Tag Archives: შტეფან ცვაიგი

“მრგვალი მაგიდა” თემაზე:წიგნები

“მრგვალი მაგიდის” შექმნა და მეგობრების მოწვევა ამ მაგიდასთან გუშინ ვცადე ფეისბუქში. შედეგი – წარუმატებელი. მინდოდა სახლში,რომ მიდგას იმ მაგიდასთან ჩამოვმჯდარიყავით და ვიდეო პოსტი ჩამეწერა. შედეგი – წარუმატებელი. წიგნებზე სალაპარაკოთ კი არა ორი სიტყვის სათმელად ვერ ვნახულობ მეგობრებს. ანდაც რა აზრი აქვს მათ ნახვას? ზუსტად ვიცი,რომ ჩემი ყველა მცდელობა ვისაუბრო წიგნებზე დასრულდება ფრაზით: “ზო,კაი წიგნია”. “ოო, წიგნის დროა ეხლა?”.

მეთვითონ კითხვა ადრე დავიწყე მამის გავლენით.წიგნებს ის მირჩევდა.მეც ვკითხულობდი. იყო პერიოდი როცა დავანებე თავი.მეზარებოდა ახალი წიგნის, ახალი თავის დაწყება. თუმცა,თუ ერთი გვერდი შემომეკითხებოდა იმას აუცილებლად ვასრულებდი, წიგნი ჩემზე გავლენას ახდენდა.

“მრგვალ მაგიდასთან” ვერ შემოვიკრიბე მეგობრები, ვერ ვკითხე, ვერ ვეკამათე, ვერ გავიზიარე მათი აზრი. თუმცა, რაზე უნდა ვეკამათო? ბოლოს როდის წაიკითხეს აღარ ახსოვთ. მათ ხომ დრო არ აქვთ. სწავლობენ, მუშაობენ… აბა სად სცალიათ ძილის წინ 2 გვერდის წასაკითხად მაინც.

იმისათვის, რომ ჩემგან განსხვავებული აზრი მომესმინა წიგნებთან დაკავშირებით 4 განსხვავებული თაობა შევიკრიბეთ.ოღონდ ცალცალკე. მე,მამაჩემი,ჩემი ძმა და ბაბუაჩემი. ეს არ იყო დისკუსია წიგნებზე, უბრალოდ ინტერვიუ გამომივიდა:

კითხვა 1: “როდის შემოვიდნენ წიგნები თქვენს ცხოვრებაში?”

ჩემი ძმა: “აუ არ მახსოვს ნათ, პირველად მე კითხვა,რომ არ ვიცოდი მამიკო მიკითხავდა ხოლმე.”

მამაჩემი: “წიგნების კითხვა ადრე დავიწყე, თუმცა მათი გაგება გვიან. ზუსტად დროს ვერ გეტყვი,მაგრამ მახსოვს,რომ არც ისე დიდი ვიყავი და არც ისე პატარა.”
ბაბუაჩემი: “წიგნები ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყვნენ. რაც თავი მახსოვს ან ვიღაც მიკითხავდა ან მე ვკითხულობდი.”
მე: “პირველად წიგნი მაშინ წავიკითხე,როდესაც თვალის ექიმთან დავდიოდი ვარჯიშებზე. ალბათ მეორე კლასში ვიყავი. პირველი წიგნიც მახსოვს: “მეფე მათიუშ I”. როგორ მიყვარს. თუმცა,ადრე იყო ჩემთვის. ნახევარი ვერ გავიგე. ალბათ ჯობდა უფრო ადვილი რამით დამეწყო.”

კითხვა 2: “რატომ ვკითხულობთ? რა მოაქვს კითხვას?”

