Tag Archives: მეგობრობა

ტიპი მეზობელი საფლავიდან

თხელი, ლამაზ ყდიანი, 218 გვერდიანი წიგნია. შესაბამისად მსუბუქიც და ადვილად სატარებელი უნივერსიტეტში.

წარმოიდგინეთ, ვიღაც მოდის თქვენთან და გეუბნებათ რომ “აუუ, გუშინ რა მაგარი რაღაც მოხდა იცი?” და აგრძელებს: “ანდაც არაფერი, დაიკიდე” და ცოცხალი თავით აღარ უნდა მოგიყვეს რა მოხდა. აი, ზუსტად ეგ განცდა მქონდა ღამის 3 საათზე ბოლო გვერდი რომ ჩავიკითხე.

კარგი თარგმანია, ადვილად იკითხება და სულ რაღაც 7 ლარი ღირს. ისეთ რაღაცებზე დაგაფიქრებს როგორიცაა განსხვავებები ადამიანებს შორის, რა შეუძლია სიყვარულს, ვნებას. რაზე დახუჭავს თვალს შეყვარებული კაცი ან ქალი და ა.შ. სიყვარული მართლა ბრმაა თუ არა, ურთიერთობების მამოძრავებელი ძალა ვნებაა თუ არა, რას გააკეთებ მეგობრის გამო და ა.შ.

მოკლედ, ერთი შეხედვით საინტერესო და გასართობი წიგნი ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალებას იძლევა. ხოდა, გირჩევთ რომ წაიკითხოთ 🙂

რატომ მიყვარს რუსთავი

ერთადერთი ადგილი (თბილისის გარდა), სადაც ვიცხოვრებდი ეს რუსთავია.

ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ამისთვის უამრავი მიზეზი მაქვს.

პირველი და ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი – იქ გვანცა ცხოვრობს.

თბილისთან სიახლოვის მიუხედავად (თბილისიდან 10კმ.–ში), რუსთავი აბსოლიტურად განსხვავებულია. სულ სხვანაირი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. გაცილებით თბილები და ბევრად უფრო მეგობრულები არიან ვიდრე თბილისელები. რომ შეადაროთ როგორ ექცევიან ერთმანეთს ბიჭები და თუნდაც გოგოები ბევრს შეიძლება შეშურდეს კიდეც.

არც ისე დიდიხანია რაც ეს ქალაქი აშენდა. პირველი მაცხოვრებლების უმეტესობა სოფლიდან ჩამოსული ხალხი იყო, რომლებიც დაასაქმეს მეტალურგიულ ქარხანაში და მისცეს საცხოვრებელი ადგილები. შეიძლება სწორედ სოფლიდან ჩამოსული ხალხის უერთიერთ სიყვარული და რა თქმა უნდა ბევრად თბილი დამოკიდებულება ერთმანეთთან გახდა საწინდარი და წინაპირობა იმისა, რომ დღეს მათი შთამომავლობა ბევრად კარგ პიროვნებებად არიან აღზრდილები, ვიდრე თბილისის ნებისმიერ უბანში.

მოკლედ, ხალხით და მაცხოვრებლებით ვარ აღფრთოვანებული. რა თქმა უნდა ცუდი ყველგან არის, მათ შორის რუსთავშიც, მაგრამ მთლიანი ფონი ბევრად დადებითია თბილისთან შედარებით.

ტერიტორიულად რუსთავი (ახალი) ძალიან ცუდ ადგილას არის გაშენებული, ფაქტიურად მინდორზე. ამიტომ, ზაფხულობით მრავლად არიან ქვეწარმავლები.  ნაკლებობაა ხეების, და ზოგადად ბუნების. უფრო სწორედ, ჯერ არ არიან სათანადოდ გაზრდილები. ასევე ნაკლებობაა გასართობი ადგილების, საღამოთი მხოლოდ “მეგობრობის პარკში” (მგონი ესე ქვია,ან მეშლება) სეირნობით უნდა დაკმაყოფილდე. თუმცა დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელში სრულყოფილ ქალაქად ჩამოყალიბდა.

მე მიყვარს რუსთავი.

ოქროს შუალედი

თითქმის ყველა “კატეგორიის” ადამიანთან შემიძლია ურთიერთობა და მეგობრობა. არ მიყვარს ადამიანების გამორჩევა საცხოვრებელი ადგილის, ჩაცმის, აზროვნების, ორიენტაციის, რელიგის და სხვა ნიშნების მიხედვით. თუმცა ჩემს გარშემო სწორედ ისეთი ადამიანები ტრიალებენ, რომლებიც ხალხს არჩევენ და მერე ჩემი უკვირთ, თუ როგორ ვახერხებ ყველასთან მეგობრობას და საერთოს გამონახვას.

იმისათვის რომ ადამიანთან იმეგობრო არ არის აუცილებელი განსაკუთრებულ ადგილას ცხოვრება, განსაკუთრებულად ჩაცმა ან ერთნაირად აზროვნება. მეგობრებს არ ვირჩევ. უბრალოდ ვუმეგობრდები და ვსო.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წრეში ხშირად ვხვდები და ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებს, მაინც არ ვიცი ხალხთან ურთიერთობა. უფრო სწორედ, არ გამომდის. ხშირად ვამბობ იმას რაც არ უნდა ვთქვა, ხშირად ვიქცევი ისე როგორც არ უნდა მოვიქცე, ხშორად ვაკეთებ უაზრო კომენტარებს, ხშირად “ვესწერვები” ხალხს დაუმსახურებლად და ა.შ.

თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ ვინმეს ზედმეტად მივეკედლები და მერე სანანებლად მაქვს ხოლმე.  ზედმეტი არაფერი ვარგა. არც სიყვარული, არც სიძულვილი და მითუმეტეს არც გულახდილობა. ოქროს შუალედს ვერასდროს ვიჭერ ადამიანებთან. ან მძულს და საშინლად ვექცევი, ან მიყვარს და ვგიჟდები მასზე. ამ ბოლო დროს ცოტა შემოვუძახე ჩემს თავს და ასე თუ ისე გამომდის ნორმალური ურთიერთობები და დადგენილ ზღვარს არ ვცილდები.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ძალიან მიყვარს ადამიანები.