Tag Archives: ბაზარი

სურსათი ბაზარში

ბოლო ორი თვეა მე და ჩემს და-ძმას მარტო გვიწევს ცხოვრება. შესაბამისად, ის ყოველდღიური პრობლემები როგორებიცაა სახლის დალაგება, ჩემი ძმის მოვლა-პატრონობა/გაკონტროლება, და რაც მთავარია საკვებზე ზრუნვა ჩემი და ჩემი დის კისერზე გადადის. ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია კორპუსის ქვეშ მაღაზიაში ჩასვლა და იმ მინიმუმის ყიდვა რაც გჭირდება, თუმცა, მე და ჩემმა დამ ვამჯობინეთ ბაზარში წავსულიყავით და ელემენტარული რაღაცები იქ გვეყიდა გაცილებით იაფად. რადგანაც, მოგეხსენებათ მაღაზიებში და “მინი სუპერმარკეტებში” (მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს მაღაზია მინიც და სუპერ-მარკეტიც) ფასები საკმაოდ ძვირი და არახელწამოსაკრავია. გარდა ამისა, რთულია მოიძიო ყველაფერი მხოლოდ ერთ მაღაზიაში, აუცილებლად დაგჭირდება მაღაზიიდან მაღაზიაში სირბილი და ყველაფრის შეგროვება რაც გჭირდება.

  მოკლედ, კვირა დღეს, როდესაც ორივეს გვეცალა, ავიღეთ ჩემი მშობლების მიერ დატოვებული ფული და გავეშურეთ ბაზარში. სხვათაშორის საკმაოდ რთული და შრომატევადია ბაზარში ბოდიალი და კარგი და არაჭიანი და არაგაფუჭებული პროდუქტის ყიდვა. მუდმივად უნდა ადევნო თვალი ცელოფანში რაიმე გაფუჭებული არ ჩააყოლონ “შემთხვევით”, ან ახალი მწვანილის მაგივრად დამჭკნარი მწვანილი არ შეაყოლონ. გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია ისიც რომ გამყიდველები მოხერხებულად იტყუებიან წონაშიც. სწორედ ამ პრობლემის გამო მომხმარებელი საკუთარი სასწორით დადის, არავის სიამოვნებს როდესაც ატყუებენ და ფულს პარავენ, ხო, ჩემი აზრით სწორედ რომ ფულის მოპარვაა.

საკმაოდ დატვირთულები წამოვედით შინ, მაგრამ, მაღაზიასთან შედარებით საკმაოდ იაფი დაგვიჯდა ყველაფრი. მინიმუმ 10 ლარი მაინც დავზოგეთ. მაგალითად, თუკი კარტოფილი ბაზარში 1კგ ღირს 1 ლარი, მაღაზიაში 1,5 ლარი ღირს, მწვანე ლობიო ბაზარში – 1,5ლ, მაღაზიაში 2,5 ლარი, პომიდორი – 1 ლარი, მაღაზიაში – 1,5 ლარი. მოკლედ, ეს ის ფასებია რომლებიც დამამახსოვრდა. და ჰო, მაღაზიაში ნაყიდი მწვანილი და ბაზარში ნაყიდი მწვანილი შევადარე, ორივე “კონა” 20 თეთრის იყო, მაგრამ ბაზარში ნაყიდი მოცულობით ბევრად აღემატებოდა.

ბაზარში რომ ვიყავით და ფასის გაგებისას შემთვევით  წამოგვცდებოდა “უი ეს რა ძვირია”, (მაგალითად ბალი 1 კგ 5 ლარი) მაშინვე იწყებდნენ წუწუნს და იმის ახსნა განმარტებას რომ ამ ფასად ამაზე კარგს ვერსად ნახავ და თვითონ თეთრები რჩებად და ამ თეთრების გამო მთელი წელი საშინლად იტანჯებიან და ცდილობენ მოიყვანონ და მოუარონ სურსათს.  საკმოდ შრომატევადია ნებისმიერი პროდუქტის მოყვანა და მოვლა-პატრონობა. იქ, მიწის დამუშავება, აქ დათესვა, გამარგვლა (მგონი ყველაფერს არ სჭირდება), მორწყვა, შეწამვლა (თუ სჭირდება), ყურადღების მიქცევა, მოსავლის აღება და დაფასოება საკმაოდ მაღალ ფასთანაა დაკავშირებული და მომხმარებლის საშუალებით ცდილობენ დახარჯული თანხის ამოღებას და + მოგების ნახვას. განსაკუთრებით წლევანდელ მოსავალზე წუწუნებენ, წვიმა იყო ბევრი და ყველაფერი გაგვიფუჭაო და ამის გამო იყო რომ ერთი პერიოდი მწვანილს სასწაული ფასი ედო.

