Category Archives: წიგნები

ორშაბათი, Timha 18.03

დღევნდელი Timha ის გახლავთ, რომ “უმანკოების მუზეუმი” დავამთავრე.

20130318_214652ამ წიგნზე იმდენი მსენია და ისე აქებდნენ, რომ ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდი კითხვას. ახალი წელი ახალი ჩავლილი იყო კითხვა რომ დავიწყე. სოფელში, ფეჩის გვერდზე ვიჯექი და ვკითხულობდი.  თავიდან კარგად დაიწყო, საინტერესო იყო და მაინტერესებდა რა მოხდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ისე გაიწელა და იმდენად ბევრი იყო სიყვარული და ამ სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილის აღწერა, რომ თავი დავანებე. მორიგი სიყვარულის ისტორიაა, მე კიდევ მსგავსი რამეებისგან საკმაოდ შორს ვარ. სადღაც ერთი კვირის წინ ჩანთაში ჩავიგდე. ჩემი არეული ცხრილის გამო ლექციიდან ლექციამდე საკმოდ ბევრი დრო მაქვს და სწორედ ამ დროის წყალობით როგორც იქნა კითხვას მოვრჩი.

ამ წიგნიდან რაც დამრჩა ისაა, რომ სტამბული აუცილებლად უნდა ვნახო და აუცილებლად უნდა ვეწვიო უმანკოების მუზეუმს.

არ მჯერა წიგნში აღწერილი სიყვარულის.

P.S რამე ახალი წიგნი მინდა რომელსაც ჩანთაში ჩავაგდებ.

never let me go, the notebook და გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია

1. არასოდეს გამიშვა

როცა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, არც საქმე მქონდა და ფეისბუქზეც არაფერი ხდებოდა გადავწყვიტე რამე ფილმი მენახა. როგორც წესი ფილმებს იშვიათად ვუყურებ, მართლა რომ არ ვიცი რა გავაკეთო მაგ შემთხვევაში ხოლმე. მიყვარს მსუბუქი, ზედმეტი ფილოსოფიის და ფიქრების გარეშე სანახავი ფილმები. რამე რომატიკას ან მის მსგავს ვეძებდი. სათაური შესაბამისი ჰქონდა never let me go. არც კი მიფიქრია რომ ეს ფილმი არ იქნებოდა სიყვარულზე, რომანტიკაზე, უწი-პუწობაზე და ა.შ მოვკალათდი, ყავა მოვიდგი გვერდზე და ყურება დავიწყე.

არ იყო სიყვარულზე, არ იყო წვიმაში ჩახუტებაზე და კოცნაზე, არ იყო “შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ” და ასე შემდეგ. ფილმი იმ ადამიანებზეა რომლებსაც სპეციალურად ქმნიან იმისთვის, რომ წლების შემდეგ ვიღაცებს დონორობა გაუწიონ. გადაუნერგონ ხან ფილტვი, ხან თირკმელი და ხანაც გული. იმისთვის შექიმნენ რომ ვიღაცის სიცოცხლეს შეეწირნონ.

ფილმით აღფრთოვანებული დავრჩი. თან საშინელი უსამართლობის გრძნობა გამიჩნდა. წარმოიდგინეთ, იგებთ რომ იმისთვის იცოცხლეთ რათა სხვის ჯანმრთელობას შეეწიროთ და ვერაფერს იზამთ. ვრ გაიქცევით, ვერსად. და პარალელურად არცკი იცით რა ხდება ქვეყანაზე. თქვენთვის მხოლოდ ისაა ცნობილი რასაც “სკოლაში” გასწავლიდნენ და იმის იქით არ არსებობს არაფერი.

