Tag Archives: სავარძელი

ეტლით უნივერსიტეტში

სამშაბათი ყველაზე ნაკლებად მიყვარდა წინა სემესტრში. ჩემი სამშაბათი ორშაბათობდა და დილით ადრე მიწევდა ადგომა. თანაც, ისეთი ლექცია იყო ვერ გამეგო რას ვსწავლობდი, ან რატომ. პირველი რამდენიმე ლექცია კიბეებზე გავატარეთ ფაქტობრივად, მაღლდა – დაბლა დავდიოდით და ვეძებდით ისეთ აუდიტორიას სადაც პრეზენტაციას გაუშვებდა. იდეაში რომელი აუდიტორიაც გვეკუთვნოდა ის დაკავებული დაგხვდა.

ერთ-ერთი ასეთი სამშაბათი იყო, 9-ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა. 15 წუთში ლოგინიდან წამოვიზლაზნე, აბაზანაში გატარებული 15 წუთის შედეგად გამოვფხიზლდი, ჩავიცვი და 10-ის 15 წუთზე უკვე გაჩერებაზე ვიდექი და გატენილ 21 ან 51 ნომერ ავტობუსს ველოდებოდი.

ზუსტად 10-საათზე უნივერსიტეტის კიბეებს მივადექი და აუდიტორიისკენ წავედი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა რომ მომლოდინე ბავშვებს შორის ეტლით მოსარგებლე ადამიანი შევამჩნიე. გავოცდი, ვერ მივხვდი საიდან მოვიდა. მაგრამ მერე გამახსენდა, თსუ-ს მეორე კორპუსს, კიბეების ერთ ნაწილს აქვს ე.წ პანდუსები. თუმცა, იმ პანდუსებზე ფეხით მოსიარულე ძლივს ივლის და წარმოდგენა არ მინდა როგორ უჭირს ეტლით მოსარგებლეს იმ “პანდუსებით” სარგებლობა. პანდუსები დამაგრებულია პირდაპირ კიბეებზე, შესაბამისად არის ძალიან დახრილი და რთული ასასვლელი, ამასთანავე პანდუსები დამაგრებულია არა მოაჯირის, არამედ კედლის მხარეს და არანაირი სხვა დამხმარე საშუალება რომ ეტლიანმა ადამიანმა შესძლოს ამოსვლა. საბოლოო ჯამში, მგონი ეს პანდუსები სულაც არაა გათვლილი ეტლით მოასიარულე სტუდენტისთვის.

როგორც გავარკვიე აღნიშნული სტუდენტი ლექციებზე მამას დაჰყავს. რადგანაც შეუძლებელია სხვანაირად იმ პანდუსებით სარგებლობა. თანაც, ეს პანდუსები დამაგრებულია არა იმ კიბეებზე, რომლითაც სტუდენტების 90% სარგებლობს, არამედ მეორე, უკანა კიბეებზე. ნუ კარგი, მეორე კორპუსში მამას დაჰყავს, მაგრამ ძალიან შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ მაღლივის ბიბლიოთეკაში, სადაც გამოცდებს ვაბარებთ, არ არის საერთოდ რაიმე მოპანდუსო ელემენტიც კი. შესაბამისად, მამას უწევს სთხოვს ბიჭებს რომ მისი შვილი ხელში აყვანილი აიყვანონ კიბეებზე. ძალიან, ძალიან ცუდ და არასახარბიელო სიტუაციაშია მამაც და შვილიც. წარმოიდგინეთ, მამა ფაქტობრივად შვილის ცხოვრებით ცხოვრობს, დილიდან საღამომდე უწევს შვილის აუდიტორიიდან აუდიტორიაში ტარება და დანარჩენი დროის უსაქმურობაში გაყვანა.

შევეცადე თავი ეტლით მოსარგებლეს ადგილას დამეყენებინა და ჩემი თავი ძალიან შემეცოდა. წარმოვიდგინე,რომ მუდმივად ვიღაცის ხელით სატარებელი ვარ, იმიტომ რომ უნივერსიტეტებში არ არსებობს ის პირობები, რომ ეტლიანმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნობს. ერთი-ორი მახსენდება ეგეთი, თუმცა, იქ სწავლის გადასახადი იმხელაა რომ ალბათ ვერ გავწვდებოდი. კარგი, რამენაირად მოვხვდი უნივერსიტეტში და ვიღაც ყოველთვის მადგას თავზე რომ მატაროს აუდიტორიიდან აუდიტორიაში, მერე? აუდიტორიაში შესვლისას უკვე პრობლემა წარმომექმნებოდა, ზღრუბლზე გადასვლისას უნდა მეწვალა. მერე ბავშვებისთვის მეთხოვა რომ მერხისთვის სკამი მოეშორებინათ რომ მე ჩემი ეტლით მივგორებულიყავი. თუმცა, თსუ-ში, და მგონი უმეტეს უნივერსიტეტებში, ისეთი მერხებია რომლებსაც თავისი სკამი მოჰყვება და საკმაოდ გრძელია, ე.ი სკამს ვერ მოაცილებდნენ მერხს და მე მერხთან ვერ დავჯდებოდი. მომიწევდა რომ აუდიტორიის მიღმა ვყოფილიყავი, სადღაც მერხებს შორის გაჩხერილი, ან მერხების წინ და მოწყვეტილი სემინარს თუ ლექციას. უნდა ვჯდარიყავი იქ სადაც ყველას ყურადღებას მივიქცევდი და ნებით თუ უნებლიეთ ყველას თვალი ჩემსკენ იქნებოდა.