თითქოს კეთდება რაღაცები იმისათვის რომ სოფელში ცხოვრება გაიოლდეს და გლეხობას მოსავლის მოყვანა სასიცოცხლო ფასად არ დაუჯდეს, მაგრამ რეალურად, მთელი ტვირთი სწორედ გლეხზე გადადის. ესეც რომ არ იყოს სოფლები დაიცალა, ხალხი თბილისისკენ მოდის იმ იმედით რომ “ქალაქში რაღაც იქნება”, მაგრამ აქაც იმედგაცრუებულები რჩებიან და დაბნეულებმა აღარ იციან რა ქნან. ის მცირე ნაწილი რომელიც სოფელში დარჩა, ძირითადად საკუთარ თავზე ზრუნავს და მოსავალიც საკუთარი ოჯახისთვის მოჰყავს, ამის გამო ბაზარზე პროდუქტი უფრო ცოტა და უფრო მაღალ ფასად შემოდის. მაგალითისთვის, დეიდაჩემი და მისი ოჯახი აქვე ახლოს, კასპის რაიონში ცხოვრობს. დიდი ბაღი აქვთ, ამუშავებენ, რწყავენ და მძიმე შრომას დებენ, თუმცა მხოლოდ თავისთვის, რადგანაც ის რასაც აკეთებენ, ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

კიდევ ერთი ფაქტორი რის გამოც ბაზარზე მაღალი ფასია, მე ვფიქრობ რომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი სურსათია. მიუხედავად იმისა რომ აქაური, ქართული, ნატურალური და ალაგ-ალაგ ჭიანი სურსათი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე საზღვარგარეთიდან შემოტანილი არაჩვეულებრი შესახედაობის პროდუქცია მოსახლეობა უპირატესობას სწორედ ამ უკანასკნელს ანიჭებს. რადგანაც, მიაჩნიათ რომ კარგ კარტოფილის (მაგალითისთვის) არაფერი არ უნდა ეტყობოდეს და ოდნავ ჭიანიც არ უნდა იყოს. მოსახლეობის არჩევნი პირდაპირპროპორციულად აისახება ბაზრის გაყიდვებზე. ბაზარში სურსათი არ იყიდება, გაუყიდავი პროდუქტი მალე გაფუჭდება, შესაბამისად იმ მინიმუმს რაც იყიდება ყიდიან ძვირად.  გარდა ამისა, სურსათზე მაღალი ფასი კიდევ იმითაა განპირობებული რომ გლეხს უწევს იმ დახლის საფასურის გადახდა, სადაც პროდუქტს ყიდიან. ყოველშემთხვევაში ჩვენ ასე გვითხრეს და შეიძლება მოგვატყუეს კიდეც.

ბაზარზე სურსათის ნაკლებობაა, რაც ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ გლეხს არ აქვს საშუალება და საკმაო ფინანსები იმისთვის რომ პროდუქტი მოიყვანოს. პროდუქტის მოყვანას კარგი გარემო სჭირდება, ამინდის ხშირი ცვლილება და ბევრი წვიმა კი სურსათისთვის სავალალო შედეგების მომტანია. ეს სავალალო შედეგები კი ისევ ფასზე აისახება. რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ: 1. იყოს ბევრი პროდუქტი; 2. იყოს დაბალი ფასი? პასუხი ალბათ მარტივია, გლეხს უნდა მიეცეს საშუალება იცხოვროს სოფელში მშვიდად და არ უნდა ისწრაფვოდეს თბილისისკენ. ქალაქში ქალაქელებიც უსამსახუროდ არიან და მიწაზე მომუშავე კაცს მითუმეტეს გაუჭირდება თბილისში ცხოვრება და სამსახურის მოძებნა. თანაც მოგეხსენებათ როგორი ცხვირაწეულები ვართ ქართველები და როგორ კაი კაი თანამდებობები გვინდა მიუხედავად იმისა შევეფერებით იმ თანამდებობას თუ არა.

აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც რომ სურსათი და ნებისმიერი საჭირო პროდუქცია რუსთავში გაცილებით იაფი ღირს ვიდრე თბილისში. რამ განაპირობა ეს ყოველივე მაგის თქმა კი ნამდვილად მიჭირს. რატომ უნდა ღირდეს 1 კილოგრამი რაღაც 30-40 თეთრით იაფი? მოგეხსენებათ როდესაც ბევრი რაღაცის ყიდვა გსურს იმ 30-40 თეთრსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

მოკლედ, ბაზარში ვოიაჟი მშვიდობიანად დასრულდა, ვიყიდეთ სურსათი იმაზე იაფად ვიდრე მაღაზიაში ვიყიდდით 15 წუთში და ოჯახს დავანაყრებთდით.

p.s  არის ესეთი კომპანია ოქსფამი, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია რეაგირებს სურსათის კრიზისებზე და მოუწოდებს მთავრობებს შეიმუშაონ უფრო სამართლიანი და სურსათით უზრუნველყოფის მდგრადი სისტემა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების გაზრდით, მსოფლიო ბუნებრივი რესურსების სათანადო გამოყენებით და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ოქსფამს საქართველოში დიდი წინსვლა ექნება და როგორმე დაბალანსდება ბაზარზე არსებული სურსათის უკმარისობით გამოწვეული მაღალი ფასები.

უაზრო მოლაპარაკება ანუ თეუსუს თსუ–ს უერთებენ #3

ფეიქბუქზე აქტიური მოწოდებები და “ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ თეუსუელებო” კვლავ გრძელდება. დღეს თეუსუს რექტორი და თვითმართველობის წევრები მოსალაპარაკებლად ბრძანდებოდნენ ბატონ დიმიტრი შაშკინთან. უკან დაბრუნებულებმა სააქტო დარბაზში მოგვიწოდეს და გვითხრეს რომ თეუსუს თსუ–სთან შეერთების საკითხი გადაწყვეტილიაო.

სიტყვით გამოვიდა ბატონი რექტორიც და სიმართლე გითხრათ მისი საუბრიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შევძელი,რომ უნივერსიტეტების გაუქმება და სხვა უნივერსიტეტებთან შეერთება ერთადერთი გზა არის ევროპული სტანდარტებისკენ(?!).

2010–2011 სასწავლო წელს ჩვენი უნივერსიტეტი (თეუსუ) გააგრძელებს ჩვეულ მუშაობას, ჩვეულ რეჟიმში, ჩვეული ლექტორებით, მხოლოდ თსუ–ს ლოგოს ქვეშ. მეოთხე კურსდამთავრებულები მიიღებენ თსუ–ს დიპლომს.თუმცა ჩემთვის გაურკვეველია, სტუდენტს,რომელმაც გაიარა აბსულუტურად სხვა საგნები და სხვა პროგრამა როგორ უნდა გადაეცეს სხვა უნივერსიტეტის (თუნდაც თსუ–ს) დიპლომი. ასევე წარმოუდგენელია ჩემთვის ერთი უნივერსიტეტის ქვეშ არსებული ორი განსხვავებული ტიპის იურიდიული ფაკულტეტის არსებობა.

როგორც ზევით ავღნიშნე, ბატონ დიმიტრთან ბრძანდებოდნენ ბ.ნ რექტორი და თვითმართველობის წევრები. ერთ–ერთი მათგანი იყო აქტიური სტუდენტი თამარ შერმადინი, რომელმაც ფეისბუქის საშუალებით დაახლოებით გაგვაცნო ის საკითხები,რომლებიც განიხილეს და რომლებზეც შეთანხმდნენ:

“დღეს დილით 10სთ-ზე(ჩემთვისაც მოულოდნელად) თვითმმართველობის პრეზიდენტი მისაბიშვილი, რექტორი და მე(თამარ შერმადინი-რიგითი სტუდენტი) შევხვდით ბატონ შაშკინს და კვიტაშვილს(თსუ-ს რექტორი). ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის კითხვები, რომელიც ასე აქტუალურია.
1.ოპტიმიზაციის მოტივი-განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, თეუსუ გადაყვანა თსუ-ს ქოლგის ქვეშ რათა თსუ-ს ბიუჯეტიდან ჩვენც გამოგვიყონ თანხა
2. პირადად მინისტრმა მოგვცა სიტყვიერი გარანტია რომ ეს სასწავლო წელი ყოველგვარი ცვლილების(შენობა, ლექტორი, შეფასების სისტემა) გარეშე დამთავრდება. ხოლო მომავალი წლისათვის თეუსუსა და თსუ-ს სპეციალური კომიტეტები იმუშავებენ.
3. ფაკულტეტები რომელიც არ აქვთ-აუცილებლად შენარჩუნდება”

