Tag Archives: ტაქსიმი

სტამბული დღე II

მეორე დღე გვიან, 12 საათზე დაიწყო და გული დაგვწყდა ამდენი საათი რომ გავმაზეთ. სტამბულში ყველაზე ცოტა დრო ძილს უნდა დაუთმო როგორც წესი.

დღის გეგმაში აიასოფია და ტოპკაპი იყო. სეირნობისას აღმოვაჩინეთ რომ გალათას ხიდის ნაცვლად ათათურქის ხიდს მივადექით და გადავწყვიტეთ ბარემ მინიატურკიც გვენახა. გუგლ მეფს თუ დავუჯერებთ სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო. აღმა-დაღმა ვიარეთ, რაღაც სტრან უბნებში და მაინც ვერ მივაგენით. საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ რომ გუგლ მეფი გვატყუებდა, და სწორებიც აღმოვჩნდით, და აიასოფიისკენ წავედით. მეგონა დიდი რიგი დაგვხვდებოდა, სულ იმას ამბობენ უზარმაზარი რიგებია ყველგანო, მაგრამ შევცდი. 25 ლირა ღირდა შესვლა და ვგონებ ძალიან ძვირია. გასაგებია რომ აია სოფიაა და დიდი ისტორია აქვს და ა.შ მაგრამ 25 ლირა, მაინც ძალიან ძვირია უბრალო მოკვდავებისთვის. იქვე სალაროსთან გავარკვიეთ რომ შეგვეძლო ფასდაკლების ბარათი გვეყიდა. ანუ, ყიდულობ ამ ბარათს 72 ლირად და აია-სოფიაში, ტოპკაპში, ჰარემში, არქეოლოგიურ მუზეუმში, მოზაიკის მუზეუმში, გათალას მუზეუმში და კიდევ რაღაცებში შედიხარ თავისუფლად. რეალურად საკმაოდ ბევრს ზოგავ მაგ pass-ით. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

აია სოფია გარედან ხომ უზარმაზარია, მაგრამ შიგნიდან კიდევ უფრო დიდია. მარტო იმის მოვლაში მომტყდა ფეხები და სადაც სკამს ვხედავდი ტრაკი ყველგან დაჯე დაჯეს მეუბნებოდა 😐 ძალიან კარგი ადგილია, მაგრამ მაინც მგონია რომ 25 ლირა ძვირია -_-

აია-სოფია

აია-სოფია

აია სოფიიდან გამოსულები მოზაიკის მუზეუმში შევედით. იმ ფასდაკლების ბარათით მანდ შესვლის შანსიც გვქონდა და გამოვიყენეთ. დიდი არაფერი, ძველი ნამუშევრებია და კი კაია, მაგრამ ალბათ ის ბარათი რომ არა მანდ არც შეიხედავდი და ნახვის სურვილიც არ გამიჩნდებოდა. უფრო თანამედროვე ნამუშევრები რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა ^_^

Istanbul Mosaic Museum

შემდეგი ადგილი ტოპკაპის სასახლე იყო.  ტოპკაპი არის უუზარმაზარი. ოღონდ მართლა. დადიხარ დადიხარ და კიდევ უამრავი ადგილი გაქვს სანახავი. ვერ ასწრებ ვერაფერს. თოპკაპის სასახლის მშენებლობა სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს, რაც 1465 წელს დასრულდა. სასახლე სარაგლიოს კონცხზე მდებარეობს ოქროს რქასა და მარმარისის ზღვას შორის, ძალიან მაგარი ხედით ბოსფორზე. ის უამრავი მცირე ზომის შენობისგან და ოთხი დიდი მოედნისგან შედგება. იმისათვის რომ ეს სასახლე სრულყოფილად დაათვალიერო ერთი სრული დღე უნდა გამოჰყო მისთვის. ტოპკაპში არის ჰარემი, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. რამდენიმე ოთახში შეიძლება მხოლოდ შესვლა (მაგრამ ეგ რამდენიმე ოთახია საკმაოდ ბევრია) და გული დამწყდა, მაინც და მაინც ისინი მაინტერესებდა რომლებიც დახურული იყო 😐  სასახლე 7 საათზე იკეტება და იმის დათვალიერება რაც ერთ საათში მოვასწარით არაფერი არ არის. შემდეგ ჩასვლაზე აუცილებლად გამოვყოფ ერთ დღეს ამ სასახლისთვის.

