Tag Archives: ზღვა

ზღაპრული მოგზაურობა მალტაზე

ვიზალიბერალიზაციის გამოცხადება და ბილეთების ყიდვა ერთი იყო. ბევრი ვეძებე ბევრ საიტზე, სხვადასხვა მარშრუტები ვათვალიერე და საბოლოო ჯამში ცოტათი იაფს და ბევრი დროის კარგვას, ცოტა ძვირი და თბილისიდან რეისი ვამჯობინე.

29 აპრილს გამთენიისას თურქიშ ეარლაინის თვითმფრინავში ვიჯექი და მალტისკენ მივფრინავდი. თბილისი-მალტა-თბილისი 370$ დამიჯდა.

მას შემდეგ რაც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა დაიწყო საქართველოს მოქალაქეებს გვჭირდება:
1. ბიომეტრიული პასპორტი
2. უკან დასაბრუნებელი ბილეთი
3. სასტუმროს ჯავშანი. თუ მეგობართან რჩებით მისი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და დამადასტურებელი საბუთის ასლი, რომ თქვენი მეგობარი ლეგალურად იმყოფება დანიშნულების ადგილას
4. სამოგზაურო დაზღვევა
5. ფული – დაახლოებით დღეზე 50 ევრო. შესაძლებელია გქონდეთ ნაღდი ფული, ან ანგარიშზე. ალბათ, თქვენივე კეთილდღეობისთვის, თუ თანხა ანგარიშზე გექნებათ, სჯობს თან ნაშთის შესახებ ამონაწერიც იქონიოთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთი მქონდა, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი. თუ თქვენც ჩემსავით უმიზეზო (ან სულაც მიზეზიანი) პანიკა გექნებათ ჩართული შეგიძლიათ ალდაგის ტურის დაზღვევით ისარგებლოთ. სხვა თუ არაფერი, ის მაინც გეცოდინებათ რომ თანხა (მთლიანად ან ნაწილი, გააჩნია თქვენ როგორ გადაწყვეტთ) დაგიბრუნდებათ.

მალტაზე შაბათს, 30 აპრილს, დაახლოებით 10 საათისთვის ჩავფრინდი. მესაზღვრემ დიდხანს ათვალიერა ჩემი პასპორტი, ბოლოს მკითხა რამდენი ხნით და სად ვაპირებდი დარჩენას. ამომწურავი პასუხის შემდეგ ბედნიერი დასვენება მისურვა და ქვეყანაშიც შემიშვა.

მზიანი, ზღვიანი და ძალიან ლამაზი ქვეყანაა მალტა. ვისთვის როგორ, მაგრამ მგონია რომ წყლის და ზღვის მოყვარულისთვის ნამდვილი სამოთხეა. სადაც არ უნდა იყოთ ყველგან იპოვით პატარა წერტილს საიდანაც უდიდესი და ულურჯესი ზღვა გამოჩნდება. წყლის სისუფთავე მთელი 1 კვირის განმავლობაში მაოცებდა. ვერ შევეჩვიე რომ ზღვა შეიძლება ძალიან ღრმა იყოს და მაინც ვხედავდე ფსკერს.

cristal lagoon

გადაადგილება მალტაში მარტივია. მითუმეტეს შეგიძლიათ აეროპორტშივე (უფასო WIFI-ს წყალობით ) გადმოტვირთოთ ტალინია აპი, სადაც დეტალურად არის ავტობუსების განრიგი, გაჩერებები და ა.შ და რაც მთავარია აპლიკაცია სანდოა და ძალიან გამოგადგებათ.  ავტობუსით ერთი მგზავრობა 1,5 ევრო ღირს (ზაფხულის სეზონზე 2 ევრო) ბილეთი ვალიდური 2 საათია, მძღოლთან ყიდულობთ და შეგიძლიათ სხვა ნებისმიერ ავტობუსში ისარგებლოთ. თუმცა, ჩემი აზრით, ტურისტებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტალინია ქარდია. 1 კვირიანი ბარათი 21 ევრო ღირს და 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ულიმიტოთ ისარგებლოთ ავტობუსის მომსახურებით.
საინტერესო ფაქტი – გაჩერებაზე ავტობუსს ხელი უნდა დაუქნიოთ და ისე გააჩეროთ. თუ არავინ დაუქნევს ხელს, ავტობუსი არ გაჩერდება. ანალოგიურად მგზავრობის დროს – ავტობუსიდან ჩამოსვლა თუ მოგინდათ STOP-ს უნდა დააჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობუსი არ გაჩერდება. ავტობუსი იმ შემთხვევაშიც არ გაჩერდება თუ ტრანსპორტში ბევრი ხალხია.

