Tag Archives: ლექცია

პარასკევი, Timha 15.03

პარასკევი საშინელი დღეა.
დილის 9-ის ნახევარი იყო პირველად რომ გამეღვიძა. არ მახსოვს რამ გამაღვიძა, ტელეფონის ზარმა, კარზე ზარის დარეკვმ თუ დედაჩემის ხმაურმა, მაგრამ ფაქტი ისაა რომ საშინელ ხასიათზე გამეღვიძა. ამ ყველაფერს პარალელურად სამზარეულოდან გამოსული ტელევიზორის ხმა გასდევდა ფონად. გაბრაზებული წამოვვარდი ლოგინიდან, სამზარეულოს კარი მივხურე, ოთახის კარიც დავკეტე, ფარდები საგულდაგულოდ ჩამოვაფარე და დარჩენილი 2 საათი ძილისთვის მოვემზადე. თუმცა უშედეგოდ. 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე მილიონჯერ გაიჯახუნეს სხვადასხვა კარებები, მილიონჯერ დარეკა ტელეფონმა და ამდენჯერვე ჩამესმოდა ყურში ბებიაჩემის საოცრად ხმაურიანი ლაპარაკი. ტანჯვა წამებით და ვებით ასე თუ ისე გამოვიძინე.

11-ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა, ავდექი, ვისაუზმე და უნივერსიტეტში წავედი. 12-საათიდან 7 საათამდე გადაბმულად მქონდა ლექციები. ჯერ 3 საათიანი სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, მერე შრომის სამართალი და ბოლოს სამოქალაქო სამართლის პროცესი. ამ 7 საათის განმავლობაში ვცდილობდი მეპოვნა Timha და თავს ვიმედოვნებდი, რომ ითს ოქეი, რამე აუცილებლად გამოჩნდება და ამ პარასკევს იქნება პაწუკა, მაგრამ დღის ნათელი წერტილი-მეთქი. თუმცა, მუდმივად ის მახსენდებოდა, რომ  სახლში მკვდარი მივიდოდი, რიარია დამხვდებოდა იმიტომ, რომ ბებიაჩემის დაბადების დღეა და ამ ყველაფერს დამატებული ის, რომ ხვალისთვის სამეცადინო მაქვს. ხვალ, შაბათ დღეს უნივერსიტეტში 9-საათზე უნდა გამოვცხადდე და 4 საათამდე მაინც დავყო იქ.

ამ 7 საათის განმავლობაში ნათელი წერტილი ის ერთი საათი იყო, რომელიც შრომის სამართლის ლექციიდან გამოვედი. თვალებში ვეღარ ვიხედებოდი დაღლილობისგან და შიმშილისგან. მეგობრებთან ერთად იქვე ლობიანს გეახელით და დარწმუნებული იმაში, რომ ეს იყო ამ დღის ერთადერთი ბედნიერი მომენტი დავუბრუნდი ლექციებს.

მეორე, რამაც გამაბედნიერა უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ისევ დღის სინათლე იყო. ალბათ დიდი ხანია 7-საათზე აღარ ბნელა, მაგრამ მე ეხლა აღმოვაჩინე და რაღაცნაირად გამიხარდა, ვიგრძენი რომ გაზაფხულია.

ჩემს უბანს როგორც კი მივუახლოვდი იქვე, კორპუსთან მდგარი ხე შევნიშნე, რომელიც აყვავებული იყო და ლამაზი, პატარა, ვარდისფერი ყვავილები ჰქონდა. გადაღება მინდოდა, მაგრამ დღის სინათლე კარგი არ იყო, თანაც მომერიდა, იქვე ხალხი იყო და ყვავილის პოზიორობა არ მინდოდა :))

ჩემი მთავარი Timha სახლში მისვლისას აღმოვაჩინე:

20130315_191958ანანასი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდა და ეკლერი, რომელიც ძალიან მიყვარს. ჯერ არც-ერთი დამიგემოვნებია და შორიდან ვუმზერ ^_^ შესაფერის მომენტს ველოდები, რაიმე სერიალის ახალი სერიის დადებას, ან საინტერესო ფილმის მოძებნას და ყურების დროს ჭამას.

