Tag Archives: ნაითოფისი

ფრანი ნაითოფისში

ასე 22:10 საათი იქნებოდა. ბარათაშვილის ხიდთან ვიდექი მეგობრებთან ერთად და ველოდებოდით კიდევ ერთ მეგობარს. არ ციოდა სხვათაშორის, თოვლიც ალაგ-ალაგ მშვდობაში იყო. მეგობარი მალევე გამოჩნდა, მეტროდან კიდევ ერთი ნაცნობი გამოუყოლებია. კიბეებით დაბლა ჩავედით, ნაით ოფისთან, მოსაწვევები მოგვცა და რიგში ჩავდექით.

525955_523960920947626_1872127234_n

არ მიყვარს რიგში დგომა. მაგრამ არც ისეთი უსიამოვნოა როცა გარშემო უამრავი ხალხია. მათი ასაკი დაახლოებით 18-დან 25 წლამდე მერყეობდა. გამიკვირვიდა. არ ველოდებოდი ამდენ ხალხს თუ ვნახავდი. საერთოდაც, მეგონა ფრანს 7 წლის მანძილზე მსმენელი თოვლივით გაუქრა მეთქი. მაგრამ ვცდებოდი.

ნაით ოფისში ფრანის კონცერტი იყო. 7 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. 7 წლის წინ მეც ვუსმენდი. უფრო სწორად, ორიოდე სიმღერა მომწონდა. მგონი მაშინ არც ჰქონდათ მეტი. როცა სხვა ნოტებზე ამღერდნენ, მე თავი დავანებე და ასე ავცდით ერთმანეთს ცხოვრების გზაზე.

როგორც იქნა ჩემი რიგიც მოვიდა. ჩანთა ფრთხილად შეამოწმეს, საბედნიეროდ არც ცივი იარაღი მქონდა, არც ცხელი და არც რაიმე მსგავსი^^ გარდერობისკენ გავიკვლიე გზა და აუარება ხალხი დამხვდა. ზოგი ქურთუკის დატოვების რიგში იდგა, ზოგი ვიღაცას ელოდებოდა და ა.შ. გარდერობი საკმაოდ პატარა აღმოჩნდა. ძალიან ბევრს მოუწია ქურთუკი, კარგ შემთხვევაში, ხელში დაეჭირა და ისე გაეტარებინა მთელი საღამო.

დარბაზი საკმაოდ დიდი და მოცულობითია. ბარების გადანაწილება იდეალური. ხელს არ გიშლის არაფერში. სცენა პატარა და კომფორტული, საცეკვაოდ საკმაოდ დიდი ადგილი და ნაკლები შანსი იმისა ვინმეს გაქნეული თეძო მოგხვდეს. ფასები სტანდარტული. შეიძლება ითქვას სხვა კლუბებთან შედარებით იაფიც კი. თუ მაგიდას დაჯავშვნი თავის მენიუთი არც ისე ძვირი ჯდება. კაცზე სადღაც 25 ლარი, რაც საკმაოდ იაფია.

ფრანის კონცერტი 12-საათისთვის დაიწყო. ფანები მონატრებულები იყვნენ, ზეპირად იცოდნენ სიმღერის ტექსტები, ცეკვავდნენ და ხარობდნენ იმით, რომ დღეს ფრანი მათ წინაშე იდგა და ცოცხლად მღეროდა. 12:01-ს და 21 დეკემბერს ფრანის კონცერტზე შევხვდი, როგორც აღმოჩნდა გადავრჩით, მივულოცეთ ერთმანეთს და კონცერტიც გაგრძელდა.

_MG_1181 [1024x768]

პირველი კითხვა რაც გამიჩნდა იყო შემდეგი: “რა უნდა ფრანის კონცერტს ნაით ოფისში?”. თურმე ამასაც ჰქონია ადეკვატური ახსნა. მას შემდეგ რაც ნაითოფისმა მუშაობა აღადგინა გადაწყვიტა რომ ხუთშაბათი დღე დაუთმოს ცოცხალ მუსიკას და მის მსმენელს. ამ ხუთშაბათს ფრანის და ფრანის მსმენელთა რიგი იყო.

შეყვარებული ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც ფრანის მუსიკის ფონზე იდეალურად გრძნობენ თავს, რამდენიმე გოგო, რომელიც მთელი საღამო ცდილობს ინტაგრამით ნორმალური ფოტო გადაიღოს და არ გამოსდის, მოცეკვავე ახალგაზრდები, მაგიდასთან მსხდომი მოქეიფე ხალხი, კიბეებზე ჩამომჯდარი და სულგანაბული გოგოები, ბართან მჯდომი და რედბულ-ვოდკას მოწრუპავი ყმაწვილები და სცენაზე ამღერებული ფრანი.

frani

კარგი საღამო გამოვიდა მათთვის ვისაც ფრანი უყვარს და კარგი საღამოები იქნება ხუთშაბათობით ნაითოფისში ^_^ ასე, რომ იყავით ყურადღებით და არ გამოგეპაროთ ივენთები :)

კლუბიდან გამოსულს თოვლი დამხვდა, მაგრამ სველი. მეგონა დილით დადებული დამხვდებოდა და შევცდი.