Category Archives: home alone

Home Alone – 2 თვე

ღამის 1:55 საათია, ვზივარ და მორიგ ახალ სერიალს The Morning Show-ს მესამე სერიას ვუყურებ, რომელიც ამ საღამოს დავიწყე. რამდენიმე დღის წინ Friends-ის ათივე სეზონი ვნახე (პირველად! და სად ვიყავი აქამდე?!) და ღმერთო როგორ დაბერებულა ჯენიფერ ენისტონი! რომ დავინახე ჩემში ახალი შიში, სიბერის შიში აღმოვაჩინე. ჯერ პაწუკაა, და დიდი ალბათობი ამ წამს დაიბადა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად არ მინდა დაბერება. არადა ამ საკითხზე აქამდე არასდროს მიფიქრია.  თუმცა, სიბერეზე და სერიალებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. 11 დეკემბერს ზუსტად ორი თვე გახდა, რაც მარტო ვცხოვრობ და სწორედ ამის წყალობით მაქვს იმის “ფუფუნება”, რომ ამ დროს წყნარად ვიყო წამოგორებული დივანზე და სერიალს ვუყურებდე.

ორი თვე გავიდა, და ჯერ კიდევ მეკითხებიან როგორია მარტო ცხოვრება, არ მიჭირს? არ ვიწყენ? სახლი არ მენატრება? – ესაა ჩემი სახლი, პატარა, მყუდრო, კომფორტული და ადგილი, რომელიც საშინლად შემიყვარდა. ცოტა ხნის წინ ვიჯექი, ვათვალიერებდი ჩემს ნივთებს, ავეჯს, სკამებს და ვიცოდი, რომ ჩემი იყო და მიყვარდა.

კარგი, წყნარი, ჩუმი და სასიამოვნოა მარტო ცხოვრება. არ მიჭის, ჯერ კიდევ სწავლის ეტაპზე ვარ და რაღაც მომენტში ჯერ კიდევ შეგუების. კი, შეგუების, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს, მაინც სჭირდება შეგუება რაღაცებს. სახლს თავისი რეჟიმი უნდა, თავისი წესები და “მოთხოვნები” აქვს და ერთმანეთს უნდა “შევეწყოთ”. უნდა ვისწავლო და დავამუღამო როდის შემიძლია და როდის უნდა (!) დავალაგო, როდის საჭმელი გავაკეთო და როდის შემიძლია თავს იმის უფლება მივცე მზა სადილი ვიყიდო ან გამოვიძახო, როდის დავრეცხო სარეცხი, არ დამავიწყდეს სახლის განიავება და სუფთა ჰაერის შემოშვება. ვიპოვო კომფორტული ადგილი საკითხავად და მუდმივად განახლების რეჟიმში ვიყო, რათა ერთფეროვანი და მოსაწყენი არ გახდეს ჩემი და ჩემი ბინის ურთიერთობა.

ცოტაა ორი თვე, ჯერ კიდევ ბოლომდე არ მაქვს გააზრებული რომ მარტო ვხოვრობ, დამოუკიდებლად და თავიდან ბოლომდე ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი, აბოსლუტურად ყველაფერი. ცოტა საშიშია, მაგრამ საინტერესო.

 

Home alone – დადებითი და უარყოფითი მხარეები

რომ მეკითხებიან როგორია მარტო ცხოვრებაო ყოველთვის ერთი და იგივე რაღაცას ვპასუხობ – სახლში რომ ვბრუნდები სიჩუმეა! მთელი დღის განმავლობაში ისეთ ხმაურში და ზუზუნში მიწევს მუშაობა, რომ სიჩუმე ძალიან, ძალიან დაფასდა და უდიდეს პატივს ვცემ.

ჯერ ზედმეტად ცოტა დრო, 3 კვირაა გასული საიმისოდ, რომ შევაფასო მარტო ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, რაც ამ დროისთვის დაგროვდა, იმას მაინც დავწერ.

მარტო ცხოვრობის უპირატესობა ისაა, რომ სახლს როცა გინდა დაალაგებ! არავინ გეუბნება მტვერია გადასაწმენდიო, ნაგავი ყრია და მოგავეო, იქნებ ფანჯრები და სარკეები გაგეწმინდაოო… ჯერჯერობით სახლის დალაგების პროცესი მეთვითონ მომწონს. პატარაა და უცბად ლაგდება, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დიდად არეული არც არასდროს არის ხოლმე. რამდენიმე საათი ვარ სახლში და ძირითადად დივანზე ვწევარ და რომელიმე სერიალს ვუყურებ :დ

ჩემი სახლი

ამ ყველაფრის საპირწონედ ის დგას, რომ საჭმელს შენ თუ არ მოიმზადებ, სხვა ვერ და არც გაგიკეთებს. გიწევს პროდუქტებზე ზრუნვა, გაკეთება, და თან რაოდენობა კარგად უნდა განსაზღვრო რომ დღეები არ იდოს მაცივარში მთლიანი ქვაბი. სადილის მომზადების შემდეგ დასვრილი ჭურჭლის დარეცხვაც შენს კისერზეა. მერე ამ ჭურჭლის გაწმენდა და კარადაში დაბინავებაც არაა მთლად სასიამოვნო პროცესი, მაგრამ რას ვიზამთ, რაც მინდოდა ის მივიღე :დ მუდმივად მზა საჭმელს ვერ ვიყიდი, ზედმეტად ძვირი სიამოვნებაა. სამაგიეროდ, ყოველთვის იმას ვამზადებ, რაც მიყვარს! და როდესაც ჯერი ყვავილოვან კომბოსტოზე მიდგება არავინ წუწუნებს “ფუ რა სუნიაო”.

დადებითი კიდევ ის აქვს, რომ როცა გინდა და ვისაც გინდა იმას მიიღებ სტუმრად და რამდენხანსაც გინდა იმდენხანს დაიტოვებ, თუ გინდა მთელი ღამით! რასაც გინდა და როცა გინდა მაშინ ჩართავ ლეპტოპში თუ ტელევიზორში, როგორც გინდა ისე ჩაცმული ან გახდილი ივლი სახლში, გათბობის ჩართვა/გამორთვის დროს სხვისი სხეულის ტემპერატურის გათვალისწინება არ გიწევს, აბაზანის თუ ტუალეტის რიგში დგომა არ გჭირდება – ყოველთვის თავისუფალია!

ჰმ, უარყოფითი მხარეების სია როგორც ჩანს არ აღმომაჩნდა, ერთი ისაა, რომ კომუნალურების გადახდამაც ჩემს ანგარიშზე გადმოინაცვლა.