ყველაზე მეტად რაც მაოცებდა ქალაქების სიპატარავეა. მესმის რომ თავადაც ცუცქნა ქვეყანაა, მაგრამ შეიძლება ჩვენი ერთი უბანი მალტის რამდენიმე ქალაქსაც კი იტევდეს. მეორე რასაც ვერ შევეჩვიე საპირისპირო მოძრაობაა. ხშირად ვიბნეოდი და ვერ ვხვდებოდი სად უნდა დავლოდებოდი ავტობუსს, ან ქუჩაზე გადასვლისას რომელ მხარეს უნდა გამეხედა.

ბევრი ქალაქი ვნახე, თემოს წყალობით ბევრი ისეთი ადგილიც ვნახე სადაც ალბათ ცოტა ტურისტი ხვდება, ბევრიც ვიბოდიალე, საშინელი კედების წყალობით 7 დღიდან 6 დღე ფეხები მტიოდა და ხანდახან კოჭლობით და ხანდახან საერთოდაც ვერ დავდიოდი, მაგრამ ემოციებით სავსე და აღფრთოვანებული დავბრუნდი თბილისში. გულწრფელად ვიტყვი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მალტამ.

18198979_1288211221228692_1005320169232430601_nვგიჟდებოდი დიდ გალავნიან ქალაქებზე, დიდი თაღით რომ შედიოდი, ცუცქნა ქუჩებზე, ლამაზ და ფერად აივნებზე. ქალაქ მდინაში და ქალაქ ბირგუში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მუზეუმში დავდიოდი. ვერ ვუშვებდი იმ ფაქტს რომ ასეთ ჯადოსნურ ადგილას ხალხს შეიძლებოდა ეცხოვრა. მსგავსი ქუჩები ბევრი იყო დედაქალაქში, ვალეტაშიც. მაგრამ ვალეტაში სიცოცხლე იგრძნობა, იქ ხალხი სულ მიდი-მოდის, შოპინგია შესაძლებელი, კაფე-ბარებია, შედარებით ფართო ქუჩებიც მოიძებნება და ხმაურია.  მდინაში და ბირგუში კი სიჩუმე, სიწყნარე და ნეტარებაა. ქუჩების კუნჭულებიდან ლურჯი ზღვა რომ გიყურებს და დღეს გილამაზებს ეგეთი ქვეყანაა მალტა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კუნძული კომინო, სადაც ბლუ და კრისტალ ლაგუნებია. კუნძულზე მოხვედრა სულ რაღაც 10 ევროდ არის შესაძლებელი და სანაცვლოდ ზღაპრულ გარემოს იღებთ. ალბათ, ჩვენს ონკანებში არ მოდის ისეთი გამჭვირვალე წყალი, როგორიც იქ დამხვდა. დღის ბოლოს ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს ვუყურებდი და ვერ მჯეროდა რომ ის სილამაზე მე(!) ვნახე და იმ სილამაზეში მე(!) ვცურავდი, წყლის ქვეშ ფოტოების გადაღებასაც ვცდილობდი და ვნებივრობდი. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი თავის მშურს, ხოდა, დღესაც მშურს რომ ესეთ ადგილას მოვხვდი.
აქვე – თბილისშიც შესაძლებელია ტელეფონისთვის წყლის სპეციალური “აღჭურვილობის” ყიდვა. პარკს ჰგავს, მაგრამ გამძლე და სანდოა და ფოტოებს ხარისხსაც არ უფუჭებს.

18222658_1286225761427238_1890081183283827605_n

მალტაზე პაჩევილი აქვთ – ბარებით, კლუბებით, სტრიპტიზ ბარებით და ა.შ. პაჩევილში გართობა, დალევა და მხიარულება შეიძლება. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა ცოტა უფრო დიდი მოლოდინი მქონდა, მაგრამ თუ გული გულობს გართობა ყველგან შეიძლება.
აქვე სათქმელი – იქაური ლუდი Cisk ძალიან კარგი აღმოჩნდა.