დავიმსახურე დღის ასეთი დასასრული და უკვე სამეცადინოც კი ვეღარ მიწამლავს ნერვებს. ხვალაც ანალოგიურად შევეცდები ვიპოვო რაიმე პაწუკა რომელიც გამაბედნიერებს.

Tsu VOL6

VOL6 იმიტომ, რომ მეექვსე სემესტრია თსუ-ში ვარ, მეექვსე სემესტრია საგნებს ვირჩევ კისრის ტეხვით, მეექვსე სემესტრია ყოველი სემესტრის დასაწყისში ვილანძღები და ვიგინები, მეექვსე სემესტრია სემესტრის დასაწყისში მიმკვდარი ვარ კომპიუტერს, მეექვსე სემესტრია მძულს ის სერვერი რომელზეც sms.tsu.ge-ა განთავსებული.

თუმცა, წინა 5 სემესტრისგან განსხვავებით, ამ სემესტრში გაცილებით კარგად და ორგანიზებულად იყო ყველაფერი:

1.იურისტებს ცალკე გაგვეხსნა ბაზა და შესაბამისად უფრო ნაკლებად ჭედავდა. ანუ, თუ მანამდე მჭირდებოდა 1 საათი, რომ როგორმე შემეღწია ბაზაში, ამ სემესტრში მხოლოდ 20 წუთი დამჭირდა.
2. ფეისბუქზე დეკანის მოადგილემ გააკეთა გრუფი, სადაც შეძლებისდაგვარად ხშირად წერდა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას. მაგალითად, წერდა  რომ ადგილების დამატება მოხდებოდა სისტემატიურად 12-საათიდან 5-საათამდე, ან ადგილები საგნებზე დაემატებოდა 3-საათზე. და წინა 5 სემესტრისგან განსხვავებით არ მიწევდა უნივერსიტეტიდან სახლში და სახლიდან უნივერსიტეტში სირბილი იმის გასარკვევად დაემტებოდა თუ არა ადგილები ამა და ამ საგნებს.
3. შეძლებისაგვარდ ყველა ჩვენს კითხვაზე ეცემოდა პასუხი. თუ უშუალოდ დეკანის მოადგილე არა, სხვ სტუდენტები, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ ჩართულნი აკადემიურ რეგისტრაციაში, გვეხმარებოდნენ.
4. ბაზაში გაკეთდა სპეციალური ველი, საიდანაც შეგვეძლო მიგვეწერა აკადემიურ რეგისტრაცისთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მოგვეთხოვა ადგილების დამატება ამა თუ იმ საგანზე და ა.შ. ჩვენი ეს წერილები დღის ბოლოს იკითხებოდ და მეორე დღეს ამატებდნენ ადგილებს. თუმცა, ჩემი ერთადერთი მოთხოვნა, დაემატებინათ ადგილები იმ ლექტორთან რომელთანაც მინდოდა არ გაუთვალისწინებიათ და ჯიბრზე ამატებდნენ მეორე ლექტორთან 🙂

აღარ მახსენდება ის პლიუსები რაც ამ სემესტრში იყო. რისფექთ თსუ რომ ამჯერად ყველაფერი შედარებით ორგანიზებულად გაკეთდა, ვიყავით ბოლომდე ინფორმირებულები და ა.შ

თუმცა, მაინც მინდა, რომ თსუ-ს ბავშვებმა ლარ-ლარი შევაგროვოთ და ახალი სერვერი ვიყიდოთ sms.tsu.ge-სთვის.

პ.ს უბრალოდ წუწუნი იმაზე, რომ ბაზა გვიან გამეხსნა და შესაბამისად ვერ ავირჩიე  რომელი ლექტორიც მინდოდა და საშინელი ცხრილი მაქვს მეზარება და ჯერჯერობით იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც ამ სემესტრში გაკეთდა.

