Tag Archives: ლოგინი

ორშაბათი

7:30 სთ. მაღვიძარა რეკავს. რაც ტელეფონს ჩიპი ამოვაცალე და ჩემს ძმას ვაჩუქე, მაღვიძარას ზარიც ბუნებრივია შეიცვალა. მთელი 4 წელი გერმანული მარშის ხმაზე ვიღვიძებდი, თანაც სასწრაფოდ, რომ რაც შეიძლება მალე გამომერთო. ბოლო 2 თვეა ძალიან წყნარი და ჩუმი ზარი რეკავს, უბრალოდ ჩემს ტელეფონში მეტი ხმაურიანი ვერაფერი ვიპოვე. მაგრამ, ყველა ზარი რომელიც დილით მაღვიძებს საშინელება და კატასტროფაა. სასწრაფოდ გადავყავი ხელი გვერდზე მდგომი ტუმბოსკენ, ტელეფონი ხელის ფათურით ძლივს ვიპოვე. საერთოდ, რთულია ისეთი პაწუკა ტელეფონის პოვნა ჩემ ტუმბოზე როგორიც ნოკია 5310-ია, განსაკუთრებით მაშინ თუ იგი ტანსაცლის, წიგნის, ლეპტოპის და დიდი ჩანთის ქვეშაა. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა გაუბედურდეს ჩემი ჯართი ნოკია, მაინც ყველაფერს მირჩევნია. ამდენი წელია ერთად მოვდივართ ბოლო-ბოლო. მაღვიძარა გამოვრთე. ვინებე და თვალებიც გავახილე რამოდენიმე წამით. აივანთან ახლოს მძინავს, ფარდებს ძილის წინ არ ვწევ და ახალ გაღვიძებულს ახლად ამოსული მზე მეგებება ხოლმე. არ მიყვარს დილით მზე. 5 წუთი მჭირდება რომ საკუთარი თავი დავარწმუნო და თვალები საბოლოოდ გავახილო. მთავარი ეგაა, მერე ადგომაც გაცილებით ადვილია.

7:45 სთ. სულ 15 წუთი მჭირდება იმისთვის, რომ უნივერსიტეტში წასასვლელად მზად ვიყო. რა თქმა უნდა ამ 15 წუთში ჩანთის ჩალაგება არ შედის. ჯერ კიდევ დადებილებული სახით ლეპტოპს ვრთავ, 2 წუთი, არც კი, სჭირდება რომ ჩაირთოს და მე ამასობაში სამზარეულოში გასვლას და ყავის გაკეთებას ვასწრებ. დილით მიყვარს ყავა, იმიტომ არა რომ მივეჩვიე და უკოფეინოდ ვერ ვძლებ. არა, უბრალოდ ყავა მიყვარს. ნახევარი საათი, იმაზე ორჯერ მეტი ვიდრე ჩაცმა-დახურვაში მჭირდება, აუცილებელია დილის ფეისბუქისთვის. ვთვლი, რომ მსზე უკეთესი ადგილი გამოსაფხიზლებლად არ არსებობს. ფეისბუქი განსაკუთრებით საინტერესო ხდება როცა გუშინ ძალიან ადრე დაწექი.

8:20 წთ. გაჩერებაზე ვარ და ავტობუსს ველოდები. ვაკის მიმართულებით 2 ავტობუსი დადის, 21 და 51. რა თქმა უნდა ორივე სავსე და ორივე გატენილი. არსებობს ალტერნატიული გზაც. გაცილებით კომფორტული, გაცილებით სწრაფი და გაცილებით ძვირი. სამწუხაროა, მაგრამ უმუშევარ სტუდენტს 80 თეთრის “მარშუტკაში” გადახდა ძალიან მენანება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მირჩევნია ამ წამს ავტობუსში შეტენვას მაინც ავტობუსს ვუცდი და “მარსუტკას” სევდიანი თვალებით ვაცილებ.

