Category Archives: პირადი

3 წელი

ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ტაქსის მძღოლები არასდროს იწყებდნენ ჩემთან პოლიტიკაზე საუბარს. დღეს არ გამიმართლა. სწორედ მაგ საუბრის, უფრო სწორად მონოტონური ლექციის წყალობით, იმაზე ბევრად ადრე ჩამოვედი ვიდრე უნდა ჩამოვსულიყავი.

ადრე, რამდენიმე წლის წინ სასაფლაოების მიმართ გულგრილი ვიყავი. ხან მომწონდა, ხან არა. მოკლედ, ჩამოყალიბებული პოზიცია არ გამაჩნდა. ბოლო წლებია ვეღარ ვიტან სასაფლაოებს. მითუმეტეს ისეთ უზარმაზარ სასაფლაოს, როგორიც საბურთალოსია. სიჩუმე, სიწყნარე და ირგვლივ უამრავი საფლავი, შავი ქვები, საიდანაც ძალიან ბევრი შენი ასაკის ადამიანი გიყურებს. მძიმე და დამთრგუნველია იქ ყოფნა მაშინ, როდესაც აღდგომა არ არის. აღდგომას ხომ საფლავებზე მეტი ცოცხალი ადამიანი იყრის ხოლმე თავს და შეგრძნება, რომ სასაფლაოზე ხარ სადღაც ქრება.

მინდვრის ყვავილები ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა. მართალია კარგი სუნი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გულზე ჩახუტებულს მიმქონდა, არ მინდოდა გაფუჭებულიყო, ან რამე მოსვლოდა სანამ მე მივაღწევდი. გზად არავინ შემხვედრია, არც-ერთი ცოცხალი არსება, ცხადია გველებს თუ არ ჩავთვლით.

ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების, რომლებიც მკვდრებს, უფრო სწორად საფლავის ქვებს ელაპარაკებიან. მაგრამ დღეს მივხვდი რატომ უჩნდებათ სურვილი ლაპარაკის. თითქოს იქ სტუმრობ იმას, ვინც ქვის ქვეშაა დასაფლავებული. მართალია ვერ ხედავ, ვერ გრძნობ, ვერ აღიქვამ, მაგრამ მაინც, შეგრძნება რომ სტუმრად ხარ მისული არ გტოვებს. მინდოდა საუბარი მარიამთან, მაგრამ არა ქვასთან, ამიტომ ისევ ჩემთვის დავიტოვე სათქმელი. და ასე გაგრძელდება წლები.

იმ შეგრძნების გამო რომ მე(!) მაკლია და მე(!) მენატრება, მგონია რომ ადამიანები იმდენად ეგოისტები ვართ, რომ საკუთარი მეგობრის გარდაცვალების შემდეგაც საკუთარ თავს ვგლოვობთ.

3 წელი გავიდა. ისევ ისე მტკივა როგორც 3 წლის წინ და მგონი სიკვდილის მიერ მიყენებული ტკივილი ერთადერთია რასაც დრო ვერ კურნავს.

მე გოგო

20 წლის ვარ, თანაც თქვენ წარმოიდგინეთ და გოგო. მაგრამ, დანარჩები გოგოების არაფერი მცხია. 9gag-ზე ხშირად იდება ხუმრობები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე, და სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ცოტა არ იყოს და სხვანაირი გოგო გამოვუვედი ჩემებს.

დავიწყოთ დილით. გოგონების უმეტესობა დგება სახლიდან გასვლამდე მინიმუმ 30-40 წუთით ადრე, რომ ჩასაცმელის მომზადება და თავის მოწესრიგება მოასწრონ. მე ვდგები 10 წუთით ადრე. სხვები სარკესთან მინიმუმ 3-ჯერ გაივლიან, მე მხოლოდ ერთხელ.

