Tag Archives: ავტობუსი

რუმინეთი – დღე I და ბუქარესტი

საუკეთესო, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთო, მოგზაურობაა. შესაძლოა ყოველდღიურად ბევრ პატარ-პატარა რამეს ვიკლებ, მაგრამ სამომავლო მოგზაურობისთვის ფულის დაზოგვა ერთი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.

მარტო არასდროს მიმოგზაურია, მაგრამ მაგის სურვილი დიდად არც მაქვს. მიყვარს ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყნიდან ქვეყანაში და ქალაქიდან ქალაქში ბოდიალი, შთაბეჭდილებების და ემოციების იმ წუთას გაზიარება და არა მოგვიანებით, პირისპირ საუბრისას თუ FB პოსტის საშუალებით.

რუმინეთში ჩემი მოგზაურობა საშინლად დაიწყო. ყველაზე მეტად ვიზზეარზე ვნერვიულობდი (პირველად ვიფრინე) და ყველაზე ნაკლები პრობლემა სწორედ ამ ავიაკომპანიამ შექმნა – თავის დროზე გაფრინდა, ჩაფრინდა და გადასარევადაც ვიფრინე. ძალიან კომფორტულია პირდაპირი ფრენა.

ქუთაისამდე მისასვლელ ყველაზე კარგ ვარიანტად “ჯორჯიან ბასი” მეგულებოდა. ავტობუსის განრიგი რეისებსაა მორგებული და პირდაპირ აეროპორტში მიდის. ერთი შეხედვით ძალიან მიმზიდველად ჟღერდა, მაგრამ ავტობუსმა თბილისიდან გასვლა 25 წუთით დააგვიანა, ჩასვლა კი საათზე მეტით. ჩემი ფრენა 5 საათზე იყო, რეგისტრაცია, როგორც ხდება ხოლმე, 2 საათით ადრე, სამზე იწყებოდა. 14:45 იყო, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავით ქუთაისში შესულები. ავტობუსში საშინელი სუნი დადგა, რაღაც ნაწილი გაუფუჭდა და ბოლი აუვიდა. მძღოლმა ვერ გაარკვია რა ხდებოდა, ძრავს დიდხანს აკვირდებოდა, მერე ვიდეოქოლით დაურეკა ვიღაცას და იმანაც სასარგებლო ვერაფერი ურჩია. საბოლოოდ, დაახლოებით 45 წუთი, კონდიციონერის გარეშე, მოძრავი საუნით ვიმგზავრე. საბედნიეროდ რეგისტრაცია დროულად გავიარე და ფრენაც გადასარევი გამოდგა.

მეორე “თავგადასავალი” და ნერვიულობა რუმინეთში, საზღვარზე მელოდებოდა. მესაზღვრემ საბუთები დეტალურად შეამოწმა (არ მაქვს ამაზე პრობლემა, მისი უფლება და მოვალეობაა) და საბოლოოდ დაკითხვაზე გამიყვანეს. გამჩხრიკეს, უნებართვოდ გახსნეს ჩემი საფულე, ამოალაგეს ნივთები, გადათვალეს ფული და ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი მათთან თავი. არ ვიცი რა უნდოდათ, რატომ გადაწყვიტეს, რომ სანდო არ ვიყავი, მაგრამ საშინელი წუთები იყო. საბედნიეროდ, უსიამოვნო მომენტები ამით დასრულდა.

როდესაც ვამბობდი რუმინეთში მივდივარ-მეთქი, ალმაცერად მიყურებდნენ, ჩვენზე დაქცეულ ქვეყანაში რატომ მიდიხარო და მეც ცოტა შიშით ველოდებოდი. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რაც არ უნდა დამხვედროდა, მაინც მომეწონებოდა. საქართველოს გარეთ ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად, და ბევრი არც არაფერი მინდოდა პრინციპში.

ბუქარესტი

პირველივე ემოცია, რაც აეროპორტიდან გამოსვლისას დამეუფლა, ქვეყნის სიიაფე იყო. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივდივარ, ბეეევრად იაფია. ბუქარესტში კი ტაქსი გამოვიყენე, რაც 41 ლეი, დაახლოებით 9 ევრო დაჯდა.

წინასწარი განწყობით, ბუქარესტი არ უნდა მომწონებოდა, მაგრამ იმაზე კარგი გამოდგა, ვიდრე ველოდებოდი.

ტრიუმფალური თაღი, რევოლუციის მოედანი, საინტერესო ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, მუზეუმები, ეკლესიები და უზარმაზარი სკვერები, საინტერესო შენობები და ოლდ თაუნი – სასიამოვნო იყო ამ ქალაქის ქუჩებში ბოდიალი.