8:50 სთ. უნივერსიტეტში ვარ. უფრო სწორად, უნივერსიტეტთან. მიყვარს დილით მეორე კორპუსის კიბეებზე დგომა და მოწევა, თუნდაც მაშინ როდესაც ვინმეს ველოდები. ასე მგონია მაგ დროს ჰაერი სუფთაა, ქუჩაში ბევრად ნაკლები მანქანა, უნივერსიტეტთან მაქსიმუმ 5 კაცი, მზე ნახევრად ამოსული. დამლაგებლები ჩამოყრილ ფოთლებს გვიან და სიგარეტის ბიჩოკებს აგროვებენ. რატომღაც ყველა ვინც ეწევა ბიჩოკს ძირს აგდებს და მე თავი სრული იდიოტი მგონია ხოლმე, როცა ნაგვის ურნასთან მივდივარ, ვაქრობ ანთებულ სიგარეტს და ვაგდებ ნაგვის ურნაში.

9:00 სთ. ლექცია იწყება. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. სისხლს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიყვარს ეს საგანი, გაცილებით საინტერესო, გაცილებით ადვილი, გაცილებით მრავალფეროვანია. ვისთვის როგორ პრინციპში. რაც სწავლა დაიწყო სისხლის ლექციაზე ჯერ არ ვყოფილვარ. 17-ში ბათუმში ვიყავი, 24-შიც ბათუმშიც ვიყავი, 1-ში არჩევნები იყო და 8-ში მეც მივაღწიე ფდა-მდე. ლექციის თემა მკვლელობა (108-ე მუხლი) და მკვლელობა დამამძინებელ გარემოებებშია (109-ე მუხლი). მსიამოვნებს მოსმენა, გაგება და აღქმა. მხოლოდ იურისტი თუ გამიგებს.

11:00 სთ. ლექცია მორჩა. მთელი დღე თავისუფალი მაქვს. მაგრამ ვინაიდან წიგნები ძალიან ძვირი ღირს და + ამას სახლში ვერ ვმეცადინეობ ბიბლიოთეკაში ვრჩები. იმას, რასაც ბიბლიოთეკაში 1 საათში ვსწავლობ, სახლში მთელ დღეს ვუნდები. იმიტომ რომ სახლში ფეისბუქია, წყალია, ტუალეტია, საჭმელია და უამრავი 1000 ნივთი და ხელსაწყო რაც ხელს გიშლის მეცადინეობაში. ბიბლიოთეკაში მეცადინეობა ძალიან პროდუქტიულია და ამას წინა სემესტრში მივხვდი.

13:00 სთ. ვარჯიშს თავი დიდი ხანია დავანებე. დღეს კი როგორც იქნა მივაღწიე. კარების კოდიც კი დამვიწყნია იმდენი ხანია არ ვყოფილვარ. მიხარია ვარჯიშის დაწყება, მიხარია რომ 2 თვის ფული წინასწარ გადავიხადე. ასე ის ფული აღარ დამეხარჯება და მეც ორი თვე ყველა ვარიანტში მომიწევს სიარული. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო-ბოლო ის ფული დამენანება რომელიც უკვე გადავიხადე.

15:00 სთ. სახლის კარი მამაჩემმა გამიღო. გაუკვირდა, ასე ადრე სახლში რატომ მოხვედიო. ლექციები მომირჩა, ვიმეცადინე კიდეც და ვარჯიშზეც ვიყავი-მეთქი. მაგ ყველაფრის მერე არსად არ წახვედიო? ან ვინმე არ გყავდა სანახავი ან “რაღაც” არ გქონდა გასაკეთებელიო? თავი დამნაშავეთ ვიგრძენი, ასე ადრე სახლში აღარ დავბრუნდები.

19:00 სთ. უსაქმურობისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. მაცივარს მივადექი და საყინულეში თევზი ვიპოვე. გავალღვე მიკროტალღოვან ღუმელში. გავასუფთავე, გავრეცხე და შევწვი. ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა. თითებს რომ ჩაიკვნეტდი ისე. ვარჯიშთან ერთად დიეტაც დავიწყე, უფრო სწორად გავაგრძელე, და ვიფიქრე ასეთ დროს ჭამა ცუდი იდეაა და ხვალისთვის იდეალური სადილი გამომივიდა-მეთქი. ფუტურამას ყურება დამშვიდებული და კმაყოფილი სინდისით გავაგრძელე. მომწონს ფუტურამა, ძალიან სახალისო და ტონკი იუმორით გაჯერებული სერიალია. ერთ-ორ საათში სამზარეულოში გავლასლასდი და ის თეფში, რომელზე იდეაში თევზი დავტოვე, ცარიელი და გასარეცხი დამხვდა. თუკი ჩემთვის გვიანი აღმოჩნდა ასეთ დროს ჭამა, ჩემი ძმისთვის და მამაჩემისთვის იმდენი თევზი საკმარისიც არ აღმოჩნდა. მე ხომ მშვიდი და წყნარი ნერვები მაქვს, ხოდა არაფერი დამილეწია სიბრაზისგან.