Topkapi Palace Museum

ტოპკაპში შესასვლელი ^_^

harem

საღამოს  7 საათი იყო და ჩვენ საშინლად დაღლილები ვიყავით. თანაც ამ დროისთვის ყველა მუზეუმი იკეტება და არქეოლოგიური მუზეუმი შემდეგი დღისთვის გადავდეთ. მანამდე ის გვქონდა მოსაფიქრებელი ყველაზე იაფად როგორ დავბრუნებულიყავით ტაქსიმზე. წინა დღის გამოცდილებით ვიცოდით რომ მეტროს არ უნდა გავკარებოდით, იმიტომ რომ 6 ლირა დაგვიჯდებოდა ტაქსიმზე მოხვედრა. საბოლოო ჯამში გაგვახსენდა რომ როდესაც ათათურქის ხიდიდან გალათას ხიდთან მოვდიოდით ავტობუსების გაჩერებაც შეგხვდა და გადავწყვიტეთ ბედი გვეცადა. ტაქსიმისკენ მიმავალი ავტობუსი ადვილად ვიპოვეთ. სულ რაღაც 2 ლირად სასურველ ადგილას მოვხვდით და ძლივს მივბობღდით ჰოსტელამდე. იმ დღეს ვგონებ ყველაზე ბევრი ვიარე. მთელი დღე, და მთელი დღეში მართლა მთელი დღე იგულისხმება, სულ დავდიოდით და მაქსიმუმ 5 წუთი შეგვესვენა. კი ვიცოდი რომ ბევრი სიარული მოგვიწევდა, მაგრამ ამდენსაც არ ველოდებოდი.

სტამბული part 1
სტამბული part 2
სტამბული დღე I

სტამბული, დღე I

საბიჰა გოქჩენში დილის 6 საათზე ვიყავით. აეროპორტშივე ვიგრძენი რომ თბილისიდან შორს ვარ, თუნდაც იმიტომ რომ ტუალეტი სუფთა იყო და ტარაკნები არ დარბოდნენ აქეთ-იქით. აეროპორტიდან გამოსვლისას ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელი სინესტე მეცა და სიცხე. პრინციპში, ივნისის ბოლოს სიცხე რა გასაკვირია, თუმცა დანარჩენ დღეებში ნამდვილად არ შევუწუხებივარ მზეს. აეროპორტის გასავლელთან, დაახლოებით 10-მეტრში ავტობუსების გაჩერებაა, საიდანაც თითქმის ყველა მიმართულებით გადის ავტობუსი ნახევარ საათში ერთხელ. ტაკსიმისკენ მიმავალი ავტობუსი ვიპოვეთ, გადავიხადეთ ბილეთში 13 ლირა და დავიძარით. გოქჩენიდან ტაქსიმამდე დაახლოებით 1 საათი, არც კი, მოუნდა. გზაში თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, ვათვალიერებდი შენობებს, ლამაზ და მოვლილ გაზონებს და ძალიან მიხაროდა რომ შევძელი და სტამბულში ჩამოვედი.

