Category Archives: biaff

BIAFF2014

biaff-ი (ბათუმის ფილმის ფესტივალი) არის ერთ-ერთი ძალიან კარგი რამ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება აგერ უკვე რამდენიმე წელია.
პირველად 2011 წელს ვიყავი და მის შემდეგ ყოველ წელს ჩავდივარ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წელსაც მოვახერხებ ბათუმში ყოფნას, აპოლოში ფილმების ნახვას და მათზე პოსტების წერას.

biaff2014

biaff 2014 წელსაც, ტრადიციულად, აგრძელებს ბლოგერების კონკურსს. ბლოგერების კონკურსისთვის აუცილებელია:

  • რეგისტრაცია – უნდა დარეგისტრირდეს წინასწარ როგორც კონკურსის მონაწილე.  რეგისტრაცია ხდება ძალიან მარტივად   სარეგისტრაციო ფორმის (http://goo.gl/cxAMX) შევსებით.  რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 25 აგვისტომდე. ცხადია კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში (14-21 სექტემბერი) ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება;
  • ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით);
  • კინოფესტივალამდე 1 ბლოგ პოსტის გაკეთება;
  • კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით.

ბლოგერების კონკურსში მონაწილე ბლოგერებს კინოფესტივალი სთავაზობს შემდეგს:

  • აკრედიტაციას რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას;
  • ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ  ფესტივალის ჟიური, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები;
  • ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელი გვარი ბლოგის მისამართი;
  • ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება;
  • ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი.

გამარჯვებული ბლოგერებისთვის დაწესებულია შემდეგი პრიზები:

  •  BIAFF პრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს  და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგლისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე;
  • სასტუმრო რჩეული ვილას ქსელის პრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის;
  • კინოფესტივალის პარტნიორი ტურ კომპანიის პრიზი –  3 ბლოგერს გადასცემს 2-3 დღიან სამოგზაურო ვაუჩერს (საქართველოს ფარგლებში).

სავარაუდოა, რომ ფესტივალამდე პრიზები დაემატება.

მაგრამ, ბიაფფ-ზე ყოფნა მხოლოდ პრიზებისთვის არ ღირს. საოცარი სიტუაცია, ბევრი კარგი და ხანდახან ცუდი ფილმები, კიდევ უფრო კარგი ხალხი და სექტემბრის ბათუმი!

დამატებითი ინფრომაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს ( http://www.biaff.org/ ),  ფეისბუქ გვერდს – https://www.facebook.com/BIAFFBATUMI და დაუკავშირდეთ ფესტივალის მენეჯერს –  ზვიადი ელიზიანი – ელ.ფოსტა: press@biaff.org, მობ: 574 482 181.

Advertisements

22 სექტემბერი, biaff 2013 გამარჯვებულები გამოვლინდა

9-ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა. გაზის სუნი სამზარეულოდან ისევ მძაფრად შემოდიოდა და ისევ მაღიზიანებდა. ვინც იმ ბინაში ცხოვრობდა ამბობდა შევეგუეთო, არადა წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ უნდა შეეგუო გაზის სუნს. ისევ წვიმდა. მესამე დღეა გადაუღებლად წვიმდა. ტყუილად მქონდა იმედი რომ შინ მშრალი დავბრუნდებოდი. ავტობუსის გაჩერებაზე ცუდად გავხდი. თვალები დამიბნელდა, ყურები დამიგუბდა, ხელები და ფეხები ამიკანკლადა, ცოტაც და დავეცემოდი. გაჩერებაზე სკამი იყო და იმ სკამზე გუბე. ან უნდა დავცემულიყავი ან გუბეში ჩავმჯდარიყავი. დასველება ვამჯობინე, ისედაც სველი ვიყავი.
სახლში ხალხი გავაღვიძე, მეგონა კარს დატოვებდნენ ღიას და ჩუმად შევიპარებოდი. ბარგი ჩავალაგე და მაზნიაშვილის ქუჩაზე, მეგობართან გავედი ცხელი, ბათუმური ყავის დასალევად.

აღარც დახურვა მინდოდა, აღარც ბათუმი და საერთოდაც, სახლიდან ცხვირის გაყოფა არ მინდოდა. პრინციპში, საღამოს 7 საათამდე არც გამიყვირა. მხოლოდ პრესპაკეფემდე და უკან.