ჩემი ძმა: “შენ, ან მამიკო მეუბნება წაიკითხეო და იმიტომ”

მამაჩემი: “თავიდან ეს გასართობი,იყო. მერე ისიც აღმოვაჩინე,რომ წიგნით გართობასთან ერთად ცოდნის მიღებაც შეგიძლია. წიგნს შეუძლია აზროვნების შეცვლა. წიგნი მართლაც რომ მეგობარია”

ბაბუაჩემი: “წიგნი ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო. ეხლა ვეღარ ვკითხულობ. დროის უქონლობის გამო არა. არ ვიცი რატომ. უბრალოდ გულს ვერ ვუდებ.ალბათ ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს,კიდევ ახალი საფიქრალი რომ არ დავიმატო წიგნის სახით”

მე: “რატომ ვკითხულობ? ამ ეტაპზე კითხვის ერთადერთი მოტივაცია გართობა და ჩემი უაზრო ცნობისმოყვარეობაა. ყველაფერი მაინტერესებს,თუნდაც გამოგონილი ადამიანების ცხოვრება”

კითხვა 3: “რომელი ეპოქის მწერლები არიან თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის საინტერესო.
რომელია თქვენი თაობის საკულტო წიგნები?”

ჩემი ძმა: “რა გინდა?ვერ გავიგე რას მეკითხები”

მამაჩემი: “კონკრეტულად ერთი ეპოქის მწერლების გამორჩევა მიჭირს.ყველა თავისებურად მომხბილავი და კარგი წასაკითხია.მთავარია გესმოდეს რასაც კითხულობ.”

ბაბუაჩემი: “ჩემთვის საინტრესო მაინც XIX-XX საუკუნის მწერლები არიან.ისინი წერდნენ იმ ეპოქაზე,რომელიც ასე თუ ისე მეც გამოვიარე. საკულტო წიგნს ვერ გეტყვი. ვისთვის რა იყო, მაგრამ ჩემი თაობისთვის დამახასიათებელი მაინც მსოფლიო ომებზე შექმნილი ლიტერატურაა”

მე: “რატომღაც წიგნის კითხვას,რომ ვიწყებ არ ვუკვირდები რომელი საუკუნის მოღვაწეა ავტორი, არც წინასწარ ვკითხულობ ინფორმაციას მის შესახებ. შეიძლება მეცხრამეტე საუკუნის მწერალი იყოს მაგრამ შუასაუკუნეებზე წერდეს არაჩვეულებრივად. ასე რომ დროის და ჟამის მიხედვით მწერლების დაყოფა მიჭირს. საკულტო წიგნი? ალბათ ჩემი თაობისთვის საკულტო წიგნებად რომანები ითვლება. მაგალითად შტეფან ცვაიგის მოთხრობები. რომლებიც საერთოდ არ მომეწონა და უბრალო ადამიანის ნაწერს შევადარე”

კითხვა 4: “არის თქვენი თაობისთვის კითხვა მოდური? ცუდი ტონია, არ იყო ნაკითხი?
არის თქვენი თაობისთვის ისეთი წიგნები, რომლის არ წაკითხვა ”ტეხავს”?”

ჩემი ძმა: “ამ კითხვასაც უპასუხოდ დავტოვებ რა. მაგრამ ჩემი მეგობრები რომ ლაპარაკობენ ხოლმე წიგნებზე მეც მინდა ხოლმე რაღაც ვთქვა”

მამაჩემი: “თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩემს თაობაში კითხვა მოდაში იყო. ან უბრალოდ მართლა ყველას უყვარდა წიგნები.მაშინ როდესაც გატაცებული ვიყავი კითხვით, უბრალოდ მიკვირდა და შეიძლება ცუდ ტონადაც ვთვლიდი წიგნის არწაკიტხვას”

ბაბუაჩემი: “კითხვა ყოველთვის მოდაშია შვილო, უბრალოდ რასაც კითხულობ ის უნდა გესმოდეს კიდეც”

მე: “ვერ ვიტყვი,რომ კითხვა მოდურია. ეხლა მოდაში ბლოგი და ფეისბუქია 🙂 თუმცა მიხარია,რომ არსებობენ ადამიანები ვისთვისაც წიგნი ნებისმიერ სოციალურ ქსელზე მაღლა დგას. წიგნი რომლის არ წაკითხვაც ტეხავს? არ ვიცი არსებობს თუ არა ეგეთი წიგნი. რადგან მე ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვირჩევ და ძალიან იშვიათად ვითვალისწინებ სხვის აზრს”

კითხვა 5: “ისაუბრეთ საყვარელ გმირებზე. რომელი წიგნის, რომელი გმირი იქნებოდით?”

