Tag Archives: მაღლივი

ეტლით უნივერსიტეტში

სამშაბათი ყველაზე ნაკლებად მიყვარდა წინა სემესტრში. ჩემი სამშაბათი ორშაბათობდა და დილით ადრე მიწევდა ადგომა. თანაც, ისეთი ლექცია იყო ვერ გამეგო რას ვსწავლობდი, ან რატომ. პირველი რამდენიმე ლექცია კიბეებზე გავატარეთ ფაქტობრივად, მაღლდა – დაბლა დავდიოდით და ვეძებდით ისეთ აუდიტორიას სადაც პრეზენტაციას გაუშვებდა. იდეაში რომელი აუდიტორიაც გვეკუთვნოდა ის დაკავებული დაგხვდა.

ერთ-ერთი ასეთი სამშაბათი იყო, 9-ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა. 15 წუთში ლოგინიდან წამოვიზლაზნე, აბაზანაში გატარებული 15 წუთის შედეგად გამოვფხიზლდი, ჩავიცვი და 10-ის 15 წუთზე უკვე გაჩერებაზე ვიდექი და გატენილ 21 ან 51 ნომერ ავტობუსს ველოდებოდი.

ზუსტად 10-საათზე უნივერსიტეტის კიბეებს მივადექი და აუდიტორიისკენ წავედი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა რომ მომლოდინე ბავშვებს შორის ეტლით მოსარგებლე ადამიანი შევამჩნიე. გავოცდი, ვერ მივხვდი საიდან მოვიდა. მაგრამ მერე გამახსენდა, თსუ-ს მეორე კორპუსს, კიბეების ერთ ნაწილს აქვს ე.წ პანდუსები. თუმცა, იმ პანდუსებზე ფეხით მოსიარულე ძლივს ივლის და წარმოდგენა არ მინდა როგორ უჭირს ეტლით მოსარგებლეს იმ “პანდუსებით” სარგებლობა. პანდუსები დამაგრებულია პირდაპირ კიბეებზე, შესაბამისად არის ძალიან დახრილი და რთული ასასვლელი, ამასთანავე პანდუსები დამაგრებულია არა მოაჯირის, არამედ კედლის მხარეს და არანაირი სხვა დამხმარე საშუალება რომ ეტლიანმა ადამიანმა შესძლოს ამოსვლა. საბოლოო ჯამში, მგონი ეს პანდუსები სულაც არაა გათვლილი ეტლით მოასიარულე სტუდენტისთვის.

როგორც გავარკვიე აღნიშნული სტუდენტი ლექციებზე მამას დაჰყავს. რადგანაც შეუძლებელია სხვანაირად იმ პანდუსებით სარგებლობა. თანაც, ეს პანდუსები დამაგრებულია არა იმ კიბეებზე, რომლითაც სტუდენტების 90% სარგებლობს, არამედ მეორე, უკანა კიბეებზე. ნუ კარგი, მეორე კორპუსში მამას დაჰყავს, მაგრამ ძალიან შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ მაღლივის ბიბლიოთეკაში, სადაც გამოცდებს ვაბარებთ, არ არის საერთოდ რაიმე მოპანდუსო ელემენტიც კი. შესაბამისად, მამას უწევს სთხოვს ბიჭებს რომ მისი შვილი ხელში აყვანილი აიყვანონ კიბეებზე. ძალიან, ძალიან ცუდ და არასახარბიელო სიტუაციაშია მამაც და შვილიც. წარმოიდგინეთ, მამა ფაქტობრივად შვილის ცხოვრებით ცხოვრობს, დილიდან საღამომდე უწევს შვილის აუდიტორიიდან აუდიტორიაში ტარება და დანარჩენი დროის უსაქმურობაში გაყვანა.