ბიაფფის დახურვისთვის საგანგებოდ ვემზადებოდი, მაგრამ ამინდმა ყველაფერში ხელი შემიშალა. საზაფხულო კაბა მქონდა წამოღებული და ფეხსაცმელიც შესაფერისი. ზემოდან მოსაცმელი არაფერი. ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრე, შავ მაისურს, ბიაფის ლოგითი, ჩავიცვამ-მეთქი, მაგრამ ჰაგმა გადამაფიქრებინა. ჩემოდანში ჩაკუჭული კაბა ძლივს ვიპოვე, ფეხსაცმელებიც მოვძებნე და სარკესთან ნახევარი საათი ვიდექი და ჩემს თავს ვუყურებდი. ალბათ ფეხბურთის თამაშისას უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს ვიდრე კაბაში. ჰაგს ჯადოსნური ხელები აქვს. რამდენიმე წუთში ჩემს სახეზე საოცრებები ჩაიდინა, თან, ალბათ მეორე ან მესამე შემთხვევა იყო, როდესაც ჩემს თავზე მაკიაჟი მომწონდა.

ვინაიდან და რადგანაც გარეთ წვიმდა, ტაქსით წასვლა გადავწყვიტეთ. გამოვიძახეთ და 40 წუთი გვალოდინა. ბოლოს გვითხრა, 112-ში დარეკეთ და სხვას გამოუძახეთო. დავაგვიანეთ, ცოტათი. მაგრამ დაწყებას მივუსწარით. დაჯილდოება იწყებოდა.

საავტორო კინოს ბათუმის მერვე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა 15-22 სექტემბერს. ფესტივალის ორგანიზატორები ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“ და ქალაქ ბათუმის მერია იყვნენ.

Biaff 2013 გამარჯვებულები გამოვლინდა:

  • მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი:
    საუკეთესო მხატვრული ფილმი – „თოვლის მოსვლამდე”- ჰიშამ ზამანი. ნორვეგია, გერმანია, ერაყი. 2013 წ. 101 წთ.
    საუკეთესო რეჟისორი  პეტერ  ბროსენსი და ჯესიკა ვუდვორთი ფილმისთვის მეხუთე სეზონიბელგია/საფრანგეთი/ნიდერლანდები 2012
    საუკეთესო მსახიობი ქალი – მეჰთაბ ქერემეთი ფილმისთვის „მეოთხე შვილი“ვაჰიდ მუსაიანიირანი.2013
    საუკეთესო მსახიობი მამაკაცი  სერჟ ავადიკიანი  ფილმისთვის „ფარაჯანოვი“  სერჟ ავედიკიანი, ელენა ფეტისოვა.  უკრაინა/საფრანგეთი/საქართველო/სომხეთი 2013
    ჟიურის პრიზი  –  „შეავსე სიცარიელე“. რამა ბურნშტაინი, ისრაელი.2013წ 
  •  დოკუმენტური  ფილმების საერთაშორისო კონკურსი
    საუკეთესო დოკუმენტური ფილმი  „მკვლელობის აქტი“ ჯოშუა ოფენჰაიმერი. დანია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, 2012
    ჟიურის პრიზი  – „ხუთი გატეხილი კამერა“ ემად ბურნატი, გაი, დავიდი.  პალესტინა, საფრანგეთი, ისრაელი, ჰოლანდია. 2012 წ
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
    საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი  „მირუნა“. პიოტრ სულკოვსკი. პოლონეთი. 2012წ
    ჟიურის პრიზი – „აურზაური“ ჯონი ბერინგტონიდიდი ბრიტანეთი. 2013წ

ფესტივალი ქართული ჯგუფის “ქეთათო & Lullaby Queens ” კონცერტით დასრულდა.

ბათუმის საერთაშორისო ფილმის ფესტივალის დახურვა, 2013 წ.

ბათუმის საერთაშორისო ფილმის ფესტივალის დახურვა, 2013 წ.

ზუსტად 1 წელში ისევ ბათუმში, თუნდაც წვიამიანში, შემდეგი ბიაფფი გაიმართება.

