Tag Archives: მოგზაურობა

ზღაპრული მოგზაურობა მალტაზე

ვიზალიბერალიზაციის გამოცხადება და ბილეთების ყიდვა ერთი იყო. ბევრი ვეძებე ბევრ საიტზე, სხვადასხვა მარშრუტები ვათვალიერე და საბოლოო ჯამში ცოტათი იაფს და ბევრი დროის კარგვას, ცოტა ძვირი და თბილისიდან რეისი ვამჯობინე.

29 აპრილს გამთენიისას თურქიშ ეარლაინის თვითმფრინავში ვიჯექი და მალტისკენ მივფრინავდი. თბილისი-მალტა-თბილისი 370$ დამიჯდა.

მას შემდეგ რაც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა დაიწყო საქართველოს მოქალაქეებს გვჭირდება:
1. ბიომეტრიული პასპორტი
2. უკან დასაბრუნებელი ბილეთი
3. სასტუმროს ჯავშანი. თუ მეგობართან რჩებით მისი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და დამადასტურებელი საბუთის ასლი, რომ თქვენი მეგობარი ლეგალურად იმყოფება დანიშნულების ადგილას
4. სამოგზაურო დაზღვევა
5. ფული – დაახლოებით დღეზე 50 ევრო. შესაძლებელია გქონდეთ ნაღდი ფული, ან ანგარიშზე. ალბათ, თქვენივე კეთილდღეობისთვის, თუ თანხა ანგარიშზე გექნებათ, სჯობს თან ნაშთის შესახებ ამონაწერიც იქონიოთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთი მქონდა, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი. თუ თქვენც ჩემსავით უმიზეზო (ან სულაც მიზეზიანი) პანიკა გექნებათ ჩართული შეგიძლიათ ალდაგის ტურის დაზღვევით ისარგებლოთ. სხვა თუ არაფერი, ის მაინც გეცოდინებათ რომ თანხა (მთლიანად ან ნაწილი, გააჩნია თქვენ როგორ გადაწყვეტთ) დაგიბრუნდებათ.

მალტაზე შაბათს, 30 აპრილს, დაახლოებით 10 საათისთვის ჩავფრინდი. მესაზღვრემ დიდხანს ათვალიერა ჩემი პასპორტი, ბოლოს მკითხა რამდენი ხნით და სად ვაპირებდი დარჩენას. ამომწურავი პასუხის შემდეგ ბედნიერი დასვენება მისურვა და ქვეყანაშიც შემიშვა.

მზიანი, ზღვიანი და ძალიან ლამაზი ქვეყანაა მალტა. ვისთვის როგორ, მაგრამ მგონია რომ წყლის და ზღვის მოყვარულისთვის ნამდვილი სამოთხეა. სადაც არ უნდა იყოთ ყველგან იპოვით პატარა წერტილს საიდანაც უდიდესი და ულურჯესი ზღვა გამოჩნდება. წყლის სისუფთავე მთელი 1 კვირის განმავლობაში მაოცებდა. ვერ შევეჩვიე რომ ზღვა შეიძლება ძალიან ღრმა იყოს და მაინც ვხედავდე ფსკერს.

cristal lagoon

გადაადგილება მალტაში მარტივია. მითუმეტეს შეგიძლიათ აეროპორტშივე (უფასო WIFI-ს წყალობით ) გადმოტვირთოთ ტალინია აპი, სადაც დეტალურად არის ავტობუსების განრიგი, გაჩერებები და ა.შ და რაც მთავარია აპლიკაცია სანდოა და ძალიან გამოგადგებათ.  ავტობუსით ერთი მგზავრობა 1,5 ევრო ღირს (ზაფხულის სეზონზე 2 ევრო) ბილეთი ვალიდური 2 საათია, მძღოლთან ყიდულობთ და შეგიძლიათ სხვა ნებისმიერ ავტობუსში ისარგებლოთ. თუმცა, ჩემი აზრით, ტურისტებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტალინია ქარდია. 1 კვირიანი ბარათი 21 ევრო ღირს და 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ულიმიტოთ ისარგებლოთ ავტობუსის მომსახურებით.
საინტერესო ფაქტი – გაჩერებაზე ავტობუსს ხელი უნდა დაუქნიოთ და ისე გააჩეროთ. თუ არავინ დაუქნევს ხელს, ავტობუსი არ გაჩერდება. ანალოგიურად მგზავრობის დროს – ავტობუსიდან ჩამოსვლა თუ მოგინდათ STOP-ს უნდა დააჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობუსი არ გაჩერდება. ავტობუსი იმ შემთხვევაშიც არ გაჩერდება თუ ტრანსპორტში ბევრი ხალხია.

