Tag Archives: პასპორტი

Trip to Yerevan – დღე I

თბილისიდან ერევნამდე

ჩემი მოგზაურობა ერევანში სპონტანურად გადაწყდა. ფაქტობრივად 3 დღეში დაგეგმილი და განხორციელებული თრიფი გამომივიდა.

სომხეთში წასვლას თუ დააპირებთ, პირველ რიგში პასპორტი გაიხსენეთ. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ რადგან უვიზო მიმოსვლა გვაქვს და რადგან თურქეთში ID ბარათით არის შესაძლებელი გადასვლა, ამიტომ სომხეთის საზღვარზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა საკმარისი იქნება. თუმცა, სინამდვილეში პასპორტი გჭირდებათ.

სომხეთში წასვლა რამდენიმე საშუალებით შეგიძლიათ – მატარებლით, მარშრუტკით, მინივენით და საკუთარი ავტომობილით. თუ საკუთარი ავტომობილი არ გყავთ, ყველაზე სწრაფი და ასე თუ ისე კომფორტული საშუალება მინივენია. მატარებელი მთელი ღამე მიდის და თანაც ვაგონები ძველია. მარშრუტკა კი ყველაზე ბოლო ვარიანტია, რითიც მგზავრობა შეიძლება. მისით გადაადგილება თბილისის ქუჩებშიც კი შემაწუხებელია.

მე და ჩემი მეგობრები ჩვენი მანქანით წავედით.

საზღვარზე ყველაფერი მარტივად ხდება. ჯერ საქართველოს საზღვარს გადაკვეთავ, გაგიღიმებენ (თუ ჩემსავით გაგიმართლად კონპლიმენტსაც გამოკრავთ ხელს), ბეჭედს ჩაგირტყამენ და სომხეთისკენ გიშვებენ. თუ საკუთარი ავტომობილით ხართ, გაითვალისწინეთ რომ მძღოლს (მანქანიანად) და მგზავრებს საზღვრის გადაკვეთა სხვადასხვა ადგილას უწევთ. საქართველოს საზღვრის შემდეგ ჯერი სომხეთზე მიდგება. პასპორტ კონტროლი მე მარტივად გავიარე, დახედეს ჩემს პასპორტს, მერე შემომხედეს, ბეჭედი ჩამირტყეს და have a nice trip-ო მომაძახეს. ჩემს მეგობარს რამდენიმე კითხვა დაუსვეს, თუმცა, არც ის დატოვეს ბეჭდის გარეშე.

პირველი გაოცება და პაატარა შოკი რაზეც მივიღე საზღვარზე მეტალ დეტექტორი იყო – არც ჩანთა შეამოწმეს, არც სხვა ნივთები, უბრალოდ მე გავიარე ჩანთის გარეშე (ჩანთა მეტალ დეტექტორის გვერდზე დავდე, ძირს, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ მქონდა) წრიპინი არ დაიწყო და შემოუმოწმებელი ჩანთით გამიშვეს სომხეთისკენ.

თუ თქვენი ავტომობილით მიდიხართ, მაშინ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ სპეციალურ შენობაში, სადაც 2 000 დრამს (დაახლოებით 10 ლარი) იხდით. ავტომობილი თქვენს სახელზე უნდა იყოს, ან მინდობილობა გქონდეთ. შემოწმება, ჩვენს შემთხვევაში, არც მანქანის მომხდარა. მძღოლს ჰკითხეს საბარგულში რა დევსო, მანაც გულწრფელად მიუგო ტანსაცმელიო და დაუჯერეს. საინტერესოა, ტანსაცმლის ნაცვლად სხვა რამე რომ გვქონოდა მერე რას იზამდნენ?