ფილმის ნახვიდან კაი ხნის შემდეგ გავიგე, რომ თურმე წიგნი არსებობს. იგივე სახელწოდებით და თურმე ეს წიგნი ქართულადაც იყო ნათარგმნი. დაბადების დღეზე ალუკარდმა მაჩუქა. თხელი წიგნია, გარეკანზე მსახიობები არიან გამოსახულნი. წიგნი და ფილმი იდენტურია. უბრალოდ, წიგნში პატარა წვრილმანებია, რომლებიც ფილმში არ არის. წიგნი კიდევ უფრო ნაკლებად ეხება სიყვარულს, წიგნში უფრო კარგად ჩანს რატომ ქვია never let me go, რა საერთო აქვს “არასოდეს გამიშვას”  ნაწარმოების შინაარსთან. უფრო მტკივნეულად და დეტალურად არის გადმოცემული აღსაზრდელების ცხოვრება. თავიდან, ვიფიქრე ფილმი სჯობდა-მეთქი, თუნდაც იმიტომ რომ კარგი სანახავია. წიგნის მერე ფილმს ახლიდან ვუყურე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მარტივ ჭეშმარიტებაში – ფილმის და წიგნის შედარება არ შეიძლება. ყოველთვის წიგნი სჯობს, მაშინაც თუ ეს ფილმი ზედმიწევნით მიჰყვება წიგნს. თუმცა, ვინანე რომ ჯერ ფილმი ვნახე და მერე წიგნი. მაგრამ რა ჩემი ბრალია, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი წიგნის არსებობის შესახებ.

never let me go

2. the notebook

ეს სასიყვარულო დრამა ძალიან ბევრს აქვს ნანახი. პირველად რამდენიმე წლის წინ ვნახე. დროის გასაყვანი კარგი საპოპკორნე ფილმია. ოღონდ, ერთხელ რომ ნახავ და მეორედ აღარ მოგინდება მისი ნახვა ისეთია. უბრალოდ დაგეზარება 2 საათზე მეტი ხანი ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობას უყურო. საინტერესოა როგორ ვითარდება მათი სიყვარული და რამდენი რამის გადალახვა უწევს წყვილს იმისათვის რომ საბოლოოდ მაინც ერთად იყნენ. შეიძლება ითქვამს წყვილის ისტორიას დრაგიკული დასასრული აქვს, პრინციპში არც ისეთი. უარესებიც მომხდარა.

წიგნის არსებობის შესახებ 2-3 თვის წინ გავიგე. გრინმარიმ ფეისბუქზე წიგნის ფოტო დადო და ასე თქვა ძალიან კარგიაო. მომინდა მეყიდა და წამეკითხა. თან სადღაც 7-ლარამდე ღირდა და ჩემი ბიუჯეტიც გასწვდა. მომინდა უბრალოდ წიგნი და ფილმი შემედარებინა ერთმანეთისთვის. ადვილი წასაკითხია. ერთი ჩაჯდომა უნდა, რამდენიმე საათის დათმობა და ყველაფერი მორჩენილია. მარტივი ენით წერია, არაფერი ზედმეტი, სავსეა მოჭარბებული გრძნობებით და უხვი სიყვარულით. წიგნი რომ დავხურე ერთი ის გავიფიქრე, 15 წლის რომ ვყოფილიყავი მოვკვდებოდი ტირილით-მეთქი, ოღონდ თან შეყვარებული 15 წლის თინეიჯერი უნდა ვყოფილიყავი. საერთოდ, ისეთი სიყვარულის როგორიც ამ ნაწარმოებშია არ მჯერა. არ მჯერა იმის, რომ რაღაც სამუდამოდ გრძელდება, რომ სიყვარულს უუუდიდესი ძალა აქვს, რომ სიყვარული ატრიალებს დედამიწას და ასე შემდეგ. ჰო, ვინმე რომ/თუ შემიყვარდება იქნებ შემეცვალოს კიდეც ამ საკითხზე წარმოდგენა, მაგრამ ჯერჯერობით ისეთ რაღაცას როგორიც სიყვარულია სკეპტიკურად ვუყურებ.

როგორი წიგნია იცით? აი, ძილის წინ საკითხავი, ან, სადმე თუ მიდიხართ გრძელგზაზე მაშინ საკითხავი. არ მოითხოვს ბევრ ფიქრს და განსჯას. წიგნი უბრალოდ სიყვარულზეა.

the notebook

3. გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია.

სტიგ ლარსონის ტრილოგიის ბოლო ნაწილი. თითქმის 1 წელი ველოდებოდი როდის გამოვიდა. ჯერ სექტემბერშიო, მერე ოქტომბერშიო, მერე ნოემბრის შუარიცხვებშიო. აი სტამბაშია და იბეჭდებაო, აი უკვე გამოიგზავნაო და რამდენიმე დღეში გაყიდვაში იქნებაო. მოკლედ, დეკემბრის ბოლოს ხელში ჩამივარდა როგორც იქნა.