შევეცადე თავი ეტლით მოსარგებლეს ადგილას დამეყენებინა და ჩემი თავი ძალიან შემეცოდა. წარმოვიდგინე,რომ მუდმივად ვიღაცის ხელით სატარებელი ვარ, იმიტომ რომ უნივერსიტეტებში არ არსებობს ის პირობები, რომ ეტლიანმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნობს. ერთი-ორი მახსენდება ეგეთი, თუმცა, იქ სწავლის გადასახადი იმხელაა რომ ალბათ ვერ გავწვდებოდი. კარგი, რამენაირად მოვხვდი უნივერსიტეტში და ვიღაც ყოველთვის მადგას თავზე რომ მატაროს აუდიტორიიდან აუდიტორიაში, მერე? აუდიტორიაში შესვლისას უკვე პრობლემა წარმომექმნებოდა, ზღრუბლზე გადასვლისას უნდა მეწვალა. მერე ბავშვებისთვის მეთხოვა რომ მერხისთვის სკამი მოეშორებინათ რომ მე ჩემი ეტლით მივგორებულიყავი. თუმცა, თსუ-ში, და მგონი უმეტეს უნივერსიტეტებში, ისეთი მერხებია რომლებსაც თავისი სკამი მოჰყვება და საკმაოდ გრძელია, ე.ი სკამს ვერ მოაცილებდნენ მერხს და მე მერხთან ვერ დავჯდებოდი. მომიწევდა რომ აუდიტორიის მიღმა ვყოფილიყავი, სადღაც მერხებს შორის გაჩხერილი, ან მერხების წინ და მოწყვეტილი სემინარს თუ ლექციას. უნდა ვჯდარიყავი იქ სადაც ყველას ყურადღებას მივიქცევდი და ნებით თუ უნებლიეთ ყველას თვალი ჩემსკენ იქნებოდა.

ის ბავშვი ერთადერთია, რომელიც თსუ-ში შევამჩნიე. პრინციპში ეგეც მიკვირს. არ არის არანაირი პირობა იმისთვის რომ ეტლით მოსარგებლემ მიიღოს სრულყოფილი განათლება და ამაში ხელი არ შეეშალოს. აუდიტორიამდე რომ ვერ მიაღწევ დამოუკიდებლად, შემოვლითი გზებით და ვიღაცების დახმარებით რომ გიწევს აუდიტორიიდან აუდიტორიაში წასვლა, ტუალეტიც კიარაა ინვალიდებისთვუს, ეს ყველაფერი ვგონებ არც ისე სახარბიელოა. თანაც ამ ყველაფერს ბონუსად მოსდევს სტუდენტების, ლექტორების, დეკანატის სევდით აღსავსე თვალები, რომლებიც გამოხატავენ: “რა უბედური ხარ შე საწყალოს”.

რამდენიმე კვირის წინ პროექტ “education is your right”-ს ფარგლებში დისკუსია გაიმართა, რომელიც ეხებოდა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და დისკრიმინაციის პრობლემებს საქართველოში. დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ESN Tbilisi ISU – მ (erasmus student network) ფონდ “ღია საზოგადოების” დაფინანსებით ბოლო 5 თვის მანძილზე ჩაატარა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კვლევის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენდა:  უცხოელი სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები. კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე და თავად დარწმუნდეთ რომ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს საკმაოდ ბევრი პრობლემა ექმნებათ მაშინ, როდესაც ცდილობენ მიიღონ სრულყოფილი განათლება.

სტუდენტი გოგონას ცხოვრება

ის სენი შემეყარა ძველ ბლოგერებს რომ სჭირთ. ვეღარ ვწერ, უფრო სწორად არ ვიცი რაზე ვწერო. არადა, იყო დრო კვირაში რამდენიმე პოსტს ვწერდი, ბლოგი აქტიური და მხიარული იყო, მეც წერის ხალისი მქონდა. ერთი შეხედვით არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ვცხოვრობ და ჩემ გარშემოც ისევ ხდება საინტერესო რამეები, თუმცა წერას ხომ თავის მობმა უნდა, მეკიდევ ყველაზე ზარმაცი ადამიანი ვარ, ვინც კი ოდესმე შეგხვედრიათ. ნუ ეცდებით შემოკამათებას, არ ღირს.

ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონას ცხოვრება მაქვს.