I just want to be free

ძალიან ბევრი აქცია, მიტინგი, გამოსვლები და წივილ-კივილი მახსოვს საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან. მოთხოვნათა უმეტესობა იმით ბოლოვდებოდა რომ გადამდგარიყო იმ დროს სათავაში მყოფი პირი. თუმცა, რეალური შედეგი მხოლოდ ვარდების რევულუციამ გამოიღო. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი საიმისოდ რომ აქციებზე მევლო და რეალურად ჩავწვდენოდი საქმის არსს. ჩემთვის აქცია მხოლოდ გართობა იყო მეგობრებთან ერთად. რაც წამოვიზარდე და თვალყურს ვადევნებ აქციებს თითქოს უღიმღამოა. ძირითადად ვიღაცის მიერ მართული ბრბო მხვდება ხოლმე.

სტამბულში იმ დროს მომიწია ყოფნა როდესაც გეზი პარკის აქციები მიმდინარეობდა. საბედნიეროდ დარბევაში არ მოვყოლილვარ, თუმცა ერთ-ერთი აქციის მონაწილე შემთხვევით გავხდი. არ მესმოდა რას ყვიროდნენ, რას ამბობდნენ, მაგრამ ვიცოდი საქმის მთავარი არსი და ვხედავდი მათ ენთუზიაზმს, მონდომებას და იმას რომ ვიღაც მესამე ძალა არ მართავდა. ვხედავდი რომ ყველაფრის უკან ისევ ხალხი იდგა და არა ვიღაც გავლენიანი პირი, რომელსაც კონკრეტული გეგმები ჰქონდა აქციებთან დაკავშირებით. ვხედავდი და ვგრძნობდი რომ ათასობით მონაწილიდან თითოეული საკუთარი სურვილით, მთელი სულითა და გულით იყო გამოსული.

პირველად სწორედ მაშინ ვინატრე, რომ საქართველოშიც ყოფილიყო ფართომაშტაბიანი აქცია, გამოსულიყო ის ხალხი ვისაც ადარდებს რეალურად პრობლემები და არ ყოფილიყო ყველაფრის უკან კონკრეტული პირი, რომელსაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი პირადი გეგმები ექნებოდა. მინდოდა რომ მთელი ჩემი არსებით ვყოფილიყავი ჩართული აქციაში, მინდოდა რომ ის ადრენალინი მეგრძნო რაც სტამბულში, აქციის მონაწილეთა შორის ვიგრძენი.

მეორედ გუშინ, აპოლოში, სავარძელში მოკალათებულს გამიჩნდა მსგავსი სურვილი. ფილმი ვალესა, იმედის ადამიანი გადიოდა. ვალესაზე არასდროს არაფერი მსმენია და პირველად სწორედ რამდენიმე დღის წინ დავინტერესდი ვინ იყო. განსაკუთრებით იმიტომ რომ კინოთეატრში ხალხი ფეხზე იდგა და ისე უყურებდა. ქართულ ენაზე რაიმე ინფორმაციის მოპოვება ლეხ ვალესაზე რთული საქმეა. თუმცა, ის ძირითადი ნიუანსები მაინც გავიგე რაც უნდა მცოდნოდა სანამ ფილმზე შევიდოდი.

ლეხ ვალესა ელექტრიკოსი იყო, გდანსკის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა უბრალო მუშად. არ ჰქონდა არც-ერთი წიგნი წაკითხული. მან უბრალოდ იცოდა რა უნდოდა, როგორ უნდა მიეღწია ყველაფრისთვის და როგორ უნდა ესაუბრა ხალხთან. იცოდა რომ გაფიცვებთან ერთად მოლაპარაკებები უკეთესი გზაა შედეგის მისაღწევად, იცოდა რომ ბუნტით და ომით ზემოთ მყოფ ხალხს ვერ მოუგებდა. მას ადარდებდა პოლონეთში არსებული პრობლემები, უნდოდა მათი მოგვარება, სწორ და დაფიქრებულ ნაბიჯებს დგამდა და ამის გამო მიაღწია შედეგს. უფრო დეტალურად ლეხ ვალესაზე და მის ისტორიაზე წინა პოსტში დავწერე და აღარ განვმეორდები. გარდა იმისა, რომ ფილმი გენიალურად იყო გადაღებული, საუნდტრეკები ჰქონდა არაჩვეულებრივი. ზუსტად რომ უხდებოდა ფილმს და მის შინაარს.