“მოთამაშე”

ლექციიდან რომ გამოვედი, 10 საათი იქნებოდა. დილით ადრე თბილ აუდიტორიაში ჯდომას, მოსაწყენი ლექციის მოსმენას და ამ დროს ძილისგან თავის შეკავებას გამორჩეული ნიჭი უნდა.მითუმეტეს, როდესაც წინა ღამე თავზე დაგათენდა. მოთმინება მხოლოდ ერთი საათი მეყო. ავდექი და წამოვედი. მეექვსე კორპუსიდან რუსთაველის მეტრომდე სულ ფეხით დავდივარ. ისე შევეჩვიე, რამდენიც არ უნდა მაგვიანდებოდეს ლექციაზე, მაინც ფეხით წავალ. თან ძალიან მიყვარს ხალხზე დაკვირვება. ახლაც ფეხით მივსეირნობ. მოვდივარ ქუჩაში ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე და ჩემნაირს სხვასაც ბევრს ვამჩნევ. უფრო მეტი ახლადგაღვიძებული სახის დაფიქსირება კი, 9 საათისკენ შეიძლება. ამ დროს მოსწავლეებსაც ხვდები და იმ ხალხსაც, რომლებიც სამსახურში მიიჩქარიან.
იმ დღესაც ჩვეულებრივ მოვდიოდი, როდესაც ერთმა კაცმა მიიქცია ჩემი ყურადღება. იქნებოდა ასე 30-35 წლის, დისტროფიკივით გამხდარი იყო. წვრილი ცხვირი, მოკლე თმა და ჩავარდნილი ლოყები ჰქონდა. კაზინოდან გამოდიოდა. ჩვეულებრივ, ადამიანი შენობიდან გამოსვლას და ხუთი-ექვსი საფეხურის ჩავლას ამდენ ხანს არ ანდომებს და არც ამხელა ტრაგიზმს აქსოვს. ყველაფერი ნათელი იყო: მან დიდი ფული წააგო. ეტყობოდა, იმასაც არ უძინია წინა ღამეს. მთელი ეს დრო ალბათ კაზინოში გაატარა. ამ კაზინოს გვერდით მინიმუმ ასჯერ ჩამივლია და ხშირად მინახავს იქიდან გამოსული ხალხი. ერთხელ ისიც შევამჩნიე, როგორ გამოვიდა სამი ახალგზდა გაბადრული სახით და შუა ქუჩაში ასდოლარიანი კუპიურების თვლა დაიწყო. მიუხედავად ყველაფრისა, კაზინოს სახელი მაინც არ ვიცი. რადგან შენობის შესასვლელი თავზე რკინის დიდი კონსოლით არის დაფარული, რომელიც ქოლგასავით მთელ ტროტუარზეა გადაჭიმული. სწორედ მის წინა ნაწილზეა სახელი მოთავსებული, მე კი მის ქვეშ გავდივარ ხოლმე. მაგრამ თუ არ ვცდები, სახელში “საქართველო” უნდა ერიოს.
კაცი როგორც იქნა ჩამოსცდა კიბეებს, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, წვრილი, გრძელი თითებით გაუკიდა, კოლოფი დაჭმუჭნა და იქვე, ძირს დააგდო. შემდეგ ხელები ისევ გრძელი, გახუნებული ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო, თავი მოხარა და ისე გაუყვა გზას, თითქოს ვიღაცას უკნიდან ეპარებაო. მეც უკან მივყვებოდი. როგორც ჩანს, ერთი გზა გვქონდა და არ მინდოდა მისთვის გადამესწრო. დისტანციას ვიჭერდი და თან დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი. ფეხსაცმელიც და ტანსაცმელიც ძალიან გაცვეთილი ეცვა, მაგრამ ჩანდა, თავის დროზე ძვირად ფასობდნენ. ფიქრებში მისი ცხოვრების სავარაუდო ვარიანტებს ვადგენდი და ვიხილავდი. ყველაზე მართებულად ასეთი ვარიანტი ჩავთვალე: ჩაცმულობა იმაზე მეტყველებდა, რომ ოდესღაც ტანსაცმელში დიდი ფულის გადახდა შეეძლო, აქედან გამომდინარე, თავის დროზე მდიდარი კაცი იქნებოდა, რომელიც თამაშმა გააღარიბა და ტანსაცმელიც გაუცვითა.
მოთამაშე ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას. მე კი ნელი ნაბიჯით სიარულს არ ვარ შეჩვეული და ფიქრებში გართული ძალაუნებურად ზოგჯერ ძალიან ვუახლოვდებოდი. ერთხელ კინაღამ უკნიდან დავეჯახე კიდეც. სწორედ მაშინ შევნიშნე მისი გაჭაღარავებული თმა. ჩემი მოკლე ცოდნით, ახალგაზრდა კაცს თმა ორ შემთხვევაში შეიძლება გაუჭაღარავდეს: როდესაც მას რაიმე ნივთიერების ნაკლებობა აქვს, ან როდესაც იგი ბევრს ნერვიულობს. აშკარა იყო, ჩვენს მოთამაშეს ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი ერგებოდა. ხშირად მინახავს ასეთი ახალგაზრდები და ისიც კარგად ვიცი რატომ უთეთრდებოდათ ასე სწრაფად თმა გვერდებზე.
