Tag Archives: ორშაბათი

კვირიდან კვირამდე არაფერი იცვლება, ამინდის და საკითხავი წიგნების გარდა.

ჩემი მაღვიძარა ყოველ დღე (კვირის კარდა) 10:00 საათზე რეკავს და შესაბამისად ჩემი დღეც 10 საათზე იწყება. გაღვიძება არ მიჭირს, მაგრამ საწოლთან გამომშვიდობება ძალიან, მითუმეტეს უკვე აცივდა. დილის ტრადიციული პროცედურების და საუზმის შემდეგ, დაახლოებით 10:45 საათზე სახლიდან გავდივარ.

ყველაზე მეტად მარშრუტკის ლოდინი მეზიზღება. არადა, 4 მარშრუტკა მაწყობს, 100, 171, 202 და 122. ყველაზე მეტად 122 ნომერი მიყვარს, ცარიელია ხოლმე, ყოველშემთხვევაში სკამზე ნამდვილად ვზივარ და დანარჩენი მარშრუტკებისგან განსხვავებით ფეხზე დგომა და თავის ძლივს შეკავება არ მჭირდება. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე – 122 იმდენად იშვიათადად დადის რომ სამსახურამდე მისვლა სხვა მარშრუტკით მიწევს.

დაახლოებით 11:20 საათზე უკვე სამსახურში ვარ. სახლიდან წამოღებულ საკვებს უჯრაში ვაბინავებ, სუფლიორის პულტს და პადს დასატენად ვაერთებ – აუცილებელია, თუ არ მინდა საღამოს ჩემს ეთერს საფრთხე შეექმნას. ამასობაში კომპიუტერი ირთვება. რა საკვირველია ეგრევე მუშაობას არ ვიწყებ, ჯერ ფეისბუქს ვსქროლავ – იქნება და ვინ მომწერა?! ან იქნება და რა მოხდა ქვეყანაზე? ეგეც რომ არა, ჩემი სამსახური ფეისბუქზეა.

პიემებს ყოველთვის ვასუფთავებ. მაგრამ ერთი ადამიანის პიემი შენახული მაქვს და მუშაობის ნაცვლად იმას ვკითხულობ. nothing good happens after 2am და ამ ადამიანთან ჩემი მიმოწერაც მაგის დასტურია.

computer_monotony_by_bleach_ed_na_tsu-d74j01q

დროა მუშაობას შევუდგე.

რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობ გადავქექო ჩემთვის ნაცნობი ვებ-გვერდები, ვიპოვო საინტერესო ვიდეოები, სტატიები, ფეისბუქ პოსტები, ფოტოები – და ყველაფერი ის, რაც ადამიანებს აინტერესებთ, ის რასაც ინტერნეტმომხმარებლები უყურებენ, კითხულობენ და თვალს ადევნებენ. ხანდახან მიჭირს, ხანდახან ძალიან მარტივად ვპოულობ ხოლმე. აი დღეს, ძალიან მარტივად ვიპოვე ორი გადაცემისთვის საჭირო ვიდეოები. ასე 4 საათისთვის ორივე გადაცემა მზად მქონდა.

6-ზე პირველი გადაცემა იწყება. მერე 7-ის ნახევრიდან 9-საათამდე ფანჯარა მაქვს. უსაქმურობის ფანჯარა. ამ დროს ძირითადად კითხვას ვუთმობ ხოლმე. დღეს ახალი წიგნი – “ცუდი გოგოს ოინები” დავიწყე. სხვათაშორის მომწონს. ჩემი მოლოდინი გაამართლა და დიდი მადლობა ჩემს თანამშრომელს მისი ჩუქებისთვის ❤ ის რომ არა ღმერთმა უწყის როდის მოვაბამდი თავს მის შეძენას. რატომღაც როდესაც ჯერი წიგნების ყიდვაზე მიდგებოდა ყოველთვის სხვა წიგნს ვამჯობინებდი ხოლმე, თურმე ვცდებოდი.

11158086_842544595794594_172673928_n-700x336

9 საათზე მორიგი ეთერი მეწყება. 10-ის 20 წუთზე ჩიტივით თავისუფალი ვარ ხოლმე, მაგრამ ისეთი დაღლილი, რომ სახლამდე ძლივს მივლასლასებ. ის 15 ხანდახან 20 წუთი, როდესაც მარშრუტკას ველოდები მხოლოდ მანქანის ყიდვაზე ვოცნებობ – იქნება და მეყიდა მანქანა?

