Tag Archives: ლექტორი

აბიტურიენტობიდან იურისტობამდე

2010 წლის 30 იანვარს მე აბიტურიენტი ვიყავი და სიყვარულოვნას ბლოგი შევქმენი. მის მერე 5 წელი გავიდა.
ჩვეულებრივი, სტანდარტული აბიტურიენტობა მქონდა. ვიყავი ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი 🙂 ვემზადებოდი მასწავლებლებთან და ვაპირებდი ჩამებარებინა იმ ფაკულტეტზე, რომელიც წლების წინ შევარჩიე – იურიდიულზე.

2015 წლის 30 იანვარს ვორდფრესმა სიყვარულოვნას ბლოგს დაბადების დღე მიულოცა. 5 წელი გავიდა. დღეს გავიგე ბოლო გამოცდის ქულაც და უკვე იურისტი ვარ. 4,5 წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში. დამატებითი სემესტრი დავასრულე ეხლახანს.

მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ზე უამრავ ცუდ რაღაცას ამბობენ, მაინც ძალიან მიყვარს. არ ვიცი სხვა ფაკულტეტებზე რა ხდება, მაგრამ რაც მესმის იმ ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული ფაკულტეტი საუკეთესოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ზუსტად ვიცით როდის გაიხსნება ბაზები, როდის დაემატება ადგილები კონკრეტულ საგნებს და ა.შ.

Mr._Happyალბათ გამიმართლა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლექტორი მახსენდება, რომელიც მძულს და ვერ ვხვდები რატომ არის დღემდე თსუ-ში. მგონი ეგ და უნივერსიტეტი ერთი ასაკისანი არან, 97-ის 🙂 იყვნენ მეტნაკლებად კარგები და ძალიან კარგებიც. რამდენიმე მათგანი ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. ზოგი იუმორის გრძნობის ქონის გამო, ზოგი ცოდნის და ზოგიც ორივეს ქონის გამო.

დღეს, როდესაც ჩემს ბაზაში დაეწერა რომ 240 კრედიტი დავაგროვე, ბედნიერი ვიყავი. არაჩვეულებრივი გრძნობაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მუდმივად არ მაწუხებს შინაგანი ხმა ადექი იმეცადინე და ნუ უსაქმურობო.

აბოტურიენტობიდან იურისტობამდე – 5 წელი გავიდა. 5 წელია ბლოგზე ვწერ. 5 წელია ჩემს ბლოგს და იმ რამოდენიმე მკითველს, რომელიც კიდევ შემორჩა ბლოგს, ვუზიარებ ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს. ხანდახან ძალიან პირადულს, ხანდახან ძალიან უაზროს, ხანდახნ კი საჭიროს და გამოსადეგს.  ?????????????????????????????????????????????????????????????????

ამ 5 წლის განმავლობაში გავხდი სტუდენტი, ვიმოგზაურე თურქეთში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლატვიაში, დავიწყე მუშაობა და დავასრულე უნივერსიტეტი და პარალელურად განვაგრძობდი ბლოგზე წერას.

P.S მე მაინც მგონია, რომ სანამ მაგისტრატურას არ დავამთავრებ იქამდე იურისტი ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ზედაპირულად ვისწავლე ის, რაც ძალიან მაინტერესებს. სისხლის სამართლის შესწავლას აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურაზე, ოღონდ ჯერ არა. ჯერ უნდა დავისვენო უნივერსიტეტისგან.

chiquita-dm2-minion-dave-bananas

ეტლით უნივერსიტეტში

სამშაბათი ყველაზე ნაკლებად მიყვარდა წინა სემესტრში. ჩემი სამშაბათი ორშაბათობდა და დილით ადრე მიწევდა ადგომა. თანაც, ისეთი ლექცია იყო ვერ გამეგო რას ვსწავლობდი, ან რატომ. პირველი რამდენიმე ლექცია კიბეებზე გავატარეთ ფაქტობრივად, მაღლდა – დაბლა დავდიოდით და ვეძებდით ისეთ აუდიტორიას სადაც პრეზენტაციას გაუშვებდა. იდეაში რომელი აუდიტორიაც გვეკუთვნოდა ის დაკავებული დაგხვდა.