ბუქარესტის პარლამენტის შენობა ფართობით მეორე ადგილზეა პენტაგონის შემდეგ და 6000 ოთახისგან შედგება. იქვეა ტრიუმფალური თაღი, რომელიც 1920 წელს, პირველ მსოფლიო ომში მებრძოლი რუმინელი ჯარისკაცების საპატივცემულოდ, აიგო. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ღია ცის ქვეშ, 1936 წელს გახსნილი ეთნოგრაფიული მუზეუმია. მუზეუმი ბუქარესტის ყველაზე დიდი პარკში, Herastrau-ში მდებარეობს და იქ სეირნობისას ძველ, ტრადიციულ რუმინულ სახლებს, ხის ეკლესიებს და სხვადასხვა ინსტალაციებს შეხვდებით, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებიდან (მთლიანი ქვეყნის მასშტაბით) ერთად მოუყარეს თავი. მუზეუმში შესვლა ზრდასრულებისთვის 15 ლეი (დაახლოებით 3.5 ევრო) ღირს, სტუდენტებისთვის კი 4 ლეი, ერთი ევროც კი არ გამოდის. მუზეუმში ჩვენი ID ბარათი, რომელსაც წარწერა “სტუდენტი” აქვს ჭრის 🙂

ethnographic museum in Bucharest

ბუქარესტში ყოფნისას აუცილებლად უნდა გაისეირნოთ Victoriei ავენიუზე. ამ ქუჩაზე სეირნობისას სხვადასხვა ისტორიულ და საინტერესო შენობა-ნაგებობებთან ერთად, ბევრ მუზეუმსაც აღმოაჩენთ. აქვეა რევოლუციის მოედანი, სადაც სიტყვით ბოლოჯერ გამოვიდა რუმინეთის კომუნისტი მეთაური ნიკოლაი ჩაუშესკუ, სამი დღის შემდეგ კი, ის და მისი ცოლი მოკლეს. მოედანზე შეგიძლიათ იხილოთ სამეფო სასახლე და ხელოვნების მუზეუმი.

ოლდ თაუნი, რომლის შენობების ნაწილი 17-ე საუკუნით თარიღდება, დღისითაც საინტერესოა და ღამით მით უმეტეს. კლუბები, კაფეები, ბარები და რესტორნებია, სადაც გართობა, ადგილობრივი ლუდის დაგემოვნება და საღამოს სასიამოვნოდ გაყვანაა შესაძლებელი. გართობა და ლუდის დალევა ცენტრისგან ცოტა მოშორებით, “ფაბრიკაშიც” სასიამოვნოა, თუმცა, ამ უკანასკნელს ჩვენი “ფაბრიკა” ჯობია 🙂 აქვეა 1724 წელს აშენებული ისტორიული Stavropoleos monastery .

Tiny Planet – Old Town Bucharest

დღენახევრის შემდეგ მზიანი, ცხელი და ჩახუთული ბუქარესტიდან ბრაშოვისკენ დავიძარით და გზად, ქალაქ სინაიას მახლობლად არსებული “პელეშ სასახლე” მოვინახულეთ.

Peles Palace – Romania

მეცხრამეტე საუკუნის პელეშ სასახლის მშენებლობა 1873 წლის 22 აგვისტოს დაიწყო და 1914 წელს დასრულდა. ციხესიმაგრემ სახელწოდება იქვე მთებიდან გამომდინარე მდინარის მიხედვით მიიღო. სასახლე თავის დროზე მეფის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. 1947 წელს, კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ, სასახლის ნაციონალიზაცია მოხდა და ტურისტებისთვის დაიხურა. 1989 წელის რუმინეთის რევოლუციის შემდეგ კი ციხესიმაგრე კვლავ გაიხსნა ტურისტებისთვის.

 

ციხესიმაგრე წვიმიანი, ნისლიანი და ღრუბლიანი დაგხვდა, თუმცა, რაც მინახავს იმათ შორის, ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული სასახლეა და თუ ვინმე რუმინეთში მოხვდებით აუცილებლად ნახეთ. ბუქარესტიდან დაახლოებით 2 საათის სავალ გზაზეა.

Peles Palace – Romania

Advertisements

სტამბული part 1

1.

იმისათვის რომ მოხვდეთ სტამბულში არსებობს რამდენიმე გზა, მაგრამ მე ყველაზე ძვირიანს, თვითმფრინავს მივადექი. იმიტომ, რომ კომფორტულია და სწრაფი. პეგასუსით ვიფრინე, ბილეთები მაისის დასაწყისში შევიძინე 127 ევროდ. საკმაოდ იაფია ვგონებ. საერთოდ, რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთებს მით უკეთესი. ერთადერთი პრობლემა ის იყო რომ საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ფრინდება და ცოტა მოშორებითაა სტამბულის იმ ადგილიდან სადაც ჩვენ ვაპირებდით დაბინავებას. თუმცა, ეგ პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდა ავტობუსების დახმარებით. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე არის სადგომი, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით დადიან ავტობუსები და ასე 30 წუთში (საცობების შემთხვევაში 50-60წუთში) დანიშნულების ადგილზე, ჩვენ შემთხვევაში ტაქსიმზე, გაჩნდებით. თანაც, სულ რაღაც 13 ლირად.