გადასარევი კაცი იყო ლეხ ვალესა და არანაკლები მისი ცოლი. დარწმუნებული ვარ ქალების უმეტესობა ვერ აიტანდა ლეხ ვალესასნაირ კაცს, რომლისთვისაც ოჯახი მეორე ხარისხოვანია და დროს ქვეყანაში მიმდინარე პრობლემების მოგვარებას უთმობს.

ისე, ხანდახან მგონია, რომ ფილმით ასე ძალიან ვერ აღვფრთოვანდებოდი ლეხ ვალესაზე მინიმუმი მაინც რომ არ მცოდნოდა.

http://youtu.be/SlrjOAe1-mQ

კედლის მიღმა დარჩენილი ემოციები

მე მივხვდი, რომ არ შემიძლია იმ ფილმებზე წერა, რომლებიც ძალიან მომწონს.

შემიძლია მხოლოდ გითხრათ რომ “ნახე, მაგარი ფილმია”, ის რომ მაგარი საუნდრეკები აქვს, ის რომ ძალიან კარგად თამაშობენ მსახიობები, ის რომ გადასარევი რეჟისორი ჰყავს, ან სულაც ის რომ ერთი კონკრეტული კადრი იყო გადასარევი. შემიძლია მოგიყვეთ შინაარსი, შემიძლია გითხრათ რომელი მონაკვეთი მომწონს და რომელი არა. მაგრამ ვერასოდეს ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი, ან რას განვიცდიდი ფილმის ყურებისას, ვერ დაგისაბუთებთ თუ რატომ მომეწონა ან რატომ აღვფრთოვანდი ამა თუ იმ ფილმით.

გუშინ the wall  ვნახე, ერას მოედანზე, ღია ცის ქვეშ, გემრიალად მოკალათებულმა და ფილმის დასრულებისას ჩემი განსაკუთრებული აღფრთოვანება და ემოციები მხოლოდ “აუ ძალიან მაგარი იყო”-თი გამოვხატე. რა ვქნა, ვერასდროს დავწერ ფილმზე, რომელიც ძალიან მომწონს.

http://youtu.be/xpxd3pZAVHI

Biaff დღე I

ჩქაროსნული მატარებლის ბილეთს რომ ყიდულობ,  მინიმუმ იმის ილუზია მაინც გაქვს რომ დათქმულ დროს დათქმულ ადგილას ჩავა. მაგრამ, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როდესაც საქმე ჩემს მგზავრობას ეხება. მატარებელი 4-5 სადგურზე 15-15 წუთს ჩერდებოდა, რის შედეგადაც დათქმულ დროს 1 საათით გადააცილა და მახინჯაურში ძალიან დაღლილი ჩამოვედი. ამას ყველაფერს დაემატა, რომ ნაუშნიკები თბილისში დამრჩა, ყავის აპარატი არ მუშაობდა და ხმის გამცემი არავინ მყავდა.

საბედნიეროდ დღეს ყველაფერი რიგზე იყო, ბათუმში გავიღვიძე, ფანჯრიდან ზღვას ვუყურებდი და ვტკებოდი იმით რომ მთელი 1 კვირა აქ, ბიაფფზე მიწევს ყოფნა.

ბათუმის კინო ფესტივალი აგერ უკვე მერვე წელია ტარდება და მეოთხე წელია ბლოგერებს გვმასპინძლობს. აპოლოში შესვლისთანავე პროგრამას და კატალოგს დავეპატრონე, ამოვარჩიე ფილმები და საქმეს შევუდექი.

Biaff 2013-ის კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე – http://bit.ly/18sf7bQ

ფილმების განრიგი

ფილმების განრიგი

ბიაფფი ყოველ წელს უფრო და უფრო იხვეწება, უფრო და უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება. თუნდაც ის რად ღირს რომ ღია კინოჩვენებები დაემატა, ან ის რომ როგორც იქნა საზაფხულო თეატრი დასრულდა და კინოფესტივალის გახსნა და დახურვა სწორედ იქ მოხდება.