23:00 სთ. დავიღალე, მეძინება და ერთი სული მაქვს ლოგინში შევძვრე. საბანში გახვევა ერთი სიამოვნებაა. ვიფიქრე ცოტას წავიკითხავ-მეთქი, ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა” დავიწყე. დროის უქონლობის და ფეისბუქის გამო მხოლოდ ძილის წინ ვახერხებ წაკითხვას, ისიც 3-5 ფურცლისა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ნაკლებადაა დიალოგები და ბლომად უუუზარმაზარი აბზაცები, მაინც ადვილად და საინტერესოდ იკითხება. დღეს 3 ფურცლამდეც ვერ გავქაჩე, ჩემს დას შუქის ჩაქრობა და თავისი ნეთბუქის გამორთვა ვთხოვე, ძილში ხელს მიშლის-მეთქი და 5 წუთში ისე ჩამეძინა სინათლე და ნეთბუქი არ გაუთიშავს.

დილით ისევ დარეკავს საშინელხმიანი მაღვიძარა.

როგორ გავხდეთ სასურველი

არსებობს რამდენიმე “საიდუმლო” იმისა თუ როგორ ვიქცეთ მამაკაცებისთვის სასურველ ქალად. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია რომ ყველა მამაკაცის და ყველა ქალბატონის ერთ ქვაბში მოქცევა და “საიდუმლოს” ყველასათვის მისადაგება ცოტა უხერხულია, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ყველა ინდივიდუალურია და გემოვნებაც შესაბამისად ინდივიდუალური აქვთ.

თუმცა კაცების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ქალი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას და ჰქონდეს:

  • ე.წ გიტარისებური ტანი;
  • კარგი მკერდი – რომელშიც ზოგი ფორმას, ზოგი ზომას გულისხმობს;
  • სწორი ფეხები;
  • ბარკლები, სადაც ხელს “გემრიელად” მოჰკიდებენ.

თუმცა, შესაძლებელია ქალი აკმაყოფილებდეს ზემოთჩამოთვლილ ყველა პირობას, მაგრამ რაღაც-რაღაც მიზეზების და გამო ვერ იქცეს სასურველად და იმ ერთადერთად. გარდა ლამაზი და ჩამოსხმილი სხეულისა, სასურველია ქალს ჰქონდეს ცოტა ტვინი, აზროვნების უნარი, იუმორის გრძნობა და ის თვისებები რითითაც საპირისპირო სქესს მოხიბლავს.

რთულია იმსჯელო იმაზე თუ როგორი უნდა იყო, რომ გახდე ვინმესთვის სასურველი. როდესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენი მიზნისთვის იყოთ სასურველი ალბათ დაგჭირდებათ იმ “მიზნის” პირველრიგში კარგად შეცნობა. უნდა იცოდეთ რა უყვარს, რა სიამოვნებს, როგორ რეაგირებს ამა თუ იმ ქცევებზე და ა.შ. უნდა იცოდეთ როდის როგორ ხასიათზე, როდის რა უნდა და თქვენც შესაბამისად იმოქმედოთ.

კარგი როდესაც გაქვთ კარგი ტანი, ცოტა ტვინი მაინც, აზროვნების უნარი, საზოგადოებაში სესაბამისად მოქცევის შნო და სხვა ფრიად დადებითი თვისებები. თუმცა, სულ მაინც იდეალთან მიახლოებულიც რომ იყოთ შესაძლებელია ვერ გახდეთ მისთვის სასურველი და იდეალური. მიზეზი ერთია – არ იცნობთ მას და მის ხასიათს.

საერთოდაც, მე მიმაჩნია, რომ მამაკაცისთვის თუ გსურთ იყოთ იდეალური და სასურველი ქალი, აუცილებელია ლოგინში იყოთ უკანასკნელი ბოზი და ლოგინს გარეთ საუკეთესო მეგობარი. საუკეთესო მეგობარი ხომ სწორედ ისაა ვინც ყველაზე კარგად იცნობს მეორეს, და ეს “ცნობადობა” ყველგან გამოგადგებათ.  თუმცა, შესაძლებელია ჩემმა ფორმულამაც არ გაამართლოს ყველასთან, თუნდაც იმიტომ რომ როგორც ზევით აღვნიშნე ყველა ინდივიდუალურია და ყველა ინდივიდუალურად იმსახურებს მიდგომას და ყველანაირი საიდუმლო იმისა, თუ როგორ გახდეთ სასურველნი აბსურდია!

