Tag Archives: home alone

Home Alone – 2 თვე

ღამის 1:55 საათია, ვზივარ და მორიგ ახალ სერიალს The Morning Show-ს მესამე სერიას ვუყურებ, რომელიც ამ საღამოს დავიწყე. რამდენიმე დღის წინ Friends-ის ათივე სეზონი ვნახე (პირველად! და სად ვიყავი აქამდე?!) და ღმერთო როგორ დაბერებულა ჯენიფერ ენისტონი! რომ დავინახე ჩემში ახალი შიში, სიბერის შიში აღმოვაჩინე. ჯერ პაწუკაა, და დიდი ალბათობი ამ წამს დაიბადა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად არ მინდა დაბერება. არადა ამ საკითხზე აქამდე არასდროს მიფიქრია.  თუმცა, სიბერეზე და სერიალებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. 11 დეკემბერს ზუსტად ორი თვე გახდა, რაც მარტო ვცხოვრობ და სწორედ ამის წყალობით მაქვს იმის “ფუფუნება”, რომ ამ დროს წყნარად ვიყო წამოგორებული დივანზე და სერიალს ვუყურებდე.

ორი თვე გავიდა, და ჯერ კიდევ მეკითხებიან როგორია მარტო ცხოვრება, არ მიჭირს? არ ვიწყენ? სახლი არ მენატრება? – ესაა ჩემი სახლი, პატარა, მყუდრო, კომფორტული და ადგილი, რომელიც საშინლად შემიყვარდა. ცოტა ხნის წინ ვიჯექი, ვათვალიერებდი ჩემს ნივთებს, ავეჯს, სკამებს და ვიცოდი, რომ ჩემი იყო და მიყვარდა.

კარგი, წყნარი, ჩუმი და სასიამოვნოა მარტო ცხოვრება. არ მიჭის, ჯერ კიდევ სწავლის ეტაპზე ვარ და რაღაც მომენტში ჯერ კიდევ შეგუების. კი, შეგუების, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს, მაინც სჭირდება შეგუება რაღაცებს. სახლს თავისი რეჟიმი უნდა, თავისი წესები და “მოთხოვნები” აქვს და ერთმანეთს უნდა “შევეწყოთ”. უნდა ვისწავლო და დავამუღამო როდის შემიძლია და როდის უნდა (!) დავალაგო, როდის საჭმელი გავაკეთო და როდის შემიძლია თავს იმის უფლება მივცე მზა სადილი ვიყიდო ან გამოვიძახო, როდის დავრეცხო სარეცხი, არ დამავიწყდეს სახლის განიავება და სუფთა ჰაერის შემოშვება. ვიპოვო კომფორტული ადგილი საკითხავად და მუდმივად განახლების რეჟიმში ვიყო, რათა ერთფეროვანი და მოსაწყენი არ გახდეს ჩემი და ჩემი ბინის ურთიერთობა.

ცოტაა ორი თვე, ჯერ კიდევ ბოლომდე არ მაქვს გააზრებული რომ მარტო ვხოვრობ, დამოუკიდებლად და თავიდან ბოლომდე ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი, აბოსლუტურად ყველაფერი. ცოტა საშიშია, მაგრამ საინტერესო.

 

Home alone – დადებითი და უარყოფითი მხარეები

რომ მეკითხებიან როგორია მარტო ცხოვრებაო ყოველთვის ერთი და იგივე რაღაცას ვპასუხობ – სახლში რომ ვბრუნდები სიჩუმეა! მთელი დღის განმავლობაში ისეთ ხმაურში და ზუზუნში მიწევს მუშაობა, რომ სიჩუმე ძალიან, ძალიან დაფასდა და უდიდეს პატივს ვცემ.

ჯერ ზედმეტად ცოტა დრო, 3 კვირაა გასული საიმისოდ, რომ შევაფასო მარტო ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, რაც ამ დროისთვის დაგროვდა, იმას მაინც დავწერ.

