარეკეს ნამდვილად იქ იყო თუ არა, აღმოჩნდა რომ კი, იქ არის #4 იყო. უბრალოდ არ ეწერა. გადავწყვიტეთ მივსულიყავით #4 სახლთან და ზარი დაგვერეკა, რაც იქნებოდა იქნებოდა. კარზეც კიარ იყო პატარა მინიშნება რომ იქ ჰოსტელია. კარი დაბნეულმა ბიჭმა გაგვიღო, კიო ეს ჰოსტელიაო. მერე ნახევარი საათი ამოწმა ჩვენი საბუთები და ბოლოს დაგვაბინავა. ვერ ვიტყვი რომ იქაურობა უსუფთაო იყო, მაგრამ ბარსელონას ჰოსტელის შემდეგ ცოტა დავფრთხით. მაგრამ  ბოლოს იქაურობასაც შევეგუე.

rome

ნახევარი დღე ფაქტობრივად დავკარგეთ. თუმცა, რადგან კიდევ 2 დღე და რამდენიმე საათი გვრჩებოდა, ამიტომ ჰოსტელში დიდხანს არ გავჩერებულვართ და გადავწყვიტეთ ჰოსტელთან ახლოს რაც იყო ისინი მაინც გვენახა.

კოლიზეუმი, ფორუმი, რამდენიმე პიაცა, შადრევნები და მაუს ოფ თრუს ვნახეთ. კოლიზეუმში არ შევსულვართ, ფორუმის თიქეთ ოფისები უკვე დაკეტილი იყო, მაუს ოფ თრუს-იც დაკეტილი დამხვდა, არადა ძალიან მინდოდა ხელი შემეყო 😦 თუმცა, ყველა პიაცა რომელიც ვნახეთ საკმაოდ კარგი, ლამაზი და მომხიბლავი იყო. განსაკუთრებით კი პიაცა ნავონა მომეწონა, უბრალო იმდენი ხალხი იყო, რომ ნორმალური სურათის გადაღება ვერ მოვახერხე 😦

rome colosseum

რომში ყველაზე მეტად რაც მიზიდავდა ტრევის შადრევანი იყო და ჩემს სასოწარკვეთას ბოლო არ უჩანდა, როდესაც ტრევის შადრევანთან მისულმა აღმოვაჩინე, რომ რემონტშია. ძალიან დამწყდა გული. შეფუთული და რემონტში არ იყო ისეთი კარგი სანახავი. სამაგიეროდ, იქვე ჩამოვჯექი და იტალიური ნაყინი მაინც მივირთვი. საოცრად გემრიელი იყო სხვათაშორის და იაფიც ღირდა. თუ სწორად მახსოვს, საშუალო ჭიქაში ორი ბურთულით 2,5 ევრო გადავიხადე.

ტრევის შადრევანმა გული დამწყვიტა.

rome

მეორე დღეს გადავწყვიტეთ რომ ვატიკანი უნდა მოგვენახულებინა. ვატიკანი ცოტა მოშორებით იყო და კაი ხანი დაგვჭირდა სანამ მივიდოდით. ვატიკანი მერვე ქვეყანა იყო რომელიც ვნახე ^_^ ეკლესიაში შესასვლელი რიგი უზარმაზარია, თუმცა სწრაფად მიიწევს. კიდევ ერთხელ დამწყდა გული როდესაც აღმოვაჩინე რომ ვატიკანში მხოლოდ ეკლესიის ნახვას მოვახერხებდი, იმიტომ რომ მუზეუმი შაბათ-კვირას დაკეტილია -_- ვატიკანის მუზეუმში შესვლა სტუდენტებისთვის 8 ევრო ღირს, არასტუდენტებისთვის 16 ევრო. გაწბილებულები გამოვბრუნდით უკან.

vatican

ძალიან მომეწონა რომის პატარა, ქვაფენილიანი ქუჩები და აივნებზე ლამაზი ყვავილები. ლამაზია რომი, თავისი ხმაურიანი მოსახლეობით და ხმაურიანი ტურისტებით.

