Tag Archives: ხელბარგი

რამდენიმე საათი გაფრენამდე

დღეს რომ დრო ნელა გადის ასე ალბათ არასდროს გასულა.
6 საათია, რამდენიმე საათიც და ამსტერდამისკენ გაფრინდება ჩემი თვითმფრინავი.

პირველად როდის ან რატომ მომინდა ამსტერდამში წასვლა არ ვიცი. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ვამბობ ამ ქალაქში აუცილებლად წავალ-მეთქი. თუმცა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ოცნება ასე მალე ამიხდებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა საუბარი დავიწყეთ ამსტერდამზე და ინტერნეტში რაღაცეები მოქექვა, რატომღაც მეგონა რომ თავს ვერ მოვაბამდით და ვერ წავიდოდი. ხოდა, დაჯერებაც მიჭირს რომ სულ რამდენიმე საათი და მე უკვე ამსტერდამში ვიქნები.

პრაღა შორიდან მომწონდა, პატარა ლამაზი ქალაქია. მინდოდა ჩეხეთშიც წასვლა, თუმცა, ამჯერზე არ ვგეგმავდი. ფაქტობრივად შემთხვევით გამოვიდა, და ეგეც იმის ბრალია, რომ ვიზა იმაზე დიდხნიანი მომცეს ვიდრე შეტანილი მქონდა. ერთი გასროლით ორ კურდღელს ვიჭერ, თუ როგორ არის ეგ? 😀

პანიკა მაქვს ჩართული. მგონია რაღაც მრჩება. მხოლოდ ხელბარგით მივდივარ (შიდა ფრენების დროს ბარგი ფასიანია და მაგდენი ფული არ მაქვს) და ჩემი ჩანთა რამდენჯერმე ავწონე იმაში დასარწმუნებლად რომ 8 კგ-ს არ აღემატება. სულ რაღაც 6.2 გამოვიდა.
ტვინში მილიონჯერ გადავავლე თვალი ნივთებს რომლებიც ჩავდე და მაინც მგონია, რომ რამე მავიწყდება.
მთავარია პასპორტი, პირადობა და ფული თან მაქვს. დანარჩენს ალბათ ეშველება 🙂

P.S ბოლო დროს ჩამოვარდნილმა თვითმფრინავებმა ცოტა დამძაბა. თუმცა, ჩემს თავს მაინც იმას ვახსენებ, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და მსხვერპლის რაოდენობით ბოლო ადგილზე დგას. ასე, რომ ყველაფერი კარგად იქნება ^_^