არ ვიცი ფოტოზე რამდენად ჩანს, მაგრამ მინის მიღმა ნისლია

არ ვიცი ფოტოზე რამდენად ჩანს, მაგრამ მინის მიღმა ნისლია

თბილისიდან ერევნისკენ საღამოს, 7-ის ნახევარზე დავიძარით, შესაბამისად, როდესაც საზღვარი გადავკვეთეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა. საზღვრიდან ერევნისკენ მიმავალი გზა უღელტეხილზე გადის. სულ აღმართ-დაღმართი, ასფალტ შეჭმული, ვიწრო და გაუნათებელი გზაა. ამ ყველაფერს ნისლიც დაერთო. ოღონდ, ნისლიც არის და ნისლიც, ხილვადობა საერთოდ არ იყო, არაფერი არ ჩანდა, შუაში დახაზულ თეთრ ხაზს მივყვებოდით, რომლის მხოლოდ 50 სანტიმეტრი ჩანდა. საბედნიეროდ დანიშნულების ადგილას ცოცხლებმა და ჯანმრთელებმა ჩავაღწიეთ.

როგორც ზევით აღვნიშნე გზა საშინელია. ალაგ-ალაგ ამოჭმულია და მოგიწევთ ძალიან ნელა იაროთ. თუმცა, როდესაც უღელტეხილს გადაივლით, იგრძნობთ რომ გზა კარგია, თანაც სამ თუ ოთხზოლიანი, ძალიან ცოტა მანქანით და სიჩქარეს მოუმატებთ მაშინვე ყვითელი სინათლე აინთება, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ სიჩქარის გადაჭარბების გამო დაჯარიმდით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დაუსახლებელ პუნქტში, სწორ, კარგ და ფართო გზაზე სიჩქარის მაქსიმალური ლიმიტი 90 კმ.სთ-ია. ზოგან 60-იც კი. ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ სიჩქარის გადაჭარბების გამო შეიძლება დაჯარიმდეთ (დაახლოებით 150 ლარით), არამედ ის, რომ კამერა, რომელიც ყვითლად ინთება, ღამით ძალიან კაშკაშაა და თვალს ჭრის, რაც შესაძლოა ავარიის მიზეზიც კი გახდეს. ასე რომ, ფრთხილად იყავით, გაითვალისწინეთ და აუცილებლად დააკვირდით სავალ გზას, შეზღუდვები სწორედ იქ არის დატანილი. ოღონდ იმდენად ცუდად, რომ მთელი მონდომება დაგჭირდებათ, რომ დაინახოთ რა შეზღუდვაა და რამდენი კილომეტრ-საათით შეგიძლიათ სიარული.

ერევანში საკმაოდ გვიან ჩავედით. სასტუმროში დავბინავდით და სავახშმოდ გავედით. პირველადი დათვალიერებით და ღამის ბოდიალით არც თუ ისე ურიგო ქალაქი აღმოჩნდა.

 

დღე I must see places

ჩემს მეგობარს წინასწარ გამზადებული Must see ადგილები ჰქონდა – რესპუბლიკის მოედანი, კასკადი, ოპერა, Lover’s Park, გენოციდის მონუმენტი, ლურჯი მეჩეთი, ფარაჯანოვის მუზეუმი და რამდენიმე სავაჭრო ცენტრი. ჩემს პირად must see ადგილების სიას არარატის კონიაკის ქარხანაც ემატებოდა.  სიმართლე გითხრათ ჯერ კიდევ არ ვიცი ერევანი პატარა ქალაქია თუ დიდი, მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ აუცილებლად სანახავი ადგილების უმეტესობა ერთ დღეში მოვიარეთ.

რესპუბლიკის მოედნით დავიწყეთ. ჩვენი სასტუმროდან რესპუბლიკის მოედნამდე 2 ან 3 წუთის სავალი გზა იყო. მოედნის დაპროექტება 1924 წელს მოხდა, ალექსანდრე თამანიანის მიერ, მშენებლობა კი 1926 წელს დაიწყო და 1958 წელს დასრულდა. მოედნის ირგვლივ მდებარე შენობები სომხური ტუფის ქვით არის აგებული. საერთოდაც, სომხეთში ყველაფერი ამ ქვითაა აგებული. რესპუბლიკის მოედანს 1940 წლიდან 1990 წლამდე, სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ლენინის მოედანი ეწოდებოდა და იქვე ლენინის ძეგლიც იდგა.