istanbul

ავტობუსი ტაკსიმზე გაჩერდა. ცოტა ხანში ოფლაინ მეფის საშუალებით გავარკვიეთ საით იყო ისტიკლალი და გავუდექით გზას. ისტიკლალი არც ისეთი დიდი ქუჩა აღმოჩნდა როგორც ველოდები. თუმცა, დილის 7-საათისთვის საკმაოდ ბევრი ადამიანი მოძრაობდა. მაღაზიები ნელ-ნელა იღებოდა, ხალხს სამსახურში აგვიანდებოდა და ა.შ. ჩვენი ჰოსტელის პოვნა ცოტა გაგვიჭირდა, ერთ ქალბატონს ვთხოვეთ დახმარება და ჰოსტელამდე მიგვაცილა. ჩექ ინი შუადღეს 2 საათზე უნდა ყოფილიყო, ამიტომ მხოლოდ ბარგი დავტოვეთ, საჭირო ნივთები (ციფრული, ფული და მობილური ტელეფონი) ავიღეთ და საკვები ობიექტის ძებნას შევუდექით. პრინციპში ეგ ყველაზე იოლი საქმეა სტამბულში. ყოველ ორ ნაბიჯზე რაღაცაა სადაც შეჭამ. თან, უბრალოდ კი არ შეჭამ, არამედ გემრიელად შეჭამ. უბრალოდ, მზარეულები დილის 11-საათამდე არ იქნებოდნენ და შესაბამისად რაიმე ისეთს, შაურმის, ან სენდვიჩის მსგავს ვერ შევჭამდით და ჰამბურგერებს დავჯერდით.

სადღაც 10-საათისთვის უმანკოების მუზეუმისკენ მიმავალ გზას დავადექით. ჩვენი ჰოსტელის პირდაპირ რომ ქუჩაა მაგას უნდა გაუყვე, იარო იარო დაღმართზე და წითელ სახლს, ვიწრო ქუჩაზე აუცილებლად იცნობთ. უმანკოების მუზეუმამდე მისასვლელი დაღმართი ძალიან ვიწრო და ლამაზი იყო. სხვათაშორის მთელ ქუჩაზე ძალიან ბევრგან იყო ჯამები, რომლებიც სავსეა ძაღლების და კატების საჭმელებით. ბევრი მსუქანი კატა და ძაღლი ვნახეთ.

უმანკოების მუზეუმი სწორედ ისეთი იყო როგორსაც ველოდებოდი. ამაყად გავუწოდე წიგნი და ბეჭედი ჩამირტყეს. თან, წიგნი რომ ვანახე, უიოოო, გაუხარდა სალაროს გოგოს ^_^

ერთჯერადი ბილეთი ^^ ბეჭედდარტყმული <3

ერთჯერადი ბილეთი ^^ ბეჭედდარტყმული ❤

შესასლელში გაგვაფრთხილეს რომ არანაირი ფოტოო, კი ვიცოდი რომ ფოტოების გადაღება არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც გული დამწყდა :/ მაგრამ მათი თხოვნას ყური არ ვათხოვე და მობილურით 1-2 ფოტოს გადაღება მოვახერხე. მუზეუმი ზუსტად ისეთია როგორიც წიგნში. ათვალიერებ ნივთებს და იხსენებ ქემალ ბეის და ფუსუნის ყველა ისტორიას, ყველა წვრილმანს, ხედავ სახეხს და გახსენდება რომ იმ დღეს როცა ქემალ ბეი ის ფუსუნის სახლიდან წამოიღო პოლიციამ გააჩერა, ტელევიზორზე დასადებ ძაღლებს შეხედავ და გახსენდება რამდენჯერ მოიპარა ქემალ ბეიმ ისინი და რამდენჯერ შეცვალა ახლით. მოკლედ, მთელი მათი ისტორიაა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნით დიდად აღფრთოვანებული ვერ/არ დავრჩი, იმიტომ რომ საშინლად გაწელილი იყო, მაინც ძალიან სასიამოვნოა როდესაც შენს წინაშე მთელი წიგნი ცოცხლდება.

museum of innocence

ისე, წიგნის კითხვის დროს მუდმივად ვფიქრობდი რომ კარგი ფილმი გამოვიდოდა, აი ისეთი, 15-16 წლის შეყვარებული გოგოები რომ ცრემლებს აღვარღვარებენ.

