Tag Archives: სამსახური

კვირიდან კვირამდე არაფერი იცვლება, ამინდის და საკითხავი წიგნების გარდა.

ჩემი მაღვიძარა ყოველ დღე (კვირის კარდა) 10:00 საათზე რეკავს და შესაბამისად ჩემი დღეც 10 საათზე იწყება. გაღვიძება არ მიჭირს, მაგრამ საწოლთან გამომშვიდობება ძალიან, მითუმეტეს უკვე აცივდა. დილის ტრადიციული პროცედურების და საუზმის შემდეგ, დაახლოებით 10:45 საათზე სახლიდან გავდივარ.

ყველაზე მეტად მარშრუტკის ლოდინი მეზიზღება. არადა, 4 მარშრუტკა მაწყობს, 100, 171, 202 და 122. ყველაზე მეტად 122 ნომერი მიყვარს, ცარიელია ხოლმე, ყოველშემთხვევაში სკამზე ნამდვილად ვზივარ და დანარჩენი მარშრუტკებისგან განსხვავებით ფეხზე დგომა და თავის ძლივს შეკავება არ მჭირდება. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე – 122 იმდენად იშვიათადად დადის რომ სამსახურამდე მისვლა სხვა მარშრუტკით მიწევს.

დაახლოებით 11:20 საათზე უკვე სამსახურში ვარ. სახლიდან წამოღებულ საკვებს უჯრაში ვაბინავებ, სუფლიორის პულტს და პადს დასატენად ვაერთებ – აუცილებელია, თუ არ მინდა საღამოს ჩემს ეთერს საფრთხე შეექმნას. ამასობაში კომპიუტერი ირთვება. რა საკვირველია ეგრევე მუშაობას არ ვიწყებ, ჯერ ფეისბუქს ვსქროლავ – იქნება და ვინ მომწერა?! ან იქნება და რა მოხდა ქვეყანაზე? ეგეც რომ არა, ჩემი სამსახური ფეისბუქზეა.

პიემებს ყოველთვის ვასუფთავებ. მაგრამ ერთი ადამიანის პიემი შენახული მაქვს და მუშაობის ნაცვლად იმას ვკითხულობ. nothing good happens after 2am და ამ ადამიანთან ჩემი მიმოწერაც მაგის დასტურია.

computer_monotony_by_bleach_ed_na_tsu-d74j01q

დროა მუშაობას შევუდგე.

რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობ გადავქექო ჩემთვის ნაცნობი ვებ-გვერდები, ვიპოვო საინტერესო ვიდეოები, სტატიები, ფეისბუქ პოსტები, ფოტოები – და ყველაფერი ის, რაც ადამიანებს აინტერესებთ, ის რასაც ინტერნეტმომხმარებლები უყურებენ, კითხულობენ და თვალს ადევნებენ. ხანდახან მიჭირს, ხანდახან ძალიან მარტივად ვპოულობ ხოლმე. აი დღეს, ძალიან მარტივად ვიპოვე ორი გადაცემისთვის საჭირო ვიდეოები. ასე 4 საათისთვის ორივე გადაცემა მზად მქონდა.

6-ზე პირველი გადაცემა იწყება. მერე 7-ის ნახევრიდან 9-საათამდე ფანჯარა მაქვს. უსაქმურობის ფანჯარა. ამ დროს ძირითადად კითხვას ვუთმობ ხოლმე. დღეს ახალი წიგნი – “ცუდი გოგოს ოინები” დავიწყე. სხვათაშორის მომწონს. ჩემი მოლოდინი გაამართლა და დიდი მადლობა ჩემს თანამშრომელს მისი ჩუქებისთვის ❤ ის რომ არა ღმერთმა უწყის როდის მოვაბამდი თავს მის შეძენას. რატომღაც როდესაც ჯერი წიგნების ყიდვაზე მიდგებოდა ყოველთვის სხვა წიგნს ვამჯობინებდი ხოლმე, თურმე ვცდებოდი.

11158086_842544595794594_172673928_n-700x336

9 საათზე მორიგი ეთერი მეწყება. 10-ის 20 წუთზე ჩიტივით თავისუფალი ვარ ხოლმე, მაგრამ ისეთი დაღლილი, რომ სახლამდე ძლივს მივლასლასებ. ის 15 ხანდახან 20 წუთი, როდესაც მარშრუტკას ველოდები მხოლოდ მანქანის ყიდვაზე ვოცნებობ – იქნება და მეყიდა მანქანა?

10 საათისთვის სახლში ვარ ხოლმე.

