Tag Archives: საავადმყოფო

ბებო

ხვალ ერთი კვირა გახდება რაც ბებიაჩემი დროებით ჩვენთან ცხოვრობს. როგორც წესი მიჩვეული ვარ, რომ სახლში მე, ჩემი და, ჩემი ძმა და მშობლები არიან. ბებიასთან ერთად ღრმა ბავშვობაში, რამდენიმე კვირა ვცხოვრობდი.

როგორც კი ჩვენთან გადმოვიდა, მაშინმე მეუცხოა სახლში ზედმეტი პირი. რაღაცნაირად ვერ ვგუობდი.

ხალხს როგორც კი ახალი ვინმე ან რამე (მაგალითად ძაღლი, თუთიყუში, კატა, ბავშვი) უჩნდებათ სახლში ფეისბუქზე სტატუსები მაშინვე მათზე იწერება ხოლმე, ხოდა, მე სულ მინდება რომ ბებიაჩემზე ვწერო.

ასე მაგალითად, ერთ დილას, დილას რა, პირველ საათზე, ჩემი ოთახის კარი 5 წუთის განმავლობაში 3-ჯერ შემოაღო, მერე შემომძახა ნათი გძინავსო? კი-მეთქი და ხო კაი უბრალოდ შემეშინდა ამდენ ხანს რომ გეძინაო.
ერთ-ერთ დილას გაოცებული განცვიფრებული მიყურებს და მეკითხება, ასე ადრე რამ აგაყენაო და ის კი გადაავიწყდა რომ ტელეფონზე ბოლო ხმაზე ლაპარაკობს და დილით მე კიარა, ზამთარში დათვიც ვერ გამოიძინებს.
უყვარს ჭორაობა, თან საშინლად. თუ 2-3 საათი ისე გავა რომ ტელეფონზე არავინ დაურეკავს, არც მეზობელი ჩამოაკითხავს და ტელევიზორშიც არაფერია საინტერესო მაშინვე ჩემთან მორბის და მიყვება საავადმყოფოს ამბებს, რომლებიც უკვე ბევრჯერ მომიყვა.
ბებიაჩემი ივანიშვილს უჭერს მხარს, სჯერა მისი და უყვარს წულუკიანი. თუკი ქვეყანაში რამე კარგი კეთდება ივანიშვილის დამსახურებაა, თუ ცუდი, მაშინ მასხარა სააკაშვილს. საერთოდ, რთულია რამე აუხსნა, იმიტომ რომ არ გისმენს. ვერაფრით ვერ ავუხსენი რატომ არ შეიძლება ეკავოს ადამიანს იუსტიციის მინისტრის პოზიცია თუკი არ აქვს იურისტის დიპლომი.
გიჟდება თავის სახლზე. რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავში იყიდა. როგორც თოჯინა ეგეთიაო და აუცილებლად ჩამოდი ნახეო. კაი-მეთქი. მაგრამ რუსთავში მეგობრების სანახავად ვერ ჩავსულვარ და სახლის სანახავად ჩავალ?!
ბებიაჩემს ხმამაღლა ლაპარაკი უყვარს. დილით ადრეც და შუაღამისასაც. არ ვიცი რატომ, უბრალოდ სულ ხმამაღლა ლაპარაკობს. პრინციპში, რაც თავი მახსოვს მისი საუბრის მანერა არ შეცვლილა.
ბებიაჩემს ძალიან უნდა რომ ვიმე კარგი, მაღალი, მხარბეჭიანი, აი ჩვეი თორნიკესნაირი (ჩემი დეიდაშვილი) ბიჭი შევიყვარო, გავთხოვდე და შვილი მყავდეს. პირველად როცა ვუთხარი არ მინდა ვიმეს შეყვარება-მეთქი, აბა შვილი არ გიდაო? შვილს ისე გავაჩენ-მეთქი და ნაბიჭვარი შვილთაშვილი არ მინდაო. ბოლოს ბრძოლის თავი არ მქონდა, დავნებდი და ჩემს ოთახში შევიკეტე,
ძალიან უყვარს ჩემს ოთახში შემოსვლა და ჩემი სარკის წინ ტრიალი.
ნაოპერაციები ადილი სტკივდება მაშინ როცა ყურადღება აკლდება, ან როცა სტუმრები მოდიან მის სანახავად 🙂
ძალიან ეშინია სიკვდილის. სულ სიკვდილზე ფიქრობს და ნატრულობს თქვენს (შვილიშვილების) ქორწილს მაინც მომასწრო რომ კარგად ვიცეკოო.