როდესაც ჩემი დანიშნულების ადგილს მიაღწია, ერთი წამით დავფიქრდი მეტროში ჩავსულიყავი, თუ კიდევ გავყოლოდი უკან. ცნობისმოყვარეობამ მძლია და გადავწყვიტე გამეგო საით მიდიოდა. აქამდე უამრავმა ავტობუსმა ჩაიარა, მაგრამ არც გაჩერებაზე მისულა და არც ტაქსისთვის დაუქნევია ხელი. ინტუიცა მკარნახობდა, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
ჩვენ დიდხანს ვიარეთ, ჩავიარეთ მელიქიშვილი, კოსტავა, რუსთაველი. თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელთან ერთი წუთით გაჩერდა, ასე იდგა კიბესთან გაუნძრევლად რამოდენიმე წამი. მერე კი დაბლა ჩავიდა. გავუყევით პუშკინს, ბარათაშვილს, და ბოლოს ხიდთან მივედით. იქ, ხიდზე მიმაგრებული ერთ-ერთი სტატუას გვერდით დადგა. უცნაური სტატუებია. თითქოს პლასტერინისგან იყვნენ გამოძერწილი. საღებავიც ასეთი უსვიათ. მოთამაშე სწორედ იმ სტატუასთან დადგა, რომელიც ვითომ წყალში ხტებოდა. ცხადი იყო რის გაკეთებასაც აპირებდა. მე შემეშინდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ის ხიდის შუაში იდგა, მე ბოლოში. ახლოს მისვლასაც ვერ ვბედავდი. ან რა უნდა მეთქვა? “გამარჯობა, მე კაზინოდან მოყოლებული უკან მოგყვებით და წყალში არ გადახტეთ!” იქნებ სულაც არ აპირებდა თვითმკვლელობას, იქნებ სულაც არ წაეგო ფული, იქნებ სულაც არ იყო თავის დროზე მდიდარი და იქნებ სულაც არ გაღატაკებულა თამაშის გამო. იქნებ უბრალო ადამიანი იყო, სხვებისგან არაფრით გამორჩეული და ასე აჩრდილივით სიარულიც მისი მანერა იყო. იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ის დავინახე, რისი დანახვაც მინდოდა. სწორიც რომ ვყოფილიყავი, განა რას გავაკეთებდი? მდინარეში გადავმხტარიყავი საშველად? ამ შემთხვევაში, იქნებ მე უფრო დავმხრჩვალიყავი ვიდრე ის. ერთადერთი რამ მომაფიქრდა აზრად: თუ მართლა გადახტებოდა “პატრულის” ყვირილს დავიწყებდი. ვიცი სისულელეა, მაგრამ ბოლო წლებში ყველა ასე აკეთებს და თანაც ხშირ შემთხვევაში მუშაობს. სუპერმენს რომ ეძახიან საშველად და ისიც ორ წამში იქ რომ გაჩნდება სადაც არ უნდა იყოს, პატრულზეც ასეა. ყოველ შემთხვევაში მყვირალი ამ იმედით ყვირის. მეც პატრულის იმედად ვიყავი დარჩენილი.
გულში იმაზე ვჯავრობდი, რატომ არ მიყვარდა წყალი და რატომ არ მომდომებია არასდროს ცურვა კარგად მესწავლა. ყოველთვის მერჩივნა, ნაპირთან ვმჯდარიყავი და ზღვის ხმისთვის მესმინა, როცა ჩემი მეგობრები წერტილებად მოჩანდნენ ჰორიზონტთან ახლოს. ამიტომაც ვისიცხებოდი ყველაზე ხშირად მარტო მე. ახლა კი, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი პატრულის ეკიპაჟისთვის რომ მომეკრა სადმე თვალი, თუმცა არც მოთამაშე მავიწყდებოდა. ის კი, იდგა კვლავ გაშეშებული და მტკვარს ჩასცქეროდა, თითქოს ამ ატალახებულ, ყავისფერ წყალში ფსკერს უყურებსო. დამუღამებული ჰქონდა ეს გაშეშებით დგომა. რომ შეგეხედათ, იფიქრებდით, ალბათ არც სუნთქავსო. მე ჩემს გასაჭირში ვიყავი როდესაც სრულიად მოულოდნელად თავი სწრაფად გაასწორა და მის სახეზე ღიმილი დავინახე. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჰაერში ჰქონდა მრავალმნიშვნელოვნად აღმართული. ვიფიქრე, სადაცაა მისი თავის გვერდით ანთებულ ნათურას ჩააქრობს მაგ ხელით-მეთქი. ღიმილი სახეზე არ მოშორებია.