ერთ-ერთი ასეთი სამშაბათი იყო, 9-ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა. 15 წუთში ლოგინიდან წამოვიზლაზნე, აბაზანაში გატარებული 15 წუთის შედეგად გამოვფხიზლდი, ჩავიცვი და 10-ის 15 წუთზე უკვე გაჩერებაზე ვიდექი და გატენილ 21 ან 51 ნომერ ავტობუსს ველოდებოდი.

ზუსტად 10-საათზე უნივერსიტეტის კიბეებს მივადექი და აუდიტორიისკენ წავედი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა რომ მომლოდინე ბავშვებს შორის ეტლით მოსარგებლე ადამიანი შევამჩნიე. გავოცდი, ვერ მივხვდი საიდან მოვიდა. მაგრამ მერე გამახსენდა, თსუ-ს მეორე კორპუსს, კიბეების ერთ ნაწილს აქვს ე.წ პანდუსები. თუმცა, იმ პანდუსებზე ფეხით მოსიარულე ძლივს ივლის და წარმოდგენა არ მინდა როგორ უჭირს ეტლით მოსარგებლეს იმ “პანდუსებით” სარგებლობა. პანდუსები დამაგრებულია პირდაპირ კიბეებზე, შესაბამისად არის ძალიან დახრილი და რთული ასასვლელი, ამასთანავე პანდუსები დამაგრებულია არა მოაჯირის, არამედ კედლის მხარეს და არანაირი სხვა დამხმარე საშუალება რომ ეტლიანმა ადამიანმა შესძლოს ამოსვლა. საბოლოო ჯამში, მგონი ეს პანდუსები სულაც არაა გათვლილი ეტლით მოასიარულე სტუდენტისთვის.

როგორც გავარკვიე აღნიშნული სტუდენტი ლექციებზე მამას დაჰყავს. რადგანაც შეუძლებელია სხვანაირად იმ პანდუსებით სარგებლობა. თანაც, ეს პანდუსები დამაგრებულია არა იმ კიბეებზე, რომლითაც სტუდენტების 90% სარგებლობს, არამედ მეორე, უკანა კიბეებზე. ნუ კარგი, მეორე კორპუსში მამას დაჰყავს, მაგრამ ძალიან შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ მაღლივის ბიბლიოთეკაში, სადაც გამოცდებს ვაბარებთ, არ არის საერთოდ რაიმე მოპანდუსო ელემენტიც კი. შესაბამისად, მამას უწევს სთხოვს ბიჭებს რომ მისი შვილი ხელში აყვანილი აიყვანონ კიბეებზე. ძალიან, ძალიან ცუდ და არასახარბიელო სიტუაციაშია მამაც და შვილიც. წარმოიდგინეთ, მამა ფაქტობრივად შვილის ცხოვრებით ცხოვრობს, დილიდან საღამომდე უწევს შვილის აუდიტორიიდან აუდიტორიაში ტარება და დანარჩენი დროის უსაქმურობაში გაყვანა.