მუზეუმიდან ჰოსტელში დავბრუნდით. სანამ 2 საათი გახდებოდა ჰოლში ვისხედით და ფბ-ს ვსქროლავდით. სხვათაშორის საფერფლე არ ჰქონდათ და ბიჩოკებს იქვე, ჰოსტელის შესასლელთან ყრიდნენ, ჩვენ რომ მოვიკითხეთ კი იუხერხულეს მაგრამ ძირს დაყარეთო გვითხრეს. სამაგიეროდ მეორე დღეს დიდი საფერფლე დაგვახვედრეს. ჰო, თურქეთში, არსად შენობაში მოწევა არ შეიძლება. რაღაც მომენტში კარგია, მაგრამ ხანდახან ძალიან ცუდია, გასაკუთრებით იმისთვის ვინც ბევრს ეწევა.

14:00-საათზე გასაღები ჩაგვაბარეს, გვითხრეს რომ ჩაი-ყავა შეგვეძლო დაგველია რამდენიც გვინდა, ვაიფის პაროლი მოგვახსენეს და ოთახისკენ გზაც დაგვილოცეს 🙂
1-2 საათიანი დასვენების მერე გალათა თაუერისკენ წავედით. ძალიან ოქროობა რუკა. არსად არ დავკარგულვართ და ყველაფერს მარტივად ვაგნებდით. გალათა თაუერი შორიდან უფრო კარგი ჩანს. ახლოდან ერთი ჩვეულებრივი კოშკია რა, რომლის თავიდანად სტამბულის ლამაზი ხედი იშლება.

galata tower

ბოდიალ-ბოდიალში გალათას ხიდს მივადექით. იმ დღეს ხიდს იქით გადასვლას ნამდვილად არ ვგეგმავდით, მაგრამ, ვინაიდან საკმაოდ ადრე იყო ჯერ და ხიდის საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა ეგრევე მეჰმედის სახელობის მეჩეთს მივადექით. უფლისწული მეჰმედი სულთან სულეიმან I-სა და ჰიურემ სულთნის პირველი შვილი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ სულთან სულეიმანის ბრძანებით მისი სახელობის მეჩეთი ააშენეს. მეჩეთი 1543-1548 წლებში შენდებოდა. მეორენაირად შეჰზადეს (უფლისწული) მეჩეთს ეძახიან. ჩვენი მისვლის დროს ლოცვა იწყებოდა. ცოტა უცნაური იყო იმის ყურება როგორ იბანდა ფეხებს ბევრი კაცი და როგორ ემზადებოდა სალოცავად. სულთანაჰმედი უზარმაზარია, ოღონდ მართლა.

sultan ahmed

სულთანაჰმედიდან სუნელების ბაზარში გავიარეთ. უამრავი ძალიან კარგი სუნელი, უამრავი ტკბილეული და ყველაფერი გადასარევი. დავდიოდი და ნერწყვები მომდიოდა 😀

ჰოსტელში ფაქტობრივად გადამწვარი დავბრუნდი. დასვენება და ძილი იყო ის, რაც იმ წუთას მჭირდებოდა.

საღამოს კლუბში წავედით. გეტო ერქვა, ისტიკლალის ზედა ქუჩაზეა. ჩვენამდე ჭორებმა მოაღწია რომ რაღაც ფართი უნდა იყოს 11-ზეო. ზუსტად 11-ზე იქ ვიყავით, მაგრამ მაქსიმუმ 5 კაცი დაბორიალობდა აქეთ-იქეთ. ზევით ავედით, ვერანდაზე და ლუდი დავლიეთ. ერთ, პაწუკა ბოთს ეფესში 16 ლირა გადავიხადე 😐 ძალიან ძვირია. სამაგიეროდ, მაშინ როდესაც გადავწყვიტეთ რომ კლუბი შეგვეშალა და არაფერი ფართი არაა და დაბლა ჩავედით უამრავი ხალხი დაგვხვდა, ყველა ცეკვავდა, ერთობოდნენ, ლუდს სვამდნენ და ბედნიერები იყვნენ.