და ასე ყოველ დღე – ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. პარასკევი მიყვარს, მუშაობას ადრე ვამთავრებ და 7-ის ნახევარზე ვთავისუფლდები.

კვირიდან კვირამდე არაფერი იცვლება, ამინდის და საკითხავი წიგნების გარდა.

 

P.S დღევანდელ დღეს American Horor Story-ს მეხუთე სეზონის საუნდრეკი საოცრად უხდებოდა 🙂

 

აბიტურიენტობიდან იურისტობამდე

2010 წლის 30 იანვარს მე აბიტურიენტი ვიყავი და სიყვარულოვნას ბლოგი შევქმენი. მის მერე 5 წელი გავიდა.
ჩვეულებრივი, სტანდარტული აბიტურიენტობა მქონდა. ვიყავი ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი 🙂 ვემზადებოდი მასწავლებლებთან და ვაპირებდი ჩამებარებინა იმ ფაკულტეტზე, რომელიც წლების წინ შევარჩიე – იურიდიულზე.

2015 წლის 30 იანვარს ვორდფრესმა სიყვარულოვნას ბლოგს დაბადების დღე მიულოცა. 5 წელი გავიდა. დღეს გავიგე ბოლო გამოცდის ქულაც და უკვე იურისტი ვარ. 4,5 წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში. დამატებითი სემესტრი დავასრულე ეხლახანს.

მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ზე უამრავ ცუდ რაღაცას ამბობენ, მაინც ძალიან მიყვარს. არ ვიცი სხვა ფაკულტეტებზე რა ხდება, მაგრამ რაც მესმის იმ ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული ფაკულტეტი საუკეთესოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ზუსტად ვიცით როდის გაიხსნება ბაზები, როდის დაემატება ადგილები კონკრეტულ საგნებს და ა.შ.

Mr._Happyალბათ გამიმართლა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლექტორი მახსენდება, რომელიც მძულს და ვერ ვხვდები რატომ არის დღემდე თსუ-ში. მგონი ეგ და უნივერსიტეტი ერთი ასაკისანი არან, 97-ის 🙂 იყვნენ მეტნაკლებად კარგები და ძალიან კარგებიც. რამდენიმე მათგანი ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. ზოგი იუმორის გრძნობის ქონის გამო, ზოგი ცოდნის და ზოგიც ორივეს ქონის გამო.

დღეს, როდესაც ჩემს ბაზაში დაეწერა რომ 240 კრედიტი დავაგროვე, ბედნიერი ვიყავი. არაჩვეულებრივი გრძნობაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მუდმივად არ მაწუხებს შინაგანი ხმა ადექი იმეცადინე და ნუ უსაქმურობო.

აბოტურიენტობიდან იურისტობამდე – 5 წელი გავიდა. 5 წელია ბლოგზე ვწერ. 5 წელია ჩემს ბლოგს და იმ რამოდენიმე მკითველს, რომელიც კიდევ შემორჩა ბლოგს, ვუზიარებ ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს. ხანდახან ძალიან პირადულს, ხანდახან ძალიან უაზროს, ხანდახნ კი საჭიროს და გამოსადეგს.  ?????????????????????????????????????????????????????????????????

ამ 5 წლის განმავლობაში გავხდი სტუდენტი, ვიმოგზაურე თურქეთში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლატვიაში, დავიწყე მუშაობა და დავასრულე უნივერსიტეტი და პარალელურად განვაგრძობდი ბლოგზე წერას.

P.S მე მაინც მგონია, რომ სანამ მაგისტრატურას არ დავამთავრებ იქამდე იურისტი ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ზედაპირულად ვისწავლე ის, რაც ძალიან მაინტერესებს. სისხლის სამართლის შესწავლას აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურაზე, ოღონდ ჯერ არა. ჯერ უნდა დავისვენო უნივერსიტეტისგან.

chiquita-dm2-minion-dave-bananas

და თბილისში უკვე ძალიან ცხელა

გუშინ საღამოს შინ რომ ვბრუნდებოდი სკოლასთან ბავშვების ჯგრო შემხვდა. როგორც გავარკვიე მეოთხე კლასელები იყვნენ, ექსკურსიიდან დაბრუნდნენ და მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. უმეტესობა ტიროდა. მახსოვს, მე რომ მეოთხე კლასი დავამთავრე და როცა გვითხრეს მეხუთედან სხვა დამრიგებელი გეყოლებათო რამდენიმე ჩემმა კლასელმაც იტირა. მე კიდევ რეაქცია არ მქონია. უემოციობის ბრალია, ან იმის რომ ცვლილებებს ადვილად ვეგუები.

