Tag Archives: სწორი კვება

დიეტა – პირველი თვე

დიეტის პირველი თვე ყველაზე რთული და ყველაზე შედეგიანია.

როდესაც ბორმენტალის ტრენინგები დაიწყო პირველი რასაც მივხვდი ის არის, რომ ჩვენ ყველაფერზე ვფიქრობთ საკუთარი თავის გარდა. გვთხოვეს ჩამოგვეწერა 5 რამ/ვინმე ვისზეც/რაზეც ვფიქრობთ, რაც/ვინც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი ჯგუფის აბსოლუტურმა უმრავლესობამ პირველ ადგილზე ოჯახი, სამსახური, შვილი, მშობლები დააყენა და სადღაც მესამე, მეოთხე ადგილზე იყო საკუთარი თავი. ზოგმა ამ ხუთეულში საკუთარი თავი საერთოდ არ შეიყვანა. ხოდა, აი მანდ მივხვდი რომ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას და საკუთარ თავს მეორე ადგილზე, კარგ შემთხვევაში, ვაყენებთ. რეალურად კი, პირველ ადგილზე უნდა იყოს.

თუ საკუთარ თავს არ დააყენებ პირველ ადგილზე, თუ არ მიხვდები რომ ჯერ შენზე უნდა იფიქრო და მერე სხვა დანარჩენზე მაშინ არაფერი არ გამოგივა. სხვისთვის გაკეთებული საქმეები (თუნდაც კეთილი საქმეები) ისეთივე შედეგიანი და მომგებიანი ვერ იქნება, როგორც საკუთარი თავისთვის გაკეთებული.

ესეც ასე, მივხვდი რომ რასაც ვაკეთებდი საკუთარი თავისთვის უნდა გამეკეთებინა და დაიწყო პირველი თვეც.

პირველი დღეები, კვირები საკმაოდ რთული იყო. მომიწია უარი მეთქვა იმ პატარ-პატარა ჩვევებზე რაც 23 წლის მანძილზე მქონდა გამომუშავებული. მომიწია უარი მეთქვა ტელევიზორთან/კომპიუტერთან ჭამაზე, სასუსნაოებზე, ჭამასა და ჭამას შორის ყველაფერზე უარის თქმა და ა.შ. ერთი შეხედვით მარტივია, უნდა იკვებო სწორად. მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ჩვევაში არ გაქვს, მაშინ უკვე რთულდება. გიწევს ახალი უნარები შეიძინო, ახლიდან ისწავლო კვება, გიწევს იზრუნო საკუთარ მენიუზე. წინასწარ გქონდეს გამზადებული ყველა კერძი, დესერტი, ხილი. გიწევს ისწავლო საკუთარ საჭმელთან ურთიერთობა. აწონო, გამოთვალო მისი კალორიები, გაანაწილო მენიუ მთლიან დღეზე ისე, რომ დღის ბოლოს მშიერი არ დარჩე.

ყოველდღიურად 800-1100 კალორია უნდა მიმეღო. ერთი შეხედვით ცოტაა. მაგრამ პირველ თვეს ხვდები როგორ უნდა გადაანაწილო ეს კალორიები. პირველ თვეს სწავლობ იმას, რომ გირჩევნია მიირთვა 200 გრამი ცხოველური ცილა და არა მაგალითად 50გრ ლობიანი (რომელსაც მაინც უფრო მეტი კალორია აქვს ვიდრე დავუშვათ ქათმის ხორცსს).

პირველ თვეს უნდა გამოიმუშაო ის უნარები და თვისებები რითითაც ძალიან დიდხანს უნდა იცხოვრო მერე. ეგ რთულია. მაგრამ მარტივია სხვადასხვა საკვებზე, ტკბილზე, შოკოლადზე უარის თქმა. იმიტომ რომ პირველი თვეა, იმიტომ რომ პირველ თვეს ყველაზე მეტად მობილიზებული და მიზანდასახული ხარ.

აკრძალული არასოდეს არაფერი მქონია. უბრალოდ ვსწავლობდი ამ საკვების სწორად და ჯანსაღად გადანაწილებას და მიღებას.

რაზეც უარი ვთქვი ჩემი ნებით იყო გაზიანი სასმელი, ალკოჰოლი და ფასთ ფუდები – სამი რამ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ბორმენტალში რამე სითხეს სვამო, რამის ყიდვა გთხოვესო? – არა მეგობრებო, არასოდეს არაფერი არ მოუთხოვიათ, უთხოვიათ. არც რამე ზედმეტი სითხე ან წამალი მიმიღია. ერთადერთი რაც მითხრეს, იყო რომ მულტივიტამინი მეყიდა. რაც დამეთანხმებით, დიეტის დროს (თუნდაც არაფერს არ იკლებდე და უბრალოდ სწორად იკვებებოდე) აუცილებელია.

პირველ თვეს ყველაზე დიდი შედეგი მქონდა, მინუს 9 კილო.