ამ ყველაფრის მოხსენებას სააქტო დარბაზში აპირებდნენ. ჯერ არსებულმა “ბაზარმა” შეუშალა ხელი, შემდეგ ქვევიდან დარეკეს და ჯერ გვთხოვეს შემდეგ მოგვთხოვეს, თუ შეიძლება დატოვეთ მეოთხე სართული, შესაძლოა ჩაინგრესო (?!). უკაცრავად და, თუ ასეთი საფრთხე არსებობს, რა თავებს ვიკლავთ ამ შენობის შესანარჩუნებლად?

საბოლოოდ გამოვიდა,რომ აქციის საფუძველი აღარ არსებობდა, რადგან აღარ იყვნენ ინფორმაციულ ვაკუუმში და დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ რაც უკვე იცოდნენ. ანუ ისევ გაურკვევლობაში ვართ. გარკვეული მხოლოდ ეს ერთი წელია. რა გველის სექტემბრიდან არავინ იცის.

მიუხედავად თითქოს უკვე გარკვეული ყველა უცნობი ფაქტისა, მაინც ვრცელდება შემდეგნაირი ჭორები: “გვაბოლებენ,ჩვენ მაღლივში გადავყავართ”, “თსუ–ს პირველი და მეორე კორპუსებიც გაყიდულია და ისინიც მაღლივში მიდიან”, (მაგრამ ამ მაღლივში რამდენი უნდა დავეტიოთ ვერ ვხვდები), “გაერთიანდება ფაკულტეტები და სწავლას გავარძელებთ ისე,როგორც რიგითი თსუ–ელები”… მოკლედ,როგორც ჩანს ისევ ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ და საითკენაც ქარი წაგვიღებს იქითკენ მივექანებით  “ვითარცა ლერწმის რტო”.

ბატონ დიმიტრი შაშკინს ისე  გამოუვიდა, თითქოს  “სახელმწიფო უნივერსიტეტია და რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ვუზამოო”.

თეუსუს აქცია ანუ თეუსუს ჯავახიშვილს უერთებენ #2

როგორც წინა პოსტში აღვნიშნე ჩვენს უნივერსიტეტს გარკვეული საფრთხე ემუქრება. ამასთან დაკავშირებით თეუსუს ეზოში გაიმართა აქცია, მოთხოვნით: “არ გვინდა თსუ”, “ჩვენ გვიყვარს თეუსუ”, ეზოში დაიარებოდა ლოყადაყატული ხალხი, რომლებსაც ეწერათ “I♥‌TEUSU”. მე მესმის მათი და ვუერთდები მათ პროტესტს მხოლოდ იმ საკითხში რომ გადაგვიარეს.

მაგრამ მსგავსი აყალმაყალით და ყვირილით ნამდვილად არამგონია რამეს მივაღწიოთ. მარტივ მაგალითს მოვიყვან: გრეჩიხა და რამოდენიმე ასეული ადამიანი თითქმის 40–დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ ხელისუფლებას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. შედეგი ყველამ მშვენივრად ვიცით. უნივერსიტეტი და მისი შიდა სამზარეულოც თითქმის სახელმწიფოა და სახელმწიფო თავის პოლიტიკას ატარებს.ისევე როგორც სახელმწიფო არ ითვალისწინებს ხალხის აზრს (მაგ: ავტობუსების გაუქმება/შეცვლა), ისევე უნივერსიტეტის ხელისუფლება არ ითვალისწინებს სტუდენტების აზრს (არ შეერთებასთან დაკავშირებით), ანუ მსგავსი გამოსვლებით და წივილ–კივილით შედეგი არ გვექნება უზაააარმაზარი.

თვითმართველობამ გადაწყვიტა ეს ბრბო (მაპატიეთ, მაგრამ თითოეული თქვენთაგანი ბრბოს ნაწილს წააგავდა) სააქტო დარბაზში “შეეყარა” და იქ წყნარად, ყვირილის გარეშე გადაეწყვიტათ ყველაფრი. გადასაწყვეტი თითქოს არაფერია, მაგრამ:  ა) ჩამოსაყალიბებელია რას და რატომ ვითხოვთ; ბ) ჩამოსაყალიბებელია როგორ ვაპირებთ მიზნის მიღწევას; გ) ასარჩევია ჯგუფი რომელიც უხელმძღვანელებს გარკვეული საკითხების მოგვარებას (მაგ: მოლაპარაკებებს); დ) გასაკეთებელი კიდევ ბევრია…

