Tag Archives: სხეულით ვაჭროვა

უცნობი ქალის წერილი

“მარტი გიჟობის თვე” – აბიტურიენტობის დროს მასწავლებელმა ეს თემა მომცა დასაწერად. სწორედ ამ მოთხრობაში გავიგე პირველად შტეფან ცვაიგის ერთ–ერთი თხზულება “უცნობი ქალის წერილი”. ერთი გავიფიქრე საინტერესო იქნება წავიკითხავთქო,ეგ იყო და ეგ. წელს უკვე ჩემი დაა აბიტურიენტი, მასაც მისცა იგივე თემა და ჩემგან განსხვავებით ჩემი და დაინტერესდა “უცნობი ქალის წერილით”.მიდგა მოდგა და წიგნი ვერ იშოვა. აქ უკვე მეც ჩავერთე, ერთი დასტატუსება ფეიქბუქზე საკმარისი იყო და მეორე დღეს ჯგუფელმა წიგნიც მომიტანა.

დილით ადრე გამეღვიძა, წვიმდა. ლიმნიანი ჩაი, “უცნობი ქალის წერილი” და მზად ვარ რაღაც შთამბეჭდავის წასაკითხათ. ვისთვისაც არ უნდა მეკითხა ძალიან, ძალიან მაგარი ნაწარმოებია,რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო, საერთოდაც, სირცხვილია რომ არ მაქვს წაკითხული.

კითხვა დავიწყე ძალიან კარგი განწყობით, მზად ვიყავი დაგრუზვისთვის და გულის დასათუთქად, როგორც ჩემმა დამ თქვა. პირველი,მეორე, მესამე გვერდი და მივხვდი,რომ ეს ის არ იყო რასაც ველოდებოდი. ერთ ჩვეულებრივ სასიყვარულო ისტორიას ჰგავდა, რომელიც უხვად ჰყრია ინტერნეტში თუ რეალურ ცხოვრებაში. ნელ–ნელა იმასაც მივხვდი რომ ის, რასაც მწერალი აღწერდა ყოვლად შეუძლებელი და სრულიად უაზრო გრძნობა იყო.

ის, რასაც უცნობი ქალი, ჯერ კიდევ 13 წლის გოგონა განიცდიდა არ შეიძლებოდა სიყვარული ყოფილიყო. სიყვარული არ ტანჯავს ადამიანს, არ აუბედურებს. თვითონ ნაწარმოებშია ნათქვამი:

“13 წლის გოგო, მხოლოდ შენი აჩემებით და შენით ვცხოვრობდი…”

დიახ, რომანტიკულო გოგონებო და თქვენ, ვისაც ეს სიყვარული გეგონათ, ეს უბრალოდ აჩემებაა. ისეთი, მე რომ ვიცი ხოლმე. უბრალოდ მე მალე მივლის, ამ ქალს კი სიცოცხლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ეს არ იყო  ის ერთადერთი და ჭეშმარიტი გრძნობა სიყვარულს, რომ ეძახიან, ის უბრალოდ გამოცანა და მიუწვდომელი “ნივთი” იყო, რომლისკენაც ასე ისწრაფოდა უცნობი ქალი:

“გესმის თუ არა,საყვარელო, რა საოცრება, რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის…”

 

იქნებ, საწადელი და ოცნება რომ აესრულებინა სულაც აღარ ჩაეთვალა ეს გრძნობა სიყვარულად. მაშინ უბრალოდ იგრძნობდა,რომ მიზანს მიაღწია, დაიკმაყოფილა სურვილი და ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებლად მიმაჩნია შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ. ადამიანის გაცნობა კი  შორიდან არც თუ ისე ადვილია. მისი საქციელი და მისი გრძნობები უფრო ფანატიზმს გაქვდა. ისეთს თინი, რომ მაიკლ ჯექსონის მიმართ განიცდის. “სიმპტომები” ერთი და იგივე:

“ვცხოვრობდი მხოლოდ შენით,ვყიდულობდი ყველა შენს წიგნს, შენს სახელს გაზეთში,რომ შევხვდებოდი, ეს ჩემთვის დღესასწაული იყო”.

თინიც ასე არაა? თუ არ ყიდულობს, ლეპტოპს ავსებს  მაიკლ ჯექსონის სიმღერებით, კონცერტებით. ყიდულობს და კითხულობს  ყველაფერს სადაც მის შესახებ იწერება. მეტსაც გეტყვით, თინი აგროვებს მაიკლის სურათებს და ეთაყვანება ჩუმათ. მაიკლიც მიუწვდომელია თინისთვის. ეხლა მითუმეტეს.