არც მეოთხე კლასის დამთავრება და ახალი დამრიგებელი მინაღვლია, უფრო სწორად ძველი დამრიგებელის წარსულში ჩაბარება, არც სკოლის დამთავრება და ბავშვობის უკან მოტოვება. მოკლედ, ერთადერთი რასაც ვნანობ ამ ეტაპზე და განვიცდი ისაა რომ მუშაობა მინდა. ოღონდ ისეთ სამსახურს ვეძებ სწავლაში ხელს რომ არ შემიშლის, ან ძალიან რომ არ შემიშლის და ეგეთის პოვნა ფაქტობრივად გამორიცხულია.

15 ივნისს უნივერსიტეტში ჩემთვის მეექვსე სემესტრი მორჩა. მთავარი პრობლემა, გამოცდები, ჯერ კიდევ წინ არის. 21-ში მაქვს პირველი გამოცდა და მთელი დღის განმავლობაში ხან რას მივედე ხან რას.

მთელი 3 წლის განმავლობაში ყველაზე რთული სემესტრი მქონდა. 6 საგანს გავდიოდი, ექვსივე სავალდებულო იყო, და ექვსივე ერთმანეთზე უარესი. არა, ვიტყუები, შრომის სამართალი და საოჯახო/მემკვიდრეობით ადვილია.

25-ში ღამით (26-ში გამთენიისას უფრო სწორედ) თურქეთში, სტამბულში მივდივარ. რამდენიმე თვეა ვგეგმავ და ველოდები 25/26 ივნისს. თავიდან ჩემი მეგობრები მიდიოდნენ, აზრაც არ მომსვლია ის, რომ მეც წავსულიყავი მათთან ერთად, ვამბობდი არ გამიშვებენ ჩემები და კითხვას რა აზრი აქვს-მეთქი. მაგრამ ერთ საღამოს მაინც გავბედე და შედეგად დედაჩემმა მომიწონა იდეა, კარგია, რაც მეტ ქვეყანას ნახავ მით უკეთესიო, მამაჩემმა ცოტა ხნით და მცირე დოზით იჯუჯღუნა მაგრამ დამთანხმდა და მე ვიყავი გაოგნებული 🙂  სხვა ქვეყანაში კიარა, გვერდზე ქალაქში შეიძლება არ გამიშვან რომ მოვინდომო. მოკლედ, ამ გადაწყვეტყვეტილებას ჩავებღაუჭე და შევუდექი მზადებას. მზადებას რა, ძირითადად იმას რომ სტამბულის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შემეკრიბა და მომეძებნა ის მუზეუმები თუ ადგილები, რომელთა ნახვასაც ვაპირებ.
✔ თვითმფრინავის ბილეთები ნაყიდია. სხვათაშორის საკმაოდ იაფად. პეგასუსით მივფინავთ;
✔ ჰოსტელი დაჯავშნულია. ესეც საკმაოდ იაფად. ძალიან კარგ ადგილზე, კარგი ჰოსტელია კარგი სტაფით. ასე ამბობენ ბუქინგ.ქომზე ყოველშეთმხვევაში. შეგიძლიათ ფბ-ზეც გადახედოთ ჩილაუთ ჰოსტელს 🙂

ჰო, კიდევ ის მადარდებს რომ სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე არეულობაა. რამდენიმე ათასი ადამიანია გამოსული და ერდოგანის გადადგომას მოითხოვენ, არ გვინდა ფაშიზმი და დიქტატურა ერდოგანის სახითო. პოლიციამ რამდენჯერმე დაარბია, გეზი პარკის გსუფთავებაც დაიწყო, მაგრამ ხალხი უკან არ იხევს და ათასობით ადამიანია გამოსული. ვიმედოვნებ 26-დან 30-მდე არანაირი შეტაკება და შეხლა-შემოხლა არ მოხდება რადგან არამარტო გეზიპარკთან მოგვიწევს ხშირი კონტაქტი, არამედ მაგ პარკთან ძალიან ახლოსაა ჩვენი ჰოსტელიც ^_^

8 დღე დარჩა.
და თბილისში უკვე ძალიან ცხელა.

 

4 დღე

როგორც კი თავისუფალი 4 დღე გამომიჩნდა და დაიმედებული ვიყავი, რომ სამსახურიდან არ დამირეკავდნენ ბარგის ჩალაგება დავიწყე. ბევრი არაფერი მჭირდებოდა, მთავარი იყო, რომ გრძელმკლავიანი მაისური და საგულდაგულოდ გადანახული ჟაკეტი არ დამვიწყოდა.