შევეცადე თავი ეტლით მოსარგებლეს ადგილას დამეყენებინა და ჩემი თავი ძალიან შემეცოდა. წარმოვიდგინე,რომ მუდმივად ვიღაცის ხელით სატარებელი ვარ, იმიტომ რომ უნივერსიტეტებში არ არსებობს ის პირობები, რომ ეტლიანმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნობს. ერთი-ორი მახსენდება ეგეთი, თუმცა, იქ სწავლის გადასახადი იმხელაა რომ ალბათ ვერ გავწვდებოდი. კარგი, რამენაირად მოვხვდი უნივერსიტეტში და ვიღაც ყოველთვის მადგას თავზე რომ მატაროს აუდიტორიიდან აუდიტორიაში, მერე? აუდიტორიაში შესვლისას უკვე პრობლემა წარმომექმნებოდა, ზღრუბლზე გადასვლისას უნდა მეწვალა. მერე ბავშვებისთვის მეთხოვა რომ მერხისთვის სკამი მოეშორებინათ რომ მე ჩემი ეტლით მივგორებულიყავი. თუმცა, თსუ-ში, და მგონი უმეტეს უნივერსიტეტებში, ისეთი მერხებია რომლებსაც თავისი სკამი მოჰყვება და საკმაოდ გრძელია, ე.ი სკამს ვერ მოაცილებდნენ მერხს და მე მერხთან ვერ დავჯდებოდი. მომიწევდა რომ აუდიტორიის მიღმა ვყოფილიყავი, სადღაც მერხებს შორის გაჩხერილი, ან მერხების წინ და მოწყვეტილი სემინარს თუ ლექციას. უნდა ვჯდარიყავი იქ სადაც ყველას ყურადღებას მივიქცევდი და ნებით თუ უნებლიეთ ყველას თვალი ჩემსკენ იქნებოდა.

ის ბავშვი ერთადერთია, რომელიც თსუ-ში შევამჩნიე. პრინციპში ეგეც მიკვირს. არ არის არანაირი პირობა იმისთვის რომ ეტლით მოსარგებლემ მიიღოს სრულყოფილი განათლება და ამაში ხელი არ შეეშალოს. აუდიტორიამდე რომ ვერ მიაღწევ დამოუკიდებლად, შემოვლითი გზებით და ვიღაცების დახმარებით რომ გიწევს აუდიტორიიდან აუდიტორიაში წასვლა, ტუალეტიც კიარაა ინვალიდებისთვუს, ეს ყველაფერი ვგონებ არც ისე სახარბიელოა. თანაც ამ ყველაფერს ბონუსად მოსდევს სტუდენტების, ლექტორების, დეკანატის სევდით აღსავსე თვალები, რომლებიც გამოხატავენ: “რა უბედური ხარ შე საწყალოს”.

რამდენიმე კვირის წინ პროექტ “education is your right”-ს ფარგლებში დისკუსია გაიმართა, რომელიც ეხებოდა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და დისკრიმინაციის პრობლემებს საქართველოში. დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ESN Tbilisi ISU – მ (erasmus student network) ფონდ “ღია საზოგადოების” დაფინანსებით ბოლო 5 თვის მანძილზე ჩაატარა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კვლევის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენდა:  უცხოელი სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები. კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე და თავად დარწმუნდეთ რომ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს საკმაოდ ბევრი პრობლემა ექმნებათ მაშინ, როდესაც ცდილობენ მიიღონ სრულყოფილი განათლება.

მე და დასვენება

მთელი 12 დღეა უკვე შემოდგომაა. ისევ 9 თვე უნდა ველოდო ზაფხულს, ისევ 9 თვე უნდა ამომხდეს სული ზაფხულის ლოდინში და ბოლოს ისევ დავჯდე და მოვთქვა, რომ ამისთვის ველოდებოდი-მეთქი?

ყველაზე მშვიდობიანი და წყნარი ზაფხული რაც კი 20 წლის განმავლობაში მქონია, ალბათ წლევანდელი ზაფხული იყო. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემს ზაფხულში მხოლოდ აგვისტო ზაფხულობდა მაინც მაქსიმალურად გამოვიყენე და მაქსიმალურად დავისვენე. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი კიდური არ გამიტოკებია ზედმეტად.

