Tag Archives: კარი

დღის რუტინა

ჩემი დღის უმეტესობას ან ტელეფონზე ან კარებზე ზარი იწყებს. დღესაც იგივე განმეორდა რაც გუშინ, გუშინწინ. კარზე საშინელმა ზარმა გამაღვიძა, მართალია მე არ მომიწია ადგომა და გაღება მაგრამ 12-საათზე თუ გამეღვიძა ძილს ვეღარ შევიბრუნებ. ჩემი და იყო, გაოგნებული და გაოცებული, მისი მეგობრის მამიდაშვილი გარდაცვლილა, მოულოდნელად. და ძილბურანშიც კი შემეშინდა სიკვდილის.

დღეს ჩვეული რუტინით ვიწყებ: წყლის გადავლება, ლოგინის ალაგება, სახლის დალაგება, ფეისბუქზე ბოდიალი და ნაშუადღევს ის სმს რომელსაც ელოდებოდი. 15 წუთში ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და კარის გახურვა ძახილით ” საღამოს მოვალ”. ორიოდე საათი მეგობრებთან, სისულელეებზე და უკვე გატკეპნილ თემებზე საუბარი, მონატრებული ანანასის წვენის წრუპვა და სიგარეტის აუღელვებელი მოწევა.

დღეში 1-საათი მაქვს რომელიც მწყვიტავს ყველანაირ რუტინას და თავიდან ბოლომდე ვეფლობი ვარჯიშში. იღლები მაგრამ თან ისვენებ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ან არც ფიქრობ და მუსიკას უსმენ რომელიც შეიძლება პირველად გესმოდეს (მე როგორც წესი მუსიკას არ ვუსმენ), გრძნობ რომ დღითიდღე უფრო და უფრო გიიოლდება ყველა ვარჯიშის გაკეთება და ერთი სული გაქვს მალე გავიდეს ბევრი დრო რომ შედეგიც იხილო, ისეთი თვალში საცემი რომ იქნება ისეთი შედეგი.

დაღლილი და გაუბედურებული მორიგ მეგობართან მივდივარ. ჩაის ვიდუღებ, ბავშვს ვეთამაშები, ვცდილობ ინტერეტს რამე მოვუხერხო და ამასობაში სახლში წასვლის დროც მოდის. ვერ ვიტან როდესაც სახლისკენ მიმავალ მარშუტკას პავლოვზე ველოდები. შეიძლება მილიონი მანქანა გიჩერებდეს? o.O და თან მაშინ როდესაც გამიზნულად გაჩერებაზე ვდგები და მაინც და მაინც მაშინ არის ის გაჩერება უპატრონო როცა მე მივდივარ ხოლმე. როდესაც ჩემს წინ მეხუთე მანქანა გაჩერდა შუათითი ვაჩვენე და 30 ნომერ მარშუტკას შევახტი, რომელმაც შეიძლება ითქვას სულზე მომისწრო.

გზაში კლასელი შემხვდა. ჰმ, რა უცნაურია, დღე სიკვილით დაიწყო და ფაქტიურად სიკვდილის მოლოდინით დასრულდა.

ძალიან მეშინია სიკვდილის.

დილა წარსულიდან

კარზე საშინელი ბრახუნია, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ვფხიზლდები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კარი არ უნდა ჩავკეტო და დაე შემოვიდეს ყველა ვისაც უნდა. ფეხშველა და ნახევრად შიშველი მივიწევ კარისკენ და გულში მწარედ ვაგინებ ვინც არ უნდა იყოს.

– გეძინა?

– კი

– კაი მერე მოვალ

– უკვე გავიღვიძე, გულშიც გაგინე ჩემი გაღვიძებისთვის და შეგიძლია შემოხვიდე.

– მარტო ხარ?

– კი.

ამ დროს ლოგინისკენ მივემართები ისევ და სულ არ მაინტერესებს შემოვიდა თუ არა. თუმცა დარწმუნებული ვარ უკან მომყვება და ვერ ბედავს რამის თქმას. იცის,  როცა მაღვიძებენ საშინლად ავი ვხდები. ისევ ლოგინში ვძვრები, თბილია, არ გაციებულა და ლამისაა ჩამეძინოს.ბალიშის ქვეშიდან ტელეფონს ვიღებ, ეკრანს დავხედე და 7 ზარი დამხვდა, მისგან, ვინც ახლა ფრთხილი ნაბიჯით მოიპარება ჩემს ოთახში. 7-ჩემი ბედნიერი რიცხვია.  საწოლის მოპირდაპირე მდგომ დივანზე ჯდება და მიყურებს. ვგრძნობ მზერას, მაგრამ არ მინდა ვაგრძობინო, არ ვიმჩნევ და თვალები დახუჭული მაქვს. ცოტაც და დამეძინება, მაგრამ ფეხზე დგება და წასვლას აპირებს. არ მინდა რომ წავიდეს და ვეუბნები რომ გვერდზე მომიწვეს და ჩემთან ერთად დაიძინოს.

გვერდზე მიწვება, იმის მაგივრად რომ დაიძინოს საუბარს მიწყებს. არ მინდა ლაპარაკი, არ ვუსმენ, მხოლოდ ჩახუტება და ჩუმად ყოფნა მინდა. მინდა ვიგრძნო რომ ისევ მე მეკუთვნის და რომ არაფერი შეცვლილა 4 წლის განმავლობაში.ვითომ არც ყოფილა ეს 4 წელი. სიტყვები ბუნდოვნად მესმის: “სიყვარული”, “მეგობრობა”, “წყენა”, “ტკივილი”, “ცრემლი”… შინაარს ვერ ვწვდები და თავს ბალიშიდან ვწევ. ზურგზე წევს, თვალები ჭერისკენ აქვს მიპყრობილი, სიგარეტს ეწევა, ღრმად დაარტყა ნაფაზი და ბოლო სიტყვებს მეუბნება: “აღარასოდეს ვიქნებით ისე როგორც მაშინ, აღარასოდეს შემიყვარდები ისე როგორ მაშინ”.

 

 

-ვიცი

-და მაინც მოელი ჩემგან რამეს?

-არა

-აბა რატომ შემომიშვი სახლში?

-მომენატრე, – და ვკოცნი.

აზრზე რომ მოვედი ის ფეხზე იცვამდა და კარისკენ მიდიოდა.

-ნახვამდის. – დავადევნე სიტყვები

-მშვიდობით, – მიპასუხა და იმის მერე აღარ მინახავს.

….

ვიცი გავა დრო და ისევ ვნახავ, ისევ ვეტყვი რომ მომენატრა, რომ ძველი დრო მინდა დაბრუნდეს, რომ ნაწყენი ვარ იმიტომ რომ არ დამიჯერა და ისევ მეტყვის რომ არაფერი გამოვა და ისევ დამემშვიდობება.