ქურთუკის ჯიბიდან მობილური ამოიღო, გაშალა ერთხანს აწვალა, ალბათ ვიღაც გადაკარგულის ნომერს ეძებდა, შემდეგ კი დარეკა და მობილური ყურზე მიიდო. ღიმილი ისევ თავის ადგილას იყო. მობილური მალევე დაკეცა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. ალბათ, მასაც ის ხმა მოესმა, რაც მეც ასე ხშირად მესმის ხოლმე და რომელიც ყველას გვამცნობს ხმოვანი სიგნალი, რომ უფულობის გამო უარი გვითხრეს ზარის განხორციელებაზე. ეს “ტუ-ტუ-ტუ” დაახლოებით ასე იშიფრება:“ნება იბოძეთ, და ჯერ ანგარიში შეავსეთ, გეთაყვა!” აი, ასე ზრდილობიანად. არადა, “ტუ-ტუ-ტუუ” ხომ ზუსტადაც რომ არაზრდილობიანი სიტყვების დაფარვის ყველაზე ხშირადგამოყენებადი საშუალებაა. ესე იგი, რა გამოდის? მობილური ოპერატორი ამ დროს გვაგინებს? მე, მაინც იხტიბარს არ გავიტეხ და პირველ ვერსიაზე შევჩერდები.
წინანდელთან შედარებით, კონტრასტული განწყობა არ შესცვლია და არც აჩრდილივით და ქურდივით მოკუნტულს გაუგრძელებია გზა. მხრებში გაიმართა, და ლაღი ნაბიჯებით ანჩისხატის მხარეს გადავიდა. ვიფიქრე, მგონი ეშველა-მეთქი და მეც ავტობუსების გაჩერებისკენ გავსწიე. თან გულში საკუთარი თავის მრცხვენოდა, იქნებ ყველაფერი მართლა მე მოვიგონე-მეთქი.
საღამო იყო, ექვსს გადასცდენოდა და მეც 6 საათიან ლექციაზე მაგვიანდებოდა. სწრაფი ნაბიჯებით, ისევ უავტობუსოდ მივდიოდი. ვიცოდი, ლექტორი დაგვიანების გამო არ დამტოვებდა აუდიტორიის გარეთ, მაგრამ მაინც სწრაფად მივდიოდი. ყველა ასე აკეთებს რომ აგვიანდება, რომც არ იყოს დაგვიანება პრობლემა. ეს, ალბათ გამომუშავებული ინსტინქტი, ან რამე ამდაგვარია. ასეთი ტერმინების მორგება კარგად არ გამომდის.
იმ კაზინოს მივუახლოვდი, და რას ვხედავ?! ჩვენი მოთამაშე ისევ იქაა. ოღონდ ახლა სახით შესასვლელისკენ დგას, ტროტუარის მეორე მხარეს და კარს მისჩერებია, ისევ ისე, გაუნძრევლად, სუნთქვის გარეშე. წვრილ ხელში სიგარეტი უჭირავს. როგორც ჩანს ერთ-ორი ნაპაზი გამოურტყია და იმის მერე თვითონაც გაშეშებულა და სიგარეტიც ხელში გაუშეშებია. ძალაუნებურად, მეც ადგილზე გავქვავდი და თითქოს სუნთქვა შემეკრა. ველოდებოდი რას იზამდა. მოულოდნელად, ალბათ მზერა იგრძნო, გამომხედა. მე დავიბენი, თვალი სწრაფად მოვაშორე და გზის მეორე მხარეს გადავედი. ისეთი ადგილი შევარჩიე, მისთვის შეუმჩნეველი რომ ვყოფილიყავი. სულ დამავიწყდა, რომ მაგვიანდებოდა, მაგრამ ლექცია მოიცდიდა. იდგა ასე, იდგა დაახლოებით ორი წუთი, სანამ სიგარეტი თითებამდე არ ჩაიწვა და ნამწვავმა თითი არ დაუწვა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. ხელი სწრაფად გაიქნია და შემდეგ დამწვარი თითი პირში ჩაიდო. მერე ხელები ისევ ქურთუკში ჩაიწყო, ისევ ქურდულად მოიკუნტა, ერთი-ორი ისკუპა და კაზინოს კარს უკან გაუჩინარდა.
მაშინღა მივხვდი რამ გაახარა ასე დილით, მტკვარს რომ ჩაჰყურებდა დიდის ამბით. მან ის ადამიანი გამონახა, ვინც ფულს ასესხებდა და ამით ცხოვრება გაუხანგრძლივა.
მეორე დღეს ლექციები შუადღით მქონდა და დილით რაღათქმაუნდა ლოგინში დავრჩი. ძალიან კი მაინტერესებდა როგორი სახე ექნებოდა დილით ისევ რომ გამოვიდოდა კაზინოდან ხელცარიელი. იქნებ, სულაც ამჯერად მოეგო და გამდიდრებულიყო. იქნებ, ამჯერად ფულის სესხების ვარიანტები ამოსწურვოდა და ისევ მტკვრისკენ გაჰყოლოდა გზას. იმის მერე იქ რომ გავივლი, თვალი კაზინოს კარისკენ გამირბის, მაგრამ ის აღარ შემინიშნავს.

