Tag Archives: პეგასუსი

Trip to Barcelona & Rome – მოგზაურობის დაგეგმვა

ვისთვის როგორ, მაგრამ მე მიმაჩნია რომ მოგზაურობის დაგეგმვა 2-3 თვით ადრე უკეთესია, ვიდრე ბოლო 2-3 კვირაში. სხვა თუ არაფერი, ბევრად იაფი მაინც გამოდის.

e5ca642ddc65c8c67b456a6d16bac1aeსულ რაღაც 17 დღეში (3 აპრილს) ბარსელონაში მივფრინავ, შემდეგ კი რომში.
მოგეხსენებათ ორივე ქვეყანაში შენგენის ვიზა გჭირდებათ. ვიზის შესახებ დეტალური ინფორმაცია (საბუთები, ფასები…) უკვე მიწერია ბლოგზე და ამიტომ აღარ გავმეორდები, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – http://wp.me/pNi1I-10D . ვიზაზე განაცხადი 3 თვით ადრე შეგიძლიათ შეიტანოთ და მეც ასე მოვიქეცი. ორშაბათს განაცხადი შევიტანე და პარასკევს უკვე ვიზაჩარტყმული პასპორტი დამიბრუნდა.

როგორც კი ვიზა გექნებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ ზრუნვა ბილეთებზე. ზემოთ აღვნიშე, რომ 3 თვით ადრე მოგზაურობის დაგეგმვას ის პლიუსი აქვს, რომ იაფი გამოდის-მეთქი. შედარებისთვის:
1. თბილისი–>ბარსელონას ბილეთში გადავიხადე 87 ევრო (პეგასუსი) დღეს კი ბილეთის ფასი 143 ევროა.
2. ბარსელონა–>რომი სულ რაღაც 25 ევროდ (ryanair) ვიყიდე. პრინციპში, დღეს იგივე რეისზე ბილეთების ყიდვა იგივე ფასად არის შესაძლებელი. შიდა ფრენები ძალიან იაფია და ფრიად კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით.
3. რომი–>თბილისის ბილეთში 122 ევრო (პეგასუსი) გადავიხადე, დღეს მისი ფასი 197 ევროა.
ამ 3 თვის განმავლობაში რაღაც ფასდაკლებები კი ჰქონდა პეგასუსს, მაგრამ ჩემს მიერ არჩეულ თარიღზე და მიმართულებაზე ისეთი კარგი ფასი არ ყოფილა, როგორადაც მე ვიყიდე ^_^

e4286c6f2697d54ccede45c86bd58a11როდესაც უკვე გაქვთ ვიზა და ნაყიდი გაქვთ ბილეთები თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ საცხოვრებლის არჩევა. საცხოვრებელი ის თემაა რომლის დროსაც აჩქარება არ ვარგა, შეგიძლიათ კვირების განმავლობაში მშვიდად ათვალიეროთ სასტუმროები, ჰოსტელები, ბინები, იკითხოთ რივიუები და მოულოდნელად წააწყდეთ აქციას, რომლითაც ძალიან იაფად, ძალიან კომფორტულ და კარგ სასტუმროს/ჰოსტელს ნახავთ. ჩემი მეგობრის წყალობით, სწორედ მასეთი მოულოდნელი აქციით რომშიც და ბარსელონაში ჰოსტელები დავჯავშნეთ, იაფად, კარგ ადგილას და კარგი ჰოსტელები. ასეთი აქციებით კიდევ ერთხელ დაზოგავთ ფულს.  შედარებისთვის:
1. აქციის საშუალებით ბარსელონაში 7 ღამე სულ რაღაც 65 ევრო მიჯდება. აქციის გარეშე 7 ღამე იმავე ჰოსტელში, იმავე ოთახში 107 ევრო ღირს.

საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ იმ ადგილების მოძებნა, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ სანამ იქ ხართ, ჩემს შემთხვევაში სანამ ბარსელონაში და რომში ვიქნები.

მოკლედ, მე ისევ მგონია, რომ მოგზაურობისთვის მზადების დაწყება 2-3 თვით ადრე სჯობს. შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი იყოს ჩემს მიერ ჩამოთვლილი დაზოგილი თანხა, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ ბევრია.

