Tag Archives: პროდიუსერი

მე

ძალიან დიდი ხანია ბლოგზე არ დამიწერია. შემოვირბენ, დავხედავ და მერე წითელ X-ს ძალიან ნელა, მძიმედ ვაჭერ ხოლმე. არ მინდა ბლოგის დატოვება ისე, რომ ახალი პოსტი არ დავტოვო. მაგრამ სათქმელიც თითქოს არაფერი მაქვს.

უკვე 1 წელი და 4 თვეა ვმუშაობ. მუშაობა ორ კომპანიაში (არქი ჯგუფი და პალიტრა TV) ერთდროულად დავიწყე და აქამდე ზუსტად ერთი და იგივე საქმეს ერთნაირი რუდუნებით და მონდომებით ვასრულებდი. ადვილი, მარტივი და საჩემო საქმე იყო. ახალი არაფერი. თუმცა საინტერესო.

ბოლო რამდენიმე კვირაა პალიტრა TV-ში ახალი საქმე დამევალა. ერთ-ერთი გადაცემის, “ინტერნეტპალიტრის“, პროდიუსერი ვარ. რა აღარ მიფიქრია ჩემს სამომავლო საქმიანობაზე, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ რომელიმე გადაცემის პროდიუსერი გავხდებოდი.

პირველად როდესაც ეს საქმე შემომთავაზეს ცოტა დავფრთხი. მოსაფიქრებლად დროც კი ვითხოვე. შემდეგ გადავხედე გადაცემას, გავეცანი და დავთანხმდი კიდეც. თავიდან ნელ-ნელა ვსწავლობდი და უკვე 2 კვირაა, ან ცოტა მეტი, დამოუკიდებლად გამყავს პირდაპირ ეთერში.

ჩემს მოვალეობაში დღეში ორი, 25 წუთიანი გადაცემის აწყობა და მომზადება შედის. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ მე ახალი პასუხისმგებლობები და ზოგადად სიახლეები არ მიყვარს. მაგრამ ახალ საქმეს უკვე შევეგუე. მივეჩვიე და საინტერესოც მეჩვენება. ცოტათი რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესოა. ზოგადად ტელევიზიაში მუშაობაა საინტერესო. ბევრი ახალი რაღაც ვისწავლე და მომწონს.

დრო მქონდა და რატომაც არა?!

უნივერსიტეტი დავამთავრე, დიპლომიც მომცეს და კი, იურისტი მეთქმის, მაგრამ ჩემი საქმიანობა ძააალიან შორსაა იურისპრუდენციისგან. ცოტათი გული მწყდება. როდესაც პროფესიას ვირჩევდი ზუუსტად ვიცოდი რა და როგორ მინდოდა. მერე ვსწავლობდი, მსიამოვნებდა ახალ-ახალი საგნები, ლექტორები და ის, რომ ოდესმე იურისპრუდენციაში ვიმუშავებდი, რა თქმა უნდა სისხლის სამართლის მიმართულებით. მაგისტრატურის გაგრძელებას ვფიქრობდი. როდესაც გადაცემის პროდიუსერობა შემომთავაზეს და როდესაც დავთანხმდი, ჩემი გეგმები გვერდზე გადავდე. არ ვნანობ.  ჯერჯერობით. კარგად ვგრძნობ თავს. მომავალში რა იქნება მაგაზე არ ვფიქრობ. არც ის ვიცი გავაგრძელებ თუ არა ისევ სწავლას.

ერთადერთი ის “ტეხავს”, რომ მუშაობას 10-ის ნახევარზე ვამთავრებ და შაბათსაც ვმუშაობ 4-მდე. მაგრამ ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა. კვირის დღეებში ისედაც არ გავდიოდი ხოლმე სახლიდან და კომპიუტერთან ვაღამებდი. ამჯერად ჩემი კომპიუტერთან ჯდომა სასარგებლო საქმედ გადაიქცა და მსიამოვნებს კიდეც. ცოტა დრო მაქვს მეგობრებისთვის, მაგრამ არც იმდენად ცოტა რომ დავივიწყო და მათი ნახვა ვერ მოვახერხო.

მოკლედ, დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. იმის თქმა მინდოდა, რომ კარგად ვარ, მშვიდად და ბედნიერად, და კიდევ იმის რომ ჩემი ბლოგი ისევ ძალიან მიყვარს და ოდესმე ისევ დავუბრუნდები წერას ^_^

ჰმ, მე – პრუდიუსერი, ვინ იფიქრებდა 🙂