კვირას მე და თემო დავიშალეთ. თემოს შოპინგი ჰქონდა გადაწყვეტილი, მეკიდევ კოლიზეუმში შესვლა და ფორუმის ნახვა მინდოდა.
კოლიზეუმთან ბილეთების რიგში ალბათ 40-50 წუთი ვიდექი მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად მიიწევს. ბილეთში 12 ევრო გადავიხადე და იგივე ბილეთით შევძლებდი ფორუმთან მისვლას და ძველი რომის ნახვას.
რომ მეუბნებოდნენ კოლიზეუმი შიგნიდან არაფერიაო არ დავუჯერე და მაინც შევედი და ცოოტათი გაწბილებული გამოვედი უკან. მართლა დიდი არაფერია. სამაგიეროდ ძველი რომის ნანგრევები და ფორუმი იყო კარგი სანახავი. დიდხანს ვიბოდიალე, წყნარად და მშვიდად ვათვალიერებდი ყველაფერს და დღის მეორე ნახევარში ჰოსტელში დავბრუნდი, უნდა მოვწესრიგებულიყავი, ჩემოდანი ჩამელაგებინა და მოვმზადებულიყავი თბილისში დასაბრუნებლად.

rome colosseum

არ მიყვარს როდესაც თბილისში ვბრუნდები ხოლმე.

რომ ჩამოვედი იმას მეკითხებოდნენ ბარსელონა უფრო მოგეწონა თუ რომიო. ხოდა, ვერ ჩამოვყალიბდი, მაგრამ მგონია რომ რომი უფრო მომწონს. ზღვის სეზონი რომ ყოფილიყო შეიძლებოდა ბარსელონა უფრო მეტად მომწონებოდა ვიდრე რომი.

rome

P.S გული მწყდება რომ არ მაქვს კარგი ფოტოაპარატი და ვერ შევძელი გადამეღო ის პატარა, ულამაზესი ქუჩები რომლებიც რომში და ბარსელონაში ვნახე.

P.P.S თუ ვინმე ბარსელონაში ან რომში წასვლას გადაწყვეტთ, შემიძლია რუკები მოგცეთ ^_^

ბარსელონა, ესპანეთი

ჩემი ბარსელონაში მოგზაურობა ფაქტობრივად შემთხვევით გადაწყდა. თემომ გადაწყვიტა ესპანეთში წასვლა და მეც ავეკიდე. ავეკიდე იმ პირობით, რომ სხვა რომელიმე ქვეყნის ქალაქსაც ვნახავდით. რომი ერთად შევარჩიეთ.

როგორც წინა პოსტში აღვნიშნე თვითმფრინავის ბილეთი (პეგასუსი) ბარსელონას მიმართულებით 87 ევრო დამიჯდა. თბილისიდან 3 აპრილს, დილის 5-ის ნახევარზე გავფრინდი, ორსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ სტამბულის აეროპორტში, საბიჰაში, შეძლებისდაგვარად გავიყვანეთ ოთხი საათი და შემდეგ სტამბულიდან ბარსელონამდე ისევ 4 საათი ვიფრინეთ.

ბარსელონას აეროპორტიდან (El Prat Airport) ქალაქის ცენტრში მოსახვედრად მატარებელი ავირჩიეთ. თემომ წინასწარ იცოდა რომელ სადგურზე უნდა ჩამოვსულიყავით (Passeig de Gràcia) რუკაც ჰქონდა და პრინციპში ადვილად გავერკვიეთ. აროპორტიდან სადგური საკმაოდ ახლოსაა და ბილეთის ყიდვაც იქვეა შესაძლებელი. 1 გზა 4 ევრო და რაღაც ღირს (მგონი 4.50 ევრო), ხოლო 10 გზა 9.95 ევრო. ამ უკანასკნელის ყიდვა ვამჯობინეთ.

მეტროს სადგურიდან სულ პირდაპირ უნდა გვევლო და ჩვენს ქუჩას, დიაგონალ ავენიუსაც მივადგებოდით. ჰოსტელის პოვნა არ გაგვჭირვებია, პირდაპირ ჰოსტელის შესასვლელ კარს მივადექით.