კაი ტიპები არიან ბებოები  ^_^

p.s ტელევიზორს იმხელა ხმაზე უსმეს ყველა ოთახში ისმის აბსოლუტურად -_-

ორი დღე საავადმყოფოში

არ ვიცი რას დავაბრალო მაგრამ, ჩემს და-ძმას მაშინ უნდებათ მოწამვლა როდესაც სახლში ჩემს გარდა არავინაა და დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მომდევნო რამდენიმე დღე არც არავინ იყოს. ასე, 2-3 კვირის წინ ჩემი ძმა მოიწამლა, რომელიც ავად თუ კარგად ერთ დღეში დასრულდა. ძირითადად სუხარით, მოხარშული კარტოფილით, ნაბეღლავით და ძილით ვუმკურნალეთ, რამაც შედეგად გამოიღო ის, რომ გაღვიძებისთანავე ეზოში ჩასვლა მთხოვა და პასუხად დიდი “არა” მიიღო.

რამდენიმე დღის წინ ჩემი და გახდა ცუდად, როგორც ჩანს წინა დღისით ნაჭამმა სოკოს ღვეზელმა აწყინა. ვიფიქრეთ მასაც მალევე გადაუვლიდა და საღამომდე გაუმჯობესების მაგივრად გაუარესება რომ შევატყვეთ და აფთიაქშიც სასურველი წამლის ნაცვლად გვითხრეს სასწრაფო გამოიძახეთო, ისღა დაგვრჩენოდა 112-ზე დაგვერეკა და სახლის მისამართი გვეთქვა.

სასწრაფომ ინფექციურში გადაიყვანა, გადასხმები გაუკეთეს, ნემსები დაარჭეს და უთხრეს: ამაღამ აქ უნდა დარჩეო. ვინაიდან და რადგანაც ჩემი მშობლებიდან არც-ერთი გახლავთ თბილისში მომიწია ღამე იქ დარჩენა. საბედნიეროდ, ის პალატა არ გავსებულა და ცარიელ ლოგინზე მშვიდად მეძინა. პრინციპში, რამდენად მშვიდი იყო ჩემი ძილი ვერ გეტყვით.

ინფექციურში მისვლისას პირველი რაც გვკითხეს იყო “დაზღვევა გააქვთ?” და აი როდესაც საქმე თანხის გადახდასთან მივიდა კიდევ ერთხელ დავინახე რომ დაზღვევა საჭირო კი არა აუცილებელია. მთავარია პაკეტი შეარჩიო სწორად და იცოდე რას აგინაზღაურებს კომპანია და რას არა. 6 პაციენტიდან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა დაზღვევა და ყველაზე მშვიდადაც ის იწვა.

ინფექციურში არის სულ 3 პალატა, ერთი ქალების, ერთი კაცების და ერთიც ბავშვების. მიუხედავად იმისა,რომ ამხელა ინფექციური საავადმყოფო ჰქვია, 6 კაციან პალატაში 20-მდე ადამიანი ირეოდა და “თუ შეიძლება ფეხი გაწიეთ უნდა გავიარო” სიტუაცია იქმნებოდა დღის განმავლობაში. ცარიელი ლოგინიდან საჯდომი არ ამიწევია, იმის შიშით რომ ვინმეს არ ეხია და ღამე სკამზე მჯდომარეს არ მომწეოდა ღამის გათენება. ასევე ვოცნებობდი, რომ ღამის განმავლობაში არავინ შემოეყვანათ პაციენტი და არ ეთხოვათ ჩემთვის “უკაცრავად, მაგრამ აბრძანდით ლოგინიდანო”. მერე რა, რომ ზუნზლიანი ლოგინი იყო, მთავარია ვიწექი ავად თუ კარგად და მეძინა.