biaff 2013, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე

biaff 2013, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე

დღევანდელი ფილმებიდან ყველაზე მეტად შეავსე სიცარიელე მომეწონა (რამა ბურნშტაინი, ისრაელი, 2012 წელი).
ფილმი ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. ახალგაზრდა კაცს გარდაცვლება ცოლი და დარჩება ახალდაბადებული შვილი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს ბებიასთან (გარდაცვლილი ცოლის დედასთან) ატარებს. ბებია შეიტყობს რომ მისი სიძე ცოლის მოყვანაზე ფიქრობს, რასაც მოჰყვება ბავშვის ბელგიაში გადაცხოვრება. ამ ყველაფრით დათრგუნული და შეშფოთებული ბებია, გადაწყვეტს რომ სიძეს მისი უმცროსი ქალიშვილი მიათხოვოს. ფილმი სწორედ 18 წლის გოგოს განცდებზეა. მისი დიშვილი სად იქნება და ვისთან იცხოვრებს ფაქტობრივად მასზეა დამოკიდებული. ფილმის ბოლო თავად უნდა ნახოთ. მაგრამ, თქვენ რას იზამდით? დაქორწინდებოდით გარდაცვლილი დის ქმარზე და გაზრდით მის შვილს?

ფილმი რომ დამთავრდა ჩემს გვერდზე მჯდომმა ამისთვის გვაყურყუტეს აქო? მეორე გვერდზე მჯდომმა კი ცოტა გაწელილი იყოო. მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამონაკლისი აღმოჩნდა და ფილმი, რომელშიც არ არის არანაირი ექშენი, ჩემთვის საინტერესო იყო.

საღამოს დაგეგმილ ფილმზე უბრალოდ ვერ შევედი. ანჟეი ვაიდას (პოლონელი რეჟისორი) ბოლო ფილმი ლეხ ვალესას ეხება. ლეხ ვალესა კომუნისტური რეჟიმის წინააღდეგ მებრძოლი მუშა იყო. გაფიცვები 1980 წლის 14 აგვისტოს, პოლონეთში, ქალაქ გდანსკში დაიწყო. გაფიცვებს გდანსკის ნავსადგურის გათავისუფლბული მუშა, პროფესიით ელექტრიკოსი, ლეხ ვალესა ხელმძღვანელობდა. დაწყებიდან რამდენიმე დღეში საპროტესტო ტალღა გდანსკიდან მთელს პოლონეთში გავრცელდა. სექტემბრის დასაწყისში პოლონეთის მთავრობა დათმობაზე წავიდა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა მუშების საყოველთაო გაფიცვის გამო, გაჩერდა. კომუნისტურ მთავრობასა და გაფიცულ მუშებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. გდანსკის შეთანხმება იყო სოლიდარობის მოძრაობის პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება  და „ბოროტების იმპერიის“ პირველი წაგებული ბრძოლა. შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა პირველი დამოუკიდებელი ეროვნული პროფკავშირი, სოლიდარობა, ლეხ ვალესასა და მისი თანამოაზრეების მიერ. სულ რაღაც წელიწადნახევარში, მოძრაობას 10 მილიონი ადამიანი შეუერთდა. სოლიდარობა პოლიტიკური ფუნქციის მქონე ორგანიზაციად იქცა, რომელიც მშვიდობიანი გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების საშუალებით ცდილობდა კომუნისტური მთავრობის პოლიტიკისა და რეჟიმის მკაცრი პირობების შეცვლას. 1981 წლის დეკემბრიდან, მოსკოვის დირექტივითა და მხარდაჭერით, გენერალმა ვოიცეკ იარუზელსკიმ და მისმა მთავრობამ სოლიდარობა და მისი წევრები კანონგარეშედ გამოაცხადა, ათასობით ადამიანი და მათ შორის, მოძრაობის ლიდერი ლეხ ვალესა, დაიჭირა, ქვეყანაში ცენზურა დააწესა, ქუჩები სამხედროებით გაავსო და ძალისმიერად ჩაახშო სოლიდარობის ყველა საპროტესტო აქცია.  სოლიდარობის მეორე ისტორიული გამარჯვება იყო 1982 წელს ლეხ ვალესას პატიმრობიდან გათავისუფლება და 1983 წელს მისი დაჯილდოება ნობელის პრემიით, რომელიც ამ უბრალო გდანსკელმა ელექტრიკოსმა მშვიდობის დარგში დაიმსახურა. კომუნისტურმა მთავრობამ არ მისცა ვალესას ქვეყნის დატოვების უფლება პრემიის მისაღებად, მაგრამ თუ კი ის მაინც შეძლებდა პოლონეთის დატოვებას, ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა სამშობლოში. ამიტომ, ვალესამ უარი თქვა ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებაზე.

