Tag Archives: 1984

მე და დასვენება

მთელი 12 დღეა უკვე შემოდგომაა. ისევ 9 თვე უნდა ველოდო ზაფხულს, ისევ 9 თვე უნდა ამომხდეს სული ზაფხულის ლოდინში და ბოლოს ისევ დავჯდე და მოვთქვა, რომ ამისთვის ველოდებოდი-მეთქი?

ყველაზე მშვიდობიანი და წყნარი ზაფხული რაც კი 20 წლის განმავლობაში მქონია, ალბათ წლევანდელი ზაფხული იყო. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემს ზაფხულში მხოლოდ აგვისტო ზაფხულობდა მაინც მაქსიმალურად გამოვიყენე და მაქსიმალურად დავისვენე. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი კიდური არ გამიტოკებია ზედმეტად.

ზაფხულში რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ზღვა და რუჯია. ზაფხულში მიყვარს-მეთქი კი დავწერე, მაგრამ ამჯერად შემოდგომით მომიწია წასვლა მხოლოდ 5 დღით და ისეთი კამკამა ლურჯი წყალი და ისეთი უღრუბლო ცა იყო, რომ სერიოზულად დავფიქრდი აგვისტოს ნაცვლად სექტემბერში ხომ არ ვიარო ზღვაზე-მეთქი. ჩემი ზღვაზე ყოფნა პენსიონერის ზღვაზე ყოფნას ჰგავდა. ხუთივე დღე ანალოგიური იყო ერთმანეთისა. 9-საათზე გაღვიძება, საუზმობა და სანაპიროზე გადასვლა, 1-საათზე სახლში დაბრუნება, სადილობა, ცოტა ძილი, ცოტა კითხვა და 4 საათზე ისევ სანაპიროზე გადასვლა, 7-საათზე სახლში დაბრუნება, წყლის გადავხლება, ვახშმობა და კითხვა. 11-საათზე უკვე მეძინა. რაღა მე და რაღა პენსიონერი?! დაჟე, ისინი ჩემზე უკეთ ერთობოდნენ დარწმუნებული ვარ, თუმცა, ტყუილად კი არ აღვნიშნე ზევით, დავისვენე ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობითთქო.

კამკამა ზღვა ❤

ყველაზე პროდუქტიული აგვისტო იყო ალბათ ამ წელს. თუნდაც იმიტომ რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი წიგნის წაკითხვა მოვახერხე. 1. სიდნეი შელდონის ნიღაბჩამოხსნილი სახე; 2. სიდნეი შელდონის უცნობი სარკეში; 3, ჯორჯ ორუელის 1984; 4. იულიამ თეკერეის ამაოების ბაზარი.

ამაოების ბაზარი – წიგნი რომლის პირველი ნაწილიც ძალდატანებით და წუწუნ-ჯუჯღუნით წავიკითხე. ვკითხულობდი იმიტომ, რომ მაინტერესებდა გმირებს საბოლოოდ რა ბედი ეწეოდათ. ვკითხულობდი ნელა, იმიტომ რომ შიგადაშიგ ავტორის ჩართვები და მისი აზრის გამოთქმები ნერვებს მიშლიდა. სასტიკად არ მომწონდა და ვოცნებობდი ვინმეს მოეყოლა დასასრული და ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეხშო. ბოლოს გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ როგორც კი მივედი იმ ნაწილამდე სადაც პირველი ტომი დასრულდა გამოვრთე. გამოვრთე იმიტომ, რომ ყველასთვის, და მათ შორის ჩემთვისაც, ცნობილია რომ ფილმი წიგნისგან ბეევრად განსხვავდება და რომ წიგნი უკეთესია, შევწყვიტე იმიტომ, რომ რასაც ვუყურე ძალიან განსხვავდებოდა წიგნისგან. მოკლედ, გადავწყვიტე რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა წამეკითხა ბოლომდე. წიგნის სულ ბოლო ფურცელი როცა გადავფურცლე, სულ ბოლო სიტყვა როცა წავიკითხე და დავხურე, მაშინ მივხვდი რომ ამაოების ბაზარი, ერთერთი must read წიგნია. წაიკითხეთ და გაიგებთ.