ბოლო ერთი კვირა შუალედური გამოცდები მქონდა. ალბათ ეს ის ბედნიერი შემთხვევა იყო როდესაც თითოეული გამოცდა მაგრად მეკიდა, ქულები საკმარისად მაქვს დაგროვებული, და თითოეულ გამოცდაზე 5 ქულაც კი მეყოფოდა, ამიტომ ბევრი არ მინერვიულია. ერთადერთი რაც მაბრკოლებდა მაღლივი იყო. ვერ ვიტან მაღლივს და საერთოდაც, მაღლივი ჩემი ტკივილია (c). ყოველ დილით 9-საათზე იქ ყოფნა, კიბეებთან დგომა, ჩანთის ჩაბარება, სექტორის მოძებნა და ლოდინი როდის დაიწყებენ გამოცდას ძალიან მოსაბეზრებელია. ასე იყო თუ ისე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ რა საკვირველია ქულები ჯერ არ დადებულა, ხომ უნდა გვაწვალონ ცოტა, სანამ ფინალური გამოცდები დაიწყება.

16 ივნისი. შაბათი. ორი გამოცდა ერთ დღეს და 3 საათიანი შუალედი. მაღლივის ჰავა და გამოცდები ბიბლიოთეკაში გაიძულებს საიდანმე გადახტე :დ

ფინალური გამოცდები 29 ივნისს მეწყება და 16 ივლისს ვამთავრებ. თუმცა, ხელაღებით იმის თქმა, რომ გამოცდებს 16-ში ვამთავრებ მაინც არ შემიძლია, რა იცი და გადასაბარებელი გამიხდეს რამე, მერე რა ვქნა? ხოდა მინიმუმ 1 თვე ისევ უნივერსიტეტზე ვიქნები გადართული. გარდა ამისა, ეს ზაფხული იმით იქნება გამორჩეული რომ ვიმუშავებ! summerjob-ზე დავრეგისტრირდი. მეორედ რომ გამოცხადდა ვაკანსია მაშინ. სხვათაშორის ძალიან ადვილად. ლუდსახარშ ზედაზენში გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი უნდა ვიყო. მაგრამ, რას და სად გავაკეთებ ჯერ უცნობია. მთელი ზაფხული, 20 აგვისტომდე, თბილისში მომიწევს ყოფნა და მუშაობა. დედაჩემი მეუბნება დაანებე თავი, არ იმუშაო და იმ ფულს რაც უნდა გადაგიხადონ მე მოგცემო, მაგრამ ჯიუტად მაინც მინდა მუშაობა. თუნდაც იმ ვაკანსიაზე, სადაც დავრეგისტრირდი. ხელფასით კარგი გეგმები მაქვს.

გარდა გამოცდებისა უნივერსიტეტში კონკურსებიც ტარდება. ერთ-ერთი მისია 2012 იყო, რომლის ფარგლებშიც 6 ფინალისტ გუნდს გვევალებოდა გურიელის ხილის ჩაის მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. ჩემს გუნდში კნუტი და ანნა იყვნენ. სამივე იურისტმა თავი უცბად მარკეტინგის სამყაროში ამოვყავით, იქ სადაც არაფერი გვესაქმებოდა და რომლის ანა-ბანაც არ ვიცოდით. თუმცა, ჩვენდა სასახელოდ, და ჯესის დახმარებით, უნდა ითქვას რომ ელემენტარულ რამეებში კარგად გავერკვიეთ და პროექტი და პრეზენტაციაც ნორმალური გავაკეთეთ. თუმცა, არც ისეთი კარგი, რომ გაგვემარჯვა. არაუშავს, ამ კონკურსიდან მაინც ბევრი რამ წამოვიღე, თუნდაც ის რად ღირს რომ მარკეტინგის ანა-ბანა ავითვისე და რაჭაში ვიყავი პირველად.

რაჭა. ფინალისტ გუნდებთან ერთად.