არ იყვნენ ჰომოფობები, არ იყვნენ კაი ბიჭები და არც მათი დები, არ იყვნენ ისინი ვინც ავი თვალით შემოგხედავდნენ პირსინგის, ან მოკლე შორტის გამო, არ იყვნენ ისინი ვინც რამეს გააფუჭებდა იმ საღამოს. ცოტა ხანს დავრჩი, ცოტა ვიცეკვე და ჰოსტელში დავბრუნდი. ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. თან, მეორე დღეს ბევრ რამეს ვგეგმავდი.

ის ის იყო დაძინებას ვაპირებდით მე და კნუტი და ძილბურანში ვიყავით რომ ფანჯრიდან ვიღაცამ რაღაც შემოგვძახა. შეშინებული კნუტი ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში როგორ აღმოჩნდა ვერ დავინახე : )) გვერდზე ოთახიდან იყო, სიმპატიური ავსტრალიელი, უბრალოდ ხალისობდა ჩვენი შეშინებით. წარმომავლობით დაინტერესდა და იმით თუ რისთვის ვიყავით სტამბულში ან რამდენი ხანი ვრჩებოდით. ისე, ყველას კითხვა ეგ იყო ხოლმე, რამდენი ხნით ხარ და რისთვის ხარ 😀 შეშინებიდან რამდენიმე წუთში კარზე მოგვიკაკუნეს, გავაღე და ისევ ის ავტრალიელი ბიჭი იდგა, თეთრ ტრუსებში, ფეხშველა და კარი ჩამეკეტა და თქვენი ფანჯრიდან გადავძვრები თუ შეიძლებაო. უარს როგორ ვეტყოდით : ))) ფანჯრიდან გადასვლა ვერ გაბედა, შეეშინდა და ოუქეი, რისიფშენში ჩავალო და დროებითო : )

ფანჯრიდან გააგრძელა კონტაქტი, ცოტა ხანს.

სტამბული Part 1
სტამბული Part 2

სტამბული part 1

1.

იმისათვის რომ მოხვდეთ სტამბულში არსებობს რამდენიმე გზა, მაგრამ მე ყველაზე ძვირიანს, თვითმფრინავს მივადექი. იმიტომ, რომ კომფორტულია და სწრაფი. პეგასუსით ვიფრინე, ბილეთები მაისის დასაწყისში შევიძინე 127 ევროდ. საკმაოდ იაფია ვგონებ. საერთოდ, რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთებს მით უკეთესი. ერთადერთი პრობლემა ის იყო რომ საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ფრინდება და ცოტა მოშორებითაა სტამბულის იმ ადგილიდან სადაც ჩვენ ვაპირებდით დაბინავებას. თუმცა, ეგ პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდა ავტობუსების დახმარებით. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე არის სადგომი, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით დადიან ავტობუსები და ასე 30 წუთში (საცობების შემთხვევაში 50-60წუთში) დანიშნულების ადგილზე, ჩვენ შემთხვევაში ტაქსიმზე, გაჩნდებით. თანაც, სულ რაღაც 13 ლირად.

2.