ჩემს სოფელში ტრანსპორტი არ დადის და ეს პრობლემა პირველად სწორედ ამ მგზავრობისას გავაცნობიერე. ვერ ჩაჯდები მიკრო ავტობუსში და 2 საათის შემდეგ წყნარად ვერ მიხვალ საკუთარ სოფელში. აუცილებელია რომ სოფლის ასახვევთან ვინმე მანქანიანი დაგხვდეს და აგიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 5 კილომეტრის ფეხით გავლა და მთაზე ასვლა მოგიწევთ.

დვალთა – ჩემი სოფელი, რომელიც ძალიან პატარა და რომელიც ხეებშია ჩაკარგულია ❤

ასე იყო თუ ისე მშვიდად ვიმგზავრე, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი რომ სოფელში საოცრად ეგრილებოდა როდესაც თბილისიდან გავედი და სახეში ცხელი ნიავის ნაცვლად გრილი სიო მიბერავდა. სოფლის ასახვევთან მშობლები მანქანით დაგვხვდნენ, გზიდან ჩამოგვხსნენ და ალგეთზე იდეაში საჭყუმპალაოთ და გასაგილებათ წავედით. საღამოსკენ უკვე სახლში ვიყავი, ბარგით ხელში და ვცდილობდი ორიოდე ხელი ტანსაცმელი დამებინავებინა. თუმცა, სანამ დაბინავებას დავიწყებდი ჩემს ეზოს უნდა შევგუებოდი. 3 თვეში რადიკალურად შეიცვალა. დიიდი მწვანე ეზოს ნაცვლად დიდი სახლი და ორიოდე ხე დამხვდა, იმ ორიოდე ხეზე კი ჰამაკი გაბმული. მე თუ მკითხავთ ძველი, პატარა, ნახევრად დანგრეული სახლი და დიდი ეზო მირჩევნია დიდ სახლს და უეზოობას, თუმცა ალბათ შეგუება სჭირდება ყველაფერს. ჩემი სოფელი ერთადერთი ადგილია სადაც ზაფხულში საბანში გახვეულს მძინავს. ჭოტის კივილი კი მისი განუყოფელი ნაწილია. სასიმოვნოდ ჩაძინებულს დილის 8 საათზე გამეღვიძა.

ახალი სახლი, რომელიც დასასრულებელია

შაბათი დილა სასიამოვნოა. განსაკუთრებით მაშინ თუკი ცივილიზაციას ხარ მოწყვეტილი, არც მანქანების ხმაურია, მზეც სასიამოვნოდ ათმობს არემას და ჰამაკი და წიგნი გელოდება. წიგნის შერჩევისას ბევრი ვიბოდიალე, არ მინდოდა ისეთი რამ წამეღო რაც არ მომეწონებოდა და 4 დღე სრულ უსაქმურობაში გამეტარებინა. სწორედ ამიტომ თვეების წინ დაწყებული 1984 წავიღე და როგორც იქნა დავასრულე. კარგი წიგნია, თუმცა ვხვდებოდი რა, როგორ და რატომ იქნებოდა. ჰამაკში, ნეტარებაში გატარებული რამდენიმე საათი უცბად გავიდა. ე.წ “ბირჟისკენ” ავლისა და დამსვნებელთათვის თვალის შევლების დრო იყო, თუმცა, ვის გინდა თვალი შეავლო როცა არავინ არაა და ფაქტობრივად სამიოდე კაცი სხედხართ და ზაფხულის და დასვენების გეგმებს აწყობთ.

ჰამაკი და ნეტარება

კვირა დილა იმით დაიწყო რომ ალგეთზე ჩახტომის შემდეგ დავიწყე გამოფხიზლება. ყველაზე უკეთ კი მაშინ გამოვფხიზლდი როდესაც მწვადების სუნმა იწყო ტრიალი. ბევრი მწვადი, ცოტა არაყი, მდინარეში გაგრილება, შეფხიზლება, ტყეში წამოწოლა და კითხვა არის ძალიან კარგი. მერე რა, რომ ძალიან იღლები და ძილის გარდა აღარაფერზე ფიქრობ, თანაც მაშინ როდესაც მეორე დღეს თბილისში ხარ წასასვლელი.

