Tag Archives: სერიალი

Skam/სირცხვილი

არ ვიცი როდის, რატომ და როგორ, მაგრამ თემომ ერთ კარგ ნორვეგიულ სერიალს, “სკამს” მიაგნო და ფაქტობრივად მაიძულა, რომ მეყურებინა, რის გამოც დიდი მადლობა მას. skam ქართულად სირცხვილს ნიშნავს.

სერიალი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზეა. “სკამში” აღწერილია 15-18 წლის თინეიჯერების ყოველდღიური ცხოვრება, მათი პრობლემები, მოგვარების გზები, პირველი სიყვარული, პირველი სექსი, იმედგაცრუებები და დრამები – სერიალში ყველაფერი ძალიან რეალური და ბუნებრივია. სერიალის თარგეთიც თინეიჯერები არიან, თუმცა, 25 წლის ასაკშიც სიამოვნებით ვუყურე.

ამ დროისთვის სულ 3 სეზონია (33 ეპიზოდი) გამოსული. თითო სერია დაახლოებით 25 წუთს გრძელდება. თავიდან ძალიან ნელა, კვირაში 2-3 სერიას ვუყურებდი და ცოტა მოსაწყენი მეჩვენებოდა. არ იყო “ექშენი” და დაძაბულობა, მაგრამ იყო ბავშვური, თინეიჯერული და ადამიანური დაძაბულობა. ბოლოს სერიები გადავაბი, მიყოლებით ვნახე და კმაყოფილი დავრჩი.

სერიალის სეზონები სხვადასხვა მთავარ გმირებზეა აწყობილი და წინა სეზონის გმირი უკანა პლანზე გადადის, მაგრამ სერიალიდან არ ქრება, ბექგრაუნდად მაინც გასდევს მათი ისტორიები, უბრალოდ წინ სხვა გმირის პრობლემები გადმოდის.

skam

როგორც აღვნიშნე, სერიალში საკმაოდ რეალურ პრობლემებს ეხებიან და იქვე სთავაზობენ თინეიჯერებს მათი მოგვარების გზებს. შეიძლება ნორვეგიული და ქართული რეალობა სხვადასხვაა, მაგრამ თინეიჯერული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მაინც ერთი და იგივეა. სერიალი თინეიჯერებს ასწავლის როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ვინმეს მათი შიშველი ფოტოები აქვთ და ემუქრებათ, ასწავლის როგორ აღარ უნდა იყოს გარიყული მთელი სკოლისგან, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა სმამ. იმასაც ასწავლის თინეჯერებს, რომ ადამიანის ნათქვამი ეგრევე არ უნდა დაიჯეროს და ჯერ უნდა გადაამოწმოს. იმასაც ასწავლის, რომ ბოდიში ერთ-ერთი ძალიან კარგი ჟესტია – კიდევ ბევრ რამეს ასწავლის, მაგრამ არ მინდა სპოილერები დავწერო.

ყველაზე მეტად რაც “დავიჭირე” სერიალში იყო ის, რომ საუბრით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. გადაჭრა თუ არა, მოგვარების გზებს მაინც მიაგნებ. თუ აიძულებ თავს და ილაპარაკებ პრობლემაზე აუცილებლად გამოჩნდება გვირაბის ბოლოს სინათლე. როდესაც რაღაც გაინტერესებს ყავაში და ბროლის ბურთში მკითხაობის ნაცვლად უნდა ადგე და სხვა ადამიანებთან გაარკვიო. არ არის სირცხვილი მიხვიდე ექიმთან და რჩევა ჰკითხო პირველ სექსზე, არ არის სირცხვილი გაარკვიო რატომ ვერ გიტანს ვიღაც X ადამიანი, არ არის სირცხვილი იყო მეგობრებთან ის, ვინც ხარ რეალურად. ისიც არ არის სირცხვილი, რომ სკოლის პოპულარულ კლუბში გინდოდეს ყოფნა ან სკოლის პოპულარული ბიჭი გიყვარდეს, არც სექსია სირცხვილი და არც იმის გაკეთება სექსის დროს, რაც პარტნიორს მოსწონს.