10 საათისთვის სახლში ვარ ხოლმე.

და ასე ყოველ დღე – ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. პარასკევი მიყვარს, მუშაობას ადრე ვამთავრებ და 7-ის ნახევარზე ვთავისუფლდები.

კვირიდან კვირამდე არაფერი იცვლება, ამინდის და საკითხავი წიგნების გარდა.

 

P.S დღევანდელ დღეს American Horor Story-ს მეხუთე სეზონის საუნდრეკი საოცრად უხდებოდა 🙂

 

50-დან 49-მდე

50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარჩემი 50 წიგნი, რომელსაც ერთი, ორმოცდამეათე აკლია.
პირველი წიგნი 2010 წლის 8 ნოემბერს, თბილისი ცენტრალში, 50 წიგნის პრეზენტაციაზე შევიძინე. თავიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული, გამოკითხვებში მონაწილეობას ვიღებდი, ვინტერესდებოდით სიით და ა.შ. მინდოდა ის 50 წიგნი მქონოდა, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკიტხო სანამ ცოცხალი ხარ.

აქტიურად ავუბი მხარი, გამოსვლისთანავე ვყიდულობდი, თან მობილურში ორი კვირის შემდგომ ორშაბათზე რიმაინდერს ვაყენებდი რომ არ დამვიწყნოდა. სახლში მისული ჯერ წიგნის უკანა მხარეს ვკითხულობდი, მაინტერესებდა წიგნი რაზე იყო და ვინ იყო ავტორი, მერე ბოლო ფურცელს ვკითხულობდი, შემდეგი რა წიგნები იქნებოდა უნდა მცოდნოდა. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე კითხვას ვიწყებდი. თითქოს არ მიჭირდა, ორ კვირაში ერთხელ ერთი წიგნი არაფერია, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა რომ კითხვას თავი დავანებე და ყიდვითღა შემოვიფარგლე.

თავიდან ჩემს თაროზე ვაწყობდი, მერე ჩემი დის თაროც დავისაკუთრე, ბოლოს მივხვდი რომ ოთახში არ მეტეოდა და ჩემი ძმის ოტახში გავაბრძანე ყველა სათითაოდ. გული მწყდებოდა, მინდოდა რომ ყველა ჩემთან ყოფილიყო, ორმოცდაათივე.

Continue reading

ორშაბათი

7:30 სთ. მაღვიძარა რეკავს. რაც ტელეფონს ჩიპი ამოვაცალე და ჩემს ძმას ვაჩუქე, მაღვიძარას ზარიც ბუნებრივია შეიცვალა. მთელი 4 წელი გერმანული მარშის ხმაზე ვიღვიძებდი, თანაც სასწრაფოდ, რომ რაც შეიძლება მალე გამომერთო. ბოლო 2 თვეა ძალიან წყნარი და ჩუმი ზარი რეკავს, უბრალოდ ჩემს ტელეფონში მეტი ხმაურიანი ვერაფერი ვიპოვე. მაგრამ, ყველა ზარი რომელიც დილით მაღვიძებს საშინელება და კატასტროფაა. სასწრაფოდ გადავყავი ხელი გვერდზე მდგომი ტუმბოსკენ, ტელეფონი ხელის ფათურით ძლივს ვიპოვე. საერთოდ, რთულია ისეთი პაწუკა ტელეფონის პოვნა ჩემ ტუმბოზე როგორიც ნოკია 5310-ია, განსაკუთრებით მაშინ თუ იგი ტანსაცლის, წიგნის, ლეპტოპის და დიდი ჩანთის ქვეშაა. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა გაუბედურდეს ჩემი ჯართი ნოკია, მაინც ყველაფერს მირჩევნია. ამდენი წელია ერთად მოვდივართ ბოლო-ბოლო. მაღვიძარა გამოვრთე. ვინებე და თვალებიც გავახილე რამოდენიმე წამით. აივანთან ახლოს მძინავს, ფარდებს ძილის წინ არ ვწევ და ახალ გაღვიძებულს ახლად ამოსული მზე მეგებება ხოლმე. არ მიყვარს დილით მზე. 5 წუთი მჭირდება რომ საკუთარი თავი დავარწმუნო და თვალები საბოლოოდ გავახილო. მთავარი ეგაა, მერე ადგომაც გაცილებით ადვილია.