მარტო ცხოვრობის უპირატესობა ისაა, რომ სახლს როცა გინდა დაალაგებ! არავინ გეუბნება მტვერია გადასაწმენდიო, ნაგავი ყრია და მოგავეო, იქნებ ფანჯრები და სარკეები გაგეწმინდაოო… ჯერჯერობით სახლის დალაგების პროცესი მეთვითონ მომწონს. პატარაა და უცბად ლაგდება, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დიდად არეული არც არასდროს არის ხოლმე. რამდენიმე საათი ვარ სახლში და ძირითადად დივანზე ვწევარ და რომელიმე სერიალს ვუყურებ :დ

ჩემი სახლი

ამ ყველაფრის საპირწონედ ის დგას, რომ საჭმელს შენ თუ არ მოიმზადებ, სხვა ვერ და არც გაგიკეთებს. გიწევს პროდუქტებზე ზრუნვა, გაკეთება, და თან რაოდენობა კარგად უნდა განსაზღვრო რომ დღეები არ იდოს მაცივარში მთლიანი ქვაბი. სადილის მომზადების შემდეგ დასვრილი ჭურჭლის დარეცხვაც შენს კისერზეა. მერე ამ ჭურჭლის გაწმენდა და კარადაში დაბინავებაც არაა მთლად სასიამოვნო პროცესი, მაგრამ რას ვიზამთ, რაც მინდოდა ის მივიღე :დ მუდმივად მზა საჭმელს ვერ ვიყიდი, ზედმეტად ძვირი სიამოვნებაა. სამაგიეროდ, ყოველთვის იმას ვამზადებ, რაც მიყვარს! და როდესაც ჯერი ყვავილოვან კომბოსტოზე მიდგება არავინ წუწუნებს “ფუ რა სუნიაო”.

დადებითი კიდევ ის აქვს, რომ როცა გინდა და ვისაც გინდა იმას მიიღებ სტუმრად და რამდენხანსაც გინდა იმდენხანს დაიტოვებ, თუ გინდა მთელი ღამით! რასაც გინდა და როცა გინდა მაშინ ჩართავ ლეპტოპში თუ ტელევიზორში, როგორც გინდა ისე ჩაცმული ან გახდილი ივლი სახლში, გათბობის ჩართვა/გამორთვის დროს სხვისი სხეულის ტემპერატურის გათვალისწინება არ გიწევს, აბაზანის თუ ტუალეტის რიგში დგომა არ გჭირდება – ყოველთვის თავისუფალია!

ჰმ, უარყოფითი მხარეების სია როგორც ჩანს არ აღმომაჩნდა, ერთი ისაა, რომ კომუნალურების გადახდამაც ჩემს ანგარიშზე გადმოინაცვლა.

Home alone: 1 კვირა

ოფიციალურად მარტო ცხოვრება პარასკევს, 11 ოქტომბერს  დავიწყე.

პარასკევს, დილით 07:45-ზე ჩემი ძველი სახლიდან რომ გამოვედი საღამოს უკვე ჩემს ახალ სახლში ვიყავი. ცოტა მივალაგე, წყალი გადავივლე და მეგობრებთან ერთად ბარში წავედი. სახლში გვიან მივედი, ალბათ 3 ხდებოდა უკვე და გადასარევად მეძინა. არადა, მეგონა პირველ ღამეს მაინც გამიჭირდებოდა დაძინება. ახალი საწოლი, ახალი ბალიში, ახალი ოთახი და სრულიად ცარიელი სახლი. შეიძლება ალკოჰოლის ბრალიც იყო, არ ვიცი.