ჩემი ძმა: “აუ რომელიმე ფილმის გმირი რომ ვთქვა არ შეიძლება?”

მამაჩემი: “არცერთის”

ბაბუაჩემი: “როცა ვკითხულობდი რომელიმე წიგნს, ყოველთვის ვიყავი ერთი კონკრეტული გმირი. ამჟად მე ჩემს თავს დავუბრუნდი”

მე: “საყვარელი გმირები,როგორც წესი არ მყავს ხოლმე. კითხვის დროს სახელების დამახსოვრებაც მიჭირს. ჩემთვის მთავარი სიუჟეტი და მოვლენების განვითარებაა და არა ერთი, რომელიმე გმირი. ამიტომ არ მიყვარს აღწერები, არც ადამიანების არც ბუნების. თუმცა ბოლოს წავიკითხე “რა თქვა განსვენებულმა” და საოცრად შემიყვარდა ის ქალი (სახელი როგორც ყოველთვის არ მახსოვს). მთელი მისი თავგადასავალი, გამბედაობა, ქალური სისუსტე, სიჭკვიანე,მოხერხებულობა, ეშმაკობა, ნიჭიერება… მოკლედ, ეს ქალი ჩემთვის გმირია და სიამოვნებით ვიქნებოდი ამ წიგნის ეს გმირი.”

ცოტა უცნაური “მრგვალი მაგიდა” გამოვიდა. მითუმეტეს,რომ არც–ერთი ვიყავით ერთად. არ გვიკამათია, არ გვიმსჯელია, არ აღმოგვიჩენია “ჭეშმარიტება”, არ დავთანხმებულვართ ან შევწინააღდეგებივართ ერთმანეთის აზრს თუ შეხედულებას. ჩვენ უბრალოდ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ. 4 გასხვავებული ასაკის და აზროვნების ადამიანის აზრი. ჩემი ძმა – 12 წ, მამაჩემი – 43წ, ბაბუაჩემი – 70წ, მე – 19წ.

ხო, ცოტა უცნაური პოსტია.

უცნობი ქალის წერილი

“მარტი გიჟობის თვე” – აბიტურიენტობის დროს მასწავლებელმა ეს თემა მომცა დასაწერად. სწორედ ამ მოთხრობაში გავიგე პირველად შტეფან ცვაიგის ერთ–ერთი თხზულება “უცნობი ქალის წერილი”. ერთი გავიფიქრე საინტერესო იქნება წავიკითხავთქო,ეგ იყო და ეგ. წელს უკვე ჩემი დაა აბიტურიენტი, მასაც მისცა იგივე თემა და ჩემგან განსხვავებით ჩემი და დაინტერესდა “უცნობი ქალის წერილით”.მიდგა მოდგა და წიგნი ვერ იშოვა. აქ უკვე მეც ჩავერთე, ერთი დასტატუსება ფეიქბუქზე საკმარისი იყო და მეორე დღეს ჯგუფელმა წიგნიც მომიტანა.

დილით ადრე გამეღვიძა, წვიმდა. ლიმნიანი ჩაი, “უცნობი ქალის წერილი” და მზად ვარ რაღაც შთამბეჭდავის წასაკითხათ. ვისთვისაც არ უნდა მეკითხა ძალიან, ძალიან მაგარი ნაწარმოებია,რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო, საერთოდაც, სირცხვილია რომ არ მაქვს წაკითხული.

კითხვა დავიწყე ძალიან კარგი განწყობით, მზად ვიყავი დაგრუზვისთვის და გულის დასათუთქად, როგორც ჩემმა დამ თქვა. პირველი,მეორე, მესამე გვერდი და მივხვდი,რომ ეს ის არ იყო რასაც ველოდებოდი. ერთ ჩვეულებრივ სასიყვარულო ისტორიას ჰგავდა, რომელიც უხვად ჰყრია ინტერნეტში თუ რეალურ ცხოვრებაში. ნელ–ნელა იმასაც მივხვდი რომ ის, რასაც მწერალი აღწერდა ყოვლად შეუძლებელი და სრულიად უაზრო გრძნობა იყო.