ორი დღე საავადმყოფოში

არ ვიცი რას დავაბრალო მაგრამ, ჩემს და-ძმას მაშინ უნდებათ მოწამვლა როდესაც სახლში ჩემს გარდა არავინაა და დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მომდევნო რამდენიმე დღე არც არავინ იყოს. ასე, 2-3 კვირის წინ ჩემი ძმა მოიწამლა, რომელიც ავად თუ კარგად ერთ დღეში დასრულდა. ძირითადად სუხარით, მოხარშული კარტოფილით, ნაბეღლავით და ძილით ვუმკურნალეთ, რამაც შედეგად გამოიღო ის, რომ გაღვიძებისთანავე ეზოში ჩასვლა მთხოვა და პასუხად დიდი “არა” მიიღო.

რამდენიმე დღის წინ ჩემი და გახდა ცუდად, როგორც ჩანს წინა დღისით ნაჭამმა სოკოს ღვეზელმა აწყინა. ვიფიქრეთ მასაც მალევე გადაუვლიდა და საღამომდე გაუმჯობესების მაგივრად გაუარესება რომ შევატყვეთ და აფთიაქშიც სასურველი წამლის ნაცვლად გვითხრეს სასწრაფო გამოიძახეთო, ისღა დაგვრჩენოდა 112-ზე დაგვერეკა და სახლის მისამართი გვეთქვა.

სასწრაფომ ინფექციურში გადაიყვანა, გადასხმები გაუკეთეს, ნემსები დაარჭეს და უთხრეს: ამაღამ აქ უნდა დარჩეო. ვინაიდან და რადგანაც ჩემი მშობლებიდან არც-ერთი გახლავთ თბილისში მომიწია ღამე იქ დარჩენა. საბედნიეროდ, ის პალატა არ გავსებულა და ცარიელ ლოგინზე მშვიდად მეძინა. პრინციპში, რამდენად მშვიდი იყო ჩემი ძილი ვერ გეტყვით.

ინფექციურში მისვლისას პირველი რაც გვკითხეს იყო “დაზღვევა გააქვთ?” და აი როდესაც საქმე თანხის გადახდასთან მივიდა კიდევ ერთხელ დავინახე რომ დაზღვევა საჭირო კი არა აუცილებელია. მთავარია პაკეტი შეარჩიო სწორად და იცოდე რას აგინაზღაურებს კომპანია და რას არა. 6 პაციენტიდან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა დაზღვევა და ყველაზე მშვიდადაც ის იწვა.

ინფექციურში არის სულ 3 პალატა, ერთი ქალების, ერთი კაცების და ერთიც ბავშვების. მიუხედავად იმისა,რომ ამხელა ინფექციური საავადმყოფო ჰქვია, 6 კაციან პალატაში 20-მდე ადამიანი ირეოდა და “თუ შეიძლება ფეხი გაწიეთ უნდა გავიარო” სიტუაცია იქმნებოდა დღის განმავლობაში. ცარიელი ლოგინიდან საჯდომი არ ამიწევია, იმის შიშით რომ ვინმეს არ ეხია და ღამე სკამზე მჯდომარეს არ მომწეოდა ღამის გათენება. ასევე ვოცნებობდი, რომ ღამის განმავლობაში არავინ შემოეყვანათ პაციენტი და არ ეთხოვათ ჩემთვის “უკაცრავად, მაგრამ აბრძანდით ლოგინიდანო”. მერე რა, რომ ზუნზლიანი ლოგინი იყო, მთავარია ვიწექი ავად თუ კარგად და მეძინა.