როდესაც ცდილობ თავი გაირთო

როდესაც დღეს დილით ჩემს ბარგს ისევ უკან, ზურგჩანთაში ვალაგებდი და თბილისში გამოსამგზავრებლად ვემზადებოდი, დიდხანს ვფიქრობდი დავრჩენილიყავი თუ დავბრუნებოდი დედაქალაქს. საბოლოოდ ინტერნეტის და შხაპის სიყვარულმა მძლია და უკვე თბილისში ვარ. მანგლისამდე მამაჩემის მანქანით გადავედი ისე, რომ საჭესთან მე ვიჯექი (!) და თბილისშიც მშვიდობით ჩამოვაღწიე. თუმცა, ჯერ კიდევ წყნეთში მაწუხებდა ცხელი ნიავი და ვგრძნობდი რომ საშინელი ღამე მელოდებოდა.

სოფელში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ სახლები უფრო და უფრო ძველდება, მოსახლეობა უფრო და უფრო მცირდება, ბავშვები ელვის სისწრაფიდ მრავლდებიან და ვეღარ ვხვდები ვინ ვისია და ვინ ვისი გორისაა.

პარასკევს ისევ ვუმიზნებ რომ შაბათ-კვირა დვალთაში გავატარო, იქ სადაც ცივა, სადაც კაკლის ჩრდილში გაკიდული ჰამაკი და დასვენება მელოდება.

სამოთხე ^^

მე და ზაფხული

ჩემთვის ზაფხული იყოფა ორ პერიოდად. გამოცდების პერიოდი და დასვენების პერიოდი. თუმცა, წელს summer job_ის წყალობით მესამე ეტაპიც მიემატა – სამსახური.

პირველი ეტაპი მშვიდად და ბედნიერად გადავლახე და ამაში საბოლოოდ გუშინ დავრწმუნდი. 1 საათის შუალედით გამწვამდა 6-ვე საგანი და 2 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ექვსივე საგანი ჩავაბარე გადაბარების გარეშე! თქვენთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად მიღწევაა. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ერთ-ერთ საგანს მესამედ გავდიოდი და საფრთხე არსებობდა იმისა, რომ სტუდენტის სტატუსი შეეწყვიტათ. 6 საგნიდან ორზე ვვარაუდობდი რომ გადაბარება  და საზიზღარ მაღლივში აბოდიალება მომიწევდა, თუმცა გადავრჩი. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ამ სემესტრში ლექტორებში საოცრად გამიმართლა. ვიმედოვნებ საშემოდგომო სემესტრიც ანალოგიურად წარმატებული იქნება. ერთადერთი რამ, რის გამოც გული დამწყდა იყო ის, რომ სწავლა 17 სექტემბერს იწყება და ისევ 25 ივლისს დასრულდება. ჩვენ თუ არა, საკუთარი თავები მაინც არ ეცოდებათ?! ჩემი აზრით დიდი უსინდისობაა საერთოდ ზაფხულში სწავლა, მაგრამ ვინ გისმენს 😐

ხანდახან სასწაულებიც ხდება, და ასეთი სასწაული იყო, ის რომ summer job-ზე დავრეგისტრირდი, თანაც საკმაოდ ადვილად. ლუდსახარშ ზედაზენში ვარ, სადისტრიბუციო ქსელში და ერთადერთი რაც მევალება მაღაზიებში ზედაზენის მაცივრების შემოწმებაა, რომ ზედაზენის ლუდის და ლიმონათების გარდა არაფერი იდოს, რაც არც თუ ისე რთული და დამღლელია, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ არაჩვეულებრივად კარგ კადრზე ხარ მიმაგრებული და ცდილობს ყველანაირად ხელი შეგიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ სადისტრიბუციო ქსელში ვარ. დღეს და ხვალ გადაწყვიტეს, რომ ქარხანაში გვამუშაონ, სადაც ბოთლებს ეტიკეტებს ვაკრავთ. ჩვენს მიერ გალამაზებულ ბოთლებს კი ამერიკაში გზავნიან. ზედმეტი მუშახელი დასჭირდათ და გამოგვიჭირეს. თუმცა, როგორც გვპირდებიან ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ 2 დღეს გასტანს. სხვა მხრივ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვებთან შედარებით “კარგ პონტში” ვართ.  ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს, თუმცა საშემოსავლო 20% ეჭრება, რის შედეგადაც მხოლოდ და მხოლოდ 400 ლარი გვრჩება. ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ რა უნდა მექნა მაგ 400 ლარით, დარეგისტრირების დღესვე ვიცოდი – უნდა დამესვენა!