თავიდან ცოტა ისე იწყება, მოსაწყენია. არანაირი ექშენი, დაძაბული სიტუაციები, უბრალოდ პოლიციის და სეპოს შიდა სამზარეულოში გარკვევაა. იმისა ვინ ვინ არის, რა უნდა და რას და რატომ ერჩიან ლიზბეთს. ცოტა რთულად იკითხება, მაგრამ ასე 300 გვერდის შემდეგ ყველაფერი ლაგდება, ამდენ სახელს ეჩვევი, უკვე იცი ვინ რატომ არის ნაბიჭვარი და ვინ უფრთო ანგელოზი, ვინ ვის მხარეს იბრძვის და ვინ კვდება. მოკლედ, სიუჟეტი საინტერესოდ და პრინციპში ლოგიკურად ვითარდება. რამდენჯერ იყო ისეთი მონაკეთი როცა სუნთქვაშეკრული ფაციფუცით ვკითხულობდი აბაცებს, ზოგჯერ იყო რომ გული საოცრად მიჩქარდებოდა და ერთი სული მქონდა ის თავი თუ ქვეთავი დროზე ჩამეკითხა და გამეგო როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. იყო მომენტი როცა გულიანად გადავიხარხე. კითხვის დროს ფანტაზიაც მუდმივად მუშაობდა. იმდენად დაწვრილებით და კარგად იყო ყველაფერი აღწერილი რომ ყველას ვცნობ სახეზე და ყველას კარმიდამო ვიცი როგორია : )  კარგად არის დაწერილი, თარგმანიც შესანიშნავია. ლიზბეთი გენიალურია, მიყვარს ეგ გოგო, და ბლუმკვისტი, როგორც ლიზბეთი იტყოდა, ნაბიჭვარია. ყველას თავისი ადგილი მიეჩინა, ზოგს ციხეში, ზოგსაც მიწაში. სამართალმა პური ჭამაო რომ იტყვიან ეგრე იყო.

გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია

—————————————————–

გამოცდების პერიოდი მაქვს და მეკიდევ წიგნებს ვკითხულობ. ლიზბეთის ისტორიის კითხვას გამთენიისას მოვრჩი და ეხლა ხელები თუ თვალები მექავება რომ რამე წავიკითხო, რამე მოვიგდო ხელთ, ოღონდ არა სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები.

წიგნები

ერთხელ ერთმა ხუმრობამ მიიქცია ყურადღება: ” ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ, მათ ვხვდებოდით ყველგან, ისინი იყვნენ ჩვენი თანამგზავრები,თუმცა ბოლოს მაინც  გაქრნენ… მაშ, ასე წარმოგიდგენთ  – წიგნებს”.

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ წიგნი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაშიო. რა შეიძლება იყოს ეს როლი, თანაც მნიშვნელოვანი? ალბათ ის, რომ წიგნი ანვითარებს ფანტაზიას, ზრდის ლექსიკას, რაც არ უნდა ფანტასტიკა იყოს, აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ. მოკლედ, წიგნი საშუალებაა იცოდე ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად.

მე და წიგნი პირველი კლასიდან ვმეგობრობთ. კითხვა რომ ვისწავლე, პირველი რაც წავიკითხე იანუშ კორჩაგის მეფე მათიუშ პირველი იყო. 8 წლის ბიჭი მეფის ტახტზე ავა და ქვეყნის მართვას იწყებს. საკმაოდ მძიმე და რთულად წასაკითხ წიგნს შევეჭიდე 7 წლის ასაკში. და ამის გამო ძალიან ბევრი ფაქტი და დეტალი არ მახსოვს. მაგრამ, ერთ-ერთ ეპიზოდს ძალიან ხშირად ვადარებ დღევანდელ სიტუაციას საქართველოში. მათიუში გამოსცემს კანონს, რომლის თანახმადაც ბავშვები ივლიან სამსახურებში, ხოლო მშობლები სკოლაში. როდესაც პარლამენტში პირველ მოსმენაზე გაიტანეს კანონი, რომლის მიხედვითაც ასაკობრივ ცენზს წევდნენ და 21 ხდებოდა სწორედ ეს ეპიზოდი გამახსენდა – ბავშვები სამსახურებში, თანაც საკმაოდ სერიოზულ სამსახურებში. მეფე მათიუშის სახელმწიფოში ყველაფერი თავდაყირა დადგა, რაც აქაც მოსალოდნელია ლოგიკურად.