ვიზაც მაქვს, ბილეთებიც, ჰოსტელიც დაჯავშნილია, must see ადგილები მოძებნილი და გუგლ მეფზე აღნიშნული მაქვს და ისღა დამრჩენია დღეების თვლა გავაგრძელო.

P.S სასტიკად მეზარება ფრენა 😦 ყველაზე მეტად თურქეთში, გოქშენის აეროპორტში გასატარებელი 4 საათი მეზარება.

b329b23510f8c033b414c44aaadbd299

ამსტერდამი – second step – ავიაბილეთები და საცხოვრებელი ადგილი

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ვიზა ავიღე და ვაპირებ პოსტის დაწერას საცხოვრებელ ადგილზე და თვითმფრინავის ბილეთებზე. მაგრამ აქამდე მეზარებოდა.

მოკლედ, მას შემდეგ რაც ვიზაზე დადებითი პასუხი მოვიდა იმდღესვე დავიწყეთ თვითმფრინავის ბილეთების ძებნა ადეკვატურ ფასად. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთებს ლამის ორი თვით ადრე ვყიდულობდით მაინც საკმაოდ ძვირი ღირდა. თუ ვიზა და სამსახური გაძლევთ საშუალებას აუცილებლად შეამოწმეთ წინა და მომდევნო დღის ფასები, რადგან არსებობს შანსი რომ ამ დღეებში ბილეთები გაცილებით იაფი ღირდეს.

არსებობს ერთი ძალიან კარგი საიტი, fly.ge – სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ავიაკომპანიის ბილეთები. სასურველი თარიღის და დანიშნულების შეყვანის შემდეგ საიტი ავტომატურად გიყრით ყველაზე იაფიან, ყველაზე სწრაფ, ყველაზე ძვირიან ბილეთებს. სასურველის ამორჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ ფასი გადაამოწმოთ იმ ავიაკომპანიის საიტზე.

fly.ge

მას შემდეგ რაც შეარჩევთ თარიღს და ავიაკომპანიას უნდა გადაწყვიტოთ სად შეიძინოთ ბილეთები. თბილისში ძალიან ბევრი ავიაკომპანიის ოფისია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და კომფორტულ გარემოში აარჩიოთ ბილეთები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში მომსახურების ფულს გადაიხდით, რაც დამატებით 40-50-60 ევროა.

ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პეგასუსი აღმოჩნდა. ბილეთები საიტზევე ვიყიდეთ და თბილისი-ამსტერდამი 147 ევრო დაჯდა. შემდეგი ფრენა ამსტერდამიდან პრაღაშია, რომელიც საკმაოდ იაფი 64 ევრო ღირს და easyjet-ს მივყვებით, ხოლო თბილისში aribaltic-ით ვბრუნდებით (142 ევრო).  ბილეთების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად გიწევთ გადაჯდომა და რამდენი საათი მოგიწევთ აეროპორტში ყურყუტი. ასე მაგალითად, აქედან სტამბულის გავლით (გოქჩენის აეროპორტი) მივდივართ ამსტერდამში. აეროპორტში გასატარებლად 4 საათი გვაქვს. 4 საათი ძალიან ცოტაა ქალაქში გასასვლელად და დამღლელი აეროპორტში ყოფნისთვის. სამაგიეროდ, პრაღა-თბილისი მგზავრობისას გადაჯდომა რიგაში გვიწევს და “ხურდად” 8 საათი გვაქვს. 8 საათი სრულიად საკმარისია ისეთი პატარა ქალაქის დასათვალიერებლად როგორიც რიგაა. ბილეთების ყიდვისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რამდენი კილოგრამის გადატანა შეგიძლიათ, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა. პეგასუსი ნებას გვრთავს ბარგის სახით 20 კილოგრამი უფასოდ გადავიტანოთ, ხოლო იზიჯეტს და ეარბალტიკს მხოლოდ ხელბარგი ( 8 კილოგრამი) აქვს გათვალისწინებული და ბარგის საფასური ცალკე ანგარიშდება.