ზაფხულში რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ზღვა და რუჯია. ზაფხულში მიყვარს-მეთქი კი დავწერე, მაგრამ ამჯერად შემოდგომით მომიწია წასვლა მხოლოდ 5 დღით და ისეთი კამკამა ლურჯი წყალი და ისეთი უღრუბლო ცა იყო, რომ სერიოზულად დავფიქრდი აგვისტოს ნაცვლად სექტემბერში ხომ არ ვიარო ზღვაზე-მეთქი. ჩემი ზღვაზე ყოფნა პენსიონერის ზღვაზე ყოფნას ჰგავდა. ხუთივე დღე ანალოგიური იყო ერთმანეთისა. 9-საათზე გაღვიძება, საუზმობა და სანაპიროზე გადასვლა, 1-საათზე სახლში დაბრუნება, სადილობა, ცოტა ძილი, ცოტა კითხვა და 4 საათზე ისევ სანაპიროზე გადასვლა, 7-საათზე სახლში დაბრუნება, წყლის გადავხლება, ვახშმობა და კითხვა. 11-საათზე უკვე მეძინა. რაღა მე და რაღა პენსიონერი?! დაჟე, ისინი ჩემზე უკეთ ერთობოდნენ დარწმუნებული ვარ, თუმცა, ტყუილად კი არ აღვნიშნე ზევით, დავისვენე ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობითთქო.

კამკამა ზღვა ❤

ყველაზე პროდუქტიული აგვისტო იყო ალბათ ამ წელს. თუნდაც იმიტომ რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი წიგნის წაკითხვა მოვახერხე. 1. სიდნეი შელდონის ნიღაბჩამოხსნილი სახე; 2. სიდნეი შელდონის უცნობი სარკეში; 3, ჯორჯ ორუელის 1984; 4. იულიამ თეკერეის ამაოების ბაზარი.

ამაოების ბაზარი – წიგნი რომლის პირველი ნაწილიც ძალდატანებით და წუწუნ-ჯუჯღუნით წავიკითხე. ვკითხულობდი იმიტომ, რომ მაინტერესებდა გმირებს საბოლოოდ რა ბედი ეწეოდათ. ვკითხულობდი ნელა, იმიტომ რომ შიგადაშიგ ავტორის ჩართვები და მისი აზრის გამოთქმები ნერვებს მიშლიდა. სასტიკად არ მომწონდა და ვოცნებობდი ვინმეს მოეყოლა დასასრული და ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეხშო. ბოლოს გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ როგორც კი მივედი იმ ნაწილამდე სადაც პირველი ტომი დასრულდა გამოვრთე. გამოვრთე იმიტომ, რომ ყველასთვის, და მათ შორის ჩემთვისაც, ცნობილია რომ ფილმი წიგნისგან ბეევრად განსხვავდება და რომ წიგნი უკეთესია, შევწყვიტე იმიტომ, რომ რასაც ვუყურე ძალიან განსხვავდებოდა წიგნისგან. მოკლედ, გადავწყვიტე რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა წამეკითხა ბოლომდე. წიგნის სულ ბოლო ფურცელი როცა გადავფურცლე, სულ ბოლო სიტყვა როცა წავიკითხე და დავხურე, მაშინ მივხვდი რომ ამაოების ბაზარი, ერთერთი must read წიგნია. წაიკითხეთ და გაიგებთ.

როდესაც კითხულობ და სხვამ არ იცის რითი გაერთოს :d

ჩემი სიმწრით დალაგებული, დამშვიდებული და დასვენებული ნერვები 10 სექტემბერს დილის 12-დაათიდან 5-საათამდე sms.tsu.ge-ს რეფრეშმა აურია. 5 საათი ველოდებოდი ბაზების გახსნას, 5 საათი ვიჯექი კომპიუტერთან და მხოლოდ ვწუწუნებდი. მაგრამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ამხელა ტანჯვის შემდეგ იმ საგნებს და იმ ლექტორებს აირჩევ ვინც გინდოდა და ვინც განზრახული გქონდა. ეხლა უფრო მეტად მინდა რომ დაიწყოს სწავლა. ახალი საგნები, ახალი ლექტორები, უნივერსიტეტის წინ ახალგაღვიძებული დგომა, პირველის ეზოში დროის გაყვანა, უამრავი ნაცნობი, ბოდიალი რუსთაველისკენ და უკან…

დღეს მივხვდი, რომ ერთადერთი რის გამოც 15-ში ბათუმში წასვლა მეზარება, ისაა რომ სწავლის პირველ კვირას ვაცდენ. შემიძლია გავაცდინო მთელი სემესტრი, მაგრამ არაფრის დიდებით პირველი კვირა. მაგრამ არაუშავს, მთელი წელი ვოცნებობდი იმაზე რომ biaff-ზე წავსულიყავი და ვყოფილიყავი 1 კვირა თბილისიდან და მშობლებისგან შორს და აუცილებლად წავალ და გავიყვან დროს ფილმების ყურებაში და დაუღალავ გართობაში.