ფოტოებიდან და რივიუებიდან ვიცოდი რომ კარგი ჰოსტელი იქნებოდა და მოლოდინიც გაამართლა. 7 დღე-ღამე არაჩვეულებრივად გავატარე. წყნარ, მშვიდ, სუფთა და კომფორტულ ჰოსტელში.

ბარსელონაში აუცილებლად სანახავი ადგილების ნუსხა წინასწარ მქონდა მეც და თემოსაც. რუკა თემოს ჰქონდა (იმიტომ რომ ორიენტაციაში მე ძალიან მოვიკოჭლებ) და შევუდექით ბარსელონას დათვალიერებას.

პირველი რაც ბარსელონაში ვნახეთ საგრადა ფამილია იყო. მართალია შეფუთულია და ჯერ ისევ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი სანახავი იყო. საგრადა ფამილიას ერთი მხარე შავია, მეორე უკვე გათეთრებული. გოთიკურ სტილს ცხადია შავი მხარე უფრო უხდება და სწორედ ეგ შავი მხარე იყო გაცილებით ლამაზი და კარგი. შიგნით არ შევსულვარ. 2027 წელს, როცა დასრულდება საგრადა ფამილიას მშენებლობა მაშინ დავბრუნდები ესპანეთში და მაშინ შევალ შიგნითაც.

საგრადა ფამილია

ძალიან მინდოდა და მაინტერესებდა გაუდის კასა მილა და კასა ბატლო. მე აღფრთოვანებული დავრჩი, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით კასა ბატლო.
აქვე აღვნიშნავ რომ გაუდის პარკი, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ, რაც კი ბარსელონაში ვნახე. უზარმაზარი პარკი, სიმწვანე, სიმშვიდე და ძალიან ლამაზი ნაგებობები. პარკში ყველაზე საინტერესო ადგილები ფასიანია და თიქეთ ოფისები პარკშივე დგას. რიგი ცხადია არის.
გაუდის პარკში მარტივად მოსახვედრად ეს ლინკი გამოგადგებათ – how to get here

გაუდის პარკი

ასევე ძალიან კარგი და ლამაზია ბარსელონას ტრიუმფალური თაღი, რომელიც 1888 წელს აიგო. თაღის გავლით ძალიან კარგ პარკში მოხვედრა შეიძლება.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გოთიკური უბანი ბარსელონაში ყველაზე ლამაზი უბანია! გოთიკური სტილი, ლამაზი სთრით არტები, პატარა ვიწრო ქუჩები – მთლიანობაში საოცარი სანახაობაა. აქვე არის ბარსელონას მთავარი საკათედრო ტაძარი, რომელიც XIII-XV საუკუნეებში აიგო. ჩვენი იქ ყოფნის დღეს დაემთხვა წითელი პარასკევი. ქუჩაში საოცარი ცერემონიალი მოეწყო და ძალიან მიხარია რომ მაინც და მაინც პარასკევ დღეს გადავწყვიტეთ გოთიკურ უბანში წასვლა. 

IMG_0726

ტიბიდაბო!
მთა ბარსელონას თავზე.  512 მეტრი სიმაღლის მთაზე მდებარეობს ეკლესია, ატრაქციონების პარკი და სატელევიზიო ანძა. ტიბიდაბოს მთა არის ბარსელონას გარშემო ყველაზე მაღალი მთა. ტიბიდაბოზე მოხვედრა ფუნიკულიორით შეიძლება. ფუნიკულიორის ბილეთი 7.70 ევრო ღირს და ორივე გზას მოიცავს.  ფუნიკულიორამდე მიდის ძველი, ლურჯი ტრამვაი, რომლის ღირებულებას 5.50 ევროა და მისი გაჩერება Dr Andreu-ს მოედანზეა. ბილეთების ყიდვა იქვეა შესაძლებელია. თუმცა, მე თუ მკითხავთ 5,50 ევრო ძალიან, ძალიან ძვირია და ფუნიკულიორამდე მისვლა ფეხითაც თავისუფლად შეიძლება, ან თუ ჩემსავით ზარმაცი ხართ, მაშინ ავტობუსიც ადის. ატრაქციონების პარკში შესასვლელი ბილეთი ფუნიკულიორის ასასვლელთან იყიდება და უზარმაზარი რიგი დგას. ბილეთის ყიდვის შემთხვევაში შეგეძლებათ შეხვიდეთ პარკში და დასხდეთ ნებისმიერ ატრაქციონზე. თუ ატრაქციონების პარკის ბილეთი არ გაქვთ, ისე არ შეგშვებენ :/ სამაგიეროდ ეკლესიის ნახვას შესძლებთ,  რომელიც 1902-1961 წლებში აშენდა. Sagrat Cor წმიდა გულს ნიშნავს და იგულისხმება იესოს გული. ეკლესიის თავზე აღმართულია იესოს ბრინჯაოს ქანდაკება.
ტიბიდაბოს მთაზე მოსახვედრად ეს ლინკი გამოგადგებათ – tibidabo cathedral del sagrat cor

