Category Archives: დღიური

გათხოვების დროა!

რამდენიმე დღის წინ ბებიაჩემთან ვიყავი. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და სულ მსაყვედურებდა, ბებია არ გენატრებაო, ერთხელ არ გამომივლიო. მე ხან სამსახურს, ხან ვარჯიშს და ხან უბრალოდ საქმეებს ვაბრალებდი ჩემს მოუცლელობას. ბოლოს როგორც იქნა გავუარე, 15 წუთით, მეტი ვერ გავძელი.

სტანდარტული მოკითხვის, წუწუნის და ბებო რა გაჭამოს შემდეგ შემოტევაზე გადავიდა. ოღონდ თავიდან ნამიოკებით დაიწყო და ბოლოს ბოლომდე გაიხსნა – გათხოვების დროაო. მანამდე ასაკი დააზუსტა, 24 წელი კია ის დრო იფიქრო უკვე გათხოვებაზეო.

1ჯერ უარზე ვიყავი, არ მინდა გათხოვება, ნუ მელაპარაკები მაგაზე-მეთქი. მერე მივხვდი, რომ ამ პასუხით უფრო ეშხში შედიოდა – არ გყავს გათხოვილი დაქალებიო? კი-მეთქი. მერე როგორი ქმრები ჰყავთო? კარგი-მეთქი, ხომ არ მოვატყუებდი. ხოდა ეგრევე მოაყოლა, შენც აუცილებლად კარგი ქმარი გეყოლებაო.

ბოლოს ტაქტიკა შევცვალე, ცოტათი დავნებდი და ვუთხარი როგორც კი ვინმე გამოჩნდება, აუცილებლად გავთხოვდები-მეთქი. ბებიაჩემმაც შეცვალა ტაქტიკა – ეხლა ისეთი დროაო რომ გოგოებიც აქტიურობენო, ეძებენო კარგ ბიჭებსო და ცოტა უნდა იაქტიურო, არ ტეხავსო. მერე იმის ახსნა დაიწყო რომ კარგი ოჯახის შვილი, პატიოსანი, ნამდვილი ქართველი ბიჭები ცოტანი არიან, მეც უკვე 24 წლის ვარ და დროა ვიაქტიურო და შეტევაზე გადავიდე.

ვერაფერს რომ ვერ გახდა ჯოკერი მოიმარჯვა! – არ გინდა, რომ შენ შვილს ახალგაზრდა დედა ჰყავდესო?! დედაშენი რომ ახალგაზრდაა ხომ გიხარიაო. თავიდან შევუდექი იმის ახსნას, რომ დედაჩემმა ძალიან ბევრი დაკარგა, როდესაც ჩემს ასაკში 3 შვილი ჰყავდა, როდესაც 18 წლისა მე მივლიდა და მეორე ბავშვზე იყო ორსულად, მაგრამ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა.

დავემშვიდობე, დავპირდი რომ ცოტა ხანში კიდევ ვნახავდი და წამოვედი.

Advertisements

ბათუმი

batumiერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს, როდესაც მეგობართან ვიყავი ქეთომ თავისთვის ჩაილაპარაკა, ამ ხელფასზე ბათუმში მინდა წასვლაო. ბათუმს როგორც კი ყური მოვკარი ეგრევე წამოვხტი, თუ მაინც და მაინც დაგინებული არ გაქვს, რომ მარტო უნდა წახვიდე, თუ შეიძლება მეც წამოგყვები-მეთქი. წამოდიო, გაუხარდა.

დავთქვით თარიღი, 11 დეკემბერი, მეც რომ მქონოდა ხელფასი აღებული და ქეთოსაც ძალიან არ ჰქონოდა თავისი დახარჯული. მე ბუქინგ.ქომზე და ეარბიენბიზე ბინებს და სასტუმროებს ვეძებდი. ზოგი მეძვირა, ზოგი მომეწონა და დავაბუქმარქე, გამომადგება-მეთქი. ბევრი ფულის დახარჯვაც არ მინდოდა.