1989 წლის 6 თებერვლიდან 4 აპრილამდე გაიმართა მოლაპარაკებები მთავრობასა და სოლიდარობის ასი წევრისგან შემდგარ მოქალაქეთა კომიტეტს (Komitet Obywatelski) შორის, რომელიც „პოლონური მრგვალი მაგიდის“ სახელით არის ცნობილი. ამ მოვლენამ საბოლოოდ შეცვალა პოლონეთი. მოლაპარაკებების შედეგად, სოლიდარობა კვლავ კანონიერ ორგანიზაციად გამოცხადდა და უფლება მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, პოლონეთის სეიმში მას მხოლოდ ადგილების 35%-სთვის შეეძლო ებრძოლა, ხოლო სენატში კი ამგვარი შეზღუდვა არ არსებობდა. არჩევნებში სოლიდარობამ არნახულ წარმატებას მიაღწია: სეიმში ყველა შესაძლებელი ადგილი დაიკავა, ხოლო სენატში 100 მანდატიდან 99 მოიპოვა. მიუხედავად ასეთი მრავალრიცხვოვანი წარმომადგენლობისა, შეთანხმების მიხედვით, პრეზიდენტად კვლავ კომუნისტი ვოიცეკ იარუზელსკი აირჩიეს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი სოლიდარობის წარმომადგენელი ტადეუშ მაზოვიეცკი დაინიშნა. ის გახდა პირველი არაკომუნისტი პრემიერ-მინისტრი პოლონეთში 1945 წლის შემდეგ, ხოლო მთლიან აღმოსავლეთ ევროპაში – ბოლო 40 წლის მანძილზე.

სოლიდარობის წარმომადგენლობით დაკომპლექტდა პოლონეთის მთლიანი მთავრობა, სადაც ერთადერთი კომუნისტი თავად პრეზიდენტი იარუზელსკი დარჩა, რომელიც 1990 წელს არჩევნებში გამარჯვებით, ლეხ ვალესამ შეცვალა. ამით ლეხ ვალესა გახდა დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პირველი პრეზიდენტი პოლონეთში.

“რატომ გადავწყვიტე  ფილმის WAŁĘSA. CZŁOWIEK Z NADZIEI გადაღება ? არ მინდოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მოვიდა ჟამი, როდესაც უნდა შექმნილიყო  ფილმი რიგით მუშაკზე, რომელმაც შეცვალა ისტორიის მსვლელობა. საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ ააგეს ბერლინის კედელი. ის დაინგრა ჩემს თვალ წინ ლეხ ვალენსას წყალობით, ეს აბსოლუტურად მისი დამსახურებაა. „სოლიდარობის“ დაბადების შედეგად დაემხო კომუნისტური რეჟიმი, დაიშალა საბჭოთა კავშირი, ხოლო პოლონეთმა და საქართველომ მოიპოვეს ასე ნანატრი დამოუკიდებლობა.” – ამბობს რეჟისორი.

იდეაში საკმაოდ საინტერესო ფილმს, უბრალოდ ვერ დავესწარი. დარბაზი სავსე იყო, იმდენად რომ ხალხი ფეხზე იდგა. საბედნიეროდ აღნიშნულ ფილმს კიდევ გაამეორებენ და ვიმედოვნებ მაშინ მაინც შევძლებ ვნახო.

 

 

Biaff 2013 და ბლოგერების კონკურსი

ბათუმის კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და უკვე მერვე წელია რაც აქტიურად ტარდება. წელს ბიაფი 15-22 სექტემბრის პერიოდში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მეოთხე წელია ცხადდება კონკურსი ბლოგერებისთვის. ვინაიდან საკმაოდ ბევრი ბლოგერი მეკითხება ფესტივალის განმავლობაში არსებულ კონკურსზე გადავწყვიტე მოკლედ ჩამომეყალიბებინა პოსტში.