ტიბიდაბო

მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ბარსელონას აკვარიუმში არ ვყოფილვარ (ჩემთვის ძვირი ღირდა), თქვენ მაინც გირჩევთ იქ მისვლას 🙂 აკვარიუმი პორტთან ახლოს, რამბლა დე მართან არის და ზვიგენებიც ჰყავთ.

ბარსელონაში ძალიან კარგი და ძალიან გრძელი ფეხით სასიარული ქუჩაა – La Rambla. რამბლას ქუჩა ღია კაფეებით იწყება, სუვენირების ჯიხურებით გრძელდება და მიმებით სრულდება. შუაში კატალუნიის მოედანია, იქვე არის ბარსელონას გადასარევი ბაზარი. უბრალოდ ცოტა თევზის სუნი დგას :/

ბარსელონას ბაზარი

კატალონიის ხელოვნების ნაციონალური მუზეუმთან ფანტანია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ძალიან მეზარებოდა ფანტანთან მისვლა, მაგრამ კიდევ კარგი არ დამეზარა და მივედი. ფანტანი კონკრეტულ დღეებში, კონკრეტულ საათებში ირთვება. ასე, რომ წინასწარ გადაამოწმეთ და ისე მიდით მის სანახავად. ფანტანი წითლად ინთება, შებინდებისას ოდნავ მოვარდისფროა და მერე ნელ-ნელა მუქდება.

ბარსელონას ფანტანი

ბარსელონაში ზღვის სეზონი გადასარევი იქნება. ყვითელი ქვიშა, ზღვა და ნუდისტური სანაპიროები :3 ჩემი პირველი ნუდისტური სანაპირო სულ რაღაც ათიოდე დღის წინ იყო ^_^ მართალია ზღვის სეზონი არ არის, წყალი საშინლად ცივია, მაგრამ სანაპიროზე ხალხი მაინც ირუჯებოდა, ცხადია შიშვლები :3 ნუდისტურ სანაპიროზე ყველა ასაკის, ფორმის, გარეგნობის ადამიანის ნახვა შეიძლება. მათ შორის 60+ ასაკის ადამიანების.

მოკლედ, მე მგონია რომ ბარსელონაში ადამიანი ზღვის სეზონზე უნდა წავიდეს. დრო გაცილებით სწრაფად, კარგად და ნაყოფიერად გავა ^_^

P.S აუცილებლად გასინჯეთ პაელა (ბრინჯი ზღვის პროდუქტებით) და დალიეთ სანგრია ^_^ მართალია სანგრია იმაზე ალკოჰოლური აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდი და ცოტა შემათრო, მაგრამ საოცრად გემრიელია ❤

Trip to Barcelona & Rome – მოგზაურობის დაგეგმვა

ვისთვის როგორ, მაგრამ მე მიმაჩნია რომ მოგზაურობის დაგეგმვა 2-3 თვით ადრე უკეთესია, ვიდრე ბოლო 2-3 კვირაში. სხვა თუ არაფერი, ბევრად იაფი მაინც გამოდის.