რესპუბლიკის მოედანი გარშემორტყმულია შვიდი მთავარი შენობით – ეროვნული გალერეა და ისტორიის მუზეუმი, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის სახლი, სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, სასტუმრო სომხეთი მარიოტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტერიტორიული მოწყობის სამინისტრო. მთავრობის კოშკის საათი 1941 წელს დაამზადეს მოსკოვში და პირდაპირ მოსკოვიდან ჩაიტანეს ერევანში.

რესპუბლიკის მოედანი ერევანში

რესპუბლიკის მოედნიდან ტაშირ (ან თაშირ, Tashir street) სთრითის გავლით ოპერამდეც მივედით. ტაშირ სთრითი ძალიან მომეწონა, ფართო და უმანქანო ქუჩაა, მაღაზიებით და კაფეებით აღჭურვილი და რაც მთავარია ქუჩის დაბლა, მიწის ქვეშ, პატარა სავაჭრო ცენტრია. მართალია იქაურობა საავადმყოფოს ჰგავს – თეთრია და პრიალებს, მაგრამ ადგილი მაინც კარგი იყო.  ტაშირ სთრითის ბოლოში ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრია. ძალიან, ძალიან გაწბილებული დავრჩი. გაჯით გალესილს ჰგავს, ნაცრისფერი და უღიმღამოა, ღამით საერთოდ არ ჩანს, დიდ შავ ჩრდილს თუ არ ჩავთვლით, იმიტომ რომ ერთი ნათურაც კი არ ანათებს. არადა, სომხეთის მთავარი მუსიკალური თეატრი კი არის. ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის არქიტექტორი ა.თამანიანი გახლავთ და 1926-1953 წლებში აშენდა. 1939 წელს თეატრი ლენინის ორდენითაც კი დააჯილდოვეს, რომელიც სსრკ-ში უმაღლეს ჯილდოს წარმოადგენდა.

ერევნის ოპერა

kaskadiერევნის ოპერის შემდეგ, რომლითაც გაწბილებული ვიყავი, კასკადისკენ გავუყევით გზას. გრანდიოზული კიბე ზუსტად ოპერის უკანაა. კასკადის წინ, პატარა ბაღში ძალიან საინტერესო და სახალისო ქანდაკებებია. ჩემი ფავორიტი მსუქანი, ტიტველი ქალია, რომელიც არხეინადაა წამოკოტრიალებული და სიგარეტს ეწევა. თუკი კიბეების ქვემოდან შეხედვა იმედებს გაგიცრუებთ, რომელსაც გარშემო არსებული ხრიოკიც შეუწყობს ხელს არ იდარდოთ, ზემოთ და ზემოთ უფრო და უფრო კარგი სანახაობაა. კასკადის მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა. კასკადში, გარე საფეხურების ქვეშ განთავსებულია ესკალატორი, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ყველაზე ზარმაც ადამიანებს სიამოვნებით მოემსახურა. კიბის „უჯრედებში“ კი სხვადასხვა მონუმენტები და ინსტალაციებია, რომელთა ნახვასაც ყველას ვურჩევ. კასკადში მოდერნ არტ გალერეაა, რომელიც რამდენიმე დარბაზს მოიცავს და შესვლა სულ რაღაც 1000 დრამი (5 ლარამდე) ღირს. თუმცა, დიდად ვისიამოვნე და გაკვირვებული დავრჩი-მეთქი, რომ ვთქვა მოვიტყუები. სომეხი მხატვრების, არქიტექტორების რამდენიმე ნამუშევრები იყო გამოფენილი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო, სვაროვსკის დარბაზი კი დაკეტილი დამხვდა.

ოპერის შემდეგ კასკადით ნამდვილად ვისიამოვნე.

 

ჯერი Lover’s Park-ზე მიდგა, რომელიც კასკადიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე იყო. საერთოდ, სამართლიანი იქნება თუ აღვნიშნავ, რომ ერევანში საკმაოდ ბევრი დასასვენებელი პარკია, რომლებიც ხეების ნაკლებობას არ უჩივიან. ასეთი აღმოჩნდა Lover’s Park-იც, თანაც, აქ შემოდგომა განსაკუთრებით იგრძნობოდა. წინასწარ არ დამისერჩავს ადგილი, თუმცა, რადგან Lover’s Park ერქვა, რამე განსხვავებულს და საინტერესოს ველოდებოდი, თუმცა, უკმაყოფილო მაინც არ დავრჩენილვარ. მთელი დღის ნაბოდიალებმა მშვენივრად დავისვენე ყვითელი ხეებით გარშემორტყმულ მყუდრო და წყნარ პარკში. ერთი ის იყო, რომ ბალახზე გადასვლა და წამოწოლა არ შეიძლებოდა.