როდესაც კითხულობ და სხვამ არ იცის რითი გაერთოს :d

ჩემი სიმწრით დალაგებული, დამშვიდებული და დასვენებული ნერვები 10 სექტემბერს დილის 12-დაათიდან 5-საათამდე sms.tsu.ge-ს რეფრეშმა აურია. 5 საათი ველოდებოდი ბაზების გახსნას, 5 საათი ვიჯექი კომპიუტერთან და მხოლოდ ვწუწუნებდი. მაგრამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ამხელა ტანჯვის შემდეგ იმ საგნებს და იმ ლექტორებს აირჩევ ვინც გინდოდა და ვინც განზრახული გქონდა. ეხლა უფრო მეტად მინდა რომ დაიწყოს სწავლა. ახალი საგნები, ახალი ლექტორები, უნივერსიტეტის წინ ახალგაღვიძებული დგომა, პირველის ეზოში დროის გაყვანა, უამრავი ნაცნობი, ბოდიალი რუსთაველისკენ და უკან…

დღეს მივხვდი, რომ ერთადერთი რის გამოც 15-ში ბათუმში წასვლა მეზარება, ისაა რომ სწავლის პირველ კვირას ვაცდენ. შემიძლია გავაცდინო მთელი სემესტრი, მაგრამ არაფრის დიდებით პირველი კვირა. მაგრამ არაუშავს, მთელი წელი ვოცნებობდი იმაზე რომ biaff-ზე წავსულიყავი და ვყოფილიყავი 1 კვირა თბილისიდან და მშობლებისგან შორს და აუცილებლად წავალ და გავიყვან დროს ფილმების ყურებაში და დაუღალავ გართობაში.

მე ❤

პ.ს სწავლის დაწყებაში ყველაზე მეტად ახალი ბლოკნოტის ყიდვა მიყვარს ❤

4 დღე

როგორც კი თავისუფალი 4 დღე გამომიჩნდა და დაიმედებული ვიყავი, რომ სამსახურიდან არ დამირეკავდნენ ბარგის ჩალაგება დავიწყე. ბევრი არაფერი მჭირდებოდა, მთავარი იყო, რომ გრძელმკლავიანი მაისური და საგულდაგულოდ გადანახული ჟაკეტი არ დამვიწყოდა.

ჩემს სოფელში ტრანსპორტი არ დადის და ეს პრობლემა პირველად სწორედ ამ მგზავრობისას გავაცნობიერე. ვერ ჩაჯდები მიკრო ავტობუსში და 2 საათის შემდეგ წყნარად ვერ მიხვალ საკუთარ სოფელში. აუცილებელია რომ სოფლის ასახვევთან ვინმე მანქანიანი დაგხვდეს და აგიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 5 კილომეტრის ფეხით გავლა და მთაზე ასვლა მოგიწევთ.

დვალთა – ჩემი სოფელი, რომელიც ძალიან პატარა და რომელიც ხეებშია ჩაკარგულია ❤

ასე იყო თუ ისე მშვიდად ვიმგზავრე, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი რომ სოფელში საოცრად ეგრილებოდა როდესაც თბილისიდან გავედი და სახეში ცხელი ნიავის ნაცვლად გრილი სიო მიბერავდა. სოფლის ასახვევთან მშობლები მანქანით დაგვხვდნენ, გზიდან ჩამოგვხსნენ და ალგეთზე იდეაში საჭყუმპალაოთ და გასაგილებათ წავედით. საღამოსკენ უკვე სახლში ვიყავი, ბარგით ხელში და ვცდილობდი ორიოდე ხელი ტანსაცმელი დამებინავებინა. თუმცა, სანამ დაბინავებას დავიწყებდი ჩემს ეზოს უნდა შევგუებოდი. 3 თვეში რადიკალურად შეიცვალა. დიიდი მწვანე ეზოს ნაცვლად დიდი სახლი და ორიოდე ხე დამხვდა, იმ ორიოდე ხეზე კი ჰამაკი გაბმული. მე თუ მკითხავთ ძველი, პატარა, ნახევრად დანგრეული სახლი და დიდი ეზო მირჩევნია დიდ სახლს და უეზოობას, თუმცა ალბათ შეგუება სჭირდება ყველაფერს. ჩემი სოფელი ერთადერთი ადგილია სადაც ზაფხულში საბანში გახვეულს მძინავს. ჭოტის კივილი კი მისი განუყოფელი ნაწილია. სასიმოვნოდ ჩაძინებულს დილის 8 საათზე გამეღვიძა.