პირველი თვე და -9 კგ

პირველი თვე და -9 კგ

 

როდესაც დასაკლები ბევრი გაქვს და 9 კილოს იკლებ შენს გარდა ვერავინ ამჩნევს. შიგადაშიგ 1-2 ადამიანი ყოველთვის იქნება, რომლის მახვილი თვალიც ყველა კილოგრამს აღიქვამს. მაგრამ ეს პრობლემა არაა. მთავარია რომ მე აღვიქვამდი წონის კლებას, ჩემი სასწორი და ჩემი ტანსაცმელი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო რომ გამეგრძელებინა ის, რაც 1 თვის წინ დავიწყე. -9 კილო წესით ბევრია, მაგრამ როდესაც 55 კილოს დაკლება გაქვს გადაწყვეტილი, 9 კილო ზღვაში წვეთია, სამაგიეროდ უდიდესი მოტივაციაა.

15 თვე და -37 კგ

გამარჯობა. მე ნათია ვარ და ბოლო 1 წელიწადში 37 კგ დავიკელი.

2015 წლის აპრილის ერთ მშვენიერ დღეს ანამ საუბარში ახსენა, რომ ბორმენტალში აპირებდა წასვლას. თავიდან ვურჩევდი არ გინდა-მეთქი, ახალს არაფერს გასწავლიან და დრო და ფული ტყუილად უნდა დახარჯო-მეთქი. ანა თავის გადაწყვეტილებას კბილებით იცავდა, რამდენიმე დღეში კი მეც შევუერთდი და კონსულტაციაზე გავყევი.

პირველი კითხვა რაც დამისვეს და სადაც ეგრევე გავიჭედე იყო რომ რისთვის გინდა დაკლებაო, რას ელოდებიო. ძალიან ბანალური პასუხი დავუბრუნე – ჯანმრთელობისთვის-მეთქი!

2015 წლის 24 აპრილი

2015 წლის 24 აპრილი

რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს იყო გამხდარი, ან ოდნავ ფერხორციანი. რაც თავი მახსოვს მის მერე ყოველთვის მქონდა ზედმეტი კილოგრამები. ოღონდ ზედმეტიც არის და ზედმეტიც. იმ 2015 წლის აპრილში უკვე 115.8 კგ-ს ვიწონიდი.

ყოველთვის ფეხებზე მეკიდა ჩემი წონა. დისკომფორტს არ მიქმნიდა, კომპლექსები არ მქონდა თუნდაც საცურაო კოსტიუმის ჩაცმაზე, ბიჭებთან ურთიერთობისას, სამოსის შერჩევისას (ეს იმიტომ რომ გარდერობში ბევრი ტანსაცმელი ეხლაც არ მიყვარს და 1-2 შარვალი და მაისური ჩემი ზომა კი მოიძებნებოდა). ხალხის რჩევასაც “ცოტა რომ დაიკლო, ვარჯიში რომ დაიწყო…” ფეხებზე ვიკიდებდი. ჩემი წონა, ჩემი სხეული ჩემი საქმეა და მე როცა გადავწყვეტდი რომ რამე უნდა მექნა, მხოლოდ მაშინ ვიზამდი.

რეალურად, არც იმ კონსულტაციაზე ვიცოდი რა მინდოდა, რისთვის მინდოდა. უბრალოდ ანას ავყევი და ვცადე. ბოლომდე არ მეგონა, რომ რამე შედეგს გამოიღებდა. სუფთა ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა პირველი რამდენიმე დღე. მერე უკვე კლება დავიწყე და მოტივაცია მომეცა.

ჰო, მოტივაციაც არ მქონდა. რეალურად არაფერი ხელშესახები არ მქონდა საიმისოდ რომ დიეტა (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი სწორ კვებას) დამეწყო. უბრალოდ მაინტერესებდა როგორი ვიქნებოდი გამხდარი.

ფოტოებს შორის სხვაობა 37 კილოა

ფოტოებს შორის სხვაობა 37 კილოა

1 წელი, 3 თვე და რამდენიმე დღე გავიდა და დღეს 37 კილოგრამით ნაკლებს ვიწონი. კიდევ 20 კილოს დაკლებას ვაპირებ და ზუსტად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დავიკლებ!

კარგი იქნებოდა წერა მაშინვე რომ დამეწყო და ნაბიჯ-ნაბიჯ მეცნობებინა ჩემი შედეგები, დღის წესრიგი და ყველაფერი ის, რაც გავაკეთე 37 კილოს დასაკლებად. მაგრამ გვიან არც ეხლაა, 20 კილოს დაკლებაც არაა სახუმარო თემა, ხოდა ვაპირებ რომ ვწერო, დრო და დრო გაგიზიაროთ  ყველაფერი რას და როგორ ვაკეთებ 🙂

პერიოდულად კი, განვლილ 15 თვეზეც გიამბობთ 🙂