Tag Archives: თელავი

GWS და კახეთი

მაშინ, როდესაც გომბერზე საშინლად წვიმდა, ნისლი მიწამდე იყო ჩამოსული და ხილვადობა საშინლად დაბალი იყო, მე ამაოდ ვცდილობდი მანქანის ფანჯრიდან რაიმე დამენახა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, კახეთში, გომბორის გზით პირველად ვიყავი. მეტიც, თელავშიც არ ვიყავი ნამყოფი და კვირას სწორედ თელავისკენ მივიწევდი ნელა და დინჯად.

მე რომ თელავში ჩავედი ღრუბლები უკვე გაფანტული იყო, მზეც ნელ-ნელა იკრებდა ძალებს და სითბოც ემატებოდა ჰაერს. GWS-ის ოფისის ეზო მოვიარე. ლამაზად გაკრეჭილი ბალახი, უზარმაზარი მწვანე ეზო, ხეებში ჩაფლული ფანჩატური, ორი გიგანტური და ფუმფულა ძაღლი პატარა ლეკვით და რაც მთავარია – სიმშვიდე.

ეზოშივე იყო მარანი ძალიან ბევრი ქვევრით, მარნისთვის დამახასიათებელი სიგრილით, სუნით და ბუხარით. არ მახსოვს ადრე მოქმედი ქვევრი მინახავს თუ არა.

სანამ მე ჯივიესის ეზოს ვათვალიერებდი ამასობაში წინანდალში ჭადრაკის ტურნირი სრულდებოდა და იქითკენ წავედი. გამარჯვებულები უნდა დაეჯილდოებინათ. როგორც თქვეს, 3 დღიანი ტურნირი საკმაოდ დაძაბულად მიდიოდა, სხვათაშორის მონაწილეობას ნონა გაფრინდაშვილიც იღებდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თასები, საჩუქრები და GWS-ის ღვინოები გადაეცათ. სხვათაშორის, ჯივიესმა იმ დღეს ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, 3 წლის განმავლობაში კახეთში ჩატარებული სპორტული ღონისძიებების მთავარი სპონსორი, გულშემატკივარი და მხარდამჭერი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ვისმინო facebook-ზე დალაიქებული მყავს, თვალსაც ვადევნებ და პოსტებსაც ვულაიქებ არასოდეს გამისინჯავს. ხოდა, მომეცა საშუალება კახეთში, თელავში, მთლად ჯივიესის ოფისში ვისმინოს რამდენიმე ღვინო გამესინჯა. ყველაზე მეტად ვისმინო მწვანე მომეწონა. მაგრამ ვერც-ერთი ღვინო ვერ შეედრება GWS-ის ღვინის ლიქიორს. არადა, კაცმა რომ მკითხოს ლიქიორების მოყვარული არ ვარ.

მოკლედ, ჩემი ვოიაჟი კახეთში წარმატებით დასრულდა. ღვინოებსაც გეახელით, ფავორიტიც ამოვარჩიე და კმაყოფილმა დავიძინე, მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს ორშაბათი იყო 🙂

Advertisements

შერლოკი, hug day, ძლიერი გოგონა, დიეტა და ერთი დიდი ალიაქოთი

რაღაც სევდიანი მუსიკა აქვს ჩართული ჩემს დას და მეც შესაბამის განწყობაზე დავდექი. სიგარეტიც არ მაქვს რომ გავიდე აივანზე, გავიყინო და შემოვიდე.

ყოველთვის ვამბობდი არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ, ნერვები არ მაქვს-მეთქი. ერთადერთი რასაც მოთმენით და აუღელვებლად ველოდებოდი და მერე წყანარად ვუყურებდი ჰაუსი იყო. ორი დღეა შერლოკს ვუყურებ, ორივე სეზონი მოვრჩი და ეხლა აღარ ვიცი რა ვაკეთო. მოუსვენრობამ შემიპყრო და გამახსენდა ჩემი დაპირება-არასდროს არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ! და გავიმეორე იგივე. შერლოკი უკანასკნელია. მოჰაუსო ტიპია, ცინიკოსი, ჭკვიანი, ვითომ ამჩემფეხება და სინამდვილეში მგრძნობიარე, გენიალური პერსონაჟია. მომიწევს დაველოდო შემდეგ სეზონს.

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მამენტ, საწერიც არაფერი მაქვს. ცოტა ხანში გამოცდები იწყება. მე კიდევ წინა სემესტრის “წარმატებას” ვიმეორებ მგონი. არადა როგორი იმედი მქონდა ამ სემესტრში არაფერი შემეტენება-მეთქი. გუშინ hug day იყო. ჩახუტების საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოც ოფიციალურად შეუერთდა. ფილარმონიიდან ბარათაშვილამდე მსვლელობა მოვაწყვეთ, გზაში ვეხუტებოდით ყველას ვინც გვთანხმდებოდა. ბარათაშვილიდან მოხალისეები გლდანის ბავშვთა სახლში წავიდნენ, სადაც შეზღუდული უნარების მქონენიც სწავლობენ. ტკბილეული და სათამაშოები მიუტანეს.

hug day. მე და ფორთოხლის გოგონა ❤

სანამ მავანნი ბავშვთა სახლში იყვნენ, მე ერთი გოგოს ისტორიას ვისმენდი. 18 წლის ასაკში შეძლო და დაუპირისპირდა ოჯახს, თელავის ნაცრისფერ ხალხში ყველაზე ფერადი იყო, წამოვიდა თბილისში, ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩენილი. სრულიად შემთხვევით იპოვა ნახევარდა და მუშაობასაც კი იწყებს. აღფრთოვანებული ვარ. ერთი შეხედვით მოცუცქნული, პატარა, ფაიფურის თოჯინაა და სინამდვილეში საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა ჩამოყალიბებული. ვამაყობ მისით.

დიეტას + ვარჯიშს ვაგრძელებ, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა წონა გაიყინა, არც ზევით მიდის არც ქვევით და სულ ცოტა მაკლია რომ სასწორი მეხუთე სართულიდან არ მოვისროლო. იმისათვის, რომ ჩემს ნერვებს გავუფრთხილდე გადავწყვიტე ყოველდღე აღარ ავიწონო და სასწორიც მშვიდად იქნება და მეც.

და რაც მთავარია, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ რწმენის გამო ბედნიერი ვარ ❤