2.

საცხოვრებელი ადგილის შერჩევა სტამბულში ერთ-ერთი რთული საქმეა. ჩვენ თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა რომ ჰოსტელში უნდა გვეცხოვრა, იმიტომ რომ იაფია. გადავქექეთ booking.com – ი და შედეგად ჩილაუთ ჰოსტელს მივაგენით. ჩილაუთი ისტიკლალ კადექსზე მდებარეობს, თითქმის ბოლოში, პატარა ჩიხში.  წყნარი, მშვიდი და სუფთა ჰოსტელია. ტაქსიმის მოედნამდე და შესაბამისად მეტროს სადგურამდე ასე 15 წუთის სავალზე. 6 სართულიანი ჰოსტელია, სულ 23 ოთახი და იდეაში საკმაოდ ბევრი ხალხიც ჰყავდათ. მაგრამ ეგეთი სიმშვიდე, ჰოსტელში რომ იყო არსად არ მინახავს სტამბულში. ოთახებში სივიწროვეა და მხოლოდ ლოგინის ადგილებია, მაგრამ მიუხედავად მაგისა არ ცხელოდა. რამდენიმე ფანჯარა იყო და ყველას გაღების შემთხვევაში თავისუფლად უბერავდა. wi-fi მხოლოდ პირველ სართულზე, მისაღებში იყო სადაც უამრავი როზეტია (აკა შტეფსელი) და კომპიუტერს/ტელეფონს დაჯდომის საფრთხე არ ემუქრება 🙂 სისუფთავე იყო ასევე ვანა-ტუალეტშიც, მართალია ორივეგან ძალიან სივიწროვე იყო და ძალიან ცხელოდა მაგრამ შესვლა არ დაგეზარებოდა. ბუქინგ ქომზე ჯავშანისას მომხმარებლის კომენტარებს დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მე ჯერ დავჯავშნე და წასვლამდე ორი-სამი დღით ადრე გადავხედე კომენტარებს და გული გამისკდა, საშინელ რაღაცებს წერდნენ ჩილაუთზე, ფანჯარა არ იღებაო, ლოგინები არაკომფორტულიაო, კედლები თხელიო და ა.შ და რეალურად მე იქ არანაირ პრობლემას არ წავწყდომივარ.

chillout hostel

chillout hostel

3.

მას შემდეგ რაც მგზავრობის ბილეთები ნაყიდი და ჰოსტელი დაჯავშნული დავიგულე გადავედი იმ მუზეუმების/ადგილების მოსაძებნად რაც კი უნდა მენახა სტამბულში. გავაკეთე პატარა ჩამონათვალი, რომელშიც შედიოდა: აია-სოფია, ლურჯი მეჩეთი, სულთანაჰმედი, ტოპკაპი, გალათა თაუერი, მინიატურკი, ტური ბოსფორზე, ბაზილიკა ცისტერნი და უმანკოების მუზეუმი. თითოეული მათგანი მოვძებნე რუკაზე, დავსქრინე და შევინახე ტელეფონში. გადმოვწერე ოფლაინ მეფი, სადაც სტამბულის ყველა ქუჩა იყო აღნიშნული. დაახლოებით ჩამოვყალიბდი რომელ დღეს რა უნდა მენახა და რა მანძილი უნდა მევლო. შევადგინე გეგმა და გავწერე ყველაფერი. თუმცა, საბოლოო ჯამში გეგმის მიხედვით არ წასულა ყველაფერი. ცოტა რთულია სწორხაზოვნად მიჰყვე გეგმას. განსაკუთრებით მაშინ თუ არ გაქვს გათვალისწინებული ის რომ მთელი დღე უნდა იარო. და მთელ დღეში მართლა მთელი დღე იგულისხმება.

4.

ტრანსპორტი სტამბულში ის შემთხვევაა, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიადგე. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, სამაგიეროდ კომფორტული. მოკლედ, სტამბულში დადის ავტობუსი, მინი ავტობუსი (მარშრუტკა), ტრამვაი და მეტრო. მეტრო არის მიწის ზემოთ და ჩემთვის ძალიან უცნაური იყო და მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ტროლეობუსს ვეძახდი : ) როგორია შეეგუო იმ ფაქტს რომ შეიძლება მეტრომ 10 სანტიმეტრის რადიოსში ჩაგიაროს. მეტროში კონდიციონერი იყო და საკმაოდ გრილოდა. + ადაპტირებული იყო შმმ პირებისთვის და ძალიან მომეწონა. სტამბულში მეტროს რამდენიმე ხაზია და თუ რომელიმედან რომელიმეში გადაჯდომა გინდა დამატებით კიდევ უნდა გადაიხადო. ერთი მგზავრობა 3 ლირა ღირს. აი, ჩვენთან ვაგზალზე გადაჯდომისას რო კიდევ იხდიდე მგზავრობის საფასურს ეგ მომენტია. უბრალოდ, მეტროში და ზოგადად ტრანსპორტში ფულის ხარჯვას სჯობს ფეხით სიარული.