ქვეყანა ზოგადად საკმაოდ იაფია – გარეთ 1 კვება თავისი დესერტით საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ. თუ ტალინია ქარდს იყიდით მგზავრობაში ფაქტობრივად არაფერს ხარჯავთ.

blue grotto malta

დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო თითოეულ ადგილზე სადაც ვიყავი – ბლუ გროტოზე, რომლის ხედიც საოცრება იყო, მაგრამ ტალღების გამო პატარა ნავით შიგნით ვერ შევედი. პოპეი ვილიჯზე (შესვლა 10.5 ევრო ღირს), რომელიც გარედან ბევრად ლამაზია, შიგნიდან კი ხის პატარა კოტეჯებია და თუ პოპეის (ფილმის ან ანიმაციის) ფანი არ ხართ დიდად ვერ ისიამოვნებით, ჩინურ ბაღზე რომელიც მალტის ვაზისუბანშია, და მიუხედავად იმისა, რომ პატარაა მაინც ძალიან ლამაზია. შემიძლია დაუსრულებლად ვიძახო, რომ შაბათ-კვირას ფეიერვერკების ფესტივალი სასწაულად ლამაზი იყო! იმაზეც შემიძლია ვიწუწუნო რომ კატაკომბებში ქვის სამარხების გარდა არაფერი დამხვდა, მე კიდევ ჩონჩხებს ველოდებოდი. დაუსრულებლად შემიძლია ვიძახო, რომ ზღაპრული ზღვაა და არასდროს შევწყვიტო მისით აღფრთოვანება.

თუ გიყვართ მზე და ზღვა, ძველი და ლამაზი ქალაქები, მაშინ მალტა სათქვენოა.

P.S ბონუსად ვიდეო – რომელიც შეიძლება თქვენ არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია 🙂

Advertisements

ბათუმი

batumiერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს, როდესაც მეგობართან ვიყავი ქეთომ თავისთვის ჩაილაპარაკა, ამ ხელფასზე ბათუმში მინდა წასვლაო. ბათუმს როგორც კი ყური მოვკარი ეგრევე წამოვხტი, თუ მაინც და მაინც დაგინებული არ გაქვს, რომ მარტო უნდა წახვიდე, თუ შეიძლება მეც წამოგყვები-მეთქი. წამოდიო, გაუხარდა.

დავთქვით თარიღი, 11 დეკემბერი, მეც რომ მქონოდა ხელფასი აღებული და ქეთოსაც ძალიან არ ჰქონოდა თავისი დახარჯული. მე ბუქინგ.ქომზე და ეარბიენბიზე ბინებს და სასტუმროებს ვეძებდი. ზოგი მეძვირა, ზოგი მომეწონა და დავაბუქმარქე, გამომადგება-მეთქი. ბევრი ფულის დახარჯვაც არ მინდოდა.

ერთ საღამოს, ისე, სასხვათაშორისოდ ჩემს მშობლებს ვუთხარი, შაბათ-კვირას ალბათ ბათუმში წავალ, ორი დღე დავისვენებ-მეთქი და ის ის იყო უნდა დამემატებინა, რომ სასტუმროც მგონი შევარჩიე-მეთქი რომ მამაჩემმა მკითხა ჩვენს ბინაში მიდიხართო? ხოდა, ეგ კითხვა იყო და მეც მოულოდნელად გამახსენდა, რომ უი! მე ხომ ბათუმში ბინა მაქვს! პატარა, საყვარელი, გადასარევი ხედით და ა.შ. ცხადია როგორც კი ჩემებმა გააცნობიერეს რომ არ მახსოვდა ბინის არსებობის შესახებ, ორხმაში დამცინეს, მთელი საღამო დამცინოდნენ.

მერე პარასკევი საღამოც დადგა. მეტროს ავტობუსით გადავწყვიტეთ წასვლა. დროის მიხედვით ყველაზე მეტად ეგ გვაწყობდა. 8 საათზე გავიდა და სადღაც 3-ის ნახევარზე უკვე ბათუმში ვიყავით. კი კომფორტულია, კი ყავა/ჩაი აქვთ, წყალიც და კი ყველას თავისი მონიტორი აქვს სადაც შეუძლია ფილმს უყუროს, ან ითამაშოს ან რამე ქნას, მაგრამ 6 საათი მგზავრობა არის მომაკვდინებელი. ასე ძალიან რომ არ ვიღლებოდე მგზავრობით ალბათ ყოველ შაბათ-კვირას ვივლიდი ბათუმში.