მეფე მათიუშის შემდეგ რამდენიმე წიგნი იყო, რომლის საშუალებითაც დრო სწრაფად და სარგებლიანად გამყავდა. თანაც, თავიდან ვიშორებდი მამაჩემის მუდმივ ფრაზას: “წიგნს შენ არ კითხულობ და არაფერს შენ არ აკეთებ”. თანაც, ყოველთვის მოაყოლებდა რომ, ის რომ ჩემ ხელა იყო, თვეში რამდენიმე წიგნს კითხულობდა, მე კიდევ კაპიტან გრანტის შვილებიც არ წამიკითხავს (დღემდე არ მაქვს წაკითხული სხვათაშორის). რამდენიმე წელში ჩემი და წიგნის ურთიერთობა შეწყდა. ერთი შეხედვით ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ წიგნი სხვა რამეებმა ჩამინაცვლეს. კერძოდ გართობამ. მეუბნებოდნენ, წიგნზე უკეთესი გასართობი არ არსებობსო, მაგრამ არ მჯეროდა.

რამდენიმე წლიანი პაუსის შემდეგ წიგნისკენ გული მომიბრუნდა, ნელ-ნელა ისევ დავიწყეთ ურთიერთობა, ისევ კარგი მეგობრები გავხდით. ნაწილობრივ ჩემი დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა, ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება სხვის თავს ავი თუ კარგი. სწორედ ამიტომ უპირატესობას სათავგადასავლო ლიტერატურას ვანიჭებ. არ მსიამოვნებს წიგნები, რომლებიც მუდმივად ჭკუას მარიგებენ და გამუდმებით მირჩევენ რაიმეს. მირჩევნია სხვისი საინტერესო ცხვორების თვითმხილველი გავხდე და ჩემით გამოვიტანო დასკვნები პერსონაჟების ცხოვრებიდან, ვიდრე ვინმემ მითითოს, აი ასეა სწორიო.

ძალიან ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის, რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია. ასეთ დროს მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, წაიკითხე და მიხვდები. ჰოდა, გირჩევთ წაიკითხოთ.

სათუთად მოვლილი წიგნები ❤

არ მიყვარს ყველასთვის საყვარელი და სათაყვანებელი წიგნები. მსგავს ლიტერატურაში ვეძებ მუდმივად ნაკლს და მხოლოდ იმ ნაკლზე ვამახვილებ ყურადღებას. მაგალითად “წითელი და შავი”, “უცნობი ქალის წერილი” და ა.შ. შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ შესაბამის დროს ვერ წავიკითხე და ვერ გავიაზრე. ვინ იცის, იქნება დროთა განმავლობაში ხელახალი წაკითხვისას სულ სხვანაირად შევხედო არსებულ სიტუაციას.

წიგნი შეიძლება ვიღაცისთვის შთაგონების წყარო გახდეს, მოტივაცია აუმაღლოს, სწორი გზა აჩვენოს… უბრალოდ წიგნის სწორად შერჩევა უნდა იცოდე. ჰო, ვფიქრობ ყველაფერს სჭირდება სწორად შერჩევა, სიტუაციას უნდა მოერგოს რომ გართობის გარდა სხვა სარგებელიც მიიღო ამა თუ იმ ლიტერატურიდან.

ერთი მავნე ჩვევა მაქვს. ძალიან მიყვარს წიგნები. მსიამოვნებს თაროს რომ ავხედავ და ჩემი ყველა წიგნი ამაყად და მშვიდად ნებივრობენ მიჩნეულ ადგილას. არ მიყვარს მათი განათხოვრება. რამდენჯერაც წიგნი ვიყიდე საჩუქრად იმდენჯერ დამნანებია ჩუქება. ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის წიგნი და ვცდილობ საკუთარი წიგნების რაოდენობა გავზარდო :>