მეტრო

მეტრო

უკეთესი მარიანტი ავტობუსია, რომელიც 2 ლირა ღირს. გალათას ხიდთან ავტობუსების სადგომს მივაგენით და საღამოობით მკვდრები იქიდან მოვყვებოდით. უფრო სწორად, 2-ჯერ გამოვყევით. მართალია ავტობუსი ტაქსიმის მოედნიდან ცოტა შორს აჩერებს და უშუალოდ ტაქსიმზე არ მიდის, მაგრამ მაინც კარგი ტრანსპორტია, იმიტომ რომ შედარებით იაფი გიჯდება.  რაც შეეხება მინი ატობუსს – ფასი რამდენადაც მახსოვს 3 ლირა იყო, სამაგიეროდ ავტობუსზე სწრაფია. ძალიან მოცუცქნულია, 9 კაციანი, თან კონდიციონერიც არ არის და მაგით სარგებლობას ისევ ავტობუსი სჯობს. ტრამვაის საკმაოდ პატარა ხაზები აქვს. მე ერთადერთი ვნახე, ტაქსიმის მოედნიდან ისტიკლალის ბოლოში. პატარა, წითელი, ღია, კუსკუსა ტრამვაია. შემიყვარდა, ოღონდ შორიდან. მომწონდა როცა ვუყურებდი. ტრამვაიც 3 ლირა ღირს და ვფიქრობ ძალიან ღორობაა ერთი ქუჩის გავლაში რომ 3 ლარს იხდი. ამიტომ, ისევ შორით ტრფობა და სიყვარული სჯობს იქ ასვლას.

ტრამვაი

ტრამვაი

არსებობს კიდევ ეგეთი რამ, ტაქსი, რომელსაც არაფრის დიდებით არ უნდა გაეკაროთ თუ ძალიან სასწრაფო და გადაუდებელი არ გჭირდებათ.

5.

სტამბულში ჭამა ძვირი სიამოვნებაა. არის ადგილები სადაც იაფად შეჭამთ, და არის ადგილები სადაც საკმაოდ სოლიდურ თანხას დატოვებთ. მაგრამ, ყოველთვის გექნებათ გარანტია რომ თქვენი შეკვეთილი საჭმელი გემრიელია. თუმცა, ძალიან წარმატებულად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბურგერ კინგით. რომელიც იაფია და პლიუს მისი ჭამის შემდეგ ნამდვილად აღარ იტყვით რომ ისევ გშიათ. აგრეთვე, იაფია სენდვიჩები. ისტიკლალზე იყო ეგეთი ზავიძენია patatos სადაც აკეთებდნენ ქათმის უგემრიელეს სენდვიჩს და სულ რაღაც 3.5 ლირა ღირდა. კვებასთან დაკავშირებით დიდად კომპეტენტური ვერ ვარ, იმიტომ რომ ძირითადად ფასთ ფუდებზე გადავიარეთ 🙂

6.

დანარჩენს შემდეგ პოსტში გავაგრძელებ ^_^

ეტლით უნივერსიტეტში

სამშაბათი ყველაზე ნაკლებად მიყვარდა წინა სემესტრში. ჩემი სამშაბათი ორშაბათობდა და დილით ადრე მიწევდა ადგომა. თანაც, ისეთი ლექცია იყო ვერ გამეგო რას ვსწავლობდი, ან რატომ. პირველი რამდენიმე ლექცია კიბეებზე გავატარეთ ფაქტობრივად, მაღლდა – დაბლა დავდიოდით და ვეძებდით ისეთ აუდიტორიას სადაც პრეზენტაციას გაუშვებდა. იდეაში რომელი აუდიტორიაც გვეკუთვნოდა ის დაკავებული დაგხვდა.

ერთ-ერთი ასეთი სამშაბათი იყო, 9-ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა. 15 წუთში ლოგინიდან წამოვიზლაზნე, აბაზანაში გატარებული 15 წუთის შედეგად გამოვფხიზლდი, ჩავიცვი და 10-ის 15 წუთზე უკვე გაჩერებაზე ვიდექი და გატენილ 21 ან 51 ნომერ ავტობუსს ველოდებოდი.