“უცნობი ქალის” გრძნობა ჩემთვის მიუღებელია. ის მონა იყო მწერლისა, ადამიანისა რომელსაც არ იცნობდა. ეთაყვანებოდა და აღმერთებდა ადამიანს,რომელსაც არცერთხელ უგრძნობინებია მისთვის სითბო. მთელი წერილის განმავლობაში ბევრჯერ არის ნახსენები ფრაზა: “არასდროს გაგამტყუნებ არა, ყოველთვის ვიქნები შენი მადლიერი”. ამდენჯერ “არ გამტყუნებ” ძალიან ცუდად მხვდებოდა და ბოლოს იმ დასკვნამდეც მივედი, რომ ამტყუნებდა. დიახაც ამტყუნებდა და ბრალს სდებდა იმაში, რომ ვერცერთხელ ვერ იცნო, ვერ ხვდებოდა ვინ უგზავნიდა თეთრ ვარდებს ყოველ დაბადების დღეზე, უსაყვედურა და შეურაცყოფად მიიღო “სიამოვნებისთვის” გადახდილი თანხა, არა და ის ხომ სწორედ ქუჩის მეძავივით მოიქცა (როგორც თვითონ აღნიშა). ის იყო მონა, გრძნობის მონა:

“მონური სიყვარულით და ერთგულებით მიყვარდი…”

მისი ცხოვრება წესით უკეთესი უნდა გამხდარიყო შვილის დაბადების შემდეგ. შვილისა რომელიც, იმ ერთადერთისგან ეყოლა, რომელიც მისთვის არსებობდა. სინამდვილეში შვილიც მწერალთან გააიგივა. ზრდიდა მისნაირად, შვილში საყვარელ მამაკაცს ხედავდა. მისთვის არ არსებობდა შვილი და დედობრივი გრძნობა. ის ერთდორულად მონა გახდა ორი მამაკაცისა შვილისა და მწერლისა.

“შენი მეორე “მესთვის” – შენი შვილისთვის”

ამ ქალში იგრძნობა სიამაყე და ამპარტავნობა. სწორედ ამ სიამაყეს მივაწერ მის ასეთ “თავგანწირვას” ამ მწერლის მიმართ. მისთვის რაღაც მომეტში, როგორც ჩანს შეურაცხმყოფელია, რომ ვერ გახდა სასურველი მამაკაცისთვის იდეალური:

“ყველა მეტრფოდა – შენს გარდა, მხოლოდ შენს გარდა,საყვარელო…”

ვისაც არ უნდა ჰკითხო “უცნობი ქალი” იდეალური ქალია. ის ხომ სიყვარულს შეეწირა, ის ხომ სიყვარულისთვის იბრძოდა. პატიობენ სხეულით ვაჭრობას, მაშინ როდესაც სხვას მიწასთან ასწორებდნენ. არა და “მოტივაცია” ყველა მეძავს ხომ ერთნაირი აქვს? აი მაგალითად:

“ამ ქვეყნად ღატაკი ადამიანი ყოველთვის დაჩაგრული და დამცირებულია, იგი მუდამ მსხვერპლს წარმოადგენს”

იდეალური საბაბია იმისთვის,რომ სხეულით ვაჭრობა დაიწყო. მაშინ რატომ პატიობენ “უცნობ ქალს” და სხვებს მიწასთან რატომ ასწორებენ? იმიტომ რომ ის შეყვარებული ქალბატონია? შეიძლება შეყვარებული არის, მაგრამ ამავე დროს მასში ბევრი ცუდი თვისება იგრძნობა. მშობიარობის შემდგომი პერიოდი და მისი პალატაში ყოფნის აღწერა ჩემში ბევრ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს “უცნობი ქალის” მიმართ. ის თითქოს ზევიდან დაჰყურებს ყველას, მაშინ როდესაც თვითონაც ზუსტად მათნაირია და არაფრით გამორჩეული:

“სიღატაკის მთელი საშინელება,სულიერი და ხორციელი დამცირება, სირცხვილი განვიცადე ამ პალატაში მეძავებისა და ავადმყოფების გვერდით, რომელნიც საერთო ხვედრს საერთო სიმდაბლამდე მიეყვანა”

იმედები გამიცრუვდა. რაღაც ზე–ნაწარმოებს ველოდი. წაკითხვისას რომ ჟრუანტელი გივლის, რომ გრძნობ და რომ განიცდი ყოველივეს რასაც გმირები გრძნობენ და განიცდიან.დახურვის შემდეგ ისევ ნაწარმოებს რომ უტრიალებს შენი ფიქრები და ფანტაზიას რომ იშველიებ და ფიქრს იწყებ თუ რას იზამდი შენ იმ დროს და იმ სიტუაციაში…

ეს ნაწარმოები კიდევ ბევრისთვის იქნება საყვარელი და კიდევ ბევრი იტყვის “უცნობი ქალის წერილი”–ს გახსენებაზე: “ვაიმე, რა მაგარიაა; აუცილებლად უნდა წაიკითხო;გული დაგეწვება”. სამაგიეროდ ჩემმა დამ მშვენივრად დაასრულა კითხვა: “ეგეთი სიყვარულის დედაც ვატირეო”.