ის ბავშვი ერთადერთია, რომელიც თსუ-ში შევამჩნიე. პრინციპში ეგეც მიკვირს. არ არის არანაირი პირობა იმისთვის რომ ეტლით მოსარგებლემ მიიღოს სრულყოფილი განათლება და ამაში ხელი არ შეეშალოს. აუდიტორიამდე რომ ვერ მიაღწევ დამოუკიდებლად, შემოვლითი გზებით და ვიღაცების დახმარებით რომ გიწევს აუდიტორიიდან აუდიტორიაში წასვლა, ტუალეტიც კიარაა ინვალიდებისთვუს, ეს ყველაფერი ვგონებ არც ისე სახარბიელოა. თანაც ამ ყველაფერს ბონუსად მოსდევს სტუდენტების, ლექტორების, დეკანატის სევდით აღსავსე თვალები, რომლებიც გამოხატავენ: “რა უბედური ხარ შე საწყალოს”.

რამდენიმე კვირის წინ პროექტ “education is your right”-ს ფარგლებში დისკუსია გაიმართა, რომელიც ეხებოდა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და დისკრიმინაციის პრობლემებს საქართველოში. დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ESN Tbilisi ISU – მ (erasmus student network) ფონდ “ღია საზოგადოების” დაფინანსებით ბოლო 5 თვის მანძილზე ჩაატარა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კვლევის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენდა:  უცხოელი სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები. კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე და თავად დარწმუნდეთ რომ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს საკმაოდ ბევრი პრობლემა ექმნებათ მაშინ, როდესაც ცდილობენ მიიღონ სრულყოფილი განათლება.

ღამით, მატარებელში

წლებია მატარებლით აღარ მიმგზავნრია, მითუმეტეს კი ღამის მატარებლით. სწორედ ამიტომ, როდესაც აღმოჩნდა, რომ დღის მატარებელი მოუხსნიათ და “იძულებულები” გავხდით ღამის მატარებლით გვემგზავრა უცბად თვალები გამინათთდა და ბედნიერება ვიგრძენი.

სანამ ე.წ ვაგზალზე წავიდოდით ბათუმს ვათვალიერებდით, აღელვებულ ზღვას გადავხედეთ, ფოტოები გადავიღეთ, დათოს და ბათუმს დავემშვიდობეთ და წავედით.

უკანასკნელი ფოტო ბათუმში, ამ წელს

მატარებელი სადგურში 15 წუთში ჩამოდგა, ჩვენც ავბარგდით და ჰოი საოცრებავ, ჩვენი კუპე ლამის tუალეტის გვერდზეა. სამნი ვიყავით, მე ანა და გაბო და სულის კაწკაწით ველოდებოდით ვინ იქნებოდა მეოთხე. მატარებელი ისე დაიძრა არ გამოჩენილა და აი გავიფიქრე უკვე, რომ მთელი კუპე ჩვენს განკარგულებაშია-მეთქი, რომ კარი შემოაღო. მგონი აქ ვარო, ჩანთა შეაგდო ზევით და გავიდა. ჰო, ერთი შეხედვით არაუშავდა… სამაგიეროდ კუპე იყო ძალიან კარგი, რბილი სავარძელებით და უკვდავი ქართული ესტრადით.

მე და გაბო

ლუდი და სასუსნავი მომარაგებული გვქონდა, შესაბამისად პირველი 1-2 საათის გაყვანა არ გაგვჭირვებია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 1-მა ბოთლმა ექსტრამ მე და ანა შეგვათრო. დაახლოებით ამ დროს ატყდა შიშველი “რომაელების” ვაგონიდან ვაგონში სიარული და რქიანი კუების მოძებნა. რა მოწიეს ან დალიეს ნამდვილად არ ვიცი.

ის, ის იყო მოწყენას ვაპირებდი,თან პმ-ზეც აღარ მპასუხობდნენ, რომ უნო გაგვახსენდა. ჩვენი მეოთხე ადამიანიც დაუბრუნდა კუპეს, არ დამეზარა, ავუსხენი წესები და დავიწყეთ. მეგობრები შემოჰყვნენ და “ვა უნოო”, გაიკვირვეს, და კიდევ უფრო ჩვენ გავიკვირვეთ “ვა იცით?”. იცოდნენ! პირველი შემთხვევა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ უნოს თამაში არაბლოგერმა იცოდა. აღმოჩნდა, რომ რაგბის მოთამაშეები ყოფილან და წაგებული თამაშის შემდეგ თბილისში ბრუნდებოდნენ. რა ცუდია როდესაც ახალბედა გამწარებს უნოში! 2 კარტს 2 კარტზე მაღებინებდა, სხვლას სვლაზე მატოვინებდა… და ამ ყველაფრის შემდეგ ცდილობდა კარგი ურთიერთობა ჰქონოდა ჩემთან,თამაშის შემდეგ ხელი ხელზე მოეკიდა და მოსაწევადაც კი ერთად გავსულიყავით : )

….

მისი სახელიც არ მახსოვს, ალბათ გიორგი, ყველას გიორგი ერქვა, მთელ გუნდს მგონი!

მიყვარს ექსტრემალურ სიტუაციებში ახალი ნაცნობები, რომლებსაც მეორე დღეს ვერსად გადააწყდები ^_^

 

 

პ.ს კიდევ სიამოვნებით ვიმგზავრებდი ღამის მატარებლით, ოღონდ ამჯერად სულ სხვა სიტუაციაში. მთელი კუპე მხოლოდ ორს რომ გეკუთვნით…