ზუსტად 10-საათზე უნივერსიტეტის კიბეებს მივადექი და აუდიტორიისკენ წავედი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა რომ მომლოდინე ბავშვებს შორის ეტლით მოსარგებლე ადამიანი შევამჩნიე. გავოცდი, ვერ მივხვდი საიდან მოვიდა. მაგრამ მერე გამახსენდა, თსუ-ს მეორე კორპუსს, კიბეების ერთ ნაწილს აქვს ე.წ პანდუსები. თუმცა, იმ პანდუსებზე ფეხით მოსიარულე ძლივს ივლის და წარმოდგენა არ მინდა როგორ უჭირს ეტლით მოსარგებლეს იმ “პანდუსებით” სარგებლობა. პანდუსები დამაგრებულია პირდაპირ კიბეებზე, შესაბამისად არის ძალიან დახრილი და რთული ასასვლელი, ამასთანავე პანდუსები დამაგრებულია არა მოაჯირის, არამედ კედლის მხარეს და არანაირი სხვა დამხმარე საშუალება რომ ეტლიანმა ადამიანმა შესძლოს ამოსვლა. საბოლოო ჯამში, მგონი ეს პანდუსები სულაც არაა გათვლილი ეტლით მოასიარულე სტუდენტისთვის.

როგორც გავარკვიე აღნიშნული სტუდენტი ლექციებზე მამას დაჰყავს. რადგანაც შეუძლებელია სხვანაირად იმ პანდუსებით სარგებლობა. თანაც, ეს პანდუსები დამაგრებულია არა იმ კიბეებზე, რომლითაც სტუდენტების 90% სარგებლობს, არამედ მეორე, უკანა კიბეებზე. ნუ კარგი, მეორე კორპუსში მამას დაჰყავს, მაგრამ ძალიან შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ მაღლივის ბიბლიოთეკაში, სადაც გამოცდებს ვაბარებთ, არ არის საერთოდ რაიმე მოპანდუსო ელემენტიც კი. შესაბამისად, მამას უწევს სთხოვს ბიჭებს რომ მისი შვილი ხელში აყვანილი აიყვანონ კიბეებზე. ძალიან, ძალიან ცუდ და არასახარბიელო სიტუაციაშია მამაც და შვილიც. წარმოიდგინეთ, მამა ფაქტობრივად შვილის ცხოვრებით ცხოვრობს, დილიდან საღამომდე უწევს შვილის აუდიტორიიდან აუდიტორიაში ტარება და დანარჩენი დროის უსაქმურობაში გაყვანა.

შევეცადე თავი ეტლით მოსარგებლეს ადგილას დამეყენებინა და ჩემი თავი ძალიან შემეცოდა. წარმოვიდგინე,რომ მუდმივად ვიღაცის ხელით სატარებელი ვარ, იმიტომ რომ უნივერსიტეტებში არ არსებობს ის პირობები, რომ ეტლიანმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნობს. ერთი-ორი მახსენდება ეგეთი, თუმცა, იქ სწავლის გადასახადი იმხელაა რომ ალბათ ვერ გავწვდებოდი. კარგი, რამენაირად მოვხვდი უნივერსიტეტში და ვიღაც ყოველთვის მადგას თავზე რომ მატაროს აუდიტორიიდან აუდიტორიაში, მერე? აუდიტორიაში შესვლისას უკვე პრობლემა წარმომექმნებოდა, ზღრუბლზე გადასვლისას უნდა მეწვალა. მერე ბავშვებისთვის მეთხოვა რომ მერხისთვის სკამი მოეშორებინათ რომ მე ჩემი ეტლით მივგორებულიყავი. თუმცა, თსუ-ში, და მგონი უმეტეს უნივერსიტეტებში, ისეთი მერხებია რომლებსაც თავისი სკამი მოჰყვება და საკმაოდ გრძელია, ე.ი სკამს ვერ მოაცილებდნენ მერხს და მე მერხთან ვერ დავჯდებოდი. მომიწევდა რომ აუდიტორიის მიღმა ვყოფილიყავი, სადღაც მერხებს შორის გაჩხერილი, ან მერხების წინ და მოწყვეტილი სემინარს თუ ლექციას. უნდა ვჯდარიყავი იქ სადაც ყველას ყურადღებას მივიქცევდი და ნებით თუ უნებლიეთ ყველას თვალი ჩემსკენ იქნებოდა.

ის ბავშვი ერთადერთია, რომელიც თსუ-ში შევამჩნიე. პრინციპში ეგეც მიკვირს. არ არის არანაირი პირობა იმისთვის რომ ეტლით მოსარგებლემ მიიღოს სრულყოფილი განათლება და ამაში ხელი არ შეეშალოს. აუდიტორიამდე რომ ვერ მიაღწევ დამოუკიდებლად, შემოვლითი გზებით და ვიღაცების დახმარებით რომ გიწევს აუდიტორიიდან აუდიტორიაში წასვლა, ტუალეტიც კიარაა ინვალიდებისთვუს, ეს ყველაფერი ვგონებ არც ისე სახარბიელოა. თანაც ამ ყველაფერს ბონუსად მოსდევს სტუდენტების, ლექტორების, დეკანატის სევდით აღსავსე თვალები, რომლებიც გამოხატავენ: “რა უბედური ხარ შე საწყალოს”.