შუალედური გამოცდების დასრულებისთანავე, მეორე დღეს ანასთან და კნუტთან ერთად აკვა-პარკში წავედი. დღის პირველი ნახევარი მოღრუბლული და ქარიანი იყო. წყლიდან ამოსულები სველ პირსახოცში ვეხვეოდით და ვკანკალებდით. სამაგიეროდ ენერგიულად ვსრიალებდით სხვადასხვა სასრიალოებზე და ხმის ჩახლეჩვამდე ვყვიროდით. სხვათაშორის, კიბეებზე ასვლა და კამერის ათრევაც არ მეზარებოდა. ასე 4-საათისკენ მზეც გამოვიდა, შევიბრაწეთ და ბედნიერები წამოვედით. სიამოვნებით მოვიწყობდი კიდევ ერთ მსგავს დღეს საკმარისი ფული რომ მქონდეს :/ თუნდაც 15 ლარი და ზუმით წავიდოდი იქ. მაგრამ, ეგ 15 ლარიც არ მაქვს. ხომ ვთქვი, ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონასავით ვცხოვრობ-მეთქი, უმუშევარი სტუდენტი გოგონასავით.

გაბურძგნული მე, აკვა-პარკში

ცოტა ხანში ფინალურები იწყება, კვირის ბოლოს სემინარები და ლექციები დასრულდება და წესით და რიგით ბოლომდე ორიენტირებული გამოცდებზე უნდა ვიყო. მგონი, ამ სემესტრის დასაწყისშიც ვთქვი, არც-ერთი საგანი აღარ შემეტენება-მეთქი და სწორედ ეგ პირი უჩანს (ტფუი ტფუი თვალი არ ეცეს).

ხო, ძველებურად ვარ, კარგად და მშვიდად. ჩვეულებრივად და ამავე დროს განსხვავებულადაც.

კი, კი დაგვერხევა :))

დღეს ბოლო გამოცდა გადავწერე.

როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი თეუსუ თსუ–ს უერთდება და ამის “აღსანიშნავად” ჩვენი ლექტორები ზედმეტად ლოიალურები გახდნენ და გამოცდებს კი არ ვწერთ, არამედ ვიწერთ. ერთადერთი გამოცდა რომელიც სიმკაცრით ჩატარდა ისტორია იყო, თუმცა ყველას მაინც დადებითი ქულა (21–ს ზემოთ) დაუწერა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი უფრო დაბალი ქულა დაიწერა გამოცდაზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდის პასუხები წინა დღეს “გაბაზრდა” ფეისბუქზე (როდის,როგორ ან რატომ არ ვიცი) და ყველამ უმაღლესი შეფასება მივიღეთ.

გამოცდა  სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიაში, გამოცოდა სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში, გამოცდა ინგლისურში  წინა დღეს დაკონსპექტებულიდან გადავწერე. ზოგმა წიგნიდან გადაწერა,ზოგმა გვერდზე მჯდომისგან. ჩვენ ამის უფლება მოგვცეს.

ვირო მადლიო, ჩემზეა ნათქვამი მაგრამ… რა გვეშველება მაშინ,როდესაც გამოცდებს ზევით, მაღლივში ჩაგვიტარებენ და გადაწერის კი არა გვერდზე გახედვის საშუალებას არ მოგვცემენ? კი, კი დაგვენძრევა :))

 

P.S მსგავსი თავისუფალი გამოცდები, როგორც ვიც მხოლოდ I კურსის ბავშვებს ცაგვიტარდა. ზედა კურსელები ცოტა აწამეს ^^

თეუსუ თსუ–ში, თუ როგორც…

1 იანვრიდან თეუსუს ადმინისტრაციას უფლება–მოვალეობა შეუწყდა და თეუსუ საბოლოოდ გახდა თსუ. რეორგანიზაცია დასრულდა (თითქმის). მხოლოდ სტუდენტების მონაცემების ბაზაში შეყვანაღა დარჩა, რომელიც სავარაუდოდ 14 თებერვლისთის (როცა მეორე სემესტრისთვის რეგისტრაცია იწყება) დასრულდება.

არსებობდა უამრავი კითხვა ამ რეორგანიზაციის შესახებ: ვაკეში გადავალთ?იგივე ლექტორები გვეყოლება? მაღლივში უნდა აგვყარონ? გამოცდებს ვინ ჩაგვიტარებს? ამდენი მეორე კორპუსში როგორ უნდა დაგვატიონ?კრედიტებს ჩაგვითვლიან? დაფინანსება შეგვინარჩუნდება? და ა.შ

გუშინ ჯავახიშვილში სპეციალური შეკრება მოხდა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სადაც ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი.