ერთ საღამოს, ისე, სასხვათაშორისოდ ჩემს მშობლებს ვუთხარი, შაბათ-კვირას ალბათ ბათუმში წავალ, ორი დღე დავისვენებ-მეთქი და ის ის იყო უნდა დამემატებინა, რომ სასტუმროც მგონი შევარჩიე-მეთქი რომ მამაჩემმა მკითხა ჩვენს ბინაში მიდიხართო? ხოდა, ეგ კითხვა იყო და მეც მოულოდნელად გამახსენდა, რომ უი! მე ხომ ბათუმში ბინა მაქვს! პატარა, საყვარელი, გადასარევი ხედით და ა.შ. ცხადია როგორც კი ჩემებმა გააცნობიერეს რომ არ მახსოვდა ბინის არსებობის შესახებ, ორხმაში დამცინეს, მთელი საღამო დამცინოდნენ.

მერე პარასკევი საღამოც დადგა. მეტროს ავტობუსით გადავწყვიტეთ წასვლა. დროის მიხედვით ყველაზე მეტად ეგ გვაწყობდა. 8 საათზე გავიდა და სადღაც 3-ის ნახევარზე უკვე ბათუმში ვიყავით. კი კომფორტულია, კი ყავა/ჩაი აქვთ, წყალიც და კი ყველას თავისი მონიტორი აქვს სადაც შეუძლია ფილმს უყუროს, ან ითამაშოს ან რამე ქნას, მაგრამ 6 საათი მგზავრობა არის მომაკვდინებელი. ასე ძალიან რომ არ ვიღლებოდე მგზავრობით ალბათ ყოველ შაბათ-კვირას ვივლიდი ბათუმში.

შაბათს დილით უკვე ბათუმში სასეირნოდ გავედით.

batumi

ამ პერიოდში, ზამთარში, პირველად ვიყავი. სიწყნარე, სიმშვიდე, ლურჯი ზღვა, ბევრი თოლია, სუფთა ქალაქი, მზე, უღრუბლუ ცა – ყველაფერია საიმისოდ რომ თავი ბედნიერად იგრძოს ნებისმიერმა.
რამდენიმე მიზეზი მაქვს რომ ბათუმი მიყვარდეს:
1. არ ჰგავს საქართველოს ტიპიურ ქალაქებს, ყველასგან განსხვავებულია;
2. ლამაზია
3. მშვიდია
4. ამ ქალაქში შეუძლებელია რომ ვინმე უბედური იყოს
5. და ყველაზე მთავარი – ზღვა! იქ, სადაც ზღვაა ყველაფერი კარგადაა.

batumi

თბილ, ლამაზ, ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობა, ძალიან პატარა და მყუდრო კაფეებში დალეული გლინტვეინი, ზღვის სანაპიროზე მზის ქვეშ წოლა და ზღვის ხმის მოსმენა და ზღვის სუნი, ორი დღის წინ გახსნილი კაფის “დაგემოვნება” (მერე რა რომ არც მენიუ ჰქონდათ, არც სამზარეულო და ჩაიც მხოლოდ მწვანე იყო), 26 მაისის პარკი, ერას მოედანი – ხანდახან ძალიან მშურს მათი, ვინც ბათუმში ცხოვრობს.

batumi

ასე თუ გავაგრძელე, სერიოზულად დავიწყებ ბათუმში სამსახურის მოძებნას.

 

ბედნიერი

მომინდა, რომ ბლოგზე მხოლოდ ორი სიტყვა დამეწერა და მეთქვა რომ კარგად ვარ.

იდეაში კონკრეტული არაფერი მომხდარა რის გამოც შეიძლება ბედნიერი ვიყო, მაგრამ არც ცუდი მომხდარა რამე – ხოდა, კარგად ვარ ^_^

ვაკეთებ იმას რაც მსიამოვნებს, მყავს შესანიშნავი მეგობრები, კარგი თანამშრომლები და სამსახურში კარგი უფროსები. იშვიათად მეუფლება ხოლმე იმის შეგრძნება რომ კარგად ვარ და ბედნიერი ვარ და ეს საღამო, კაკრაზ ის საღამო და წუთებია როდესაც ამას ვგრძნობ და მიხარია.