პირველად ბათუმის ფილმის ფესტივალზე 2011 წელს მოვხვდი. სიმართლე გითხრათ ჩემი განზრახვა მხოლოდ ზღვა და ბათუმის ქუჩებში ბოდიალი იყო. შედეგად კი ამოვყავი თავი ფესტივალზე სადაც ყველა ფუსფუსებდა, აპოლოდან რედისონში ან პრესკაფეში მასტერკლასებზე და სეანსებზე მიიჩქაროდა. მოკლედ, ამ ყველაფრით მონუსხულმა გადავწყვიტე 2012 წელს სრულად დავსწრებოდი ბათუმის ფილმის ფესტივალს და მონაწილეობა მიმეღო როგორც ფესტივალის გაშუქებაში, ისე ბლოგერების კონკურსში.

პირველად ბლოგერების კონკურსი 4 წლის წინ ჩატარდა და საკმაოდ ცოტა, მგონი სულ 5-6 ბლოგერი, მონაწილეობდა. შარშან, როდესაც პირადად დავესწარი როგორც ფესტივალის გახსნას, ისე მის დახურვას და აქტიურად ვიყავი ჩაბმული ამ ყველაფერში გაცილებით მეტმა ბლოგერმა მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის პირობები ასეთია:

1. უნდა გქონდეს აქტიური ბლოგი.
2. უნდა გაიაროთ რეგისტრაცია – http://goo.gl/cxAMX . რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 აგვისტოა (მე უკვე გავიარე და ვაპირებ დავესწრო მთელი კვირის განმავლობაში).
3. განათავსოთ ბლოგზე ფესტივალის ბანერი.
4. კონოფესტივალის დაწყებამდე დაწეროთ ერთი პოსტი, რომელიც ზოგადად შეეხება ბიაფფ-ს.
5. ფესტივალის განმავლობაში წეროთ იქ არსებულ სიტუაციაზე, მასტერკლასებზე და ფილმებზე.

შარშან, ჩემი ფილმების ნაკლებსიყვარულობის გამო, მეგონა ბოლო პუნქტის შესრულება გამიჭირდებოდა. მაგრამ, დამიჯერეთ, იქ ისეთი სიტუაციაა და ისეთი ფილმები თავად მოგინდებათ ფილმთან დაკავშირებული თითოეული ემოცია, ცუდი იქნება ეს თუ კარგი, გაუზიაროთ ხალხს.

  • რატომ არის კარგი ბიაფფ-ის კინოფესტივალში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა?

1. გექნებათ აკრედიტაცია, რაც საშუალებას მოგცემთ დაესწროთ ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას. თქვენთვის ადგილი დარბაზში ყოველთვის იქნება.
2. მოგეცემათ საშუალება დაესწროთ ყველა პრესკონფერენციას და მასტერ კლასს. თუ სურვილი გექნებათ ჩაწეროთ ფესტივალის ჟიური, სტუმრები, ორგანიზატორები და საერთოდაც, ყველა ვისაც ხელს დაადებთ ^_^
3.  გექნებათ ბეჯი საკუთარი სახელით და ბლოგის ლინკით. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბეჯები ძალიან მიყვარს :3
4. იმჰო, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია რომ საშუალება გექნებათ დაესწროთ ფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიალს. გასათვალისწინებელია რომ გახსნაზე და დახურვაზე სტუმრების დასწრება ხდება მოსაწვევებით.
5. გექნებათ მაისური ფესტივალის ლოგოთი. მაისური რომ მეცვა რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფესტივალის განმავლობაში ჩემთვის “დახურული კარი” არ არსებობდა და კინოთეატრ აპოლოში თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში ^_^

წელს იქნება განსაკუთრებით კარგი პრიზები, რადგან ბიაფფ-ს რამდენიმე კომპანია/დაწესებულებაც შეუერთდა და სურვილი გამოთქვა პარტნიორობის.

  • ე.ი პრიზებად გათვალისწინებულია:

1.   BIAFF პრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს  და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგლისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.
2.   კავკასიის მედია სკოლის პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  მოკლევადიანი კურსების უფასო სწავლების ვაუჩერი
3.   სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის
4.  კინოფესტივალის პარტნიორი ტურ კომპანიის პრიზი –  3 ბლოგერს გადასცემს 2-3 დღიან სამოგზაურო ვაუჩერს (საქართველოს ფარგლებში
5. ჰოსტელი „ანრის პრიზი (ბათუმი– საუკეთესო 4 ბლოგერს გადაეცემა 5 დღიანი საგზური ჰოსტელში დასვენებისთვის.