ჩემი მწირი ბიბლიოთეკის ნაწილი

P.S ეს პოსტი კონკურსისთვისაა შექმნილი, რომელშიც მონაწილობა თქვენც შეგიძლიათ ❤ უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ინტრიგა პოტერომანებისთვის VOL2

მას შემდეგ რაც ისევ ახლიდან გადავწყვიტე ჰარი პოტერის კიტხვა, პარალელურად ვიწერ ინტრიგა კიტხვებს. პირველი ნაწილის კითხვები ასე თუ ისე გამოიცანით. თუმცა 20-ვეს გამოცნობა ვერც-ერთმა შესძელით. ვნახოთ რას იზამთ ეხლა. ზოგ კიტხვაზე პასხი პირაპირ არ იყო მოცემული, მაგრამ წესით პასუხი მაინც უნდა იცოდეს. გისურვებთ წარმატებებს.

ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (კიტხვები)

  1. არის დეგნომირება?
  2. რა ერქვა რონის ცოცხს?
  3. ვის მისცა ჰარიმ გილდეროი ლოკჰარტის ნაჩუქარი წიგნების კრებული?
  4. რომელია ლოკჰარტის საყვარელი ფერი?
  5. რა მანქანა ჰყავდა ბატონ უისლის?
  6. რამდენჯერ ჩაარტყეს ნაჯახი უთავო ნიკს?
  7. რა იყო „ქვიქსპელი?“
  8. როდის გარდაიცვალა სერ ნიკოლას დე მიმსი?
  9. როდის ნახეს პირველად მირტლი ჰარიმ, რონმა და ჰერმიონიმ?
  10. რა ერქვა დამბლდორის ფენიქს?
  11. ვინ იყო სკოლის დირექტორი 50 წლის წინ, როდესაც საიდუმლო ოთახი პირველად გაიღო?
  12. რომელ თვეს და რიცხვში გარიცხეს ჰაგრიდი სკოლიდან?
  13. რომელ კურსზე იყო რიდლი როდესაც საიდუმლო ოთახი პირველად გააღო?
  14. რას უწოდებენ სხვაგვარად ბასილისკოს?
  15. რა ეროვნების იყო ჯადოქარი, რომელმაც სინამდვილეში იხსნა სოფელი მაქციისგან? (გილდეროი ლოკჰარტის წინგში აღწერილი ამბავი)
  16. რისი მასწავლებელი იყო დამბლდორი სანამ დირექტორი გახდებოდა?
  17. რომელ წელს გაიღო პირველად საიდუმლო ოთახი?
  18. რომელ წელს დაიბადა ჰარი პოტერი?
  19. რომელ წელს დაიბადა ტომ მერვოლოს რიდლი?

ინტრიგა პოტერომანებისთვის

მოკლედ აქ არის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვიდან რამდენიმე ინტრიგა კითხვა, რომელიც შეიძლება სულ არ შეგიმჩნევიათ, ან სულაც არ გაგიმახვილებიათ ყურადღება. შეეცადეთ წიგნის გარეშე უპასუხოთ

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (კითხვები)

  1. კვირის რომელ დღეს დაიღუპნენ ლილი და ჯეიმს პოტერები?

  2. რა ერქვა ბურღების ფირმას სადაც ძია ვერნონი მუშაობდა?

  3. ჰაგრიდის თქმით, როგორი მაგლები იყვნენ დერსლები?

  4. რომელი ჯადოქარი მიესალმა ჰარის სუპერმარკერტში დეიდა პეტუნიასთან და დადლისთან ერთად?

  5. ჰარის კითხვაზე, რა განსხვავებაა სტალაგმიტებსა და სტალაქტიდებს შორის, რა უპასუხა ჰაგრიდმა?

  6. რომელი წლიდან არიან ოლივანდერები ჯადოსნური ჯოხების მწარმოებლები?

  7. რომელი შოკოლადის ყიდვა სურდა ჰარის მატარებლის ვაგონში?

  8. რომელ წელს დაამარცხა დამბლდორმა გრინდელვალდი?

  9. რამდენი კიბე იყო ჰოგვორტსში?

  10. რით განსხვავდებოდა მაგიის ისტორიის პროფესორი ბინსი სხვა პროფესორებისგან?

  11. რას მივიღებთ, თუკი ასფოდელოს დაფქულ ფესვს ჩავუმატებთ აბზინდის ნაყენს?