შეიძლება იმის ბრალიცაა რომ მალე ახალი წელი მოვა და ნელ-ნელა საახალწლო განწყობა მეპარება, საახალწლო სიმღერებს ვუსმენ და სულმოუთქმელად ველოდები როდის განათდება თბილისი :3

შეიძლება იმის ბრალია, რომ ერთ კვირაში ამ დროს ბათუმში ვიქნები. ცხადია თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ გამოხტა და თუ მოვიფიქრე როგორ უნდა წავიდე – მატარებელი 7-ის 15 წუთზე გადის, საღამოს, მე კიდევ მუშაობას 7-ზე ვამთავრებ, მეტროს ავტობუსებს სტატუსი შეჩერებული აქვთ -_- რამე კარგი და კომფორტულის მოძებნა მომიწევს ამ დღეებში.

შეიძლება იმის ბრალია რომ სამსახურში ადამიანური გრაფიკი დამიბრუნდა – ასე 11-სკენ მივდივარ და 7-ზე უკვე თავისუფალი ვარ, შაბათ-კვირასაც ვისვენებ.

შეიძლება იმის ბრალია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად დავთვერი გუშინ ღამით და ის კარგი განწყობა და შეგრძნება კიდევ მომყვება.

ხოდა, უბრალოდ ბედნიერი ვარ ^_^

ce5af6b16a53d66a5e6d8beb674d12cb

კვირიდან კვირამდე არაფერი იცვლება, ამინდის და საკითხავი წიგნების გარდა.

ჩემი მაღვიძარა ყოველ დღე (კვირის კარდა) 10:00 საათზე რეკავს და შესაბამისად ჩემი დღეც 10 საათზე იწყება. გაღვიძება არ მიჭირს, მაგრამ საწოლთან გამომშვიდობება ძალიან, მითუმეტეს უკვე აცივდა. დილის ტრადიციული პროცედურების და საუზმის შემდეგ, დაახლოებით 10:45 საათზე სახლიდან გავდივარ.

ყველაზე მეტად მარშრუტკის ლოდინი მეზიზღება. არადა, 4 მარშრუტკა მაწყობს, 100, 171, 202 და 122. ყველაზე მეტად 122 ნომერი მიყვარს, ცარიელია ხოლმე, ყოველშემთხვევაში სკამზე ნამდვილად ვზივარ და დანარჩენი მარშრუტკებისგან განსხვავებით ფეხზე დგომა და თავის ძლივს შეკავება არ მჭირდება. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე – 122 იმდენად იშვიათადად დადის რომ სამსახურამდე მისვლა სხვა მარშრუტკით მიწევს.

დაახლოებით 11:20 საათზე უკვე სამსახურში ვარ. სახლიდან წამოღებულ საკვებს უჯრაში ვაბინავებ, სუფლიორის პულტს და პადს დასატენად ვაერთებ – აუცილებელია, თუ არ მინდა საღამოს ჩემს ეთერს საფრთხე შეექმნას. ამასობაში კომპიუტერი ირთვება. რა საკვირველია ეგრევე მუშაობას არ ვიწყებ, ჯერ ფეისბუქს ვსქროლავ – იქნება და ვინ მომწერა?! ან იქნება და რა მოხდა ქვეყანაზე? ეგეც რომ არა, ჩემი სამსახური ფეისბუქზეა.

პიემებს ყოველთვის ვასუფთავებ. მაგრამ ერთი ადამიანის პიემი შენახული მაქვს და მუშაობის ნაცვლად იმას ვკითხულობ. nothing good happens after 2am და ამ ადამიანთან ჩემი მიმოწერაც მაგის დასტურია.

computer_monotony_by_bleach_ed_na_tsu-d74j01q

დროა მუშაობას შევუდგე.

რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობ გადავქექო ჩემთვის ნაცნობი ვებ-გვერდები, ვიპოვო საინტერესო ვიდეოები, სტატიები, ფეისბუქ პოსტები, ფოტოები – და ყველაფერი ის, რაც ადამიანებს აინტერესებთ, ის რასაც ინტერნეტმომხმარებლები უყურებენ, კითხულობენ და თვალს ადევნებენ. ხანდახან მიჭირს, ხანდახან ძალიან მარტივად ვპოულობ ხოლმე. აი დღეს, ძალიან მარტივად ვიპოვე ორი გადაცემისთვის საჭირო ვიდეოები. ასე 4 საათისთვის ორივე გადაცემა მზად მქონდა.