prodigycow სიყვარულოვნას ბლოგისთვის.

სტუდენტობა ისეთი,როგორიც მინდოდა

ხშირად მეკიტხებიან აღმოჩნდა თუ არა სტუდენტური ცხოვრება ისეთი როგორიც მეგონა.

ჩემი პასუხი ყოველთვის უარყოფითია.

როგორი მეგონა?

პირველ რიგში მინდოდა რომ ჯგუფი მყოლოდა ბევრად აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელური. მერე იმედი მქონდა რომ რაღაც სამსახურს ვნახავდი, მიმიღებდნენ და ვიმუშავებდი. მექნებოდა ხელფასი და დილით გზის ფულის გამორთმევა მაინც აღარ დამჭირდებოდა. არ მინდოდა ლექციების დასრულების შემდეგ გადავსულიყავი ქუჩაზე,დავლოდებოდი 169 ნომერ “მარშუტკას” და წამოვსულიყავი სახლში. არ მინდოდა სახლში ერთი–ორი საათი მეწუწუნა იმაზე,რომ ხვალ სემინარი მაქვს და რომ აუარება მაქვს სასწავლი, არ მინდოდა რომ საღამოს ჩვეულებრივად გამომერთო კომპიუტერი და დამეძინა საშინელი განწყობით, რომელსაც დილის 8–საათზე დარეკილი მაღვიძარა გააგრძელებდა.არ მინდოდა ყოველ დილით მეფიქრა წავიდე არ წავიდეზე და ისევ ისეთი უინტერესო,მოსაბეზრებელი და პასიური დღე ყოფილიყო,როგორიც წინა იყო.