ყველაზე მეტად რაც მაოცებდა ქალაქების სიპატარავეა. მესმის რომ თავადაც ცუცქნა ქვეყანაა, მაგრამ შეიძლება ჩვენი ერთი უბანი მალტის რამდენიმე ქალაქსაც კი იტევდეს. მეორე რასაც ვერ შევეჩვიე საპირისპირო მოძრაობაა. ხშირად ვიბნეოდი და ვერ ვხვდებოდი სად უნდა დავლოდებოდი ავტობუსს, ან ქუჩაზე გადასვლისას რომელ მხარეს უნდა გამეხედა.

ბევრი ქალაქი ვნახე, თემოს წყალობით ბევრი ისეთი ადგილიც ვნახე სადაც ალბათ ცოტა ტურისტი ხვდება, ბევრიც ვიბოდიალე, საშინელი კედების წყალობით 7 დღიდან 6 დღე ფეხები მტიოდა და ხანდახან კოჭლობით და ხანდახან საერთოდაც ვერ დავდიოდი, მაგრამ ემოციებით სავსე და აღფრთოვანებული დავბრუნდი თბილისში. გულწრფელად ვიტყვი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მალტამ.

18198979_1288211221228692_1005320169232430601_nვგიჟდებოდი დიდ გალავნიან ქალაქებზე, დიდი თაღით რომ შედიოდი, ცუცქნა ქუჩებზე, ლამაზ და ფერად აივნებზე. ქალაქ მდინაში და ქალაქ ბირგუში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მუზეუმში დავდიოდი. ვერ ვუშვებდი იმ ფაქტს რომ ასეთ ჯადოსნურ ადგილას ხალხს შეიძლებოდა ეცხოვრა. მსგავსი ქუჩები ბევრი იყო დედაქალაქში, ვალეტაშიც. მაგრამ ვალეტაში სიცოცხლე იგრძნობა, იქ ხალხი სულ მიდი-მოდის, შოპინგია შესაძლებელი, კაფე-ბარებია, შედარებით ფართო ქუჩებიც მოიძებნება და ხმაურია.  მდინაში და ბირგუში კი სიჩუმე, სიწყნარე და ნეტარებაა. ქუჩების კუნჭულებიდან ლურჯი ზღვა რომ გიყურებს და დღეს გილამაზებს ეგეთი ქვეყანაა მალტა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კუნძული კომინო, სადაც ბლუ და კრისტალ ლაგუნებია. კუნძულზე მოხვედრა სულ რაღაც 10 ევროდ არის შესაძლებელი და სანაცვლოდ ზღაპრულ გარემოს იღებთ. ალბათ, ჩვენს ონკანებში არ მოდის ისეთი გამჭვირვალე წყალი, როგორიც იქ დამხვდა. დღის ბოლოს ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს ვუყურებდი და ვერ მჯეროდა რომ ის სილამაზე მე(!) ვნახე და იმ სილამაზეში მე(!) ვცურავდი, წყლის ქვეშ ფოტოების გადაღებასაც ვცდილობდი და ვნებივრობდი. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი თავის მშურს, ხოდა, დღესაც მშურს რომ ესეთ ადგილას მოვხვდი.
აქვე – თბილისშიც შესაძლებელია ტელეფონისთვის წყლის სპეციალური “აღჭურვილობის” ყიდვა. პარკს ჰგავს, მაგრამ გამძლე და სანდოა და ფოტოებს ხარისხსაც არ უფუჭებს.