შაბათს დილით უკვე ბათუმში სასეირნოდ გავედით.

batumi

ამ პერიოდში, ზამთარში, პირველად ვიყავი. სიწყნარე, სიმშვიდე, ლურჯი ზღვა, ბევრი თოლია, სუფთა ქალაქი, მზე, უღრუბლუ ცა – ყველაფერია საიმისოდ რომ თავი ბედნიერად იგრძოს ნებისმიერმა.
რამდენიმე მიზეზი მაქვს რომ ბათუმი მიყვარდეს:
1. არ ჰგავს საქართველოს ტიპიურ ქალაქებს, ყველასგან განსხვავებულია;
2. ლამაზია
3. მშვიდია
4. ამ ქალაქში შეუძლებელია რომ ვინმე უბედური იყოს
5. და ყველაზე მთავარი – ზღვა! იქ, სადაც ზღვაა ყველაფერი კარგადაა.

batumi

თბილ, ლამაზ, ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობა, ძალიან პატარა და მყუდრო კაფეებში დალეული გლინტვეინი, ზღვის სანაპიროზე მზის ქვეშ წოლა და ზღვის ხმის მოსმენა და ზღვის სუნი, ორი დღის წინ გახსნილი კაფის “დაგემოვნება” (მერე რა რომ არც მენიუ ჰქონდათ, არც სამზარეულო და ჩაიც მხოლოდ მწვანე იყო), 26 მაისის პარკი, ერას მოედანი – ხანდახან ძალიან მშურს მათი, ვინც ბათუმში ცხოვრობს.

batumi

ასე თუ გავაგრძელე, სერიოზულად დავიწყებ ბათუმში სამსახურის მოძებნას.

 

საქართველოს დედა

ზუსტად 1 კვირაა რაც ბათუმში ვარ. ამინდი აირია, წვიმს და უღიმღამოა. მყუდროდ ვარ მოკალათებული აპოლოს ფოეიეში ჭიქა ყავით და  ვფიქრობ რაზე დავწერო. როგორ გავიდა ერთი კვირა? თუ იმაზე, ვინმეს რომ ეთქვა დღეში 3 ფილმს ნახავო ათივე თითით რომ დავცინებდი? ან იმაზე, რომ  გუშინ ღამით, როდესაც სანაპიროზე ვიწექი, ზღვის ხმას ვუსმენდი და თავზე მაწვიმდა, გული მწყდებოდა რომ ეს ყველაფერი ხვალ ღამით დასრულდებოდა. აღარ ვირბენ აპოლო-კაფე-სახლი, აღარ ავდგები ადრე ფილმის სანახავად, აღარ დავჯდები აპოლოს ფოიეში და აღარ გამაწამებს ინტერნეტი, აღარ მომინდება ნანახი ფილმის შედეგად ემოციების გაზიარება. აღარ ვიბოდიალებ ბათუმში გზა აბნეული პატივით და ზუსტად 1 წლით ყველაფერს წერტილი დაესმევა.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 3 საათიანი ძილის შემდეგ ლოგინიდან წამოვფრინდებოდი და ფილმის სანახავად გავიქცეოდი. თან ქართული ფილმის. როდესაც “სეზონი” ვნახე, დავიბიჯე რომ ქართულ არც-ერთ ფილმს აღარ ვნახავდი. მაგრამ, ბათუმში ჩამოსვლის დღიდან, მესმოდა რომ რუსუდან ჭყონიას “გაიღიმე” იყო ძალიან კარგი და რომ აუცილებლად უნდა მენახა. გაგონილს ნანახი სჯობიაო და მაგის დამსახურებაა, რომ ზუსტად 11-ის ნახევარზე, გუშინდელი ნამთვრალევი, დარბაზში ვიჯექი და ველოდებოდი დაწყებას.