აღარ არსებობს ტერმინი თეუსუს სტუდენტები, ჩვენ ყველანი უკვე თსუ–ს სტუდენტები ვართ. შესაბამისად II სემესტრისთვის რეგისტრაციას გავივლით ისე, როგორც გადიან ჯავახიშვილის სტუდენტები. 14–თებერვლისთვის სავარაუდოდ ჩვენი მონაცემები უკვე შეყვანილი იქნება ბაზაში (http://sms.tsu.ge) და თუ სწავლის საფასური გადახდილი იქნება, სტუდენტი შესძლებს შეადგინოს თავისი ინდივიდუალური ცხრილი. აირჩიოს საგნები და შესაბამისად ლექტორები.

რაც შეეხება ტერიტორიულ “პრობლემას” – რეგისტრაციის დროს, როდესაც აირჩევთ საგანს, გვერდზე (სადმე) მითითებული იქნება იმ საგანში ლექცია რომელ საათზე და როდის ჩატარდება ავლაბარში, და რომელ საათზე და როდის ვაკეში. მითითებული იქნება ასევე ლექტორებიც. საკუთარი სურვილით აირჩევთ სად გინდათ ამა თუ იმ საგნის გავლა, ჭავჭავაძის #3–ში თუ ქ.წამებულის #55–ში. თუმცა სექტემბრიდან თეუსუს კორპუსი აღარ იარსებებს და სტუდენტების “გადმობარგება” საბოლოოდ მოხდება ჯავახიშვილის დანარჩენ კორპუსებში. იურისტებს არავინ არ “აგყრით” მაღლივში, დაწყნარდით.

კრედიტები გვინარჩუნდება! ის 30–კრედიტი რომელიც დავაგროვეთ ამ სემესტრში ჩვეულებრივად ჩაგვეთვლება და არ შეგვიქმნის არანაირი პრობლემას. პრობლემა არ შეექმნებათ არც მეორე კურსის სტუდენტებს. აი III და IV კურსზე მყოფ ბავშვებს ჩაეთვლებათ კრედიტები, უბრალოდ სავალდებულო საგნები შეიძლება ჰქონდეთ ძალიან ბევრი დარჩენილი.

რაც შეეხება გამოცდეს, ის უკვე ტარდება თეუსუ–ში ძველი “წესით”, თუმცა II სემესტრის გამოცდები ჩვეულებრივად ჩაგვიტარდება მაღლივში.

და საერთოდაც, შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენ უკვე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გქვიათ და შეირგეთ ეს ფაქტი.ჩაერთეთ აქტიურად თსუ–ს სტუდენტურ ცხოვრებაში და ნუ ხართ უკმაყოფილოები!

უაზრო მოლაპარაკება ანუ თეუსუს თსუ–ს უერთებენ #3

ფეიქბუქზე აქტიური მოწოდებები და “ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ თეუსუელებო” კვლავ გრძელდება. დღეს თეუსუს რექტორი და თვითმართველობის წევრები მოსალაპარაკებლად ბრძანდებოდნენ ბატონ დიმიტრი შაშკინთან. უკან დაბრუნებულებმა სააქტო დარბაზში მოგვიწოდეს და გვითხრეს რომ თეუსუს თსუ–სთან შეერთების საკითხი გადაწყვეტილიაო.

სიტყვით გამოვიდა ბატონი რექტორიც და სიმართლე გითხრათ მისი საუბრიდან მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შევძელი,რომ უნივერსიტეტების გაუქმება და სხვა უნივერსიტეტებთან შეერთება ერთადერთი გზა არის ევროპული სტანდარტებისკენ(?!).