რამდენიმე კვირის წინ პროექტ “education is your right”-ს ფარგლებში დისკუსია გაიმართა, რომელიც ეხებოდა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და დისკრიმინაციის პრობლემებს საქართველოში. დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ESN Tbilisi ISU – მ (erasmus student network) ფონდ “ღია საზოგადოების” დაფინანსებით ბოლო 5 თვის მანძილზე ჩაატარა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კვლევის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენდა:  უცხოელი სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები. კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე და თავად დარწმუნდეთ რომ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს საკმაოდ ბევრი პრობლემა ექმნებათ მაშინ, როდესაც ცდილობენ მიიღონ სრულყოფილი განათლება.

ავტობუსში ქცევის “კოდექსი”

მოდი ერთად შევიმუშაოთ ავტობუსში ქცევის “კოდექსი”.
იმიტომ ავტობუსში, რომ ამ უკანასკნელით მიწევს მგზავრობა და უფრო კარგად ვერკვევი :p

1. როდესაც ადიხართ ავტობუსში აუცილებელია აიღოთ მგზავრობის ბილეთი, ეს თქვენი მოვალეობა და ვალდებულებაა. შეიძლება არ იცით, მაგრამ, როდესაც ფეხს ადგამთ ავტობუსში ამით თქვენ დებთ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ვალდებულები ხართ გადაიხადოთ საფასური ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მიყვანისთვის. ამიტომ, როდესაც დაგაჯარიმებენ ნუ ასტეხთ ისტერიკას.
* რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად: ავტობუსში ისეთი ჭყლეტვა იყო, რომ ფიზიკურად ვერ მოახერხეთ ჩანთაში ხელის ჩაყოფა და პლასტიკური ბარათის, ან ხურდის, გადაწოდება.
2. როდესაც ავტობუსში ამოდის კონტროლიორი თქვენი მოვალეობაა წარუდგინოთ მას ბილეთი, ხოლო მისი მოვალეობაა მოგთხოვოთ იგი. ნუ მიგაჩნიათ სწორად ის ფაქტი, რომ კონტროლიორი მოვალეა თქვენს მაგივრად აიღოს ბილეთი. თუმცა, ხშირად ხდება ხოლმე, რომ მთელი ავტობუსის გასაგონად ყვირიან “გადმოაწოდეთ ბარათები, მე აგიღებთ ბილეთს”. მიიღეთ ეს დახმარებად და ბილეთის მოწოდების შემდეგ ბოღმით აღსავსე თვალებით შეხედვის ნაცვლად გადაუხადეთ მადლობა.
3. ავტობუსში ამოსული კონტროლიორის ლანძღვა-გინება და სამსახურეობრივი მოვალეობისთვის ხელის შეშლა უნდა ისჯებოდეს რამით!
4. ავტობუსში უნდა იკრძალებოდეს ჭამა, მათ შორის შოკოლადისაც. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზოგს ძალიან უყვარს შოკოლადი და მის სუნზე შესაძლოა ვინმეს შოკოლადის მეპატრონის მოკვლა მოუნდეს, იმიტომ რომ მას არ აქვს შოკოლადი ^_^
5. სასტიკად(!) უნდა აიკრძალოს ატობუსში მზესუმზირის ჭამა. მართალია მგზავრები ცდილობენ დამალონ ის ფაქტი, რომ ისინი მიირთმევენ მზესუმზირას, მაგრამ, მინიმუმ გვერდზე მჯდომი მაინც ამჩნევს რომ თქვენ ილუკმებით და ნაგავს ყრით ძირს!
6. ამოსული მგზავრები ადგილს არ უნდა იკავებდნენ კარებთან, თანაც ისე რომ სხვა ამომსვლებს გაუჭირდეთ ავტობუსში მოხვედრა.
7. მგზავრები მუსიკას უნდა უსმენდნენ “ნაუშნიკებში”.
8.

მოკლედ, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, იმედია თქვენ გექნებათ რამე ჩასამატებელი. მოხუცებზე და თავზე დადგომებზე საუბარი იზ თუუ მეინსთრიმ 😛

დღეს, როდესაც ავტობუსით ვმგზავრობდი და ჩემს გვერდზე მჯდომი თან “სემიჩკას” აკნატუნებდა, თან ნაგავს ძირს ყრიდა, თან კონტროლიორს ლანძღავდა იმის გამო, რომ ბილეთი სთხოვა, მომინდა რომ ყოფილიყო რამე კანონი, რომელიც ამ ქალს რამეს დაუშავებდა -_-

