Tag Archives: ნაფაზი

დილა წარსულიდან

კარზე საშინელი ბრახუნია, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ვფხიზლდები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კარი არ უნდა ჩავკეტო და დაე შემოვიდეს ყველა ვისაც უნდა. ფეხშველა და ნახევრად შიშველი მივიწევ კარისკენ და გულში მწარედ ვაგინებ ვინც არ უნდა იყოს.

– გეძინა?

– კი

– კაი მერე მოვალ

– უკვე გავიღვიძე, გულშიც გაგინე ჩემი გაღვიძებისთვის და შეგიძლია შემოხვიდე.

– მარტო ხარ?

– კი.

ამ დროს ლოგინისკენ მივემართები ისევ და სულ არ მაინტერესებს შემოვიდა თუ არა. თუმცა დარწმუნებული ვარ უკან მომყვება და ვერ ბედავს რამის თქმას. იცის,  როცა მაღვიძებენ საშინლად ავი ვხდები. ისევ ლოგინში ვძვრები, თბილია, არ გაციებულა და ლამისაა ჩამეძინოს.ბალიშის ქვეშიდან ტელეფონს ვიღებ, ეკრანს დავხედე და 7 ზარი დამხვდა, მისგან, ვინც ახლა ფრთხილი ნაბიჯით მოიპარება ჩემს ოთახში. 7-ჩემი ბედნიერი რიცხვია.  საწოლის მოპირდაპირე მდგომ დივანზე ჯდება და მიყურებს. ვგრძნობ მზერას, მაგრამ არ მინდა ვაგრძობინო, არ ვიმჩნევ და თვალები დახუჭული მაქვს. ცოტაც და დამეძინება, მაგრამ ფეხზე დგება და წასვლას აპირებს. არ მინდა რომ წავიდეს და ვეუბნები რომ გვერდზე მომიწვეს და ჩემთან ერთად დაიძინოს.

გვერდზე მიწვება, იმის მაგივრად რომ დაიძინოს საუბარს მიწყებს. არ მინდა ლაპარაკი, არ ვუსმენ, მხოლოდ ჩახუტება და ჩუმად ყოფნა მინდა. მინდა ვიგრძნო რომ ისევ მე მეკუთვნის და რომ არაფერი შეცვლილა 4 წლის განმავლობაში.ვითომ არც ყოფილა ეს 4 წელი. სიტყვები ბუნდოვნად მესმის: “სიყვარული”, “მეგობრობა”, “წყენა”, “ტკივილი”, “ცრემლი”… შინაარს ვერ ვწვდები და თავს ბალიშიდან ვწევ. ზურგზე წევს, თვალები ჭერისკენ აქვს მიპყრობილი, სიგარეტს ეწევა, ღრმად დაარტყა ნაფაზი და ბოლო სიტყვებს მეუბნება: “აღარასოდეს ვიქნებით ისე როგორც მაშინ, აღარასოდეს შემიყვარდები ისე როგორ მაშინ”.

 

 

-ვიცი

-და მაინც მოელი ჩემგან რამეს?

-არა

-აბა რატომ შემომიშვი სახლში?

-მომენატრე, – და ვკოცნი.

აზრზე რომ მოვედი ის ფეხზე იცვამდა და კარისკენ მიდიოდა.

-ნახვამდის. – დავადევნე სიტყვები

-მშვიდობით, – მიპასუხა და იმის მერე აღარ მინახავს.

….

ვიცი გავა დრო და ისევ ვნახავ, ისევ ვეტყვი რომ მომენატრა, რომ ძველი დრო მინდა დაბრუნდეს, რომ ნაწყენი ვარ იმიტომ რომ არ დამიჯერა და ისევ მეტყვის რომ არაფერი გამოვა და ისევ დამემშვიდობება.

დღე

8:00–ზე მაღვიძარა რეკავს. მეღვიძება, ჩემი დის სკოლაში წასვლის დროა. 9–საათისთვის სახლიდან ყველა გადის.მარტო ვრჩები და საშუალება მაქვს ცოტა ხნით კიდევ დავიძინო. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლახანს დავდე ბალიშზე თავი. ახლახანს იყო, სულ რაღაც 3 საათის წინ.

2–მდე წყნარად მძინავს. ბევრ სიზმარს ვხედავ, ვწრიალებ და ბოლოს გაბრუებული ვიღვიძებ. მცხელა. ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან პირველ, მეორე, მესამე სიზმარს. ვირევი და ბოლოს გადავწყვეტ რომ ავდგე და ვისარგებლო იმ სიჩუმით რაც სახლში მეფობს.

ვსაუზმობ მარტო, ტელევიზორი ფონისთვის მაქვს ჩართული და როგორც ყოველთვის რაღაც სერიალია, 3–მდე ხომ სერიალების დროა. მთელი საუზმის განმავლობაშ სიგარეტზე ვფიქრობ, მოვწიო არ მოვწიო…  გადაწყდა – არ მოვწევ. ინსტიქტურად ვდგები, ვიღებ ჩანთიდან ერთ ღერს, გავდივარ აივანზე და ვუკიდებ… ისევ ვფიქრობ: მოვწიო არ მოვწიო… ამასობაში ყავა მზადაა, ვისხამ ერთ ჭიქას და აივანზე გამაქვს, ვჯდები ძირს და ვიწყებ ფიქრს იმაზე მე რომ ფიქრი მიყვარდეს რაზე ვიფიქრებდი. არა, არ მიყვარს ფიქრი და ჩამქრალ სიგარეტს ვუკიდებ, ნაფაზს ვარტყამ, ცოტა ხანი წყანარდ ვარ და ბოლოს ღრმად ამოვისუნთქავ. მე ხომ არ მინდა რომ მწეველი გავხდე? არაუშავს, ერთიც და გადავაგდებ, მცივა. ვაქრობ სიგარეტს, აივნიდან ვაგდებ თთქოს არც–არაფერი, გაყინულ ყავას ვიღებ და ოთახში ვბრუნდები.

ამასობაში 5–საათიც გამხდარა, ფეისბუქში ზუსტად ვიცი რომ მარის მოწერილი დამხვდება “ნათია,სად ხარ?”. ვეტყვი მეძინა–მეთქი…