ასე და ამგვარად თბილისი-ამსტერდამი-პრაღა-თბილისი ზუსტად იგივე ჯდება რაც თბილისი-ამსტერდამი-თბილისი ჯდებოდა. თანაც, ბონუსად რიგაც მოჰყვება 🙂

მას შემდეგ რაც ევროპაში ჩააღწევთ შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მატარებლის ფასი არ ჩამოუვარდება თვითმფრინავის ფასს. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია რომელს მიანიჭებთ უპირატესობას.

მას შემდეგ რაც გარკვეული გექნებათ როდის ჩადიხართ დანიშნულების ადგილას, შეგიძლიათ დაიწყოთ საცხოვრებელი ადგილის ძებნა.
ბინის მოძებნა არც ისე რთულია, მთავარია რამდენი გაქვს ფული. ვინადაიდან რადგანაც ჩვენ სასტუმროს ფული არ გვქონდა, ხოლო ჰოსტელი იგივე ჯდებოდა რაც ჩვეულებრივი ბინის ქირაობა დღიურად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბინა გვექირავებინა ამსტერდამშიც და პრაღაშიც.

airbnb.com

ყველაზე კარგი საიტი airbnb.com-არის. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თქვენთვის სასურველი ბინა. შეგიძლიათ მიუთით მინიმალური და მაქსიმალური ფასი და ამ ჩარჩოს მიხედვით მოძებნოთ შესაფერისი საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას. დამეთანხმებით, რომ ადგილდემბარეობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და არახელწამოსაკრავი კომპონენტია ბინის შერჩევისას. სანამ ბინას დაჯავშნით გაეცანით რივიუებს, დაათვალიერეთ სურათები, ყურადღება მიაქციეთ რამდენ ადამიანზე აქვს ბინა გათვლილი და ხომ არ ითხოვს დამატებით ფულს დამატებით ადამიანებში. airbnb-ზე გადახდა წინასწარ ხდება. თუმცა, ფული ჰოსტამდე მხოლოდ მას შემდეგ მივა, როცა თქვენ “დაჩექინდებით”. თუ მოხდა სასწაული და ვერ მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს, airbnb ფულს უკან დაგიბრუნებთ, ოღონდ მომსახურების საფასურის ჩამოჭრით.

ამსტერდამში კარგი ბინის მოძებნა იაფად ცოტა არ იყოს და რთული საქმეა ისეთ კარგ საიტზეც როგორიც airbnb-ია, თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ^_^
პატარა, საყვარელი, ორ სართულიანი ბინა ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, საიტზე ახალი დამატებულია და რივიუები ჯერ არ აქვს. ვიმდოვნებ, რომ ჩვენი დაბინავება იმაზე წარმატებულად ჩაივლის ვიდრე მგონია 🙂
რაც შეეხება პრაღის ბინას, პოვნა არ გაგვჭირვებია. მაგრამ, ბინაზე მეტად ჰოსთი მომწონს. საოცრად პოზიტიური და კომუნიკაბელური ადამიანია. რაც მთავარია, რივიუებს რომ გადავხედე, ეს ქალი შორიდან შემიყვარდა!

მოკლედ, წინასწარგანწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად ჩაივლის ვიდრე ოდესმე მიოცნებია და წარმომიდგენია ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში.

P.S 29 დღე დარჩა.

სტამბული part 1

1.

იმისათვის რომ მოხვდეთ სტამბულში არსებობს რამდენიმე გზა, მაგრამ მე ყველაზე ძვირიანს, თვითმფრინავს მივადექი. იმიტომ, რომ კომფორტულია და სწრაფი. პეგასუსით ვიფრინე, ბილეთები მაისის დასაწყისში შევიძინე 127 ევროდ. საკმაოდ იაფია ვგონებ. საერთოდ, რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთებს მით უკეთესი. ერთადერთი პრობლემა ის იყო რომ საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ფრინდება და ცოტა მოშორებითაა სტამბულის იმ ადგილიდან სადაც ჩვენ ვაპირებდით დაბინავებას. თუმცა, ეგ პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდა ავტობუსების დახმარებით. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე არის სადგომი, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით დადიან ავტობუსები და ასე 30 წუთში (საცობების შემთხვევაში 50-60წუთში) დანიშნულების ადგილზე, ჩვენ შემთხვევაში ტაქსიმზე, გაჩნდებით. თანაც, სულ რაღაც 13 ლირად.