7:45 სთ. სულ 15 წუთი მჭირდება იმისთვის, რომ უნივერსიტეტში წასასვლელად მზად ვიყო. რა თქმა უნდა ამ 15 წუთში ჩანთის ჩალაგება არ შედის. ჯერ კიდევ დადებილებული სახით ლეპტოპს ვრთავ, 2 წუთი, არც კი, სჭირდება რომ ჩაირთოს და მე ამასობაში სამზარეულოში გასვლას და ყავის გაკეთებას ვასწრებ. დილით მიყვარს ყავა, იმიტომ არა რომ მივეჩვიე და უკოფეინოდ ვერ ვძლებ. არა, უბრალოდ ყავა მიყვარს. ნახევარი საათი, იმაზე ორჯერ მეტი ვიდრე ჩაცმა-დახურვაში მჭირდება, აუცილებელია დილის ფეისბუქისთვის. ვთვლი, რომ მსზე უკეთესი ადგილი გამოსაფხიზლებლად არ არსებობს. ფეისბუქი განსაკუთრებით საინტერესო ხდება როცა გუშინ ძალიან ადრე დაწექი.

8:20 წთ. გაჩერებაზე ვარ და ავტობუსს ველოდები. ვაკის მიმართულებით 2 ავტობუსი დადის, 21 და 51. რა თქმა უნდა ორივე სავსე და ორივე გატენილი. არსებობს ალტერნატიული გზაც. გაცილებით კომფორტული, გაცილებით სწრაფი და გაცილებით ძვირი. სამწუხაროა, მაგრამ უმუშევარ სტუდენტს 80 თეთრის “მარშუტკაში” გადახდა ძალიან მენანება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მირჩევნია ამ წამს ავტობუსში შეტენვას მაინც ავტობუსს ვუცდი და “მარსუტკას” სევდიანი თვალებით ვაცილებ.

8:50 სთ. უნივერსიტეტში ვარ. უფრო სწორად, უნივერსიტეტთან. მიყვარს დილით მეორე კორპუსის კიბეებზე დგომა და მოწევა, თუნდაც მაშინ როდესაც ვინმეს ველოდები. ასე მგონია მაგ დროს ჰაერი სუფთაა, ქუჩაში ბევრად ნაკლები მანქანა, უნივერსიტეტთან მაქსიმუმ 5 კაცი, მზე ნახევრად ამოსული. დამლაგებლები ჩამოყრილ ფოთლებს გვიან და სიგარეტის ბიჩოკებს აგროვებენ. რატომღაც ყველა ვინც ეწევა ბიჩოკს ძირს აგდებს და მე თავი სრული იდიოტი მგონია ხოლმე, როცა ნაგვის ურნასთან მივდივარ, ვაქრობ ანთებულ სიგარეტს და ვაგდებ ნაგვის ურნაში.

9:00 სთ. ლექცია იწყება. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. სისხლს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიყვარს ეს საგანი, გაცილებით საინტერესო, გაცილებით ადვილი, გაცილებით მრავალფეროვანია. ვისთვის როგორ პრინციპში. რაც სწავლა დაიწყო სისხლის ლექციაზე ჯერ არ ვყოფილვარ. 17-ში ბათუმში ვიყავი, 24-შიც ბათუმშიც ვიყავი, 1-ში არჩევნები იყო და 8-ში მეც მივაღწიე ფდა-მდე. ლექციის თემა მკვლელობა (108-ე მუხლი) და მკვლელობა დამამძინებელ გარემოებებშია (109-ე მუხლი). მსიამოვნებს მოსმენა, გაგება და აღქმა. მხოლოდ იურისტი თუ გამიგებს.

11:00 სთ. ლექცია მორჩა. მთელი დღე თავისუფალი მაქვს. მაგრამ ვინაიდან წიგნები ძალიან ძვირი ღირს და + ამას სახლში ვერ ვმეცადინეობ ბიბლიოთეკაში ვრჩები. იმას, რასაც ბიბლიოთეკაში 1 საათში ვსწავლობ, სახლში მთელ დღეს ვუნდები. იმიტომ რომ სახლში ფეისბუქია, წყალია, ტუალეტია, საჭმელია და უამრავი 1000 ნივთი და ხელსაწყო რაც ხელს გიშლის მეცადინეობაში. ბიბლიოთეკაში მეცადინეობა ძალიან პროდუქტიულია და ამას წინა სემესტრში მივხვდი.