  12. რამდენ ხანს გაგრძელდა უწყვეტი სარეკორდო ქვიდიჩის თამაში?

  13. ვინ იყო ჰოგვორტში ჩარლი უისლი სანამ დრაკონებით დაინტერესდებოდა?

  14. რომელ დღესასწაულზე გამოჩნდა ტროლი?

  15. რამდენნაირი დარღვევაა შესაძლებელი ქვიდიჩის მატჩის დროს?

  16. რა პროფესიის იყვნენ ჰერმიონის მშობლები? )

  17. რა ეწერა სილუვრუს სარკეზე?

  18. რონანის თქმით როგორი იყო თითქმის ყოველთვის პირველი მსხვერპლი?

  19. რამდენი წლის იყო ნიკოლას ფლამელი?

  20. რამდენი დაბრკოლების გადალახვა იყო საჭირო ფილოსოფიურ ქვის ხელში ჩასაგდებად?
UPDATE

მგონი ყველამ ნახა ვისაც აინტერესებდა. ზოგმა ბევრ რაღაცას სწოად უპასუხა, ზოგმა სულ ვერ გაიხსენა ვერაფერი. ზოგი იმ დასკვნამდეც მივიდა რომ თავიდან უნდა გადაიკითხონ. გადაიკითხეთ! იმდენ საინტერესო რამეს იპოვით… :))
ჰოდა აი პასუხებიც:
1. სამშაბათს
2.გრანინგსი
3.უდიდესი
4.დედალუს დიგლი
5.სტალაგმიტებში “მ” ურევია
6.ძვ.წ 382წ
7.მარსი და სამწუხაროდ ტკბილეულის გამყიდველ ქალს არ აღმოაჩნდა.
8.1945 და ეს ეწერა შოკოლადის ბაყაყში რომ დამბლდორის ფოტო ამოუვიდა იმის უკანა მხარეს.
9.142 და ყველა სხვადასხვანაირი იყო
10.მოჩვენება იყო რომელმაც ერთ საღამოს ბუხართან დაიძინა და მეორე დილით სხეული იქვე დატოვა და ისე შევიდა გაკვეთილზე
11.უძლიერეს საძილე საშუალებას, ცოცხალი სიკვდილის წამალი
12. 3 თვეს
13.სიკერი
14.ჰელოუნი
15.700 და 700-ვეს დარღვევა მოხერხებულა ერთ-ერთ მატჩზე
16.კბილის ექიმები
17.სლივრუს სნეშ დემარა სეხას სნეშ არა ბენევჩიგ ემ
18.უციდველი
19.665
20.7, თუმცა გასათვალისწინებელია რომ ნევილიც ერთ-ერთ დაბრკოლებად აღმოაჩნდათ ბოლოს.
იმედია გაერთეთ :))

მარტინ იდენი

მარტინ იდენი კაცია, რომელმაც მიაღწია იმას რაც უნდოდა და დაკარგა სიყვარული და თვით სიყვარულის რწმენაც კი. მარტინ იდენი კაცია, რომლისთვისაც მიზანი უმთავრესია. მარტინ იდენი კაცია, რომელმაც შესძლო წარმოუდგენლლად მოკლე დროში აეთვისებინა ის, და იმაზე მეტი, რაც ხალხმა წლები მოანდომა. თუმცა ღირდა კი?

ის უბრალო მუშათა კლასში აღზრდილი მეზღვაური იყო. სიარულიც მეზღვაურისა ჰქონდა. სიყვარულის ძალამ შეაძლებინა დაევიწყებინა ყველაფერი წარსულიდან და გაეზარდა უფსკრული რომელშიც თავად ჩაიკარგა. სიყვარულმა აიძულა განევითარებინა გონება და იდეოლოგიით კიდევ უფრო დაშორებოდა საყვარელ ქალს.

ცოდნამ, წიგნებმა, განათლებამ, აზროვნების უნარმა დაანახა რომ ბურჟუაზია სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი ნეხვის კასრი, რომელიც მხოლოდ ფულზე და სახელზეა ორიენტირებული. სწორედ წიგნებმა აუხილა თვალი და დაანახა რომ ამ “ნეხვის კასრს” ეთაყვანებოდა. თვით საყვარელი ქალიც კი, რომლის სიყვარულმა აამაღლა მარტინის გონება ძალიან შორს დარჩა იდენისგან.