ჯერ სულ რაღაც 3 კვირაა რაც სწავლა დავიწყე და ყველაფერი წინ მაქვს? პირველ კვირაშიც მაგას მეუბნებოდნენ, მეორე კვირაშიც და ალბათ ასე გაგრძელდება იქამდე სანამ სიტუაცია არ შეიცვლება.

ჯგუფს რას ვერჩი?

არაფერს :)) ყველანი კარგები არიან, უბრალოდ ჩვენ ყველა ერთად ვერ ვქმნით ისეთ სიტუაციას რომელშიც თავს ისე ვიგრძნობდი, როგორც თევზი წყალში.

ასე რომ, ძირფასო აბიტურიენტებო წინასწარ ნუ შეიქმნით რაღაც ფანტაზიებს სტუდენტობასთან დაკავშირებით. მე თავი ისევ სკოლის მოსწავლე მგონია, რომელიც გაკვეთილების შემდეგ სახლში მიიჩქარის სამეცადინოდ

თეუსუ და მე #3

15–ში სწავლა დამეწყო.

9–საათზე დაგვიბარეს უნივერსიტეტის დარბაზში. მაგრამ რა თქმა უნდა 10–ის ნახევრამდე არაფერი მომხდარა.

რექტორი, დეკანი, ლექტორები და ა.შ გაგვეცვნენ. წაგვიკითხეს, კი არა და მოგვახსენეს, უნივერსიტეტის წესები, თხოვნები (და შემდეგ უკვე მოთხოვნები) და წარმატება გვისურვეს. ბიჭებს ეკრძალებათ (არ არის სასურველი) წვერგაუპარსავი და ქუდით სიარული. არ არის სასურველი საყურებიით “დვიჟენია”. გოგონებისთვის “დაპატარავებული” მაისურებით სიარულია მიუღებელია, რადგან ბათუმის და ზღვის დრო გავიდაო და არც ძალიან ცხელაო.

პირველი ლექცია პირველის ნახევარზე მეწყებოდა. ჩემი ჯგუფელები მიმოიფანტნენ და სულ მარტო დავბოდიალობდი წინ და უკან. საბედნიეროდ ჩემი პარალელური კლასელი ვიპოვე და ერთად გავაგრძელეთ უსაქმურობა.

პირველი ლექცია (სახელი არ მახსოვს) კომპიუტერებს უკავშირდებოდა. ლექტორი მთელი გულითა და სულით ცდილობდა ჩვენთვის “დისკტოპის”, “ბათომის”, ორჯერ სწრაფად დაკლიკვის სწავლებას… შემდეგი ორი ლექცია უკვე პრაქტიკას დაეთმო და ინტერნეტთანაც მოვხვდი. მოცემული 3 დავალება წარმატებით შევასრულე. შევქმენი სამი სლაიდი და ორი ფოტო ალბომი და დარჩენილი დრო http://www.ambebi.com – ზე ძრომიალს მოვანდომე (ხვალ დავწერ ამაზე პოსტს).

შესაბამისად კურსელების, მომიტევეთ ჯგუფელების, გაცნობა ვერ მოვახერხე. მხოლოდ ორი ბიჭის, ბესოს და თენგოს სახელები დავიმახსოვრე, ისიც იმიტომ რომ მათ შორის ვიჯექი ლექციაზე, თუ სემინარზე (რაც არის მოკლედ).

დღევანდელი დღე ოდნავ დაგვიანებით დაიწყო. მაგრამ კიდევ კაი ლექტორი არ იყო შესული (ორი დაგვიანებული სტუდენტი არ შემოუშვა). მხოლოდ ერთი ლექცია ჩაგვიტარდა და შინ გამოგვიშვა. გზად რამდენიმე ბავშვის გაცნობა კიდევ მოვახერხე. მერე რა რომ სახელები არ მახსოვს 😀 არა, ვიტყუები, რამდენიმესი დავიმახსოვრე. მაგალითად ჯგუფში ორი სოფო და ორი ხატია გვყავს, კიდევ ერეკლე,ნიკა… მოკლედ, საბოლოოდ მგონი კმაყოფილი ვარ. იმედია კარგი თუ არა ნორმალური ჯგუფი მაინც იქნება = ))