ფილმი კონკურსს ეხებოდა, სადაც უნდა გამოევლინათ საქართველოს დედა.  ტონკადაა ძალიან ბევრი ქართული მანკიერი თვისებები გადმოცემული. მაგალითად, გათხოვილ, შვილიან ქალს, კონკურსზე თან ახლავს დედა, რომელიც მის მაგივრად საუბრობს, მის მაგივრად ამბობს რა შეუძლია შვილს. კიდევ ერთი, რაც თვალში ძალიან მომხვდა იყო დევნილების საკითხით მანიპულირება კონკურსებში, კულისებს მიღმა განვითარებული მოვლენები, გაჭირვებული დედების თავდადება იმისთვის, რომ ოჯახი არჩინონ, მაშინ როდესაც ქმარი ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. მთავარია კონკურსი შედგეს და დანარჩენის ფეხებზე დაგიკდება,  გაუთვალისწინებელი მოვლენები, კონკურსანტებთან შეუთანხმებელი ნაბიჯები და ამ ყველაფრის მერე, სცენაზე ღიმილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა.

ღირდა ჩემი დღევანდელი თავდადება, ადრე ადგომა და გამოუძინარი სახით აპოლოში მისვლა.

პ.ს თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საქართველოს დედა? რა თქმა უნდა ქართლის დედის შემდგომ 🙂

მე და დასვენება

მთელი 12 დღეა უკვე შემოდგომაა. ისევ 9 თვე უნდა ველოდო ზაფხულს, ისევ 9 თვე უნდა ამომხდეს სული ზაფხულის ლოდინში და ბოლოს ისევ დავჯდე და მოვთქვა, რომ ამისთვის ველოდებოდი-მეთქი?

ყველაზე მშვიდობიანი და წყნარი ზაფხული რაც კი 20 წლის განმავლობაში მქონია, ალბათ წლევანდელი ზაფხული იყო. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემს ზაფხულში მხოლოდ აგვისტო ზაფხულობდა მაინც მაქსიმალურად გამოვიყენე და მაქსიმალურად დავისვენე. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი კიდური არ გამიტოკებია ზედმეტად.

ზაფხულში რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ზღვა და რუჯია. ზაფხულში მიყვარს-მეთქი კი დავწერე, მაგრამ ამჯერად შემოდგომით მომიწია წასვლა მხოლოდ 5 დღით და ისეთი კამკამა ლურჯი წყალი და ისეთი უღრუბლო ცა იყო, რომ სერიოზულად დავფიქრდი აგვისტოს ნაცვლად სექტემბერში ხომ არ ვიარო ზღვაზე-მეთქი. ჩემი ზღვაზე ყოფნა პენსიონერის ზღვაზე ყოფნას ჰგავდა. ხუთივე დღე ანალოგიური იყო ერთმანეთისა. 9-საათზე გაღვიძება, საუზმობა და სანაპიროზე გადასვლა, 1-საათზე სახლში დაბრუნება, სადილობა, ცოტა ძილი, ცოტა კითხვა და 4 საათზე ისევ სანაპიროზე გადასვლა, 7-საათზე სახლში დაბრუნება, წყლის გადავხლება, ვახშმობა და კითხვა. 11-საათზე უკვე მეძინა. რაღა მე და რაღა პენსიონერი?! დაჟე, ისინი ჩემზე უკეთ ერთობოდნენ დარწმუნებული ვარ, თუმცა, ტყუილად კი არ აღვნიშნე ზევით, დავისვენე ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობითთქო.

კამკამა ზღვა ❤

ყველაზე პროდუქტიული აგვისტო იყო ალბათ ამ წელს. თუნდაც იმიტომ რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი წიგნის წაკითხვა მოვახერხე. 1. სიდნეი შელდონის ნიღაბჩამოხსნილი სახე; 2. სიდნეი შელდონის უცნობი სარკეში; 3, ჯორჯ ორუელის 1984; 4. იულიამ თეკერეის ამაოების ბაზარი.

ამაოების ბაზარი – წიგნი რომლის პირველი ნაწილიც ძალდატანებით და წუწუნ-ჯუჯღუნით წავიკითხე. ვკითხულობდი იმიტომ, რომ მაინტერესებდა გმირებს საბოლოოდ რა ბედი ეწეოდათ. ვკითხულობდი ნელა, იმიტომ რომ შიგადაშიგ ავტორის ჩართვები და მისი აზრის გამოთქმები ნერვებს მიშლიდა. სასტიკად არ მომწონდა და ვოცნებობდი ვინმეს მოეყოლა დასასრული და ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეხშო. ბოლოს გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ როგორც კი მივედი იმ ნაწილამდე სადაც პირველი ტომი დასრულდა გამოვრთე. გამოვრთე იმიტომ, რომ ყველასთვის, და მათ შორის ჩემთვისაც, ცნობილია რომ ფილმი წიგნისგან ბეევრად განსხვავდება და რომ წიგნი უკეთესია, შევწყვიტე იმიტომ, რომ რასაც ვუყურე ძალიან განსხვავდებოდა წიგნისგან. მოკლედ, გადავწყვიტე რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა წამეკითხა ბოლომდე. წიგნის სულ ბოლო ფურცელი როცა გადავფურცლე, სულ ბოლო სიტყვა როცა წავიკითხე და დავხურე, მაშინ მივხვდი რომ ამაოების ბაზარი, ერთერთი must read წიგნია. წაიკითხეთ და გაიგებთ.