lovers-park

სასტუმრომდე დაბრუნება მეტროთი გადავწყვიტეთ. უფრო სწორად, მეტროთი დავინტერესდით და ბარემ ჩვენი სახლისკენ მიმავალს გავყევით. მეტროთი 1 მგზავრობა 100 დრამი (50 თეთრი) ღირს და არც მეტი არც ნაკლები ჟეტონს ყიდულობ! ჩვენთან რომ იყიდებოდა სტაფილოსფერი ჟეტონები, ზუსტად ეგეთია, ჩააგდებ და გაგიშვებს. ის ორი დარბაზი, სადაც მე მოვხვდი დიდად არაფრით გამოირჩეოდა, აი მეტროს ვაგონები კი ჩვენი სჯობს, თამამად ვიტყვი ამას. თანაც, ხალხი აქაც ეგრევე შერბის ვაგონში და არ ელოდება როდის გამოვლენ ისინი, რომლებიც გამოსვლას აპირებენ.

jetoni

მეტროდან ჩვენს ქუჩაზე ამოვედით, მიწის ქვეშა გადასასვლელით გვინდოდა სარგებლობა, მაგრამ სავაჭრო ცენტრში აღმოვჩნდით. ცოტა ვიბოდიალეთ თუ ბევრი, ბოლოს მაინც სასტუმროსკენ, დასასვნებლად გავწიეთ.

საღამოს ბარში წასვლა გადავწყვიტეთ. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ პარასკევ საღამოს, თითქმის საათნახევარი დავბოდიალობდით ცენტრში და ნორმალურ ბარს, ან კლუბს ვეძებდით, სადაც ლუდს დავლევდით, ვიცეკვებდით და გავერთობოდით. ბოლოს, Calumet-ში ამოვყავით თავი, რომელიც პუშკინის ქუჩაზეა. ცოტა პატარაა, მაგრამ ძალიან კარგი ადგილია. უბრალოდ, მთელი საღამო ესპანური ფლეილისტი იყო და ცოტა არ იყოს მომეწყინა.

ღამის 2 საათისკენ და უკეთესი დღის იმედით სასტუმროსკენ გავუყევი გზას.

 

სანამ მეორე დღეზე და ერევანი-თბილისზე ჩემს ბლოგზე დავწერ, მანამდე პოსტი სრულად შეგიძლიათ Allnews.ge-ზე წაიკითხოთ 🙂 

Advertisements

ამსტერდამი – First step – Visa

თუ გადაწყვიტეთ, რომ ამსტერდამში მიდიხართ, ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ შენგენის ვიზა გჭირდებათ 🙂

დარწმუნებილი ვარ თქვენც ჩემსავით მოიქცევით, დაგუგლავთ და იპოვით საბუთების ნუსხას და ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, რომელიც რა თქმა უნდა გამოგადგებათ. თუმცა, გადავწყვიტე რომ ჩემი გამოცდილება მაინც დავწერო.