საცხოვრებელი ადგილის შერჩევა სტამბულში ერთ-ერთი რთული საქმეა. ჩვენ თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა რომ ჰოსტელში უნდა გვეცხოვრა, იმიტომ რომ იაფია. გადავქექეთ booking.com – ი და შედეგად ჩილაუთ ჰოსტელს მივაგენით. ჩილაუთი ისტიკლალ კადექსზე მდებარეობს, თითქმის ბოლოში, პატარა ჩიხში.  წყნარი, მშვიდი და სუფთა ჰოსტელია. ტაქსიმის მოედნამდე და შესაბამისად მეტროს სადგურამდე ასე 15 წუთის სავალზე. 6 სართულიანი ჰოსტელია, სულ 23 ოთახი და იდეაში საკმაოდ ბევრი ხალხიც ჰყავდათ. მაგრამ ეგეთი სიმშვიდე, ჰოსტელში რომ იყო არსად არ მინახავს სტამბულში. ოთახებში სივიწროვეა და მხოლოდ ლოგინის ადგილებია, მაგრამ მიუხედავად მაგისა არ ცხელოდა. რამდენიმე ფანჯარა იყო და ყველას გაღების შემთხვევაში თავისუფლად უბერავდა. wi-fi მხოლოდ პირველ სართულზე, მისაღებში იყო სადაც უამრავი როზეტია (აკა შტეფსელი) და კომპიუტერს/ტელეფონს დაჯდომის საფრთხე არ ემუქრება 🙂 სისუფთავე იყო ასევე ვანა-ტუალეტშიც, მართალია ორივეგან ძალიან სივიწროვე იყო და ძალიან ცხელოდა მაგრამ შესვლა არ დაგეზარებოდა. ბუქინგ ქომზე ჯავშანისას მომხმარებლის კომენტარებს დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მე ჯერ დავჯავშნე და წასვლამდე ორი-სამი დღით ადრე გადავხედე კომენტარებს და გული გამისკდა, საშინელ რაღაცებს წერდნენ ჩილაუთზე, ფანჯარა არ იღებაო, ლოგინები არაკომფორტულიაო, კედლები თხელიო და ა.შ და რეალურად მე იქ არანაირ პრობლემას არ წავწყდომივარ.

chillout hostel

chillout hostel

3.

მას შემდეგ რაც მგზავრობის ბილეთები ნაყიდი და ჰოსტელი დაჯავშნული დავიგულე გადავედი იმ მუზეუმების/ადგილების მოსაძებნად რაც კი უნდა მენახა სტამბულში. გავაკეთე პატარა ჩამონათვალი, რომელშიც შედიოდა: აია-სოფია, ლურჯი მეჩეთი, სულთანაჰმედი, ტოპკაპი, გალათა თაუერი, მინიატურკი, ტური ბოსფორზე, ბაზილიკა ცისტერნი და უმანკოების მუზეუმი. თითოეული მათგანი მოვძებნე რუკაზე, დავსქრინე და შევინახე ტელეფონში. გადმოვწერე ოფლაინ მეფი, სადაც სტამბულის ყველა ქუჩა იყო აღნიშნული. დაახლოებით ჩამოვყალიბდი რომელ დღეს რა უნდა მენახა და რა მანძილი უნდა მევლო. შევადგინე გეგმა და გავწერე ყველაფერი. თუმცა, საბოლოო ჯამში გეგმის მიხედვით არ წასულა ყველაფერი. ცოტა რთულია სწორხაზოვნად მიჰყვე გეგმას. განსაკუთრებით მაშინ თუ არ გაქვს გათვალისწინებული ის რომ მთელი დღე უნდა იარო. და მთელ დღეში მართლა მთელი დღე იგულისხმება.

4.

ტრანსპორტი სტამბულში ის შემთხვევაა, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიადგე. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, სამაგიეროდ კომფორტული. მოკლედ, სტამბულში დადის ავტობუსი, მინი ავტობუსი (მარშრუტკა), ტრამვაი და მეტრო. მეტრო არის მიწის ზემოთ და ჩემთვის ძალიან უცნაური იყო და მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ტროლეობუსს ვეძახდი : ) როგორია შეეგუო იმ ფაქტს რომ შეიძლება მეტრომ 10 სანტიმეტრის რადიოსში ჩაგიაროს. მეტროში კონდიციონერი იყო და საკმაოდ გრილოდა. + ადაპტირებული იყო შმმ პირებისთვის და ძალიან მომეწონა. სტამბულში მეტროს რამდენიმე ხაზია და თუ რომელიმედან რომელიმეში გადაჯდომა გინდა დამატებით კიდევ უნდა გადაიხადო. ერთი მგზავრობა 3 ლირა ღირს. აი, ჩვენთან ვაგზალზე გადაჯდომისას რო კიდევ იხდიდე მგზავრობის საფასურს ეგ მომენტია. უბრალოდ, მეტროში და ზოგადად ტრანსპორტში ფულის ხარჯვას სჯობს ფეხით სიარული.