მე ❤

პ.ს სწავლის დაწყებაში ყველაზე მეტად ახალი ბლოკნოტის ყიდვა მიყვარს ❤

პირველი კვირა თსუ–ში

ალბათ ის, რის მიმართაც დადებითად ხარ განწყობილი და სინამდვილეში აზრზე არ ხარ რა არის, სულ რომ ერთი ნაგავი აღმოჩნდეს მაინც მოგწონს.

მთელი აბიტურიენტობა თსუ–ს ნატვრაში გავატარე და არ მოვხვდი, მაგრამ ჩემი იქ სწავლის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოლოს თეუსუ და თსუ შეაერთეს (ჩემს თავზე ვიღებ ამ შეერთების ამბავს :დ ) და აგერ უკვე მესამედ II კორპუსში ლექციებსაც დავესწარი.

ბევრი თეუსუელისგან განსხვავებით საერთოდ არ გამჭირვებია http://sms.tsu.ge/ – ზე საგნების არჩევა, ამ საგნების ცხრილში მოძებნა და ინდივიდუალური ცხრილის დალაგება. არ გადმოვმდგარვარ თსუ–ს ფან ფეიჯზე და არ მიღრიალია თეუსუელებს ნუ გვჩაგრავთ–მეთქი.

თსუ თუნდაც მხოლოდ იმიტომ მომწონს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე მასწავლიან იმას რაც კავშირშია უშუალოდ სამართალთან და არა მიკრო თუ მაკრო ეკონომიკას, თუნდაც ვერბალურ ტექნოლოგიებს. როგორც ვთქვი მესამეჯერ დავესწარი უკვე ლექციებს და სამივე ლექტორით აღფრთოვანებული დავრჩი. მათი საუბრის მანერა, დამოკიდებულება სტუდენტებთან და საკუთარ საგნებთან, ადგილი სადაც თსუს II კორპუსია, გარშემო უამრავი ნაცნობი და საყვარელი სახე… მოკლედ ყველაფერი მომწონს. სასემინარო ჯგუფების ცხრილიღა დამრჩა გასარკვევი და ყველაფერი კარგად იქნება.

ყოველთვის, როცა სწავლას ვიწყებ, იქნება ეს სექტემბერი თუ არდადეგებიდან დაბრუნებული თებერვალი ვამობ ხოლმე ” ვსო, ამ სემესტრში კარგად ვისწავლი”. არ დავარღვევ ტრადიაციას და გავმეორდები – ვსო! ამ სემესტრში კარგად ვისწავლი. არ ვისწავლი და ვისი აჯობებს ვნახავთ, უბრალოდ გამოცდებს ვერ ჩავაბარებ და ეგ იქნება.

წარმატებები მე!

კი, კი დაგვერხევა :))

დღეს ბოლო გამოცდა გადავწერე.

როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი თეუსუ თსუ–ს უერთდება და ამის “აღსანიშნავად” ჩვენი ლექტორები ზედმეტად ლოიალურები გახდნენ და გამოცდებს კი არ ვწერთ, არამედ ვიწერთ. ერთადერთი გამოცდა რომელიც სიმკაცრით ჩატარდა ისტორია იყო, თუმცა ყველას მაინც დადებითი ქულა (21–ს ზემოთ) დაუწერა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი უფრო დაბალი ქულა დაიწერა გამოცდაზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდის პასუხები წინა დღეს “გაბაზრდა” ფეისბუქზე (როდის,როგორ ან რატომ არ ვიცი) და ყველამ უმაღლესი შეფასება მივიღეთ.