ორი დღე საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ მთელი დღე იჯდე და სუხარის ჭამის მეტი არაფერი აკეთო. ამ დალოცილ საავადმყოფოებში ერთი wi-fi რა გაუხდათ კი მაგრამ? ან პავლოვზე აქამდე რატომ არ დააყენეს “უფასო ვაიფაი მთელს ქალაქში”?. ყველაზე მოსაბეზრებელი ალბათ მაინც ნათესავ-ახლობლების ვიზიტი საყვედურნარევი კილოთი “რატომ არ დაგვირეკეთ გოგო” იყო. მესმის მათი, ნერვიულობდნენ, მაგრამ რა ვიცოდით ჩვენ თუ ასე სერიოზულად იქნებოდა მოწამვლა? საერთოდაც ვფიქრობდით ერთი გადასხმა დასჭირდებოდა 6-ის ნაცვლად და იმ ღამეს გაგვიშვებდნენ და ორ ღამეს არ გაგვაჩერებდნენ, მაგრამ ჰა.

ღამით აფთიაქი და მაღაზია დამჭირდა, ამისათვის კი ღამის პირველ საათზე პავლოვზე 15 წუთიანი ბოდიალი, მანქანებისთვის მზერით და თვალებით იმის ახსნა რომ “ოე, ვინმეში ხომ არ გეშლები ბიჭო!” და მეძავისა და სავარაუდო “კლიენტის” ჩხუბისთვისთვის თავის არიდების მხრივ ქუჩის საპირისპირო მხარეზე გადასვლა დამჭირდა. ყველაფერ ამის შემდეგ შევდივარ აფთიაქში და მეუბნებიან რომ 5-ლარიანის ხურდა არ აქვთ და არ მომცემენ იმას რის გამოც ეს ყველაფერი გამოვიარე. ათამდე დავითვალე, არ ვაგინე, დავმშვიდდი და გზა განვაგრძე. ჩემს ბედად იქვე ახლოს იოლი იყო და მედიკამენტებიც იყიდებოდა. მიხარია რომ 24 საათიანი დიდი მაღაზიები არსებობს ❤ მერე რა რომ 4 სიგარეტი ვიკითხე და არც-ერთი არ ჰქონდათ.

მეორე დღეს პალატაში ერთი მოხუცი ქალბატონი შემოიყვანეს, რომელიც ასაკთან შედარებით საკმაოდ მოტეხილი იყო და მუდამ რაღაცის ეშინოდა, რის გამოც ყოველთვის იყო პალატაში ექთანი, რომელიც მუდმივად ჩხუბობდა ამდენი ხალხი ნუ ხართო. ერთ პალატაში ცოტა პაციენტები შეიყვანეთ გეთაყვა და ამდენი ხალხიც აღარ იქნება იქ! მოხუც ქალბატონს საშინლად წიკვინა გოგო დაემატა. რომელიც ყველა მოძრაობაზე წუწუნებდა და კვნესოდა. ხან ისტერიკას აწყობდა გადასხმისას ნემსის გაკეთებაზე და ხანაც დარდობდა რომ კათეტერი ძილში ხელს უშლიდა. ალალი იქნებოდა მასზე ერთი შემოლაწუნება ❤ ყოველთვის მიკვირს, როგორ უნდა მოახერხო დედამ და გაზარდო ასეთი ჭირვეული შვილი?!

მეორე ღამესაც მეძინა, კიდევ კარგი და საბედნიეროდ დილით მამაჩემი ჩამოვიდა და სახლში წამოსვლა და წყლის გადავლება და იმ სიბინძურის ჩამორეცხვა მოვახერხე.

ინფექციურში მომეწონა ის, რომ პალატებში სისუფთავე იყო. არ მომეწონა ის რომ 1. ექთნები და ექიმები მუდამ ჩხუბობდნენ; 2. ტუალეტი ძალიან შორს იყო და ერთადერთი საკმაოდ ბევრი ხალხისთვის; 3.დამლაგებელი დილის 7-საათზე იწყებდა პალატის დალაგებას და ჩემს გაღვიძებას; 4. ერთი პალატისთვის საკმაოდ ბევრია 6 პაციენტი და მათი მნახველები, რომელთა რაოდენბოდაც მთლიანობაში საკმაოდ ბევრს შეადგენს.

ვიმედოვნებ, რომ ძალიან დიდი ხანი აღარ მომიწევს საავადმყოფოში ვიზიტი.