მარტინი ებრძოდა ჩამოყალიბებულ დოგმებს, აზროვნებას და იმას რაც “უნდა” და არა საჭიროა. მარტინმა ზედმეტად ბევრი იცოდა, ზედმეტად ჭკვიანი იყო და ზედმეტად ჩაუღრმავდა წუთისოფლის სიმყრალეს, ზედმეტად ბევრი გაიგო და ამ ცოდნამ შეიძლება ითქვას დაღუპა კიდეც.

არ ვიცი მომეწონა თუ არა… რაღაცნაირი წიგნია, ბევრ რამეში ვამტყუნებ ბევრშიც ვამართლებ. მისი ერთ–ერთი ნაკლი ალბათ ის იყო, რომ ზედმეტად ბევრი იცოდა.

რაც მთავარია, მან 1.ვერ ისწავლა ფულის “ყადრი” და 2.ისე მოკვდა, რომ ყველას აუსრულა დანაპირები.

შაგრენის ტყავი

ვერ გავიგე რატომ გახდა ეს წიგნი საქართველოში იმდენად პოპულარული, რომ 50–წიგნში პირველ ადგილზე გავიდა. მაგრამ ფაქტია ხალხს მოსწონს.

წიგნი ერთ უბედურ ადამიანზეა, რომელმაც თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ერთხელ ვერ შესძლო ყოფილიყო ბედნიერი. ბავშვობა ფაქტიურად მამამ გაუმწარა მუდმივი კონტროლით და მკაცრი დისწიპლინით. ახალგაზრდობის წლები “სხვენში” გაატარა, 3 წელი სრულ სიღარიბეში იცხოვრა მომავლის იმედით, თუმცა სიყვარულმა გაანადგურა. ფულზე ოცნებობდა და ოცნება აუხდა. მან “ხელშეკრულება” გააფორმა შაგრენის ტყავთან, რომლის თანახმადაც მისი სურვილები პირდაპირპროპორცილად აისახებოდა მისი სიცოცხლის განგძლივობაზე. ცხოვრების გემო იგრძნო და გამოთხოვება გაუჭირდა. ცხოვრობდა განდეგილივით. ყველაფერი ჰქონდა რაზეც ოცნებობდა:ფუფუნება, შეეძლო ნებისმიერ ქალთან ყოფილიყო, თუმცა ეს ყველაფერი მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. ლექსიკონიდან ამოიღო სიტყვები “მინდა”, “მსურს”. ამ ხნის განმავლობაში ერთხელ არ გამოუხატავს სურვილი ვინმეს დახმარებოდა, მისთვის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი გახდა…

წიგნის მორალი? ის რომ ბედნიერება არ იყიდება? და რომ ბედნიერება ფულში არაა? ის რომ ცხოვრება ყველაზე ძვირფასია? ის რომ ყველაზე მშვენიერი ქალი და სიყვარული შეიძლება დამღუპველი გახდეს?ის რომ ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას რაც გაქვს? მოკლედ, ისეთი უამრავი პატარა რაღაცის სწავლა შეიძლება წიგნიდან, რომლებიც  ცხოვრებაში გამოგადგებათ, რომ კითხვის დროს თავადვე იქნებით გაკვირვებულები.

ცოტა რთული წასაკითხია, მიჭირდა შევგუებოდი ავტორის ენას. ნაწარმოები დატვირთულია უამრავი აღწერით, ვერ ვხდებოდი რა საჭირო იყო, მაგრამ იმისათვის რომ თავიდან ბოლომდე გადაეშვა მეცხრამეტე საუკუნის საფრაგნეთში და გაიგო რას გრძნობდა რაფაელი სხვადასხვა გასაჭირის თუ ბედნიერების დროს სწორედ ამდენი აღწერაა საჭირო.

ერთადერთი რაზეც გული დამწყდა დასასრული იყო. ძალიან ბანალური და არაფრის მომცემი დასასრულით. რაღაც უფრო მეტს ველოდი, მაგიას ან რამეს.. არ ვიცი რას, მაგრამ თუ სიკვდილია სხვანაირი სიკვდილი მინდოდა.