6-ზე პირველი გადაცემა იწყება. მერე 7-ის ნახევრიდან 9-საათამდე ფანჯარა მაქვს. უსაქმურობის ფანჯარა. ამ დროს ძირითადად კითხვას ვუთმობ ხოლმე. დღეს ახალი წიგნი – “ცუდი გოგოს ოინები” დავიწყე. სხვათაშორის მომწონს. ჩემი მოლოდინი გაამართლა და დიდი მადლობა ჩემს თანამშრომელს მისი ჩუქებისთვის ❤ ის რომ არა ღმერთმა უწყის როდის მოვაბამდი თავს მის შეძენას. რატომღაც როდესაც ჯერი წიგნების ყიდვაზე მიდგებოდა ყოველთვის სხვა წიგნს ვამჯობინებდი ხოლმე, თურმე ვცდებოდი.

11158086_842544595794594_172673928_n-700x336

9 საათზე მორიგი ეთერი მეწყება. 10-ის 20 წუთზე ჩიტივით თავისუფალი ვარ ხოლმე, მაგრამ ისეთი დაღლილი, რომ სახლამდე ძლივს მივლასლასებ. ის 15 ხანდახან 20 წუთი, როდესაც მარშრუტკას ველოდები მხოლოდ მანქანის ყიდვაზე ვოცნებობ – იქნება და მეყიდა მანქანა?

10 საათისთვის სახლში ვარ ხოლმე.

და ასე ყოველ დღე – ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. პარასკევი მიყვარს, მუშაობას ადრე ვამთავრებ და 7-ის ნახევარზე ვთავისუფლდები.

კვირიდან კვირამდე არაფერი იცვლება, ამინდის და საკითხავი წიგნების გარდა.

 

P.S დღევანდელ დღეს American Horor Story-ს მეხუთე სეზონის საუნდრეკი საოცრად უხდებოდა 🙂

 

მე

ძალიან დიდი ხანია ბლოგზე არ დამიწერია. შემოვირბენ, დავხედავ და მერე წითელ X-ს ძალიან ნელა, მძიმედ ვაჭერ ხოლმე. არ მინდა ბლოგის დატოვება ისე, რომ ახალი პოსტი არ დავტოვო. მაგრამ სათქმელიც თითქოს არაფერი მაქვს.

უკვე 1 წელი და 4 თვეა ვმუშაობ. მუშაობა ორ კომპანიაში (არქი ჯგუფი და პალიტრა TV) ერთდროულად დავიწყე და აქამდე ზუსტად ერთი და იგივე საქმეს ერთნაირი რუდუნებით და მონდომებით ვასრულებდი. ადვილი, მარტივი და საჩემო საქმე იყო. ახალი არაფერი. თუმცა საინტერესო.

ბოლო რამდენიმე კვირაა პალიტრა TV-ში ახალი საქმე დამევალა. ერთ-ერთი გადაცემის, “ინტერნეტპალიტრის“, პროდიუსერი ვარ. რა აღარ მიფიქრია ჩემს სამომავლო საქმიანობაზე, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ რომელიმე გადაცემის პროდიუსერი გავხდებოდი.

პირველად როდესაც ეს საქმე შემომთავაზეს ცოტა დავფრთხი. მოსაფიქრებლად დროც კი ვითხოვე. შემდეგ გადავხედე გადაცემას, გავეცანი და დავთანხმდი კიდეც. თავიდან ნელ-ნელა ვსწავლობდი და უკვე 2 კვირაა, ან ცოტა მეტი, დამოუკიდებლად გამყავს პირდაპირ ეთერში.