შოპინგი – გოგოები იქით იყოს და შოპინგს ბიჭებიც საკმაოდ დიდ დროს ანდომებენ. ათას რამეს კიდებენ ხელს, ათას კაბას/შარვალს/შორტს იზომავენ და საბოლოოდ არჩევენ იმას რაც საღამოს სახლში უკვე აღარ მოსწონთ. მე – მივდივარ, 10 წუთში ვარჩევ რამეს, მომაქვს სახლში და მეორე დღეს ვიცვამ სიამოვნებით. გარდა ამისა, გოგონების გარდერობები გაძეძგილია სხვადასხვა ფერის, ნაჭრის, ზომის, სიგრძის თუ სისქის კაბებით. ჩემს გარდერობში ერთადერთი კაბა კიდია, ბანკეტის, რომელიც მხოლოდ ერთხელ მეცვა და მეორედ ხვალ ვუმიზნებ ჩაცმას. გარდა ამისა, სულაც არ ვთვლი საჭიროდ რომ 700 შარვალი, 1345 კაბა, ორი ამდენი მაისური და 76 ჟაკეტი უნდა მედოს უჯრებში, რადგანაც ხშირად მათი გამოყენება თავადაც ავიწყდებათ. ვთვლი, რომ რამდენიმე ჯინსი, ბევრი მაისური, ორი ჟაკეტი და კედები სრულიად საკმარისია გარდერობისთვის. არც სხვებივით კვირაში ერთხელ მაღაზიებში სიარული მხიბლავს და საოცრად მაგიჟებს ის ფაქტი რომ ბევრისთვის შოპინგი თერაპიაა. ჩემთვის ნერვოზის ამკიდებელი წუთებია.  ალბათ გარდერობის თემაშივე უნდა განვიხილო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც სასტიკად ვუფრთხი. სამაგიეროდ, დანარჩენები ქუსლებზე თავს ნამდვილ, დახვეწილ ქალბატონებად გრძნობენ.

მაკიაჟი – თითებზე შემიძლია ჩამოვთვალო ის დღეები როდესაც მე მაკიაჟი მეკეთა. ალბათ სულ 3-4ჯერ იყო მსგავსი შემთხვევა. უნდა აღინიშნოს რომ მაკიაჟში ფრიად მომხიბლავი ვარ, პრინციპში, მომხიბვლელობას ისედაც არ ვუჩივი. არ მიყვარს მაკიაჟი, ვერ ვგუობ და სულ მგონია რომ სახეზე საშინელი რამეები მადევს, ძალიან მამძიმებს და არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. სწორედ ამის გამოა, რომ წელიწადში სულ რამდენჯერმე ვისვამ თვალის ფანქარს და ჩრდილებს. ტონალურს, რუმიანას, კრემპუდრას, პუდრს და სხვა მათ ბიძაშვილებს არ ვეკარები, უფრო სწორად ვერ.

ამ შუაღამისას მეტი ისეთი არაფერი მახსენდება. მაგრამ ხშირად ვგრძნობ განსხვავებას ჩემსა და 90% გოგოებს შორის, რაც სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მხიბლავს. არ ვარ მათი მსგავსი და ბრბოში გარეული მდედრთაგანი, არ ვმეტყველებ და ვიცვამ მათსავით, არ ვყვები მოდას ბრმა მაიმუნივით და ა.შ. ჩიტის ვიდეო ნახეთ?

თუ ნახეთ გეტყვით, რომ ამ “გოგონებისგან” 180 გრადუსით ვარ განსხვავებული და ძალიან ბედნიერი.

 

უსათაურო

ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ვერ უშვებდნენ და მიწისთვის არ ემეტებოდათ. უკანასკნელი კოცნა, უკანასკნელი მოფერება, უკანასკნელი შეხება, უკანასკნელი ჩახუტება და მუდმივი ტკივილი, ტკივილი რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება გაგყვება.