ვგონებ საკმარისი და ამომწურავი ინფორმაციაა საიმისოდ რომ 15-დან 22 სექტემბრამდე მოგინდეთ დაესწროთ ბათუმის ფილმის ფესტივალს, გააშუქოთ ის და მიიღოთ მონაწილეობა ბლოგერების კონკურსში.

ყველა ამ სიკეთეს ბონუსად სდევს ფესტივალის პერიოდში გატარებული თითოეული გათენებული ღამე ან სანაპიროზე ან სადმე სხვაგან, უძილობისგან დასიებული თვალები და ა.შ ^_^

თუ თვლით რომ საკმარისად ამომწურავი არ არის ეს ინფო შეგიძლიათ მკითხოთ რამე, ან მიმართოთ ბიაფფ-ის ოფიციალურ ფეიჯს – http://www.facebook.com/BIAFFBATUMI

ქათამი ქლიავით

1.

თავის მოკვლა გადაწყვიტეთ.
როგორ მოიქცეოდით? როგორ მოიკლავდით თავს? რადიკალურ მეთოდს მიმართავდით და მატარებელს ლიანდაგების ქვეშ ჩაუვარდებოდით? თუ, უფრო რომანტიკულ გზას გამონახავდით და კლდიდან გადაიჩეხებოდით? ან, იქნებ თქვენთვის მისაღები კლასიკური მეთოდი, იარაღით შუბლის გახვრეტა უმჯობესია? თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს ტკივილი აუცილებლად მოჰყვება. თუ უმტკივნეულოდ სიკვდილი გინდათ საწამლავი დალიეთ. ღირსეულ გზას ეძებთ თავის მოსაკლავად? იქნებ უბრალოდ ადგეთ და ლოგინში ჩაწვეთ. იფიქროთ უამრავი, წარსულზე და მომავალზე და ამ გზით გარდაიცვალოთ?

 

2.

ოჯახი.
ყველა ოჯახშია პრობლემები. დიდიც და პატარაც. ცოლთანაც, დედასთანაც, შვილებთანაც. ცოლს არ ესმის თქვენი სიყვარული მუსიკისადმი, ვერ ეგუება თქვენს უსაქმურობას. არაფრად მიაჩნია ვიოლინო და დასამტვრევადაც იმეტებს. შვილები ჯერ პატარები არიან და თქვენ მუდმივად გიწევთ მათ მომავალზე ფიქრი. წარმოიგიდგენიათ როგორ გაიზრდებიან, როგორი ადამიანები იქნებიან, რას იზამენ, რას მოიქმომედებენ. დედა ცოლს გირჩევთ, მერე რა რომ არ გიყვართ მისი არჩეული ქალი, გპირდებათ რომ წლებთან ერთად სიყვარულიც მოვა. მაგრამ ის არ მოდის და შესაძლოა თქვენი უბედურების მიზეზიც დედის მიერ არჩეული ქალი გახდეს.

 

3.

საყვარელი ნივთი.
რაიმე გაგიკერპებიათ? გყვარებიათ  ნივთი ისე, რომ მის გარეშე არ შეგეძლოთ სიცოცხლე? გიცდიათ მისი შეცვლა სხვა რამით და გამოგსვლიათ? გიგრძვნიათ თავი უბედურად იმის გამო, რომ საყვარელი ნივთი დაკარგეთ? ის ნივთი რომელშიც თქვენს დარდებს აქსოვდით?

 

4.

უბედურება.
უბედურების მიზეზი ერთია. იმ ერთს ემატება წვრილ-წვრილი შემთხვევები, ისტორიები და საბოლოოდ ადამიანი უბედურდება. მთავარი მიზეზის პოვნა არც თუ ისე რთულია. მთავარია წარსულს გადახედო. არა ახლოეს, არამედ ძალიან შორეულს და მიზეზის პოვნაც გამარტივდება.

ქათამი ქლიავით – იმ ფილმებში შედის რომელთა ნახვაც ბიაფფ-ის ფარგლებში ვერ შევძელი და თბილისში, კომპიუტერის პატარა ეკრანის წინ მომიწია მეყურებინა.