2.

საცხოვრებელი ადგილის შერჩევა სტამბულში ერთ-ერთი რთული საქმეა. ჩვენ თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა რომ ჰოსტელში უნდა გვეცხოვრა, იმიტომ რომ იაფია. გადავქექეთ booking.com – ი და შედეგად ჩილაუთ ჰოსტელს მივაგენით. ჩილაუთი ისტიკლალ კადექსზე მდებარეობს, თითქმის ბოლოში, პატარა ჩიხში.  წყნარი, მშვიდი და სუფთა ჰოსტელია. ტაქსიმის მოედნამდე და შესაბამისად მეტროს სადგურამდე ასე 15 წუთის სავალზე. 6 სართულიანი ჰოსტელია, სულ 23 ოთახი და იდეაში საკმაოდ ბევრი ხალხიც ჰყავდათ. მაგრამ ეგეთი სიმშვიდე, ჰოსტელში რომ იყო არსად არ მინახავს სტამბულში. ოთახებში სივიწროვეა და მხოლოდ ლოგინის ადგილებია, მაგრამ მიუხედავად მაგისა არ ცხელოდა. რამდენიმე ფანჯარა იყო და ყველას გაღების შემთხვევაში თავისუფლად უბერავდა. wi-fi მხოლოდ პირველ სართულზე, მისაღებში იყო სადაც უამრავი როზეტია (აკა შტეფსელი) და კომპიუტერს/ტელეფონს დაჯდომის საფრთხე არ ემუქრება 🙂 სისუფთავე იყო ასევე ვანა-ტუალეტშიც, მართალია ორივეგან ძალიან სივიწროვე იყო და ძალიან ცხელოდა მაგრამ შესვლა არ დაგეზარებოდა. ბუქინგ ქომზე ჯავშანისას მომხმარებლის კომენტარებს დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მე ჯერ დავჯავშნე და წასვლამდე ორი-სამი დღით ადრე გადავხედე კომენტარებს და გული გამისკდა, საშინელ რაღაცებს წერდნენ ჩილაუთზე, ფანჯარა არ იღებაო, ლოგინები არაკომფორტულიაო, კედლები თხელიო და ა.შ და რეალურად მე იქ არანაირ პრობლემას არ წავწყდომივარ.

chillout hostel

chillout hostel

3.

მას შემდეგ რაც მგზავრობის ბილეთები ნაყიდი და ჰოსტელი დაჯავშნული დავიგულე გადავედი იმ მუზეუმების/ადგილების მოსაძებნად რაც კი უნდა მენახა სტამბულში. გავაკეთე პატარა ჩამონათვალი, რომელშიც შედიოდა: აია-სოფია, ლურჯი მეჩეთი, სულთანაჰმედი, ტოპკაპი, გალათა თაუერი, მინიატურკი, ტური ბოსფორზე, ბაზილიკა ცისტერნი და უმანკოების მუზეუმი. თითოეული მათგანი მოვძებნე რუკაზე, დავსქრინე და შევინახე ტელეფონში. გადმოვწერე ოფლაინ მეფი, სადაც სტამბულის ყველა ქუჩა იყო აღნიშნული. დაახლოებით ჩამოვყალიბდი რომელ დღეს რა უნდა მენახა და რა მანძილი უნდა მევლო. შევადგინე გეგმა და გავწერე ყველაფერი. თუმცა, საბოლოო ჯამში გეგმის მიხედვით არ წასულა ყველაფერი. ცოტა რთულია სწორხაზოვნად მიჰყვე გეგმას. განსაკუთრებით მაშინ თუ არ გაქვს გათვალისწინებული ის რომ მთელი დღე უნდა იარო. და მთელ დღეში მართლა მთელი დღე იგულისხმება.

4.