ორი დღე საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ მთელი დღე იჯდე და სუხარის ჭამის მეტი არაფერი აკეთო. ამ დალოცილ საავადმყოფოებში ერთი wi-fi რა გაუხდათ კი მაგრამ? ან პავლოვზე აქამდე რატომ არ დააყენეს “უფასო ვაიფაი მთელს ქალაქში”?. ყველაზე მოსაბეზრებელი ალბათ მაინც ნათესავ-ახლობლების ვიზიტი საყვედურნარევი კილოთი “რატომ არ დაგვირეკეთ გოგო” იყო. მესმის მათი, ნერვიულობდნენ, მაგრამ რა ვიცოდით ჩვენ თუ ასე სერიოზულად იქნებოდა მოწამვლა? საერთოდაც ვფიქრობდით ერთი გადასხმა დასჭირდებოდა 6-ის ნაცვლად და იმ ღამეს გაგვიშვებდნენ და ორ ღამეს არ გაგვაჩერებდნენ, მაგრამ ჰა.

ღამით აფთიაქი და მაღაზია დამჭირდა, ამისათვის კი ღამის პირველ საათზე პავლოვზე 15 წუთიანი ბოდიალი, მანქანებისთვის მზერით და თვალებით იმის ახსნა რომ “ოე, ვინმეში ხომ არ გეშლები ბიჭო!” და მეძავისა და სავარაუდო “კლიენტის” ჩხუბისთვისთვის თავის არიდების მხრივ ქუჩის საპირისპირო მხარეზე გადასვლა დამჭირდა. ყველაფერ ამის შემდეგ შევდივარ აფთიაქში და მეუბნებიან რომ 5-ლარიანის ხურდა არ აქვთ და არ მომცემენ იმას რის გამოც ეს ყველაფერი გამოვიარე. ათამდე დავითვალე, არ ვაგინე, დავმშვიდდი და გზა განვაგრძე. ჩემს ბედად იქვე ახლოს იოლი იყო და მედიკამენტებიც იყიდებოდა. მიხარია რომ 24 საათიანი დიდი მაღაზიები არსებობს ❤ მერე რა რომ 4 სიგარეტი ვიკითხე და არც-ერთი არ ჰქონდათ.

მეორე დღეს პალატაში ერთი მოხუცი ქალბატონი შემოიყვანეს, რომელიც ასაკთან შედარებით საკმაოდ მოტეხილი იყო და მუდამ რაღაცის ეშინოდა, რის გამოც ყოველთვის იყო პალატაში ექთანი, რომელიც მუდმივად ჩხუბობდა ამდენი ხალხი ნუ ხართო. ერთ პალატაში ცოტა პაციენტები შეიყვანეთ გეთაყვა და ამდენი ხალხიც აღარ იქნება იქ! მოხუც ქალბატონს საშინლად წიკვინა გოგო დაემატა. რომელიც ყველა მოძრაობაზე წუწუნებდა და კვნესოდა. ხან ისტერიკას აწყობდა გადასხმისას ნემსის გაკეთებაზე და ხანაც დარდობდა რომ კათეტერი ძილში ხელს უშლიდა. ალალი იქნებოდა მასზე ერთი შემოლაწუნება ❤ ყოველთვის მიკვირს, როგორ უნდა მოახერხო დედამ და გაზარდო ასეთი ჭირვეული შვილი?!

მეორე ღამესაც მეძინა, კიდევ კარგი და საბედნიეროდ დილით მამაჩემი ჩამოვიდა და სახლში წამოსვლა და წყლის გადავლება და იმ სიბინძურის ჩამორეცხვა მოვახერხე.

ინფექციურში მომეწონა ის, რომ პალატებში სისუფთავე იყო. არ მომეწონა ის რომ 1. ექთნები და ექიმები მუდამ ჩხუბობდნენ; 2. ტუალეტი ძალიან შორს იყო და ერთადერთი საკმაოდ ბევრი ხალხისთვის; 3.დამლაგებელი დილის 7-საათზე იწყებდა პალატის დალაგებას და ჩემს გაღვიძებას; 4. ერთი პალატისთვის საკმაოდ ბევრია 6 პაციენტი და მათი მნახველები, რომელთა რაოდენბოდაც მთლიანობაში საკმაოდ ბევრს შეადგენს.

ვიმედოვნებ, რომ ძალიან დიდი ხანი აღარ მომიწევს საავადმყოფოში ვიზიტი.

დღის რუტინა

ჩემი დღის უმეტესობას ან ტელეფონზე ან კარებზე ზარი იწყებს. დღესაც იგივე განმეორდა რაც გუშინ, გუშინწინ. კარზე საშინელმა ზარმა გამაღვიძა, მართალია მე არ მომიწია ადგომა და გაღება მაგრამ 12-საათზე თუ გამეღვიძა ძილს ვეღარ შევიბრუნებ. ჩემი და იყო, გაოგნებული და გაოცებული, მისი მეგობრის მამიდაშვილი გარდაცვლილა, მოულოდნელად. და ძილბურანშიც კი შემეშინდა სიკვდილის.