 

სერიალის თამბლერი – http://skamdaily.tumblr.com/

სერიალი ნორვეგიულად, ინგლისური სუბტიტრებით – http://skam-online.tumblr.com/episodes

სერიალის გმირების სოციალური ქსელები – http://skam.p3.no/profiler/

რუსულად შეგიძლიათ ნახოთ seasonvar.ru -ზე ან filmix.net– ზე

Advertisements

How I met your mother

ძალიან დიდი ხანია ჩემ გარშემო დადის ხმები, რომ სერიალი How I met your mother გენიალურია.

ყურება რომ დავიწყე 1,2,3 სერია და მზად ვიყავი გამეწყვიტა და ხელი ჩამექნია, მუღამი ვერ დავუჭირე. მაგრამ საბედნიეროდ გავაგრძელე ყურება და 2 დღის წინ როდესაც უკვე ყველა გამოსულ სერიას ვუყურე საოცრად დამწყდა გული 😐 ეხლა მომიწევს ჯდომა და ლოდინი როდის გამოვა მორიგი ახალი სერია.

რატომ მომეწონა ჰიმიმი?
– ალბათ იმიტომ რომ 1. დროის გაყვანის გენიალური საშუალებაა; 2. საკმაოდ დახვეწილი იუმორი აქვთ; 3. მსახიობებზე ვგიჟდები; და ბოლოს 4. თითოეულ სერიაში გადმოცემულია ყოველდღიური წვრილმანები და ყოველი სერია თუ არა, ყოველი მესამე მაინც რაღაცაზე დაგაფიქრებს.

მაგალითად,

ერთ-ერთი სერია იყო მავნე ჩვევებზე. იმ ჩვევებზე, რომლებსაც ჩვენ და ის ადამიანები რომლებიც ჩვენთან ძალიან დიდ დროს ატარებენ , ვერ ხედავენ და ვერ აღიქვამენ, უბრალოდ  ვერ ამჩნევენ. მაგრამ, საკმარისია ვინმემ მიგითითოს რომ ასე ნუ აკეთებ, ცუდია, მაშინვე თავში გემსხვრევა რაღაც და იწყებ იმ მავნე ჩვევის შემჩნევას. ბუნებრივია დავინტერესდი რა შეიძლება ყოფილიყო ჩემი მავნე ჩვევა და გავიკითხ-გამოვიკითხე და აღმოჩნდა რომ ის რასაც მე პირდაპირობას ვეძახი ზოგისთვის სულაც არაა პირდაპირობა და უბრალოდ უხეშობაა. მაგრამ, მაინც მგონია რომ თუ ადამიანი დებილია უნდა უთხრა რომ დებილია 😐 ხო არ მოვატყუებ აბა :/

ერთ-ერთი სერიის შემდეგ გადმოვიღე ფურცლები, პასტა და შევუდექი წერილის წერას რომელსაც 5 წლის შემდეგ გავხსენი. მარშალი (სერიალის ერთ-ერთი გმირი) შემთხვევით აღმოაჩნეს წერილს, რომელიც დაწერა ძალიან ბევრი წლის წინ და მისწერა მომავალ თავის თავს. იმედებს ამყარებდა რომ მოუსმენდა იგივე მუსიკას რასაც წერილის წერის დროს უსმენდა, ეყოლებოდა მაღალი და ქერა ცოლი და ა.შ. მაშინვე მომინდა რომ დამეწერა მეც მსგავსი წერილი და შემენახა და არავითარ შემთხვევაში არ გამეხსნა სანამ 5 წელი არ გავიდოდა. გუშინ, ღამის 3 საათზე ვიჯექი და ვწერდი. დავწერე ის თუ რას ვგრძნობ ამ პერიოდში, რა ხდება ჩემს თავს და რისი იმედი მაქვს 5 წლის მერე. დავლუქე, ყველგან მივაწერე რომ არ უნდა გავხსნა სანამ 5 წელი არ გავა და შევინახე!