ტრანსპორტი სტამბულში ის შემთხვევაა, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიადგე. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, სამაგიეროდ კომფორტული. მოკლედ, სტამბულში დადის ავტობუსი, მინი ავტობუსი (მარშრუტკა), ტრამვაი და მეტრო. მეტრო არის მიწის ზემოთ და ჩემთვის ძალიან უცნაური იყო და მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ტროლეობუსს ვეძახდი : ) როგორია შეეგუო იმ ფაქტს რომ შეიძლება მეტრომ 10 სანტიმეტრის რადიოსში ჩაგიაროს. მეტროში კონდიციონერი იყო და საკმაოდ გრილოდა. + ადაპტირებული იყო შმმ პირებისთვის და ძალიან მომეწონა. სტამბულში მეტროს რამდენიმე ხაზია და თუ რომელიმედან რომელიმეში გადაჯდომა გინდა დამატებით კიდევ უნდა გადაიხადო. ერთი მგზავრობა 3 ლირა ღირს. აი, ჩვენთან ვაგზალზე გადაჯდომისას რო კიდევ იხდიდე მგზავრობის საფასურს ეგ მომენტია. უბრალოდ, მეტროში და ზოგადად ტრანსპორტში ფულის ხარჯვას სჯობს ფეხით სიარული.

მეტრო

მეტრო

უკეთესი მარიანტი ავტობუსია, რომელიც 2 ლირა ღირს. გალათას ხიდთან ავტობუსების სადგომს მივაგენით და საღამოობით მკვდრები იქიდან მოვყვებოდით. უფრო სწორად, 2-ჯერ გამოვყევით. მართალია ავტობუსი ტაქსიმის მოედნიდან ცოტა შორს აჩერებს და უშუალოდ ტაქსიმზე არ მიდის, მაგრამ მაინც კარგი ტრანსპორტია, იმიტომ რომ შედარებით იაფი გიჯდება.  რაც შეეხება მინი ატობუსს – ფასი რამდენადაც მახსოვს 3 ლირა იყო, სამაგიეროდ ავტობუსზე სწრაფია. ძალიან მოცუცქნულია, 9 კაციანი, თან კონდიციონერიც არ არის და მაგით სარგებლობას ისევ ავტობუსი სჯობს. ტრამვაის საკმაოდ პატარა ხაზები აქვს. მე ერთადერთი ვნახე, ტაქსიმის მოედნიდან ისტიკლალის ბოლოში. პატარა, წითელი, ღია, კუსკუსა ტრამვაია. შემიყვარდა, ოღონდ შორიდან. მომწონდა როცა ვუყურებდი. ტრამვაიც 3 ლირა ღირს და ვფიქრობ ძალიან ღორობაა ერთი ქუჩის გავლაში რომ 3 ლარს იხდი. ამიტომ, ისევ შორით ტრფობა და სიყვარული სჯობს იქ ასვლას.

ტრამვაი

ტრამვაი

არსებობს კიდევ ეგეთი რამ, ტაქსი, რომელსაც არაფრის დიდებით არ უნდა გაეკაროთ თუ ძალიან სასწრაფო და გადაუდებელი არ გჭირდებათ.

5.

სტამბულში ჭამა ძვირი სიამოვნებაა. არის ადგილები სადაც იაფად შეჭამთ, და არის ადგილები სადაც საკმაოდ სოლიდურ თანხას დატოვებთ. მაგრამ, ყოველთვის გექნებათ გარანტია რომ თქვენი შეკვეთილი საჭმელი გემრიელია. თუმცა, ძალიან წარმატებულად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბურგერ კინგით. რომელიც იაფია და პლიუს მისი ჭამის შემდეგ ნამდვილად აღარ იტყვით რომ ისევ გშიათ. აგრეთვე, იაფია სენდვიჩები. ისტიკლალზე იყო ეგეთი ზავიძენია patatos სადაც აკეთებდნენ ქათმის უგემრიელეს სენდვიჩს და სულ რაღაც 3.5 ლირა ღირდა. კვებასთან დაკავშირებით დიდად კომპეტენტური ვერ ვარ, იმიტომ რომ ძირითადად ფასთ ფუდებზე გადავიარეთ 🙂

6.

დანარჩენს შემდეგ პოსტში გავაგრძელებ ^_^