აი, ის

აი, ის ბავშვები, მანქანებს (მსუბუქი, სატვირთო, ავტობუსი, მარშუტკა) ქვებს რომ ესვრიან. ამინდის შესაბამისად – თოვლის გუნდებს.
აი, ის ლექტორები, დასწრებას რომ მაგიდაზე მუშტის რტყმით ითხოვენ და თვითონ სემინარებს აცდენენ, მეორე კვირაა. თანაც არ გაფრთხილებენ.
აი, ის ხალხი, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება, რომ უნდათ და მგზავრობის ფულის გადახდა არა.
აი, ის მგზავრები, რომლებიც ვერ იტანენ კონტროლიორებს.
აი, ის ხალხი, ავტობუსში რომ ამოდიან და სიცივე შემოაქვთ.
აი, ის ორგანიზაციები/კომპანიები, რომელთათვისაც მთავარი facebook like-ებია.
აი, ის ადამიანები, რომლებიც ნაგავს ძირს ყრიან მიუხედავად იმისა რომ ურნა გვერდზე დგას.
აი, ის მეზობლები, რომლებიც ნაგავს აივნიდან ყრიან.
აი, ის უბანი, სადაც მუდმივად ფეიერვერკია. ამ წუთშიც.
ის ხალხი, ვინც ყველაფერს აპროტესტებს მხოლოდ იმიტომ რომ პროტესტი ევასება.
ტუტუცი მშობლების ტუტუცი ბავშვებიც.
აი, ის ფილმი, კომედია რომაა იდეაში და საბოლოოდ ვერ გაიგებ რა აღმოჩნდა.
უთავმოყვარეო ხალხი.
ლაზღანდარებიც.
უპასუხიმგებლოებიც.
არაპუნქტუალურებიც.
გამხდარი გოგოები, რომლებიც მუდმივად მსუქნები არიან მაინც.
მაივიდეო, სადაც ისევ ცესკოს რეკლამაა, ისევ უზარმაზარ ხმაზე.
აი, ის ხალხი, ვისაც უნდა რომ facebook-ს ფერი შეუცვალოს -_-

დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ.

ავტობუსის უსინდისო მძღოლები

ავტობუსები გაიფიცნენ რამდენიმე დღის წინ და მე ისევ გაცოფებული ვარ.

ე.ი ავტობუსის მძღოლები მუშაობენ თვეში 12 დღეს. მათი შემოსავალი შეადგენს 800-900 ლარს.  სამუშაო საათები – 6-დან 23-24 საათამდე. ხელფასი არის იმდენი, რამდენიც უნდა ჰქონდეთ.

ვიცი რომ საშინელ პირობებში არიან, რომ 14 საათი სკამზე ჯდომა და ალაგ-ალაგ ტერფების მოძრაობა არის საშინელება. ამას დაუმატეთ, მუდმივად შეწუხებული მგზავრის ბუზღუნი, რომელიც ყველა პრობლემაზე მძღოლს ლანძღავს. მაშინაც, როცა კონტროლიური აჯარიმებს და მაშინაც, როცა ავტობუსში იმაზე მეტი ხალხია ვიდრე გათვალისწინებულია. მძღოლი ილანძღება არაადამიანობისთვის, მაშინ როდესაც გაჩერებიდან-გაჩერებამდე შუა გზაში არ უღებს კარებს არავის. გასაგებია რომ სტრესულ სიტუაციაში არიან.

მაგრამ,
ისინი ავტობუსებს მართავენ საშინლად. ზოლიდან-ზოლში ყოველგვარი “პავაროდნიკის” გარეშე გადაადგილდებიან. არ იყურებიან სარკეში როდესაც მგზავრი ჩადის ან ამოდის და ძალიან ბევრჯერ გავხმდარვარ იმის მოწმე, თუ როგორ მოიყოლა ავტობუსის კარებმა ჩამავალი ან ამავალი მგზავრი. ასეთი მძღოლი, საერთოდ გასაგდებია სამსახურიდან. მაგრამ სანაცვლოდ 12 დღეში 800 ლარი აქვს. კარგი, დავაბრალოთ ყველაფერი ნერვებს, რომლებიც 14 საათიანმა სამუშაო გრაფიკმა გააუარესა.

მე ძალიან მარტივი და უბრალო კითხვა გამიჩნდა, სად გინახავთ დასაქმებული ადამიანი, რომელსაც 12 დღეში 800 ლარი აქვს? ხომ არიან პირები, რომლებიც 24 საათი მუშაობენ იმიტომ რომ 500 ლარი აიღონ? 500-იც კარგ შემთხვევაში, თორემ ისე უფრო ნაკლები აქვთ. დავიჯერო 6-დან 11 საათამდე უფრო ადვილია მუშაობა, ვიდრე ღამის 11-დან დილის 10-მდე?  ან თუნდაც მიმტანები, რომლებიც 10-დან ბოლო კლიენტამდე დღეში 10 ლარად მუშაობენ, დავიჯერო იმაზე ნაკლებად იღლებიან, ვიდრე მჯდომარე და საჭის მტრიალებელი მძღოლები?