18222658_1286225761427238_1890081183283827605_n

მალტაზე პაჩევილი აქვთ – ბარებით, კლუბებით, სტრიპტიზ ბარებით და ა.შ. პაჩევილში გართობა, დალევა და მხიარულება შეიძლება. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა ცოტა უფრო დიდი მოლოდინი მქონდა, მაგრამ თუ გული გულობს გართობა ყველგან შეიძლება.
აქვე სათქმელი – იქაური ლუდი Cisk ძალიან კარგი აღმოჩნდა.

ქვეყანა ზოგადად საკმაოდ იაფია – გარეთ 1 კვება თავისი დესერტით საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ. თუ ტალინია ქარდს იყიდით მგზავრობაში ფაქტობრივად არაფერს ხარჯავთ.

blue grotto malta

დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო თითოეულ ადგილზე სადაც ვიყავი – ბლუ გროტოზე, რომლის ხედიც საოცრება იყო, მაგრამ ტალღების გამო პატარა ნავით შიგნით ვერ შევედი. პოპეი ვილიჯზე (შესვლა 10.5 ევრო ღირს), რომელიც გარედან ბევრად ლამაზია, შიგნიდან კი ხის პატარა კოტეჯებია და თუ პოპეის (ფილმის ან ანიმაციის) ფანი არ ხართ დიდად ვერ ისიამოვნებით, ჩინურ ბაღზე რომელიც მალტის ვაზისუბანშია, და მიუხედავად იმისა, რომ პატარაა მაინც ძალიან ლამაზია. შემიძლია დაუსრულებლად ვიძახო, რომ შაბათ-კვირას ფეიერვერკების ფესტივალი სასწაულად ლამაზი იყო! იმაზეც შემიძლია ვიწუწუნო რომ კატაკომბებში ქვის სამარხების გარდა არაფერი დამხვდა, მე კიდევ ჩონჩხებს ველოდებოდი. დაუსრულებლად შემიძლია ვიძახო, რომ ზღაპრული ზღვაა და არასდროს შევწყვიტო მისით აღფრთოვანება.

თუ გიყვართ მზე და ზღვა, ძველი და ლამაზი ქალაქები, მაშინ მალტა სათქვენოა.

P.S ბონუსად ვიდეო – რომელიც შეიძლება თქვენ არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია 🙂

Advertisements

ბათუმი

batumiერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს, როდესაც მეგობართან ვიყავი ქეთომ თავისთვის ჩაილაპარაკა, ამ ხელფასზე ბათუმში მინდა წასვლაო. ბათუმს როგორც კი ყური მოვკარი ეგრევე წამოვხტი, თუ მაინც და მაინც დაგინებული არ გაქვს, რომ მარტო უნდა წახვიდე, თუ შეიძლება მეც წამოგყვები-მეთქი. წამოდიო, გაუხარდა.

დავთქვით თარიღი, 11 დეკემბერი, მეც რომ მქონოდა ხელფასი აღებული და ქეთოსაც ძალიან არ ჰქონოდა თავისი დახარჯული. მე ბუქინგ.ქომზე და ეარბიენბიზე ბინებს და სასტუმროებს ვეძებდი. ზოგი მეძვირა, ზოგი მომეწონა და დავაბუქმარქე, გამომადგება-მეთქი. ბევრი ფულის დახარჯვაც არ მინდოდა.

ერთ საღამოს, ისე, სასხვათაშორისოდ ჩემს მშობლებს ვუთხარი, შაბათ-კვირას ალბათ ბათუმში წავალ, ორი დღე დავისვენებ-მეთქი და ის ის იყო უნდა დამემატებინა, რომ სასტუმროც მგონი შევარჩიე-მეთქი რომ მამაჩემმა მკითხა ჩვენს ბინაში მიდიხართო? ხოდა, ეგ კითხვა იყო და მეც მოულოდნელად გამახსენდა, რომ უი! მე ხომ ბათუმში ბინა მაქვს! პატარა, საყვარელი, გადასარევი ხედით და ა.შ. ცხადია როგორც კი ჩემებმა გააცნობიერეს რომ არ მახსოვდა ბინის არსებობის შესახებ, ორხმაში დამცინეს, მთელი საღამო დამცინოდნენ.