2010–2011 სასწავლო წელს ჩვენი უნივერსიტეტი (თეუსუ) გააგრძელებს ჩვეულ მუშაობას, ჩვეულ რეჟიმში, ჩვეული ლექტორებით, მხოლოდ თსუ–ს ლოგოს ქვეშ. მეოთხე კურსდამთავრებულები მიიღებენ თსუ–ს დიპლომს.თუმცა ჩემთვის გაურკვეველია, სტუდენტს,რომელმაც გაიარა აბსულუტურად სხვა საგნები და სხვა პროგრამა როგორ უნდა გადაეცეს სხვა უნივერსიტეტის (თუნდაც თსუ–ს) დიპლომი. ასევე წარმოუდგენელია ჩემთვის ერთი უნივერსიტეტის ქვეშ არსებული ორი განსხვავებული ტიპის იურიდიული ფაკულტეტის არსებობა.

როგორც ზევით ავღნიშნე, ბატონ დიმიტრთან ბრძანდებოდნენ ბ.ნ რექტორი და თვითმართველობის წევრები. ერთ–ერთი მათგანი იყო აქტიური სტუდენტი თამარ შერმადინი, რომელმაც ფეისბუქის საშუალებით დაახლოებით გაგვაცნო ის საკითხები,რომლებიც განიხილეს და რომლებზეც შეთანხმდნენ:

“დღეს დილით 10სთ-ზე(ჩემთვისაც მოულოდნელად) თვითმმართველობის პრეზიდენტი მისაბიშვილი, რექტორი და მე(თამარ შერმადინი-რიგითი სტუდენტი) შევხვდით ბატონ შაშკინს და კვიტაშვილს(თსუ-ს რექტორი). ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის კითხვები, რომელიც ასე აქტუალურია.
1.ოპტიმიზაციის მოტივი-განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, თეუსუ გადაყვანა თსუ-ს ქოლგის ქვეშ რათა თსუ-ს ბიუჯეტიდან ჩვენც გამოგვიყონ თანხა
2. პირადად მინისტრმა მოგვცა სიტყვიერი გარანტია რომ ეს სასწავლო წელი ყოველგვარი ცვლილების(შენობა, ლექტორი, შეფასების სისტემა) გარეშე დამთავრდება. ხოლო მომავალი წლისათვის თეუსუსა და თსუ-ს სპეციალური კომიტეტები იმუშავებენ.
3. ფაკულტეტები რომელიც არ აქვთ-აუცილებლად შენარჩუნდება”

ამ ყველაფრის მოხსენებას სააქტო დარბაზში აპირებდნენ. ჯერ არსებულმა “ბაზარმა” შეუშალა ხელი, შემდეგ ქვევიდან დარეკეს და ჯერ გვთხოვეს შემდეგ მოგვთხოვეს, თუ შეიძლება დატოვეთ მეოთხე სართული, შესაძლოა ჩაინგრესო (?!). უკაცრავად და, თუ ასეთი საფრთხე არსებობს, რა თავებს ვიკლავთ ამ შენობის შესანარჩუნებლად?

საბოლოოდ გამოვიდა,რომ აქციის საფუძველი აღარ არსებობდა, რადგან აღარ იყვნენ ინფორმაციულ ვაკუუმში და დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ რაც უკვე იცოდნენ. ანუ ისევ გაურკვევლობაში ვართ. გარკვეული მხოლოდ ეს ერთი წელია. რა გველის სექტემბრიდან არავინ იცის.

მიუხედავად თითქოს უკვე გარკვეული ყველა უცნობი ფაქტისა, მაინც ვრცელდება შემდეგნაირი ჭორები: “გვაბოლებენ,ჩვენ მაღლივში გადავყავართ”, “თსუ–ს პირველი და მეორე კორპუსებიც გაყიდულია და ისინიც მაღლივში მიდიან”, (მაგრამ ამ მაღლივში რამდენი უნდა დავეტიოთ ვერ ვხვდები), “გაერთიანდება ფაკულტეტები და სწავლას გავარძელებთ ისე,როგორც რიგითი თსუ–ელები”… მოკლედ,როგორც ჩანს ისევ ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ და საითკენაც ქარი წაგვიღებს იქითკენ მივექანებით  “ვითარცა ლერწმის რტო”.

ბატონ დიმიტრი შაშკინს ისე  გამოუვიდა, თითქოს  “სახელმწიფო უნივერსიტეტია და რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ვუზამოო”.