ვინაიდან და რადგანაც ჩემი ზაფხულის 95% სწავლამ და სამსახურმა წაიღო, ზაფხულში დასასვენებლად მხოლოდ 10 დღე მრჩება, ამიტომაც შემედგომას დავესესხები 25 დღეს და შემოდგომის ნაწილს სწორედ დასასვენებლად და აღებული ხელფასის დასახარჯად გამოვიყენებ. 20 აგვისტოს მუშაობას ვამთავრებ. ძალიან მინდა მეორე დღესვე ჩემს სოფელში წასვლა და ცოტა ხნით მაინც დასვნება. მიუხედავად იმისა, რომ დვალთაში 1 კვირაზე მეტს ვერ ვძლებ, ზაფხულში იქაურობა სამოთხეა! მდინარე, სიგრილე, ჰამაკი, ფიჭვების ტყე… სექტემბრის დასაწყისში სავარაუდოდ თბილისში ვიქნები, სამაგიეროდ 15 სექტემბრიდან-25 სექტემბრამდე ბათუმში წავალ და აღარც ჩამოვალ. რა კარგია რომ ხელფასი ბოლომდე მეყოფა და ვიმედოვნებ დარჩება კიდეც. მერე რა რომ სწავლის პირველი კვირა უნდა გავაცდინო, მე ზღვა და ცურვა მინდა!

ზაფხულში თბილისში ყოფნა და მუშაობა აუტანელია. სწორედ ამიტომ ბედნიერ ვიკენდებს ვიწყობ და ხან აკვა-პარკში მივდივარ, ხან ვპიკნიკობ, ეს ვიკენდი ბიერფესტზე გავატარე და ვარ ბედნიერი რომ ჩემი მეგობრები მაინც არიან თბილისში.

თქვენც ჩემსავით თბილისში ხართ და იხარშებით?

დასაქმება სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად

მას შემდეგ რაც სტუდენტი გავხდი უშედეგოდ ვცდილობ ვიპოვო რაიმე სამსახური რომელიც იქნება ნახევარ განაკვეთზე და არ ენდომებათ გამოცდილება. მქონდა მცდელობა მემართა ფეიჯი, რომელიც ერთი შეხედვით ადვილი ჩანდა, თუმცა მაინც მოითხოვდა მთელ დღეს კომპიუტერთან. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ მეორე კურსს  ვასრულებ და სასურველი სამსახური ვერ ვიპოვე, სასურველს ვინ ჩივის, ისეთი სამსახური რომელზეც CV-ს გავაგზავნიდი. უმეტეს შემთხვევაში დამაბრკოლებელი ორი გარემოება ხდებოდა: 1. სამუშაო გამოცდილება; 2. უნივერსიტეტის დიპლომის მოთხოვნა. ვინაიდან ვერც-ერთს ვაკმაყოფილებდი ჩემი cv უფუნქციოდ განისვენებდა D დისკზე.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ანნას პოსტი ვნახე, საკმაოდ ხმაურიანი და მიმზიდველი წინადადებით – სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არისო. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ალდაგის ფეიჯზე ორ პოზიციაზე აქვთ ვაკანსია: სამედიცინო სატელეფონო ქსელის ოპერატორი და სადაზღვეო აგენტი.  მართალია ანასი მჯერა, და დავრწმუნდი რომ სამუშაო გამოცდილება ნაკლებად სჭირდებოდა აღნიშნულ პოზიციას, მაგრამ გადავწყვიტე თავად გადამემოწმებინა ეს ყველაფერი ალდაგის ფეიჯზე. 

აღმოჩნდა რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე ძირითადად 18-25 წლის ახალგაზრები საქმდებიან და საკმაოდ წარმატებული კარიერის აწყობას ახერხებენ. ალდაგი ბისიაი საშუალებას გაძლევთ გქონდეთ სამსახური საკმაოდ კარგი ანაზღაურებით და  გაძლევთ შანს შეისწავლოთ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია. ამისათვის ტარდება ტრენინგები და უკვე დატრენინგებული იწყებ სამუშაოს. ყველაფერი შენზე და შენს ენთუზიაზმზეა დამოკიდებული.დასაქმების პერიოდში სწავლობ ყველაფერ იმას რაც აგენტისთვისაა საჭირო და აუცილებელი. შანსი გეძლევა თვეში 400-800 ლარი იშოვო. რა თქმა უნდა რაც უფრო მეტს გაირჯები, მით მეტი იქნება შენი შემოსავალი. გარდა ამისა, აღნიშული ვაკანსია, საშუალებას გაძლევს შეუთავსო სხვა სამსახურიც, რადგან თავისუფალი გრაფიკია. ჩემს შემთხვევაში “სხვა სამსახური” სწავლაა.  ძალიან გული მწყდება რომ ალდაგის შესახებ თავის დროზე არ მოვიძიე ინფორმაცია და არ მიცდია ვყოფილიყავი სადაზღვეო აგენტი.  ალდაგი ბისიაი 2010 წლიდან ფართო სააგენტო ქსელს ქმნის, ანუ იქიდან მოყოლებული რაც მე ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი. შემეძლო ვყოფილიყავი იმ 690 დატრენინგებულს შორის, რომლებმაც ტრენინგი 2011 წელს გაიარეს.  გამოდის, რომ მთელი ის დრო, რაც სხვადასხვა ფეიჯებზე ბოდიალს დავუთმე, შემეძლო მარტივად ვყოფილიყავი აგენტი და მერე უკვე უფულობის დაბრალება მხოლოდ ჩემი თავისთვის მომიწევდა.