როდესაც კითხულობ და სხვამ არ იცის რითი გაერთოს :d

ჩემი სიმწრით დალაგებული, დამშვიდებული და დასვენებული ნერვები 10 სექტემბერს დილის 12-დაათიდან 5-საათამდე sms.tsu.ge-ს რეფრეშმა აურია. 5 საათი ველოდებოდი ბაზების გახსნას, 5 საათი ვიჯექი კომპიუტერთან და მხოლოდ ვწუწუნებდი. მაგრამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ამხელა ტანჯვის შემდეგ იმ საგნებს და იმ ლექტორებს აირჩევ ვინც გინდოდა და ვინც განზრახული გქონდა. ეხლა უფრო მეტად მინდა რომ დაიწყოს სწავლა. ახალი საგნები, ახალი ლექტორები, უნივერსიტეტის წინ ახალგაღვიძებული დგომა, პირველის ეზოში დროის გაყვანა, უამრავი ნაცნობი, ბოდიალი რუსთაველისკენ და უკან…

დღეს მივხვდი, რომ ერთადერთი რის გამოც 15-ში ბათუმში წასვლა მეზარება, ისაა რომ სწავლის პირველ კვირას ვაცდენ. შემიძლია გავაცდინო მთელი სემესტრი, მაგრამ არაფრის დიდებით პირველი კვირა. მაგრამ არაუშავს, მთელი წელი ვოცნებობდი იმაზე რომ biaff-ზე წავსულიყავი და ვყოფილიყავი 1 კვირა თბილისიდან და მშობლებისგან შორს და აუცილებლად წავალ და გავიყვან დროს ფილმების ყურებაში და დაუღალავ გართობაში.

მე ❤

პ.ს სწავლის დაწყებაში ყველაზე მეტად ახალი ბლოკნოტის ყიდვა მიყვარს ❤

მე და ზაფხული

ჩემთვის ზაფხული იყოფა ორ პერიოდად. გამოცდების პერიოდი და დასვენების პერიოდი. თუმცა, წელს summer job_ის წყალობით მესამე ეტაპიც მიემატა – სამსახური.

პირველი ეტაპი მშვიდად და ბედნიერად გადავლახე და ამაში საბოლოოდ გუშინ დავრწმუნდი. 1 საათის შუალედით გამწვამდა 6-ვე საგანი და 2 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ექვსივე საგანი ჩავაბარე გადაბარების გარეშე! თქვენთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად მიღწევაა. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ერთ-ერთ საგანს მესამედ გავდიოდი და საფრთხე არსებობდა იმისა, რომ სტუდენტის სტატუსი შეეწყვიტათ. 6 საგნიდან ორზე ვვარაუდობდი რომ გადაბარება  და საზიზღარ მაღლივში აბოდიალება მომიწევდა, თუმცა გადავრჩი. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ამ სემესტრში ლექტორებში საოცრად გამიმართლა. ვიმედოვნებ საშემოდგომო სემესტრიც ანალოგიურად წარმატებული იქნება. ერთადერთი რამ, რის გამოც გული დამწყდა იყო ის, რომ სწავლა 17 სექტემბერს იწყება და ისევ 25 ივლისს დასრულდება. ჩვენ თუ არა, საკუთარი თავები მაინც არ ეცოდებათ?! ჩემი აზრით დიდი უსინდისობაა საერთოდ ზაფხულში სწავლა, მაგრამ ვინ გისმენს 😐