13:00 სთ. ვარჯიშს თავი დიდი ხანია დავანებე. დღეს კი როგორც იქნა მივაღწიე. კარების კოდიც კი დამვიწყნია იმდენი ხანია არ ვყოფილვარ. მიხარია ვარჯიშის დაწყება, მიხარია რომ 2 თვის ფული წინასწარ გადავიხადე. ასე ის ფული აღარ დამეხარჯება და მეც ორი თვე ყველა ვარიანტში მომიწევს სიარული. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო-ბოლო ის ფული დამენანება რომელიც უკვე გადავიხადე.

15:00 სთ. სახლის კარი მამაჩემმა გამიღო. გაუკვირდა, ასე ადრე სახლში რატომ მოხვედიო. ლექციები მომირჩა, ვიმეცადინე კიდეც და ვარჯიშზეც ვიყავი-მეთქი. მაგ ყველაფრის მერე არსად არ წახვედიო? ან ვინმე არ გყავდა სანახავი ან “რაღაც” არ გქონდა გასაკეთებელიო? თავი დამნაშავეთ ვიგრძენი, ასე ადრე სახლში აღარ დავბრუნდები.

19:00 სთ. უსაქმურობისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. მაცივარს მივადექი და საყინულეში თევზი ვიპოვე. გავალღვე მიკროტალღოვან ღუმელში. გავასუფთავე, გავრეცხე და შევწვი. ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა. თითებს რომ ჩაიკვნეტდი ისე. ვარჯიშთან ერთად დიეტაც დავიწყე, უფრო სწორად გავაგრძელე, და ვიფიქრე ასეთ დროს ჭამა ცუდი იდეაა და ხვალისთვის იდეალური სადილი გამომივიდა-მეთქი. ფუტურამას ყურება დამშვიდებული და კმაყოფილი სინდისით გავაგრძელე. მომწონს ფუტურამა, ძალიან სახალისო და ტონკი იუმორით გაჯერებული სერიალია. ერთ-ორ საათში სამზარეულოში გავლასლასდი და ის თეფში, რომელზე იდეაში თევზი დავტოვე, ცარიელი და გასარეცხი დამხვდა. თუკი ჩემთვის გვიანი აღმოჩნდა ასეთ დროს ჭამა, ჩემი ძმისთვის და მამაჩემისთვის იმდენი თევზი საკმარისიც არ აღმოჩნდა. მე ხომ მშვიდი და წყნარი ნერვები მაქვს, ხოდა არაფერი დამილეწია სიბრაზისგან.

23:00 სთ. დავიღალე, მეძინება და ერთი სული მაქვს ლოგინში შევძვრე. საბანში გახვევა ერთი სიამოვნებაა. ვიფიქრე ცოტას წავიკითხავ-მეთქი, ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა” დავიწყე. დროის უქონლობის და ფეისბუქის გამო მხოლოდ ძილის წინ ვახერხებ წაკითხვას, ისიც 3-5 ფურცლისა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ნაკლებადაა დიალოგები და ბლომად უუუზარმაზარი აბზაცები, მაინც ადვილად და საინტერესოდ იკითხება. დღეს 3 ფურცლამდეც ვერ გავქაჩე, ჩემს დას შუქის ჩაქრობა და თავისი ნეთბუქის გამორთვა ვთხოვე, ძილში ხელს მიშლის-მეთქი და 5 წუთში ისე ჩამეძინა სინათლე და ნეთბუქი არ გაუთიშავს.

დილით ისევ დარეკავს საშინელხმიანი მაღვიძარა.