ზარი უჩემოდ

ხვალ, ბოლო 12 წლის მანძილძე, პირველად იწყება სკოლა ჩემ გარეშე. ხვალ, 9–საათზე, პირველად დაირეკება ზარი და მე კლასში არ ვიჯდები “ჩემს ადგილზე”. ხვალ, სკოლის ეზოში უჩემოდ შეიკრიბება ასობით მოსწავლე (ათასამდე), უჩემოდ მოიკითხავენ ერთმანეთს და იქნება “მომენატრე”, “როგორ შეცვლილხარ”, “სად დაისვენე?”, “აუ არდადეგები როდის დაიწყება?”.მასწავლებლები კიდევ ერთხელ (და შემდეგი ერთი კვირა) მიულოცავენ სასწავლო წლის დაწყებას და ესეც უჩემოდ იქნება. კიდევ ერთხელ გააფრთხილებენ რომ ყველაფერი შეიცვალა, რომ ისე ვეღარ იქნებიან როგორც უწინ (და მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გაიმეორებენ ამ სიტყვებს). პირველკლასელებს კიდევ ერთხელ მიულოცავენ სკოლაში “პირველ ნაბიჯებს”, კიდევ ერთხელ ეტყიან რომ “ისინი უკვე დიდები არიან და დროა ისწავლონ დამოუკიდებლად თავის გატანა”. აბიტურიენტებს ჩაუტარებენ მრავალწუთიან ლექციას იმის თაობაზე, რომ რთული წელი აქვთ და უნდა იშრომონ და რომ მხოლოდ სწავლის შედეგად შეიძლება მიღწეულ იქნას მათი მიზანი. შემდეგ რამოდენიმე სკოლა დამთავრებულის სახელს და გვარს დაუსახელებენ რომლებმაც ჩააბარეს და სახელწმიფო გრანტიც მიიღეს. მაგ: ჩემი დის კლასსში შევა რომელიმე მასწ. დაიწყებს ლექციას, ბოლოს ხელს გაიშვერის მარიამისკენ და იტყვის:  “აი, შენმა დამ ხომ ჩააბარა წარმატებულად? ხო და შენც უნდა ისწავლო უკვე…”

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…

ხვალ პირველად დაირეკება შესვენების 5–წუთიანი ზარი…

ხვალ პირველად იქნება სკოლა ბავშვებით სავსე უჩემოდ…

ხვალიდან პირველად მოუშლიან დირექტორს (და არა მარტო) ნერვებს უჩემოდ. მაგრამ ეჭვი მეპარება ეს საქმე ჩემზე უკეთ რომელიმეს გამოუვიდეს.

არ მეგონა თუ გული ასე დამწყდებოდა, იმის გამო რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვეღარ ვიქნები.

ბავშვებო, ვიცი არ/ვერ წაიკითხავთ ამას, რადგან ფეისბუქზე დაშეარებული ლინკის ნახვა დაგეზარებათ (ესეც იმიტომ რომ არ იცით რას ვაშეარებ თორემ აქ შემოსვლას ვინ დაგასწრებდათ), მაგრამ მე უზომოდ მომენატრეთ. პირველი კლასიდან დაწყებული 12 კლასის ჩათვლით ყველა წუთი და ყველა მოგონება მახსენდება. ყველა ჩხუბი, კამათი, ცემა–ტყეპა, არ შემდგარი შატალოები, ზურგს უკან ჭორაობები, აცრემლებული თვალები, გადაკეთებული სიმღერების მღერა, უცნობის სიმღერებზე ცეკვა და “ბოლომდე დამხობა”, მასწავლებლების პაროდიები, “10 თეთრი მომეცი რა”, “აუ გარედან ჩაგვკეტე რა”, “ერთი ხელიც მას და ვამთავრებთ” (ეს ჯოკრის თამაშისას), “წამო, სადმე წავიდეთ” (და რა თქმა უნდა ვერსადაც ვერ წავსულვართ)…

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…