ვიზისთვის გჭირდებათ:
1. პასპორტი – საზღვარგარეთის პასპორტის დამზადებას 10 სამუშაო დღე და 104 ლარი სჭირდება. 100 ლარი პასპორტის, 3 ლარი სურათის და 1 ლარიც ბანკის საკომისიო.
2. პასპორტის მთავარი გვერდის ასლი. თუ ნამყოფი ხართ სხვა ქვეყნებში, ასევე დაგჭირდებათ პასპორტის გვერდების ასლი ( ცარიელი გვერდების არა).
3. პირადობის მოწმობის ასლი.
4. ცნობა უნივერსიტეტიდან – გაითვალისწინეთ, რომ ცნობა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. თუმცა, თუ თქვენც ჩემსავით თსუ-ში, იურიდიულ ფაკულტეტზე ხართ, გეტყვიან, რომ ცნობას არ გასცემენ ინგლისურად, ბრძანებაა ასეთიო და ქართულად მოგცემენ. მოგიწევთ ამ ცნობის გადათარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, რაც დაახლოებით 15 ლარი დაგიჯდებათ.
5. ცნობა სამსახურიდან – უნივერსიტეტისგან განსხვავებით ცნობას სამსახურიდან ინგლისურ ენაზე მარტივად იძლევიან. ცნობაში მითითებული უნდა იყოს თქვენი თანამდებობა და ხელფასი.
6. ამონაწერი ბანკიდან – ოპერატორი გააფრთხილეთ, რომ ამონაწერი ინგლისურად გინდათ და მალევე გაგიკეთებენ. საქართველოს ბანკში ჩემი ამონაწერი ორ წუთში მზად იყო, თიბისიში დაახლოებით 20-25 წუთი ველოდე, რომ ინგლისურ ენაზე ყოფილიყო. ცნობა ბოლო 3 თვის უნდა იყოს.
7. 2 ფოტო სურათი – ფოტოსურათი აუცილებლად უნდა იყოს ბიომეტრიული. სიმართლე გითხრათ 2 სურათი რაში სჭირდებათ არ ვიცი. ერთს იტოვებენ და მეორეს გატანენ -_-
8. სამოგზაურო დაზღვევა – ნიდერლანდების სამეფოს მოთხოვნა აქვს, დაზღვევა უნდა იყოს 15 დღით იმაზე მეტი ვიდრე თქვენ აპირებთ დარჩენას. მე 1 თვიანი დაზღვევა გავაკეთე, ალდაგში. დაზღვევა საკმაოდ კარგია და ბევრ პუნქტს მოიცავს. 39 ლარი და 40 თეთრი დამიჯდა 1 თვიანი, 50 000 ევროიანი დაზღვევა. საკმაოდ იაფია მგონი.
9. დაზღვევის ასლი – თავიდან მეგონა მთლიანი დაზღვევის (დაზღევევის პირობების ჩათვლით) იყო საჭირო. თუმცა, აღმოჩნდა რომ მხოლოდ პირველი გვერდია საჭირო.
10. სასტუმროს ჯავშანი – საბუთების შესატანად რომ ვემზადებოდი, გამაფრთხილეს booking.com-ის ჯავშანი შეიძლება არ მიიღონო. მაგრამ მიიღეს ^_^ შეეცადეთ პირველივე სასტუმრო, რომელიც შეგხვდებათ არ დაჯავშნოთ. გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური მონაცემები და იმის მიხედვით დაჯავშნეთ. ბუქინგ.ქომის ჯავშანი შეგიძლიათ ვიზის მიღების შემდეგ გააუქმოთ და სხვა, უფრო ხელსაყრელი ვარიანტი მოძებნოთ airbnb.com-ზე. airbnb-ის ჯავშანს ნუ მიიტანთ საბუთებთან ერთად 🙂
11. ბილეთების ჯავშანი – ჰომ, ყველაზე ბევრს ბილეთების ჯავშანზე ვნერვიულობდი. ჩვენ გასაში დავჯავშნეთ. გასაში შეგიძლიათ გააკეთოთ 48 საათიანი უფასო ჯავშანი, ან კიდევ 2 კვირიანი ფასიანი ჯავშანი 1 ბილეთი 6 ევრო. იდეაში საბუთების მიღების დროს 48 საათიანიც შეაქვთ და ორ კვირიანიც. ორ კვირიანი გავაკეთეთ. 8-ში გასდიოდა ვადა, პასუხები 12-ში უნდა გაგვეგო. რა თქმა უნდა ჯავშანი ორივე გზის უნდა იყოს.
12. სავიზო განაცხადის ფორმა – ფორმა უნდა შეავსოთ ინგლისურ ენაზე და დაკვირვებით. თუმცა, ის რაც ფორმაში უნდა ჩაწეროთ, ცალ-ცალკე, სხვა საბუთებთან ერთად, ისედაც მიგაქვთ. სავიზო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე 