ხანდახან სასწაულებიც ხდება, და ასეთი სასწაული იყო, ის რომ summer job-ზე დავრეგისტრირდი, თანაც საკმაოდ ადვილად. ლუდსახარშ ზედაზენში ვარ, სადისტრიბუციო ქსელში და ერთადერთი რაც მევალება მაღაზიებში ზედაზენის მაცივრების შემოწმებაა, რომ ზედაზენის ლუდის და ლიმონათების გარდა არაფერი იდოს, რაც არც თუ ისე რთული და დამღლელია, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ არაჩვეულებრივად კარგ კადრზე ხარ მიმაგრებული და ცდილობს ყველანაირად ხელი შეგიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ სადისტრიბუციო ქსელში ვარ. დღეს და ხვალ გადაწყვიტეს, რომ ქარხანაში გვამუშაონ, სადაც ბოთლებს ეტიკეტებს ვაკრავთ. ჩვენს მიერ გალამაზებულ ბოთლებს კი ამერიკაში გზავნიან. ზედმეტი მუშახელი დასჭირდათ და გამოგვიჭირეს. თუმცა, როგორც გვპირდებიან ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ 2 დღეს გასტანს. სხვა მხრივ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვებთან შედარებით “კარგ პონტში” ვართ.  ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს, თუმცა საშემოსავლო 20% ეჭრება, რის შედეგადაც მხოლოდ და მხოლოდ 400 ლარი გვრჩება. ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ რა უნდა მექნა მაგ 400 ლარით, დარეგისტრირების დღესვე ვიცოდი – უნდა დამესვენა!

ვინაიდან და რადგანაც ჩემი ზაფხულის 95% სწავლამ და სამსახურმა წაიღო, ზაფხულში დასასვენებლად მხოლოდ 10 დღე მრჩება, ამიტომაც შემედგომას დავესესხები 25 დღეს და შემოდგომის ნაწილს სწორედ დასასვენებლად და აღებული ხელფასის დასახარჯად გამოვიყენებ. 20 აგვისტოს მუშაობას ვამთავრებ. ძალიან მინდა მეორე დღესვე ჩემს სოფელში წასვლა და ცოტა ხნით მაინც დასვნება. მიუხედავად იმისა, რომ დვალთაში 1 კვირაზე მეტს ვერ ვძლებ, ზაფხულში იქაურობა სამოთხეა! მდინარე, სიგრილე, ჰამაკი, ფიჭვების ტყე… სექტემბრის დასაწყისში სავარაუდოდ თბილისში ვიქნები, სამაგიეროდ 15 სექტემბრიდან-25 სექტემბრამდე ბათუმში წავალ და აღარც ჩამოვალ. რა კარგია რომ ხელფასი ბოლომდე მეყოფა და ვიმედოვნებ დარჩება კიდეც. მერე რა რომ სწავლის პირველი კვირა უნდა გავაცდინო, მე ზღვა და ცურვა მინდა!

ზაფხულში თბილისში ყოფნა და მუშაობა აუტანელია. სწორედ ამიტომ ბედნიერ ვიკენდებს ვიწყობ და ხან აკვა-პარკში მივდივარ, ხან ვპიკნიკობ, ეს ვიკენდი ბიერფესტზე გავატარე და ვარ ბედნიერი რომ ჩემი მეგობრები მაინც არიან თბილისში.

თქვენც ჩემსავით თბილისში ხართ და იხარშებით?

რას ვერ/არ ვაკეთებ

ალბათ ბევრ რამეს.

მაგალითად იმას რომ ენას კბილი უნდა დავაჭირო. არა, ჭორიკნობას და ამბის მიტან-მოტანას არ ვგულისხმობ. უბრალოდ როცა ვხედავ რომ ვიღაცას ლურჯი თმა არ უხდება მივდივარ და ვეუბნები რომ არ გიხდება, სამაგიეროდ მას სწყინს. ვიღაცა რომ შეცდომას უშვებს მივდივარ და ვეუბნები რომ არასწორია, და მას რა თქმა უნდა სწყინს. როცა რაღაც არ მომწონს ხმამაღლა ვამბობ, ვაკრიტიკებ და ადრესატსს წყინს. ალბათ იმის ბრალია, რომ ზედმეტად პირდაპირი ვარ და ამის გამო N-რაოდენობით ჩხუბი და დავიდარაბა გადამიტანია. მაგრამ მაინც ვერ დავაჭერ ენას კბილს. გვიან ვხვდები, რომ ჩემი ცხვირი სხვის საქმეშია ხოლმე.