ვერა ვერ შევეშვები ნიჭიერს

  • ნიჭიერი არის პროექტი სადაც იხილავთ გოგონებს ჯუნგლებიდან, რომლებიც ცდილობენ იცეკონ აჭარული.
ჯუნგლებში მოხვედრილი აჭარელი გოგო

ჯუნგლებში მოხვედრილი აჭარელი გოგო

  • ნიჭიერის სცენაზე იხილავთ ხალხს “მე ამას ჩემი ფანებისთვის ვაკეთეეეეეეებ და სულ არ მაინტერესებს ჟიურიიიიიიიიი”…
ყველანი მიყვარხაააააააააააართ

ყველანი მიყვარხაააააააააააართ

  • ნიჭიერი პროექტია, სადაც იხილავთ მოხუცების და ბავშვების დაუღალავ შრომას ნიჭიერის ტიტულის მოსაგებად.
  • იხილავთ ჟიურის არაკომპეტენტურობას, როდესაც მეორე ტურში გადაყავთ არანიჭიერი ხალხი.
:მოდი ვცადოთ რა იქნება შემდეგ ტურში: ხალხი

:მოდი ვცადოთ რა იქნება შემდეგ ტურში: ხალხი

  • მხოლოდ ნიჭიერის სცენაზე შეგიძლიათ იხილოთ N-რაოდენობის უნიჭო ილუზიონისტი.
უნიჭოები

უნიჭოები

  • მხოლოდ აქ შეგიძლიათ იხილოთ 10–13 წლის ბავშვები, რომლებიც “გადასარევად” მღერიან და რომლებიც რა თქმა უნდა გადადიან შემდეგ ტურში. მერე რა რომ წლების მომატებასთან ერთად დაკარგავენ ხმას, სმენას და ნიჭიერებას.
  • მხოლოდ  ნიჭიერის სცენაზე “კაი ბიჭის” ახსნილი სიყვარული
კაი ბიჭი

კაი ბიჭი

როგორც იქნა ნიჭიერის პირველი შესარჩევი ტური დასრულდა. დაახლოებით 150–მდე ნიჭიერი ადამისგან უნდა დარჩეს 50 ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი და შემდეგ უკვე დაიწყება ნახევარფინალი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ 50ეულში არ შევა:
1. მოხუცები, რომლებიც უბრალოდ საყვარლები არიან;
2. ბავშვები, რომლლებიც უბრალოდ საყვარლები არიან;
3. “ნიჭიერები”, რომლებიც “მოდი ვცადოთ”–ს გამო გადაიყვანეს;
4. “ნიჭიერები”, რომლებიც “მოდი ნუ გავუტეხავთ”–ის გამო გადაიყვანეს.

პ.ს ნიჭიერზე წერა რატომღაც ჩვევად მექცა :/ ყოველთვის როცა პოსტს ვაფაბლიშებ ვამბობ რომ შემდეგ კვირას აღარ დავწერ. მაგრამ, ორშაბათს რომ ვუყურებ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ეს სერია როგორ დავწერო ბლოგზე 🙂

ნიჭიერი

სახლში არ ვიყავი და დამავიწყდა. არა და დილიდან ველოდი.არაუშავს კეთილ ადამიანებს myvideo.ge ჩემთვის შეუქმნითა. ვზივარ და ვუყურებ, პარალელურად პოსტს ვწერ.

სანამ პოსტის წერას დავიწყებდი ფბ–ზე მეგობრების სტატუსებს გადავავლე თვალი, ზოგი გაოგნებული იყო, შოგი აჩუყებული და ზოგიც “ვაიმე რა საყვარლები არიან”  სტატუსით შემოფარგლულა.

დღეს, ნიჭიერის მეორე სეზონი იყო. ჩავრთე, მოვკალათდი სავარძელში და რაღაც გასაოგნებელის საყურებლად მოვემზადე. პრომო ისეთი ჰქონდა მოდი და ნუ გეგონება, რომ გასაოგნებელი იქნება.

პირველი მონაწილე 13 წლის გოგონა სარკისებურად საუბრობდა. ანუ უკუღმა და ჰიმნის შესრულება მოინდომა. უდავოდ ნიჭიერია! თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი გათვლილია ნიჭიერების აღმოჩენაზე, მაინც მთავარი მიზანი შოუს დადგმაა, ამიტომაც მას 2 არა ერგო.

შემდეგი მონაწილე იუმორისტული პაროდიების შემომთავაზებელი ახალგაზრდა იყო. საშინელებაა! დავრწმუნდი, რომ ჩვენთან იუმორს ყველა თავისებურად აღიქვამს :/ ნეტა მეგობრები არ ეუბნებიან, რომ სად მიდიხარ დაეტიე სახლშიო?!

იოგა იოგაა… ამით ხალხს ვერ გააოცებ და მტკიცე უარიც მიიღეს.