იმ შემთხვევაში თუ სხვა გაფინანსებთ, მაშინ ასევე დაგჭირდებათ:
1. დამფინანსებლის განცხადება – განცხადებაში უნდა იყოს ნათქვამი ვინ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ვის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აფინანსებს. უნდა იყოს ნათქვამი რომ გაიღებს ყველა მის ხარჯს – საცხოვრებელი, კვება, მგზავრობა, დაზღვევა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები. განცხადება უნდა გადაათარგმნინოთ ინგლისურ ენაზე და დაამოწმებინოთ ნოტარიუსს, რაც დამატებით 15 ლარია.
2. დამფინანსებლის ამონაწერი ბანკიდან  – რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე და რა თქმა უნდა ბოლო 3 თვის.
3. დამფინანსებლის ცნობა სამსახურიდან – ინგლისურ ენაზე. და თუ დამფინანსებელი ინდ.მეწარმეა, მაშინ საგადასახდო ამონაწერი, რომელიც ასევე უნდა თარგმნოთ და დაამოწმებინოთ ნოტარიუსს (ეგეც 15 ლარი).
4. მე ჩავწერე, რომ დედაჩემი მაფინანსებს. ამიტომ დამატებით საბუთად დაბადების მოწმობის ასლი ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მივიტანე ( + 15 ლარი), მითხრეს აუცილებელი არაა, თუმცა დამატებით საბუთად ჩავდებთო.

და ბოლოს, თუ თქვენ ამსტერდამში აპირებთ წასვლას, საბუთები უნდა შეიტანოთ გაერთიანებული ვიზების ცენტრში, რომლის მომსახურებაც 57 ლარი ღირს. სულ მთლიანად ვიზა 142 ლარი დაგიჯდებათ. იხდით იქვე, ნაღდი ანგარიშწორებით.

საბუთების შესატანად ჩაწერა შეგიძლიათ ტელეფონითაც და იქვე მისვლითაც. ჩვენ 27 მაისს ვიყავით ჩაწერილები.

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ყველა საბუთი მოგროვებული გაქვთ. მართალია რამდენჯერმე გადავამოწმე და ცოტა პანიკა მქონდა, რამე ხომ არ მაკლია-მეთქი, თუმცა საბოლოოდ ვგრძნობდი, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი ვიზისკენ, როდესაც ყველა საბუთი წესრიგში მქონდა!

ხო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ თავისუფლად შეგიძლიათ მიწეროთ ვიზა გლობალს შემდეგ მეილზე –  info.nlge@vfshelpline.com  მალევე და ამომწურავად გიპასუხებენ.

collage

27 მაისს, დილის 10-საათზე ჩაწერილები, 10-ის ნახევარზე მივედით. რიგი ელექტრონული იყო, გრილოდა და მოსაცდელი დარბაზიც პრინციპში კომფორტული იყო. ტელეფონზე უხეშად საუბრის შემდეგ, მოლოდინი გვქონდა რომ ავი ქოფაკები დაგვხვდებოდნენ. თუმცა, რეალურად იყო ის მომსახურება, რასაც მიჩვეულები ვართ.

საბუთები წესრიგში გაქვთო, პასუხს 12 ივნისისთვის დაელოდეთ, მესიჯები მოგივათო.

დღეს დილით მესიჯის ხმამ გამაღვიძა. ვიზის პასუხები უკვე იყო! 1 კვირით ადრე. 11 საათი არ იყო ჯერ და უნდა დავლოდებოდი 3-ის ნახევრამდე. საბუთების გაცემა 3-ის ნახევრიდან 5-ის ნახევრამდე ხდება. ფაქტობრივად ეკლებზე ვიჯექი.

2014-06-05 13.59.08

3-ის ნახევარზე რიგში ჩავდექით, დალუქული კონვერტი მოგვაწოდეს და აქვე შეამოწმეთ, დარბაზში დასხედით და გახსენითო.

ვიზა მოგვცეს! თვენახევარი 🙂 31 ივლისიდან 11 აგვისტომდე გვქონდა შეტანილი და 29 ივლისიდან 12 სექტემბარამდე მოგვცეს.

ძალიან ბედნიერი და აჟიტირებული ვარ ^_^

10374006_1413964338886209_5170383141071169696_n