თუმცა,  ჯერ ხომ გამიშვი გამატარე იყო შესვლაზე, შემდეგ დამშვიდდით დაწყნარდის ძახილი… როგორც იქნა ასე თუ ისე ჩაწყნარდნენ და დაიწყო თვითმმართველობის ერთ–ერთმა წევრმა და განგვიმარტა,რომ აქ იმისთვის შევიკრიბეთ რომ ჩამოვწეროთ რას ვითხოვთ და რას ველოდებით, ოღონდ ყაყანის გარეშეო… ბოლო სიტყვები თქვა და უკვე ბაზარი შეიქმნა. ამ ხალხს მოსმენის და საუბრის კულტურა არ გააჩნია. მოდი და ნუ დაუძახებ ბრბოს. ყველა თავისთვის უბერავდა, ყველა თავის გულისნადებს აპროტესტებდა, ზოგი მასხარაობისთვის და გასართობად იყო მოსული….

მოკლედ, ავდექი და წამოვედი. იქ გამჩერებელი ნამდვილად არ ვიყავი, მითუმეტეს ვიცოდი,რომ ვერანაირ გადაწყვეტილებას ბრბო ვერ მიიღებდა. მართალიც ავღმოჩნდი, ხვალაც ანალოგიურს აპირებენ, ოღონდ ამჯერად როგორც გავიგე თვითმმართველობის პრეზიდენტი, შოთა მისაბიშვილი პასუხისმგებლობას იღებს ორგანიზება გაუწიოს ალექსანდრე კვიტაშვილთან და განათლების სამინისტროს წარმომადგენლობასთან შეხვედრას. ხვალ (04.11.10) თეუსუს სტუდენტების სახელით ჯგუფის დელეგატები კითხვებს და წინადადებებს ჩამოაყალიბებენ, ხოლო ზეგ(05.11.10) იქნება ოფიციალური შეხვედრა სტუმრებთან, გაირკვევა თეუსუს საბოლოო ბედი.

მე მაინც წარმატებებს გისურვებთ, მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მინდა თსუ–ში.

ცხოვრება ძვირად ფასობს

გუშინ დილას დედიკოს წავყევი ბაზარში.თითქმის არაფერი გქვონდა საყიდელი = )) უბრალოდ სახლში საჭმელი გამოილია და მარაგის შესავსებად 9-საათზე ადგომა დამჭირდა = (( პირველად ვიყავი ბაზარში.

ნუ იქ რა სიტუაცია და რა ხალხია ალბათ იცით. მაგრამ ეხლა ხალხზე კი არა იმაზე ვწერ თუ რა ძვირია ცხოვრება. სულ 80ლარი დავხარჩეთ და რამდენიმე პარკი ვიყიდეთ. ხელის საპნები,კბილის პასტა რამდენიმე,ბამბა, ლობიო და ბადრიჯანი 2-2 კგ, კარტოფილი-3კგ, მარწყვი და ბალი 1-1კგ. ხო კიდე ძველი კარტოფილი-4კგ.აქვე კორპუსთან 2-პური და 2 წვენიც ვიყიდეთ. მოკლედ ბევრი არაფერი მაგრამ როგორც დედაჩემი იტყოდა 80-ლარი გაფრინდა. და რა ქნას ოჯახმა რომელსაც არ აქვს იმის საშუალება რომ 3-5 დღის საჭმელში 80-ლარი გადაიხადოს? ფაქტიურად ნახევრად სავსე კუჭით უნდა ეძინოს. თან ამას ისიც ემატება, რომ ”ძვირფასი” გამყიდველები წონაშიც იტყუებიან. ნეხავრ კილოს მაინც ისე მოგატყუებენ რომ ვითომც არაფერი მომხდარა. დავიჯერო სინდისი არ აწუხებთ? ისედაც ესე ძვირი ღირს ყველაფერი და კიდევ ხალხს რომ პარავენ. მერე მთავრობაზე იწყებენ ჯუჯღუნს ისინი გვპარავენოოო…

ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ ჩემი აღშფოთების გადმოცემა მინდოდა. ცხოვრება ძვირად ფასობს და თუ არ გინდა რომ შიმშილით მოკვდე წელებზე ფეხი უნდა დაიდგა ან კიდევ ვიღაცას ”აწაპნო” როგორ ეს გამყიდველები იქცევიან.