როგორც ჩანს ჟიური სუბიექტური აღმოჩნდა (კუსამ თქვა თუ ობიექტურები იქნებიან მეორე ტურში გადავალო) და კუსა ვერ გადავიდა მეორე ტურში. თუმცა შეფასებას რომ დალოდებოდა ღმერთმა იცის რა მოხდებოდა. კუსამ ჯეოსტარის ერთ–ერთი მონაწილე გამახსენა… ფანებით და “პლაკატებით” რომ მოვიდა და საკუთარ თავში დაჯერებულ იდიოტს რომ ჰგავდა. ნუ მე ეგეთი ეგ ერთი მეგონა მარტო, მაგრამ კუსაც მისი “მოგვარე” აღმოჩნდა.

ნიჭიერში ასაკს მნიშვნელობა არ აქვსო და ანსაბლი “ალილო” ბათუმიდან ჩამოვიდა. ჯგუფის ბავშვების ასაკი 4–6 წელი იყო და ქართულ ცეკვებს ასრულებდნენ. ნუ დიდად ვერ ავღფრთოვანდი… ალბათ სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ ბავშვები 4– წლიდან უკვე აღარ მევასებიან. თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვები განებივრებულები და მეტიჩრები იქნებიან. ენივეი, ჟიურიც აღფრთოვანებული იყო ამ “თოჯიბებით” და მაყურებელიც და მეორე ტურშიც ვიხილავთ “პატარა თოჯინების თეატრს” (ც) ვანო.

შემდეგი მონაწილეები კათარზისიდან იყვნენ. მოხუცი ბებიები და ბაბუები (პაპები) სამღერად მოვიდნენ. თურმე ისინი გასართობად ხშირად ატარებენ ხოლმე კონცერტებს და ცდა ბედის მონახევრიაო და აქაც მოვიდნენ, ან მოიყვანეს რა ვიცი. სიმღერა არ ჰქონდათ დაწყებული ვანომ და თიკომ განაცხადეს ეს ხალხი უკვე ძალიან მიყვარსო. მომკალით და არ მჯერა 😐 არა, იმიტომ კი არა რომ ეს მოხუცები არ მომეწონა. უბრალოდ ასე უბრალოდ სიყვარულის არ მჯერა + ამას ვერ მღეროდნენ. გული რატომ აუჩუყდათ ვერ გავიგე. იმიტომ რომ კათარზისიდან იყვნენ? იმიტომ რომ მიუხედავად ასაკისა და რთული ცხოვრებისა მაინც ჰქონდათ ნერვი ეზრუნათ საკუთარ გართობაზე? თუ იმიტომ რომ კარგად მღეროდნენ? არა არა, ეს ბოლო გამორიცხეთ არ მღეროდნენ კარგად. ვანოს სიმღერის დასრულების შემდეგ შეუყვარდა ეს ხალხი. აი გეგა ცოტა ობიექტური იყო საყვარლები ხართო… კი საყვარლები იყვნენ. სოფოს ტირილი არ გამოსდის და აღარ იტიროს ძალით რა :/ სამი “კი” მიიღეს. რატომ? ა) მოხუცები იყვნენ და გული არ ატკინეს;  ბ) ნიჭიერები იყვნენ. პასუხი თქვენთვის მომინდია.

აი ამ ჭიქით და დიდი გულით იმ კაცს გაუმარჯოს ვინც გაბედა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დარდიმანდულის სამღერლად მოვიდა. სოსო დუშეთიდან. პრომო რომ ვნახე იმის მერე მინდოდა ამ კაცის მოსმენა ❤ ❤  “აბობოქრებულ ზღვაში გატარეეეებ… ” კი არა და გამოდგება ეს კაცი სუფრაზე, ალბათ ^^ ნიჭიერების კი რა მოგახსენოთ : ))  თუმცა ქართველები ხომ საოცრად კეთილი ხალხი ვართ, ხო და მისცეს შანსი და მეორე ტურშიც სულ თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ ძახილით გადავიდა.

კვარტეტი “ქუთათური”  – ვინც მასზე ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა! ხო და ჩუმად ვარ.

შემდეგი ცოტა არ იყოს უცნაური ჯგუფი გორიდან “ვოთერ ლილი” …  მაგრამ იმდენად კარგად იმღერეს რომ დაუფიქრებლად აღმოჩნდნენ შემდეგ ტურში.