ის, რასაც უცნობი ქალი, ჯერ კიდევ 13 წლის გოგონა განიცდიდა არ შეიძლებოდა სიყვარული ყოფილიყო. სიყვარული არ ტანჯავს ადამიანს, არ აუბედურებს. თვითონ ნაწარმოებშია ნათქვამი:

“13 წლის გოგო, მხოლოდ შენი აჩემებით და შენით ვცხოვრობდი…”

დიახ, რომანტიკულო გოგონებო და თქვენ, ვისაც ეს სიყვარული გეგონათ, ეს უბრალოდ აჩემებაა. ისეთი, მე რომ ვიცი ხოლმე. უბრალოდ მე მალე მივლის, ამ ქალს კი სიცოცხლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ეს არ იყო  ის ერთადერთი და ჭეშმარიტი გრძნობა სიყვარულს, რომ ეძახიან, ის უბრალოდ გამოცანა და მიუწვდომელი “ნივთი” იყო, რომლისკენაც ასე ისწრაფოდა უცნობი ქალი:

“გესმის თუ არა,საყვარელო, რა საოცრება, რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის…”

 

იქნებ, საწადელი და ოცნება რომ აესრულებინა სულაც აღარ ჩაეთვალა ეს გრძნობა სიყვარულად. მაშინ უბრალოდ იგრძნობდა,რომ მიზანს მიაღწია, დაიკმაყოფილა სურვილი და ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებლად მიმაჩნია შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ. ადამიანის გაცნობა კი  შორიდან არც თუ ისე ადვილია. მისი საქციელი და მისი გრძნობები უფრო ფანატიზმს გაქვდა. ისეთს თინი, რომ მაიკლ ჯექსონის მიმართ განიცდის. “სიმპტომები” ერთი და იგივე:

“ვცხოვრობდი მხოლოდ შენით,ვყიდულობდი ყველა შენს წიგნს, შენს სახელს გაზეთში,რომ შევხვდებოდი, ეს ჩემთვის დღესასწაული იყო”.

თინიც ასე არაა? თუ არ ყიდულობს, ლეპტოპს ავსებს  მაიკლ ჯექსონის სიმღერებით, კონცერტებით. ყიდულობს და კითხულობს  ყველაფერს სადაც მის შესახებ იწერება. მეტსაც გეტყვით, თინი აგროვებს მაიკლის სურათებს და ეთაყვანება ჩუმათ. მაიკლიც მიუწვდომელია თინისთვის. ეხლა მითუმეტეს.

“უცნობი ქალის” გრძნობა ჩემთვის მიუღებელია. ის მონა იყო მწერლისა, ადამიანისა რომელსაც არ იცნობდა. ეთაყვანებოდა და აღმერთებდა ადამიანს,რომელსაც არცერთხელ უგრძნობინებია მისთვის სითბო. მთელი წერილის განმავლობაში ბევრჯერ არის ნახსენები ფრაზა: “არასდროს გაგამტყუნებ არა, ყოველთვის ვიქნები შენი მადლიერი”. ამდენჯერ “არ გამტყუნებ” ძალიან ცუდად მხვდებოდა და ბოლოს იმ დასკვნამდეც მივედი, რომ ამტყუნებდა. დიახაც ამტყუნებდა და ბრალს სდებდა იმაში, რომ ვერცერთხელ ვერ იცნო, ვერ ხვდებოდა ვინ უგზავნიდა თეთრ ვარდებს ყოველ დაბადების დღეზე, უსაყვედურა და შეურაცყოფად მიიღო “სიამოვნებისთვის” გადახდილი თანხა, არა და ის ხომ სწორედ ქუჩის მეძავივით მოიქცა (როგორც თვითონ აღნიშა). ის იყო მონა, გრძნობის მონა:

“მონური სიყვარულით და ერთგულებით მიყვარდი…”

მისი ცხოვრება წესით უკეთესი უნდა გამხდარიყო შვილის დაბადების შემდეგ. შვილისა რომელიც, იმ ერთადერთისგან ეყოლა, რომელიც მისთვის არსებობდა. სინამდვილეში შვილიც მწერალთან გააიგივა. ზრდიდა მისნაირად, შვილში საყვარელ მამაკაცს ხედავდა. მისთვის არ არსებობდა შვილი და დედობრივი გრძნობა. ის ერთდორულად მონა გახდა ორი მამაკაცისა შვილისა და მწერლისა.

“შენი მეორე “მესთვის” – შენი შვილისთვის”

ამ ქალში იგრძნობა სიამაყე და ამპარტავნობა. სწორედ ამ სიამაყეს მივაწერ მის ასეთ “თავგანწირვას” ამ მწერლის მიმართ. მისთვის რაღაც მომეტში, როგორც ჩანს შეურაცხმყოფელია, რომ ვერ გახდა სასურველი მამაკაცისთვის იდეალური:

“ყველა მეტრფოდა – შენს გარდა, მხოლოდ შენს გარდა,საყვარელო…”

ვისაც არ უნდა ჰკითხო “უცნობი ქალი” იდეალური ქალია. ის ხომ სიყვარულს შეეწირა, ის ხომ სიყვარულისთვის იბრძოდა. პატიობენ სხეულით ვაჭრობას, მაშინ როდესაც სხვას მიწასთან ასწორებდნენ. არა და “მოტივაცია” ყველა მეძავს ხომ ერთნაირი აქვს? აი მაგალითად:

“ამ ქვეყნად ღატაკი ადამიანი ყოველთვის დაჩაგრული და დამცირებულია, იგი მუდამ მსხვერპლს წარმოადგენს”

იდეალური საბაბია იმისთვის,რომ სხეულით ვაჭრობა დაიწყო. მაშინ რატომ პატიობენ “უცნობ ქალს” და სხვებს მიწასთან რატომ ასწორებენ? იმიტომ რომ ის შეყვარებული ქალბატონია? შეიძლება შეყვარებული არის, მაგრამ ამავე დროს მასში ბევრი ცუდი თვისება იგრძნობა. მშობიარობის შემდგომი პერიოდი და მისი პალატაში ყოფნის აღწერა ჩემში ბევრ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს “უცნობი ქალის” მიმართ. ის თითქოს ზევიდან დაჰყურებს ყველას, მაშინ როდესაც თვითონაც ზუსტად მათნაირია და არაფრით გამორჩეული:

“სიღატაკის მთელი საშინელება,სულიერი და ხორციელი დამცირება, სირცხვილი განვიცადე ამ პალატაში მეძავებისა და ავადმყოფების გვერდით, რომელნიც საერთო ხვედრს საერთო სიმდაბლამდე მიეყვანა”

იმედები გამიცრუვდა. რაღაც ზე–ნაწარმოებს ველოდი. წაკითხვისას რომ ჟრუანტელი გივლის, რომ გრძნობ და რომ განიცდი ყოველივეს რასაც გმირები გრძნობენ და განიცდიან.დახურვის შემდეგ ისევ ნაწარმოებს რომ უტრიალებს შენი ფიქრები და ფანტაზიას რომ იშველიებ და ფიქრს იწყებ თუ რას იზამდი შენ იმ დროს და იმ სიტუაციაში…

ეს ნაწარმოები კიდევ ბევრისთვის იქნება საყვარელი და კიდევ ბევრი იტყვის “უცნობი ქალის წერილი”–ს გახსენებაზე: “ვაიმე, რა მაგარიაა; აუცილებლად უნდა წაიკითხო;გული დაგეწვება”. სამაგიეროდ ჩემმა დამ მშვენივრად დაასრულა კითხვა: “ეგეთი სიყვარულის დედაც ვატირეო”.