ყველაზე გულჩუყი სერია კი მაინც ის აღმოჩნდა რომელიც უკანასკნელ სიტყვებს ეხებოდა. უბრალოდ არასდროს იცი შემდეგ ერთ საათში რა მოგივა, იქნებ კვდები? და ამ დროს ის ხალხი ვინც შენ გგლოვობს იხსენებს შენს ბოლო სიტყვებს და სადაც არ უნდა იყო მერე შეიძლება შეგრცხვეს იმის გამო რომ სიკვდილის წინ შენს მიერ ნათქვამი ბოლო სიტყვა “მეზიზღები” იყო მიყვარხარს” მაგივრად (ყველაზე ბანალური და იდიოტური შედარება). ხოდა, ავდექი და იმავე ღამეს ძალიან ბევრ ადამიანს ვუთხარი რომ მიყვარს და მშვიდად წავედი დასაძინებლად.

მოკლედ, ნამდვილად ღირს ყურება 🙂 არ არის ამ სერიალის ყურება დროის ტყუილად კარგვა ^^

 

შერლოკი, hug day, ძლიერი გოგონა, დიეტა და ერთი დიდი ალიაქოთი

რაღაც სევდიანი მუსიკა აქვს ჩართული ჩემს დას და მეც შესაბამის განწყობაზე დავდექი. სიგარეტიც არ მაქვს რომ გავიდე აივანზე, გავიყინო და შემოვიდე.

ყოველთვის ვამბობდი არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ, ნერვები არ მაქვს-მეთქი. ერთადერთი რასაც მოთმენით და აუღელვებლად ველოდებოდი და მერე წყანარად ვუყურებდი ჰაუსი იყო. ორი დღეა შერლოკს ვუყურებ, ორივე სეზონი მოვრჩი და ეხლა აღარ ვიცი რა ვაკეთო. მოუსვენრობამ შემიპყრო და გამახსენდა ჩემი დაპირება-არასდროს არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ! და გავიმეორე იგივე. შერლოკი უკანასკნელია. მოჰაუსო ტიპია, ცინიკოსი, ჭკვიანი, ვითომ ამჩემფეხება და სინამდვილეში მგრძნობიარე, გენიალური პერსონაჟია. მომიწევს დაველოდო შემდეგ სეზონს.

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მამენტ, საწერიც არაფერი მაქვს. ცოტა ხანში გამოცდები იწყება. მე კიდევ წინა სემესტრის “წარმატებას” ვიმეორებ მგონი. არადა როგორი იმედი მქონდა ამ სემესტრში არაფერი შემეტენება-მეთქი. გუშინ hug day იყო. ჩახუტების საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოც ოფიციალურად შეუერთდა. ფილარმონიიდან ბარათაშვილამდე მსვლელობა მოვაწყვეთ, გზაში ვეხუტებოდით ყველას ვინც გვთანხმდებოდა. ბარათაშვილიდან მოხალისეები გლდანის ბავშვთა სახლში წავიდნენ, სადაც შეზღუდული უნარების მქონენიც სწავლობენ. ტკბილეული და სათამაშოები მიუტანეს.

hug day. მე და ფორთოხლის გოგონა ❤

სანამ მავანნი ბავშვთა სახლში იყვნენ, მე ერთი გოგოს ისტორიას ვისმენდი. 18 წლის ასაკში შეძლო და დაუპირისპირდა ოჯახს, თელავის ნაცრისფერ ხალხში ყველაზე ფერადი იყო, წამოვიდა თბილისში, ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩენილი. სრულიად შემთხვევით იპოვა ნახევარდა და მუშაობასაც კი იწყებს. აღფრთოვანებული ვარ. ერთი შეხედვით მოცუცქნული, პატარა, ფაიფურის თოჯინაა და სინამდვილეში საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა ჩამოყალიბებული. ვამაყობ მისით.