ჩემს მოვალეობაში დღეში ორი, 25 წუთიანი გადაცემის აწყობა და მომზადება შედის. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ მე ახალი პასუხისმგებლობები და ზოგადად სიახლეები არ მიყვარს. მაგრამ ახალ საქმეს უკვე შევეგუე. მივეჩვიე და საინტერესოც მეჩვენება. ცოტათი რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესოა. ზოგადად ტელევიზიაში მუშაობაა საინტერესო. ბევრი ახალი რაღაც ვისწავლე და მომწონს.

დრო მქონდა და რატომაც არა?!

უნივერსიტეტი დავამთავრე, დიპლომიც მომცეს და კი, იურისტი მეთქმის, მაგრამ ჩემი საქმიანობა ძააალიან შორსაა იურისპრუდენციისგან. ცოტათი გული მწყდება. როდესაც პროფესიას ვირჩევდი ზუუსტად ვიცოდი რა და როგორ მინდოდა. მერე ვსწავლობდი, მსიამოვნებდა ახალ-ახალი საგნები, ლექტორები და ის, რომ ოდესმე იურისპრუდენციაში ვიმუშავებდი, რა თქმა უნდა სისხლის სამართლის მიმართულებით. მაგისტრატურის გაგრძელებას ვფიქრობდი. როდესაც გადაცემის პროდიუსერობა შემომთავაზეს და როდესაც დავთანხმდი, ჩემი გეგმები გვერდზე გადავდე. არ ვნანობ.  ჯერჯერობით. კარგად ვგრძნობ თავს. მომავალში რა იქნება მაგაზე არ ვფიქრობ. არც ის ვიცი გავაგრძელებ თუ არა ისევ სწავლას.

ერთადერთი ის “ტეხავს”, რომ მუშაობას 10-ის ნახევარზე ვამთავრებ და შაბათსაც ვმუშაობ 4-მდე. მაგრამ ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა. კვირის დღეებში ისედაც არ გავდიოდი ხოლმე სახლიდან და კომპიუტერთან ვაღამებდი. ამჯერად ჩემი კომპიუტერთან ჯდომა სასარგებლო საქმედ გადაიქცა და მსიამოვნებს კიდეც. ცოტა დრო მაქვს მეგობრებისთვის, მაგრამ არც იმდენად ცოტა რომ დავივიწყო და მათი ნახვა ვერ მოვახერხო.

მოკლედ, დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. იმის თქმა მინდოდა, რომ კარგად ვარ, მშვიდად და ბედნიერად, და კიდევ იმის რომ ჩემი ბლოგი ისევ ძალიან მიყვარს და ოდესმე ისევ დავუბრუნდები წერას ^_^

ჰმ, მე – პრუდიუსერი, ვინ იფიქრებდა 🙂

აბიტურიენტობიდან იურისტობამდე

2010 წლის 30 იანვარს მე აბიტურიენტი ვიყავი და სიყვარულოვნას ბლოგი შევქმენი. მის მერე 5 წელი გავიდა.
ჩვეულებრივი, სტანდარტული აბიტურიენტობა მქონდა. ვიყავი ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი 🙂 ვემზადებოდი მასწავლებლებთან და ვაპირებდი ჩამებარებინა იმ ფაკულტეტზე, რომელიც წლების წინ შევარჩიე – იურიდიულზე.

2015 წლის 30 იანვარს ვორდფრესმა სიყვარულოვნას ბლოგს დაბადების დღე მიულოცა. 5 წელი გავიდა. დღეს გავიგე ბოლო გამოცდის ქულაც და უკვე იურისტი ვარ. 4,5 წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში. დამატებითი სემესტრი დავასრულე ეხლახანს.

მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ზე უამრავ ცუდ რაღაცას ამბობენ, მაინც ძალიან მიყვარს. არ ვიცი სხვა ფაკულტეტებზე რა ხდება, მაგრამ რაც მესმის იმ ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული ფაკულტეტი საუკეთესოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ზუსტად ვიცით როდის გაიხსნება ბაზები, როდის დაემატება ადგილები კონკრეტულ საგნებს და ა.შ.