შაბათს რა თქმა უნდა გვიან გავიღვიძე. სახლის სრულ დალაგებას შევუდექი. შემდეგ საჭმელი გავაკეთე, გრეის ანატომიის და this is us-ის ახალ სერიებს ვუყურე და ამასობაში მოსაღამოვდა. ქეთოსთან წავედი და დედაჩემმაც დამირეკა, ხარჩო გავაკეთე, მოდი ჭამე და ბარემ დარჩიო. დავბრუნდი დიდუბეში და აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმაც არ ყოფილა სახლში, სოფელში წასულა. თავიდან დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ძველ ოთახში მოვთავსდი და გემრიელადაც მეძინა 🙂

კვირას დაახლოებით 10 საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა, ვისაუზმე და ჩემს სახლში დავბრუნდი. რაღაცები მქონდა გასარეცხი და სანამ ირეცხებოდა მე სერიალს ვუყურებდი. გაირეცხა, დავფინე და ეხლა რა ვაკეთო სახლში-მეთქი და მეც სოფელში წავედი. სახლში რომ დავბრუნდი უკვე ძილის დრო იყო.

ორშაბათს დრო ვერ გავთვალე კარგად და სამსახურში რამდენიმე წუთით დამაგვიანდა. უამრავი შუქნიშანი შემხვდა და გზად იმასაც მივხვდი, რომ ბენზინი იმაზე მეტი დამჭირდება, ვიდრე სხვა თვეებში მჭირდებოდა. შესაბამისად, ჩემი თვიური ხარჯი დაახლოებით 50 ლარით მაინც გაიზარდება. სახლში დაბრუნებული მივხვდი, რომ მიკროტალღური ღუმელი ძალიან კომფორტულია, ძალიან მიჩვეული ვარ და მჭირდება. ალბათ ოდესმე ვიყიდი. მანამდე კი, მომიწევს საჭმელი ტაფაზე გავათბო ხოლმე 🙂 ჩემი სკამები, რომლებიც დიდუბიდან წამოვიღე დაბალი და მოუხერხებელია და გემრიელად ვერც ვსაუზმობ და ვერც ვვახშმობ და ორი სკამიც საყიდელი მაქვს – მაღალი და მოსახერხებელი რომ იყოს.  საღამოს დედაჩემმა დამირეკა, ხომ არ გამოხვალო ნონა და ელგა გამოდიანო, თქვენ გამოიარეთ-მეთქი და გვიან საღამოს პირველი სტუმრებიც მყავდა და მომიწონეს ბინა 🙂

სამშაბათსაც ვერ გავთვალე დრო და ცოტა ადრე მომიწია სახლიდან გამოსვლა. გზად მაღაზია ვიპოვე, რომელიც 24 საათიანია. დიდუბეში ეს პრობლემა ნამდვილად არასდროს ყოფილა. ყველაფერი ლამის სადარბაზოსთან მქონდა და თუ რამის ყიდვა მინდოდა სამსახურისთვის, იქვე იყო. ვერ ვიტან სამშაბათს, დრო არასდროს გადის და მგონია, რომ ყველაზე ბევრი საქმე სწორედ ამ დღეს მაქვს. საღამოსკენ მარიამს გავუარე, ეგვიპტიდან ჩამოვიდა და უსაყვარლესი სანათი და გემრიელი ჩაი მერგო საჩუქრად. დაახლოებით 9 საათი იქნებოდა სახლში რომ დავბრუნდი. ის ის იყო ვიფირე მოსაწყენი ყოფილა მარტო ცხოვრება-მეთქი, რომ გამახსენდა წინა დღეს ახალი სერიალის News Amsterdam-ის ყურება დავიწყე და მომდევნო სერიებს ჩავუჯექი. 12 არ იყო რომ დავიძინე.

ოთხშაბათს როგორც იქნა დრო სწორად გავთვალე და სამსახურში ზუსტად 8 საათზე გამოვცხადდი. კიარაუშავს რომ დავაგვიანო ან ადრე მოვიდე, მაგრამ მინდა ზუსტად ვიცოდე რომელზე უნდა გამოვიდე სახლიდან და რას შეიძლება ველოდო კონკრეტულ დროს. საღამოსკენ თორნიკე, ანა, ლაშა, გიორგი, მათე და ლილე მესტუმრნენ ❤ მოიწონეს სახლი, უამრავი რაღაც მომიტანეს, “საბატური” ვითამაშეთ და ჩემი სახლში ყოფნის ყველაზე კარგი საღამოც გამოვიდა 🙂 დაახლოებით 10 საათი იყო რომ წავიდნენ, მივალაგე, New Amsterdam-ის ერთ სერიას ვუყურე, ნება-ნება ვსვი ერთი ჭიქა წითელი ღვინო და გადასარევად ჩამეძინა.