ჯერ კიდევ ვერ ვუმკლავდები მამაჩემის აკრძალვებს. დროებითია რა თქმა უნდა. სამსახური მინდა, საკუთარი ფულით და საკუთარი ხარჯებით გაცილებით იოლია ცხოვრება, გაცილებით ადვილად შევეწინააღმდეგები მამაჩემს და გაცილებით კომფორტულად ვიცხოვრებ.

ვერასდროს ვამბობ უარს შოკოლადზე,ნაყინზე, Fისტაშკაზე, ახალ თხილზე და ახალ კაკალზე, მეგობრების ნახვაზე და ელვისში წასვლაზე.
ვერასდროს ვკმაყოფილდები ზღვით და ზოგადად წყლით. თუნდაც აუზი იყოს.
ვერ ვიძინებ შიშველი, ქვედასაცვალი მაინც უნდა მეცვას.
ვერ/არ ვამბობ უარს კოცნაზე.
ვერ ვქსოვ/ვქარგავ/ვკერავ. არა და ქარგვაც ვიცი ქსოვაც. უბრალოდ მეზარება 😐

ვერ ვხატავ, ვერ ვმღერი და ვერ ვცეკვავ. ხანდახან, კი არა ყოველთვის ვოცნებობ იმაზე რომ ან ხმა, ან სმენა მაინც მქონოდა.
ვერ ვივიწყებ ადამიანებს რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ. ბაღის მეგობრები არ ითვლება. მაგრამ, “დაჟე”  ბაღიდანაც  მახსოვს ერთი ბიჭი ^^
ვერ ვთამაშობ ისეთ თამაშებს რასაც ფანტაზია სჭირდება, იმიტომ რომ არ მაქვს.

მეტს ვერ ვიხსნებ :/

ჰოდა, ვინაიდან ეს ტეგ-თამაშია ვთაგავ ადოს

ზღვა

ერთადერთი ადგილი სადაც ვისვენებ როგორც ფიზიკურად ისე სულიერად ზღვაა. ცურვის დროს არ მახსოვს თუ რა ამაოა ეს ცხოვრება, ის რომ ყველაფერი წარმავალია, ის რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, ყველა კვდება და რომ ადრე თუ გვიან მაინც მარტო რჩები. ცურვის დროს მხოლოდ სიამოვნებაზე ვფიქრობ. მხოლოდ საკუთარი ცურვის შედგად წარმოქმილი წყლის ხმა გესმის. დაბლა წყალში იყურები და უსასრულობას ხედავ. ამ ერთი ორ დიდ მედუზას (თუ შორს გახვედი). რაც უფრო შორს მიდიხარ უფრო და უფრო პატარავდებიან ადამიანები, შენობები და ხვდები რომ მათ ფასი არ აქვთ. ფასი სხვა რამეს აქვს, გრძნობებს, ფიქრებს, ოცნებებს, სურვილებს, მიზნებს…

შარშან ვერ წავედი ზღვაზე. მამაჩემთან ნაჩხუბარი ვიყავი და მასთან ერთად წასვლა და ერთ ოთახში ცხოვრება არ მინდოდა. თან მასზე დამოკიდებული უნდა ვყოფილიყავი. ვამჯობინე დვალთაში წავსულიყავი და ცურვის დანაკლისი მდინარეზე ამენაზღაურებინა, რომელიც რა თქმა უნდა უშედეგოდ დასრულდა. იმის წინა წელს ლავიწის ძვალი ვიღრძე და ცურვას ვერ ვახერხებდი. მხოლოდ ფეხებს თუ დავისველებდი და რაღაცას გავფართხალდებოდი. სხვათაშორის ეს ნაღრძობი დღემდე მახსენებს თავს 😐

მოკლედ, უკანასკნელი 2 წელია ცურვის და წყლის დეფიციტს განვიცდი, რომელსაც შიგადაშიგ აუზზე ვინაზღაურებდი.

სულ სხვა რამისთის დავიწყე წერა და სულ სხვა გეზი აიღო ბოლოს. იმის თქმა მინდოდა, რომ ამ პარასკევს, შაბათს და კვირას მექნება შანსი გავცურო ზღვაში. მართალია დრო ფაქტიურად არა, მაგრამ ცურვისთის აუცილებლად გამოვნახავ ორიოდე საათს. თუნდაც ღამე და უკუნეთ სიბნელეში!