მერე პარასკევი საღამოც დადგა. მეტროს ავტობუსით გადავწყვიტეთ წასვლა. დროის მიხედვით ყველაზე მეტად ეგ გვაწყობდა. 8 საათზე გავიდა და სადღაც 3-ის ნახევარზე უკვე ბათუმში ვიყავით. კი კომფორტულია, კი ყავა/ჩაი აქვთ, წყალიც და კი ყველას თავისი მონიტორი აქვს სადაც შეუძლია ფილმს უყუროს, ან ითამაშოს ან რამე ქნას, მაგრამ 6 საათი მგზავრობა არის მომაკვდინებელი. ასე ძალიან რომ არ ვიღლებოდე მგზავრობით ალბათ ყოველ შაბათ-კვირას ვივლიდი ბათუმში.

შაბათს დილით უკვე ბათუმში სასეირნოდ გავედით.

batumi

ამ პერიოდში, ზამთარში, პირველად ვიყავი. სიწყნარე, სიმშვიდე, ლურჯი ზღვა, ბევრი თოლია, სუფთა ქალაქი, მზე, უღრუბლუ ცა – ყველაფერია საიმისოდ რომ თავი ბედნიერად იგრძოს ნებისმიერმა.
რამდენიმე მიზეზი მაქვს რომ ბათუმი მიყვარდეს:
1. არ ჰგავს საქართველოს ტიპიურ ქალაქებს, ყველასგან განსხვავებულია;
2. ლამაზია
3. მშვიდია
4. ამ ქალაქში შეუძლებელია რომ ვინმე უბედური იყოს
5. და ყველაზე მთავარი – ზღვა! იქ, სადაც ზღვაა ყველაფერი კარგადაა.

batumi

თბილ, ლამაზ, ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობა, ძალიან პატარა და მყუდრო კაფეებში დალეული გლინტვეინი, ზღვის სანაპიროზე მზის ქვეშ წოლა და ზღვის ხმის მოსმენა და ზღვის სუნი, ორი დღის წინ გახსნილი კაფის “დაგემოვნება” (მერე რა რომ არც მენიუ ჰქონდათ, არც სამზარეულო და ჩაიც მხოლოდ მწვანე იყო), 26 მაისის პარკი, ერას მოედანი – ხანდახან ძალიან მშურს მათი, ვინც ბათუმში ცხოვრობს.

batumi

ასე თუ გავაგრძელე, სერიოზულად დავიწყებ ბათუმში სამსახურის მოძებნას.

 

ამსტერდამი – second step – ავიაბილეთები და საცხოვრებელი ადგილი

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ვიზა ავიღე და ვაპირებ პოსტის დაწერას საცხოვრებელ ადგილზე და თვითმფრინავის ბილეთებზე. მაგრამ აქამდე მეზარებოდა.

მოკლედ, მას შემდეგ რაც ვიზაზე დადებითი პასუხი მოვიდა იმდღესვე დავიწყეთ თვითმფრინავის ბილეთების ძებნა ადეკვატურ ფასად. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთებს ლამის ორი თვით ადრე ვყიდულობდით მაინც საკმაოდ ძვირი ღირდა. თუ ვიზა და სამსახური გაძლევთ საშუალებას აუცილებლად შეამოწმეთ წინა და მომდევნო დღის ფასები, რადგან არსებობს შანსი რომ ამ დღეებში ბილეთები გაცილებით იაფი ღირდეს.