ბევრი ფიქრი მემგონი არ სჭირდება, როდესაც დავლაგდები აუცილებლად შევავსებ ალდაგის ფეიჯზე ვაკანსიის განაცხადს და შევეცდები ყველაფერმა ისე ჩაიაროს როგორც მე მინდა. თვეში 400 ლარი რიგითი სტუდენტისთვის ურიგო არ არის, მეტსაც გეტყვით, ფრიად დამაკმაყოფილებელია, თანაც, თუ მოვინდომებ და სათანადოდ გავირჯები პრემია 800-ლარამდე ავა ^_^  ყოველშემთხვევაში, იმ პერიოდში მაინც სანამ სტუდენტი ვიქნები და არ მექნება საშუალება დავსაქმდე საკუთარი პროფესიით, ვეცდები ვიყო ალდაგი ბისიაის სადაზღვეო აგენტი.

P.s დღეს შევეცადე სტუდენტების აზრი გამეგო რას ფიქრობენ სადაზღვეო აგენტზე და იმუშავებდნენ თუ არა აგენტებად. უმეტესობის პასუხი იყო რომ იმუშავებდნენ იმ პერიოდში მაინც, სანამ საკუთარი პროფესიით შეძლებდნენ დასაქმებას. გარდა ამისა ფრიად იხიბლებოდნენ თავისუფალი განაკვეთით. სამწუხაროდ, მათი 99% უარს ამბობდა რომ ვიდეო გადამეღო. რისი ჩაწერაც მოვახერხე ეს არის:

რა უნდა…

რამდენიმე დღის წინ მარიმ მკითხა სად არის შენი სამოქმედო გეგმაო, ვერ ვხედავო. არ მიყვარს გეგმები, მერე მგონია ამ გეგმით ვარ ჩარჩოში მოქცეული და აუცილებლად (!) უნდა შევასრულო. არა, ისეც კი მაქვს შესასრულებელი მაგრამ არ შესრულების შემთხვევაში წინ “გეგმა” არ დამხვდება რომელიც გამახსენებს, რომ რაღაც ნიტოდაა. თუმცა თავისუფლად პარპაში არ გამომადგება. მერე რა რომ არ მიყვარს ჩარჩოები, არ მიყვარს to do list-ები რომელიც მახსენებს რომ ჩემი აუცილებელი საქმე მაქვს, რომელსაც ჩემ გარდა ვერავინ გააკეთებს.

სიყვარულოვნა

სიყვარულოვნა

პირველ რიგში ამდენი ხნის მანძილზე, რომ ენას კბილს ვაჭერდი ისევ უნდა დავაჭირო. არ მიყვარს ხალხის გაოგნებული სახეები, (არც მათი წარმოდგენა), გაოგნებული, გაკვირვებული და ხშირად აღშფოთებული ტონით ნათქვამი სხვა და სხვა ფრაზები, ძირითადად მხოლოდ ერთი ფრაზა.

ვუბრუნდები დიეტას. “ვისვენებ, დავიღალე, აღარ შემიძლია” ძალიან გამიგრძელდა და აშკარად მოვიმატე წონაში. ხო და კმარა!

წინის წინა თუ იმის წინა პოსტში ვთქვი და აქაც უნდა გავიხსენო, სწავლას ვუბრუნდები. უნდა ვისწავლო. თანაც უკვე იმდენად უსაქმურად ვარ, რომ მომენატრა კონსპექტების გაკეტება, ნერვების მოშლა და ხანდახან დროის უქონლობა.

