Tag Archives: amsterdam

ჰააგა, ნიდერლანდები

ამსტერდამიდან ჰააგაში მატარებლით მოსახვედრად დაახლოებით 40-50 წუთი გჭირდებათ. მატარებელი ამსტერდამის ცენტრალური სადგურიდან გადის და საკმაოდ კომფორტულია, აღსანიშნავია, რომ wifi-ც არის და შესაბამისად გზაში ნამდვილად ვერ მოიწყენთ. პრინციპში, გზად უამრავი საინტერესო და ძალიან ლამაზი დასახლებაა, რომელთა თვალიერების შემთხვევაშიც ვერ მოიწყენთ 🙂 ბილეთის ფასი 11 ევროა. მე რომ მივდიოდი უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ავიღე და შესაბამისად 23 ევრო (22 ევრო გზა, 1 ევრო მომსახურეობა) დამიჯდე. პრინციპში, ცოტა ძვირია, ყოველშემთხვევაში მე მეძვირა, მაგრამ ნამდვილად ღირს.

Den haagმიუხედავად იმისა, რომ ჰააგა და ამსტერდამი საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, მაინც რადიკალურად განსხვავებული ქალაქებია. ამსტერდამი ველოსიპედების ქალაქია, ჰააგა არა (მაგრამ სხვა ქალაქებთან შედარებით, სადაც ვიყავი, ჰააგაშიც საკმაოდ ბევრი ველოსიპედია), ამსტერდამში პატარა, 6 სართულიანი, ვიწრო სახლებია, ჰააგაში არა, ამსტერდამში ვიწრო, ქავეფენილიანი ქუჩებია, ჰააგაში არა.
ჰააგაში მდებარეობს სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის პარლამენტისა და პრემიერის, პარტიათა რეზიდენციები, ფაქტობრივად, პატარა პოლიტიკური ქალაქია, სადაც ძირითადად სოლიდურად ჩაცმული ადამიანები დადიან. სხვათაშორის, ამსტერდამშიც და ჰააგაშიც ძალიან ბევრს შეხვდებით შარვალ-კოსტუმით რომ მართავენ ველოსიპედს.

რაც მთავარია, ჰააგაში მდებარეობს გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო, რომელიც 1945 წელს შეიქმნა. სასამართლოს მიზანი სახელმწიფოებს შორის დავის გადაწყვეტაა, ის ასევე იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.  ჩემი მიზანი ამ სასამართლოს ნახვა იყო.

სადგურიდან რომ გამოვედით ვცადეთ ხალხისთვის გვეკითხა სასამართლოს ადგილმდებარეობა, რამდენიმე ცდის შემდეგ დავნებდით, არავინ არ იცოდა. ბოლოს გუგლმეფის საშუალებით მივაგენით. ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცოდი, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლო მშვიდობის სასახლეში იყო. ალბათ მშვიდობის სასახლე, რომ მეკითხა ყველა მიგვასწავლიდა გზას 🙂

მშვიდობის სასახლე, მზე უადგილო ადგილას იყო და კარგი სურათები ვერ გადავიღე

მშვიდობის სასახლე, მზე უადგილო ადგილას იყო და კარგი სურათები ვერ გადავიღე

 

მშვიდობის სასახლე 1913 წელს გაიხსნა, თავდაპირველად აქ განთავსებული იყო საარბიტრაჟო სასამართლო. 1899 წელს, ომის დასრულების შემდეგ, ჰააგის მშვიდობის კონფერენციაზე, შეთანხმდნენ რომ აქ უნდა ყოფილიყო სასამართლო და გამოიყო 1.5 მილიონი დოლარი მშვიდობის სასახლის ასაშენებლად.

ძალიან გული დამწყდა, რომ სასამართლო, კიარადა მშვიდობის სასახლე, მხოლოდ გარედან ვნახე. სამწუხაროდ, მაინც და მაინც იმ დღეს არ იყო ტურისტებისთვის ღია. საერთოდაც, როგორც აღმოჩნდა, იმისათვის, რომ სასამართლოში მოხვდე, რამდენიმე დღით ადრე უნდა ჩაეწერო. იმედია სხვა დროს აუცილებლად მოვხვდები შიგნით და ჭიშკართან სელფების გადაღებით არ დავკმაყოფილდები.

ჰააგა საკმაოდ ლამაზი და მშვიდი ქალაქია. მე ვიტყოდი, ძალიან მშვიდიც კი. იმდენად მშვიდი რომ 2 დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდებოდი. ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარით, სულ 5 საათით ვიყავით მგონი. მაგრამ რაც ვნახე ძალიან მომეწონა ❤

IMG_8286

ამსტერდამი – second step – ავიაბილეთები და საცხოვრებელი ადგილი

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ვიზა ავიღე და ვაპირებ პოსტის დაწერას საცხოვრებელ ადგილზე და თვითმფრინავის ბილეთებზე. მაგრამ აქამდე მეზარებოდა.

მოკლედ, მას შემდეგ რაც ვიზაზე დადებითი პასუხი მოვიდა იმდღესვე დავიწყეთ თვითმფრინავის ბილეთების ძებნა ადეკვატურ ფასად. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთებს ლამის ორი თვით ადრე ვყიდულობდით მაინც საკმაოდ ძვირი ღირდა. თუ ვიზა და სამსახური გაძლევთ საშუალებას აუცილებლად შეამოწმეთ წინა და მომდევნო დღის ფასები, რადგან არსებობს შანსი რომ ამ დღეებში ბილეთები გაცილებით იაფი ღირდეს.