დღეს ჩვეული რუტინით ვიწყებ: წყლის გადავლება, ლოგინის ალაგება, სახლის დალაგება, ფეისბუქზე ბოდიალი და ნაშუადღევს ის სმს რომელსაც ელოდებოდი. 15 წუთში ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და კარის გახურვა ძახილით ” საღამოს მოვალ”. ორიოდე საათი მეგობრებთან, სისულელეებზე და უკვე გატკეპნილ თემებზე საუბარი, მონატრებული ანანასის წვენის წრუპვა და სიგარეტის აუღელვებელი მოწევა.

დღეში 1-საათი მაქვს რომელიც მწყვიტავს ყველანაირ რუტინას და თავიდან ბოლომდე ვეფლობი ვარჯიშში. იღლები მაგრამ თან ისვენებ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ან არც ფიქრობ და მუსიკას უსმენ რომელიც შეიძლება პირველად გესმოდეს (მე როგორც წესი მუსიკას არ ვუსმენ), გრძნობ რომ დღითიდღე უფრო და უფრო გიიოლდება ყველა ვარჯიშის გაკეთება და ერთი სული გაქვს მალე გავიდეს ბევრი დრო რომ შედეგიც იხილო, ისეთი თვალში საცემი რომ იქნება ისეთი შედეგი.

დაღლილი და გაუბედურებული მორიგ მეგობართან მივდივარ. ჩაის ვიდუღებ, ბავშვს ვეთამაშები, ვცდილობ ინტერეტს რამე მოვუხერხო და ამასობაში სახლში წასვლის დროც მოდის. ვერ ვიტან როდესაც სახლისკენ მიმავალ მარშუტკას პავლოვზე ველოდები. შეიძლება მილიონი მანქანა გიჩერებდეს? o.O და თან მაშინ როდესაც გამიზნულად გაჩერებაზე ვდგები და მაინც და მაინც მაშინ არის ის გაჩერება უპატრონო როცა მე მივდივარ ხოლმე. როდესაც ჩემს წინ მეხუთე მანქანა გაჩერდა შუათითი ვაჩვენე და 30 ნომერ მარშუტკას შევახტი, რომელმაც შეიძლება ითქვას სულზე მომისწრო.

გზაში კლასელი შემხვდა. ჰმ, რა უცნაურია, დღე სიკვილით დაიწყო და ფაქტიურად სიკვდილის მოლოდინით დასრულდა.

ძალიან მეშინია სიკვდილის.

ჩემი ვნებანი

ვნება-არც გრძნობა, არც სურვილი… რაღაც სხვა. ის რაც გიფორიაქებს სულს, გიდუღებს სისხლს, გაკარგვინებს აზროვნების და სწორად განსჯის უნარს…

მოკლედ, ჯერ იყო და ანანინამ დაწერა თავის ვნებების შესახებ, მერე ანაც მიჰყვა და ეხლა ჩემი ჯერია.

ჩემი ვნებები იმდენად ბანალური და ზოგისთვის უაზროა, რომ  შეიძლება სისულელედ ჩათვალოს.

ის, რაც მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და რისთვისაც შემიძლია დავთმო ყველაფერი არიან ჩემი მეგობრები, მათთან ურთიერთობა. ასე მგონია თითოეული წამი და წუთი მათთან ურთიერთობისა მიხანგრძლივებს სიცოცხლეს, მაძლევს ძალას და მაიძულებს ვიყო ბედნიერი. უბრალოდ მათთან ერთად სადმე მყუდროდ ჯდომა და ჭორაობა უკვე ათასჯერ გათელილ თემებზე ნეტარებაა. ან თუნდაც ნუ ვილაპარაკებთ, მთავარია ერთად ვიყოთ და ჯანდაბას, ვიყოთ ლეპტოპეპში თავჩაგრულები და სათქმელიც იქვე ჩატში ვუთხრათ ხოლმე.

რიგით მეორე რაც ყველაფერს მირჩევნია შოკოლადია. ერთი შოკოლადის ფილისთვის (მწვანე ალპენ გოლდი) დავთმობ 3 დღის საკვებს და ვიქნები ბედნიერი.