საქართველოს ჰიპ–ჰოპის ფედერაცია სრული შემადგენლობით სცენაზე. ახალი, გასაოგნებელი, გასაგიჟებელი ვერაფერი, მაგრამ კარგები იყვნენ ხო და შემდეგ ტურშიც გადავიდნენ.

ფერიები მარიამი და ქრისტინე. ეს ფერიები სოფოსთვის თორემ ჩემთვის დები, რომლებიც მღეროდნენ და ნუ არც თუ ისე კარგად. მოდი ასე ვთქვათ ჩვეულებრივად. მაგრამ პატარებს ბედი სწყალობთ.

ცირა კუპრაშვილი, ხატავს სხეულით და მას ფუნჯი ხელში არასოდეს ჭერია.  ის ქმნის ქალისა და კაცის ინტიმს ნახატში (wtf?). სცენაზე ის პრჭყვიალა საზიზღრობა რომ გაიხადა მაყურებელთა რიგებში გოგოს ხელი ბიჭის თვალებზე დააფიქსირეთ? :დ  კაცების აღფრთოვანებული ტაში? რა დახატა არ ვიცი, მაგრამ ასე მეც მივჯღაპნი რაღაცებს ტილოზე. მერე რა რომ მისნაირი ტანი არ მაქვს. სამაგიეროდ დიდი მკერდი მაქვს და ტილოზეც მშვენივრად ვიხმარ ხელებს, ფეხებს და მხრებს და ნუ თუ საჭირო გახდა თეძოსაც. გადავიდა შემდეგ ტურში :O და იმ პირობით რომ უფრო მეტი ინტიმი იქნება დ აუფრო გახდილი. შემდეგ სეზონზე მეც ხომ არ ვცადო?

შემდეგ მონაწილეებს ცირასგან განსხვავებით არ უმართლებდათ. ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა, ნუ ცდილობდა მაინც, შრეკი მაიმუნობდა (?!). სამაგიეროდ ლუკა იჭყანებოდა, მღეროდა კიდეც, ცეკვავდა და ისა… აი ეს იყო ნიჭიერი, ცოტა უფროსი მაინც ყოფილიყო, რა კარგი ვინმეა ♥ ♥

და აი ისიც, პარკური. პრომომ იმდენად დააინტრიგა ხალხი, რომ ორშაბათს მხოლოდ იმიტომ ელოდნენ გაეგოთ რა მოუვიდა იმ საწყალს. ვანომ იმდენჯერ თქვა ვნერვიულობო, საშიშიაო რომ დათარსა. არა, მთლად ვანოსაც ნუ დავაბრალებთ. 8–თვე ცოტაა იმისთვის, რომ ესეთი ექსტრემალური რაღაცები აკეთო. ავიდა, ჩამოხტა, დაეცა და ვეღარ ადგა. სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. როგორც აღმოჩნდა, სანამ ჩამოხტებოდა თაბრუ ეხვეოდა… ნუ აი სად მიდიხარ რომ მოდიხარ… 😐 არაუშავს, მთავარია რომ ბიჭი კარგადაა. სამაგიეროდ პარკური აიკრძალა ნიჭიერში.

ვანი ჩხოროწყუდან. მისი ნომერი ბაგირის გაწევას მაგონებდა. 5–5 დაკუნთული ყმაწვილი ცდილობდა გაექაჩა თავისკენ და ძლიერმა გაიმარჯვა. ვანო რა შუაში იყო არ ვიცი. სამაგიროდ ჟიურის ვანომ ცადა ბედი და ჰოი სასწაული! მასაც გამოუვიდა. მერე რა რომ გეგას ხელი გაექცა ღილაკისკენ ^_^

ბოშები, რომლებიც კახეთიდან ჩამოვიდნენ და საუბრობდნენ მხოლოდ რუსულად. უკვე მეორე შემთხვევა იყო მგონი როდესაც მონაწილეს არ ესმის ქართული. ნუ, მე მაღიზიანებს. ერთი–ორი სიტყვა რომ ისწავლო ქართულად, როცა ამდენი ხალხის წინ წარდგომას აპირებ, მგონი არაფერი მოგივა.  იცეკვეს, გაერთნენ და წავიდნენ.