ახალი სახლი, რომელიც დასასრულებელია

შაბათი დილა სასიამოვნოა. განსაკუთრებით მაშინ თუკი ცივილიზაციას ხარ მოწყვეტილი, არც მანქანების ხმაურია, მზეც სასიამოვნოდ ათმობს არემას და ჰამაკი და წიგნი გელოდება. წიგნის შერჩევისას ბევრი ვიბოდიალე, არ მინდოდა ისეთი რამ წამეღო რაც არ მომეწონებოდა და 4 დღე სრულ უსაქმურობაში გამეტარებინა. სწორედ ამიტომ თვეების წინ დაწყებული 1984 წავიღე და როგორც იქნა დავასრულე. კარგი წიგნია, თუმცა ვხვდებოდი რა, როგორ და რატომ იქნებოდა. ჰამაკში, ნეტარებაში გატარებული რამდენიმე საათი უცბად გავიდა. ე.წ “ბირჟისკენ” ავლისა და დამსვნებელთათვის თვალის შევლების დრო იყო, თუმცა, ვის გინდა თვალი შეავლო როცა არავინ არაა და ფაქტობრივად სამიოდე კაცი სხედხართ და ზაფხულის და დასვენების გეგმებს აწყობთ.

ჰამაკი და ნეტარება

კვირა დილა იმით დაიწყო რომ ალგეთზე ჩახტომის შემდეგ დავიწყე გამოფხიზლება. ყველაზე უკეთ კი მაშინ გამოვფხიზლდი როდესაც მწვადების სუნმა იწყო ტრიალი. ბევრი მწვადი, ცოტა არაყი, მდინარეში გაგრილება, შეფხიზლება, ტყეში წამოწოლა და კითხვა არის ძალიან კარგი. მერე რა, რომ ძალიან იღლები და ძილის გარდა აღარაფერზე ფიქრობ, თანაც მაშინ როდესაც მეორე დღეს თბილისში ხარ წასასვლელი.

როდესაც ცდილობ თავი გაირთო

როდესაც დღეს დილით ჩემს ბარგს ისევ უკან, ზურგჩანთაში ვალაგებდი და თბილისში გამოსამგზავრებლად ვემზადებოდი, დიდხანს ვფიქრობდი დავრჩენილიყავი თუ დავბრუნებოდი დედაქალაქს. საბოლოოდ ინტერნეტის და შხაპის სიყვარულმა მძლია და უკვე თბილისში ვარ. მანგლისამდე მამაჩემის მანქანით გადავედი ისე, რომ საჭესთან მე ვიჯექი (!) და თბილისშიც მშვიდობით ჩამოვაღწიე. თუმცა, ჯერ კიდევ წყნეთში მაწუხებდა ცხელი ნიავი და ვგრძნობდი რომ საშინელი ღამე მელოდებოდა.

სოფელში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ სახლები უფრო და უფრო ძველდება, მოსახლეობა უფრო და უფრო მცირდება, ბავშვები ელვის სისწრაფიდ მრავლდებიან და ვეღარ ვხვდები ვინ ვისია და ვინ ვისი გორისაა.

პარასკევს ისევ ვუმიზნებ რომ შაბათ-კვირა დვალთაში გავატარო, იქ სადაც ცივა, სადაც კაკლის ჩრდილში გაკიდული ჰამაკი და დასვენება მელოდება.

სამოთხე ^^