ძილი – ის რისთვისაც ვაცდენ უნივერსიტეტს, მეზარება სწავლა. მიყვარს ჩემი ლოგინი, ძილი ან უბრალოდ წოლა ზურგზე, თვალები ჭერს მიპყრობილი და ფიქრი იმაზე რომ ფიქრი არ მინდა.

ინტერნეტი, კომპიუტერი და ყველაფერი რაც ამ საგანთან კავშირშია.
ერთ-ერთი ყველააზე დიდი ვნება ზღვა და მზეა. ლურჯი და ამავე ფერის ზღვა, ოდნავ ტალღები, მცხუნვარე მზე, ცხელი ქვები და ცხელი ქვიშა, ცურვა იქ სადაც ადამიანები იშვიათად მიცურავენ, ცურვისგან დასვენება ზურგზე წოლით, მზისთვის სახეს მიშვერა, უკან ნელი ბრასით დაბრუნება, ნაპირზე ძლივს აფოფხება და დასვენება ასე 15-20 წუთით და მერე ისევ განმეორებით ეს ყველაფერი…

როდესაც პოსტის დაწერას ვიწყებდი მეგონა ბევრ რაღაცას ჩამოვწერდი, მაგრამ ეს თითზე ჩამოსათვლელი “ვნებანიც” საკმარისია.

სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის

ქალთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობა თუ “მოწოდება” არსებობს, რომლებიც ხშირად შეურაცხმყოფელია ხოლმე (მაგ: ქალი ადამიანის მეგობარია, ქალი ვიცი “კუხნაში”, მოდი ქალო “ნასკი” გამხადე და ა.შ). იტყვით ახლა ხუმრობააოო, ისაო ესაოო, მაგრამ მეც გიპასუხებთ: “ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, მასში სიმართლის მაცვალიც თუ არ იქნებათქო”

ქალი – როგორც პიროვნება აღიარებულ იქმნა შუა საუკუნეებში. მაშინ როდესაც შემოვიდა მზითვის ინსტიტუტი. მანამდე მასზე ყველანაირი უფლება მამაკაცს (მამას,ძმას,ქმარს) ენიჭებოდა. მათ შეეძლოთ მოეკლათ ღალატისთვის, დაეტოვებინათ უმემკვიდრეოთ და მოქცეოდნენ როგორც ნივთს.  მიხედავად იმისა რომ (უკვე ბანალური ფრაზა უნდა ვთქვა) 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ზოგ მამაკაცში ქალის კულტი მაინც არ შეცვლილა. რაც გამოხატულია მასზე განხორციელებული ძალადობით (თუ გინდათ მამაკაცების ნერვულ სისტემას დააბრალეთ ეგრევე მუშტებზე რომ იყურებიან ხოლმე თუნდაც ქალის წინააღმდეგ). ქალისადმი დამოკიდებულება აშაკარად შესაცვლელია. თუმცა ბევრ ქვეყანასთან შედარებით (მაგ: საფრანგეთში ოჯახურ ძალადობას ყოველ ოთხ დღეში ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება) მშვენიერი სიტუაცია გვაქვს. ქართველ კაცებს უყვართ ქალები, ოღონდ ლოგინში და “კუხნაში”.

ქალთა უფლებების და ზოგადად ადამიანის უფლებების დამცველი არაერთი ორგანიზაცია არსებობს. ერთ–ერთი მათგანია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”

“ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია,რომელიც დაფუძნდა 1997 წელს.”

25 ნოემბერი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციანმ  “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ  “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის” წიგნის პრეზენტაცია გამართა.

წიგნი,რომელიც უფასოდ გავრცელდება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მისი მიღება შეგიძლიათ “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ოფისში. წიგნის მიზანი გენდერული თანასწორობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. გამოცემა განკუთვნილია ქალბატონებისთვი, თუმცა მათი წაკითხვა მამაკაცებსაც არ აწყენდათ.

წიგნში (და არა წინგში როგორც ერთ–ერთი ორგანიზატორი ამბობდა პრეზენტაციაზე) შესულია ყველა ის იურიდიული საკითხი რაც შეიძლება ქალს დააინტერესოს ცხოვრების განმავლობაში. მიბრძანდით, მიიღეთ წიგნი და გახადეთ ის თქვენი მეგობარი! ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი და მისი დაცვა = ))