უნდა ისწავლო ტკივილთან და აუტანელ მონატრებასთან ერთად ცხოვრება. ტკივილთან, რომელიც ერთი წამით არ დაგტოვებს მარტო. შენში ყოველთვის იქნება ორი ემოცია, ერთი ტკივილი და მეორე სიტუაციის შესაბამისი. ხანდახან თვალი გაგიშტერდება და სადღაც სივრცეში დაიწყებ ყურებას უაზროდ და ამ დროს მხოლოდ იმ ერთზე იფიქრებ, ადამიანზე რომელმაც დაუმსახურებლად დატოვა აქაურობა და გარდაიცვალა. ნებისმიერი წვრილმანი გაგახსენებს მის თავს, ქუჩაში მის სახლს ჩაუვლი და გაგახსენდება როგორ რეკავდი ზარს მის კარზე, როგორ იწყებდა ძაღლი ყეფას და როგორ სიხარულით სავსე თვალებით გეგებებოდა და გეხუტებოდა სტუმრად მისულს. ყოველ დილით სკოლას გაუვლი და გაგახსენდება გავლილი 12 წელი და ათასი სისულელე რომელიც ბავშვობასთან გაკავშირებდა.

ფოტოები, ვიდეოები და მოგონებები, მხოლოდ ესენიღა დამრჩა მარიამისგან. ვათვალიერებ, ვუყურებ და ბოლომდე მიჭირს აღქმა რომ დღეს სამუდამოდ გამოვემშვიდობე. სულისშეხუთვამდე მომენატრება, მომენატრება და ვერაფრით ვუშველი ამ საშინელებას. მონატრება დაგვტანჯავს ყველას. აქამდე ყოველთვის ბევრად მეჩვენებოდა ის 4 თუ 5 დღე როდესაც მიცვალებულს სახლში აჩერებდნენ, მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ ეგეც ცოტაა. ცოტაა იმიტომ რომ უკანასკნელ დღეებს და საათებს ითვლი როდესაც შეგიძლია რომ შეხედო, შეეხო, ჩაეხუტო და ეურთიერთო.  დაკრძალვის მერე აღარაფერი აღარ გრჩება, საერთოდ არაფერი მოგონებების და ტკივილის გარდა.

20 წლის იყო, ძალიან ახალგაზრდა სიკვდილისთვის. მჯერა რომ სიკვდილის მერე სიცოცხლე არსებობს და მარიამი სადღაც იქ, კარგ ადგილასაა. მთელი ცხოვრება მეშინოდა სიკვდილის, მეშინოდა იმიტომ რომ არ მინდოდა რომელიმე ჩემი საყვარელი ადამიანი დამეკარგა, თანაც სამუდამოდ. მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ასე მალე მოხდებოდა ეს ყველაფერი.

ჩასასვენებელს თავსაფარს ახურავენ, თოკებით მიწაში უშვებენ და მუჭით მიწას აყრიან. მისთვის ყველაფერი მთავრდება.

მაგრამ, ჩვენ? აქ დარჩენილები? უბრალოდ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ცხოვრებას მის გარეშე. ადამიანი ძლიერია, ყველაფერთან შეუძლია შეგუება, სიკვდილთანაც კი.

რა უნდა კიბოს ბავშვებში? არ უნდა იღუპებოდნენ ასე უსამართლოდ ადამიანები : ((((((((((

რატომ ვწერ ამ პოსტს? იმიტომ რომ მინდა ჩემი ტკივილი ვინმეს გავუზიარო, ვინმეს არა, ძალიან ბევრ ადამიანს, მინდა როგორმე თავი დავაღწიო ყველაფრის ამოთქმით ამ საშინელებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ვხვდები რომ აზრი არ აქვს. რამდენ ადამიანსაც არ უნდა გავუზიარო, რამდენიც არ უნდა ვიტირო, სიკვდილი ისეთი ძუკნა რამეა რომ ასე ადვილად არ გაგათავისუფლებს ტკივილისგან. ისღა დამრჩენია გავაგრძელო ჩვეული ცხოვრება ჩემს ტკივილთან ერთად.