არსებობს ერთი ძალიან კარგი საიტი, fly.ge – სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ავიაკომპანიის ბილეთები. სასურველი თარიღის და დანიშნულების შეყვანის შემდეგ საიტი ავტომატურად გიყრით ყველაზე იაფიან, ყველაზე სწრაფ, ყველაზე ძვირიან ბილეთებს. სასურველის ამორჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ ფასი გადაამოწმოთ იმ ავიაკომპანიის საიტზე.

fly.ge

მას შემდეგ რაც შეარჩევთ თარიღს და ავიაკომპანიას უნდა გადაწყვიტოთ სად შეიძინოთ ბილეთები. თბილისში ძალიან ბევრი ავიაკომპანიის ოფისია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და კომფორტულ გარემოში აარჩიოთ ბილეთები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში მომსახურების ფულს გადაიხდით, რაც დამატებით 40-50-60 ევროა.

ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პეგასუსი აღმოჩნდა. ბილეთები საიტზევე ვიყიდეთ და თბილისი-ამსტერდამი 147 ევრო დაჯდა. შემდეგი ფრენა ამსტერდამიდან პრაღაშია, რომელიც საკმაოდ იაფი 64 ევრო ღირს და easyjet-ს მივყვებით, ხოლო თბილისში aribaltic-ით ვბრუნდებით (142 ევრო).  ბილეთების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად გიწევთ გადაჯდომა და რამდენი საათი მოგიწევთ აეროპორტში ყურყუტი. ასე მაგალითად, აქედან სტამბულის გავლით (გოქჩენის აეროპორტი) მივდივართ ამსტერდამში. აეროპორტში გასატარებლად 4 საათი გვაქვს. 4 საათი ძალიან ცოტაა ქალაქში გასასვლელად და დამღლელი აეროპორტში ყოფნისთვის. სამაგიეროდ, პრაღა-თბილისი მგზავრობისას გადაჯდომა რიგაში გვიწევს და “ხურდად” 8 საათი გვაქვს. 8 საათი სრულიად საკმარისია ისეთი პატარა ქალაქის დასათვალიერებლად როგორიც რიგაა. ბილეთების ყიდვისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რამდენი კილოგრამის გადატანა შეგიძლიათ, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა. პეგასუსი ნებას გვრთავს ბარგის სახით 20 კილოგრამი უფასოდ გადავიტანოთ, ხოლო იზიჯეტს და ეარბალტიკს მხოლოდ ხელბარგი ( 8 კილოგრამი) აქვს გათვალისწინებული და ბარგის საფასური ცალკე ანგარიშდება.

ასე და ამგვარად თბილისი-ამსტერდამი-პრაღა-თბილისი ზუსტად იგივე ჯდება რაც თბილისი-ამსტერდამი-თბილისი ჯდებოდა. თანაც, ბონუსად რიგაც მოჰყვება 🙂

მას შემდეგ რაც ევროპაში ჩააღწევთ შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მატარებლის ფასი არ ჩამოუვარდება თვითმფრინავის ფასს. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია რომელს მიანიჭებთ უპირატესობას.

მას შემდეგ რაც გარკვეული გექნებათ როდის ჩადიხართ დანიშნულების ადგილას, შეგიძლიათ დაიწყოთ საცხოვრებელი ადგილის ძებნა.
ბინის მოძებნა არც ისე რთულია, მთავარია რამდენი გაქვს ფული. ვინადაიდან რადგანაც ჩვენ სასტუმროს ფული არ გვქონდა, ხოლო ჰოსტელი იგივე ჯდებოდა რაც ჩვეულებრივი ბინის ქირაობა დღიურად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბინა გვექირავებინა ამსტერდამშიც და პრაღაშიც.

airbnb.com

ყველაზე კარგი საიტი airbnb.com-არის. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თქვენთვის სასურველი ბინა. შეგიძლიათ მიუთით მინიმალური და მაქსიმალური ფასი და ამ ჩარჩოს მიხედვით მოძებნოთ შესაფერისი საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას. დამეთანხმებით, რომ ადგილდემბარეობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და არახელწამოსაკრავი კომპონენტია ბინის შერჩევისას. სანამ ბინას დაჯავშნით გაეცანით რივიუებს, დაათვალიერეთ სურათები, ყურადღება მიაქციეთ რამდენ ადამიანზე აქვს ბინა გათვლილი და ხომ არ ითხოვს დამატებით ფულს დამატებით ადამიანებში. airbnb-ზე გადახდა წინასწარ ხდება. თუმცა, ფული ჰოსტამდე მხოლოდ მას შემდეგ მივა, როცა თქვენ “დაჩექინდებით”. თუ მოხდა სასწაული და ვერ მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს, airbnb ფულს უკან დაგიბრუნებთ, ოღონდ მომსახურების საფასურის ჩამოჭრით.