ხუთშაბათს უკვე აღმაშენებლის ხეივანში ვიყავი, სენდვიჩებზე და სენდვიჩმეიქერის ყიდვაზე მეფიქრებოდა მარიამმა რომ დამირეკა, ხინკალი გამოვიძახე, ნიკას მეგობრებიც უნდა მოვიდნენ და გამოიარეო. გიჟივით მშიოდა, უარს როგორ ვეტყოდი, ეგრევე მოვტრიალდი და წავედი მარიამთან. კარგ ხინკალს ძალიან ცოტა რამე სჯობს და მიხარია, რომ არ დამეზარა საცობში დგომა 😀 დაახლოებით 9 საათი იყო მგონი სახლში, რომ დავბრუნდი. წინა დღეს მოტანილი უგემრიელესი ღვინოდან ცოტა მქონდა მორჩენილი, ჩამოვისხი ერთი ჭიქა, სერიალი ჩავრთე და სულ მალე ძილიც მომერია. ალბათ, 11-ის ნახევარი იყო რომ დავწექი.

პარასკევი – ადრე რომ ვიძინებ, იმის იმედად ნამდვილად არ ვიძინებ რომ დილით 6 საათზე მეღვიძებოდეს და მერე ვეღარ ვიძინებდე -_-

P.S გადასარევი სასელფე სარკე მაქვს სახლში ^_^

Home Alone

მესამე დღეა საცხოვრებლად მარტო გადავედი .

ერთი წელი ველოდე ჩემი ბინის რემონტის დასრულებას, ამ ერთი წლიდან 5 თვე მხოლოდ გაზს ველოდებოდი. რაღაცნაირად ძალიან გაიწელა და მეც არსად მეჩქარებოდა. რაც უფრო ახლოვდებოდა, ის დრო რომ მარტო გადავსულიყავი, მით უფრო კომფორტული და თბილი ხდებოდა ჩემი მშობლების სახლი. სახლი, სადაც ყოველთვის იყო სადილი, სახლი რომლის კომუნალურებიც მე არ მაწუხებდა, სახლი სადაც გავიზარდე. ჩემი ოთახი და ჩემი საწოლი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ადგილი იყო, დივანი მისაღებ ოთახში, რომელიც შაბათ-კვირის განუყოფელ ნაწილად იქცა… მოკლედ, ძალიან მშვიდად და კარგად ვგრძნობდი თავს სახლში. თუმცა, დრო იყო კიდევ უფრო დამოუკიდებელ ცხოვრებას შევჭიდებოდი.

რაღაცნაირად მეშინია მარტო ცხოვრების. ღამის მაჯლაჯუნების და მოწყენის არა, უფრო მეტად დამოუკიდებლობა მაშინებს. ახალი ცხოვრება დავიწყე 27 წლის ასაკში. უფრო მეტად საინტერესო, უფრო მეტად ხარჯიანი, უფრო მეტად დამოუკიდებელი და უცხოა ეს ყოველივე.

გარდა ამისა, მიჩვეული ვიყავი, სახლიდან რომ გამოვიდოდი ფეხით 3 წუთის სავალზე მქონდა ყველაფერი – რამდენიმე მაღაზია, აფთიაქები, ბანკები – ყველაფერი იქვე იყო, ერთი ხელის გაწვდენაზე. აქ კიდევ ახლოს არაფერია. მაღაზიაშიც კი მანქანით მივდივარ. თუმცა, უბანი ასათვისებები მაქვს და ერთი შემოვლა უნდა მოვაწყო 🙂

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.