გურამი რომელიც კარტით ასრულებდა რაღაცებს უკომენტაროდ, მარიკა რომელიც მღეროდა, ბიჭი რომელიც უკრავდა და მღეროდა კიდეც, ნათია რომელიც ინდურს ცეკვავდა და ყველას “თქვენი დიდი ხათრი გვაქვს მაგრამ არაო”

შემდეგმა მონაწილემ, ნაძიმ, სიმართლე რომ გითხრათ გამაოცა. ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ასე კარგად იმღერებდა. მაგრამ აი ბოლოში მუხლებზე დაცემა რაღა მეტიჩრობა იყო? ემოციებს აჰყვა ალბათ.

შემდეგი ისევ სახიფათო ნომერია, აკრობატიკა. მეგონა მსგავსი ნომრები აიკრძალა, მაგრამ ესენი მაგრები იყვნენ და დამსახურებულად გადავიდნენ მეორე ტურში.

ჟიურიზე რა უნდა ვთქვა: გეგას ინტიმი ჰყვარებია, ვანო თურმე კუნთებს მალავს, და სოფოს უთხარით რომ პირს ასე დიდზე ნუ აღებს. ვანო და თიკა ფორმაში იყვნენ, როგორც ყოველთვის.

რატომღაც უფრო განსაკუთრებუს ველოდებოდით, თუმცა რა იცი რა ხდება შემდეგ ორშაბათს?

 

გოგონა გარეუბნიდან

ამ დღეებში მეგონა არაერთი პოსტი დაიწერებოდა ახალ ქართულ სერიალზე, რომელიც ყოველ ორშაბათს 10-საათზე გადის იმედის ეთერში.

პირველი სერია წინა ორშაბათს, 24 მაისს იყოს. რატომღაც ისევ უგემოვნოდ გაკეთებულ სერიალს ველოდებოდი. სადაც ასევე უგემოვნო და ”ხელოვნური” მსახიობები იქნებოდნენ. ”გოგონა გარეუბნიდან”- ეს არის ამერიკული ”ბეტის” ანალოგია, რომელიც ”ღამის შოუს” ბიჭებმა ”გადმოაქართულეს” და მე პირადად ძალიან მომეწონა. სერიალში არიან როგორც ცნობილი ისე უცნობი მსახიობებიც და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს დავალებას. ყურების დროს სიყალბის შეგრძნება არ დამრჩენია.

მოუთმენლად ველოდები მორიგ ორშაბათს და ახალ სერიას. იმედი მაქვს, რომ პირველი შთაბეჭდილებები არ გაქრება = ))

აქვე შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ირაკლი კაკაბაძის ინტერვიუდან:

როგორც გვითხარი, ანალოგიური პროექტებისგან ქართული ვარიანტი იმით განსხვავდება, რომ მთავარ მოქმედ გმირს ტელევიზია აინტერესებს. კიდევ რით იქნება გამორჩეული ეს სერიალი უცხოურისგან?
– გვეყოლება აქტიური მეზობელი, რომლის როლსაც ნანული სარაჯიშვილი ითამაშებს, ორი მეგობარი გოგონა გვეყოლება – რუსკა მაყაშვილი და ნინო ქორიძე. ძალიან “სვეტსკი” დაქალები არიან, არაფერი მოსწონთ. ასეთი პერსონაჟები სხვა ანალოგიურ სერიალში არ ყოფილა. როცა იწყებ, ფორმულა თავიდან ერთია, მაგრამ მერე შორს რომ მიდიხარ, ქართული სიტუაცია იქმნება და აბსოლუტურად სხვა ფორმატს იღებს. ამერიკული სიტუაცია და იუმორი ქართულს ვერანაირად ვერ მოერგება.

რა ფორმატის არის სერიალი “გოგონა გარეუბნიდან”?
– ეს ჩვეულებრივი სერიალია, რომელშიც, რასაკვირველია, კურიოზული და სახალისო ამბები ხდება, მაგრამ ბევრს რომ ჰგონია, ეს “შუა ქალაქში 2”-ი იქნება, ცდება. “გოგონა გარეუბნიდან” კინოფილმის მსგავსი სერიალია, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ელემენტებით.

სერიალი კვირაში მარტო ერთი დღე რატომ გავა ეთერში?
– ანალოგიური სერიალები კვირაში ერთი დღე გადის ეთერში ბედნიერ ქვეყნებშიც კი და არა მგონია, ჩვენ რაც უნდა თავი მოვიკლათ, მეტი მოვახერხოთ