მეტრო

მეტრო

უკეთესი მარიანტი ავტობუსია, რომელიც 2 ლირა ღირს. გალათას ხიდთან ავტობუსების სადგომს მივაგენით და საღამოობით მკვდრები იქიდან მოვყვებოდით. უფრო სწორად, 2-ჯერ გამოვყევით. მართალია ავტობუსი ტაქსიმის მოედნიდან ცოტა შორს აჩერებს და უშუალოდ ტაქსიმზე არ მიდის, მაგრამ მაინც კარგი ტრანსპორტია, იმიტომ რომ შედარებით იაფი გიჯდება.  რაც შეეხება მინი ატობუსს – ფასი რამდენადაც მახსოვს 3 ლირა იყო, სამაგიეროდ ავტობუსზე სწრაფია. ძალიან მოცუცქნულია, 9 კაციანი, თან კონდიციონერიც არ არის და მაგით სარგებლობას ისევ ავტობუსი სჯობს. ტრამვაის საკმაოდ პატარა ხაზები აქვს. მე ერთადერთი ვნახე, ტაქსიმის მოედნიდან ისტიკლალის ბოლოში. პატარა, წითელი, ღია, კუსკუსა ტრამვაია. შემიყვარდა, ოღონდ შორიდან. მომწონდა როცა ვუყურებდი. ტრამვაიც 3 ლირა ღირს და ვფიქრობ ძალიან ღორობაა ერთი ქუჩის გავლაში რომ 3 ლარს იხდი. ამიტომ, ისევ შორით ტრფობა და სიყვარული სჯობს იქ ასვლას.

ტრამვაი

ტრამვაი

არსებობს კიდევ ეგეთი რამ, ტაქსი, რომელსაც არაფრის დიდებით არ უნდა გაეკაროთ თუ ძალიან სასწრაფო და გადაუდებელი არ გჭირდებათ.

5.

სტამბულში ჭამა ძვირი სიამოვნებაა. არის ადგილები სადაც იაფად შეჭამთ, და არის ადგილები სადაც საკმაოდ სოლიდურ თანხას დატოვებთ. მაგრამ, ყოველთვის გექნებათ გარანტია რომ თქვენი შეკვეთილი საჭმელი გემრიელია. თუმცა, ძალიან წარმატებულად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბურგერ კინგით. რომელიც იაფია და პლიუს მისი ჭამის შემდეგ ნამდვილად აღარ იტყვით რომ ისევ გშიათ. აგრეთვე, იაფია სენდვიჩები. ისტიკლალზე იყო ეგეთი ზავიძენია patatos სადაც აკეთებდნენ ქათმის უგემრიელეს სენდვიჩს და სულ რაღაც 3.5 ლირა ღირდა. კვებასთან დაკავშირებით დიდად კომპეტენტური ვერ ვარ, იმიტომ რომ ძირითადად ფასთ ფუდებზე გადავიარეთ 🙂

6.

დანარჩენს შემდეგ პოსტში გავაგრძელებ ^_^

და თბილისში უკვე ძალიან ცხელა

გუშინ საღამოს შინ რომ ვბრუნდებოდი სკოლასთან ბავშვების ჯგრო შემხვდა. როგორც გავარკვიე მეოთხე კლასელები იყვნენ, ექსკურსიიდან დაბრუნდნენ და მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. უმეტესობა ტიროდა. მახსოვს, მე რომ მეოთხე კლასი დავამთავრე და როცა გვითხრეს მეხუთედან სხვა დამრიგებელი გეყოლებათო რამდენიმე ჩემმა კლასელმაც იტირა. მე კიდევ რეაქცია არ მქონია. უემოციობის ბრალია, ან იმის რომ ცვლილებებს ადვილად ვეგუები.