ამსტერდამში კარგი ბინის მოძებნა იაფად ცოტა არ იყოს და რთული საქმეა ისეთ კარგ საიტზეც როგორიც airbnb-ია, თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ^_^
პატარა, საყვარელი, ორ სართულიანი ბინა ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, საიტზე ახალი დამატებულია და რივიუები ჯერ არ აქვს. ვიმდოვნებ, რომ ჩვენი დაბინავება იმაზე წარმატებულად ჩაივლის ვიდრე მგონია 🙂
რაც შეეხება პრაღის ბინას, პოვნა არ გაგვჭირვებია. მაგრამ, ბინაზე მეტად ჰოსთი მომწონს. საოცრად პოზიტიური და კომუნიკაბელური ადამიანია. რაც მთავარია, რივიუებს რომ გადავხედე, ეს ქალი შორიდან შემიყვარდა!

მოკლედ, წინასწარგანწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად ჩაივლის ვიდრე ოდესმე მიოცნებია და წარმომიდგენია ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში.

P.S 29 დღე დარჩა.

Facebook-ის quizzes Results

როგორი ხარ?

ur Result, (retake): ცეცხლოვანი და სექსუალური

შენ კარგი აღნაგობის პატრონი ხარ. გიჟდები მოგზაურობაზე და სასიყვარულო თავგადასავლებზე. აგრესიით გამოირჩევი, მოკლებული ხარ დიპლომატიას… მაგრამ ძალიან აქტიური და მოუთმენელი ხარ!

ვინ ხარ სინამვილეში?

ეს მაინც ყველაზე მაგარია 😀 😀

when will you DIE?

გამახსენეთ რომ ასანთით არ ვითამაშო თორემ ჩემის სიცოცხლე ტქვენს კისერზე იქნება 😀

ჩემი სკოლა და პროექტები

ჩემს სკოლაზე ასე თუ ისე ბევრი პოსტი მაქვს დაწერილი. თუმცა (მგონი) არსად მიხსენებია 22-ე სკოლაში განხორციელებული პროექტები.

პირველი პროექტი, რომლის ავტორი იყო მარინა ზაქარეიშვილი, გახლდათ ”ფიქრები ტაო-კლარჯეთზე”. მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები თემის სახით (არა უმეტეს 10-გვერდისა). თემებს ასწორებდნენ წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები. ბავშვებს მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფის სახითაც (არა უმეტეს 3 ბავშვისა). პრეზენტაცია თემების ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში გაიმართა. გამოვლინდა 6 ინდივიდუალური გამარჯვებული და ერთიც გუნდური. გამარჯვებული ბავშვები სკოლის დაფინანსებით  ხუთი დღით  წავიდნენ ტაო-კლარჯეთში. სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ გადაეხადათ 340-ლარი და შეერთებოდნენ ამ მოგზაურობას. დამეთანხმებით რომ ასეთი პროექტებით ბევრი (მგონი არც-ერთი საჯარო სკოლა) სკოლის ბავშვები არ არის განებივრებული. მითუმეტეს მათ ჰქონდათ საშუალება მოენახულებინათ ისეთი ადგილი როგორიცაა ტაო-კლარჯეთი. პროექტს მხარს უჭერდა საპატრიარქოც.