e5ca642ddc65c8c67b456a6d16bac1aeსულ რაღაც 17 დღეში (3 აპრილს) ბარსელონაში მივფრინავ, შემდეგ კი რომში.
მოგეხსენებათ ორივე ქვეყანაში შენგენის ვიზა გჭირდებათ. ვიზის შესახებ დეტალური ინფორმაცია (საბუთები, ფასები…) უკვე მიწერია ბლოგზე და ამიტომ აღარ გავმეორდები, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – http://wp.me/pNi1I-10D . ვიზაზე განაცხადი 3 თვით ადრე შეგიძლიათ შეიტანოთ და მეც ასე მოვიქეცი. ორშაბათს განაცხადი შევიტანე და პარასკევს უკვე ვიზაჩარტყმული პასპორტი დამიბრუნდა.

როგორც კი ვიზა გექნებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ ზრუნვა ბილეთებზე. ზემოთ აღვნიშე, რომ 3 თვით ადრე მოგზაურობის დაგეგმვას ის პლიუსი აქვს, რომ იაფი გამოდის-მეთქი. შედარებისთვის:
1. თბილისი–>ბარსელონას ბილეთში გადავიხადე 87 ევრო (პეგასუსი) დღეს კი ბილეთის ფასი 143 ევროა.
2. ბარსელონა–>რომი სულ რაღაც 25 ევროდ (ryanair) ვიყიდე. პრინციპში, დღეს იგივე რეისზე ბილეთების ყიდვა იგივე ფასად არის შესაძლებელი. შიდა ფრენები ძალიან იაფია და ფრიად კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით.
3. რომი–>თბილისის ბილეთში 122 ევრო (პეგასუსი) გადავიხადე, დღეს მისი ფასი 197 ევროა.
ამ 3 თვის განმავლობაში რაღაც ფასდაკლებები კი ჰქონდა პეგასუსს, მაგრამ ჩემს მიერ არჩეულ თარიღზე და მიმართულებაზე ისეთი კარგი ფასი არ ყოფილა, როგორადაც მე ვიყიდე ^_^

e4286c6f2697d54ccede45c86bd58a11როდესაც უკვე გაქვთ ვიზა და ნაყიდი გაქვთ ბილეთები თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ საცხოვრებლის არჩევა. საცხოვრებელი ის თემაა რომლის დროსაც აჩქარება არ ვარგა, შეგიძლიათ კვირების განმავლობაში მშვიდად ათვალიეროთ სასტუმროები, ჰოსტელები, ბინები, იკითხოთ რივიუები და მოულოდნელად წააწყდეთ აქციას, რომლითაც ძალიან იაფად, ძალიან კომფორტულ და კარგ სასტუმროს/ჰოსტელს ნახავთ. ჩემი მეგობრის წყალობით, სწორედ მასეთი მოულოდნელი აქციით რომშიც და ბარსელონაში ჰოსტელები დავჯავშნეთ, იაფად, კარგ ადგილას და კარგი ჰოსტელები. ასეთი აქციებით კიდევ ერთხელ დაზოგავთ ფულს.  შედარებისთვის:
1. აქციის საშუალებით ბარსელონაში 7 ღამე სულ რაღაც 65 ევრო მიჯდება. აქციის გარეშე 7 ღამე იმავე ჰოსტელში, იმავე ოთახში 107 ევრო ღირს.

საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ იმ ადგილების მოძებნა, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ სანამ იქ ხართ, ჩემს შემთხვევაში სანამ ბარსელონაში და რომში ვიქნები.

მოკლედ, მე ისევ მგონია, რომ მოგზაურობისთვის მზადების დაწყება 2-3 თვით ადრე სჯობს. შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი იყოს ჩემს მიერ ჩამოთვლილი დაზოგილი თანხა, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ ბევრია.

ვიზაც მაქვს, ბილეთებიც, ჰოსტელიც დაჯავშნილია, must see ადგილები მოძებნილი და გუგლ მეფზე აღნიშნული მაქვს და ისღა დამრჩენია დღეების თვლა გავაგრძელო.

P.S სასტიკად მეზარება ფრენა 😦 ყველაზე მეტად თურქეთში, გოქშენის აეროპორტში გასატარებელი 4 საათი მეზარება.

b329b23510f8c033b414c44aaadbd299