დიეტას + ვარჯიშს ვაგრძელებ, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა წონა გაიყინა, არც ზევით მიდის არც ქვევით და სულ ცოტა მაკლია რომ სასწორი მეხუთე სართულიდან არ მოვისროლო. იმისათვის, რომ ჩემს ნერვებს გავუფრთხილდე გადავწყვიტე ყოველდღე აღარ ავიწონო და სასწორიც მშვიდად იქნება და მეც.

და რაც მთავარია, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ რწმენის გამო ბედნიერი ვარ ❤

 

გოგონა გარეუბნიდან

ამ დღეებში მეგონა არაერთი პოსტი დაიწერებოდა ახალ ქართულ სერიალზე, რომელიც ყოველ ორშაბათს 10-საათზე გადის იმედის ეთერში.

პირველი სერია წინა ორშაბათს, 24 მაისს იყოს. რატომღაც ისევ უგემოვნოდ გაკეთებულ სერიალს ველოდებოდი. სადაც ასევე უგემოვნო და ”ხელოვნური” მსახიობები იქნებოდნენ. ”გოგონა გარეუბნიდან”- ეს არის ამერიკული ”ბეტის” ანალოგია, რომელიც ”ღამის შოუს” ბიჭებმა ”გადმოაქართულეს” და მე პირადად ძალიან მომეწონა. სერიალში არიან როგორც ცნობილი ისე უცნობი მსახიობებიც და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს დავალებას. ყურების დროს სიყალბის შეგრძნება არ დამრჩენია.

მოუთმენლად ველოდები მორიგ ორშაბათს და ახალ სერიას. იმედი მაქვს, რომ პირველი შთაბეჭდილებები არ გაქრება = ))

აქვე შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ირაკლი კაკაბაძის ინტერვიუდან:

როგორც გვითხარი, ანალოგიური პროექტებისგან ქართული ვარიანტი იმით განსხვავდება, რომ მთავარ მოქმედ გმირს ტელევიზია აინტერესებს. კიდევ რით იქნება გამორჩეული ეს სერიალი უცხოურისგან?
– გვეყოლება აქტიური მეზობელი, რომლის როლსაც ნანული სარაჯიშვილი ითამაშებს, ორი მეგობარი გოგონა გვეყოლება – რუსკა მაყაშვილი და ნინო ქორიძე. ძალიან “სვეტსკი” დაქალები არიან, არაფერი მოსწონთ. ასეთი პერსონაჟები სხვა ანალოგიურ სერიალში არ ყოფილა. როცა იწყებ, ფორმულა თავიდან ერთია, მაგრამ მერე შორს რომ მიდიხარ, ქართული სიტუაცია იქმნება და აბსოლუტურად სხვა ფორმატს იღებს. ამერიკული სიტუაცია და იუმორი ქართულს ვერანაირად ვერ მოერგება.

რა ფორმატის არის სერიალი “გოგონა გარეუბნიდან”?
– ეს ჩვეულებრივი სერიალია, რომელშიც, რასაკვირველია, კურიოზული და სახალისო ამბები ხდება, მაგრამ ბევრს რომ ჰგონია, ეს “შუა ქალაქში 2”-ი იქნება, ცდება. “გოგონა გარეუბნიდან” კინოფილმის მსგავსი სერიალია, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ელემენტებით.

სერიალი კვირაში მარტო ერთი დღე რატომ გავა ეთერში?
– ანალოგიური სერიალები კვირაში ერთი დღე გადის ეთერში ბედნიერ ქვეყნებშიც კი და არა მგონია, ჩვენ რაც უნდა თავი მოვიკლათ, მეტი მოვახერხოთ