კარგი, დავუშვათ ისინი ყველაზე მძიმე პირობებში არიან და მათზე უარეს დღეში აღარავინ აღარ არის, ხომ შეიძლება რომ მოითხოვო ადეკვატური რამ და არ გაღორდე? ხომ შეიძლება მხოლოდ პირობების გაუმჯობესება მოითხოვო და დღეში ერთი კაცის ნაცვლად ორმა რომ იმუშაოს? ან მხოლოდ ხელფასის 50%-ით გაზრდა და პირობები იგივე დარჩეს? შეიძლება ადამიანი ასე გაღორდე და შენი სიღორის და უსინდისობის გამო ამდენ ათას მგზავრს შეუზღუდო გადაადგილების უფლება? ქალაქში სიარული კატასტროფაა. მიკრო ავტობუსები სავსეა და ფანჯარაზე აჭყლეტილიც კი ვერ იმგზავრებ იმიტომ რომ ადგილი არ არის ფიზიკურად, განსაკუთრებით დილით და საღამოთი. მეტროთი ვიმგზავროთ? ვინც ახლოს არ ცხოვრობს ან მუშაობს მეტროსთან იმან რა ქნას? ფეხით იაროს? და იმისთვის რომ ვიღაც-ვიღაცებს იმაზე მეტი მოუნდათ ვიდრე იმსახურებენ 2 საათით ადრე გაიღვიძონ?!

უსინდისოები არიან.

მათი მოთხოვნები, რომ იყოს აკედვატური ვიდგებოდი მათ გვერდზე.

ერთი დღე

რადგანაც არ/აღარ/ვეღარ ვიცი რაზე ვწერო და ვიმსჯელო გადავწყიტე თავიდან ბოლომდე დავწერო ჩემი ერთი დღე. თუნდაც დღევანდელი, ორშაბათი.

როგორც წესი კვირა საღამოს ფეისბუქზე ერთი ამბავი ტყდება არიქა ორშაბათი და მძიმე კვირა იწყებაო. ჩემთვის კვირა სამშაბათ დღეს იწყება, იმ მარტივი მიზეზით რომ ლექცია-სემინარებისგან ორშაბათს ვისვენებ. და ვინაიდან არც ვმუშაობ ამიტომ შემიძლია ორშაბათ დღეს მეძინოს იქამდე სადამდეც მინდა და გამოვიყენო დღე ისე, როგორც მინდა. დღეს ფრიად სასიამოვნო შეტყობინებამ გამაღვიძა:

ფრიად სასიამოვნო სმს

სანამ “მესიჯი” მოვიდოდა ეკლებზე ვიჯექი. ათასი წვეტიანი აზრი მიტრიალებდა თავში და იმ ვარიანტსაც ვუშვებდი რომ არ ჩამიბარებია და მომელანდა-მეთქი. შეტყობინების შემდეგ რა თქმა ჯერ სრულიად ფეისბუქს ვახარე ჩემი ამბავი და ქავთარაძისკენ გავწიე. გზაში გამახსენდა რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დამრჩა, მოვბრუნდი, ავიღე და აღმოჩნდა რომ სინამდვილეში პირადობა სულაც არ მჭირდება და სახელი და გვარის თქმის შემდეგაც უპრობლემოდ მაძლევენ მართვის მოწმობას.

მართვის მოწმობა

იქიდან გამოსული ფრენა-ფრენით და გაზაფხულზე ხეებიდან მცვენარა ბუნდღლების წყევლით anna-სთან ავედი. მხოლოდ მართვის მოწმობის ჩანთაში ჩადების შემდეგ დავიჯერე რომ ვსო! მართლა ჩავაბარე!

მართალია ორშაბათია და წესით უნივერსიტეტში არაფერი მესაქმება მაგრამ, როდესაც შენთვის კვირა სამშაბათს იწყება და შაბათ-კვირა უსაქმურობის მეტს არაფერს აკეთებ, იძულებული ხდები ორშაბათ დღეს დედაუნის ეწვიო და სამეცადინო მასალა გადააქსეროქსო მაინც, პრინციპით – რა იცი რაში დაგჭირდეს.

დრაკულასთან ერთსაათიანი ვოიაჟის შემდეგ სახლს მივაშურე იმ მოტივით, რომ სამეცადინო-მაქვს მეთქი. რეალურად კი, ფეისბუქზე ბოლთის ცემის გარდა არაფერი გამიკეთებია. სამაგიეროდ, როდესაც ავტობუსში ადგილია და დაჯდომა ძალგიძს, იმ 30-40 წუთში საკმაოდ ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება.

მეცადინეობის დასრულებას ცოტა ხანში ვაპირებ, აი მაშინ, ფეისბუქი რომ მომბეზრდება და ძილი მომერევა. თუმცა, სხვა გზა არც მაქვს.

პ.ს ვერ გადამიწყვეტია ზოგადად ალერგია დავწყევლო თუ ის ბუნდღლები ხეებიდან რომ ცვივა?