არც მეოთხე კლასის დამთავრება და ახალი დამრიგებელი მინაღვლია, უფრო სწორად ძველი დამრიგებელის წარსულში ჩაბარება, არც სკოლის დამთავრება და ბავშვობის უკან მოტოვება. მოკლედ, ერთადერთი რასაც ვნანობ ამ ეტაპზე და განვიცდი ისაა რომ მუშაობა მინდა. ოღონდ ისეთ სამსახურს ვეძებ სწავლაში ხელს რომ არ შემიშლის, ან ძალიან რომ არ შემიშლის და ეგეთის პოვნა ფაქტობრივად გამორიცხულია.

15 ივნისს უნივერსიტეტში ჩემთვის მეექვსე სემესტრი მორჩა. მთავარი პრობლემა, გამოცდები, ჯერ კიდევ წინ არის. 21-ში მაქვს პირველი გამოცდა და მთელი დღის განმავლობაში ხან რას მივედე ხან რას.

მთელი 3 წლის განმავლობაში ყველაზე რთული სემესტრი მქონდა. 6 საგანს გავდიოდი, ექვსივე სავალდებულო იყო, და ექვსივე ერთმანეთზე უარესი. არა, ვიტყუები, შრომის სამართალი და საოჯახო/მემკვიდრეობით ადვილია.

25-ში ღამით (26-ში გამთენიისას უფრო სწორედ) თურქეთში, სტამბულში მივდივარ. რამდენიმე თვეა ვგეგმავ და ველოდები 25/26 ივნისს. თავიდან ჩემი მეგობრები მიდიოდნენ, აზრაც არ მომსვლია ის, რომ მეც წავსულიყავი მათთან ერთად, ვამბობდი არ გამიშვებენ ჩემები და კითხვას რა აზრი აქვს-მეთქი. მაგრამ ერთ საღამოს მაინც გავბედე და შედეგად დედაჩემმა მომიწონა იდეა, კარგია, რაც მეტ ქვეყანას ნახავ მით უკეთესიო, მამაჩემმა ცოტა ხნით და მცირე დოზით იჯუჯღუნა მაგრამ დამთანხმდა და მე ვიყავი გაოგნებული 🙂  სხვა ქვეყანაში კიარა, გვერდზე ქალაქში შეიძლება არ გამიშვან რომ მოვინდომო. მოკლედ, ამ გადაწყვეტყვეტილებას ჩავებღაუჭე და შევუდექი მზადებას. მზადებას რა, ძირითადად იმას რომ სტამბულის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შემეკრიბა და მომეძებნა ის მუზეუმები თუ ადგილები, რომელთა ნახვასაც ვაპირებ.
✔ თვითმფრინავის ბილეთები ნაყიდია. სხვათაშორის საკმაოდ იაფად. პეგასუსით მივფინავთ;
✔ ჰოსტელი დაჯავშნულია. ესეც საკმაოდ იაფად. ძალიან კარგ ადგილზე, კარგი ჰოსტელია კარგი სტაფით. ასე ამბობენ ბუქინგ.ქომზე ყოველშეთმხვევაში. შეგიძლიათ ფბ-ზეც გადახედოთ ჩილაუთ ჰოსტელს 🙂

ჰო, კიდევ ის მადარდებს რომ სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე არეულობაა. რამდენიმე ათასი ადამიანია გამოსული და ერდოგანის გადადგომას მოითხოვენ, არ გვინდა ფაშიზმი და დიქტატურა ერდოგანის სახითო. პოლიციამ რამდენჯერმე დაარბია, გეზი პარკის გსუფთავებაც დაიწყო, მაგრამ ხალხი უკან არ იხევს და ათასობით ადამიანია გამოსული. ვიმედოვნებ 26-დან 30-მდე არანაირი შეტაკება და შეხლა-შემოხლა არ მოხდება რადგან არამარტო გეზიპარკთან მოგვიწევს ხშირი კონტაქტი, არამედ მაგ პარკთან ძალიან ახლოსაა ჩვენი ჰოსტელიც ^_^

8 დღე დარჩა.
და თბილისში უკვე ძალიან ცხელა.