უკანასკნელი relationship-იდან გამომდინარე, ვისწავლე რომ ყოფილებთან დაბრუნება არ გამოვა. და კარგად უნდა გავითავისო ეს, რომ გული არ დამწყდეს რაღაც–რაღაცებზე.

რაც ნაკლები იცი უფრო მშვიდად გძინავსო, ხო და აღარ ვიკითხავ როდის? როგორ? რატომ? ვინ ვისთან? რამდენჯერ? რანაირად? და ა.შ

სამაგიეროდ რაც უფრო ნაკლებს ვლაპარაკობ საკუთარ თავზე და ჩემი კარგი თუ ცუდი ვიცი მხოლოდ მე, არ მაწყობს. არ მაწყობს რა… უბრალოდ ცუდად მოქმედებს ჩემს ხასიათზე. ხო და ხანდახან მეგობრებისთვის მოყოლა უბრალოდ გრძნობებისგან გათავისუფლებაა და ცუდი სულაც არაა.

რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გავატარო კომპიუტერთან, უფრო სწორედ ფეისბუქზე. შევეცადო მობილურით ყოველ 2 წუთში ერთხელ ფბ–ზე არ ვიყო და notifications-არ ვამოწმებდე.უკვე იმდენად აქტიური ვარ ფბ–ზე, რომ მროველმა წამშალა კიდეც ^_^ ყველგან ეგ იყოვო :დ

ყველაზე საჭირო, ყველაზე მნიშვნელოვანი–ვიშოვო სამსახური (!!!). არ მაქვს პრეტენზია, რომ პირველივე კურსზე ჩემი პროფესიით დამასაქმებს ვინმე, ან თუნდაც სტაჟიორად ამიყვანს. უკვე ისე ვარ, რომ ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ. ნებისმიერში ვგულისხმობ ნებისმიერს. მთავარია, რომ ლექციების დროს არ დაემთხვეს.

შევეჩვიო ადრე დაძინებას (12–ზე ან 1–ზე მაინც). და სხვათაშორის ამ “პუნქტზე” უკვე ვმუშაობ. ვწვები ადრე, მერე რა რომ მთელი 2 საათი უაზროდ ვგიდვარ ლოგინში და ხელი ისევ მობილურსიკენ (ფბ–ზე შესასვლელად) გამირბის. მთავარია რომ ვცდილობ!

მივხედო საკუთარ თავს. 1.შევიჭრა თმა. უკვე ისე გამეზარდა რომ ძალიან უფორმოდ მაქვს, ნორმალურად ვერც ვიკრავ და დავდივარ გაწეწილი, თან ამ ქარში. 2.მივიდე “მანიკურშასთან” და მივხედო ჩემს ფრჩხილებს, ძალიან დავიკიდე და არ მომწონს. 3.ვისწავლო პარფიუმერიის გამოყენება. უკვე იმდენი ნივთი დამიგროვდა, რომ სინდისი მქეჯნის უაზროდ, რომ მიყრია ჩანთაში, უფრო სწორედ უჯრაში. პრინციპში რომც ვისწავლო მაკიაჟის კეტება გამკეთებელი მე არ ვარ და :/

გავუფრთხილდე ნერვებს. არ გავღიზიანდე უაზრო იუმორზე, უაზრო საქციელზე, უაზრო კომენტარებზე, უაზრო ადამიანებზე და ვიყო ჩემთვის.

საკმაოდ დიდი გამოვიდა. ხო და ვიწყებ ამ გეგმის განხორციელებას ❤

UPDATE

ძალიან მინდა ტატუ უკვე დიდი ხანია. თითქმის ბავშვობიდან ვოცნებობდი და ყოველთვის ვამბობდი, რომ გავიზრდები უნდა გავიკეთოთქო თუმცა არ ვიცოდი რა დამეხატა :/ ეხლა ვიცი, სამაგიეროდ ისიც ვიცი რომ ტატუ რომ გავიკეთო მამაჩემი რბილად რომ ვთქვათ მომკლავს ^^ ხო და უნდა მივაღწიო იმდენს, რომ ჩემს ტატუზე რეაქცია არ ჰქონდეს, ან მაქსიმუმ შემომხედოს “ვაი შენს პატრონს” თვალებით.

ასევე ძალიან მინდა პირსინგი, წარბზე. ფსიქემ გაიხვრიტა, თან თავისით და მშურს :(( არ ვიცი ამას რამდენად მოვახერხებ უახლოეს მომავალში მაგრამ მე მაინც მექნება ნახვრეტი წარბზე! ^^ ნუ თუ არა და გადამივლის სურვილი რა :დ