არსებობს ერთი ძალიან კარგი საიტი, fly.ge – სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ავიაკომპანიის ბილეთები. სასურველი თარიღის და დანიშნულების შეყვანის შემდეგ საიტი ავტომატურად გიყრით ყველაზე იაფიან, ყველაზე სწრაფ, ყველაზე ძვირიან ბილეთებს. სასურველის ამორჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ ფასი გადაამოწმოთ იმ ავიაკომპანიის საიტზე.

fly.ge

მას შემდეგ რაც შეარჩევთ თარიღს და ავიაკომპანიას უნდა გადაწყვიტოთ სად შეიძინოთ ბილეთები. თბილისში ძალიან ბევრი ავიაკომპანიის ოფისია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და კომფორტულ გარემოში აარჩიოთ ბილეთები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში მომსახურების ფულს გადაიხდით, რაც დამატებით 40-50-60 ევროა.

ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პეგასუსი აღმოჩნდა. ბილეთები საიტზევე ვიყიდეთ და თბილისი-ამსტერდამი 147 ევრო დაჯდა. შემდეგი ფრენა ამსტერდამიდან პრაღაშია, რომელიც საკმაოდ იაფი 64 ევრო ღირს და easyjet-ს მივყვებით, ხოლო თბილისში aribaltic-ით ვბრუნდებით (142 ევრო).  ბილეთების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად გიწევთ გადაჯდომა და რამდენი საათი მოგიწევთ აეროპორტში ყურყუტი. ასე მაგალითად, აქედან სტამბულის გავლით (გოქჩენის აეროპორტი) მივდივართ ამსტერდამში. აეროპორტში გასატარებლად 4 საათი გვაქვს. 4 საათი ძალიან ცოტაა ქალაქში გასასვლელად და დამღლელი აეროპორტში ყოფნისთვის. სამაგიეროდ, პრაღა-თბილისი მგზავრობისას გადაჯდომა რიგაში გვიწევს და “ხურდად” 8 საათი გვაქვს. 8 საათი სრულიად საკმარისია ისეთი პატარა ქალაქის დასათვალიერებლად როგორიც რიგაა. ბილეთების ყიდვისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რამდენი კილოგრამის გადატანა შეგიძლიათ, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა. პეგასუსი ნებას გვრთავს ბარგის სახით 20 კილოგრამი უფასოდ გადავიტანოთ, ხოლო იზიჯეტს და ეარბალტიკს მხოლოდ ხელბარგი ( 8 კილოგრამი) აქვს გათვალისწინებული და ბარგის საფასური ცალკე ანგარიშდება.

ასე და ამგვარად თბილისი-ამსტერდამი-პრაღა-თბილისი ზუსტად იგივე ჯდება რაც თბილისი-ამსტერდამი-თბილისი ჯდებოდა. თანაც, ბონუსად რიგაც მოჰყვება 🙂

მას შემდეგ რაც ევროპაში ჩააღწევთ შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მატარებლის ფასი არ ჩამოუვარდება თვითმფრინავის ფასს. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია რომელს მიანიჭებთ უპირატესობას.

მას შემდეგ რაც გარკვეული გექნებათ როდის ჩადიხართ დანიშნულების ადგილას, შეგიძლიათ დაიწყოთ საცხოვრებელი ადგილის ძებნა.
ბინის მოძებნა არც ისე რთულია, მთავარია რამდენი გაქვს ფული. ვინადაიდან რადგანაც ჩვენ სასტუმროს ფული არ გვქონდა, ხოლო ჰოსტელი იგივე ჯდებოდა რაც ჩვეულებრივი ბინის ქირაობა დღიურად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბინა გვექირავებინა ამსტერდამშიც და პრაღაშიც.

airbnb.com

ყველაზე კარგი საიტი airbnb.com-არის. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თქვენთვის სასურველი ბინა. შეგიძლიათ მიუთით მინიმალური და მაქსიმალური ფასი და ამ ჩარჩოს მიხედვით მოძებნოთ შესაფერისი საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას. დამეთანხმებით, რომ ადგილდემბარეობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და არახელწამოსაკრავი კომპონენტია ბინის შერჩევისას. სანამ ბინას დაჯავშნით გაეცანით რივიუებს, დაათვალიერეთ სურათები, ყურადღება მიაქციეთ რამდენ ადამიანზე აქვს ბინა გათვლილი და ხომ არ ითხოვს დამატებით ფულს დამატებით ადამიანებში. airbnb-ზე გადახდა წინასწარ ხდება. თუმცა, ფული ჰოსტამდე მხოლოდ მას შემდეგ მივა, როცა თქვენ “დაჩექინდებით”. თუ მოხდა სასწაული და ვერ მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს, airbnb ფულს უკან დაგიბრუნებთ, ოღონდ მომსახურების საფასურის ჩამოჭრით.

ამსტერდამში კარგი ბინის მოძებნა იაფად ცოტა არ იყოს და რთული საქმეა ისეთ კარგ საიტზეც როგორიც airbnb-ია, თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ^_^
პატარა, საყვარელი, ორ სართულიანი ბინა ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, საიტზე ახალი დამატებულია და რივიუები ჯერ არ აქვს. ვიმდოვნებ, რომ ჩვენი დაბინავება იმაზე წარმატებულად ჩაივლის ვიდრე მგონია 🙂
რაც შეეხება პრაღის ბინას, პოვნა არ გაგვჭირვებია. მაგრამ, ბინაზე მეტად ჰოსთი მომწონს. საოცრად პოზიტიური და კომუნიკაბელური ადამიანია. რაც მთავარია, რივიუებს რომ გადავხედე, ეს ქალი შორიდან შემიყვარდა!

მოკლედ, წინასწარგანწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად ჩაივლის ვიდრე ოდესმე მიოცნებია და წარმომიდგენია ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში.

P.S 29 დღე დარჩა.