Protected: მატარებელი – ადგილი სადაც სექსი “to do” ლისტში მქონდა

This content is password protected. To view it please enter your password below:

დე…

ელიმ დაწერეო და ვწერ…

“დე,

ბოლო ლამის 2 წელია თითქმის ყოველ საღამოს გესმის ჩემგან რომ მივდივარ მეგობრების სანახავად, და კითხვაზე ვინ მეგობრების გპასუხობ, რომ ბლოგერების. ადრე არ ინტერესდებოდი, თავშიაც ქვა გიხლიაო, მაგრამ მერე რამდენჯერმე მკითხე რა არის ბლოგიო, ვუხსნიდი მარტივად და გასაგებ ენაზე, რომ ეს არის ინტერნეტში ჩემი, საკუთარი გვერდი, სადაც “როილას იქ დავდგამ სადაც გამისწორდება” სიტუაცია მქონდა. რაზე წერ დედიკოო რომ მეკითხებოდი გპასუხობდი, რომ ყველაფერზე, თუნდაც აი გუშინ სად და როგორ ვიყავი-მეთქი. ისევ ალმაცერეად გადმომხედე და მითხარი, რომ ნეტა ალაოდ (მგონი ესე მითხრა) არ იყოო. ვერ გამიგე რა”მუღამს” ვუჭერდი საჯაროდ ჩემი ყველაფრის მოყოლას.

მერე დრო გავიდა, ხან სად ვიყავი როგორც ბლოგერი ხან სად, იქ კინოო, იქ სოციალური მედიის დღეო, იქ ბილაინის მიერ ყაზბეგში წაყვანაო, კვარიათში ჯორჯიან ბლოგინგ დეიზო, უფრო დაინტერესდი, რას წერ მანახეო და მე ისევ გიპასუხე, რომ არაფერს საინტერესოს-მეთქი და შემეშვი. სინადვილეში არ მინდოდა რომ ჩემს სამყაროში ფეხი შემოგედგა.

შენ არც კომპიუტერის ჩართვა იცი, თავი რომ დავანებოთ რომელიმე ინტერნეტ ბრაუზერის გახსნას და მასში ჩემი ბლოგის ლინკის შეყვანას. რომ მეთქვა ასე და ასე უნდა შეხვიდე-მეთქი მაინც ვერ შეხვიდოდი, ისევ მე დამიძახებდი, მოდი აბა მანახე რეებს ბოდიალობ ინტერნეტშიო, მე გამიტყდებოდა. იმიტომ არა რომ რამე მაქვს დასამალი (მამენტ მაქვს კიდეც), უბრალოდ იმიტომ, რომ არ მიყვარს როდესაც ვინმე ჩემი თანდასწრებით ჩემს ბლოგს კითხულობს. არ მიყვარს როდესაც ვინმე მიყურებს პოსტის წერის დროს, ვიძაბები და სულ სხვა რაღაცებზე ვიწყებ ფიქრს.

რომ დაგსვა, შეგიშვა ჩემს ბლოგზე და გაგიხსნა თითოეული პოსტი მოთმინება არ გეყოფა, რომ წაიკითხო რამდენიმე მაინც და ჩემზე იმაზე მეტი გაიგო ვიდრე იცი, სინამდვილეში კი ალბათ არაფერიც არ იცი. ჩემს ბლოგზე აღმოაჩენ, რომ თურმე არც ისეთი უწყინარი პეპელა და მშვიდობის მტრედი ვარ როგორიც გგონივარ. ბიჭისთვის, რომ ნაკოცნი მქონდა, თან არა 1 ბიჭისთვის, მე გითხარი, გალეწილი მთვრალი, რომ ვიყავი თორემ შენით მაგას ვერც იფიქრებდი. კიდევ იმას აღმოაჩენ რომ ვეწევი, იმას რომ ჩემთვის ინსტიტუტი, ქალიშვილობის, არაფერს ნიშნავს, იმასაც რომ ძალიან ბევრს გატყუებთ… დე, სინამდვილეში შენ ეს ყველაფერი იცი, იცი რასაც ვფიქრობ სხვადასხვა საკითხებზე, გუშინაც ხომ ვიკამათეთ პირსინგზე, ტატუზე და სექსზე და ბოლოს იმას დააბრალე რომ ცუდ წრეში ვტრიალებ, არა და სინამდვილეში არგუმენტები არ გქონდა.

მაგრამ, შემიძლია ჩემი თითოეული ნაწერი ვუარყო და გითხრა, რომ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია და იმისთვის მჭირდება რომ ასე თუ ისე პოპულარული ვიყო.