Mr._Happyალბათ გამიმართლა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლექტორი მახსენდება, რომელიც მძულს და ვერ ვხვდები რატომ არის დღემდე თსუ-ში. მგონი ეგ და უნივერსიტეტი ერთი ასაკისანი არან, 97-ის 🙂 იყვნენ მეტნაკლებად კარგები და ძალიან კარგებიც. რამდენიმე მათგანი ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. ზოგი იუმორის გრძნობის ქონის გამო, ზოგი ცოდნის და ზოგიც ორივეს ქონის გამო.

დღეს, როდესაც ჩემს ბაზაში დაეწერა რომ 240 კრედიტი დავაგროვე, ბედნიერი ვიყავი. არაჩვეულებრივი გრძნობაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მუდმივად არ მაწუხებს შინაგანი ხმა ადექი იმეცადინე და ნუ უსაქმურობო.

აბოტურიენტობიდან იურისტობამდე – 5 წელი გავიდა. 5 წელია ბლოგზე ვწერ. 5 წელია ჩემს ბლოგს და იმ რამოდენიმე მკითველს, რომელიც კიდევ შემორჩა ბლოგს, ვუზიარებ ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს. ხანდახან ძალიან პირადულს, ხანდახან ძალიან უაზროს, ხანდახნ კი საჭიროს და გამოსადეგს.  ?????????????????????????????????????????????????????????????????

ამ 5 წლის განმავლობაში გავხდი სტუდენტი, ვიმოგზაურე თურქეთში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლატვიაში, დავიწყე მუშაობა და დავასრულე უნივერსიტეტი და პარალელურად განვაგრძობდი ბლოგზე წერას.

P.S მე მაინც მგონია, რომ სანამ მაგისტრატურას არ დავამთავრებ იქამდე იურისტი ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ზედაპირულად ვისწავლე ის, რაც ძალიან მაინტერესებს. სისხლის სამართლის შესწავლას აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურაზე, ოღონდ ჯერ არა. ჯერ უნდა დავისვენო უნივერსიტეტისგან.

chiquita-dm2-minion-dave-bananas

2014

რაც სიყვარულოვნას ბლოგი არსებობს მის მერე ვწერ წლის შემაჯამებელ პოსტებს. ხოდა, 2014 წელი მგონი ყველაზე მაგარი წელი იყო, ყოველშემთხვევაში რაც მახსოვს იმ წლებთან შედარებით.

პირველ რიგში ის უნდა აღვნიშნო რომ მუშაობა დავიწყე. ორგან. დეველოპერულ კომპანიაში, “არქი ჯგუფში” და პალიტრა TV-ში, სოციალური მედიის მენეჯერი ვარ.

მეორე, ავიხდინე ოცნება და ვიყავი ამსტერდამში, ჩემი აზრით ყველაზე ლამაზ და ყველაზე მაგარ ქალაქში. ჰააგა, პრაღა, დრეზდენი და რიგაც მოვინახულე, მაგრამ ამსტერდამი მაინც #1 ქალაქად რჩება ჩემთვის და ვერ წარმომიდგენია მასზე უკეთესი სხვა რა შეიძლება ვნახო.

და ბოლოს, როგორც იქნა დავამთავრე უნივერსიტეტი! 4 ფინალური გამოცდაღა დამრჩა, ჯერ ბოლომდე დამთავრებული არ მაქვს, მაგრამ მაინც!

მთელი წლის განმავლობაში იყო პატარ-პატარა რაღაცები, რაც კარგი იყო. მაგრამ გადავწყვიტე რომ მხოლოდ მთავარი მოვლენები დამეწერა.

მინდა რომ ყოველ შემხვედრს მოვუყვე თუ როგორი მაგარი წელი მქონდა, მინდა რომ ყველას ვახარო 2014 წლის ჰაილაითები.

კარგი წელი იყო 2014, ბედნიერი ვარ.

P.S გუშინ მეილზე სიყვარულოვნას ბლოგის 2014 წლის შეჯამება მომივიდა თუ გაინტერესებთ გადახედეთ – annual-report

P.P.S არ ვიცი 2015 წელს რა უნდა მოხდეს, რომ 2014-ზე მაგარი იყოს, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განყობილი და იმედს არ ვკარგავ ^_^

IMG_8015