გამოცდა  სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიაში, გამოცოდა სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში, გამოცდა ინგლისურში  წინა დღეს დაკონსპექტებულიდან გადავწერე. ზოგმა წიგნიდან გადაწერა,ზოგმა გვერდზე მჯდომისგან. ჩვენ ამის უფლება მოგვცეს.

ვირო მადლიო, ჩემზეა ნათქვამი მაგრამ… რა გვეშველება მაშინ,როდესაც გამოცდებს ზევით, მაღლივში ჩაგვიტარებენ და გადაწერის კი არა გვერდზე გახედვის საშუალებას არ მოგვცემენ? კი, კი დაგვენძრევა :))

 

P.S მსგავსი თავისუფალი გამოცდები, როგორც ვიც მხოლოდ I კურსის ბავშვებს ცაგვიტარდა. ზედა კურსელები ცოტა აწამეს ^^

თეუსუ და მე #3

15–ში სწავლა დამეწყო.

9–საათზე დაგვიბარეს უნივერსიტეტის დარბაზში. მაგრამ რა თქმა უნდა 10–ის ნახევრამდე არაფერი მომხდარა.

რექტორი, დეკანი, ლექტორები და ა.შ გაგვეცვნენ. წაგვიკითხეს, კი არა და მოგვახსენეს, უნივერსიტეტის წესები, თხოვნები (და შემდეგ უკვე მოთხოვნები) და წარმატება გვისურვეს. ბიჭებს ეკრძალებათ (არ არის სასურველი) წვერგაუპარსავი და ქუდით სიარული. არ არის სასურველი საყურებიით “დვიჟენია”. გოგონებისთვის “დაპატარავებული” მაისურებით სიარულია მიუღებელია, რადგან ბათუმის და ზღვის დრო გავიდაო და არც ძალიან ცხელაო.

პირველი ლექცია პირველის ნახევარზე მეწყებოდა. ჩემი ჯგუფელები მიმოიფანტნენ და სულ მარტო დავბოდიალობდი წინ და უკან. საბედნიეროდ ჩემი პარალელური კლასელი ვიპოვე და ერთად გავაგრძელეთ უსაქმურობა.

პირველი ლექცია (სახელი არ მახსოვს) კომპიუტერებს უკავშირდებოდა. ლექტორი მთელი გულითა და სულით ცდილობდა ჩვენთვის “დისკტოპის”, “ბათომის”, ორჯერ სწრაფად დაკლიკვის სწავლებას… შემდეგი ორი ლექცია უკვე პრაქტიკას დაეთმო და ინტერნეტთანაც მოვხვდი. მოცემული 3 დავალება წარმატებით შევასრულე. შევქმენი სამი სლაიდი და ორი ფოტო ალბომი და დარჩენილი დრო http://www.ambebi.com – ზე ძრომიალს მოვანდომე (ხვალ დავწერ ამაზე პოსტს).

შესაბამისად კურსელების, მომიტევეთ ჯგუფელების, გაცნობა ვერ მოვახერხე. მხოლოდ ორი ბიჭის, ბესოს და თენგოს სახელები დავიმახსოვრე, ისიც იმიტომ რომ მათ შორის ვიჯექი ლექციაზე, თუ სემინარზე (რაც არის მოკლედ).

დღევანდელი დღე ოდნავ დაგვიანებით დაიწყო. მაგრამ კიდევ კაი ლექტორი არ იყო შესული (ორი დაგვიანებული სტუდენტი არ შემოუშვა). მხოლოდ ერთი ლექცია ჩაგვიტარდა და შინ გამოგვიშვა. გზად რამდენიმე ბავშვის გაცნობა კიდევ მოვახერხე. მერე რა რომ სახელები არ მახსოვს 😀 არა, ვიტყუები, რამდენიმესი დავიმახსოვრე. მაგალითად ჯგუფში ორი სოფო და ორი ხატია გვყავს, კიდევ ერეკლე,ნიკა… მოკლედ, საბოლოოდ მგონი კმაყოფილი ვარ. იმედია კარგი თუ არა ნორმალური ჯგუფი მაინც იქნება = ))