მეორე პროექტი, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა, იყო ”ფიქრები სამეგრელო-ზემო სვანეთზე”. ამჯერად მონაწილებს შეეძლოთ აერჩიათ ჩამონათვალი თემებიდან რომელიმე და იმაზე წარედგინათ პროექტი. ჩემთვის ჩამოთვლილი ტემებიდან ყველაზე საინტერესო ”სვანური სამართალი” იყო. ბავშვები ამჯერად ვალდებულნი იყვნენ ემუშავათ ჯგუფში (არა უმეტეს 3 ბავშვისა) და პროეტი პრეზენტაციაზე ისე წარედგინათ. გაიმარჯვა ხუთმა გუუნდმა (რომელშიც მე ვერ მოვხვდი = (( ) და 5 დღე იმოგზაურა საქართველოს ამ ორ უმშვენიერეს კუთხეში. ამ პროეტში გამარჯვება მოახერხა ჩემი დის გუნდმაც და მარიამიც დატკბა ამ მხარის სილამაზით.

მესამე პროეტი იყო… სიმართლე გითხრათ სახელი არ ვიცი. ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე, ალბათ იმიტომ რომ ეს პროეტი ცოტა არ იყოს და ვერ იყო ნორმალურად მომზადებული. თემათა ჩამონათვალში იყო აფსოლიტურად განსხვავებული შინაარსის პროექტები და საბოლოოდ არეულ-დარეული გამოვიდა ყველაფერი, რასაც პრეზენტაციის დღეს დიდი დაპირისპირება მოჰყვა ბავშვებსა და პედაგოგებს შორის.  ”გამოჟონა” ასე თუ ისე ბევრმა უსიამოვნო ინფორმაციამ (ჩაწყობის,სამადლოდ დაწერილი ქულების შესაბ,არარეგისტრირებული ტემის გამარჯვებამ) და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ თემებს ამოწმებდა არაკომპეტენტური ჟიური. ანუ ჩემს თავზე მოვიყვან მაგალითს. ჩემი გუნდის თემა ეხებოდა 1921-წლის 25 თებერვალს, სათაურით ”წითელი ტერორი”, რომელსაც რატომღაც ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლები ამოწმებდნენ. მე პირადად ვთვლი, რომ ეს თემა ან ისტორიის ან ქართულის მასწავლებელს უნდა შეემოწმებინა.  და მიუხედავად ამდენი უსიამოვნებისა ამ პროეტში გამარჯვება ჩემმა გუნდმაც მოახერხა (სამადლოდ დაწერილი ქულები ჩვენ გვეხებოდა). და 3-დღის განმავლობაში ვიყავით ყაზბეგში.

წელს უკვე მეოთხე გუნდურ ინტერეგრირებური პროექტი ”ჩვენი სამცხე- ჯავახეთი”  ტარდება. პრეზენტაცია დღეს უნდა გაიმართოს. სამწუხაროდ მე ვერ შევძელი მონაწილეობის მიღება მაგრამ სამაგიეროდ ჩემი და მონაწილეობს და ვუსურვებ წარმატებებს = ))  იმედი მაქვს ყოველგვარი აყალმაყალის გარეშე ჩაივლის და ბავშვებს (ისე როგორც მე) არ დარCებათ იმის შეგრძნება, რომ რაიმე უსამართლოდ ჩატარდა. სამწუხაროდ არ ვიცი არც ჟიურის შემადგენლობა და არც პირობები.წელს ყველაზე ცოტა მონაწილე ყავს ამ პროექტს. ალბათ იმიტომ რომ წელს ვინც დავამთავრეთ  ყოველთვის აქტიურობით გამოვირჩეოდით. წელს დამთავრებული 2-კლასიდან მინიმუმ 10-თემა მაინც მიიღებდა მონაწილეობას. დღეს კიდევ სულ 12-თემაა და გაიმარჯვებს მხოლოდ 5. კონკურსი ფაქტიურად არ არის და ჩემი დის იმედი მაქვს.

მგონი გასაგებად ავღწერე ჩემი სკოლის დამსახურება გასართობ-შემეცნებით პროექტებით. უკვე მეოთხე წელია ეს ყველაფერი გრძელდება და იმედი მაქვს რომ კიდევ დიდხანს გააგრძელებენ. მოსანახულებელი კიდევ ბევრია. ამ პროეტით ბავშვი მართლაც რომ ძალიან ბევრს გებულობენ თავისდაუნებურად = ))