დე, შენ მშვენივრად იცი რა ჩიტიც ვბრძანდები და ამისთვის ჩემი ბლოგი სულაც არ გჭირდება, უბრალოდ თვალებს ხუჭავ ბევრ რამეზე.

დე ძალიან მიყვარხარ”.

Protected: ჩემი პირველი კაცი

This content is password protected. To view it please enter your password below:

დილა წარსულიდან

კარზე საშინელი ბრახუნია, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ვფხიზლდები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კარი არ უნდა ჩავკეტო და დაე შემოვიდეს ყველა ვისაც უნდა. ფეხშველა და ნახევრად შიშველი მივიწევ კარისკენ და გულში მწარედ ვაგინებ ვინც არ უნდა იყოს.

– გეძინა?

– კი

– კაი მერე მოვალ

– უკვე გავიღვიძე, გულშიც გაგინე ჩემი გაღვიძებისთვის და შეგიძლია შემოხვიდე.

– მარტო ხარ?

– კი.

ამ დროს ლოგინისკენ მივემართები ისევ და სულ არ მაინტერესებს შემოვიდა თუ არა. თუმცა დარწმუნებული ვარ უკან მომყვება და ვერ ბედავს რამის თქმას. იცის,  როცა მაღვიძებენ საშინლად ავი ვხდები. ისევ ლოგინში ვძვრები, თბილია, არ გაციებულა და ლამისაა ჩამეძინოს.ბალიშის ქვეშიდან ტელეფონს ვიღებ, ეკრანს დავხედე და 7 ზარი დამხვდა, მისგან, ვინც ახლა ფრთხილი ნაბიჯით მოიპარება ჩემს ოთახში. 7-ჩემი ბედნიერი რიცხვია.  საწოლის მოპირდაპირე მდგომ დივანზე ჯდება და მიყურებს. ვგრძნობ მზერას, მაგრამ არ მინდა ვაგრძობინო, არ ვიმჩნევ და თვალები დახუჭული მაქვს. ცოტაც და დამეძინება, მაგრამ ფეხზე დგება და წასვლას აპირებს. არ მინდა რომ წავიდეს და ვეუბნები რომ გვერდზე მომიწვეს და ჩემთან ერთად დაიძინოს.

გვერდზე მიწვება, იმის მაგივრად რომ დაიძინოს საუბარს მიწყებს. არ მინდა ლაპარაკი, არ ვუსმენ, მხოლოდ ჩახუტება და ჩუმად ყოფნა მინდა. მინდა ვიგრძნო რომ ისევ მე მეკუთვნის და რომ არაფერი შეცვლილა 4 წლის განმავლობაში.ვითომ არც ყოფილა ეს 4 წელი. სიტყვები ბუნდოვნად მესმის: “სიყვარული”, “მეგობრობა”, “წყენა”, “ტკივილი”, “ცრემლი”… შინაარს ვერ ვწვდები და თავს ბალიშიდან ვწევ. ზურგზე წევს, თვალები ჭერისკენ აქვს მიპყრობილი, სიგარეტს ეწევა, ღრმად დაარტყა ნაფაზი და ბოლო სიტყვებს მეუბნება: “აღარასოდეს ვიქნებით ისე როგორც მაშინ, აღარასოდეს შემიყვარდები ისე როგორ მაშინ”.

 

 

-ვიცი

-და მაინც მოელი ჩემგან რამეს?

-არა

-აბა რატომ შემომიშვი სახლში?

-მომენატრე, – და ვკოცნი.

აზრზე რომ მოვედი ის ფეხზე იცვამდა და კარისკენ მიდიოდა.

-ნახვამდის. – დავადევნე სიტყვები

-მშვიდობით, – მიპასუხა და იმის მერე აღარ მინახავს.

….

ვიცი გავა დრო და ისევ ვნახავ, ისევ ვეტყვი რომ მომენატრა, რომ ძველი დრო მინდა დაბრუნდეს, რომ ნაწყენი ვარ იმიტომ რომ არ დამიჯერა და ისევ მეტყვის რომ არაფერი გამოვა და ისევ დამემშვიდობება.